ექსპოზიცია განლაგდა იქ, სადაც 2011- ში პირადად ჩემთვის დაუვიწყარი და შოკისმომგვრელი ალექსანდრე მაკქუინის ნამუშევრებისა და ჰოლოგრამების გამოფენა ალექსანდრე მაკქუინი: სილამაზის ველურობა“ ვნახე, 2012- ში სკიაპარელი და პრადა: შეუძლებელი საუბრები“, 2010 -ში ამერიკელი ქალი: ნაციონალური იდენტობის შექმნა“, 2009 - ში მოდელი, როგორც მუზა: მოდის ანარეკლი“, 2008 - ში კი სუპერგმირები: მოდა და ფანტაზია“. მეტროპოლიტენ მუზეუმს, ფაქტობრივად, ტრადიციად გადაექცა გაზაფხულის ბოლო თვიდან ვიდრე ზაფხულის დასასრულამდე ტანსაცმლის კოლექციების გამოფენა და მისი წარდგენა, როგორც ზოგადად კულტურული, პოლიტიკური და ისტორიული, ასევე Fashion Point - ის კუთხით. კოსტიუმის ინსტიტუტი“ კი გარდა მისი კურატორების პროფესიონალიზმისა, ერთგვარი უნიკალური საცავიცაა, სადაც 35 ათასამდე არტეფაქტი ინახება და რომელიც 5 კონტინენტის ქვეყნების მოდის კულტურას წარადგენს.
სამი წლის წინანდელი გამოფენა ამერიკელი ქალის ტასაცმლის შესახებ ერთგვარად დარბაზში გადმოტანილი უნიკალური მხატვრულელემენტებიანი დოკუმენტური ფილმი“ გახლდათ და სამოსს აშშ-ის ისტორიის ყველა პერიოდის ლანდშაფტით, სახლისა თუ ქუჩის დიზაინით, ტექნიკური პროგრესითა და იმ თანმდევი დროისა და ყოფითი დეტალებით ანუ იმ კონტექსტით წარადგენდა, რომლის გარეშეც ადამიანის ტანსაცმლისა და ზოგადად გარეგნული იერის ფორმირება წარმოუდგენელია. კარგად მახსოვს ექსპოზიციის ბოლო დარბაზში გამოფენა იატაკიდან ვიდრე ჭერამდე კანადური ჯგუფის The Guess Who სიმღერის ამერიკელი ქალი“ ფონზე წარმატებული ამერიკელი ქალების იმიჯების ცვალებადობით სრულდებოდა. XX საუკუნის ორი იტალიელი ნოვატორი ქალი მოდელიორის ელზა სკიაპარელისა და მიუჩა პრადას სამოსის გამოფენა და ფონად მათ შორის გამოგონილი საუბრის დართვა სტილებს შორის ერთგვარი ფუტურისტულ - სიურეალისტური გადაძახილი იყო. მაკქუნის კოლექციის ჩვენება მისი თვითმკვლელობიდან ერთი წლის თავზე კი მოდის ამ ხულიგანის“ ექსტრავაგანტული იდეების ხორცშესხმასა და ჰოლოგრამულ კლიპებს, სუპერმოდელ ქეით მოსის მონაწილეობით, დროისა და სივრცის შეგრძნებას განსაკუთრებულად ფაქიზსა და სევდანარევს ხდიდა.
თუ ექსპოზიციას პანკი: ქაოსიდან მაღალ მოდამდე“ მუზეუმის წინა გამოფენებს შევადარებთ, შეიძლება იგი ოდნავ ზედაპირულად და ნაკლებად შემეცნებითად მოგვეჩვენოს, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო გახლავთ კონკრეტული ბრენდების თუ მოდის სახლებზე პანკ კულტურის, მათ შორის - პანკ - როკისა და გასული საუკუნის 60-70- იანებში დაბადებული სოციალური ამბოხის გავლენის დემონსტრირებით. გამოფენის შექმნაში მონაწილებდნენ ჯანი ვესრაჩეს, მიგუელ ადროვერის, აზედინე ალაიას, ბოუდიკას, ან დემეულმისტერის, დოლჩე ენდ გაბანას, ანდრიუ გორვერის, მარკ ჯაკობსის, რეი კაუაკუდოს, ალექსანდრე მაკქუინის, როდარტეს, ალექსანდრე უანგის, იოჯი იამამატოს, პრადას, შანელისა და სხვათა სახლები.
გახსნის დღეს მუზეუმში პანკ - ტანსაცმელში გამოწყობილი ცნობილი მსახიობები და მოდელები დაესწრნენ, ხოლო ეს წვეულება მიმდინარე და სამომავლო გამოფენებისთვის ფინანსების მოძიებასაც ემსახურებოდა. მუზეუმში სტუმრობის დროს მოდელებისა და ახალგაზრდა დიზაინერების ცნობილი ტელეშოუს ავტორი და წამყვანი თირა ბანკი შემთხვევით დავლანდე, მაგრამ მის გამოჩენას არანაირი რეაქცია მოჰყოლია. ყველა მონუსხული ათვალირებდა: პრეტ-ა-პორტეს უჩვეულოდ დახვრეტილ კაბებს, უადგილოდ მიკერებულ ღილებს, შესაკრავ ელვებს, წინ მკერდზე თუ მუცლის არეში და უკან ზურგზე თუ საჯდომის არეში მიმაგრებულ მესამე-მეოთხე და N რაოდენობის სახელოებსა და ჯიბეებს, ქაღალდისგან თუ გაზეთისგან დამზადებულ პატარა შავ კაბებს“, დამტვრეული ჭურჭლის ნატეხებისგან აწყობილ მოსაცმელებს, პატარა ფურცლის ოთხკუთხედებისგან აფრიალებულ ქვედაწელებს, ლოგოებიან მაისურებს Save Our Seas“, „ 58 % Dont Want Piercing“ და კაბა - სათევზაო ბადეებს. მე თუ მკითხავთ, ყველაზე პანკური ამ კოლექციაში ექსპოზიციის სულ ბოლო ექსპონატია: ნახევრად, უფრო სწორედ, სულ ოდნავ ჩაცმული წითელთმიანი მანეკენი ხელით აწეულ შუათითს გვიჩვენებს (მეისონ ნორტონ მარჯიელა). ექსპოზიციის კედლებთან კი, რომელსაც მანეკენებზე მიმაგრებული სხვადასხვა ფერებად შეღებილი მრგვალი გაბურძგნული“ პარიკების რიგი ახალისებს, პანკმუსიკის წარმომადგენლების, მათ შორის ჯონი როტენის, სიდ ვიშის, ჯო სთრამერისა და სხვათა სიტყვებიანი და გამოსახულებებიანი სტენდები მონაცვლეობენ.
გამოფენის კომპოზიციები თემის, ქრონოლოგიის, სტილის, ფერისა და დიზაინერების მიხედვით განლაგდა და სანახაობრივად ძალიან კომფორტული ველი შექმნა. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ გამოფენა შეეცადა პანკის ვიზუალური ენა ცნობილი ბრენდების გამომხატველობასა და ინოვაციებთან დაეკავშირებინა. თუმცაღა ამ გამოფენას ასეთივე წარმატებით მაღალი მოდა პანკის გლამურში“ შეიძლება დაერქვას, რადგანაც პანკების ანარქისტულ - ნიჰილისტური ამბოხი და ორაკორდიანი მუსიკა“ ისევე შორსაა ბუტიკების მანეკენებისგან, როგორც Sex Pistols კოკო შანელის მკაცრი არისტიკრატული კოსტიუმისგან, თუნდაც ეს უკანასკნელი დაფხრეწილ-შეჭრილ-შემოჭრილი და ცელოფნის პარკის ნაჭრებით იყოს მოკაზმული. რასაკვირველია, სუბკულტურამ, მითუმეტეს გასული საუკუნის სამოქალაქო აქტივიზმის ფონზე, ცნობილი დიზაინერების იდეებზე და მათ მეტ-ნაკლებად კონსერვატორულ ატრიბუტიკაზე - ძვირფასეულობასა და მოწესრიგებულ ჯიბეებსა და მარგალიტისფერ ღილებზე უადგილოდ დატანილი ინგლისური ქინძისთავებით, ჯაჭვებით, მრგვალი თუ წვეტიანი ზაკლიოპკებით“ და პრინტ - ფაქტურით გადაიარა“. მაგალითად, ვივიენ ვესტვუდი ყველაზე გამოჩენილი პანკ -დიზაინერია და თან წარმატებული ბიზნესვუმენიც, მაგრამ მაინც: პრეტ-ა-პორტეს სახელთან ანტიავტორიტარისტი პანკების დაკავშირება ოდნავ გადაჭარბებულიცაა და ღიმილის მომგვრელიც.
პანკები აცხადებდნენ, რომ მომავალი არ არსებობს“, მაგრამ მეტროპოლიტენ მუზეუმის ეს გამოფენა ამგვარი კონცეფციის წონიანი საწინააღმდეგო არგუმენტია. ცხადია, რომ პანკ-რევოლუცია, ისევე როგორც სხვა ბევრი კულტურული მოვლენა, მათ შორის, ნონკონფორმისტული, მასკულტურული ფენომენი გახდა. ამის ნათელი მაგალითია ენდი უორჰოლი და მის მიერ შექმნილი როკ - ჯგუფის The Velvet Underground ისტორია. გამოფენის კურატორმა ენდრიუ ბოლტონმა განაცხადა: უნდა იყო ძლიერი, რომ არ მიაქციო ყურადღება იმას, თუ რა აცვია სხვას და უნდა იყო ძალიან თავისუფალი, რომ არავის მიბაძო. პანკი - ეს არის კვარცხლბეკიდან კერპების გადმოგდება“. ჯონი როტენი კერპების პროფესიონალი დამმხობი იყო, მითუმეტეს, იგი, ფაქტობრივად, სცენაზე მინიმალური სამოსით გამოდიოდა, დავარცხნილობას“ არ სწყალობდა და თავისი შეხედულება ჰქონდა ინგლისურ ქინძისთავებზეც, თეთრსაყელოიანებზეც“, სამეფო ოჯახზეც, სამუსიკო ელიტაზეც, ბიტლებსა“ და პინკ ფლოიდზეც“. იგი ამბობს: ნახევები, ინგლისური ქინძისთავები, ნარღვევები ყველგან, მესამე ხარისხის მაწანწალობის პონტი“, ეს იყო სიღარიბე, უფულობა. თუ საჯდომზე შარვალი გამოგეხა, უბრალოდ ინგლისური ქინძისთავით დაიმაგრებ .“
გაზეთი "24 საათი"
15.06.13
No comments:
Post a Comment