Sunday, October 13, 2024

„აქციე შენი ქაოსი საგნად“ – ქართველი არტისტების გამოფენა-პერფორმანსი ნიუ იორკში

 

 

„დიდ სივრცეში, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, მხოლოდ ერთი სკამი იდგა. ამ სკამზე კი იჯდა ჩემი დიდი ფიტული, რომელშიც მე ვიყავი გამოკეტილი. ვხედავდი, რომ ქაოსი ნელ – ნელა მიახლოვდებოდა და ვგრძნობდი, რომ ჩემ ჩაყლაპვას ცდილობდა. მაშინ ვუთხარი ჩემს თავს: დახუჭე თვალები და ეს ქაოსი სადმე გამოკეტე!

როდესაც თვალები გავახილე ჩემს წინ სკამი იდგა. მივუახლოვდი სკამს, დავჯექი, თვალები დავხუჭე და როცა ისევ გავახილე, ფიტულის მაგივრად მე გავიღვიძე…” – ჰყვება მხატვარი ეკატერინე ოსტროვსკა, – „ამ ჩემი სიზმრის ექსპოზიციად გადაქცევის იდეა დიდი ხანია მქონდა. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ გამოფენის დრო და ადგილი იქ არ იყო, სადაც ვიყავი. ჩანაფიქრი კი „მარტივი“ იყო: მინდოდა მაყურებლისთვის ჩემი ემოცია გადამეცა, ფანტაზია კი ყველას ინდივიდუალურად გაღვიძებოდა“.

გამოფენა – პერფორმანსი – „აქციე შენი ქაოსი საგნად” გაიმართა მანჰეტენზე მდებარე გალერეაში On the Fringe, რომელმაც არტისტების პრომოუშენ კომპანიის MadatArt-ის (ხელმძღვანელი და კურატორი მარიტა დამენია) ეგიდით ორგანიზებულ ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს ორი წლის წინათაც უმასპინძლა.

გალერეის კედლებზე, ბაწრებზე ხის სამაგრებით გაფენილი იყო წითელ ფონზე დახატული 25 ადამიანის შეშინებული, სასოწარკვეთილი სახე, რომელიც, როგორც ავტორი ამბობს, კიდევაც ჰგავს მას და – არც.

გალერიის ცენტრში, თეთრ სვეტებზე ორნამენტებიანი, „ბზარებიანი“ სკამები; ერთ–ერთზე – ტიბეტური თასი; იატაკზე – ლითონის ჯამი წყლით; ინფერნალური მუსიკა წყლის, წვიმის წვეთებით, ნისლიც და თითქოს კედლებიდან გადმოსული, ოცდახუთჯერ შიშმიცემული, ნახევრად შიშველი ქალი თეთრი სამოსით, პანიკურად მორბენალი სკამებს, იმედ–უიმედობას, ჩაკეტილობა–ღიაობასა და სიკვდილ–სიცოცხლეს შორის.
 



სკამები. ია მერკვილაძის ფოტო
 





ია მერკვილაძის ფოტო


გამოფენა – პერფორმანსი. ია მერკვილაძის ფოტო

„შევეცადე ამ სახით ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ემოციური პერიოდები გადმომეცა. ეს იყო პორტრეტი იმ ფიტულის, რომელიც სიზმარში ვნახე.

სკამი იყო 16 ცალი. 16 ჩემთვის სიმბოლური ციფრია. სკამებზეც გადმოტანილი, ამოტვიფრული თუ ამომწვარი იყო ქაოსი, რომელიც სიზმარში სკამშივე გამოვეკეტე. ეს სიზმარი ჩემი ცხოვრების გარდამტეხ პერიოდში ვნახე. ამ სიზმარმა ძალა, ძალიან დიდი თავდაჯერებულობა შემძინა და იმის შეგრძნებაც, რომ ქაოსს მოვერიე” – ამბობს ეკატერინე ოსტროვსკა და განაგრძობს:

„მსახიობი ანა გოდერძიშვილი ჩემი მეგობარია. იგი ამერიკაში ორი წლის წინათ ჩამოვიდა. ანას გამგზავრებამდე ჩემი სიზმარი მოვუყევი და შევთავაზე, რომ მას გამოფენის ფონზე დაედგა პერფორმანსი, რომელსაც ორი წლის შემდეგ ნიუ იორკში ერთად წარვადგენდით და მართლაც ასე მოხდა. კომპოზიტორი ჩემი მეგობარი ზაქრო მეფარიშვილია, რომელმაც ჩემ შეგრძნებებზე დაყრდნობით სპეციალურად ამ პერფორმანსისთვის მუსიკა დაწერა. წვიმის ხმა, რომელიც მუსიკას გასდევს, ჩემი ვიდეოარტიდანაა აღებული”.
 



ანა გოდერძიშვილის პერფორმანსი ეკატერინე ოსტროვსკას გამოფენაზე. ფოტო: ია მერკვილაძე
 



ანა გოდერძიშვილის პერფორმანსი ეკატერინე ოსტროვსკას გამოფენაზე. ფოტო: ია მერკვილაძე

ეკატერინე ოსტროვსკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. იტალიაში, ქალაქ ფილატერიაში ყოველწლიურ ვორქშოფ–კონკურსზე სახელწოდებით – „ჩანახატები“, პირველად ამ ღონისძიების 70-წლიანი ისტორიის მანძილზე, არაიტალიელმა ეკატერინე ოსტროვსკამ კომპოზიციით – „ფილატერიის პეიზაჟი“, პირველი ადგილი დაიმსახურა.
 



“ფილატერიის პეიზაჟი”

პერსონალური გამოფენების გამართვისა და ჯგუფურ ექსპოზიციებში მონაწილეობის გარდა, იგი ხელოვნების ისტორიას საჯარო სკოლასა და კოლეჯში ასწავლის. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „პატარა უფლისწული“ ეკატერინე ოსტროვსკას მხატვრობით დაიდგა. გარდა ამისა, იგი მუშაობს ისეთ პროექტებზე, რომელიც თინეიჯერთა ფსიქიკურ და ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხება. ასეთია მისი მინისპექტაკლი – „შეგიძლია დამინახო?!“ (რომელიც ბავშვების ანონიმურ ესეებს დაეფუძნა) და გამოფენა ვიდეო არტით – „ჩაკეტილობა“. „ჩაკეტილობის“ კონცეპტუალური საგანი იყო კუბი, რომელიც ბავშვებმა გარედან თავისი ესეებით მოხატეს, მნახველი კი შედიოდა კუბში, სადაც ეკრანზე ბავშვების მიერ გადაღებული ვიდეოარტი გადიოდა.
 



„ამ პროექტზე მუშაობისას ერთ–ერთ მოსწავლეს ესეიში ეწერა: „აზრი არა აქვს შენ როგორ ხარ, რას გრძნობ… არავის აღელვებ, არც ოჯახს, არც მეგობრებს…“ პროექტზე თვე-ნახევარი ვიმუშავეთ და კუბის მოხატვის დროს იმ ბავშვმა თავის ესეის ზუსტად ის ნეგატიური ნაწილი ამოაკლო” – ამბობს ეკატერინე ოსტროვსკა.
 



ანა გოდერძიშვილი და ეკატერინე ოსტროვსკა. ია მერკვილაძის ფოტო
 



ეკატერინე ოსტროვსკა და ანა გოდერძიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო
 



ეკატერინე ოსტროვსკა, მარიტა დამენია, ანა გოდერძიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო

***

პროფესიით მსახიობია, მუშაობდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
 



ანა გოდერძიშვილი. ია მერკვილაძის ფოტო

„შევეცადე მაქსიმალურად მეგრძნო ეკატერინეს ემოცია და პერფორმანსი კონკრეტულ მოცემულობაში უკვე საკუთარ შეგრძნებებზე და ნააზრევზე დაყრდნობით შემექმნა.

სამყარო სივრცეა, ჩვენ კი მასში არსებული ენერგია, რომელიც მატერიაში ანუ ფიზიკურ სხეულში საკუთარი შინაგანი ნათებითაა მოთავსებული. ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ვიდრე ჩვენი ფიზიკური სხეული.


ცხოვრებაში ხშირად გარემო და მოვლენები ისეა აგებული, რომ სუნთქვა გაუსაძლისი ხდება. მუდმივია ეს ქაოსური დინამიკა, საიდანაც თავის დაღწევას ვცდილობთ, თუმცა რაღაცის იმედით თითქოს მაინც არ ვტოვებთ მას.

დაცემა და ადგომა კი გარდაცვალებას ჰგავს. ჩვენ ხომ სიცოცხლეშივე გავდივართ რამდენიმე დაბადებას, რომელიც შემდგომ გამოცდილების სახეს იძენს. ეს სამყაროა, რომელიც გაიძულებს მუდმივ მოძრაობაში, ბრძოლაში იყო და ამისთვის დიდი ენერგეტიკული, ფიზიკური თუ გონებრივი გამძლეობა, თვითგადარჩენის ინსტინქტის გამძაფრებაც გჭირდება. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ გადარჩე, განვითარდე.

გვიჩნდება ადამიანური იმედი, რომ „გავზიარდებით”, რომ ერთმანეთის ნიადაგს მოვრწყავთ; რომ მიწა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის ფესვებს ეყოს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ბედისწერა სახეში სილას გაგვაწნის, რაც ენერგეტიკულად გვამძიმებს და ისევ ქაოსურ ბრძოლაში გვითრევს.

არ ვფიქრობ, რომ ადამიანს საკუთარი ისტორიის შესაქმნელად ვინმე სჭირდება. ჩვენშია ის მაგიური ნაწილი, რომელიც ცხოვრებას ქმნის. იმედი იმისა, რომ შენს გარდა კიდევ არსებობს სხვადასხვა ენერგიის წყაროები, რომელსაც შეუერთდები, იგი დიდ ნაკადად იქცევა და სივრცეში გადმოსჩქეფს, ძალიან ძლიერი და სასიამოვნო განცდაა. ეს ყოველივე ჩემთვის საკუთარი პერფორმანსის ინსპირაცია გახდა. ეკატერინეს ნახატები ჩემთვის სულის თვალით დანახული მეორე სულია, რომელიც სინათლეზე და ჩრდილში სინთეზურად იმყოფება, სკამი კი ჩემთვის პოზიციასთან ასოცირდება. რადგანაც ეგოცენტრულ სამყაროში ვცხოვრობთ, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ გვხედავდნენ, გვამჩნევდნენ. ჩვენვე გვჭირდება სიმყარე პოზიციის, რომელსაც და რომელშიც გვინდა დაგვინახონ, რადგან თავად ასე შევიგრძნობთ და ვაზიარებთ იმას რაც გვაქვს – წესრიგსა და ქაოსს“ – ამბობს ანა გოდერძიშვილი.

13.08.2024
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment