Tuesday, August 6, 2019
სენსაცია “კარნეგი ჰოლში” – შვიდი გამარჯვებული საქართველოდან
ამა წლის იანვარ – თებერვალში საქართველოს მასშტაბით აშშ–ში მოღვაწე ორგანიზაციამ “გზა – მომავალი თაობა” შესარჩევი ტური ჩაატარა. ახალგაზრდა არტისტები ნიუ იორკში, “კარნეგი ჰოლში” დაგეგმილი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსისთვის, “ამერიკელი პროტეჟესთვის” (American Protege) შეარჩიეს. ტური თბილისში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში სამ განყოფილებაში ჩატარდა – ფორტეპიანო, სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტები.
2018 წელს ამერიკაში მოღვაწე პიანისტმა და პედაგოგმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა და არაერთი კონკურსის ჟიურის წევრმა მერაბ ებრალიძემ ორგანიზაცია – “გზა – მომავალი თაობა” დაარსა. როგორც მაესტრო ამბობს, ორგანიზაციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა; მათთვის მსოფლიო სცენებისკენ გზის გაკვალვა, როგორც აშშ–ში, ასევე ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ამ ეტაპზე ორგანიზაციის მისიაა ამერიკაში ქართული საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია; ცხადია, იმის ჩვენებაც, თუ ტრადიციულად როგორი მდიდარია ქართული სამუსიკო სკოლა და შესაბამისად, იმ რეალობის ხაზგასმაც, რომ ახალგაზრდა თაობა ამ საამაყო მემკვიდრეობის მაქსიმალურ რეალიზაციასა და სკოლის სიძლიერის ჩვენებას ისევე გააგრძელებს, როგორადაც ამას აკეთებენ ელისო ვირსალაძე, მარინა მდივანი, ლექსო თორაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ალექსანდრე კორსანტია და სხვები.
„შესარჩევი ტურის მიმდინარეობისას 50 კონკურსანტიდან გამოვყავით ხუთი საუკეთესო, რომლებიც სრული დაფინანსებით აშშ–ში “კარნეგი ჰოლის” კონკურსისთვის ჩამოვიდნენ”, – ამბობს მერაბ ებრალიძე, – “ესენი არიან ლიზი ბასილაძე (15 წლის, ფორტეპიანო, ქუთაისი), გვანცა ბუცხრიკიძე (17 წლის, ვიოლინო, ქუთაისი), მარიტა პატარაია (19 წლის, კლარნეტი, თბილისი), სენდი ვართანოვა (21 წლის, ვიოლინო, თბილისი), ლილე ემნაძე (21 წლის, ფორტეპიანო, თბილისი). კონკურსზე ასევე საქართველოდან მონაწილეობას იღებდა საბა სალაღიშვილი (20 წლის, ფორტეპიანო, თბილისი) და ამერიკაში მცხოვრები ნუკა მჭედელაძე (18 წლის, ფორტეპიანო, ნიუ იორკი), რომელიც ჩემი მოსწავლეა. „გზა – მომავალმა თაობამ” წელს ამ პირველი პროექტისთვის სპეციალურად მოიწვია ბრწყინვალე პიანისტი, თბილისის კონსერვატორიის წამყვანი თანამშრომელი, მაღალპროფესიული კონცერტმაისტერი მარინა ღურჭუმელია. ქართველი მუსიკოსების კონცერტები ჩატარდა ისეთ პრესტიჟულ არტსივრცეებში, როგორიცაა “კარნეგი ჰოლი”, “მერკინ ჰოლი”, “ბარუხ კოლეჯის არტცენტრი” (ენგელმანის საკონცერტო დარბაზი) და “ოპერა ამერიკა”.
აფიშა
რა იყო ორგანიზაციის შექმნის მთავარი მოტივაცია?
საბჭოთა კავშირის დროს ქართული საშემსრულებლო ხელოვნება თუ გადიოდა საზღვარგარეთ, მას რუსულ ან საბჭოურ ხელოვნებად მიიჩნევდნენ. სიტუაცია შეიცვალა და დადგა დრო, როცა ჩვენ სწორედ ახალგაზრდა თაობას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მან არა მარტო თავისი ნიჭიერება გამოავლინოს, არამედ ქართული საფორტეპიანო თუ სხვა სკოლებიც ისე წარმოაჩინოს, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი, გლობალური სავიზიტო ბარათი. ჩემი ორგანიზაცია ამის საშუალებას იძლევა. როცა 2015–2017-ში, ნიუ იორკში, გერშვინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში ვიყავი მიწვეული, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ შემექმნა სტრუქტურა, რომელიც თავის ძალისხმევასა და სპონსორების მობილიზაციას ამერიკის არტსაკონკურსო ცხოვრებაში ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდების ჩართულობისკენ მიმართავდა. წელს “კარნეგი ჰოლში” შვიდი ქართველი მუსიკოსი წარსდგა. აქედან ოთხმა – პირველი პრემია, ერთმა – მეორე და ორმა – მესამე პრემია დაიმსახურა. ეს გახლდათ “კარნეგი ჰოლის” ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთ პრესტიჟულ კონკურსში შვიდმა ქართველმა სტუდენტმა მონაწილეობაც მიიღო და საპრიზო ადგილებიც დაიკავა.
დაჯილდოვების ცერემონია “კარნეგი ჰოლში”
კონკურსანტები თქვენი შერჩეულია. როგორ დაახასიათებდით მათ?
მარიტა პატარაია (პედაგოგი დ. ჯიშკარიანი), რომელიც “კაცურ ინსტრუმენტზე”, კლარნეტზე ექვსი წლის ასაკიდან უკრავს, თბილისის ნიჭიერთა ათწლედის კურსდამთავრებულია, სწავლობს კონსერვატორიაში. “ამერიკელ პროტეჟეზე” მან პირველი პრემია და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. იგი არის განსაკუთრებული სტუდენტი, მრავალი საერთაშორისო/ რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული და “გრან პრის” მფლობელიც. აღნიშვნის ღირსია არა მარტო მისი მუსიკალურობა, არამედ, ცხადია, ჩასაბერი ინსტრუმენტის ვირტუოზულ დონეზე ფლობაც. “კარნეგი ჰოლში” გამარჯვება არ იყო მარიტას პირველი ამერიკული გამარჯვება. მან ორი წლის წინ გერშვინის კონკურსზე მესამე ადგილი აიღო.
ქართველი მონაწილის დაჯილდოვება “კარნეგი ჰოლში”
გამარჯვებულები ბარუხ კოლეჯის არტცენტრში
პირველი პრემიის მფლობელი სენდი ვართანოვა თბილისის კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია (პედაგოგი ხ. თუშმალიშვილი). მისთვის დამახასიათებელია მყარი, მაღალპროფესიული არტისტული მონაცემები. სენდიმ ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი კომპოზიტორის პოეტურობით შეასრულა; გალა – კონცერტზე კი დე ფალას “ესპანური ცეკვა” შთამბეჭდავი ტემპერამენტით დაუკრა. ორივე რთული ნაწარმოები იყო და ქართველმა მევიოლინემ ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე (პედაგოგი ე. გიორგაძე) ნაზი, პოეტური, სიღრმისეული საშემსრულებლო ნიჭის მუსიკოსია, რომელმაც “კანეგი ჰოლის” გალაზე სენ – სანსის “მაკაბრე” შინაარსობრივად ზუსტად გადმოსცა, თითქოს ამ ნაწარმოების ტრაგიკული “ლიბრეტოს” მოწმე თავადაც ყოფილიყოს.
ლიზი ბასილაძე (პედაგოგი ა.დოლაბერიძე) კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე გახლდათ. მან მართლაც შესანიშნავად შეასრულა რახმანინოვის ურთულესი ეტიუდი “წითელქუდა”, გამოცდილ ყურს კი რახმანინოვისეული სიღრმეები არ და ვერ გამორჩებოდა.
ის, რომ “ამერიკელი პროტეჟეს” გალა კონცერტი თბილისის კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტმა ლილე ემნაძემ (პედაგოგი ნ. ჭირაქაძე) დახურა, შემთხვევითი სულაც არ იყო. მას მეორე პრემია ერგო, თუმცა ლილეს მიერ შესრულებული სკრიაბინის ორი პოემა ძალიან ექსპრესიული იყო და დარბაზის რეაქციამაც არ დააყოვნა.
საბა სალაღიშვილმა (პედაგოგი ნ. ქათამაძე) გალა – კონცერტზე შოპენის ყველაზე ცნობილი რევოლუციური ეტიუდი შეასრულა და ლამის ფოტოგრაფიულად გადმოსცა ავტორის ამბოხებული მოდუსი და ნაწარმოების შექმნის კონტექსტიც.
საბა სალაღიშვილი „კარნეგი ჰოლში“
მესამე პრემია ჩემ მოსწავლეს ნუკა მჭედელაძეს ერგო. იგი მესამე წელია ნიუ იორკში ცხოვრობს. თითქოს მასწავლებელმა თავისი მოსწავლე არ უნდა აქოს, მაგრამ მაინც… მის მიერ შესრულებულმა რახმანინოვის ეტიუდმა კარგად აჩვენა ნუკას ძლიერი ტექნიკური მხარეც და მისი ემპათიურობაც. ნაწარმოები ყველიერისას ეკლესიის ზარების ჟღერადობაა… ნუკამ დარბაზში ისეთი ატმოსფეროს შექმნა შეძლო, რომ სცენაზე ლამის ბიბლიური სიუჟეტი გაათამაშა.
იგეგმება თუ არა მომავალი წლის “ამერიკელ პროტეჟეში” ქართველების მონაწილეობა?
ამ ზაფხულში ინტერნეტსივრცით პროექტისთვის ახალ განაცხადს შევიტანთ, ოფიციალურ ანონსს თბილისისა და სხვა ქალაქების სამუსიკო სკოლებში დავაგზავნით, შესარჩევი ტური კი შემდეგი წლის იანვარ–თებერვალში გაიმართება. გამარჯვებულებს კვლავ ნიუ იორკში წამოვიყვანთ და დიდი წარმატების იმედით, ამერიკულ კონკურსში მონაწილეობასაც მივიღებთ. აქვე მინდა აღვნიშნო ის ორგანიზაციები, რომელთა სპონსორობის გარეშე “კარნეგი ჰოლის” კონკურსში ქართველების მონაწილეობა შეუძლებელი იქნებოდა. ესენია ორი გენერალური სპონსორი – ნიუ იორკში ბაზირებული ორგანიზაცია “თამანი” და ქუთაისის შპს “ანი”. დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს, რომელთა გარეშეც ეს პროექტი ვერ შედგებოდა.
***
მარიტა პატარაიას საყვარელი კომპოზიტორები არიან ბახი, ბეთჰოვენი, რახმანინოვი, ვაგნერი, მალერი. მას ლისტი განსაკუთრებით უყვარს და მისი სიტყვებიც იცის იმის შესახებ, რომ “ხელოვნება ხელობამდე არ უნდა დავიდეს” და რომ რაც უფრო მრავალმხრივია ხელოვანი, მით უფრო ღრმა და საინტერესოა მისი შემოქმედება. მარიტა ამავე დროს უსმენს Black Metal-ს , Dark Funeral–ს, Satyricon–ს. მუსიკის სიყვარულის ფილოსოფიას კი გერშვინის სიტყვებით გადმოსცემს “მე ხმაურის ცენტრში მუსიკას ხშირად ვუსმენ”…
“კლარნეტი მე არ ამირჩევია, ისე მოხდა თითქოს მან ამირჩია. ამირჩია და მომარჩინა”,– მიყვება მარიტა პატარაია, –”ანგინით ხშირად ვიყავი ავად, შემთხვევით დედამ იპოვა კლარნეტზე “დაკვრის სკოლა”, რომლის მესამე გვერდზე ანატომიიდან დეტალურად გადმოტანილი გამოსახულებები იყო და კარგად ახსნილი, თუ როგორ აჯანსაღებს იგი სასუნთქ გზებს. მთელი ერთი წელი ექიმებთან ვმკურნალობდი, კლარნეტმა კი ექვს თვეში მომარჩინა…. მასზე დაკვრა არც გამჭირვებია. მახსოვს ათი წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში, სადაც ფორტეპიანოს კლასს გავდიოდი, დირექტორმა დედას ურჩია, უფრო სთხოვა, რომ მე V რესპუბლიკურ კონკურსზე წავეყვანე; ჩემზე უთხრა – ეს ისეთ უნიკალურია, ფურორს მოახდენს და ძალიან გაგიკვირდებათო. და ასეც მოხდა, კონკურსგარეშე მონაწილეებში გავიმარჯვე და პირველი ლედის სპეციალური პრემია მივიღე. სკოლის დირექტორმა თქვა: „კონკურსამდე, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მხოლოდ ორი კვირით ადრე რომ დაიწყო ბავშვმა პროგრამის მომზადება, ამას არავინ დაიჯერებსო”. მართლაც, ორი კვირის განმავლობაში მოვიპოვე ორი გრან-პრი და პირველი ლედის პრემიაც.
მერაბ ებრალიძე და მარიტა პატარაია
ანუ კლარნეტი კარგი მეგობარივითაა…
ეს ინსტრუმენტი ჩემთვის ახლობელი გახდა და მასზე უარი ვერ ვთქვი… მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის აბსოლუტური ათოსანი ვიყავი და სკოლაც მედალზე დავამთავრე, მაინც კონსერვატორიაში ჩავაბარე… სწავლაშიც მუსიკა მეხმარება. როცა მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწევ ხოლმე, მათემატიკური ამოცანები უფრო კარგად იხსნება და გაკვეთილებსაც ადვილად ვსწავლობ. რაც შეეხება მუსიკის მეცადინეობას, დიდი შრომის ჩაქსოვა არ მჭირდება, უფრო სიამოვნების განცდას მგვრის.
კლარნეტი არაგოგონურ/არაქალურ ინსტრუმენტად ითვლება…
ეს მოძველებული სტერეოტიპია, რომელიც ჩვენმა დროებამ დაამსხვრია. და მაინც, ალბათ, იმიტომა მასზე ასეთი შეხედულება, რომ ინსტრუმენტს დიდი ენერგია სჭირდება და პირველი კლასი 12 წლის ასაკიდან იწყება.
მუსიკას თავადაც ხომ არ წერთ?
ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მუსიკას სწავლობს და თავად მუსიკის დაწერა არ შეეძლოს. თუმცა ამ ნახევრადსაიდუმლოს ჯერ ჩემთვის შევინახავ.
17.07.2019
NETGAZETI.GE
Labels:
ხელოვნება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment