Tuesday, August 6, 2019

“არტისტები მშვიდობისთვის“ და “სხვა მე“ – ინტერვიუ თედო რეხვიაშვილთან



“მე ვარ შელი ალფორდი, აშშ–დან და ვფიქრობ, რომ ქართველებზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას მსოფლიოს ყველა მოქალაქეზე და არ შეიძლება ეს წინააღმდეგობის გარეშე დარჩეს!”.
“მე ვარ ივანა სტულიჩი, ხორვატიიდან და მიმაჩნია, რომ საქართველო ღირსეული და თავისუფალი ხალხის სამშობლოა!”.
“მე ვარ ლუჰან პერეზი, ესპანეთიდან და მე მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!”.
“მე ვარ როზეტა შანკა, იტალიიდან და ჩვენ არტისტები ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ იტალიურად ვამბობთ “ვივა. ჯორჯია!”
“მე ვარ ანა პარკი, სამხრეთ კორეიდან და საქართველოს ოკუპაცია ჩემი, როგორც მსოფლიოს მოქალაქის პრობლემაცაა!”
“მე ვარ მჯ ტორეკამპო, ვარ ფილიპინებიდან. თუ ჩვენ გავჩუმდებით, ხელს შევუწყობთ ოკუპაციას!”.
“მე ვარ თედო რეხვიაშვილი, საქართველოდან და არასოდეს შევწყვეტ ჩვენი მიწების დაბრუნებისთვის ბრძოლას, ჩვენ გავიმარჯვებთ და მე ვამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია!”

ეს არის ფრაზები ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტის თედო რეხვიაშვილის პირველი პროექტიდან, რომელიც მან აშშ–ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან ტატო ოქრუაშვილთან ერთად განახორციელა. პროექტის, სახელად – “არტისტები მშვიდობისთვის” მიხედვით, თედოს ნაცნობმა, სხვადასხვა ქვეყნის 25-მა მხატვარმა პროექტის მიმდინარეობისას ნამუშევრები სახელდახელოდ შექმნა. ამ ნახატების პირველი გამოფენა ფილადელფიის მერიის დაწესებულებაში გაიმართა, შემდეგი გამოფენები კი ნიუ იორკსა და ვაშინგტონში იგეგმება. არტისტებმა გადაიღეს ვიდეორგოლი ანტისაოკუპაციო გზავნილებით, რომელშიც ათი ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანი ვერბალური გზავნილით საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.




კადრი ვიდეორგოლიდან

მხატვრები საქართველოს ისტორიით მას მერე დაინტერესდნენ, რაც პროექტის ავტორმა მათ მცირედი ისტორიული ინფორმაცია მიაწოდა. უცხოელი არტისტები რუსეთის აგრესიულობამ აღაშფოთა, მათ საქართველოს მიმართ გულითადი თანადგომა გამოხატეს და ქართველების პროექტში მონაწილეობას დათანხმდნენ. პროექტში ჩართვა რუს მხატვრებსაც უნდოდათ, მაგრამ რადგანაც ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, გასაგები მიზეზის გამო თავი შეიკავეს.

“სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და მშვიდობა – ეს ის არსებითი ღირებულებებია, რომლის გარეშეც მოქალაქე თავისუფალი და ბედნიერი ვერ იქნება”– ამბობს თედო რეხვიაშვილი, „– ამ მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში მუშაობის დაწყება ჩვენ თავთან გვმართებს. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, თითოეულმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. თუკი დიდი და გრძელვადიანი შრომის შედეგად გვეყოლება ძლიერი და პროფესიონალი მოაზროვნეები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, რომელებიც მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება, ჩვენ ავტომატურად გავხდებით ძლიერი და საჭირო ერი, რომლის დაჩაგვრა, დანაწევრება და გაქრობა შეუძლებელი იქნება. მე მაქვს ჩემი და მომავალი თაობების იმედი, რომლებიც ჩამოვყალიბდებით ჭეშმარიტ მოქალაქეებად, ვისწავლით კრიტიკულ აზროვნებას, გავხდებით პროფესიონალები, დავიწყებთ საქმის სიყვარულით კეთებას, პრობლემის კონსტრუქციული გზებით გადაჭრას და განვავითარებთ საქართველოს. მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ საქართველოს თავისუფლების ისტორიას ვწერთ“.

2018 წელს თედო რეხვიაშვილი სრული გრანტით ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა სოლიდური თანხის დამატება საჭირო მაინც გახდა. მან ეს ფული საქართველოს მოქალაქეების თანადგომით, მისი საკუთარი ნამუშევრებისა და სხვა ქართველი მხატვრების ნახატების გაყიდვით მოაგროვა. ნამუშევრების გაყიდვა თავის თავზე აიღო “ვანდა გალერეამ”, რომელთანაც თედო წლების მანძილზე თანამშრომლობდა და მხატვარს დაეხმარა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი”თიბისი ბანკმაც” გაიღო, ხოლო ბინა მას ამერიკაში მცხოვრებმა უცნობმა ქართველმა ემიგრანტებმა შესთავაზეს.

თედო რეხვიაშვილი სამი წლის განმავლობაში თბილისში პროფესიული სამხატვრო ათწლედის პედაგოგი იყო, მომდევნო სამი წელი კი საკუთარ სახელოვნებო სტუდიაში მუშაობდა. როგორც თავად არტისტი ამბობს, მასთან ფერწერის, ხატვისა და კომპოზიციის კურსი ჯამში 250-მდე ადამიანმა (ახალგაზრდებმაც და მასზე უფროსებმაც) გაიარა.




“2008”. თედო რეხვიაშვილის ნამუშევარი

2018 წელს თედოს სტუდიის მოსწავლეებმა მისივე ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით პროექტის ფარგლებში – „ფერები ბავშვებს“, მოხატეს ადიგენის რამდენიმე სოფლის სკოლა, რომელსაც მოსწავლეთა სიმცირის გამო დახურვის საშიშროება ემუქრებოდა, ასევე მოიხატა ადიგენის რაიონის მთავარი ცენტრალური კედელი თანამედროვე პანოებით. თედოს სტუდიაშივე იმართებოდა ფილმის ჩვენებები და ფილოსოფიური საუბრების კვირეული.




მოხატული სკოლა ადიგენში










პანო ადიგენში



თედო რეხვიაშვილი არის რვა წიგნის ილუსტრატორი. მათ შორის: ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა, თავადის ქალი მაია, ალმასგირ კიბულან და მოთხრობები”, დევიდ ბედველის “ჰენრი-მაგიური კურდღელი” (ინგლისური გამოცემა), სამუელ მარშაკის “ლამაზი დღე“, ჟიულ ვერნის “15 წლის კაპიტანი”და ა.შ; ასევე სამი ჟურნალის ილუსტრატორი (ჟურნალების სერია „ახალგაზრდობა“), სამი ფილმის („სხვანაირი მე“, „წრე“, „დაბრუნება“) და ორი სპექტაკლის („რევიზორი“ და თეატრალურის სადიპლომო „გაზაფხულის ღამე“) მხატვარი; ასევე ათობით პოსტერის, ეტიკეტისა და ლოგოს ავტორი (კომპანიები: „სილოვანი“, „ლიონიძის ზვარი“, „ღვინის დინასტია“, „მარანი მცხეთა“, „მწიგნობართა ასოციაცია“, „Soul Scope” და ა.შ.)




„ღირსება და ცრემლი“, თედო რეხვიაშვილის ნამუშევარი

„ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის სტუდენტობამდე თბილისის სამხატვრო ათწლედი დავამთავრე, მერე თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაკალავრი და მაგისტრატურა დაზგური გრაფიკის მიმართულებით,” – მიყვება თედო რეხვიაშვილი, “– ჩემი შთაგონების წყაროა ყველაფერი ჩემში და ჩემ გარშემო. დროსა და სივრცეს მნიშვნელობა არ აქვს; ვირეკლავ და ვითვისებ ყველაფერს, სადაც არ უნდა ვიყო, დროის ნებისმიერ მონაკვეთში. რაც შეეხება თბილისის შემოქმედებით პერიოდებს, ჩემთვის დაუვიწყარია რამდენიმე მასწავლებელთან ურთიერთობა: გოგი წერეთელი, ნანა ცინცაძე, ნოდარ მუმლაძე, ხათუნა ხაბულიანი, ზურა მაჭარაშვილი, ვატო წერეთელი. სხვადასხვა დროს მათ გამიზიარეს ძვირფასი ცოდნა და გამოცდილება. ისინი სწორედ იმ მასალის დიდი ნაწილით მასწავლიდნენ, რითიც – ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის პროფესორები, ასე რომ ბევრი რამ ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ამ ადამიანებმა სახვითი ხელოვნება შემაყვარეს, მომცეს სტიმული და გზები, რათა განვვითარებულიყავი და ძიება არასდროს შემეწყვიტა. ახლაც იმ გზას ვადგავარ, რომელსაც ბოლო არ უჩანს და ყოველდღე შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. იყო მკაცრი აკადემიური სკოლის პერიოდებიც და თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სრულიად ექსპერიმენტული ეტაპებიც, რომლის არსსაც ამერიკაში ყოფნისას უფრო მეტად ვითავისებ.

ქართველებს გვაქვს გარკვეული სახის ცოდნა, ზოგჯერ საკმაოდ კონსტრუქციულიც, კომბინირებულიც, მაგრამ არის კი ეს ცოდნა და გამოცდილება დღევანდელი დღისა და მომავლის ადეკვატური? პასუხობს კი ის თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნებს, დისციპლინას? აქვს ძალა იმისა, რომ კაცობრიობას განვითარების შემდგომ ეტაპებზე გადასასვლელად დაეხმაროს?
თქვენ გაქვთ ამ კითხვებზე პასუხები?

ამ კითხვების პასუხად ჩემსავე ამბავს გავიხსენებ. ნიუ იორკში სწავლის პირველივე თვეში, აკადემიაში გამოჩნდა ვინ რა ცოდნას და გამოცდილებას ვფლობდით. ყოფილა შემთხვევა, როცა თანაკურსელს ჩემი ხატვის ტექნიკის და გამოცდილების დაფიქსირებისას გაოცებითაც უკითხავს, თუ რატომ ვსწავლობდი საერთოდ აქ. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, პროფესორები და დანარჩენი სტუდენტებიც აკეთებდნენ აქცენტს ჩემ ცოდნასა და გამოცდილებაზე, სისწრაფესა და ნიჭზე, მაგრამ წავაწყდი ჩემთვის აქამდე უცნობ და, შეიძლება ითქვას, ჩემს ამერიკულ პერიოდში ყველაზე საინტერესო მოვლენას: არაგეგმიური ნამუშევრის შექმნისას სტუდენტების უმეტესობა მჯობდა. ვხედავდი, რომ მათი ფერწერა უფრო საინტერესო იყო. თავდაპირველად დავიბენი, როცა ვადარებდი ჩემსა და სხვების მონაცემებს, ვაფიქსირებდი ჩემს მკვეთრ უპირატესობას. პარალელურად ვხედავდი, რომ მჯობდნენ იმ საბოლოო პროდუქტის შექმნაში, რომელიც უპასუხებდა თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნებს აქ და ამჟამად. მახსენდებოდა ის ნათელი და სწორი იდეები, რომელიც მანამდე საქართველოში მომისმენია, მაგრამ ნიუ იორკში მკაფიოდ დავინახე და ვიგრძენი, თუ რა მაკლდა. ეს იყო აწმყოსა და მომავლის შეგრძნება, ინფორმაციის სიახლე და მრავალფეროვნება; საკითხის 360 გრადუსის შემობრუნებით ხედვა, ექსპერიმენტულობა. მახსენდებოდა ჩემი წარმატებული შემოქმედებითი პერიოდები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მეგონა ახალი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის უკვე ათეულობით წლის წინათაც კი გაუკეთებიათ. მარტივი არაა დაეწიო თანატოლებს, რომლებმაც ბავშვობა მარველის და დისის კომიქსების გმირებთან ერთად გაატარეს მათსავე ქალაქებში; შენ კი დასათვალიერებლად მხოლოდ საბჭოთადროინდელი ილუსტრირებული „მაუგლი“ გვქონდა. მათ სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდათ გარშემო, შენ კი….


მივხვდი, რომ ამ ახალგაზრდების ფანტაზია არაა ნაძალადევი. ისინი ასეთები არიან, თავისუფლებაში ექსპერიმენტებით სუნთქავენ. მათი ყოველი დღე შემეცნებას ემსახურება, შეუძლიათ სხვანაირად დანახვა და ასახვა იმიტომ, რომ იქ სხვა „ჰაერია“. ისინი სხვა ჰაერს სუნთქავენ, რომელიც ჩვენ არ გვიგემია; რომელსაც ჩვენამდე ერთეული ადამიანების სახით მხოლოდ სასუნთქი აპარატის მსგავსად მოუღწევიათ. მაგრამ თუ სხვა კულტურის შვილი შეიგრძნობ იმ ყველაფერს, რასაც დასავლეთი გთავაზობს, მოიპოვებ ცნობიერების თავისუფლებას და არ აგერევა ეს ახირებათა კორიანტელში, მაშინ შენი სული გახდება ვულკანივით ფეთქებადი, შეუგუებელი, განახლებადი, მგრგვინავი და განცდის, სიღრმის წონადობის.

ინტერნეტის ეპოქაში გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ მსოფლიო ხელოვნების ახლანდელ მდგომარეობას და აქედან ბევრი რამ გავიგოთ. ვთვლი, რომ დღეს ყველაზე ძვირფასია ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ, გადავიაზროთ და სწორად გამოვიყენოთ. ჩემი ოცნებაც და გეგმაც ისაა, რომ საქართველოში მალე ვნახო გავრცელებული ის ზემოხსენებული „ჰაერი“, რომელიც დასავლეთში მე შეძლებისდაგვარად შევისუნთქე და ისევ ვაგრძელებ. ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად შევეცდები იმ სასიკეთო ცვლილებებში წვლილის შეტანას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.
მოგვითხრეთ თქვენი კინოგამოცდილების თაობაზე.

ამას წინათ თბილისში რეჟისორი გიგა აგლაძე შეუდგა დევიდ ლინჩის მიერ პროდიუსირებული სრულმეტრაჟიანი ფილმის “სხვა მე” გადაღებას, რომელშიც ჰოლივუდის მსახიობები თამაშობენ. ფილმი ერთდროულად ღრმად ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მისტიკური სასიყვარულო დრამაა, სადაც მთავარი ღერძი ადამიანის, როგორც არსებისა და პერსონის იდენტიფიკაციას უჭირავს. ფილმი, რომელშიც თამაშობენ ჯიმ სთარგესი, ანდრეა პეჯიკი, ჯორდი მოლა, ორლა ბრეიდი და სხვანი, ამა წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

2018 წლის გაზაფხულზე კომპანიიდან “ბ ა ფროდაქშენ” დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ეძებდნენ პროფესიონალ მხატვარს, რომელიც უმოკლეს დროში დიდი რაოდენობის კადრირების დახატვას შეძლებდა. ეს ნიშნავს ფილმისთვის მნიშვნელოვან წინამოსამზადებელ სამუშაოს – ჩემ შემთხვევაში კი 870 ნახატს– პირველად ვიზუალურ იმიჯს, რაც სრულად მოიცავს ფილმის ყველა კადრს ე.წ. Story-board –ს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ წარვადგინე რამდენიმე საცდელი ნამუშევარი და პროექტზე დამამტკიცეს. ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოწვევა, რადგან სცენარისტი და რეჟისორი იყო ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი, პროფესიონალი გიგა აგლაძე, ხოლო ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, სახე და ჰოლივუდში წარმდგენი ლეგენდარული დევიდ ლინჩი. დევიდ ლინჩი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია მისი არაორდინალური ხელწერის, მისტიურობისა და ექსპრესიულობის გამო.
მანამდე გქონდათ ფილმზე მუშაობის გამოცდილება?

მანამდეც მქონდა ორ ფილმზე მუშაობის გამოცდილება („წრე“, „დაბრუნება“, რომლებიც სადიპლომო ფილმები იყო) მაგრამ არა ასეთზე. მალევე გავითავისე ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ამ მნიშვნელობის ფილმზე მუშაობას სდევდა. დრო ცოტა რჩებოდა, ვინაიდან სასწავლებლად ნიუ იორკში უნდა გავფრენილიყავი. ორთვენახევრის განმავლობაში ყოველდღიურად, დილიდან დაღამებამდე ვისხედით მე, რეჟისორი, ოპერატორები, პროდიუსერები და საერთო გადაწყვეტილებით ვინიშნავდით გადაღების ტექნიკურ სქემას, რომლის შემდეგაც იხატებოდა თითოეული კადრი. მათ არ ჰქონიათ კადრირების ტიპიური ჩანახატების სახე, არამედ – უფრო დასრულებული ნახატებისა. თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ჩემ საქმეს მოვრჩი და პროექტი ჩავაბარე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ შევხვდი ასეთ პროფესიონალებს და ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ეს გამოცდილება სამომავლოდ ჰოლივუდს, კინოსამყაროს დამაკავშირებს.




ფილმის კადრირება. თედო რეხვიაშვილის ნამუშევარები



























როგორც ჩანს, კინოზე ადრეც ოცნებობდით…

კინო ხელოვნების ის მიმართულებაა, რომლის აკადემიურად შესწავლასაც მომავალში ვგეგმავ და რომელშიც ჩართულობა ჩემი ოცნებაა. კინო მიზიდავს თავისი დრამატურგიული და ვიზუალური აგებულებით, მრავალფეროვნებით, ინფორმაციულობითა და ყოვლისმომცველობით. ჩემი საყვარელი რეჟისორები არიან კიმ კი-დუკი, ლარს ვონ ტრიერი, მიჰაელ ჰანეკე, ანდრეი ტარკოვსკი, ჰიროკაძუ კორეედა, ბელა ტარი, დევიდ ლინჩი, მატეო გარონე, ჯიმ ჯარმუში, ჰარმონი ქორინი, ტარსემ სინჰი. ამ რეჟისორთა შემოქმედება განსაკუთრებულად მიმაჩნია ღრმა შინაარსის, დრამატურგიული გადაწყვეტისა და საინტერესო ვიზუალური ენის გამო.
ფილმს რა თემაზე გადაიღებდით?

გადავიღებდი ქართველ ადამიანზე, რომელიც ისე იზრდებოდა, რომ დამლაპარაკებელი არ ჰყავდა, რომელიც ყველასგან შეუმჩნეველი, მდინარეებს, მცენარეებს, ცხოველებს და კოსმოსს ესაუბრებოდა.

26.07.2019
NETGAZETI.GE

No comments:

Post a Comment