ეს ადამიანი ამერიკის პოსტმოდერნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ და არა მარტო ამერიკის, არამედ ზოგადად მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაზე მის გავლენას ლიტერატურაში ჯეიმს ჯოისისა და სემუელ ბეკეტის გავლენას ადარებენ. კენინჰემის საცეკვაო სტილისთვის დიდხანს სახელწოდებასაც ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ მოუძებნეს - “თავისუფალი".
გასული საუკუნის 30-იანების ბოლოს მერსი ასევე ლეგენდარული ქორეოგრაფის მართა გრეჰემის დასში ცეკვავდა, მაგრამ 20 წლის ახალგაზრდას მალევე მობეზრდა მართასეული ცეკვის სტილი და ცნობილ კომპოზიტორთან, შემდგომში მისი საცეკვაო დასის სამუსიკო დირექტორთან, ჯონ ქეიჯთან ერთად, გრეჰემის დასი მიატოვა და საკუთარი სტილის დამკვიდრება დაიწყო. მისი ნოვატორული ხელწერა იყო იმპროვიზაციული, მოულოდნელი, საოცრად ექსპრესიული, ყოველგვარი საბალეტო კლასიკური თუ არაკლასიკური საშემსრულებლო მანერის, პლასტიკის სტერეოტიპების დამანგრეველი. მისი მოძრაობა თითქოს დისონანსური იყო მუსიკასთან, სხეულის სხვადასხვა ნაწილები თითქოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, რიტმი კი მოულოდნელი და ფანტაზმების, აბსტრაქციების ზღვარს გადასული... კენინჰემის ცეკვისთვის არ არსებობდა არც დაწერილი და არც დაუწერელი კანონები. იგი ცეკვის უნიკალური რეფორმატორი იყო, რომელიც სხეულის “არაბუნებრივ მოძრაობებს" ქმნიდა, თითქოს ადამიანის მოძრაობის, ცეკვის კოორდინაცია ნიუტონის პირველ კანონს არ ემორჩილებოდა. კენინჰემის ქორეოგრაფია უფრო მეტი იყო, ვიდრე ბალეტი. ეს საკუთარი და სხვისი სხეულისა და მისი შესაძლებლობების შეცნობის ფილოსოფია გახლდათ.
კენინჰემის ქორეოგრაფიული ეპიზოდების შემცველი ფილმები ჯერ კიდევ 1940-იან წლებში გაჩნდა. 30 წლის შემდეგ კი მან კინოკამერაზე ექსპერიმენტებსაც კი მიჰყო ხელი და, რეჟისორ ჩარლზ ატლასთან ერთად, ცეკვას ე.წ. პოლიეკრანული წესით იღებდა, როცა ერთი და იმავე კომპოზიციის შესრულება სხვადასხვა რაკურსით გადაიღება. 1990-იანებში მერსი კენინჰემი პირველი და, მგონი, მოგვიანებით ერთადერთი ხელოვანი იყო, რომელმაც კომპიუტერი ცეკვის “დაგეგმვაში" გამოიყენა. კერძოდ კი, პროგრამა LifeForms (სიცოცხლის ფორმები), რომელიც, ფაქტობრივად, მოძრაობის მოდელს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქმნიდა. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება თითქოს კიდეც დაეტყო კენინჰემის იმდროინდელ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს - მოძრაობა ხისტი და კუთხოვანი გახდა.
გადრაცვალებამდე ერთი თვით ადრე კენინჰემმა თავის დასს (Merce Cunningham Dance Company) განუცხადა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დასი 2 წლით მთელს მსოფლიოში საგასტროლოდ უნდა გამგზავრებულიყო და მერე... არსებობა შეეწყვიტა. და მართლაც, მსოფლიოს 50 სცენაზე მარს კენინჰემის რეტროსპექტივა ფენომენალური წარმატებით გაიმართა. ნიუ იორკი კი განსაკუთრებულად დაემშვიდობა მაესტროს: დიდი ვაშლის ქალაქში 20 სპექტაკლი დაიდგა. სულ ბოლო წარმოდგენები კი Park Avenue Armory-ში გაიმართა, სადაც, სპეციალური დიზაინერული ჩანაფიქრით, დარბაზი თეთრი ფერის ბუშტებისგან გაფორმებულ ღრუბლებში ჩაფლეს, ხოლო სამ ცისფერიატაკიან სცენაზე კენინჰემის აუთენტური პერფორმანსი მიმდინარეობდა.... ადამიანები ისხდნენ ან იდგნენ სცენის გარშემო, სადაც მერსის მიერ 50 წლის განმავლობაში დადგმული 200 ცეკვიდან შერჩეული 25-ის კოლექცია 45-წუთიანი პრეზენტაციებით წარდგა.
ნიუ იორკს ახლაც ახსოვს მერსის რამდენიმე ქორეოგრაფიული კომპოზიციის შემსრულებლის მიხაილ ბარიშნოკოვის მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა სახელწოდებით “Merce My Way", რომელიც მან დიდ მაესტროს მიუძღვნა. კენინჰემის 80 წლისთავზე ბარიშნიკოვი და კენინჰემი სცენაზე ერთად გამოვიდნენ... არანაკლებ ცნობილია მერსის მხატვრული ნამუშევრების კოლექცია, სადაც თავმოყრილია ენდი უორჰოლის, ჯასპერ ჯონსისა და როი ლიხტენშტეინის ნამუშევრები, მათ შორის, კენინჰემის თემაზე უორჰოლის მიერ შექმნილი კომპოზიციები.
საგასტროლო ტურის დასრულების შემდგე Wall Street Journal-ი წერდა, რომ Merce Cunningham Dance Company-ის არსებობის შეწყვეტის შემდეგ გამორიცხული არაა, კენინჰემის მემკვიდრეობა ისევე გაქრეს, როგორც, ფაქტობრივად, ელვის ნიკოლაისისა და ერიკ ჰაუკონსის მემკვიდრეობა დაიკარგა. მართა გრეჰემის კომპანიაც ცუდ მდგომარეობაშია და საფრთხე მის მემკვირდეობასაც ექმნება. კენინჰემისთვის კი მის ცხოვრებაში არა იმდენად მის მემკვიდრეობას, არამედ იქ და იმჟამად ცეკვით განცდილს ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა. დიდი ქორეოგრაფი ხშირად ამბობდა, რომ მისი ცეკვა სუფთა, უსიუჟეტოა, რომ მასში მთავარია მოძრაობა; რომ მოცეკვავისთვის ცეკვა სპირიტუალური აქტია და თუ მოძრაობაში ვერ პოულობდა იმას, რასაც ეძებდა, სხვა რამეს, თანაც ახალს, აუცილებლად აღმოაჩენდა. ამბობდა, რომ ცეკვა ცხოვრებისა და ადამიანების გაგებაში ეხმარებოდა...
16.01.12
No comments:
Post a Comment