სარეკლამო-კომერციული, მოდის, ტურისტული, ერთი სიტყვით გლამურული ჟურნალების მუდმივი ავტორი და „სელებრითების“ პროფესიონალი ფოტოგრაფი, იგი თავის გმირებზე არანაკლებად ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტერნის დიდი ფოტოკოლექცია მოიცავს ამერიკის ისტორიისთვის თუ პოპკულტურისთვის მნიშვნელოვან იმიჯებს, იგი ძალიან პოპულარული მაინც ორი ძირითადი „ხაზის“ გამო გახდა. მან ჟურნალ Vogue-ის შეკვეთით მერილინ მონროს სიკვდილმადე 6 კვირით ადრე სამი დღის განმავლობაში 2 500 ფოტო გადაუღო („უკანასკნელი სეანსი“, 1962). ეს ფოტოსესია საწოლში შიშველი მონროს სხეულის ერთგვარი უკანასკნელი კოლექციაც აღმოჩნდა. ოთხი წლით ადრე კი ბერტ სტერნმა ნიუპორტის ჯაზფესტივალზე დოკუმენტური ფილმი „ზაფხულის დღის ჯაზი“ გადაიღო, სადაც ჩაკ ბერი, ლუი არსმტრონგი, ანიტა ოდეი, თელონიუს მონკი და სხვანი გამოდიოდნენ. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზი დაიმსახურა, ხოლო ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ „კულტურის ღირშესანიშნაობადაა“ აღიარებული.
რუსი ებრაელი ემიგრანტების შვილმა ბერტ სტერნმა სკოლის დამთავრების შემდეგ ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობდა. ფოტოკარიერა ჟურნალში Look ერთ რიგით საფოსტო კლერკად მსახურებიდან დაიწყო. შემდეგ კორეის ომის გადასაღებად იაპონიაში გაემგზავრა და სტერნის დებიუტი სწორედ ეს ფოტორეპორტაჟი გახდა. შემდეგ კი მოდის სამყარო, სადაც სტერნი მაშინდელ სუპერმოდელ ტვიგის იღებდა, ამას სხვა უამრავი კომერციული პროექტიც მოჰყვა: კოკა კოლას რეკლამიდან ვიდრე ცივი ომის პერიოდში არყის Smirnoff სარეკლამო კამპანიამდე. ამ სასმელის ყველაზე კომერციული პოსტერი კი სამკუთხა ფორმის ბოკალში გიზის პირამიდის თავდაყირა ანარეკლი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიას დიდი შემოსავალი მოუტანა; მოგვიანებით - ჰოლივუდის მსახიობების დასამახსოვრებელი ხატები, მეორე ქორწინება საბალეტო მოცეკვავეზე, სტუდიებისა და მაღაზიები გახნსა, გამოფენები, გამდიდრება, პენტჰაუსი მანჰეტენზე და გლამური. იგი სტენლი კუბრიკის „ლოლიტასა“ და ჯოზეფ მანკიევიჩის „კლეოპატრას“ სცენებს იღებს. 5 წლის წინათ კი ბერტ სტერნმა მერილინ მონროს ფოტოსესიის „უკანასკნელი სეანსის“ „რეინკარნაცია“ სცადა. მოდელად ჰოლივუდელი „ცუდი გოგონა“ ლინდსი ლოჰანი აირჩია. თავად კი ამ პროექტზე, როგორც მის საკუთარ „დე ჟა ვიუზე“ ისე საუბრობდა. ეს ორი მსახიობი, ცხადია, ერთი სასწორის თეფშებზე ვერ დაიდება, მაგრამ არის რაღაც რაც მათ აერთიანებთ - ორივენი ტაბლოიდების დედოფლები არიან. ბერტ სტერნმა ნახევარ საუკუნის წინანდელ ფოტოებში მერილინი მსახიობის გრიმისა და ტანსაცმლის გარეშე გადაიღო. ერთგან ქალს სასმელიანი ჭიქა უჭირავს და ფოტოებზე თითქოს ჩანს, რომ მთვრალია. სტერნი ამბობდა, რომ იმ დღეებში მერილინი ძალიან სევდიანი, უბედური ჩანდა და ამის შესახებ უთქვამს კიდეც ფოტოგრაფისთვის. სწორედ სტერნის ამ გაბედულ, მაგრამ არავულგარულ ფოტოებში მერილინ მონროს მონუმენტურ სექსუალურ ხატს მოწყვლადობის ბზარი უჩნდება.
დიდი ვაშლის ქალაქმა ბერტ სტერნს არაერთხელ უმასპინძლა. ყველაზე ბოლოს მისი ნამუშევრები გასულ შემოდომაზე ნიუ იორკში მილკ გალერეის კედლებზე ვნახე, როცა იქ გამოფენა „ისევ მერილინი“ გაიხსნა. 2011- ში კი ეს გალერეა ბერტ სტრენს ისევ მასპინძლობდა და ისევ ამერიკის ოფიციალური სექს - სიმბოლოს ფოტოსერიით. ბოლო პრეზენტაციაზე ჰაერში მერილინ მონროს I Wanna Be Loved By You ჟღერდა, კედლებზე კი - მსახიობის ბოლო ფოტოების აბრჭყვიალებული ვერსიები. იქ, სადაც მერილინი მარგალიტისფერ მძივებშია, ხოლო ფოტოგრაფიებს ვერცხლისფერი ქვები დაემაგრა და ამით სევდანარავი და ნოსტალგიური სურათები თითქოს გაახალისდა. როგორც თქვეს, იმ დღეებში მილკ გალერეის ამ ფოტოგამოფენის გახსნაზე თავად ბერტ სტერნიც იყო, მაგრამ ინკოგნიტოდო. თავად ფოტოხელოვანი კი, რომელიც მაშინ პოპულრობის პიკზე იყო, ასე იხსენებს „მერილინის დღეებს“: „მე მასთან შესახვედრად ისე ვემზადებოდი, როგორც საყვარელი მამაკაცი, მაგრამ მივედი, როგორც ფოტოგრაფი“.
გაზეთი "24 საათი"
06.07.13
No comments:
Post a Comment