Sunday, October 13, 2024

პუტინის გაჩერება მესამე მსოფლიო ომის გარეშე მარტივია – ალექსანდრე მოტილი

 

 

ამერიკელი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორის, მწერალ ალექსანდრე მოტილის სპეციალიზაციის სფეროებია საბჭოთა კავშირი, უკრაინა, რუსეთი, იმპერიები, რევოლუციები და ნაციონალიზმი. იგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინიდან აშშ–ში ემიგრირებულების შთამომავალია; დასახელებულია „ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ მეცნიერთა ტოპ ათეულში”.

ალექსანდრე მოტილი ასწავლიდა კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, არის რვა წიგნის ავტორი და წერს ჟურნალებისთვის Foreign Policy, The Hill, 19FortyFive და Kyiv Post.


უკრაინაში, ომის დასაწყისში, ზელენსკი აშშ–ის კონგრესს უკრაინის ცის ჩაკეტვას ემუდარებოდა. რატომ იყო ეს შეუძლებელი? ეს რომ 2022-ში მომხდარიყო, დღეს ომის სხვა სურათი გვექნებოდა? როგორც მინიმუმი, მშვიდობიანი მოსახლეობა – ბავშვები, საავადმყოფოს პაციენტები მაინც გადარჩებოდნენ.




აშშ-ს რუსეთთან ომში ჩართვის ეშინოდა. შედეგად, მას ახლა უფრო დიდი ომის საფრთხე ემუქრება, ვიდრე 2022 წლის დასაწყისში. საბოლოოდ, დასავლეთი, როგორც ჩანს, აღიარებს, რომ უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ რუსეთი შეჩერდეს.


ფაქტია, რომ უკრაინა ომს ჯერ ვერ იგებს; შეუძლებელია ტერორისტ სახელმწიფოსთან – რუსეთთან მოლაპარაკება; დასავლეთის დახმარება საკმარისი არაა და თან ისე ჩანს, რომ ნატოს რუსეთის დაშლის ეშინია თუ რუსეთმა წააგო. ეს ჩიხია თუ იმედისთვის არის შანსი?




უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია, თუ დასავლეთს უკრაინის გამარჯვება უნდა. რუსეთი სამხედრო და ეკონომიკურ კრიზისშია, დრო კი რუსეთზე არ მუშაობს.


ჯორჯ ბუშმა საქართველოს “რეგიონსა და მსოფლიოში თავისუფლების შუქურა” უწოდა. ივანიშვილის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სახელი ჩამოგვრთმეოდა, ზურგი აქცია დასავლურ ღირებულებებსა და ევროპას. ორი კონფლიქტური ზონის პირობებში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივა არსებობს?




ამ დროისთვის საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის კარი დაკეტილია. თუმცა ის ოდნავ ღიაა უკრაინისთვის. თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, კარი შეიძლება სამუდამოდ დაიხუროს.


ივანიშვილის მთავრობამ ღია ნაბიჯები გადადგა ჩინეთის, ირანისა და ანტინატო ქვეყნების მიმართ. ამას ემატება “რუსული კანონის” მიღებაც, რაც საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. დასავლეთმა თავიდანვე რატომ დახუჭა თვალები ოლიგარქის ამბიციებზე და პუტინთან მის მჭიდრო კავშირებზე?





დასავლეთმა ძალიან ცოტა რამ იცის საქართველოს შესახებ. მან არაფერი იცოდა უკრაინის შესახებ, რომელიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე – საქართველო.


“ამერიკა პირველ რიგში” დონალდ ტრამპის ლოზუნგია. ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ამერიკის მხარდაჭერა “ახალ დემოკრატიებს” რამდენად რეალური იქნება? რამდენად ღრმად შეიძლება წავიდეს იზოლაციონიზმი და ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე?





იზოლაციონიზმი სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად, რადგან აშშ-ს მჭიდრო კავშირები აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონთან და ქვეყანასთან. ტრამპს ასევე არ სურს გახდეს ცნობილი, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც დაკარგა ევროპა, უკრაინა და ა.შ.


ზელენსკისა და ტრამპს შორის ძველი ისტორიაა – როცა ტრამპმა ზელენსკის სთხოვა ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო, ამის საფასურად კი იგი უკრაინის დახმარებას დაჰპირდა (2019). როგორ ფიქრობთ, ეს ამბავი გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე? რამდენად რეალურია ტრამპმა შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერა? იგი ისე საუბრობს, თითქოს ჯადოსნური ჯოხი ჰქონდეს.




როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია. ტრამპი ზელენსკის გაყიდვების აგენტს უწოდებს. ფაქტობრივად, ეს შეფასება თავად გაყიდვების აგენტისგან მოდის და ამიტომ ეს კომპლიმენტია. ტრამპი ვერაფერს გააკეთებს 24 საათში – ეს უბრალოდ მისი კამპანიის ბრავადაა.


თუ ტრამპმა შეწყვიტა უკრაინის მხარდაჭერა, ევროპა მას სრულად თავის თავზე აიღებს?




ევროკავშირმა და ცალკეულმა სახელმწიფოებმა უკრაინას დიდი დახმარება უკვე გაუწია. ეს მხარდაჭერა სავარაუდოდ გაიზრდება, თუ ტრამპი ყოველგვარ დახმარებას შეწყვეტს, რაც ძალიან საეჭვოა.


ჩვენ პროქსი ომის მოწმეები ვართ. როგორ ფიქრობთ, რომ არა ისეთი ევროპელი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ მერკელი და ბერლუსკონი, პუტინის იმპერიულ ამბიციებს ნაკლები შანსი ექნებოდა? გერმანია და იტალია, რომლებმაც ფაშიზმის გამო დიდი ფასი გადაიხადეს, რატომ ემეგობრებოდნენ პუტინს, რა დაემართათ?




მერკელი და ბერლუსკონი პუტინს დაეხმარნენ, მაგრამ სხვა დასავლურმა ქვეყანამაც პუტინს ხელი არ შეუშალეს. ისტორიულად გერმანია პირველი და მეორე მსოფლიო ომის გამო რუსეთის მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობდა. ბერლუსკონი კი აღფრთოვანებული იყო პუტინით, როგორც მკაცრი ტიპით. საერთო ჯამში, რუსეთის იმპერიული მისწრაფებები და პუტინის ფაშიზმისკენ გადახვევა სერიოზულად თითქმის არავის მიუღია: ცივი ომი დასრულებული იყო, ჩვენ მოვიგეთ, რუსეთი კი მეგობარი უნდა გამხდარიყო.


პუტინის გავლენის ბერკეტები: სამი წლის წინ გაზით ვაჭრობდა, ახლა – ატომური იარაღით. ეს უკანასკნელი რეალურია თუ იგი უბრალოდ რისკიან თამაშს თამაშობს?





ეს არის თამაში, რადგან არ არსებობს მტკიცებულება ამ იარაღის მობილიზებისთვის რაიმე ქმედების შესახებ. პუტინმა იცის, რომ დასავლეთს ეშინია ბირთვული გაცვლა–გამოცვლის და საფრთხეებს ისე იყენებს, როგორც – ბერკეტს.


როგორ შეიძლება პუტინის გაჩერება მესამე მსოფლიო ომის გარეშე?




ეს მარტივია. მიაწოდეთ უკრაინას ყველა ის იარაღი, რომელიც მას რუსული არმიის უკან დასახევად სჭირდება, სულ მცირე, 2022 წლის საზღვრებთან.


მშვიდობა უკრაინაში ახლა – ეს რას ნიშნავს? რუსეთი უპირობოდ ტოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ყირიმის ჩათვლით; რუსეთის ელიტა ამხობს პუტინს; ჩინეთი და ირანი რუსეთის მხარდაჭერას წყვეტენ და ა.შ.?




ადვილად შეიძლება ხელი მოეწეროს “სამშვიდობო ხელშეკრულების” ნებისმიერ რაოდენობას, მაგრამ ყველა ხანმოკლე იქნება და, შესაბამისად, უაზრო მანამ, სანამ პუტინი ხელისუფლებაშია. იმისთვის, რომ არსებობდეს ნამდვილი მშვიდობა, როგორადაც არ უნდა იყოს იგი განსაზღვრული, პუტინი უნდა წავიდეს. ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ გადატრიალების შესაძლებლობაც: იგი საბჭოთა/რუსეთის ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა. თუმცა გადატრიალება ადვილად შესაძლებელია, თუ რუსეთი ფრონტზე დიდ დამარცხებას იგემებს, ვთქვათ, ყირიმში.

05.08.20204
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment