Sunday, October 13, 2024

„წარსული არასდროს არის მხოლოდ ისტორია“ – ცივი ომის მუზეუმი კალიფორნიაში

 
 



ამერიკული ქალაქი ქულვერი სახელგანთქმული იმითაა, რომ იქ, „ცივი ომის“ (1945–1991) ისტორიის ევროპის საზღვრებს მიღმა მდებარე ყველაზე დიდი მუზეუმი, „მატერიალური კულტურის“ საცავი, არტარქივი და საკვლევი მასალების კოლექცია მდებარეობს.

ლოს ანჯელესის საგრაფოს (კალიფორნია) ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა „ვენდა მუზეუმია“ (Wende Museum (2002), რომელშიც თავმოყრილია ბერლინის კედლის დაცემამდე და მისი შემდგომი პერიოდის კატაკლიზმების ამსახველი არტეფაქტები და ხელოვნების ნიმუშები, ცხადია, სსრკ – ის ისტორიის ეპიზოდებიც.

გერმანულად Wende გამოითქმის, როგორც „ვენდა“, რაც „ცვლილებას“, „ტრანსფორმაციას“ ნიშნავს. მუზეუმი მდებარეობს ამერიკული ჯარის ეროვნული გვარდიის შენობაში (1949), რომელიც მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ სსრკ–იდან მომდინარე ბირთვული საფრთხის არსებობის გამო ორი მიწისქვეშა თავშესაფრით აღიჭურვა.

“ვენდა მუზეუმი” კოლექციები ყოფილი “აღმოსავლეთის ბლოკის” და საბჭოთა კავშირის, სოციალიზმის ისტორიის მქონე ქვეყნების, მათ შორის, ჩინეთის, ვიეტნამისა და ჩრდილოეთ კორეის კულტურული, პოლიტიკური და მხატვრული ისტორიების რესურსია. მუზეუმი, რომელიც, ფაქტობრივად, კვლევითი ინსტიტუტიცაა, აკადემიური და სხვა სახის სწავლებათა აქტიური მხარდამჭერია, “ცივი ომის” ეპოქის ისტორიას ლოკალური თუ გლობალური მასშტაბით განიხილავს და იკვლევს. კოლექციის ნახევარზე მეტი აღმოსავლეთ გერმანიიდანაა: ესაა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ნივთები და ნამუშევრები, რომელიც „ვარშავის პაქტის“ ჩამოყალიბებაზე, ბერლინის კედლის დაცემაზე, გერმანიის გაერთიანებასა და „ბოროტების იმპერიის“ ნგრევაზე მოგვითხრობს.

100 000-ზე მეტი საგნისგან შემდგარი კოლექცია მოიცავს სამომხმარებლო ნივთებს, მაგალითად: კომპიუტერებს, რადიოებს, ჩამწერებს, ჰიგიენის საშუალებებს, საკვებს; სოცრეალიზმისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს: ფერწერას, ქანდაკებას, გრაფიკას, ფოტოს; საკულტო პოლიტიკური სიმბოლოებს, მაგალითად – ქანდაკებებს; ჯილდოებს, მედლებს, დროშებს, ბანერებს, ჩასაცმელ ფორმებს, სამახსოვრო საჩუქრებს, წიგნებს, ბროშურებს, რუკებს, საგნებს პირადი არქივებიდან… მათ შორისაა არტეფაქტი აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერის ერიხ ჰონეკერის კოლექციიდანაც.

აქაა დაახლოებით 3 500 დოკუმენტური, ანიმაციური და საგანმანათლებლო ფილმი; საბჭოთა პერიოდის ავეჯის, ფირფიტების, საოჯახო ალბომების, სასადილოს მენიუების დიდი კოლექცია.

ბოლო წლებში მუზეუმმა შეიძინა უნგრეთის „ცივი ომის“ ეპოქის ხელოვნების ნიმუშები, პოლონეთის “სოლიდარობის” მასალები, საბჭოთა დემილიტარიზაციის პერიოდის ფოტოალბომები, ასევე, არტეფაქტები ნიუ იორკში მდებარე, აწ უკვე გაუქმებული “კგბ-ს შპიონაჟის მუზეუმიდან.”

მუზეუმში რეგულარულად ტარდება წიგნების პრეზენტაციები, სემინარები, ლექციები პოლიტიკურ თუ სხვა თემებზე, იქნება ეს „პუსი რაიოტის“ აქტივიზმი თუ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის იდეოლოგიური საფუძვლები.

მუზეუმის კოლექციაშია მიხეილ როჟდესტვინის ნახატი “უძღები შვილის დაბრუნება” (1991), როგორც რემბრანდტის ნამუშევრის ირონიული, საბჭოური ვერსია: დაჩოქილი, ზურგზე ნაფეხურიანი ლენინი კარლ მარქსს ეხუტება.
 



მიხეილ როჟდესტვინის ნახატი “უძღები შვილის დაბრუნება” (1991)

არის ბრეჟნევის პორტრეტებიც განმარტებით: „1969 წლის 22 იანვარს საბჭოთა კავშირის ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი მოსკოვში მკვლელობის მცდელობას ძლივს გადაურჩა. თავდამსხმელმა, საბჭოთა არმიის დეზერტირმა ვიქტორ ილინმა ბრეჟნევის ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნა – მოკლა მძღოლი და დაჭრა რამდენიმე კოსმონავტი, რომლებიც იმ ავტოკოლონაში ისხდნენ. ბრეჟნევი ტყვიას უვნებლად გადაურჩა. ცხადია, საბჭოთა მთავრობამ „საინფორმაციო წყაროებს“ ეს ამბავი დაუბლოკა. თავდასხმის დეტალები კი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი“.
 



„ვენდა მუზეუმის“ ექსპონატი

პლაკატი, რომელზეც სტალინი და მტრედია გამოსახული, სტალინის დაბადებიდან 70 წლისთავისთვის ისრაელის კომუნისტური პარტიის დაკვეთითაა დამზადებული. საბჭოთა კავშირის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა პოლიტიკური გათვლების რთული ურთიერთქმედებით წარმოიშვა. სტალინი ძალიან ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ისრაელს ახლო აღმოსავლეთში სოციალისტური ბანაკის მოკავშირედ, რეგიონში დასავლეთის გავლენის საწინააღმდეგო ძალად ხედავდა, მაგრამ საბჭოთა ლიდერის მოლოდინმა არ გაამართლა. ისრაელთან სსრკ–ის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ცხადი გახდა, რომ ისრაელი პროდასავლური პოზიციის დაკავებას აპირებდა.
 



„ვენდა მუზეუმის“ ექსპონატი
 



„ვენდა მუზეუმის“ ექსპონატი

მუზეუმშია რუსი სიურრეალისტი მხატვრის მიხაილ ჩემიაკინის ნამუშევარი „პეტრე დიდი”, (1979). 1971 – ში იგი სსრკ–დან საბჭოთა მხატვრისთვის შეუსაბამო სტილის – სიურრეალიზმისა და ნონკონფორმიზმის გამო გააძევეს.
 



მიხაილ ჩემიაკინის ნამუშევარი “პეტრე დიდი”. (1979)

1978 წლის 23 დეკემბერს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბრიტანეთის ჰონგ კონგის (ჰონგ კონგი ბრიტანეთის კოლონია 1841 – 1997 წლებში იყო) საზღვაო პოლიციის უფროსმა ლეს ბირდმა ვიეტნამელი ლტოლვილებით სავსე ნავი „ჰუი ფონგი“ დააკავა. ბორტზე სამი ათასი ვიეტნამელი იყო. მომავალი ოსკაროსანი მსახიობი კე ჰუი კუანი (ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ (2022) იყო ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა შორის, რომლებიც ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად გამოიქცნენ. იქ იყო ასევე თანამედროვე ამერიკელი მილიარდერი მეწარმე დეივიდ ტრანი, რომელმაც მოგვიანებით საკვები პროდუქტების კომპანიას იმ ნავის სახელი (Huy Fong Foods, Inc.) დაარქვა, იგი საქვეყნოდ ცნობილი კი ცხარე საწებლის – Sriracha-ს გამოშვებით გახდა. გარდა პოლიციელობისა, ლეს ბირდი ფოტოგრაფიც იყო და სწორედ მან შემოუნახა ისტორიას ლტოლვილთა ცხოვრების ყოველდღიურობა თუ ბანაკებში თუ გემბანზე. 2023 – ში „ვენდა მუზეუმმა“ ლეს ბირდი მის გამოცდილებასა და ფოტოკოლექციაზე სასაუბროდ მიიწვია.
 



ლეს ბირდის ფოტო (1978)

1966 წელს რუმინეთში ჩაუშესკუს მთავრობამ გამოსცა დეკრეტი N770, რომელიც, აბორტს, ფაქტობრივად, კრძალავდა. რუმინეთში 1966-1989 წლებში აბორტი, მცირე გამონაკლისის გარდა, არაკანონიერ ქმედებად ითვლებოდა. ამის გამო ქალების სიკვდილიანობამ მკვეთრად მოიმატა; მშობლები, რომლებმაც კიდევ ერთი ბავშვის აღზრდა ვერ შეძლეს, შვილს „ობოლთა სახლებში“ „აბარებდნენ“, იქ, სადაც შიმშილი და უგულებელყოფა მათ მუდმივი ყოფად გადაიქცა, საიდუმლო პოლიცია კი აბორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა და რეპროდუქციული ასაკის რუმინელების ინტიმურ ცხოვრებაში იჭრებოდა.
 



ცოლ-ქმარი ჩაუშესკუ „ბავშვთა სახლში”.
 



ჩაუშესკუ – ვენდა მუზეუმის” ექსპონატი

1973 წელს ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა დეივიდ ბოუიმ ციმბირიდან მოსკოვამდე ტრანსციმბირის მაგისტრალით იმიტომ იმგზავრა, რომ ფრენა არ უყვარდა. ამ გრძელ გზაზე მისი ფოტოგრაფი გახლდათ ბოუის ახლო მეგობარი, მოცეკვავე და მუსიკოსი ჯეფ მაკკორმაკი. ფოტოგრაფის კოლექციაში ერთ ფოტოს ჰქვია „რუსი ბიჭები“… როგორც კი ეს ფოტო დავინახე, მაშინვე გამიელვა აზრმა – ამათგან რომელი ხვრეტდა ქართველს აფხაზეთში… ან რომელი გაიქცა დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით…
 



ჯეფ მაკკორმაკის ფოტო
 



ჯეფ მაკკორმაკის ფოტო
 



ჯეფ მაკკორმაკის ფოტო
 



ჯეფ მაკკორმაკის ფოტო

შარშან „ვენდა მუზეუმმა“ ფოტოგამოფენაზე „დეივიდ ბოუი საბჭოთა კავშირში“ გარდა მაკკორმაკის ფოტოკოლექციისა, ასევე წარადგინა თავად ბოუის მიერ გადაღებული ფილმი „გრძელი გზა სახლისკენ”, რომელშიც მოსკოვში მაისის აღლუმების კადრებიც შევიდა.

****

ლოს ანჯელესელი, კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჯასტინ ჯამფოლი „ვენდა მუზეუმის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მან დოქტორის ხარისხი (თემა – „თანამედროვე ისტორია”) ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიცვა.
 



ჯასტინ ჯამფოლი




– რატომ გადაწყვიტეთ ამ მუზეუმის დაარსება? – ვკითხე ჯასტინ ჯამფოლს.




როცა ასპირანტი ვიყავი, მე ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ყოველდღიურობის იკონოგრაფიის კვლევა დავიწყე. პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა ინსტიტუტი, რომელსაც ამგვარი მასალების სრული მრავალფეროვნება გააჩნდა და ის ასორტიმენტი, რომელიც ამ ტიპის სამუშაოს სჭირდებოდა. ამიტომ თემატური კოლექციების მოძიება თავად დავიწყე და სხვებსაც ვუზიარებდი. ჰოდა, ეს გახლდათ ამ დიდი პროექტის დასაწყისი.


ამით რა სახის წვლილის შეტანა გსურთ სსრკ-სა და ცივი ომის საფრთხის აღიარებაში?




“ვენდა მუზეუმი” ფუნქციონირებს ისე, როგორც სამგანზომილებიანი ობიექტების ბიბლიოთეკა. ვიწვევთ მეცნიერებს, სტუდენტებსა და საზოგადოების წევრებს იმისთვის, რომ კოლექცია შეისწავლონ და საკუთარი დასკვნები გამოიტანონ. ჩვენ მივხვდით, რომ თუ ადამიანებს მხოლოდ ვასწავლით, ისინი არ არიან დაინტერესებულნი ისე, როგორც მაშინ, როცა აღმოჩენებს თავად აკეთებენ.


თვლით, რომ აშშ–ში ამერიკელების თუნდაც ათმა პროცენტმა იცის თუ რაა გულაგი და რეპრესიების სტალინური გაქანება?




ამერიკელები მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ხალხია. აქ ჩამოსვლისას მათ კარგად მხოლოდ საკუთარი კულტურული წარსული იციან. მხოლოდ მცირე პროცენტმა იცის საბჭოთა კავშირის ისტორია, მაგრამ ადამიანები სხვა ქვეყნებისა და ამ ქვეყნების ისტორიულ პერიოდებსაც აუცილებლად უნდა გაეცნონ. “ვენდა მუზეუმი” ამგვარ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის და წარსულისა და აწმყოს შესწავლას ხელს უწყობს.


ნიუ იორკში, ბრუკლინში და არა მარტო, საბჭოთა სიმბოლიკას თუ ტანსაცმელზე თუ პროდუქტებზე არც ისე იშვიათად, შეხვდებით…




ლოს – ანჯელესში ამგვარი რამ არ არსებობს, ბრუკლინში ჩემი შემდგომი ვიზიტისას უფრო ყურადღებით ვიქნები….


ფაქტია, რომ “ვენდა მუზეუმი”, გარკვეულწილად, არა წარსულს, არამედ აწმყოს გამოხატავს – ცივი ომი და მეტიც, “ცხელი ომი” რეალობაა.




წარსული არასდროს არის მხოლოდ ისტორია. იგი მუდმივად იცვლება და ის, თუ როგორ გვესმის “რა მოხდა”, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს აწმყოს და როგორ ვაყალიბებთ ჩვენს მომავალს. ცივი ომის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ჩვენთანაა.


ვინ არიან მუზეუმის სტუმრები და როგორ ეხმარება იგი მკვლევრებსა და სტუდენტებს?




“ვენდა მუზეუმი” არ არის საჯარო დაწესებულება ტრადიციული გაგებით. ის ისე ფუნქციონირებს, როგორც კვლევითი არქივი. სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ არა უბრალო ვიზიტორებს, არამედ – არქივის მომხმარებლებს. მომხმარებელთა და ღონისძიებების დამსწრეთა უმეტესობა კი ეპოქის კვლევითაა დაკავებული.


თქვენ პირადი გამოცდილებით ის ისტორია, რომელიც XX საუკუნემ შვა, დღევანდელობაზე როგორ აისახება?




XX საუკუნის ისტორია ბევრი დღევანდელი ლიდერისთვის განმსაზღვრელი გამოცდილება იყო. ცივი ომი და მისი შემდგომი გეოპოლიტიკური რეალობები თანამედროვე საკითხებზე გავლენას კვლავ ახდენს და პერსპექტივებსაც აყალიბებს. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს ანალიზი და გაგება იმისა, რომ გლობალურ მოვლენებს ისტორიული კონტექსტი და ფესვები აქვს. ესაა ამ მუზეუმში ჩვენი მუშაობის მოტივიც და არსიც.
 






















11.10.2024
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment