Tuesday, August 6, 2019

ახალი ქართულ–ამერიკული ფონდის პრეზენტაცია ნიუ იორკში




ნიუ იორკში მანჰეტენზე მდებარე “პოლონეთის კულტურის ამერიკულ ცენტრში” – “კოსტიუშკოს ფონდში” (რომელიც პოლონეთისა და აშშ–ის გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერია) ახალი ქართულ–ამერიკული ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. სამი ქართველი ემიგრანტის, მომღერლების: ბექა გოგინაშვილის, მზია ბეკურაშვილისა და მალხაზ მანგოშვილის ინიციატივით დაარსდა საერთაშორისო ორგანიზაცია “კულტურული და საგანმანათლებლო ფონდი”, რომლის მიზანია სხვადასხვა ეროვნებისა თუ ასაკის ადამიანებისთვის ხელოვნების პოპულარიზაცია და სახელოვნებო განათლების მიღებაში დახმარება.

ნიუ იორკში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის გუნდის რეგენტის, მალხაზ მანგოშვილის სიტყვებით ამ ეტაპზე ფონდის გეგმებში შედის კონცერტებისა და საქველმოქმედო საღამოების გამართვა და შეგროვებული თანხით სხვადასხვა საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტის მხარდაჭერა.




ქართულ–ამერიკული ფონდის პრეზენტაცია







ქართულ–ამერიკული ფონდის პრეზენტაცია



პრეზენტაციის საღამოსთვის სპეციალურად იტალიიდან ჩამოვიდა იტალიაში ბექა გოგინაშვილის პედაგოგი, ქალაქ ოზიმოს საოპერო აკადემიის პროფესორი, “რავენა ფესტივალის” ხელმძღვანელი მაესტრო ალესანდრო ბენინი, რომელმაც პრეზენტაციაზე შესრულებული თითქმის ყველა ნაწარმოების აკომპანიატორი იყო. ფონდს თავისი მხარდაჭერა გამოუცხადეს “მეტოპერის” არაერთი ცნობილი მომღერლის პედაგოგმა მარკ ოსვალდმა და ქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ, რომელმაც ფონდს მასტერკლასების ჩატარება აღუთქვა.

ფონდის წარდგინებაზე ბექა გოგინაშვილმა, პერი სუსმანმა, სოფია სილაგაძემ, ლევან აბუთიძემ, მარი ლანგსტონმა, მალხაზ მანგოშვილმა, ირმა დვალიშვილმა პოპულარული საოპერო არიები და რომანსები შეასრულეს. საღამოს დასასრულს კი 2016 წლის ბავშვთა ევროვიზიის გამარჯვებულმა, 13 წლის მარიამ მამადაშვილმა ჯუდი გარლანდის რეპერტუარიდან სიმღერა “ცისარტყელის მიღმა” იმღერა. იგი ამჟამად ტომლინსონის საშუალო სკოლასა და ბროდვეის აკადემიაში სწავლობს.




17.06.2019

NETGAZETI,GE

No comments:

Post a Comment