ამას წინათ ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა “ეროვნებათა შესწავლის ასოციაციის” (ASN) 25–ე მსოფლიო ყრილობა, რომელზეც მოხსენებებით ქართველი მეცნიერებიც წარსდგნენ.
ყრილობის პარალელურად დოკუმენტური ფილმების ერთგვარი ფესტივალი და წიგნების პრეზენტაციაც ჩატარდა.
თემები, რომელიც ამ ყრილობაზე განიხილებოდა, მოიცავდა მსოფლიოს როგორც ძველ, ასევე თანამედროვეობის პრობლემებს. ჩემთვის, როგორც ემიგრანტისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო პოსტკოლონიალურ სამყაროში მიგრაციის ტალღების კვლევა და აშშ–ში სსრკ–ის დანგრევის შემდეგ წარმოქმნილი ემიგრაციული პროცესები. “ახალი დემოკრატიების” მეცნიერები თავიანთ ნაშრომებში განიხილავდნენ თემებს, რომელთა კვლევას არაერთი წელი და სამეცნიერო რესურსი მიეძღვნა. მაგალითად: მეორე მსოფლიო ომის დროს ქალთა მდგომარეობა აღმოსავლეთ ევროპის საკონცენტრაციო ბანაკებში; ჰოლოკოსტი სსრკ–ის ტერიტორიაზე; დიასპორების განვითარების დინამიკა, მიგრაცია და ევროკავშირის მოქალაქეობა; არალეგალური ემიგრაცია ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში: ეკონომიკური ნაციონალიზმი; პოსტკოლონიალური მუსლიმური პოლიტიკა; ეკლესიის როლი ნაციონალური პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში; რევოლუციური მოძრაობები თურქეთში; უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები; ყირიმის ოკუპაცია; კორუფცია, სოციალური მედია, სოციალური ანტაგონიზმი და “ყოველდღიური ნაციონალიზმი”: რუსეთის იმპერიის აღდგენა და ანექსირებული ტერიტორიები; პოსტკომუნისტურ პერიოდში ისტორიის წერის კულტურა; იდენტობა, ნაციონალიზმი და რელიგია და ა.შ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკატერინე ფირცხალავას მოხსენება სათაურით – “რეპატრირებული მუსლიმი მესხების სოციალური, ეთნიკური და ადგილის იდენტობა საქართველოში” მუსლიმი მესხების ადაპტაცია – ინტეგრაციის პროცესის დინამიკის და სამოქალაქო, სოციალური იდენტობის შესახებ მოგვითხრობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, XX საუკუნის 40-იან წლებში, სტალინის პოლიტიკის გავლენით, რომელიც გულისხმობდა „არასანდო ადამიანებისგან” საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრების გაწმენდას, მესხეთის მოსახლეობა, უმრავლესად თურქულად მოლაპარაკე მუსლიმი ხალხი, შუა აზიის ქვეყნებში: ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში გაასახლეს.
ეკატერინე ფირცხალავა პრეზენტაციისას [მარცხნივ]
„მუსლიმი მესხების უმრავლესობა, რომლებიც არაქართულ სამეცნიერო წყაროებში ხშირად მოიხსენიება, როგორც „თურქი მესხები“, ქართული ისტორიული წყაროების თანახმად, ეთნიკური ქართველია, რომლებიც თითქმის სამი (VI-VIII) საუკუნის განმავლობაში ოტომანთა იმპერიის ბატონობის ქვეშ ცხოვრობდნენ, რაც აისახა მათ ყოფაზე, რელიგიასა და ენაზე”, – ამბობს ეკატერინე ფირცხალავა, – “დეპორტაციაში ხანგრძლივად მცხოვრებ მუსლიმ მესხებს სხვადასხვა დროს რეპატრიაციის მცდელობები ჰქონდათ. პირველი ტალღა XX საუკუნის 70-იან წლებს მიეკუთვნება, მაშინ მათი რეპატრიაცია მოხდა დასავლეთ საქართველოში – სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში.
გასული საუკუნის 80-იან წლებში მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა და უკვე 30 წელზე მეტია სამტრედიასა და ოზურგეთში ცხოვრობს. თვითდინებით ჩამოსული მუსლიმი მესხები ასევე ცხოვრობენ ახალციხის რაიონში, ხოლო მცირე ნაწილი – თბილისში. ისინი უფრო მოგვიანებით დაბრუნდნენ სამშობლოში.
დღეის მონაცემებით, მუსლიმი მესხები ცხოვრობენ ძალიან გაფანტულად: ნაწილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე – ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. უზბეკეთში, ფერგანის 1989 წლის კონფლიქტის შემდეგ მათ მოუწიათ იქაურობის დატოვება და მუსლიმი მესხების ჯგუფი ორ ნაწილად დაიყო – ერთი ნაწილი წავიდა აზერბაიჯანში, სადაც დღემდე ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი უზბეკეთიდან გადავიდა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, სადაც ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 20 წელი ცხოვრობდნენ რუსეთის პასპორტისა და მოქალაქეობის გარეშე. რეპატრიაციის კანონის არარსებობის გამო [საქართველოს აღებული ჰქონდა ვალდებულება ევროკავშირის წინაშე 1999 წელს ამ კანონის შემუშავებასა და მიღებაზე, რომელიც მოგვიანებით – 2007 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა] 2005 წელს მუსლიმი მესხების ეს ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ლტოლვილის სტატუსით საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
დეპორტაციის შედეგად მუსლიმი მესხები განსხვავებულ სოციო–კულტურულ პირობებში იძულებითი არსებობის პრობლების წინაშე აღმოჩდნენ. მიგრანტებისთვის ცხოვრების გაგრძელებისთვის ინტეგრაცია საუკეთესო გზადაა მიჩნეული. ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორებს კი მიეკუთვნება: ინდივიდის უნარები ახალი ენისა და კულტურის შესასწავლად, დომინანტური და პირველადი კულტურების ღირებულებათა მეტ-ნაკლები არაწინააღმდეგობრიობა, საზოგადოების გახსნილობა ახალ წევრთა მიმღებლობისადმი, ტოლერანტობა და სხვა. ინტეგრაციის მით უფრო მაღალ საფეხურზე არიან ის მაჰმადიანი მესხები, ვინც უფრო დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ 1967-1994 წლებში ყველაზე მეტად ინტეგრირებულნი არიან. შემდეგ მოდიან 80-იან წლებში ჩამოსული მესხები.
ასევე, ასიმილაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ სწორედ 1967-1994 წლებში ჩამოსულ რეპატრიანტებს. 2008-2012 წლებში თვითდინებით და 2012 წლის რეპატრიაციის კანონის ძალაში შესვლის შემდგომ ჩამოსული მესხები უფრო სეპარირებულები არიან სხვებთან შედარებით. ინტეგრაციაზე და ასიმილაციაზე საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობის გარდა გავლენას ახდენს ასევე მათი ჩასახლების ტიპი. რაც ნაკლებად კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი, მით მეტია მათი ინტეგრაცია და ასიმილაცია.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მუსლიმი მესხებისთვის რელიგიური იდენტობა სამოქალაქო იდენტობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათი უმრავლესობა თავს უპირველესად მუსლიმად, ხოლო შემდეგ საქართველოს მოქალაქედ თვლის.
სამოქალაქო იდენტობის მიხედვით მუსლიმი მესხებისთვის კანონმორჩილება ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი სამოქალაქო ღირებულებაა. ქართულ საზოგადოებაში მესხები, ვისთვისაც სამოქალაქო იდენტობა უპირველესია ვიდრე რელიგიური (ვინც საკუთარ თავს აღიქვამს საქართველოს მოქალაქედ უპირველესად და შემდეგ მუსლიმად), უფრო მეტად ინტეგრირებულნი და ასიმილირებულნი არიან.
ეთნიკური იდენტობის თვალსაზრისით კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა საკუთარ თავს პირველ რიგში მიიჩნევს „აჰიცხა თურქად“ (ახალციხელი თურქი) და არა თურქ მესხად ან მუსლიმ მესხად ან თურქად. ტერმინი “აჰიცხა თურქი” „ადგილის იდენტობის“ (Place Identity) ფენომენია, რომელსაც ფსიქოლოგიაში იყენებენ. ის აღნიშნავს მიგრანტების თაობებს შორის არსებულ განსხვავებულ დამოკიდებულებას საცხოვრებელი ადგილის მიმართ. მეცნიერები: ჰაროლ პროშანსკი, ებბი ფაბიანი და რობერტ კამინოფი ამტკიცებდნენ, რომ ადგილის იდენტობა ინდივიდის თვითიდენტიფიკაციის ნაწილია, რომელიც ყალიბდება ფიზიკურ სივრცეებთან ყოველდღიური ურთიერთქმედების გამოცდილებით.
ჩემი აზრით, მუსლიმი მესხების „აჰიცხა თურქად“ („ახალციხელი თურქობა“), როგორც იდენტობად აღიარება არის მიზეზი იმ ტრავმისა, რომელიც მათ მიიღეს დეპორტაციისას და შემდეგ – რეპატრიაციის მცდელობების შედეგადაც”.
***
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ – პროფესორის, სოციოლოგიის დოქტორის, მაია არავიაშვილის მოხსენება ,,მეხსიერების ადგილების კონსტრუირება, ნაციონალიზმი ქვეყნის გარეთ: მეორე თაობის ემიგრანტების მაგალითზე გერმანიასა და ამერიკაში“, ეხებოდა იდენტობას, როგორც რთულ და დინამიურ მოვლენას, რომელიც ყალიბდება გარკვეულ დროსა და ადგილას ისეთი სხვადასხვა ფაქტორის გავლენით როგორიცაა: კულტურა, სოციალური გარემო, პოლიტიკა და სხვა.
მიგრაცია, განსაკუთრებით იდენტობის საკითხის ანალიზის შემთხვევაში, უნდა მივიჩნიოთ განსაკუთრებულ მოცემულობად, რადგან ნაციონალური, კულტურული, ეთნიკური, გენდერული და იდენტობის სხვა ფორმები გამოწვევების წინაშე დგება და ტრანსფორმირდება. „საქართველოდან მიგრაციის პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო,” – ამბობს მაია არავიშვილი, – “მას მერე აშშ-ი და გერმანია ქართველი მიგრანტებისთვის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულების ადგილი გახდა. მიმღებ ქვეყნებში ქართველები შედგებიან “ძველი” და “ახალი” ჩამომსვლელებისგან: სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და სამუშაოს უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებისგან. ბევრ მათგანს გადაწყვეტილი აქვს მასპინძელ ქვეყანაში თავის ოჯახთან ერთად დარჩეს.
ახალ სოციალურ ინსტიტუტებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან ურთიერთობებში იმიგრანტების ღირებულებათა სისტემა ხილულ და უხილავ ცვლილებას განიცდის. ქართული ტრადიციები ეჭვის ქვეშ შეიძლება დადგეს, ან პირიქით, გახდეს უფრო მყარი აკულტურაციასა და ინტრეგაციის მიმართ. ამას გარდაუვლად მივყავართ იმისკენ, რომ მეორე თაობის მიგრანტებში ეროვნული თვითშეგნება დამოკიდებული ხდება მრავალ ფაქტორზე, მათ შორისაა სოციალური კაპიტალი, მშობლების განათლება და სოციალური მდგომარეობა; კულტურა და ენობრივი უნარ-ჩვევები. შესაბამისად, მეორე თაობის მიგრანტების მიმღებლობა მასპინძელი კულტურის მიმართ არაერთგვაროვანია. ზოგიერთი თავის თავს აიგივებს ქართულ კულტურასთან, მაშინ როცა სხვა მიგრანტები თავის იდენტობას მიმღებ ქვეყანას და საზოგადოებას უკავშირებენ, სადაც (აშშ-ი ან გერმანია) დაიბადნენ და გაიზარდნენ.
ჩვენი კვლევის მიზანია ქართველ მიგრანტებში იდენტობის ცვლილების ანალიზი. მეორე თაობის ქართველი ემიგრანტები ქართული იდენტობის შენარჩუნებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. მაგალითად, სახლში რელიგიური კუთხეების მოწყობით; ეკლესიაში სიარულით; საკვირაო სკოლებში ბავშვების ტარებით; ქართული ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილებზე სიარულით, ეროვნული და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნით; ონლაინ კომუნიკაციით (ვიდეო ზარები) ქართველ ნათესავებთან და მეგობრებთან; ფეისბუკზე მიგრანტებისთვის დახურული ჯგუფების შექმნით, რაც მათთვის ერთგვარად სამშობლოს გარეთ მეხსიერების ადგილებად იქცა”.
***
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორის, თამარ ქარაიას მოხსენება “თანამედროვე საქართველოს მეხსიერების სტრატეგიები” ეხებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს წარსულთან ურთიერთობის დასაწყისს, პროცესს, რომელიც 1990 წლებმა შეზღუდა და შეაჩერა. “ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ მეხსიერების უწყვეტ სტრატეგიებზე, რომელიც წაგვიყვანდა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ცვლილებისკენ“ – ამბობს თამარ ქარაია.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალმა მთავრობამ ცხოვრების უმეტეს სფეროებში რეფორმების განხორციელება დაიწყო. ტოტალიტარული წარსულის გადამისამართებამ ბევრი პრობლემა წარმოშვა როგორც პოლიტიკურ, ასევე – კულტურულ ცხოვრებაში. სახელმწიფო სისტემის რეკონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანი იყო დაწესებულიყო საზღვრები სისტემასა და რევოლუციას შორის. მეხსიერების პოლიტიკის ანალიზისას სიმბოლიკა ამ პერიოდისთვის ყველაზე ცნობილი დამოკიდებულება გახდა.
თამარ ქარაია პრეზენტაციისას
2006 – ის მერე, როცა ქართველი მოქალაქეები რუსეთიდან გამოაძევეს, მეხსიერების პოლიტიკის ტენდენცია სწრაფად შეიცვალა. პოლიტიკურ საუბრებში გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: “ოკუპაცია”, “რეპრესია” და ა.შ. ამ პერიოდიდან მეხსიერების სტრატეგიები შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო პოლიტიკურ ვიქტიმიზაციასთან და კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბებასთან, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით ისე დალაგდა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა.
მეხსიერების სტრატეგიების ჩამოყალიბებაში, მაგალითად, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ, როცა 2006 წლის თებერვალში პრეზიდენტმა პატივი მიაგო იმ კადეტების ხსოვნას, რომლებიც 1921 წლის თებერვალში დაიღუპნენ. მიხეილ სააკაშვილმა თავის სიტყვაში პირველად, ცხადად ჩამოაყალიბა საბჭოთა მმართველობის რადიკალური შეფასება, რომელმაც “სრულიად გაანადგურა, დაანგრია საქართველო და ევროპული განვითარების გზიდან ჩამოაშორა”. ამავე დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთნი წითელი არმიის დღეს – 23 თებერვალს ზეიმობდნენ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც გმირი კადეტების ხსოვნას აღნიშნავდნენ და ესმოდათ – საზღვარი საქართველოს მომავალ განვითარებასა და სტაგნაციას შორის სწორედ აქ იკვეთება; რომ საქართველომ უბრალოდ უნდა გააკეთოს არჩევანი თუ რომელი დღე უნდა აღნიშნოს. ყურადღება გადატანილი იყო არჩევანზე რუსეთსა და ევროპას შორის, რომელიც ამ სიტყვაში ცხადად გამოჩნდა; პარალელებმა წარსულსა და აწმყოს შორის ახალი საფრთხეები აჩვენა. ყველაზე დიდი საფრთხე მოდიოდა ჩრდილოეთიდან, რადგანაც 1921-შიც სწორედ ეს იყო საფრთხე საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის. კერძოდ კი, ქართველმა ბოლშევიკმა სერგო ორჯონიკიძემ შემოიყვანა რუსეთის მე– 11 არმია საქართველოში, რათა ე.წ “სახალხო აჯანყების” წევრებს დახმარებოდა. მსგავსი სცენარის განმეორების ეშინოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რადგანაც “ისინი” (რუსი პოლიტიკოსები) უკვე საუბრობდნენ საქართველოში არსებული შიდა პრობლემების შესახებ და შესაძლოა ახალ „ორჯონიკიძეებსაც“ ამზადებდნენ.
მოცემული მასალის საფუძველზე გაკეთებული ანალიზით რამდენიმე მთავარი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი. საქართველოს მეხსიერების პოლიტიკა აღრეულია. მეხსიერების ძირითადი მიმართულება – მცდელობა მთავარი ნარატივი გადმოიცეს პირობითი ნიშნებითა და ვიქტიმიზაციით.
მეხსიერების სტრატეგიების არჩევა ხდება საგარეო პოლიტიკის მიმართულებების მიხედვით. კერძოდ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მეგობრობის ხელი გაუწოდა და შესთავაზა ურთიერთობის დაწყება ისე, როგორც ეს ორ თანასწორ პარტნიორს შორის უნდა იყოს. ღირებულებათა გადასინჯვა და მენტალიტეტის ცვლილება კი იყო თემები, რომელიც დაფარულად მიუთითებდა უარყოფით გამოცდილებაზე. რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების გაუარესება დაიწყო იმ ენერგომატარებლების საბოტაჟით, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებდათ. რუსეთის ფედერაციიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციაც ამ სამთავრობო საუბარში აისახა. ზემოხსენებული ჰიპოთეზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეხსიერების პოლიტიკა, რომელიც არსებობდა საქართველოში 2003–2012 წლებში, ემყარებოდა პოლიტიკური დღის წესრიგის წარსულის ფაქტების შერჩევას, მათ შესაბამის ინტერპრეტაციას და მათ საზოგადოებამდე სხვადასხვა პროდუქტის სახით მიტანას“ – ამბობს თამარ ქარაია.
***
გამომსვლელთა შორის გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (ცენტრალურ – ევროპული უნივერსიტეტი) რუსტამ ანშბა, რომელიც ყრილობაზე ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაციას Chatham House-ს წარმოადგენდა. მისი მოხსენება სახელწოდებით – “საზოგადოებრივი განვითარება და კონფლიქტების გადაწყვეტა: აფხაზეთის შემთხვევა” ძირითადად ეხებოდა აფხაზეთში ახალგაზრდობის პრობლემებსა და იმ ლიმიტებს, რომლის გადალახვა ახალგაზრდა თაობის აფხაზებს უწევთ. თუმცა მომხსენებელმა იქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არაფერს აკეთებს “ორ ქვეყანას” შორის ურთიერთობის დასათბობად, ხოლო რასაც აკეთებს, მაგალითად, სამედიცინო დახმარებასა და უფასო მკურნალობას – ამასაც უხარისხოდ. მან ქართველები დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველო კონფლიქტში რუსულ ფაქტორს აზვიადებს და შეცდომით ყურადღებას რუსეთის როლზე ამახვილებს.
ანშბას მოხსენებას ქართველი მომხსენებლების მხრიდან შეპასუხება მოჰყვა. აფხაზ მომხსენებელს შეახსენეს ქართველი დევნილები, გალის რაიონის მოსახლეობის შევიწროება, მშობლიურ ენაზე სწავლის არდაშვება და, ცხადია, რუსეთის დესტრუქციული როლიც, რომელსაც ის თამაშობს არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში.
***
შვეიცარიის სტ. გალენის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორის, მკვლევარის თორნიკე მეტრეველის მოხსენება სახელწოდებით – “დღეს ჩვენ ვართ ნამდვილი მართლმადიდებლები!“ – რელიგია უკრაინა–რუსეთის ომის დროს” ჩვენთვის ახლობელ თემას – პოსტკოლონიალურ საზოგადოებაზე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას შეეხო.
თორნიკე მეტრეველი
“ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო რელიგიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,”– ამბობს თორნიკე მეტრეველი, – “რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს 2018 წლის ოქტომბრის დღის წესრიგის მთავარი თემა იყო სწორედ მართლმადიდებლობის მომავალი უკრაინაში. ამ შეხვედრას უძღვებოდა პრეზიდენტი პუტინი და ესწრებოდნენ ძალოვანი სტრუქტურებისა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები. მოხსენება შეეხო უკრაინის ირგვლივ შიდა უთანხმოებას რუსულ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. რამდენიმე შიდა პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მიზეზის გამო, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში ჩარევა რუსეთის სახელმწიფოსთვის დიდი ფასის მატარებელი იყო.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩემი მოხსენება კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთის მხრივ ეხებოდა რელიგიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, ხოლო მეორე მხრივ, ხაზს უსვამდა კონტრ-ინტუიტიურ (მოლოდინის საწინააღმდეგო) ეკლესიათაშორისი ტრანსფერების (გადასვლა) რაოდენობრივ მონაცემებს. საინტერესოა თუ უკრაინულ მრევლში მართლაც მიიჩნევა რუსული ეკლესია უკრაინაში ანტი-სახელმწიფოებრივ, ანტი-ეროვნულ კოლაბორაციონისტულ ძალად, როგორც ამას ნაციონალისტური დისკურსი ამტკიცებს, მაშინ რა ხსნის კიევის საპატრიარქოსა და შემდგომში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების სიმცირეს და ინტერკონფესიური ტრანსფერების (ერთიდან მეორეში გადასვლის) მცირე რიცხვს? მაგალითად, ევრომაიდნის მოვლენების შემდგომ რატომ გადავიდა უკრაინაში რუსული ეკლესიის 12 222 სამრევლოდან უკრაინის ეკლესიაში მხოლოდ 502 სამრევლო?
რუსულიდან უკრაინულ ეკლესიაში გადასული სამრევლოების სიმცირე მიკრო-სოციოლოგიურ ჭრილში გავაანალიზე, თუ ადგილობრივ დონეზე რა პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური და იდეოლოგიური პრეფერენციებით ამართლებს მრევლი ინტერკონფესიურ ტრანსფერებს ან საკუთარ მრევლში დარჩენას (მაგალითად: რუსულიდან – უკრაინულ ეკლესიაში გადასვლას ან პირიქით რუსულ ეკლესიაში დარჩენას). ასევე, რა ხდება მაშინ როდესაც ორგანიზაციის შიგნით კონფლიქტია? ჩემი კვლევა ეყრდნობა ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა დროს უკრაინის რვა რეგიონში ჩატარებულ ასამდე ინტერვიუსა და საველე დაკვირვებას, ლეგალურ-ინსტიტუციურ და საჯარო პოლიტიკის ანალიზს. მთავარი მიგნება ჯერჯერობით ე.წ. შიდა ორგანიზაციული კონფლიქტების ჰიპოთეზაა, რომელსაც ჯერ კიდევ ვავითარებ, ამიტომ მაინცდამაინც კონცეპტუალური გამჭრიახობით ვერ დავიკვეხნი.
ორ სიტყვაში რომ მოგახსენოთ, პირველადი მიგნება შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად: ნობელის პრემიის ლაურეატის ჰირშმანის თეორიით, შიდა ორგანიზაციული კონფლიქტების დროს არსებობს, უხეშად რომ შევაჯამოთ, სამი ძირითადი პასუხი: ორგანიზაციის შიგნით დარჩენა/კონფორმიზმი, პროტესტის გახმოვანება და ორგანიზაციიდან წასვლა. უკრაინაში განვითარებული ინტერკონფესიური ურთიერთობები კი აჩვენებს, რომ არსებობს შიდა ორგანიზაციული კონფლიქტების მიმართ ადგილობრივი პასუხის მეოთხე განზომილება, რომელიც იდენტობათაშორისი რწმენითი პრაქტიკის კატეგორიაა. იდენტობათაშორისი რწმენითი პრაქტიკის კატეგორია ვითარდება, როდესაც ადამიანებს ელიტებიდან თავსმოხვეული დისკურსების პასუხად უჩნდებათ რწმენით იდენტობასთან ერთგვარი ჰიბრიდული დამოკიდებულება. მაგალითად, პოლარიზებადი კატეგორიები: კარგი/ცუდი, პატრიოტული/არაპატრიოტული, პრო-უკრაინელი/პრო-რუსი. ინდივიდუალური სასულიერო პირების პასუხები პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენებზე და ეკლესიების ორგანიზაციული ინტერესები დასაბამს აძლევს საზოგადოების მხრიდან ამ ახალი რწმენითი პრაქტიკის განვითარებას.”
***
ყრილობაზე ასევე წარდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის, “გლობალური ლიდერობის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორის ჯესი დრისკოლის მოხსენება “მიხეილ სააკაშვილის საინტერესო შემთხვევა” (Curious Case of Mikheil Saakashvili), რომელშიც მან ბუნებრივი ენის პროცესის ტექნიკის (NLP) გამოყენებით მიმოიხილა მიხეილ სააკაშვილის ინგლისურენოვანი საჯარო გამოსვლები 2004 – დან ვიდრე დღემდე და დაასკვნა (სულ 531 ტექსტი), რომ არსებობს კავშირი სამ რიტორიკულ “ფოკალ პოინტს” შორის, როგორებიცაა: 1. გეოპოლიტიკური ზიანების კომპლექტი, რომელიც სპეციფიურად ეხება ხორცშესხმულ “სხვებს” (რუსეთი) – საქართველოს დაუცველობის ძირითად მიზეზს; 2. “ქვევიდან – ზევით” გადაწყვეტილებების კომპლექტი (ქვეყნის შიგნით ინსტიტუციონალიზირებული რეფორმები, რომლის სამიზნე კორუფციაა და სახელმწიფოს უნარების გაძლიერება); 3. “ზევიდან–ქვევით” გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები (ნატოს ჩათვლით).
ჯესი დრისკოლი
მკვლევარმა ამ იდეების კლასტერს ანტირუსული რეფორმატორული პოპულიზმი და შედეგებთან დაკავშირებით სპეკულაციები უწოდა. ჯესი დრისკოლი სისტემატიზირებული შედარებებით (რომელიც მოიცავს სააკაშვილის ვერბალურ გზავნილებს როგორც 2004 –დან 2012 –ის ჩათვლით, ასევე მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2012 – დან ვიდრე დღემდე) ასკვნის, რომ მიუხედავად სააკაშვილის თანამდებობრივი პოზიციის ცვლილებისა, მისი გამოსვლები/ტექსტები განიხილება, როგორც თანმიმდევრული.
„ხალხი ჩემ სტილს ადარებს ჯონ ფიცჯერალდ კენედისას, მაგრამ ამ თვალსაზრისით მე ვგრძნობ ჩემ თავს უფრო ახლოს ათათურქთან და ბენ გურიონთან ან გენერალ დე გოლთან – ადამიანებთან, რომლებსაც ნაციონალური სახელმწიფო უნდა აეშენებიათ” – 2004 წელს სააკაშვილის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მოხსენება ჯესი დრისკოლმა და იქვე გაიხსენა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი, როგორც “რუსეთის საომარი ორმო საქართველოს წინააღმდეგ: ორი არამყარი დემოკრატიული ქვეყანა დიდი არათანაბარი შესაძლებლობებით. შორიდან დამკვირვებლები კითხულობდნენ “რაზე ფიქრობდა საქართველო”? ეს საკითხი პრაქტიკულად, ჰიპოთეზებს ერთი პიროვნების გარშემო ბადებს: მიხეილ სააკაშვილის გარშემო. სააკაშვილის ენერგიული და პოპულისტური ლიდერობის სტილი ბიოგრაფების, ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების მხრიდან გახლდათ რესურსი დიდი, ინფორმირებული წარმოდგენებისა (სპეკულაციებისა)”.
მკვლევარი აკავშირებს ზემომოყვანილ „ფოკალ პოინტებს” ქართველ ელექტორატთან, ელიტასთან და იმასთან თუ სააკაშვილი, როგორც “ვარდების რევოლუციის” ავატარი, როგორაა მიბმული სააკაშვილის, როგორც ენერგიული რეფორმატორის მოდუსთან. ჯესი დრისკოლს ემპირიული მტკიცებულებები მოჰყავს და სვამს კითხვებს, თუ რა ხარისხით იყო ეს ძლიერი ენერგია ქართული შინაგანი განწყობების ანარეკლი და რამდენად იყო სააკაშვილი ამ შეხედულებების შემქმნელი. რა იყო სააკაშვილის სტრატეგია სამხედრო წარმატებისთვის გაცილებით დიდი მოწინააღმდეგე მეზობლის, რუსეთის წინააღმდეგ?
“ლიდერი, როგორც მოთამაშე” (ფიგუერედოსა და უეინგასტის ტერმინი) მკვლევარის ინტუიციასთან ახლოსაა. ჯესი დრისკოლი ასკვნის, რომ სააკაშვილისთვის საუკეთესო შანსი რუსეთზე საქართველოს გამარჯვებისთვის იყო გაყინული კონფლიქტების გარშემო მოლაპარაკებების ინტერნაციონალიზაცია ევროპისა და აშშ-ის დახმარებით, ასე რომ თამაში მდგომარეობდა კონფლიქტის ესკალაციაში იმ მომენტში, რომელშიც აშშ–ის სამხედროს ინტერვენცია ყველაზე შესაძლებელი იყო – 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს. ამ სარისკო თამაშის მომზადების დროს სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და ნატოს ალიანსის წევრობის დაპირებებსა და საშინაო რეფორმებს შორის კავშირს. 2008 წლის თამაშმა არ გადაიხადა სრული ფასი. საომარმა მოქმედებებმა ხუთასამდე სამხედრო მსხვერპლი გამოიწვია. ჯესი დრისკოლი ამბობს, რომ კრემლს უნდოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის შეცვლა (Regime Change) და რომ მას უბრალოდ ამ შესაძლებლობის ნაკლებობა ჰქონდა.
მკვლევარის აზრით, “სააკაშვილის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, ალბათ, იყო ის, რომ იგი განერიდა ხელისუფლებას 2012-ში არჩევნების წაგების შემდეგ. ეს მისი გადაწყვეტლება მის პოპულისტურ მემკვიდრეობას ახასიათებს, როგორც – დემოკრატისას. სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა, ასე თუ ისე, არ დამთავრებულა ამ საბრძოლო ველზე… საინტერესო გარემოება ამ მელოდრამაში არის როლი, რომელსაც ევროკავშირი თამაშობს ქართველი ამომრჩევლების წარმოსახვაში. ჩარარ და კოლტონს (2017) შემოაქვთ გაგება გეოპოლიტიკური “შუალედი”, რათა აღწერონ ისეთი ქვეყანა, როგორიცაა საქართველო – ძალიან შორეული აღმოსავლეთი იმისთვის, რომ დროზე ადრე მიიღონ ნატოში და ევროკავშირში, ისე, როგორც ეს ცენტრალური ევროპაში 1990-იანებში მოხდა.
საქართველო ძალიან შორსაა ევროპისგან იმისთვის, რომ ევროპას შეუერთდეს განხილვის გარეშე და ის ორაზროვნება, რომელიც ამ ფაქტორითაა შემოტანილი, შეიძლება იყოს დიდი სტიმული რეფორმისთვის. ევროპა (თავისი ბაზრებით), რომელსაც მართავენ ევროკავშირის არარჩეული ჩინოვნიკები, ქართულ სცენარში ისე მონაწილეობს, როგორც იდეალიზირებული გადამრჩენი. ეს არის ანტიევროპული პოპულიზმის სრული საწინააღმდეგო, რომელიც არსებობს ნახევრადკონსოლიდირებულ სხვა აღმოსავლეთევროპულ დემოკრატიული ქვეყნებში (მაგალითად, პოლონეთი, უნგრეთი, თურქეთი). სააკაშვილის ინოვაციები აშკარად დაკავშირებული იყო საქართველოს საფრთხეებთან და აღმავალ ინსტიტუციონალიზირებულ რეფორმებთან, როცა გამოიყენებოდა ევროკავშირ/ნატოს ჰაერში ჩამოკიდებული წევრობა, როგორც მექანიზმი, რომ მომავალი უფრო ახლოს ჩანდეს, ვიდრე ეს რეალურადა. ევროკავშირი და ნატო მაღალიდეალიზირებული მისწრაფებებია” – ასკვნის მკვლევარი.
***
რატომ მიიქცია თქვენი ყურადღება მიხეილ სააკაშვილმა? – ვკითხე ჯესი დრისკოლს.
ჩემი, როგორც პოლიტიკურ მეცნიერის, მკვლევარის კარიერის ყველაზე მეტი ხნის განმავლობაში არამუდმივად საქართველოში 2005-დან 2008-მდე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ჩემ პირველ წიგნზე – “სამხედრო ხელმძღვანელობა და პოლიტიკოსების კოალიციები პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში”. მე და ჩემი თანაავტორი, უილიამ და მერის კოლეჯის პროფესორი დანიელ მალინიაკი ვწერდით მცირე წიგნს 2008 წელის აგვისტოს ომზე, რომელიც სააკაშვილის ფსიქოლოგიისადმი ჩვენი ინტერესის ნაწილია. ამ საკითხს ახალი კომპიუტერული საშუალებებით ვიკვლევდი.
არსებობს თუ არა პოსტსაბჭოთა ლიდერების სიტყვების/ გზავნილების შესწავლის პრაქტიკის ტრადიცია?
სოციალურ მეცნიერებებში ლიდერების სიტყვების ანალიზის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს. ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური მეცნიერის, ჯონათან ვიტლის სიტყვები, რომელიც საუბრობს გია ნოდიაზე (ქართველ პოლიტიკური მეცნიერი). ნოდია საუბრობდა სააკაშვილის ლიდერობის სტილზე და ჩვენ ნოდიას, როგორც ექსპერტის სიტყვებს დავეფუძნეთ. ეს კი დამოკიდებულების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა იმით, რომ გაჩნდა კომპიუტერული პროგრამები, რომელიც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ კვლევის მონაცემები უფრო რაოდენობრივად დავამუშაოთ. რახან ეს ახალია, დილეტანტიზმი არაა გამორიცხული. მე ამ საშუალებებს განვიხილავ, როგორც სოციოლოგიის ახალ ინსტრუმენტს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიული სამთავრობო ანალიტიკოსები ამ ინსტრუმენტებს იყენებენ.
რატომ უწოდეთ თქვენ კვლევაში საქართველოს თავდაცვით ომს “სააკაშვილის რისკიანი თამაში”? ამგვარი დამოკიდებულება საიდან?
ეს დამოკიდებულება წარმოშვა “ქეის” კვლევამ, რომელიც ჩემმა თანაავტორმა გამოაქვეყნა ჟურნალში Security Studies და The Journal of Politics. მე ამ “ქეისს” კარგად ვიცნობ და მესმის ის შეხედულებაც, რომ ეს იყო თავდაცვითი ომი ანდა საჭირო ომი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ სხვა ლიდერს 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიძლება სხვაგვარად ემოქმედა და ომი იმდაგვარად არ მომხდარიყო, როგორადაც მოხდა. ცხადია, ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ. ასევე, გირჩევდით ამასთან დაკავშირებით ჩვენი სხვა სტატიებიც წაიკითხოთ.
თქვენ სააკაშვილის სიტყვებში ჩვენს პროევრო და პრონატო მისწრფებებს ანტირუსული პოპულიზმი უწოდეთ. ტერმინი “პოპულიზმი” ჩვენ მენტალიტეტში არასახარბიელო კონოტაციისა – ნიშნავს ზედაპირულს, არარეალურ შოუს. ცხადია, პოლიტიკა რაღაც სახით შოუა, მაგრამ შეგიძლიათ უფრო გასაგებად ახსნათ რას გულისხმობდით?
პოპულიზმს, რომელსაც მე ვგულისხმობ, ბრუბაკერის (2017) განსაზღვრებითაა და გულისხმობს ანალიტიკურ კატეგორიას, რომელიც აერთიანებს დისკუსიასა და პოლიტიკურ მუშაობას. იგი ეყრდნობა ისეთ ოთხ კომპონენტს, როგორებიცაა: პოლიტიკის ანტაგონისტური რეპოლიტიზაცია, რომელიც ეყრდნობა წარმოდგენას, რომ ელიტაში განსხვავებული აზრები არაა წარმოდგენილი; მაჟორიტარიზმს (პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას უმრავლესობის პრიმატს ეყრდნობა); ანტიინსტიტუციონალიზაციას და ნაციონალურ პროტექციონიზმს.
ჯესი დრისკოლის წიგნი
ვარდების რევოლუცია იყო პოპულისტური მოძრაობა ზემოთმოყვანილი განსაზღვრებით. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი პოპულისტი პრეზიდენტი იყო. მან გაიმარჯვა გასაოცარი პოპულისტური მანდატით (97%). ვფიქრობ, რომ საინტერესოა მისი პოპულისტური სიტყვების შინაარსი. იგი აერთიანებდა ანტირუსულ გეოპოლიტიკურ ენერგიას, შიდა რეფორმების მოთხოვნილებას; შემდეგ კი ნამდვილ რეფორმებს განახორციელებდა და ეს მართლაც მუშაობდა. ამიტომ მის პირად პოპულისტურ ბრენდზე ყურადღების გამახვილება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვიკვლევთ ასე ღრმად მის სიტყვებს. ასეთი პოპულისტური მანდატით განა ყველა პოსტ ვარდების რევოლუციის ლიდერი გააკეთებდა იგივეს? სხვა ლიდერი, ალბათ, სხვაგვარად მოიქცეოდა ნატოს, რუსეთისა და ევროპისა და შიდა რეფორმების მიმართ. ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა საქართველოში სამუდამო კვალი დატოვა. იგი იყო თეატრალური პიროვნება, მისი “შოუს” ეფექტები უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა.
თქვენი კვლევით, რა დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი და რა სარგებლობა ჰქონდა “მიხეილ სააკაშვილის საინტერესო ქეისს” პირადად თქვენთვის და ზოგადად?
მოკლედ, იმის თქმა შეიძლება, რომ საჯარო გამოსვლებში სააკაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ უმეტესად ისევ იმ თემებზე საუბრობდა, რაზეც – მანამდე.
ამ თემის კვლევის სარგებლობა კი იმაშია, რომ როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ჩვენ ვარჩევთ სწორედ იმ თემებს, რომელიც, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია. ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილის წიგნი სრულადაა დაწერილი და ვფიქრობ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დინამიკის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილის მემკვიდრეობა შეიძლება უკრაინისთვის გაკვეთილი გახდეს და შესაძლებელია მას იქ პოლიტიკური მომავალიც ჰქონდეს. პირად დონეზე კი მე ამგვარად ქართველებისადმი სოლიდარობას გამოვხატავ. ძნელია ამის ახსნა თუ რატომ. ვფიქრობ, რომ ჩემი თანაავტორიც თქვენდამი იგივე დამოკიდებულებისაა
26.07.2019
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment