Wednesday, August 28, 2013

ტანსაცმელი, როგორც კომფორტული თავხედობა


ნიუ იორკი, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე თავხედი და თავგასული ქალაქია. ვგულისხმობ მისი ჩაცმის მანერას. როგორ, რანაირად, რატომ და რა მასალისგან აცვიათ ასე და არა სხვაგვარად, ვერასოდეს გაიგებ და არც უნდა ეცადო. უბრალოდ, საკუთარ ტვინსა და თვალს იმაში უნდა მიენდო, რომ ორგანიზმის ეს „ნაწილები“ მხედველობით ჰალუცინაციებს მუხანათურად არ „გიწყობენ“ და რომ აქ ესთეტიკური და ვულგარული ერთმანეთში ისევე სინთეზურ – რუტინულადაა არეული, როგორც – ცხოვრების პროზა და პოეზია. არცაა საჭირო რაიმე სპეციფიკური ალგორითმი ეძებო შავი გრძელი ლაბადისა და „ნაიკის“ დიდ, თეთრ, სხვადასხვა ფერის ზოლებიანი „სნიკერსების“ (ბოტასები); სპეციალურად დაფხრეწილი შავი კოლგოტების, თეთრი დაჭმუჭნული მაისურისა და მწვანე ჯინსის ჟაკეტის; თეთრ შარვალ–პერანგ–კოსტუმ–ფეხსაცმელზე მელიის უსაშველოდ გრძელი ლაბადისა და თავზე სომბრეროს მსგავსი, მაგრამ მაინც გაურკვევლი ფორმის ქუდის; ანდა ინდური ქაშმირის დიდი კაშნესა და ჯინსის, ქვევითკენ ჩავარდნილი შარვლის ურთიერთშეხამებაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა მამაკაცებზე შარვლის უბე მუხლებს შორისაა, წვივებზე შარვალი „გარმონივით“ ზის, ფეხსაცმლები ვენეციურ გონდოლებს ჰგავს, ხოლო „ნიჩბები“ გრძელი, ქუჩაში მოფორთხიალე ოდესღაც თეთრი, მაგრამ ახლა ჭუჭყის ფერის თასმებია, ხოლო ლურჯკოპლებიანი საცვალი მთელი თავისი სიმშვენიერით წარსდგება.



ალგორითმის არარსებობა განსაკუთრებით ზამთარშია შესამჩნევი. მაგალითად, როდესაც ნიუ იორკულ ძვლებისდამმსხვრევ საშინელ სუსხსა და ქარში ხელოვნური ნარინჯისფერი ბეწვეულის, მოკლე გაბურძგნული ქურქის ქვევით შავი შორტები აცვიათ, ანდა თავზე სამსართულიანი ნაქსოვი ქუდი და ზემოდან კაპიუშონია წამოხურული, „დუტის“ მოკლე ლაბადიდან კი ძალიან მოკლე ქვედაწელი და შიშველი (არ ვხუმრობ, უკოლგოტო) ფეხები ჩანს, თან მაკქუინის სტილის პლატფორმებიან ფეხსაცმელებზე ამხედრებული... ტანსაცმლის ამდაგვარი „დომხალი“ არც ბრაზილიური კარნავალია და არც ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი ეთნიკურ–რელიგიური კოსტუმების ქუჩის დეფილეები. მგონი, ეს არც ორიგინალობა, არც უზომო თავისუფლება და არც სტერეოტიპების ნგრევაა. ეს აქაური „ცინიკური“ სტილია, გემოვნებასა თუ ჰარმონიულობის განცდაზე არც ისე მსუბუქი დაცინვა, მატერიალური ანარქია, რომელიც, თავისი ეგზოტიკურობის მიუხედავად, პირადად ჩემი აღქმისთვის უფრო მეტად გამომწვვეი ვულგარულობისა და უგემოვნობის მანიფესტაციაა, ვიდრე რაიმე სახის კონვენციის დარღვევა, ანდა მოდაში დამკვიდრებული ნატიფი სტილისადმი პროტესტი. არადა Vulgaris - მასებისთვის ხელმისაწვდომს ნიშნავს. ეს არის დისკომფორტის კულტი თავისი ხმამაღალი განაცხადით: შემომხედეთ, თუ როგორი მაზოხიზმნარევი დისკომფორტის ატანა შემიძლია! უდავოდ, ტანსაცმელი პოლიტიკური, სექსუალური, სოციალური, კულტურული, სუბკულტურული, გნებავთ, ეკოლოგიური კოდია და ამ კოდების წაკითხვაც და ყურადღების არმიქცევაც შეძლებისდაგვარად ვისწავლე... თუმცა აქვე ვაღიარებ, რომ მოდის ამბავში საშუალო სიმძაფრის კონსერვატორი ვარ და ვთვლი, რომ ტანსაცმელი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, უფრო კომფორტთანაა ასოცირებული, ვიდრე ტანსაცმელთან დაკავშირებულ ტერფის, წვივის, წელის, თავის ტკივილთან და ტრავმებთან. ბუნებრივია, აქ საცალო და პრეტ – ა – პორტეს შედევრებს არ ვგულისხმობ. რადგანაც ერთია პოდიუმზე ზღვის დონიდან 23– სანტიმეტრიანი პლატფორმებით სიარული და მეორე – ხალხმრავალ მანჰეტენზე, ძალიან დიდ მანძილებზე, თუნდაც სატრანსპორტო საშუალებებით, ამოდენა ქუსლებიანი ფეხსაცმლით აქეთ–იქეთ „მარშირება“ და თანამგრძნობად შეწუხებულმზერიან გამვლელებზე ზემოდან გადმოხედვა. არაა გამორიცხული, ამგვარ ქუსლებზე მოსიარულე ადამიანმა წონასწორობა ვერ დაიცვას და ზემოდან დაგეცეს. ორჯერ ვნახე ამ ქუსლების მსხვერპლი, რომელსაც 10 გამვლელი აყენებდა და ვერ ააყენა. მენდეთ, ვიცი, რაზეც ვსაუბრობ...

ისტორიულად ნებისმიერ ეპოქაში ტანსაცმლის ელეგანტურობისა და სტილის განცდა სხეულის მოძრაობის ამპლიტუდასთან იყო დაკავშირებული. ტანსაცმელი თავისთავად გარკვეული ტიპის ჟესტების რაოდენობის დაშვებას, სანქცირებას გულისხმობს. იგი ერთგვარი პოლიტიკური უფლებაცაა. ცნობილია, რომ XX საუკუნის 20 – იან წლებში კოკო შანელი მამაკაც–კუტიურიებს უმტკიცებდა, რომ ქალის პერანგები ისე უნდა შეიკეროს, რომ ქალს ხელების ზევით აწევის საშუალება მიეცეს. ერთი სიტყვით, ტანსაცმელი თავისებური დოკუმენტური მასალაა, ერთგვარი სოციალური სტატუსი, სიტუაციურად ადამიანის ინტერიერ–ექსტერიერის წიგნი, რომელიც მისი მფლობელის ეგოცენტრიზმის ხარისხსა და ქცევის კოდს განსაზღვრავს და ამაში, ბუნებრივია, დრეს–კოდიც იგულისხმება.



ნიუ იორკში არის ადგილი, სადაც, განა მხოლოდ ქვეყნის ტანსაცმლის ისტორიას, არამედ ყველაზე შინაარსიან–ვიზუალურად, თანაც გენდერული შტრიხებით, შესაძლებელია არა მხოლოდ „რალფ ლორენისა“ და „კრისტიან დიორის“ ამერიკულ ნიუანსებს ჩააკვირდე, არამედ ეპოქის მოდუსსა და ისტორიული ფორმაციის ხატებიც ამოიკითხო. ეს არის მოდის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Fashion Institute of Technology), სადაც 50 000 – ზე მეტი უნიკალური ექსპონატია დაცული, გამოფენილი და რომელიც თავის საცავებში XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილ იმ ტანსაცმელს ინახავს, რომელიც, ასე თუ ისე, ქვეყნის პოლიტიკურ–კულტურულ ცოხვრებას აღწერს. ინსტიტუტის ბაზაზე არსებობს „მოდისა და ტექსტილის ისტორიის გალერეა“, რომელიც ხშირად გვიანობამდეა ღია. აქ ექსპოზიცია წელიწადში რამდენჯერმე იცვლება. მაგალითად, ორი წლის წინათ „მოდის ინსტიტუტმა“ თავის გალერეაში ძალიან საინტერესო გამოფენა მოაწყო, რომლის სახელწოდება გახლდათ „მოდა და პოლიტიკა“. გალერეის დარბაზში გამოიფინა ბოლო 200 წლის განმავლობაში იდეოლოგიზირებული ტანსაცმლის ნიმუშები. ექსპოზიცია გახლდათ ერთგვარი ამერიკული ნაციონალიზმის, პოლიტიკური პრეფერენციებისა და ფემინისტური მოძრაობის „პრეს–რელიზი“. მაგალითად, 1889 წელს, ასევე მეორე მსოფლიო ომის, ცივი ანდა „კოსმიური“ ომების დროს შეკერილი კაბები, რომლებიც აშშ–ის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი; ანდა 2001 –ის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პოპულარულ პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სამოსი, ანდა 2008– ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეკერილი ჟაკეტები თუ კოსტუმები. დროშის ფერებიანი კაბებისა და ლაბადების გვერდით „პოლიტიკური“ ფეხსაცმელებიცაა: მაგალითად, წინა საუკუნის 40 –იანებში შეკერილი „შპილკებიანი“ ფეხსაცმელი ზედ დატანილი მეტალის ვარსკვალვებითურთ. 1960 – იანების სექსუალური რევოლუციის მოახლოება კი პიერ კარდენის, ანდრე ქოურიჯის, რუდი ჯენრეინჩის მოდელებში იგრძნობა. სტივენ სფროუსეს ტექსტილის ფაქტურად ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია რომ დავინახე, უნებლიეთ იგივე დღეში ჩვენი დამოუკიდებლობის აქტი წარმოვიდგინე; კიდევ– კაბებსა და შარვლებზე საქართველოს გუშინდელი და დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია–ოპოზიციის ლიდერები და უნებლიეთ გამეცინა. საქართველოში, ფაქტობრივად, არ შეუქმნიათ (ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლობის პერიოდში) საყოველდღეო პოლიტიკური, მით უმეტეს, „შირპატრების“ ტიპის ტანსაცმელი, თუ არ ჩავთვლით ჯვრებით მოხატულ–ნაქარგ ფაქტურებს (მაისურებზე დატანილი პორტრეტები, წარწერები და ნაციონალური ბალეტის კოსტუმები აქ არ მოიაზრება). ჰო, კიდევ 1995 წელს ვივიენ თამმა შექმნა ასევე პოლიტიკური ტანსაცმლის სერია სახელწოდებით „მაო“, რომლის კონცეპტუალურ თემად და „გასამხედროებული“ კოსტუმის ფაქტურად მაო ძე დუნის პორტრეტები გამოსახა. სხვათა შორის, პირველი აფრო–ამერიკელი პრეზიდენტის არჩევამ პოლიტიკურ მოდას ახალი სული შთაბერა. წინასაარჩევნო პერიოდშიც ამგვარი გარემოება პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყო გამოყენებული. დღეისათვის ტანსაცმელს, როგორც პოლიტიკურ მესიჯს, მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები, სოციალურად აქტუალურ პრობლემებზე კონცენტრირებული კონცეპტუალისტი დიზაინერები და სტილისტები იყენებენ.



მართალი გითხრათ, თუ კომფორტია, ნამდვილი კომფორტი იყოს და ამიტომაც „მოდის ინსტიტუტში“ გამოფენილი ექსპონატების რიგში ყველაზე „დემოკრატიულ–ლიბეარლურად“ სპორტული ტანსაცმლის ხაზი მივიჩნიე, რომლის გამოფენა „მოდისა და ტექსტილის ისტორიის გალერეაში“ ამას წინათ დასრულდა. ყველაზე თავისუფლად იმიტომ, რომ სპორტული ტანსაცმელი თავისი მოწოდებით ძალიან მოსახერხებელი, კომფორტულ– ანტიდისკომფორტულია, მინიმალისტურია და არაა თავხედი. გამოფენას „სპორტული ცხოვრება“ ეწოდებოდა, სადაც გაეცნობოდით როგორც ქალის XVIII საუკუნის დროინდელ ტანსაცმელს, ასევე თანამედროვე სასპორტო ტანსაცმლის ტენდენციებს, მათ შორის, ძველ და ახალ საცურაო, სათხილამური, საიალქნო, საველოსპორტო, საგოლფო, საჩოგბურთო სასპორტო კოსტუმებს. XIX სუკუნეში, როცა ქალებს ველოსიპედზე სეირნობის „ნება მიეცათ“, მათთვის შარვლიანი კომბინიზონი შეიქმნა. თავის კოლექციებში სპორტულ ხაზებს ქმნიდნენ: კლერ მაკქარდერი, ნორმა კამალი, ბალანსიაგა, კრისტიან ლაკრუა, გუჩი, ვალენტინო, ივ სენ ლორანი, ჟან პოლ გოტიე, იზაბელ ტოლედო...

XIX საუკუნეში ქალების გრაციისა და ჯანმრთლების გასამაგრებლად მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების რეკომენდაციები გაჩნდა და მასთან ერთად სასპორტო კოსტუმები ქალებისთვის, რომლის ჩაცმა მათ სატრენაჟორო დარბაზებში შეეძლოთ. უფრო ადრე კი ქალებისთვის შეიქმნა ცხენზე სეირნობისთვის კომფორტული ტანსაცმელი – შარვალი და მუქი ტვიდის ლაბადები, რომლებსაც, ბუნებრივია, მდიდარი სოციალური კლასის წარმომადგენლები იცვამდნენ. ტვიდი და შალი სასპორტო ტანსაცმლიდან გაქრა და გაჩნდა ხელოვნური მასალისგან – ნეილონისგან, სპანდექსისგან– დამზადებული სამოსი, რომელიც, ჩემი აზრით, სულაც არაა ჯანმრთელი, მაგრამ, ალბათ, მაქსიმალურ სასპორტო ეფექტზეა გათვლილი. მაგალითად, საცურაო სპორტში. ასევე, ფეხბურთში, ბეისბოლსა და საავტომობილო სპორტში. განსაკუთრებული ელეგენტურობით დონა კარანის სასპორტო ხაზი გამოირჩევა. იგი სპორტული სტილის „ქალი – ინსაიდერია“...

იმ დღეს მოდის ინსტიტუტის გელერეაში „სპორტული ცხოვრების“ შემდეგ ქვედა სართულში განთავსებული დაფნა გინესის 100–ზე მეტი კოსტუმისა და აქსესუარის ხილვა, ფაქტობრივად, გვარიანი კონტრასტული შხაპი აღმოჩნდა. გინესის კაბების გარდა აქ იხილვდით ალექსანდრე მაკქუინის, შანელის, ტომ ფორდის, ჟივანშის ბრენდებს. . . თანაც, ოდნავ ჩაბნელებულ დარბაზში, სადაც დიდ ეკრანზე გინესის მიერ ალექსანდრე მაკქუინისადმი მიძღვნილი



ვიდეორგოლი–„ქალი თეთრი გველის ლეგენდა“ გაუთავებლად ტრიალებდა. დაფნა გინესი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერი, ტანსაცმლის კოლექციონერი, მოდელი და პროდიუსერია. თავისი ზღვრული გლამურით, მდიდრული აქსესუარებით, ფუფუნების საგნებითა და, ცოტა არ იყოს, მოყირჭებამდე ბრჭყვიალა სტილით. ამავე დროს, იგი ცნობილი ქველმოქმედია და აუქციონზე დაუნანებლად ჰყიდის თავის კოლექციას. აკი ითვლება კიდეც მსოფლიოში ყველაზე სტილიზირებულ ქალად. ენდი უორჰოლის გერმოცვაში გაზრდილი, წარმოშობით ირლანდიელი გინესი დასასვენებლად სალვადორ დალის სახლში მიემგზავრებოდა ხოლმე... „მოდის ინსტიტუტში“ გინესის გამოფენაზე მრავლად იყო მისი აქსესუარები, მაგრამ არ იყო დაფნას ჩანაფიქრით შექმნილი, 5 ათასი ბრლიანტით (18 კარატი) ინკრუსტირებული ხელთათმანი, რომელიც მისი ხელზეა მორგებული. იგი, მგონი, სხვა გალერეაშია და იშვიათად მოგზაურობს.

ქალაქის ქუჩაში გავედი და კარნავალური ირონიის ხასიათზე დავდექი. კვლავ დამხვდა ნიუ იორკული სხვადასხვა ფერის, გემოვნების ქამელეონური სითავხედე, რომელსაც ერთი რამ აერთიანებს – ჯინსები... ჯინსები, როგორც სოციალური „თანასწორობის“ მეტაფიზიკა, რომელიც პოდიუმსაც უძლებს და ქალაქის ჭუჭყსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, დიქტატურებსაც და რევოლუციებსაც, ხალისსაც და დეპრესიასაც... სახლში კი, როგორც კი დავბრუნდი, ტელევიზიით ასეთ გაუგონარ თავხედობას ტრანსლირებდნენ: ამერიკელი, ფრანგი და იტალიელი ნანოტექნოლოგები ქმნიან მაისურებს, რომელიც ბამბის ქსოვილის ნაცვლად კომპიუტერული მატრიცის ქსოვილიგან „შეიკერება“. ანუ ქმნიან კომპიუტერების ახალი თაობას – მაისურებს. თუ მსუბუქი იქნება და ჯანმრთელობას არ ავნო, კომფორტულიც უნდა იყოს. გადავრჩებით ამ ლეპტოპების აქეთ – იქეთ თრაქვას. მაგრამ როგორ უნდა დაიტენოს? ზამთარისთვის კი შალის მსგავს თბილ მაისურად მოქსოვენ? ერთი სიტყვით, აი, მესმის თავხედობა...

01.18.2013
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment