Sunday, October 13, 2024

კურსკის ოპერაცია პოტენციურად გარდამტეხი მომენტია რუსეთ-უკრაინის ომში – ბენ ჰოჯესი

 

 



ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა შეძლებს კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში კურსკის ხიდის დაკავებას და ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდება, ეს კრემლს რეალურ პრობლემებს შეუქმნის. ბენ ჰოჯესთან ინტერვიუ წერილობით შედგა.



როგორ შეაფასებდით ნატოს 75-ე სამიტის შედეგებს ზოგადად და კონკრეტულად უკრაინასა და საქართველოსთვის?


მე იმედგაცრუებული ვარ. საქართველო ძალიან გაკვრით ახსენეს. სამიტამდე თვეების განმავლობაში ცხადი იყო, რომ უკრაინისთვის არც ისე კარგი ამბები მზადდებოდა, ძირითადად იმიტომ, რომ აშშ და გერმანია სხვა ქვეყნებზე ზეწოლას იმისთვის ახდენდნენ, რომ არც კი წამოეყენებინათ წევრობის საკითხი.

პენტაგონმა საქართველოსთან დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე ჯარების ერთობლივი წვრთნები გადადო. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს ამ ვითარებაში არა მხოლოდ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობისთვის, არამედ – რეგიონის უსაფრთხოებისთვის?


მე მირჩევნია, რომ წვრთნები გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს ჯარებს შორის ურთიერთობის შენარჩუნდეს, მიუხედავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ვექტორისა. თუმცაღა მე მესმის, თუ რატომ გააუქმა აშშ–მა ეს წვრთნები.


დასავლეთის ქვეყნებს დღეს რა შეუძლიათ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს და შესაბამისად ამ ომმა დანარჩენ ევროპაში არ გადაინაცვლოს?


ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ნაბიჯი იქნებოდა ამერიკის პრეზიდენტმა, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერებმა განაცხადონ, რომ მათ უნდათ, რომ უკრაინამ ომი მოიგოს; გახადონ ეს გზავნილი ჩვენს პოლიტიკად და მერე მიაწოდონ უკრაინას რაც საჭიროა, რუსეთისთვის ეფექტიანი ეკონომიკური სანქციების დაწესების ჩათვლით.

ეს კრემლს აჩვენებდა, რომ მათი ერთადერთი იმედი – დაველოდოთ, როცა უკრაინას მხარდაჭერას შეუწყვეტენ, არ განხორციელდება.


2022-ში, უკრაინაში ომის დასაწყისში “უკრაინის ცის დაკეტვა” აგრესიის შეჩერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის თავიდან არიდების რეალური შანსი იყო. ზელენსკი ამერიკის კონგრესს ევედრებოდა რომ ცა დაეკეტათ. მაგრამ ეს არ მოხდა. რატომ?


ეს არის რუსეთის შეჩერებაში აშშ-ის ადმინისტრაციისა და სხვათა მარცხი. ამ ომში დასავლეთის ჩარევისას ჩვენ უფრო მეტად რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეები გვაწუხებდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან მარცხი იყო, რადგან ვერ გავიგეთ, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას სცემს პატივს და სისუსტე სძულს.


და ახლა ჩვენ გვაქვს ამ საშინელი ომის 2,5 წელი და ისე ჩანს, რომ ნატოს რუსეთის წაგების “ეშინია” – რუსეთი ნაწილებად დაიშლება და უფრო მეტი პრობლემების შემქმნელი იქნება, ვიდრე ახლაა. ასეა?


სინამდვილეში ომი დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა და ყირიმი უკანონოდ დაიპყრო. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში და სხვაგან ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც რუსეთის მარცხსა და პუტინის რეჟიმის კოლაფსის შედეგებზე ძალიან წუხს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ასეთი კოლაფსის დაჩქარებას და დავგეგმოთ შედეგები და სავარაუდო ვარიანტები.


დახმარება უკრაინისთვის ასე ხშირად რატომ იგვიანებს? ხომ არაა ეს უკრაინის კონტრშეტევის მარცხის ერთ–ერთი მიზეზი?


ჩვენი მხრიდან ომის სასურველი სტრატეგიული რეზულტატის ნათლად იდენტიფიცირების წარუმატებლობის პირდაპირი შედეგია უკრაინის გამარჯვებისთვის გამოყოფილი იარაღისა და საბრძოლო მასალის არათანმიმდევრული მიწოდება.


უკრაინის სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ-მ უკრაინას საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე თავიდანვე აუკრძალა/შეუზღუდა. რატომ?


ესაა რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის მუდმივი გადაჭარბებული შიში. ჩვენ თავიდანვე თავშეკავებულები ვიყავით სავარაუდო „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით.

კურსკის ოპერაციის სარგებელი და დანაკარგი რა არის?


ეს ამ ომში პოტენციურად გარდამტეხი მომენტია, თუ უკრაინა შეძლებს კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში კურსკის ხიდის დაკავებას. თუ ამგვარი ვითარება დიდხანს გაგრძელდება, ეს კრემლს რეალურ პრობლემებს შეუქმნის.


რას ფიქრობთ ჩინეთის როლზე ე.წ. “მშვიდობის პროცესში”, “მშვიდობიან მოლაპარაკებებში”. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი თვალთმაქცობა და დროის გაწელვაა…


ჩინეთი საიმედო სამშვიდობო შუამავალი არაა. მისი მთავარი ინტერესებია იაფფასიანი რუსული ნავთობი და გაზზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ასევე, აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების საერთაშორისო შეთანხმებებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის ძალისხმევის განადგურება.


ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინის მიმართ პოლიტიკა როგორ შეიძლება შეიცვალოს?


ამის პროგნოზირება რთულია. ტრამპმა ევროპის მრავალი ქვეყნის თვალში ამერიკის პრესტიჟი დააზარალა და მან ნატოს ერთიანობასაც მიაყენა ზიანი. ის არასდროს აკრიტიკებს პუტინს ან რუსეთს. სამაგიეროდ, იგი აქებს მათ. იმედი მაქვს, არასდროს მოგვიწევს იმის გარკვევა, ტრამპის მორიგმა ადმინისტრაციამ თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს.

06.09.2024
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment