Sunday, October 13, 2024
„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ – ქველმოქმედების 30 წელი
1921 წელს, საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ქართველი არისტოკრატი და სამხედრო ოფიცერი, სიმონ (სიკო) სიდამონ – ერისთავი (1891-1964) იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და ამერიკისთვის შეეფარებინა თავი.
ფაქტობრივად, პირველი თაობის ემიგრანტისთვის სამშობლოში დაბრუნება ყველაზე დიდი ილუზია იყო და იგი, ალბათ, იმასაც ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი შთამომავალი საქართველოს ოდესმე „მიუბრუნდებოდა“. სიმონის შვილი, კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი (1930–2011) გახლდათ ცნობილი ადვოკატი, ნიუ იორკის მერის, ჯონ ლინდსის ადმინისტრაციაში (1966–1973) საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯორჯ ბუში უფროსის ადმინისტაციის დროს (1989–1993) კი აშშ – ის ბუნების დაცვის სააგენტოს ერთ–ერთი დირექტორი. გარდა ამისა, 1994 წელს მან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ (American Friends of Georgia. AFG) დააფუძნა და მისი თავჯდომარის პოსტი გარდაცვალებამდე ეკავა.
2011 წლიდან დღემდე ორგანიზაციის თავჯდომარე მისი უფროსი ვაჟი, სიმონ სიდამონ–ერისთავია.
„საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მისიაა საქართველოში სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი მოსახლების მხარდაჭერა როგორც მატერიალურად, ასევე სარეაბილიტაციო, სამედიცინო, კულტურული თუ საგანმანათლებლო პროგრამებით.
AFG დიდი ხანია ეხმარება ძეგვის ბავშვთა სახლს, ბედიანის ბავშვთა სოფელს, ჰოსპისის ბინადრებსა და სოფლად მცხოვრებ ოჯახებს შშმ ბავშვების მოვლაში. გარდა ამისა, იგი მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებისთვის უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად გრანტებს გასცემს.
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშებისთვის და მოზარდებისთვის „საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა“ სხვა ინსტიტუციებთან თანამრომლობით ხელოვნებისა და პროფესიული განათლების ცენტრი ააშენეს. პროგრამები ფართო სპექტრისაა: ფოლკლორი, ანიმაცია, ჩრდილოვანი თეატრი, ხელნაკეთი ნივთები, ფერწერა, კერამიკა, მუსიკა, თოჯინები, უცრო ენები, კომპიუტერული უნარები.
AFG-ის დამსახურებაა 1776 წელს აშენებული დარეჯან დედოფლის სასახლის რეკონსტრუქცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა.
„საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ დახმარებით საქართველოში მოქმედებს პირველი და ერთადერთი „დეკორატიული მებაღეობის სათემო კოლეჯი“, რომელსაც უკვე 1200 – ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ორგანიზაცია ეხმარება როგორც უკრაინელებს უკრაინაში, ასევე – საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს.
***
„საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ ახლანდელი დირექტორი ბილ კორკორანი ჯორჯ ვაშინგტონისა და ოტავას უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია და მას საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიებსა და კონფლიქტურ ზონებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„ – შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკრაინაში მუშაობისას გავიცანი“ – მიყვება ბილ კორკორანი, „– ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სამჯერ ვიმოგზაურე და ყოველ ჯერზე საქართველოსა და მის გამოწვევებს ვსწავლობ, ვკრებ ინფორმაციას ქართველების საჭიროებებზე.
ამ ჯერზე ჩვენი გამგეობა სტრატეგიული დაგეგმარების სესიებს ატარებს იმისთვის, რომ მენეჯმენტი გავაუმჯობესოთ, დავგეგმოთ მომავალი პროექტები და თანხის მოძიების გზები. განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ ყველა არასამთავრობო/არამომგებიან ორგანიზაციას განახლება და განვითარების ახალი სტრატეგიები სჭირდება. „საქართველოს ამერიკელ მეგობრებში“ მუშაობისას პირადად თქვენთვის რაა ყველაზე მნიშვნელოვანი?
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის აშშ–ში მცხოვრებ ქართველებს ჩვენი ორგანიზაციისა და მისი მისიის შესახებ გავაგებინოთ. ჩვენ ვართ ამერიკელების მიერ დაფუძნებული სანდო საქველმოქმედო ორგანიზაცია, მისი პროგრამები კი, ძირითადად, ორგანიზაციის თბილისელი თანამშრომლების მიერ შეირჩევა.
გარდა ამისა, მე მინდა, ასე ვთქვათ, შთაბეჭდილება მოვახდინო ამერიკელებზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიოსთვის და როგორი მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა. ქართული კერძები და ღვინო თქვენი ქვეყნის მომხიბვლელობის მხოლოდ ნაწილია. ასევე თქვენი რწმენა, ენა და ოპტიმიზმი.
ბილ კორკორანი
მე საქართველო მისი სუფრით შემიყვარდა. მერე საქართველოში ერთკვირიანი შვებულებით ჩავედი, ავიყვანე კერძო გიდი და საქართველომ უფრო მეტად დამაინტერესა. წლების შემდგომ ორგანიზაცია ეძებდა არასამთავრობო ორგანიზაციის პროფესიონალს – AFG – ს დირექტორს, ვინც პოსტკოვიდ, დიგიტალიზირებულ ეპოქაში განვითარების ახალი გზების მოძიებაზე იმუშავებდა. მას მერე რაც მუშაობა დავიწყე, ვიმოგზაურე მცხეთიდან ქუთაისში, გორში; ვიყავი ძეგვის ბავშვთა სახლში, ნიქოზსა და მესტიაში. ყველა პროექტში ჩვენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ. ასე რომ, AFG-ის მუშაობის პრინციპი ნამდვილი თანამშრომლობაა – ამერიკული გულუხვობისა და ქართველების მიერ საკუთარი ქვეყნის ცოდნას ნაერთი.აუქციონები, როგორც წესი, ღონისძიების ყველაზე დინამიური ნაწილია…
აუქციონზე გამოვიტანეთ გამგეობის წევრებისა და კერძო ბიზნესების მიერ წარმოდგენილი ნივთები. ეს იყო აუქციონის ყველაზე საუკეთესო სია, რომელიც მე მინახავს.
***
„საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქველმოქმედო საღამო მიჰყავდა ღონისძიების პროფესიონალ წამყვანს, მასპინძელს, როგორც აქ უწოდებენ – ცერემონიის მაგისტრს, ეზრა ფრიმენს. ეზრა ადრე სხვადასხვა ტელეშოუებისთვის მუშაობდა, მათ შორის, ტელეარხ CBS-თვის. 28 წლის ეზრა 6 თვის იყო, როცა ამერიკელმა ცოლ–ქმარმა იგი საქართველოდან იშვილა. ეზრამ მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მისი ქართული გვარ–სახელი, ბიოლოგიური ოჯახის წევრები გაიცნო, ორი წლის წინათ კი თავის ბიოლოგიურ მშობლებსა და დედ-მამიშვილებს ორი კვირით ზუგდიდში ესტუმრა. შემოდგომაზე ოჯახი საქართველოში სტუმრობას კვლავ აპირებს.
ეზრა ფრიმენი
„–ასი პროცენტით ქართველი ვარ, მეგრელი. დავიბადე თბილისში და საქართველოდან გამაშვილეს“ – მიყვება ეზრა ფრიმენი, „– მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართველი ვარ, თუმცა ჩემ ბიოლოგიურ ოჯახთან არანაირი კავშირი მქონდა მანამ, სანამ სოციალური მედიით ჩემი ქართველი ნათესავი არ დამიკავშირდა და ინტერნეტით ჩემი ოჯახი არ გამაცნო. ჩვენ მაშინვე გავფრინდით საქართველოში და სამეგრელოში ორი ჯადოსნური კვირა გავატარეთ, გავიცანით ერთმანეთი.
ამერიკაში მე ქართული თემის ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული და მგონია, რომ ერთგვარად ჩემი მისიაც ვიპოვე – მოვუყვე ამერიკელებს და არა მარტო მათ, ქართული კულტურისა და მისი ისტორიის თაობაზე. ქართული კულტურა მართლაც უნიკალური ფენომენია და მე მიყვარს არაქართველებთან მასზე საუბარი. ჩემ თავს კი ვაიდენტიფიცირებ, როგორც – ქართველი ამერიკელი.
ქართველებისთვის მე ამერიკელი ვარ და ამერიკელებისთვის – ქართველი. ასე რომ, “ტერიტორიულად” სადღაც შუაში ვიმყოფები. მე იღბლიანი ადამიანი ვარ – დავიბადე უდიდესი კულტურის ქვეყანაში, მყავს საოცარი ბიოლოგიური მშობლები და მშობლები, რომლებმაც ამერიკული ცხოვრება მაჩუქეს.“საქართველოს ამერიკელი მეგობრების” რომელ პროგრამას გულშემატკივრობთ ყველაზე მეტად?
ამ ორგანიზაციის შესახებ მისი 30 წლის იუბილემდე არაფერი ვიცოდი და როცა ღონისძიების წამყვანად მიმიწვიეს, ცხადია, მეტი ინფორმაცია მოვიძიე და მისი საქმიანობით აღვფრთოვანდი. აღმოჩნდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც AFG-სთვის მუშაობს, მოხალისეა.
ჩემი აზრით, ამ ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა არის ბავშვთა სახლების დახმარების პროგრამა. ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გამოვცადე თუ რაა ამგვარი დაწესებულება, ამიტომ ყველაზე მეტად „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ ამ პროექტს ვგულშემატკივრობ. იმის გაცნობიერება, რომ მე მოწყვლადი ქართველი ბავშვების დახმარების აქციაში ვმონაწილეობ, სიამაყით მავსებს.
ია მერკვილაძის ფოტო
***
როგორც წესი, AFG – ის საქველმოქმედო საღამოები, რომელიც უკვე წლებია „ამერიკის უკრაინულ ინსტიტუტში“ ტარდება, ქართული კულტურის ერთგვარი გამოფენაა – თუ ქართული ხალხური ცეკვებითა და სიმღერებით, თუ ქართველი ხელოვანების მიერ აუქციონზე გატანილი ნახატებითა და ნაკეთობებით. შარშან, მაგალითად, აუქციონის მეშვეობით ერთ საღამოს თანხის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 133 000 დოლარი შეგროვდა. წელს კი გაყიდულ ნამუშევრებს შორის გახლდათ თეონა ჯგერენაიას მიერ დახატული “გამარჯვებული” (ზეთი, ტილო. 2022) – უკრაინული დროშა, რომელიც მან ომის დაწყების შემდეგ შექმნა.
თეონა ჯგერენაია
„ – ადრე ჩატარებულ აუქციონზე ამ ნახატის NFT გაიყიდა“ – მიყვება თეონა ჯგერენაია, – „შემოსავალიუკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გაიგზავნა. წელს კი „საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აუქციონზე ნამდვილი ნახატი გაიყიდა.
მე გახლავართ ნიუ იორკში ყვავილებისა და ყავის სახლის – Fiona’s House (2023) მფლობელი, „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ დაბადების დღე კი ჩემი მაღაზიის ცოცხალი ყვავილებით მოირთო. საქართველოს დიდი მეგობარი ორგანიზაციის 30 წლის იუბილეზე ჩემმა თაიგულებმა თავისი მხატვრული ელფერი ღვინისფერი ყვავილებით, კომპოზიციების ატმისა და თეთრი ფერის ტონებით შემოიტანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ღვინისფერი ყვავილების არჩევა. საქართველო ხომ ღვინის სამშობლოდაა აღიარებული“.
26.07.20204
netgazeti.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment