Wednesday, August 28, 2013
"ვახშმის წვეულება“ და მისი სტუმრები
ჯუდი ჩიკაგო ფემინისტური არტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საინტერესო ხელოვანია.
გასული საუკუნის 60 - იანების ბოლოსა და 70- იანების დასწყისში ამგვარი ხელოვნება, ფაქტობრივად, მამაკაცების მიერ დაპყრობილი“ მოდერნიზმის ალტერნატივად გადაიქცა.მისი ერთგვარი დასაწყისი გახლდათ ფემინისტების ამბოხი მუზეუმის იმ კურატორების წინააღმდეგ, რომლებსაც საგამოფენო დარბაზებში ქალი მხატვრების ნამუშევრების წარდგინება არ უნდოდათ.
რასაკვირველია, ფემინისტური არტი არ შემოიფარგლა ტრადიციული სახელოვნებო ენით და მხატვრობის გარდა მუზეუმებსა და გალერეებში ქალი ავტორების ვიდეოარტი, ინსტალაციები, პერფორმანსიც გაჩნდა. ისეთმა ტრადიციულად საოჯახო ქალურმა დარგებმა“ კი, როგორც არის ნაქსოვი, პეჩვორკი, აპლიკაცია, ნაქარგი სახლის კარადების უჯრებიდან საგამოფენო დარბაზების კედელებზე გადაინაცვლა.
ჯუდი ჩიკაგო მულტიმედიურ ხელოვნებაში პროფესიული დაინტერესების გარდა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი გახლავთ და მუშაობდა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ადამიანთა უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს იცავენ. იგი დაიბადა ინდუსტრიულ ჩიკაგოში, ისეთ ოჯახში, სადაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა უჩვეულო არ იყო; ხატვა 3 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო 8 წლისა უკვე ჩიკაგოს ახალგაზრდულ სახელოვნებო სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით ჯუდიმ გადაწვიტა მისი მამის გვარი კოენი მოეშორებინა, რადგანაც თვლიდა, რომ ქალი მამის თუ ქმრის გვარისგან უნდა გათავისუფლებულიყო და გვარად მშობლიური ქალაქის სახელწოდება აიღო.
1970 წელს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯუდი ჩიკაგომ სხვა 15 ქალ სტუდენტთან ერთად სამხატვრო სტუდია დაიქირავა, სადაც თავისუფალი არტფემინისტები ნაწარმოებებს მამაკაცების ჩარევის გარეშე“ ქმნიდნენ. მისი სლოგანი იყო „არ ვწუწუნებთ, არამედ ვცვლით“. ფაქტობრივად, ჯუდი ჩიკაგომ პირველი ფემინისტური არტკლასები ჩაატარა და შექმნა კიდეც ფემინისტური ხელოვნების პროგრამაც და შემდგომ საუნივერსიტეტო კურსებში თუ აშშ-ის საგამოფენო დარბაზებში ფემინისტურ სახელოვნებო პროექტებსაც დაუდო დასაბამი. ხელოვნებაზე ბჭობის გარდა ეს 16 ქალიანი“ გაერთიანება იყო ერთგვარი ფსიქოთერაპიული წრეც“, სადაც ადამიანები ღიად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ერთმანეთს უსმენდნენ და ბევრ საერთოს პოულობდნენ. იმ პერიოდში საუნივერსიტეტო ფემინისტური იდეების გარშემო ფემინისტური არტგალერეები, კლუბები, ასოციაციები იქმნებოდა; ტარდებოდა სემინარები, ისახებოდა სასწავლო არტპროგრამების შემუშავებისა და განვრცობის გეგმები. 2 წლის შემდეგ არტფემინიზმის ტალღამამ კალიფორნიიდან ნიუ იორკში გადაინაცვლა, სადაც, ფაქტობრივად, ერთ ძლიერ მეინსტრიმად ჩამოყალიბდა, რომელმაც ხელოვნებაზე პატრიარქალური წარმოდგენები შეარყია და, ქალებს იმის ნათელი მაგალითი თუ როლური მოდელი აჩვენა, რომ მათაც შეუძლიათ თავინთ ნიჭი ჩრდილიდან გამოიყვანონ და ხელოვნებაში საკუთარი თვალსაზირისი გაატარონ. შეიძლება ითქვას, რომ არტფემინიზმი ომისშმდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან სახელოვნებო - სამოქალაქო აქტივიზმად გადაიქცა, რომელიც მნიშვნელოვანი გახლდათ არა მხოლოდ როგორც კულტურული ფენომენი თავისი უდაოდ რევოლუციური მიმდინარეობებით, არამედ იმითაც, რომ ქალებს უკვე სერიოზული ესთეტური, ინტელექტუალური და პოლიტიკური გავლენა ჰქონდათ როგორც სახვით ხელოვნებაზე, ასევე ზოგადად ამერიკულ კულტურაზე. ეს ის პერიოდია, როცა უნივერსიტეტების სახელოვნებო კურსებზე არტფენმინიზმის რაობის, ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ლექციები იკითხება და ქალები ერთობლივ გამოფენებს ინტენსიურად აწყობენ. 1978 წელს ჯუდი ჩიკაგო ქმნის არამომგებიან ორგანიზაციას სახელწოდებით ყვავილის მეშვეობით“, რომლის მიზანია ხელოვნების მნიშვნელობის პოპულარიზაცია და ხელოვანი ქალების მხარდაჭერა. თავის სახელოვნებო კარიერის განმავლობაში ჯუდი ჩიკაგოს არსოდეს შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა, წიგნების წერა და ისეთ ისტორიულ თემებთან დაახლოება, როგორიცაა, მაგალითად, ჰოლოკოსტი.
1974 - 1979 წლებში ჯუდი ჩიკაგომ სხვა მხატვრებთან ერთად შექმნა ფემინისტური ხელოვნების ეპოქალური მნიშვნელობის სიმბოლო, რომელიც 1 038 ქალს წარადგენს. კომპოზიციას ვახშმის წვეულება“ ეწოდა და, როგორც ამბობენ, მის შექმნაზე 250 ათასი დოლარი დაიხარჯა. სამუშაოს დასაწყისში ავტორმა მის ჩანაფიქრს 25 ქალი, რომელიც ცოცხლად შეჭამეს“ უწოდა, მოგვიანებით კი მთავარ მოქმედ გმირ ქალთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამკუთხედის ფორმად განლაგებულ 15 მეტრამდე მაგიდაზე დევს 39 ცალი საშოს ფორმის სხვადასხვა ფერისა და მოყვანილობის კერამიკული ყვავილი - თეფში, რომელსაც თან ნაქარგი სუფრა ქალის ე.წ. დროშისა და გერბის გამოსახულებით ახლავს. თითოეული თეფში - პეპელა“ მითოლოგიისა და დასავლური კულტურის წარმომადგენლის ერთ კონკრეტულ ქალთან ასოცირებული გამოხატულებაა. თავად სამკუთხა მაგიდა კი ანბანის მეცამეტე ასო M-ს ჰგავს, მაგიდის ქვეშ კი კერამოგრანიტის იატაკზე, რომელსაც მემკვიდრეობის იატაკი“ ეწოდება, იმ 999 ქალის სახელი და გვარია დაფიქსირებული, რომელიც ისტორიის ანალებმა შემოგვინახა. ხელოვნების ამ კონცეპტუალურ შედევრს ქმნიდნენ არა მარტო პროფესიონალები, არამედ მოხალისეები, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები - სულ 500 -მე ადამიანი. სხვა მხატვრებთან და მოსახლისეებთან მუშაობის დროს ჯუდი ჩიკაგოს პრინციპი გახლდათ ის, რომ ექსპოზიციის შექმნა არაიერარქიული დავქემდებარებით წარმართულიყო. ვახშმის წვეულების“ (იგი ასევე შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც საიდუმლო სერობაც“) კონცეპტია ქრისტეს უკანასკნელი ვახშმის ანალოგი, როცა საბედისწერო ღამეს სატრაპეზო“ მაგიდასთან 13 ადამიანი შეიკრიბა (ვახშმის წვეულების“ მაგიდაზე 3 -ჯერ 13 თეფშია). ექსპოზიციას თან ახლავს ბანერები, თითოეულ ქალის ვინაობის ამსახველი ტექსტები, გარკვეულწილად ფემინიზმის ისტორიის განმარტებითი ბეჭდვითი სანფორმაციო სივრცე, სტენდი და წიგნებიც, რომლებიც გამოფენას არა მხოლო ხელოვნების ნიმუშად, არამედ შემეცნებით მოვლენადაც გადააქცევს.
ვახშმის წვეულებამ“ გამოჩისათანავე ცოცხალი დებატები გამოიწვია, იგი გამბედაობისთვის, ტაბუს მოხსნისთვის და ისტორიული ნარატივის ორიგინალური გადმოცემისთვის მოეწონათ და ამავე დროს მას მწარედ აკრიტიკებდნენ მხატვრისა და სხვა შემქმნელების ცუდი გემოვნების, დაუფარავი ეგოს, კიჩის, ნახევრადპორნოგრაფიის, საკმარისზე მეტი ვაგინის გამომზეურების“ გამო და ხანმოკლე სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ უამრავი კრიტიკული გამოხმაურების მიუხედავად გამოფენამ მოგზაურობა დაიწყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, თუმცაღა რიგმა ამერიკულმა გალერეებმა უარი თქვა ვახშმის წვეულების“ მასპინძლობაზე. ექსპოზიციამ სამი კონტინენტი მოიარა და დღეისათვის ბრუკლინის მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენას წარმოადგენს. 2007 წელს ვახშმის წვეულებამ“ მუზეუმის ელიზაბეთ ა. სეკლერის ფემინისტური არტის ცენტრში დაიდო ბინა და ერთგვარად ქალთა ხელოვნებისა თუ ხელოვნებაში ქალთა თვალთახედვის ინსტიტუციონალიზაციის სიმბოლოდაც გადაიქცა.
მაგიდაზე მოცემულ თითოეულ თეფშს უნიკალური ნაქარგი ინდივიდუალური მართკუთხა სუფრა, დასადები ფირფიტა, დანა, კოვზი, ჩანგალი, სასასმისე თასი, ხელსახოცი ახლავს. სამკუთხა მაგიდის ერთი ფრთაზე წარმოდგენილია წინაისტორიული პერსონაჟები ვიდრე რომის იმპერიამდე (პირველყოფილი ქალღმერთი, ნაყოფიერების ქალღმერთი, სოფია, ამაზონი, საფო და სხვა), მეორეზე - ქრისტიანიბიდან ვიდრე რეფორმაციამდე (მარსელა, წმინდა ბრიგიტა, თეოდორა, ქრისტინე დე პიზანი, იზაბელა დესტი და სხვა) და მესამეზე - ამერიკიდან ვიდრე ქალთა რევოლუციამდე (ანა ჰატჩინსონი, მერი უოლსტოუნკრაფტი, ემილი დიკინსონი, მარგარეტ სანგერი, ჯორჯია ოკიფი და სხვა). იატაკზე კი: ანტიგონე, ოლიმპია, ლუკრეცია, მარია მაგდალინელი, არაგონის იოლანდა, ფლავია ჯულია ჰელენა, ჯულიანა ბერნერსი, გერტრუდა სტეინი, ჰარიეტ თუბმენი, სარა სიდონსი, კაროლინ პიჩლერი, მარია ბოივინი, ვიტორია კოლონა, ელეონორა რუზველტი, ნადეჟდა კრუპსკაია, რეიჩელ კატზნელსონ-შაზარი, სოფია დრინკერი, რინე ვივიენი, რებეკა ვესტი, როზა ლუქსემბურგი, ელენე ბლავაცკაია და სხვა.
ვახშმის წვეულების“ ჩანაფიქრის მთავარი გზავნილი გახლდათ მოწვეული სტუმრების“ თანასწორობისა და მნიშვნელობის ხაზგასმა. ამავე დროს იგი უპირველესად საიდუმლო სერობის“ რეინტერპრეტაციაა და, მეორეს მხრივ, ქალთა ტრადიციული უნარ-ჩვევის - საკერავი ნემსით ოპერირების (როგორც ქალის ცხოვრებისა და მიღწევის აღწერის საშუალების) ხაზგასმა. ჯუდი ჩიკაგო ამბობს, რომ ვახშმის წვეულება“ ევქარისტიის მეტაფორას იყენებს და საინეტერსოა ის, თუ როგორ მოძრაობს აუდიოტრია ამ ქალების - გნებავთ მოქიცულების - გარეშემო, რომლებიც თავისი ცხოვრებითა და შრომით ქალებს ემსახურებოდნენ. დარბაზში გამოფენის დამთვალიერებლები უერთდებიან ქალთა ამ მემკვიდრეობას, ამავე დროს გრძნობენ სევდას, რაც ახლავს იმის გაცნობიერებას, რომ ქალთა ეს საგანძური დიდი ხნის განმავლობაში იყო დამალული, დანაწევრებული და უარყოფილი“. ვახშმის წვეულება“ ვიზუალურად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში ქალთა მონაწილებისთვის ისტორიულ ბრძოლას გამოხატავს და მისი მიზანია დასრულდეს უმოქმედობის მიმდინარე ციკლი. გაგებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის პროცესი თაობიდან თაობაში გადადის და თუ ისინი (ქალები) იმარჯვებენ, მათ ამ მიღწევას ძალიან ხშირად მალევე ივიწყებენ და ანადგურებენ“.
არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აშშ-ისა და ევროპის დიდ მუდმივ კოლექციებში ქალი მხატვრები მხოლოდ 3-5 პროცენტით არიან წარმოდგენილნი. ეს შემაშფოთებელია, - ამბობს ჯუდი ჩიკაგო. - ჩვენს ინსტიტუციებშიც ქალები მამაკაცების სასწავლო კურსის დამატება არიან“. ვახშმის წვეულების“ ავტორმა, რომელიც თავადვე ლამის 30 წელი ეძებდა ბინას 1 038 ქალისთვის“ კი ასე გაიხსენა მისი პირადი გამოცილება თუ როგორ ძლევდა შინაგან და გარეგან ბარიერებს. უპირველესად მას ძალიან უნდოდა ხელოვნება შეექმნა, ხოლო როცა გრძნობდა, რომ იგნორირებული იყო და მისი არავის ესმოდა, არტფემინისტი იხსენებდა, თუ რა გამოიარეს მისმა წინაპარმა ქალებმა იმისთვის, რომ ჯუდი ჩიკაგოს ის პირობები ჰქონოდა, რაც მას დღეს აქვს და კიდევ: ვიხსენებდი ელიზაბეთ ბლექმორს - აშშ-ში პირველ ქალს, რომელმაც სამედიცინო ხარისხი მიიღო. მას არ ელაპარაკებოდნენ, ქუჩაში აფურთხებდნენ და მე ვფიქრობდი - თუ მას შეეძლი ამის გაკეთება, მეც შემიძლია“.
24 საათი 07.08.13
Labels:
ხელოვნება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment