ლინკოლნ ცენტრის ევერი ფიშერ ჰოლში ნიუ იორკის ფილარმონიამ მსმენელს რამდენიმე უჩვეულო კონცერტი შესთავაზა: დიდ ეკრანზე - ჰიჩკოკის ფილმები და კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეა“, ხოლო სცენაზე - ორკესტრი ფილმის ეპიზოდებს შესაბამისი კინომუსიკის ფონს პარალელურად ურთავდა.
სანახაობრივად და აღქმის თვალსაზრისით ეს მართლაც მშვენიერი იდეა გახლდათ და ამ იდეის ასევე ოსტატურად განხორციელების ნიმუშიც. თუმცა ამ ორი ხელოვანის კინოფილმების კონცერტებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჰიჩკოკის პერფორმანსი, ბუნებრივია, გაცილებით საინტერესო და ცოცხალი იყო, ვიდრე კუბრიკის კოსმოსური სიცარიელე:
ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მაიმუნების სირბილ-კივილი და ერთ-ერთის მიერ ზევით აგდებული ძვალი, გადაქცეული შავ უსასრულობაში მოძრავ კოსმოსურ ხომალდად, რომელშიც იდეალური სისუფთავე, გრძელი პაუზები და მოწყენილობა სუფევს. შეიძლება ეს ჩემი დამოკიდებულების ბრალია, სამეცნიერო-ფანტატისკური ჟანრი არასოდეს მიყვარდა, მაგრამ მაინც. დამოკიდებულებას ხელს არ შეუშლია სასპენსური ჩართულობით მომესმინა როგორც ჰიჩკოკის კომპოზიტორებისთვის“- ჰერმანი, ტიომკინი, მიურეი, გუნო (დირიჟორი კონსტანტინე კისტოპოულოსისი. ეს ნიუ იორკის ფილარმონიაში მისი დებიუტი იყო), ასევე კუბრიკის კომპოზიტორებისთვის“ - ლიგეტი, რ. შტრაუსი, ი. შტრაუსი, ხაჩატურიანი (დირიჟორი ალან გილბერტი, ნიუ იორკის ფილარმონიის სამუსიკო დირექტორი). საკუთარ თავს კი დრო და დრო იმაზე ვიჭერდი, რომ, სამწუხაროდ, ჩემს და არა მარტო ჩემს მეხსიერებაში ფილმის სამუსიკო ავტორებს სათანადო ადგილს არ მივუჩენთ და თითქოს ვერც კი ვამჩნევთ მელოდიურ თუ კაკაფონიურ ფონს. არადა მუსიკალური აურა ისევე მნიშვნელოვანია კინოს მთლიანობისთვის და სიუჟეტის აღქმისთვის, როგორც სცენარი და მთავარი გმირები.
წარმოდგენა დაიწყო უსამართლოდ მივიწყებული კომპოზიტორის ლინ მიურეის მუსიკითა და ეკრანზე ჰიჩკოკის კატის გაქცევის“ (ფილმი ქურდის დაჭერა“) სცენით. კომპოზიტორმა თავისი კარიერა ბროდვეის თეატრებში გუნდის არანჟირებიდან დაიწყო და მერე რადიო - ტელე გადაცემების, ფილმების მუსიკალურ ავტორი გახდა და ასე აღმოჩინა ალფრედ ჰიჩკოკი; მოგვიანებით კი ჰიჩკოკის სატელევიზიო შოუების - ალფრედ ჰიჩკოკი წარადგენს“ და ალფრედ ჰიჩკოკის საათის“ კომპოზიტორიც გახდა. ეკრანზე ერთმანეთს ანაცვლებდა სცენები და მუსიკა ჩრდილოეთი ჩრდილოდასავლეთის გავლით“ (ჰერმანი), უცნობი მატარებელში“ (ტიომკინი), ქურდის დაჭერა“ (მიურეი), მკვლელეობის შემთხვევაში აკრიფეთ მ“ (ტიომკინი). წარმოდგენას კი წინ ახლდა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის ალეკ ბალდვინის (იგი ნიუ იორკის ფილარმონიის გამგეობის წევრი და სამსახიობო მრჩეველი, თანამოსახელე რადიოს წამყვანი და ასევე არაერთი სახელოვნებო გაერთიანების მეცენატია) შესავალი, რომელიც ჰიჩკოკთან მოთანამშრომლე მუსიკოსების შესახებ გვიყვებოდა. მათ შორის დმიტრი ტიომკინზე, რომელსაც ალფრედ ჰიჩკოკთან და ზოგადად ჰოლივუდთან განსაკუთრებულად ნაყოფერი თანამშრომლობა ჰქონდა. ბალდვინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რეჟოსორი თავის ფილმებში მუსიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა; ისეთსავეს, როგორსაც პაუზას და ძალიან ხშირად კომპოზიტორების შეთავაზებებსა და კორექტივებს თანხმდებოდა. მაგალითად, მან ფსიქოს“ კომპოზიტორს ბერნარდ ჰერმანს სთხოვა, რომ საშხაპეში მკვლელობის ეპიზოდი მუსიკის გარეშე დაეტოვებინა, თუმცა მოგვიანებით, როცა ჰერმანმა ამ სცენისთვის ვიოლინოს მკივანა მელოდია“ შექმნა, ჰიჩკოკს იგი მოეწონა და აღიარა, რომ მისი საკუთარი იდეა უმუსიკობის“ თაობაზე უადგილო იყო. იმ 48 ფილმიდან, რომელიც ჰიჩკოკმა ხმოვან ეპოქაში შექმნა, შვიდის კომპოზიტორი ჰერმანი გახლდათ, ხოლო მერვე ფილმის მუსიკალური დიზაინიც“ მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწერა. ჰიჩკოკის გარდა ჰერმანი ნაყოფიერად მუშაობდა ორსონ უელსთან (მოქალაქე კეინი“), ასევე მისი გაფორმებულია“ ჯ. მანკიევიჩის მოჩვენება და მისის მიური“, ლი ტომპსონის შიშის კონცხი“, მ. სკორსეზეს ტაქსისტი“, ფ. ტრიუფოს ფარენგეიტი 451“ და ბ. დე პალმას დები“. ეს ადამიანი XX საუკუნის ყველაზე ცნობილი კინოკომპოზიტორია, რომლმაც ძალიან მცირე ასაკიდან ვიოლინოს სწავლა დაიწყო, 13 წლისამ კი სიმღერა დაწერა, რომლის ჯილდოდაც ასდოლარიანი ბანკნოტიც მიიღო. სხვათა შორის, 64 წლის ჰერმანი იმ ღამეს გარდაიცვალა, როცა ტაქსისტის“ მუსიკის ჩაწერა დაასრულა. მარტინ სკორსეზემ კი ფილმი სწორედ ბერნარდ ჰერმანის ხსოვნას მიუძღვნა.
მართალი გითხრათ, ჰიჩკოკის რეტორსპექტივის საშუალება დიდი ხანია არ მქონია, ჰოდა, კერი გრანტისა და გრეის კელის ორკესტრის თავზე აღმართულ დიდ ეკრანზე (პაუზებში ორკესტრანტებიც უყურებდნენ ფილმს, თუმცა, ცხადია, მათთვის ასე თავაწეულად მაყურებლობა არც ისე კომფორტული უნდა ყოფილიყო) ხილვა არა მარტო დაძაბულობის ოსტატის ხელწერის გახსენების, არამედ მუსიკალური სამზარეულოს“ ყურების და კომპოზიტორების შესახებ კონფერანსიე“ ბალდვინის საინტერესო ჩანართების მოსმენის შანსიც. რუსი პიანისტი დმიტრი ტიომკინი მანამ, სანამ ჰიჩკოკის ფილმებს გააფორმებდა და ოთხგზის ოსკაროსანი (ოსკარზე 22 - ჯერ იყო ნომინურებული. იგი ჰოლივუდის 140 ფილმის კომპოზიტორია) გახდებოდა, სანკტ - პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა, კომპოზიციას კი ა. გლაზუნოვი ასწავლიდა. მერე რუსეთიდან გერმანიაში გადასხლდა, სადაც ასევე მუსიკის კლასებს იღებდა. 1928 წელს პარიზში ჯ. გერშვინის საფორტეპიანო კონცერტის დებიუტზე დაუკრა, მერე კი ფ. შალაპინის რეკომენდაციით ამერიკაში წამოვიდა, სადაც ჰოლივუდის ერთ-ერთი წარმატებული კინოკომპოზიტორი გახდა; ამას გარდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ, ამერიკული პროპაგანდისტული ფილმების შექმნაშიც მონაწილეობდა და ამის გამო იგი აშშ-ის სამხედრო უწყებამ დააჯილდოვა კიდეც. გარდა სახელოვნებო გემოვნებისა, ტიომიკინისა და ჰიჩკოკის დაახლოვების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ორივეს საჭმელი, სასმელი და დიდი წვეულებები ძალიან უყვარდათ. იმასაც ამბობენ, რომ ჰიჩკოკ - ტიომკინის პროექტები ყოველთვის მდიდრულ სუფრასა და ღვინის ფესტივალს ჰგავდაო.
IXX საუკუნის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, პარიზის კონსრევატორიის კურსდამთავრული ჩარლზ გუნო ჯერ მღვდლობაზე ოცნებობდა, მერე კი დირიჟორი და ისეთი ოპერების ავტორი გახდა, როგორიცაა ფაუსტი“, რომეო და ჯულიეტა“ და საფო“. ჰიჩკოკს, ბუნებრივია, ის ვერ მოესწრო, უბრალოდ, გუნოს მარიონეტების დასაფლავების მარში“ ჰიჩკოკმა თავისი სატელევიზიო შოუს ქუდად გამოიყენა და ამგვარად გუნოს მარიონეტების“ ჟღერადობა სამუდამოდ მიება ალფრედ ჰიჩკოკის სატალევიზიო იმიჯს. ამერიკის მწერლთა გილდიამ“ ჰიჩკოკი, როგორც Alfred Hitchcock Presents -ის ავტორი, 101 ყველაზე საუკეთესო სერიალების ავტორის ნუხსაში შეიყვანა.
***
1964 წელს სტენლი კუბრიკმა გადაწყვიტა შეექმნა ფილმი, რომელიც ადამიანისა და უნივერსის ურთიერთობას ასახავდა. ამისთვის მან ფანტასტი მწერლის არტურ კლარკის ნაწარმოებებს მიმართა, შთაგონების წყარო კი გახლდათ ფილმი-ეპიკა როგორ გაიმარჯვა დასავლეთმა“ (ამ ემიგრაციული კინოსაგის შექმნაში რამდენიმე რეჟისორი მონაწილეობდა. 1962), რომელიც კუბრიკმა ინტერგალაქტიკურ რომანად“ გარდასახა. ბუნებრივია, 2001: კოსმოსური ოდისეის“ (1968) ირონიის გარეშე აღქმა შეუძლებელია, მითუმეტეს - დღეს. თუმცა მაშინაც კრიტიკა საკმაოდ დაუნდობელი იყო კურბიკის მიმართ და ამ ამერიკულ-ბრიტანულ კოსმოსურ კინოპროდუქციას მონუმენტურად უწარმოსახვო ფილმს“, ჰიპნოზსა და უსაზღვრო მოწყენილობას შორის მდებარეს“ უწოდებდა. კრიტიკოსებს მოწყენილობის თაობაზე სასებით ვეთანხმები და მიუხედავად ამ საკულტო ფილმის სახელისა (კუბრიკმა ერთადერთი ოსკარი სწორედ ამ ფილმისთვის აიღო), ჩემს თავს იმაზე ვიჭერდი, რომ ეკრანზე კოსმოსური ხომალდის ბინადართა ზანტ ცხოვრებაზე, მოწინავე ტექნოლოგიებზე, არადედამიწისეულ მოძრაობებსა და დამიანის ევოლუციაზე“ დაკვირვება მალე მღლიდა და შიგა და შიგ ჯოზეფ შტრასუსის ცისფერი დუნაისა“ და რიხარდ შტრაუსის ასე ამბობდა ზარატუსტრას“ ფონზე (ეს უკანასკნელი საბჭოელების მეხსიერებაში ტელეთამაშთან რა, სად, როდის?“ ასოცირდება), პარტერში ჩემს წინ მსხდომი მომღერლის სტინგის, მისი ცოლისა და ალეკ ბალდვინის კისრებს გავხედავდი ხოლმე; ბალდვინის მცირე პოლიტიკური ამბიციები მახსენდბოდა, თან ვგეგმავდი, ანტრაქტის დროს როგორ მომეხელთებინა დრო და მათთან ერთად ფოტო გადამეღო. ეს ლირიული გადახვევა. რაც შეეხება მუსიკას: კუბრიკმა თავისი ოდისეის“ ვიზუალურ-აუდალური ეფექტების გასაძლიერებლად თანამშრომლობა ცნობილ კინოკომპოზიტორ ალექს ნორთთან (ოსკაროსანი მეზღვაურის სიკვდილის“, ტრამვაი სახელად სურვილის“, კლეოპატრას“, ვივა ზაპატას!“ კომპოზიტორი) დაიწყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, თუმცა - ფრიად არაკორექტულად. ნორთმა იმის შესახებ, რომ მისი მუსიკა დაიწუნეს“ მხოლოდ ფილმის პრემიერის დროს შეიტყო, რის გამოც, ბუნებრივია, შოკში ჩავარდა. თუმცაღა მოგვიანებით (2007) ორივეს, ნორთისა და კუბრიკის, ავტორობით გამოვიდა სიდი კოსმოსური ოდისეისთვის“ ჩაწერილი მუსიკით. ზოგი ამბობდა, რომ კუბრიკმა წააგო, როცა ნორთის მუსიკას ზურგი შეაქცია; ზოგიც ამბობდა, რომ კუბრიკის მიერ კლასიკური მუსიკისგან გაკეთებული კოლექცია უნივერსში სამოგზაუროდ ყველაზე ადეკვატური იყო. იმასაც ამბობდნენ ვის ძალუძს როსინის უილიამ ტელის უვერტიურის“ მოსმენა იმის გარეშე, რომ დისნეის სტუდიის კინოშვილი“, ვესტერნი ლოუნ რეინჯერი“ არ გაახსენდესო. ფაქტობრივად, ლუჩანო პავატორის არ იყოს, რომელიც კლასიკური მუსიკის თუ სინგლების“ (მაგალითად, სტინგთან და სხვებთან ვერდის რიგოლეტოს“ ლამაზმანების გულის“ ერთად შესრულება) ტრივიალიზაციას საკუთარი თავის პოპულარობისა და ოპერის მასებში“ გასატანად იყენებდა. აი, სტინგის კუბრიკის კინოკონცერტზე დასწრების მიზეზიც ვიპოვე და მასთან მთავარი სალაპარაკო თემაც იმის გარდა, რომ საქართველოდან ვარ, სადაც იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბრძანდებოდა. ხუმრობა იქეთ იყოს და, ბუნებრივია, კუბრიკის შემთხვევაშიც კინორეჟისორმა მუსიკის გამოყენებით ნებსით თუ უნებლიედ კლასიკოსი კომპოზიტორების ცნობადობას შეუწყო ხელი.
რუმინელ-უნგრელ-ავსტრიელი კომპოზოტორი ჯორჯ ლიგეტი, რომლის ებრაულმა ოჯახმა ყველა ის უბედურება გადაიტანა, რაც ჰიტლერ-სტალინის ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინოვაციური კომპოზიტორია, რომლის ელექტრონული მუსიკა ლამის ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორითაც - მისი ინსტრუმენტალური კლასიკა. მას მერე რაც 1956 წელს საბჭოთა ჯარმა უნგრელების აჯანყება სისხლში ჩაახშო, იგი ვენაში გაიქცა, სადაც დაასრულა ერთადერთი ოპერა Le Grand Macabre (დიადი გვამი“) - აბსურდის თეატრი, რომელსაც თავად ანტიოპერას“ უწოდებდა. თუმცაღა ჯორჯ ლიგეტს მსოფლიო ცნობადობა არა იმდენად პიესებმა სიმებიანმა კვარტეტისტვის მოუტანეს, არამედ კუბრიკის მიერ 2001: კოსმოსური ოდისეისთვის“ გამოყენებულმა საუდტრეკმა, რომელიც ლიგეტის ცნობილი ნაწარმოებებისგან: Atmospheres, Luc Aetena, Requiem და Aventures-გან და მათი ინტერპრეტაციებისგან შედგება. აღმოჩნდა, რომ ჯორჯ ლიგეტიმ არაფერი იცოდა კუბრიკის განზრახვაზე გამოეყენებინა კომპოზიტორის მუსიკა და მითუმეტეს დაემახინჯებინა“ იგი, რის გამოც საქმეში სასამართლო ჩაერთო. მაგრამ პრობლემა ლიგეტსა და კუბრიკს შორის იურიდიული გარჩევების გარეშე მოგვარდა და ნაწილობრივი კომპენსაციისათვის კუბრიკს ლიგეტის კომპოზიციები მოგვიანებითაც უნდა გამოეყენებინა. ფაქტობრივად, ასე გამოდის, რომ ალექს ნორთთან დაკავშირებული გაუგებრობა“ განმეორდა. სხვადასხვა წლებში დაწერილი ზემოხსენებული ოთხივე ნაწარმოები კი ლიგეტის პირადი მიკროპოლოფონიური და პოლირიტმული ფილოსოფიაა“, რომელიც ექსპერიმენტირებს როგორც ინსტრუმენტოთ, ასევე ვოკალით. მოგვიანებით ლიგეტის მუსიკა კოსმოსური ოდისეის“ სიქველშიც აჟღერდა. ამ კომპოზიტორის ნაწარმოებებს სხვა არაერთი რეჟოსორიც იყენებდა, მათ შორის, მარტინ სკორსეზე (დაწყევლილთა კუნძული“).
1863 წელს ფ. ნიცშეს ფილოსოფიური რომანით ზეადამიანი“ შთაგონებულმა რიხარდ შტრაუსმა შექმნა სიმფონიური პოემა ასე ამბობდა ზარატუსტრა“, რომლის პოპულარიზატორი, როგორც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ლოლიტასა“ და მექანიკური ფორთოხლის“ რეჟისორი აღმოჩნდა და თანაც ფილმში, სადაც ძირითადად მუსიკა ლაპარაკობს, ხოლო ადამიანთა დიალოგები მინიმალურამდეა დაყვანილი. იოზეფ შტრაუსის სავალსო მუსიკა კი იმ ხომალდების საცეკვაო ლივლივზე, რომელთა შიგნით უწონობაა, სწორედაც რომ ზედგამოჭრილია. არამ ხაჩატურიანის ადაჟიო“ (ბალეტი გაიანე“) კი მაშინ ჟღერს, როცა უცნაური ფორმის, ნაცრისფერი, თავკომბალა ხომალდის სალონში თეთრ ბოტასებში, თეთრ წინდებში, თეთრ შორტებში და შავ მაისურში გამოწყობილი კოსმონავტი წრეზე (სახურავზე, ისევე როგორც იატაკზე) დარბის, ვარჯიშობს და ამ უსასრულო სიშავის ფონზე ადამიანის სხეულის კონტურები წითელი სხივებით ისახება.
24 საათი 08.11.13
No comments:
Post a Comment