25 წლის ელენე თაბაგარი ნიუ იორკში მდებარე ჯულიარდის სკოლის პირველი ქართველი კლავესინისტია, რომელიც მაგისტრატურაზე ბაროკოს პერიოდის მუსიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
„- ვსწავლობდი კლავესინზე და ორგანზე დაკვრას, ბაროკოს ეპოქის რეპერტუარს, ავთენტური შესრულების წესებსა და ძველებური ინსტრუმენტების ანატომიას. ჩემი პროფესიის უდიდესი ნაწილი მოიცავს ისტორიული შესრულების შესახებ დოკუმენტების შესწავლას, შედარებას, გააზრებასა და შემდგომ მსმენელის წინაშე წარდგენას. კლავესინზე ვუკრავ, როგორც სოლისტი; ვუკრავ კამერულ ანსამბლებში, როგორც უწყვეტი ბანის შემსრულებელი და ასევე ვუკრავ თავად ჯულიარდის ორკესტრში „ჯულიარდ 415“ – ამბობს ელენე.რატომ ბაროკო?
ბაროკოს მუსიკით ბავშვობიდან დავინტერესდი. კლავესინზე კი ოთხი წელია, რაც ვუკრავ.
ამ ინსტრუმენტმა პირველივე შეხებიდან თავი შემაყვარა და ამის შემდეგ მომინდა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი გავიგო და მოვიძიო კლავესინზე, მის ისტორიასა და დაკვრის წესებზე.ჯულიარდამდე თუ გქონდათ ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება?
ჩემი ამერიკული ცხოვრება დაიწყო „ფლექსის“ გაცვლითი პროგრამით, რომლის საშუალებითაც ერთი წელი ვაშინგტონის შტატში გავატარე. ჰოდა, იქ დაიწყო ჩემთვის ნამდვილი ამერიკული თავგადასავალი.
საინტერესო იყო ადაპტაცია ამერიკულ სკოლასთან, თანატოლებთან, რომელთა ბავშვობაც ჩემი ბავშვობიდან სრულიად განსხვავდებოდა. შევითვისე ამერიკული ტრადიციები და დაკვირვებით შევისწავლე სოციუმი, რომელიც თავისი წეს-ჩვეულებებით ყოველ დღე მაკვირვებდა.
ამ პერიოდში შევისწავლე ფორტეპიანოს გარდა სხვა მრავალი ინსტრუმენტის ხასიათი, სკოლის საფეხბურთო თამაშებზე დასარტყამი ინსტრუმენტებითა და მარშით გამოვდიოდი, ვუკრავდი ორკესტრში მარიმბაზე და სხვა დასარტყამ ინსტრუმენტებზე; ვმღეროდი ჯაზ-ბენდში და ვუკრავდი ფორტეპიანოზე; ვმღეროდი მასპინძელი ოჯახის ეკლესიის გუნდში და იქ დავიწყე ორგანის შესწავლა. სწორედ იმ წელს გადავწყვიტე ჩემი მომავალი მუსიკას დამეკავშირებინა.
სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ამერიკულ სამუსიკო სასწავლებლებში ჩაბარება დავგეგმე. პარალელურად ვმუშაობდი სასტუმროებში, ღამის ცვლებიდან დაბრუნებული კი მთელ დღეს ინსტრუმენტთან ვატარებდი, რათა მისაღები გამოცდები წარმატებით ჩამებარებინა. 19 წლის ასაკში სრული დაფინანსებით სტეტსონის უნივერსიტეტის სამუსიკო სასწავლებელში ჩავირიცხე და ოთხი წელი ფლორიდის შტატში გავატარე.როგორ მოხვდით ჯულიარდში და რა წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწიათ?
სტეტსონში სწავლისას კლავესინის სოლო რეპერტუარით დავინტერესდი და უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო ბაროკოს მუსიკის შესახებ და სწავლა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა.
მეოთხე კურსზე სწავლისას განაცხადი სამ სამაგისტრო პროგრამაზე გავაგზავნე და სამივე მოსმენა წარმატებით გავიარე. ჯულიარდში მოსმენის ბოლო ეტაპზე დასაკრავად გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ახლობელმა, რომელსაც რამდენიმე დღით უნდა ემასპინძლა ჩემთვის, გეგმები შეცვალა. მე მაინც გავფრინდი და ამის შემდეგ მოვიძიე ღამის გასათევი ადგილი. თავიდან არც ვაპირებდი გარისკვას და ნიუ იორკში პირველად ასე უიმედოდ ჩასვლას, თუმცა დღეს ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. მოსმენა ორ ეტაპად წარიმართა: პირველი სოლო რეპერტუარს დაეთმო, მისი წარმატების გადალახვის შემდეგ კი მეორე ეტაპზე დამიძახეს, სადაც ჩემი ფურცლიდან კითხვისა და ანსამბლთან მუშაობის უნარები შეამოწმეს.
თვენახევრის შემდეგ ჯულიარდის სკოლაში სწავლის სრული დაფინანსებით ჩავირიცხე. პირველი წელი საკმაოდ რთული და პირადი პრობლემებით თუ ყოფითი დაბრკოლებებით იყო სავსე, თუმცა ნელ–ნელა ნიუ იორკში ცხოვრებასთან შეგუება მაინც შევძელი და ჯულიარდის რიტმსაც შევეჩვიე.
ელენე თაბაგარირა საგნებს სწავლობდით, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
სწავლის დიდი ნაწილი ანსამბლებსა და საორკესტრო რეპერტუარს, დღის დიდი ნაწილი კი დახურულ და ღია რეპეტიციებს, გაკვეთილებს, მასტერკლასებსა და მოსმენებს ეთმობოდა. გვაქვს ლექციები შემდეგ თემებზე: ბაროკოს მუსიკის ისტორია, შესრულების წესები, იმპროვიზაცია, ბასო კონტინუო (უწყვეტი ბანი), ინსტრუმენტების შეკეთება და აწყობა, მოწვეული პროფესორების სემინარები სხვადასხვა თემებზე და ა.შ.
ჩვენი ფაკულტეტი რეგულარულად მართავს კონცერტებს არა მხოლოდ იელის უნივერსიტეტში, არამედ – ნიუ იორკის სხვადასხვა ეკლესიაში, სადაც ამ ჟანრის მუსიკა კიდევ უფრო ფანტასტიკურად ჟღერს.
გვქონდა კონცერტი იელის კამერულ გუნდთან ერთად, როგორც ჯულიარდში, ასევე – იელის დარბაზში. კონცერტზე შევასრულეთ ჰენდელის „ალეგრო, პენსეროსო, მოდერატო“ ამ დარგში ყველასთვის ცნობილი, გამოჩენილი ორგანისტისა და დირიჟორის მასააკი სუზუკის ხელმძღვანელობით.
წლის დასაწყისში ჩატარებული მოსმენის წესით ამ კონცერტის ორგანისტად მე ამირჩიეს, რაც ჩემთვის უდიდესი სიხარული, გამოწვევა და პატივი იყო. ბატონ სუზუკისთან რამდენიმე კვირა გავდიოდით რეპეტიციებს და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იგი თავმდაბლობით, პოზიტიური განწყობითა და დროის პროდუქტიულად გამოყენებით გამოირჩევა. იელის გუნდსაც არაჩვეულებრივი სოლისტები ჰყავდა, ისინი გამოირჩეოდნენ ხმის კონტროლითა და ბაროკოს სტილის გააზრებულად დაცვით.
ელენე თაბაგარი ორკესტრთან ერთდთქვენი გამოცდილებით – განსხვავება მუსიკის სწავლებას საქართველოსა და ამერიკას შორის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რომელიც საქართველოში მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს ფორტეპიანოსა და თეორიის მასწავლებლებისგან მივიღე.
ამერიკულ მუსიკალურ სასწავლებლებში ბაკალავრიატიდან ვსწავლობ და ჩემი ბავშვობიდან მოტანილი ანალიტიკური დამოკიდებულება ამერიკელ თანატოლებისას ყოველთვის რამდენიმე სემესტრით წინ უსწრებდა, როგორც შესრულებისა და ინტერპრეტაციის, ასევე ჰარმონიისა და მუსიკის თეორიის საკითხებში.
ვფიქრობ, რომ საქართველოში მუსიკოსებს საუკეთესო ცოდნის ბაზა აქვთ და ძალიან მცოდნე სპეციალისტები ჰყავთ; ბავშვობიდანვე სიღრმისეულად გვასწავლიან რეპერტუარსა და მის გათავისებას, ზრდიან პროფესიონალი მუსიკოსების მომავალ თაობებს, რომელთაც უბრალოდ შემდგომი დაფასება არ აქვთ და ამიტომაც შესაძლებლობის რეალიზაციას სათანადოდ ვერ ახდენენ.
მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჩემი სფეროთი ამერიკაში ცხოვრებისას დავინტერესდი. საქართველოში ვერ ვხედავ ჩემს თავს, როგორც კლავესინისტი, ორგანისტი და ბაროკოს მუსიკის შემსრულებელი, თუმცა სამშობლოში ჩემი ცოდნის გამოყენება ყოველთვის იქნება ჩემი ოცნება და იმედია, ერთხელაც, აუცილებლად ახდება.
სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი ნიუ იორკში დავრჩები და ბაროკოს მუსიკის ავთენტური შესრულების შესახებ დოკუმენტების შესწავლასა და კლავესინის რეპერტუარზე მუშაობას გავაგრძელებ. ჯერ–ჯერობით არ ვიცი ჩემი მიზნები საითკენ წამიყვანს, თუმცა უახლოეს მომავალში სურვილი მაქვს ევროპისკენაც ავიღო გეზი, რაც ჩემს პროფესიონალიზმს ძალიან წაადგება.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment