სანამ ოთხ ივნისს ნიუ იორკში გაეროს სხდომაზე ე.წ. “დევნილთა რეზოლუცია” ( A/73/L.89 ) კენჭისყრაზე დადგებოდა, რამდენიმე დღით ადრე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი სალომე იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში თემაზე “სამოქალაქო პირების დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს”. თავის განცხადებაში საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა იმის შესახებ, რომ 20 წელი სრულდება უშიშროების საბჭოს მიერ შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ პირველი ღია დებატის ჩატარებისა და 1265 (1999) რეზოლუციის მიღებიდან. თუმცა, 20 წლის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობა ისევაა შეიარაღებული კონფლიქტების, სამედიცინო და ჰუმანიტარულ პერსონალზე თავდასხმების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ასევე, სქესობრივი ნიშნით ძალადობის მსხვერპლი. განსაკუთრებით დაუცველები არიან ქალები, ბავშვები და იძულებით გადაადგილებული პირები. მან ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით; ასევე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალის მხრიდან თანამშრომლობაზე უარი აფერხებს სამშვიდობო პროცესს, პროგრესსა და დამნაშავეთა დაუსჯელობას წაახალისებს. საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელების გათვალისწინებით, საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს მტკიცე და მკაფიო შეფასება მისცენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების არდაშვების გამო რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრონ. როგორც სალომე იმნაძემ განაცხადა, გასული წლების მანძილზე ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები არის ძალზედ შემაშფოთებელი და, სამწუხაროდ, წლევანდელი წელიც გამონაკლისი არაა. “სულ ცოტა ხნის წინ დაიღუპა ქართველი იძულებით გადაადგილებული პირი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.” – აღნიშნა მან.
ია მერკვილაძის ფოტო
სხდომაზე, რომელიც გენასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, სან მარინოს ელჩს, დამიანო ბელეფის მიჰყავდა, გამომსვლელებმა “დევნილთა რეზოლუციის” განხილვისას სწორედ სალომე იმნაძის მიერ გაკეთებულ მოსხენებაში მოყვანილი ფაქტები აღნიშნეს. ლიტვის (ამ ქვეყნის წარმომადგენლმა ცხინვალის რეგიონში დანიშნული არჩევნების არალეგიტიმურობაც აღნიშნა, თუმცა, როგორც წესი, გაეროში არჩევნების თემა არ განიხილება), უკრაინის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ–ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, გატაცებებზე, მშობლიური ენი შესწავლის აკრძალვაზე, საკუთრების უფლების ხელყოფაზე, მავთულხლართების გავლებაზე და რუსეთს მოუწოდეს შეასრულოს 2008 –ში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მიღებული გადაწყვიტილებები და დაუბრუნდეს საერთაშორისო ნორმებს, რომელიც განისაზღვრა გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს მანდატებით.
გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა კახა იმნაძემ თავისი სიტყვა ასე დაიწყო: “მე აქ ვდგავარ, რომ თქვენამდე მოვაწვდინო ჩემი ქვეყნიდან 400 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანის ხმა. გარდა ამისა, აქ იმისთვის ვარ, რომ იმათი ხმები გაგაგონოთ, ვინც სირიიდან, ვენესუელიდან და მნიამნიდანაა დევნილი. ქართული ხმები არ განსხვავდება იმ 70 მილიონისგან, ვინც დევნილია მთელს მსოფლიოში. თუ მიზეზი დევნილობის შეიძლება იყოს განსხვავებული, ადამიანური ტანჯვა იგივე რჩება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა. ყოველ წელს ჩვენ მოწმენი ვართ მავთულხლართებისა და ე.წ. “საზღვრის” ნიშნების დაყენების, რომელიც სოფლებსა და ეზოებს ყოფს. ამ ნიშნებმა საშინელ ციფრებს მიაღწია, მეტი ვიდრე 49 კმ. სიგრძე აფხაზეთში და 52 კმ. ცხინვალის რეგიონში, რაც დაგმობილია გენერალური მდივნის მიერ მისსავე ბოლო ანგარიშში.
ძალიან მტკივნეულია, როცა კითხულობ გენერალური მდივნის ანგარიშში “ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას” – იმ დევნილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ოკუპაციური სახელმწიფოს რეჟიმს შეეწირნენ. ამგვარი ამბები ძალიან ხშირია და ძალიან ბევრია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია. ყოველ წელს მე ახალი მსხვერპლის სახელს იმ იმედით ვასახელებ, რომ ეს იქნება უკანსაკნელი, მაგრამ ეს სია არასოდეს წყდება, არამედ იზრდება. შემთხვევითი არაა, რომ “აფრიკის სერიული შეხვედრები დიალოგისთვის”, რომელიც გაეროს მიერ ერთი კვირის წინ ჩატარდა, იძულიებითი გადაადგილება ყოვლისმომცველ და პრიორიტეტულ თემად აღინიშნა. ახლა დადგა დრო ჩვენთვის, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის პრინციპებისადმი ერთგულება აჩვენოს და გამოავლინოს ჩვენი ერთობლივი სწრაფვა მყარი მშვიდობისაკენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იძულებითი გადაადგილების ათასობით მსხვერპლისადმი იმედის გზავნილების გაგზავნა”.
გაეროში რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლა იყო ძალიან მოკლე. მან თქვა, რომ საქართველო ცდილობს საკითხის პოლიტიზირებას, ჰუმანიტარული საკითხებით მანიპულირებას და გაეროს წევრი ქვეყნის ელჩებს მიმართა ქართველი დევნილების დაბრუნებას მხარი არ დაუჭირონ, ხოლო საქართველოს მოუწოდა “გააკეთოს დასკვნები”.
კენჭისყრის შედეგები კი ასეთია: 79 მომხრე, 15 წინააღმდეგი, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.
ია მერკვილაძის ფოტო
გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წელს რეზოლუციის თანაავტორად 44 ქვეყანა გამოვიდა. “ეს ჩვეულებრივ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ამ რეზოლუციაში აღნიშნულ საკითხებსა და დევნილების არსებობის პრობლემას ეს ქვეყნები თავის პრობლემად აღიქვამენ. “დევნილთა რეზოლუციის” განხილვის თარიღის გამოცხადებისთანავე სპეციალურ პორტალზე 35 ქვეყანამ დააფიქსირა თავისი თანავატორობის სურვილი, დანარჩენებმა კი – თავად კენჭისყრის დღესა და კენჭისყრამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მაგალითად, პაპუა ახალმა გვინეამ. მოწინააღდეგეებს სომხეთი და ფილიპინები გამოაკლდა, მაგრამ დაემატა კომოროსი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ კომოროსში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა. ძალიან ხშირად, ამგვარი დინამიკა სწორედ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ სტაიბილურობა/არასტაბულორბის შედეგია. მომხრეთა რიგს გამოაკლდა საუდის არაბეთი. რეზოლუციის თანაავტორთა ამგვარი რაოდენობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი ერთგვარი სტაბილურობის მაჩვენებელიცაა. ფაქტობრივად, ის ქვეყნები, ვინც რეზოლუციის თანაავტორნი არიან, მერე კენჭისყრაზე მოწინააღმდეგეთა ანდა თავშეკავებულთა რიცხვში არ გადადიან. მომხრეთა რიგებს ერთი წლის მერე დაუბრუნდა პანამა, ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა სინგაპური დაგვემატა. ლიბერიისა და ანტიგუას წარმომადგენელები კი ფიზიკურად არ იყვნენ ქალაქში, შესაბამისად მათი მომხრეთა სიაში არყოფნა უბრალოდ ტექნიკური საკითხი გახლდათ. რაც შეეხება სომხეთის მოწინააღმდეგეთა სიაში არყოფნას, აღვნიშნავ, რომ ეს როგორც ქართული დიპლომატიის, საგარეო უწყებისა და მისი ხელმძღვანელობის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგია, ასევე – ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის. გაეროში ნორმალური პრაქტიკაა, როცა ქვეყნების პოზიციები გარკეული ამპლიტუდით იცვლება ხოლმე. რეზოლუციის მომხრეთა მოძიება დიპლომატიური ბრძოლაა და იგი ხშირად დამოკიდებულია იმ მომენტში პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელზეც ჩვენ გავლენას ვერანაირად მოვახდენთ”.
***
გაეროში აშშ –ის მისიის შენობაზე უკვე რამდენიმე დღეა ტიანანმინის მოვლენების აღმნიშვნელი დიდი ბანერია გამოკრული. პეკინში სამხედრო ძალების მიერ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევიდან 30 წელი გავიდა. გაეროში აშშ–ის წარმომადგენელმა მამაკაცმა, რომელსაც მკერდზე თეთრი ლენტი (ქალთა მიმართ ძალადობის აღმომფხვრის კამპანიის სიმბოლო) ჰქონდა დაბნეული, ტრიბუნა ტიანანმინის მოვლენების შეხსენებისთვის გამოიყენა, რაზეც ჩინეთის ელჩმა უპასუხა, რომ “აშშ ამგვარი დამოკიდებულების გამო შეიძლება საერთაშორისო არენაზე დაცინვის ობიექტი გახდეს”.
05.06.2019
NETGAZETI,GE
No comments:
Post a Comment