Wednesday, January 8, 2014

სახელმწიფომ და ეკლესიამ საერთო ადამიანების დახმარების სურვილის დაგმობაში გამოძებნეს



ბავშვები მათი აღზრდა, დაცვა თითქოს ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვუშვებთ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით, მოუვლელობით და ავადმყოფობით დაიხოცნონ. ამას ემატება სახელმწიფოსა და ეკლესიის გულგრილობა და იქამდე ხელის შეშლა ქველმოქმედებაზე. სახელმწიფო-ეკლესიის ტანდემმა ორგანიზაცია „იდენტობას“საშუალება არ მისცა მიუსაფარი ადამიანებისთვის თავშესაფარი გაეხსნა. რატომ ხდება ასე? ბავშვების (და დიდების) მიმართ ძალადობა და გულგრილობა რატომ იქცა ნორმად? რა როლი აქვს მედიას ამ საკითხში?

Newpress.ge-ის კითხვებს პასუხობს ბავშვთა ფსიქიატრი ია მერკვილაძე.

- იშვიათი აბსურდის ზეზღვარს მიღმაა არა მარტო საპატრიარქოს, არამედ სახელმწიფოს საარაკო ნეგატიური დამოკიდებულება "იდენტობის" მიმართ მას მერე, რაც ამ ორგანიზაციამ უსახლკაროთა მცირე თავშესაფრის შექმნის იდეა გააჟღერა. აქ უბრალოდ შეუძლებელია ერთი კლასიკოსი სატირიკოსის სიტყვები არ გაგახსენდეს ეშმაკის დიდი ოპტიმისტობის შესახებ, ვინაიდან ეშმაკს სჯერა, რომ ადამიანებს უფრო უარესებს ვერ გახდის. ორივე "სუბიექტის", სახელმწიფოსა და ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა ამგვარი ინიციატივების არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ ოპერატიულად ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე მატერიალურად ზრუნვა და არა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების მოსასმენი აპარატების შეძენა, 110 000 ევროიანი მანქანის ყიდვა, კანონიერი ქურდების მიერ აშენებული ეკლესია–ტაძრების კურთხევისას მღვდლის გვერდით სანთლით დგომა და პარლამენტარის "უინძორების სასახლეში" ფრესკებით მოხატული ჭერით აღფრთოვანება.

ეკლესიის უპირველესი ფუნქციაა კეთილი სამარიტელობა და არა ლოცვებში ფურცელზე ჩამოწერილი გვარ–სახელების მოხსენიება, ნათლობა–ჯვრისწერის ფასიანი რიტუალის ჩატარება და "სამარხვო მაიონეზის" გაყიდვადობის უზრუნველყოფა. არადა, ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი და ჩინოვნიკები საბიუჯეტო თანხებით მოგზაურობენ, ამგვარი თავშესაფრები, რომლებსაც არასახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე დაწესებულებები ხსნიან, ძალიან ბევრია.

ადამიანთა კეთილ ინიციატივებს (მაგალითად, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები) კი უპირველესად სახელმწიფო უჭერს მხარს და ეხმარება, როგორც კონსულტირებით, ასევე ფულადი თანხითაც. უბრალო მიზეზის გამო. ადამიანები სიცივისგან, შიმშილისგან და უწამლობისგან არ უნდა კვდებოდნენ და ეს პრინციპი კონსტიტუციურად ერთმანეთისაგან გამოყოფის მიუხედავად, სახელმწიფოსა და ეკლესიას უნდა აერთიანებდეს. რეალურად კი ქართულ სინამდვილეში ვხედავთ, რომ ორივემ საერთო ადამიანების დახმარების სურვილის დაგმობაში გამოძებნა. იტალიაში, მაგალითად, უსახლკაროთა თავშესაფრები კათოლიკური ეკლესიების ბაზაზე არსებობს და ისინი ჭერს მარტო იტალიელებს კი არა, არაკოთოლიკე ქართველებსაც (რასაკვირველია, სხვებსაც) და ე.წ. არალეგალებსაც აძლევენ; აშშ–ში არსებობს უსახლ–კაროთა უამრავი თავშესაფარი, რომელთა მოხალისეები პაპანაქება სიცხესა თუ გაუსაძლის ყინვაში ქუჩაში დგანან, პატარა ზარის ხშირი წკარუნით ადამიანებს ასე ვთქვათ, პათეთიკურად ახსენებენ არა მხოლოდ იმას, თუ "ვისთვის რეკს ზარი", არამედ იმასაც, რომ ჩვენს გარშემო არიან ისინი, ვის ფიზიკურ არსებობასაც პირდაპირი საფრთხე ემუქრება. თავი რომ დავანებოთ დიდი, საშუალო თუ მცირე საქველმოქმედო აქციების ჩატარების ტრადიციას, ამგარი "მეზარეები" ქუჩაშიც გამვლელთაგან არც ისე მცირედ თანხას აგროვებენ. ბუნებრივია, მოხალისეები იდენტიფიცირებულები არიან, დგანან ორგანიზაციის სიმბოლოკით, აქვთ ორგანიზაციის სავიზიტო ბარათები, რომლის წესდება თუ ხარჯთაღრიცხვა საჯაროა.

- ქართულ სინამდვილეში მრავლად არის ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები, თანაც ისე, რომ ამ ძალადობაზე საზოგადოებას რეაქციაც არა აქვს, არც თვლის ძალადობად. ჩვენი მგრძნობელობა და სენტიმენტები რატომ არ იცავენ ბავშვებს უფრო მეტად?




-თქვენს მიერ წამოჭრილი საკითხის ერთ–ერთ ასპექტს მინდა შევეხო. ეს გახლავთ ისეთი ფენომენების ურთიერთმიმართებების გაანალიზების აუცილებლობა, უფრო სწორედ, დღევანდელ საქართველოში მისი სრული გაუაზრებლობა, როგორიცაა, მაგალითად, ქალი/კაცი და ტოტალიტარული სისტემა (შესაბამისად – ძალადობა), ასაკოვანი ადამიანი და ტოტალიტარული სისტემა, ბავშვი და ტოტალიტარული სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი და ტოტალიტარული სისტემა, ანდა სექსუალური ორიენტაცია და ტოტალიტარული სისტემა. ტოტალიტარულ სისტემაში ამ შემთხვევაში არ ვგულისმობ მხოლოდ პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ეკლესიასაც, რომელიც ჩვენს რეალობაში თავისი პოლიტძალაუფლებითა და გავლენის ბერკეტებით არასეკულარულ გარემოში არაადეკვატურად აქტიური და მთავარი როლის შემსრულებელი გახდა. საქართველოში არსებული პოლიტიკურ–სოციალურ–კულტურული გარემო, არსებული პოსტკოლონიალურ–პოსტტოტალიტარული „აურის“ გავლენის ქვეშაა და ამ პირობებში, ბუნებრივია, ძალადობისადმი მგრძნობელობა თუ ადრე მიბმული იყო „წითელ ტერორზე“, როცა იმათი შვილები და ნათესავები, რომლებსაც სტალინი ოჯახის სრულიად უდანაშაულო წევრებს უხვრეტდა და უგზო–უკვლოდ უქრობდა, ბელადს მაინც აღმერთებდნენ; ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია კი მიჯაჭვულია ომის „ბიოლოგიაზე“. ომში მხოლოდ საქართველოს თავსდამტყდარ კალაშნიკოვურ თუ ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ იარაღის ანდა პოლიციის ხელკეტების პერიოდის „არაპროპორციული ძალის გამოყენების“ ფაქტებს არ ვგულისხმობ, არამედ ომებს უბანში და „სასტავებს“ შორის. „კაი ბიჭობისთვის“, „კაი პალაჟენიისთვის“, „კაი ბიზნესისთვის“, „კაი ქართველობისთვის“, მათ შორის – „კაი მართლმადიდებლობისთვის“.

უახლოესი ისტორიიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია 17 მაისი – დესტრუქციული ძალის დემონსტრატიული ჩვენება, რომელიც „პროდასავლური ორიენტაციის“ ქვეყნის „ბართლომეს ღამის“ ქართული თანამედროვე ვერსია გახდა. საპატრიარქოს მხრიდან კი ეკლესიის მოძალადე მსახურების, ამ „პოგრომის“ ინიციატორთა „უზრდელ მღვდლებად“ მონათვლამ და სახელმწიფოს წაყრუებამ ისევ გაამყარა ჩვენი ისედაც პატრიარქალური იერარქია: ვინაა და ვინ უნდა იყოს დომინანტი და ვინ – უფლებრივად უჩინარი. როცა ბავშვი, მოზარდი თუ უკვე კარგა ხნმის მოზრდილი წლების განმავლობაში ხედავს, რომ ძალადობა კონვერტირებადი ვალუტაა; როცა ხედავს, რომ სკოლაში ბულინგი; ქუჩაში, სოციალურ მედიაში სხვა ადამიანის აბუჩად აგდება, დაშინება თვითდამკვიდრების სოციალურად მისაღები ფორმაა, როცა ეკლესია კერპთაყვანისმცემლობას ქადაგებს, მარჯვენათი ვითომ ძალადობასა და მიზანთროპიას გმობს, მარცხენათი – ძალადობის, ფარისევლობის, დისკრიმინაციის, განსხვავებულის მიმართ შეუწყნარებლობის კურთხევას ეწევა და, რაც მთავარია, რაც უფრო მეტადაა ამ ობსკურანტიზმით გამჯდარი გარემო ( როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს), ამ გარემოს „მენეჯერის“ რეიტინგი უფრო და უფრო ზევით იწევს, ამიტომ სრულიად ლოგიკურია არამყარი ფსიქიკა თავისი პოსტტრავმული აშლილობებით უბრალოდ დაიღალოს „შიდა ბრძოლებით“ (თუ ასეთი არსებობს), გადაიწვას წინააღმდეგობის გაწევით და... გაახსენდეს არა ჟან ვალჟანის შემკედლებელი, შანდლების მოპარვის მპატიებელი და ღარიბთა დამხმარე ეპისკოპოსი შარლ ფრანსუა მირიელის მაგალითი, არამედ – სამოქალაქო ომის „ინტელექტუალი“ თავკაცებისა და ბანდიტური დაჯგუფების ბოსების გამმართლებელი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის „ქარიზმას“ „ყველაფერი შეუძლია“ – არამართლმადიდებელი, შესაბამისად სატანიზმის მიმდევრის, „ძირითადი ინსტინქტის“ მთავარი როლის შემსრულებლის, ამერიკელი შერონ სტოუნის ატირებაც; ბესლანელი ბავშვების მასობრივი ამოჟუჟვის მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის კარზე ხლებაც, მისი „ქრისტიანული ღირებულებების ეგიდით“ ქებაც, სტალინის სიკვდილზე ბავშვობაში ტირილის სენტიმენტად გაცხადებაც და XXI საუკუნეში მსოფლიო დიქტატორის „რეპუტაციული“ რეაბილიტაციაც; დემოგრაფიაზე ზრუნვაც და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მომგებიანი ბიზნესის წარმოებაც ყოველგვარი გადასახადების გადახდის გარეშე. მრევლში და არა მარტო მრევლში კი ეს რელიგიის, ეკლესიის და შემწყნარებლობის „უცნაურ“ როლურ მოდელს ქმნის, რომელმაც კონგრუენტულად ისეთ „პოლიტიკურ ტერმინში“ ჰპოვა გამოსახულება, როგორიცაა „მოხერხება/ გახერხება“. ასე რომ, ძალადობისადმი უგრძნობელობაც ასე ალოგიკურად არ მოგვეჩვენება. ამიტომაცაა, რომ სოფელ მისაქციელში, როცა მთელი სამეზობლო დედის მხრიდან შვილისადმი გამეტებული ცემის მოწმე გახლდათ, არავის მოსვლია თავში, რომ პოლიციაში დაერეკა და მეზობელი „ჩაეშვა“, რადგან ძალადობა ხომ ასეთი ჩვეულებრივი მოვლენაა და თუ რაიმე პრობლემა წამოიჭრა, ძმაკაც/დაქალს, მღვდელს, ღმერთს უნდა ჰკითხო და არა იურისტს, პოლიციელს ან სოცმუშაკს. „ნამდვილი მართლმადიდებლები“ ხომ მორჩილები და სხვისი განმკითხავები არ არიან. არც იმ ჟურნალისტებს გასჩენიათ ეს კითხვა, რამლებიც მოკლული ბავშვის მეზობლებთან მკვლელობის თემის გასაშუქებლად სიტყვიერ მტკიცებულებებს აგროვებდნენ, არ დაბადებიათ კითხვა – რატომ იყო ამ კისერზე ჯვარჩამოკიდებულ საახლობლოში „სხვისი ჭირი, ღობეს – ჩხირი“?

რაც შეეხება სოციალურად მოწყვლადი ფენისადმი დამოკიდებულებას. ფულის ვერმოძიების ყველაზე ცნობილი მაგალითია მირზა ცეცხლაძის გადარჩენის (თუ არ ვცდები, თანხის შეგროვების ინიციატორებს 10 ათასი ევრო დააკლდათ) წარუმატებელი მცდელობა, როცა საპატრიარქოს წელს ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი გადაეცა; როცა მოდერნიზებული იუსტიციის სახლების აგებაზე უფრო მეტი იხარჯებოდა, ვიდრე ახალშობილთა სიკვდილიანობის ევროპაში საქართველოს ძალიან მაღალი მაჩვენებლის დასაძლევად; „სამართლიანობის აღდგენის“ პროექტის ფარგლებში ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ახალი სასახლის ასაშენებლადაც კვლავაც არ იშურებენ ექვსნიშნა ციფრებიან თანხას, ხოლო ქვეყნის მთავარი მილიარდერი ყველაზე დიდ ფულს (სხვა „ბენეფიციარებთან“ შედარებით) თურმე ისედაც ეკონომიკურად სავსებით უზრუნველყოფილ კი არა, ზეუზრუნველყოფილ ადამიანებს უხდიდა და ამიტომ, ბუნებრივია, ესეც იმ კომპლექსური პრობლემის, პოლიტიკის/სოციუმის „ორმაგი სტანდარტის/ ბუღალტერიის“ და ზოგადად ძალადობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან და ორგანულ მდგენელად უნდა განვიხილოთ. ძალადობას ხომ მხოლოდ ფიზიკური გამოვლენის სახე არა აქვს, ძალადობა გულგრილობაცაა, სიყრუეც, სიბრმავეც და კრიტიკის არსურვილი და უუნარობაც.

რა როლი აქვს მედიას ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ?

– პირველი, რაც ახლა გამახსენდა ჩემი სტუდენტიბის დროს, უსასოო 1990–იანებში ერთ–ერთ საავადმყოფოში პრაქტიკუმის დროს მოსმენილი ამბავია. საქმე იმაში გახლდათ, რომ ერთ ყვითელ გაზეთში (თუ არ ვცდები, ეს „ალია“ იყო) ამ საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ერთ–ერთი კოლეგის ტრაგედია ისე იყო მოთხრობილი, რომ შვილმკვდარ ოჯახს კიდევ უფრო მეტი ტყვია დაახალეს, ვიდრე სამოქალაქო ომის დროს ადამიანებმა ერთმანეთს. სტატიაში აღწერილი იყო ისიც კი, რომ მშობლებს (საპასპორტო და სხვა მონაცემების მითითებით) ნანატრი შვილი ათი თუ მეტი წლის შემდეგ შეეძინათ. მერე „ერთ მშვენიერ დღეს“ მოზარდი მეგობართან წავიდა და გზაში (როგორც მერე დადგინდა, იგი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა) იგი მოკლული იპოვეს. გაზეთი კი წერდა, რომ მან საყვარელი გოგონასგან უარის მიღებისა და ფიზიოლოგიური პრობლემების გამო თავი ქუჩაში მოიკლა და ეს სტატია სკანდალური სათაურით იყო... მშობლების თანამშრომლები, რასაკვირველია, ძალიან აღშფოთდნენ, გაზეთს საპასუხო, საპროტესტო წერილი მისწერეს, მაგრამ გამოცემამ მათ საპროტესტო განცხადების დაბეჭდვაში სოლიდური ფული მოსთხოვა. ადამიანებმა შეაგროვეს ეს თანხა, რაც იმ „კუპონური მილიონრობისა“ და ტოტალური გაჭირვების დროისთვის საარაკო თანხა იყო, მაგრამ ამ გამოცემამ ეს წერილი მაინც არ დაბეჭდა. მახსოვს ჩვენი, სტუდენტების შოკი, როცა ეს მოვისმინეთ. იმ ჩაშავებულ, ცივ, გაყინულ და ნახევრად კატაკომბური ქალაქის ფონზეც კი ამგვარი ცინიკური ისტორიის არსებობის შესაძლებლობა ამაზრზენი იყო და არა „ჩვეულებრივი“ რამ. ახლა კი რუსთავი2 – ის გაჩახჩახებულ სტუდიაში რეიტინგულ „ნანუკას შოუში“, რომელშიც ნაირფერადოვანი რეკლამები ტრიალებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის წამების კადრების გამხატვრულებული ჩვენებით, მისი უფლებების შელახვით და წამყვანის ბოჩოლას სასიხარულო წამოძახილებით „უი, რა საყვარელიაა!“ ვითომ თანამგრძნობი სიუჟეტი გადის, რომელსაც არც ოჯახის ადვოკატი ესწრება და არც ბავშვის უფლებების დამცველი... ანდა გავიხსენოთ თუნდაც 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული ვიდეო კადრები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ექიმს შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში, მე ვერც ამ ნატურალისტურ „დოკუმენტურ კადრებს“ ვუყურე. მითხრეს. რომ იქ ბავშვის გვამის ჭიდან ამოღების პროცესი პირდაპირ ეთერში აჩვენეს. როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებთან ერთად აპოკალიფსური სანახაობა მოაწყვეს, „პერფორმანსის“ საყურებლად შეკრებილებმა კი ისევე გადაჯეგეს დანაშაულის კვალი, როგორც ჟურნალისტ გ. სანაიას მოკვლის ადგილას შეჭრილმა „გულშემატკივართა გუნდმა“.

მე არ მახსოვს თუნდაც მცირერიცხოვანი ჯგუფის პიკეტი პრეზიდენტის სასახლესთან ანდა რომელიმე სამინისტროსთან შიმშილით გარდაცვლილი ბავშვის, გოგიტა აბაშიძის სიკვდილის ანდა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას დემონსტრატიული თვითმკვლელობის გასახსენებლად. თუნდაც, გასახსენებლად. მაგრამ თუ სანახაობას, მათ შორის, სატელევიზიოს საფრთხე ემუქრება, ამის გასაპროტესტებლად – მობილიზაციისთვის მოტივაცია/მცდელობა არის, რაც თავისთავად, რასაკვირველია, ცუდი ვერ იქნება. ნახევრად ხუმრობით, ქართველებს გვიყვარს „თეატრი“ და „მსახიობები“. ჩვენ ხომ ნიჭიერი ერი ვართ. მე არ ვამბობ, რომ ეს ნეგატიური პოტენციალია. უბრალოდ, როცა სასიცოცხლო პრიორიტეტებსა და სოლიდარობაზეა საუბარი და, ასე ვთქვათ, ზოგადად სამოქალაქო ცნობიერებასა თუ აქტიურობაზე და თუნდაც ამ ყბადაღებულ „ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე“, ურიგო არ იქნებოდა, თუნდაც მომავალ წელს, 23 მარტის დილის 2 : 5 საათზე საპატრიარქოს თუ სახელმწიფო დაწესებულებების წინ 1 წლის გოგიტა აბაშიძე გაგვეხსენებინა. ბავშვი, რომელსაც საპატრიარქომ „მუსლიმ ოჯახში დაბადებული“ უწოდა, სამედიცინო პერსონალმა კი ზემოხსენებულ დროს შიმშილისგან დამდგარი სიკვდილი დააფიქსირა. პროტესტი არაა მხოლოდ „ფეისბუქის“ სტატუსები, კრიტიკული ბლოგები ანდა პეტიციებზე ხელის მოწერა. პროტესტი არის ისიც, რაც, როგორც მინიმუმი, გახსოვს და ისიც, როცა „ამა ქვეყნისა ძლიერთა“ –ს და „უბრალო მოკვდავებს“ ხისტად ახსენებ, რომ გახსოვს. მეხსიერებაში კი აქ მხოლოდ ტვინის ფუნქციას არ ვგულისხმობ.

– საქართველოში საერთოდ თუ შეინიშნება მცდელობა ბავშვთა უფლებების დაცვისა, როგორც სახელმწიფოს ისე საზოგადოების მხრიდან?

– სამწუხაროდ, ამჟამად სათანადოდ ამ სფეროს თვალს ვერ ვადევნებ. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, ბავშვთა პრობლემებს კარგად ვიცნობდი, როგორც ბავშვთა ფსიქიატრი. ვმუშაობდი „ქუჩის ბავშვებთან“, დევნილ ბავშვებთან და გონებრივი განვითარების შეზღუდვის მქონე ბავშვებთან. თუმცა, როგორც არა მარტო მედიიდან, არამედ ჩემი მეგობრებისგან ვიცი, სოციალური მოწყვლადობის პრობლემა არა თუ აღმოიფხვრა, არამედ ეკლესიებთან და სამორინეებთან და იქ დაპარკინგებულ ჯიპებთან კიდევ უფრო იმატა უპოვართა რაოდენობამ, ხოლო რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს შეეხება, სავარაუდოდ, იკითხავენ, თუ წელიწადში სამასამდე ბავშვი შიმშილის ნიადაგზე განვითარებული დაავადებების გამო იღუპება, ფსიქიკა–ფსიქოლოგიაზე სადარდებლად ვისღა სცალიაო?...

– რამ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ფსიქიკური სიჯანსაღის სტაბილურობას?

– უპირველესად, კრიტიკამ. საჭიროა არსებობდეს კრიტიკული დამოკიდებულება. მაგალითად, უმრავლესობის მიერ უპირობო ავტორიტეტად აღიარებული სუბიექტების თუ ინსტიტუციების მიმართ; მშობლები, პედაგოგები, ლექტორები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები კი სწორედ კრიტიკის კულტურისა და კრიტიკული აზროვნების პროპაგანდისტები უნდა იყვნენ არა თავის სამზარეულოში თუ „კუტოკში“ ჩურჩულის, არამედ ღიად, სკოლებში, ინსტიტუტებში სხვა სოციალურ სივრცეებში დისკუსიის წარმმართველები, რათა ბავშვების, მოზარდების, სრულწლოვანების ტვინის რეცხვა ასეთი ადვილი და მომგებიანი საქმე არ იყოს. რეალობა კი საკრიტიკო მასალას არ იშურებს. აი, ავიღოთ, თუნდაც არქიმანდრიტ ბართლომეს „ქეისი“. ამ ადამიანმა ქვეყნის პრეზიდენტისა და იმ 70 დეპუტატის დაწყევლით გაითქვა სახელი, რომლებმაც რელიგიის შესახებ კანონი მიიღეს. რეალობა ისაა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი წარმომადგენელი წლების განმავლობაში რელიგიურ ბულინგს ეწევა, ადამიანთა წინაშე (ბუნებრივია, მრევლში ბავშვებიც არიან) სიყვარულსა და სათნოებას კი არა, შიშს, სიძულვილსა და ღმერთის, როგორც სადამსჯელო რაზმის მეთაურის იმიჯს ქადაგებს; სიმართლის მთქმელებს განიკვეთს და კითხვის დასმასა და კრიტიკას მკრეხელობად თვლის, სახელმწოფო კი, ამ შემთხვევაში „მასონი“ და ჩუმად თუ საჯაროდ ისედაც „დაწყევლილი“ მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც, წესით, სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციის გარანტია, ამ რელიგიურ ინსტიტუციას უფრო და უფრო მეტ კონტრიბუციას აძლევს. შედეგად ვიღებთ „ერის მამას“, რომელიც წყევლაზე უფრო მეტ საეკლესიო ცოდვას სჩადის – სტალინს, რომელიც ჰიტლერს თუ გაეჯიბრებოდა და რეპრესირებულთა რაოდენობით ეს უკანასკნელი მას დესპოტიზმში მაინც ვერ მოუგებდა, „მორწმუნესა და სასულიერო განათლების ფასის მცოდნეს“ უწოდებს. ამგვარი კაზუსების გარჩევა და როლური ანალიზი აუცილებელია ტვინისთვის, ზუსტად ისევე, როგორც ამას აკეთებენ კონფლიქტოლოგიის თუ სამართალმცოდნეობის პრაქტიკუმებზე არსებული რეალობიდან აღებული შემთხვევების დეტალური განხილვისას.

თუ ისევ დავუბდუნდებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს, მისასალმებელია, (ყოველ შემთხვევაში მედიიდან ასე ჩანს), რომ ამავე დროს ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზებიც ამოქმედდა. ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი სათანადო ყურადღების გარეშე წარმოუდგენელია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში კომპლექსური სურათის შექმნა. თუნდაც, დავიწყოთ იმ სტერეოტიპული და მაჩოისტური კულტურისთვის ხელსაყრელი მიდგომით, რომ ბავშვზე პასუხიმგებელი მხოლოდ მდედრობითი სქესის მშობელია. აი, ავიღოთ, თუნდაც ქორწინებაში არმყოფთა შვილის „ქეისები“. შემიძლია ამერიკული მოდელის მცირე მაგალითიც მოგიყვანოთ. თუ ბავშვი, ასე ვთქვათ, ქორწინების გარეშე ჩნდება, დედას სრული უფლება აქვს (ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა მშობლების ლეგალურ სტატუსს) სახელმწიფოს, სამართალდამცავებს დახმრებისთვის მიმართოს, მოიძიოს „მიმალვაში მყოფი“ მამა, დნმ–ს ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მტკიცებულება წარუდგინოს და სახელმწიფო „უძღებ მშობელს“ ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდას დაავალდებულებს, სადაც კი არ უნდა იმყოფებოდეს ძებნილი. ამას ისიც ემატება, რომ ქალის სექსუალური უფლებების ლიბერალიზაციის, აბორტის დეკრიმინალიზაციისა და კონტრაცეპტივების არსებობის პირობებში ქალს შეუძლია რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს და დაფეხმძიმების შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს ლეგალური ძალის გამოყენებით მისი პარტნიორების დნმ–ს ანალიზი მოითხოვოს, გამოვლინდეს ბიოლოგიური მამა და მამაკაცს თუნდაც 8 წლის შემდეგ წინა წლების ანაზღაურების პირობით ალიმენტის გადახდის ვალდებულება დაეკისროს. ამგვარი სასამართლო გარჩევები სოციალური, გნებავთ, სამოქალაქო/უფლებრივი კულტურის რეალობაა. აქვე ისიცაა აღსანიშნავი, რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში, როცა ასე ვთქვათ, მესამეს არ მოელიან, კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების უნარ–ჩვევა თუ ვალდებულება აქვს არა მარტო ქალს, არამედ – მამაკაცსაც. მამაკაცი ვალდებულია თავად იზრუნოს კონტრაცეფციაზე – ვგულისხმობ კონდომს და არა მარტო. ანდა თუ არ უნდა „დემოგრაფიული გართულებები“, ინტერნეტიდან მაინც ამოკრიბოს ანდა ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია ჩასახვისგან თავდაცვის ელემენტარული ფიზიკური ხერხების შესახებ ანდა ვაზექტომია გაიკეთოს. ასე, რომ სექსი სექსად, მაგრამ ჰემინგუეის გამონათქვამი არასასურველ ბავშვზე – „მილანის ღამის გვერდითი მოვლენები“ – ცივილიზებულ სამყაროში მიუღებელია. დაბადებული ბავშვი ვერ და არ ხდება „გვერდითი მოვლენა“, რომელსაც სანაგვეზე აგდებენ და მერე მხოლოდ მდედრობითი სქესის „კრიმინალს“ ეძებენ. პასუხიმგებლობა ნაწილდება თანაბრად. და თუ ეს ასე არაა ნებაყოფლობით, სახელმწიფო ასრულებს იმ როლს, რომლისთვისაც მას გადასახადებს უხდიან. ესეც სამოქალაქო მგრძნობელობის ნაწილია, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა უფლება – მოვალეობები.

– ჰო, მაგრამ საზოგადოებაში ამგვარი მგრძნობელობა თუ არაა, როგორ შეიძლება იგი შეიქმნას?

– სამოქალაქო თუ უფლებრივი მგრძნობელობა არაა თანდაყოლილი „ინსტინქტი“, მისი სწავლაც შეიძლება და ესაა სწორედ ოჯახის თუ სოციუმის სოციალური მუშაობა, გნებავთ სამოქალაქო საზოგადოების/სექტორის მთავარი დანიშნულება. მითუმეტეს დღეს, გლობალიზაციის პერიოდში არა მგონია, დაინტერესების შემთხვევაში პრობლემა იყოს ან ლიტერატურის/ ინფორმაციის ანდა თანამოაზრეების მოძიება. თუ, რასაკვირველია, გვინდა ეს მოდერნიზაცია/ვესტერნიზაცია და არა მხოლოდ სახლში ევრორემონტი და N თაობის „გაჯეტები“. მგრძნობელობასთან დაკავშირებით კი მახსენდება მედიით გავრცელებული ერთი ქართველი ქალის მონათხრობი, რომელიც გულახდილად ყვებოდა თავისი მარტოხელა ცხოვრების რუტინის შესახებ, როგორ მუშაობს, როგორ წვალობს და როგორ ეხმარება მას მისი მცირეწლოვანი ბავშვი. ის მოგვითხობდა იმის თაობაზე, რომ თავის შვილს სახლში მარტო ტოვებს არა რამდენიმე წუთით, არამედ საათობითაც და ხანდახან ღამითაც, ბავშვი კი სამზარეულოში საქმიანობს, საკვებს უმზადებს დედას და ა.შ. ყველა იყო გულაჩუყებული ამ ისტორიით, თუმცა, ჩემთვის ეს საგანგაშო სიგნალი იყო. გასაგებია, რომ იმ პირობებში, როცა ქართული ტრადიციის მიხედვით ოჯახში ქალია მომსახურე პერსონალი და ამიტომ „პატარა კაცმა“ აღფრთოვანება და თანაგრძნობა დაიმსახურა. მაგრამ, აქ არის ერთი ღერძული „მაგრამ“. აშშ–ში, როგორც კი განაცხადებ (თუ, რასაკვირველია, შვილის დაკარგვა გინდა), რომ ბავშვს სახლში მარტო ტოვებ და, მითუმეტეს, თუ ის გაზქურასთან დამოუკიდებლად ოპერირებს, მეორე წუთში სოციალური სამსახური დაგადგება თავზე და ბავშვს სახელმწიფო ჩამოგართმევს, რადგანაც ეს ოჯახში ძალადობის, ბავშვის იგნორირების კატეგორიით რანჟირდება. და თუ ეს მეზობელმაც შეამჩნია, აუცილებლად შეატყობინებს შესაბამის სამსახურს. თვეები და შესაძლებელია წლებიც კი დაგჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს სასამართლოში დაუმტკიცო, რომ შენ გაქვს უფლება და იმის უნარი, რომ ბავშვის მშობელი/მეურვე იყო. მე ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანის გაჭირვებაც, მითუმეტეს კარგად მესმის ის გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ქვეყანაში არსებობს და რომლის გამოც ადამიანებმა თავიანთი ოჯახები დატოვეს და საზღვარგარეთ იმისთვის წავიდნენ, რომ მათ ახლობლებს შიმშილისგან სული არ ამოხდომოდათ. ასეთ პირობებში ადამიანებს არჩევანის საშუალება უბრალოდ არა აქვთ. მაგრამ ისევე როგორც ქმრის მიერ ცოლის ცემა ეს არაა „პრივატული საქმე“, აფხაზეთში თუ სხვაგან ბრძოლის შემდეგ თუ ხანგრძლივი ეკონომიკური შეუმდგარობის გამო როგორი პოსტტრავმატული აშლილობებიც არ უნდა ჰქონდეს „საყვარელ“ მამაკაცს და აგრესიას თავის ცოლზე – დაბალ ღობეზე პროეცირებდეს, ურტყამდეს, ამცირებდეს; ასევე ბავშვიც არაა მხოლოდ მშობლის საკუთრება – ობიექტი და მასზე ძალადობა მისი პატრონის პირადი საქმე არაა. ბავშვი მოქალაქეა და ოჯახის გარდა მას, ასე ვთქვათ, სახელმწიფოცა და საზოგადოება – Watch Dog– ი ჰყავს. სამწუხაროდ, რამდენადაც ვიცი, აშშ–ში ქართველებსაც გადახდომიათ ამგვარი სახის უსიამოვნო ინციდენტები და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირვებიათ იმისთვის, რომ შვილი დაებრუნებიათ.

აქვე უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლით მეორე ქართულ უკიდურესობას, როცა დიდი ხნის ზრდასრული ადამიანი, რომელსაც თავად ჰყავს შვილები, წინა თაობის წარმომადგენლებზეა ეკონომიკურად და მენტალურად მიბმული, გადაწვეტილებების მიღებისას ინფანტილიზმს ამჟღავნებს და უფლებას აძლევს მას ისე მოექცნენ, როგორც ახლადფეხადგმულ, ძუძუმწოვარა პატარას.

– როგორ შეიძლება აღიზარდოს ბავშვი, ასე ვთქვათ, ჯანსაღ იდეალებზე, როცა თავად მშობლები, მათი პედაგოგები ვერ გათავისუფლებულან ‘საბჭოთა ფასეულობებისგან“, აღზრდის „ავტორიტარული მეთოდებისგან“. თავად აქვთ არეული და გაუაზრებელი ღირებულებები, რასაც ბავშვებს ასწავლიან. რამ შეიძლება დაიცვას ასეთ შემთხვევაში ბავშვი?

– აი, თუნცა ავიღოთ ბავშვისა და ზოგადად მოქალაქის უფლებებისადმი ორგვარი დამოკიდებულების დისკურსი. „მართლმადიდებლობის დამცველთა“ ერთ–ერთ აქციაზე პატარა ბავშვი, რომელსაც სტიქაროსნის ფორმა აცვია, დგას პლაკატით, რომელზეც აწერია „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“, რომელიც, სავარაუდოდ კი არა, დარწმუნებით ან ID ბარათების, ციფრი 666 ან ლგბტ „სოდომ და გომორას“ წინააღმდეგ საბრძოლველად „ეკლესიურმა“ მშობელმა გამოიყვანა. სავარაუდოდ მშობელი ან ექსტრემისტული ორგანიზაცია მმკ–ს („მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“) წევრია ანდა მის იდეოლოგიას იზიარებს. მშობელი შვილის ცნობიერებით მანიპულირებს და პატარაში ისეთ მითოლოგიურ კონსტრუქტებს აგებს, რომლის დანგრევაც მოგვიანებით ძალიან რთული იქნება. ბავშვი ემორჩილება მშობელს. მეორეს მხრივ, აღმოჩნდება, რომ სკოლის ოლიმპიადის ტექსტების წინასწარ ინტერნეტით გავრცელებას პროტესტით (მხოლოდ) 14-მა ბავშვმა უპასუხა. მაშინ, როცა განათლების სამინისტრომ იმის მაგივრად, რომ ამ ბავშვების სამოქალაქო პოზიცია შეაქოს და აღიაროს, რომ ამგვარ პირობებში, წესით, ეს ტური არალეგიტიმურია, რადგანაც თანასწორობის ფუნდამენტალურ პრინციპს იმთავითვე არღვევს; თან გაახსენდეს, რომ სწორედ ამ ბავშვს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ბავშვთა და ზოგადად ადამიანის უფლებებს ასწავლის, ძალიან სუსტად იცავს „საუწყებო მუნდირს“ და გაიძახის – რა მნიშვნელობა აქვს პირველ ტურსო, შემდეგია გადამწყვეტიო. თუ მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ ტესტები რაღა საჭიროა, რა საჭიროა ეს პერფორმანსი და თავად ოლიმპიადის პრინციპი, რომელიც თანაბარ სასტარტო პირობების პრიმატს უნდა ემყარებოდეს? ანდა რა საჭიროა თავად ოლიპიადაც, რომლის მომდევნო ტურები ბევრ სკოლაში ფასიანია?

ზემოთმოყვანილ პირველ შემთხვევაში მშობელი, ბუნებრივია, ადვილად ახერრხებს ბავშვის „საშიშ თამაშებში“ ჩართვას და დომინირაბად „სასულიერო სისტემაში“ მის მოქცევას. მეორე შემთხვევაში – თავად ბავშვები სახელმწიფოს მანიპულირებისა და უფლებების შელახვის საშუალებას არ აძლევენ, უჯანყდებიან და ახსენებენ სახელმწიფოს, რომ სამინისტროა ბავშვებისთვის და არა ბავშვები – სამინისტროსთვის. ანუ სისტემის მიმართ თავის პროტესტს აფიქსირებენ. თუმცა, როგორც ჩანს, უწყებას ამ საქმის ჩაფარცხვა სურს. მინისტრი ამ შემთხვევაში, „საბჭოთა ფასეულობოს“ ტიპიურ მატარებელია, მოსწავლეები კი იქცევიან ისე, როგორც ზრდასრული, შეგნებული მოქალაქეები.საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლით ხშირად გადის რეკლმა ბავშვთა სატელევიზიო გადაცემისა „ეტალონი“, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, წამყვანი კი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ეს კონკურსი, სადაც ბავშვები სხვადასხვა სასკოლო საგნების შესაბამის კითხვებს პასუხობენ, უწმინდსისა და უნეტარესის, საქართველოს კათლოკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით მიმდინარეობს და რომელსაც „ყველაზე ეროვნული“ ეწოდება. დასავლურ ტელეარხებზე საბავშვო გადაცემებში, მითუმეტეს სეკულარული სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებულებში, ამგვარ აბსურდულ ლოცვა –კურთხევის აღნიშვნას ვერ მოისმენთ. მაგრამ თუ ლოცვა–კურთხევის რიტუალი სატელევიზიო სტუდიაში მაინც ჩატარდება, ამის აფიშირება და ამ ფაქტით საჯაროდ ბრავირება არ ხდება, რადგანაც ეს ცუდ ტონად, არაპოლიტკორექტულ გამოხდომად და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად ჩაითვლება. როცა სწორედ საპატრიარქო ნერგავს ელიტარულ იერარქიას, როგორც ყოფა–ცხოვრების ეტალონს; როცა ერის „სულიერობაზე“ მთავარი მზრუნველი ლამის სისხლის ანალიზსითვის არამართლმადიდებლურ გერმანიაში თავის მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად მიემგზავრება და სოლიდურ თანხას ხარჯავს; ბავშვები კი ლამის ყოველ დღე კერძო თუ საჯარო სკოლებთან ან ეკლესიებთან წყალობის მომლოდინეთა თავისივე ასაკის ბავშვების არმიას ხედავენ; ტელევიზია კი სამი ფიცრისგან შეჭედილი ქოლგის ქვეშ მცხოვრებ თანატოლებს (მათი დედა მორიგ შვილზეა ფეხმძიმედ) აჩვენებს, რომლებიც ბალახებით იკვებებიან; ეკლესიის მისასვლელებთან კი შშმ პირებისთვის პანდუსებიც კი არაა დამონტაჟებული, ბავშვები, ბუნებრვია, ორ პარალელურ რეალობას ერთმანეთს ადარებენ და თავისი დასკვნები გამოაქვთ. თქვენს კითხვაზე თუ რამ უნდა დაიცვას ამგვარ სიტუაციაში ბავშვი, ასე ვუპასუხებდი: განათლება და განათლების უფლება იმიტომაც გვეძლევა, რომ დიპლომ–სამსახურის შოვნის გარდა, ჩვენ ჩვენი უფლებების დაცვა არა მარტო უნდა ვისწავლოთ, არამედ შევძლოთ კიდეც. რატომ? იმიტომ, რომ განათლება ისეთივე ფიქცია არ აღმოჩნდეს როგორც სსრკ–ის დროინდელი პროპაგანდისტული – სტალინური „ფაქტების კონსტატაცია“, რომ „ცხოვრება უკეთესი გახდა, ცხოვრება უფრო სახალისო გახდა“. სამოქალაქო აქტივობის მაგალითები არსებობს ჩვენს მეხსიერებაში – მაგალითად, სანდრო გირგვლიანისა და სხვათა მკვლელობის გამო ადამიანთა პროტესტი. თუმცა, ცხადია ბავშვებისთვის მოგვიწევს იმის ახსნა, თუ რატომ არსებობს ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლებისადმი დამოკიდებულებაში იერარქია. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი და მისი მხარდამჭერები ომბუდსმენის ოფისთან სახალხო დამცველის უმოქმედების გასაპროტესტებლად იკრიბებიან, მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს იმ ადვოკატთა პროტესტი, როცა მათი დაცვის ქვეშ მყოფ „არამაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მქონე პირების არამძიმე დანაშაულზე – ფუნთუშის თუ საბურავების მოპარვაზე რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდდნენ. სამოქალაქო აქტივიზმი მხოლოდ მაშინ არ უნდა იღვიძებდეს, როცა ბორკილებს პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებულ ადამიანს ანდა ვინმე „შიშკას“ პროტეჟეს ადებენ.

რაც შეეხება იმას თუ რა შეუძლია მედიასა და საზოგადოებას, მაგალითად, ისეთი პრობლემის დაძლევაში, როგორიცაა ბულინგი, რომლის შემადგენელი ნაწილია როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე ვერბალურად აბუჩად აგდება, დამცირება, დაშინება, მუქარა. ანტიბულინგურ კამპანიებს მთელს მსოფლიოში საკმაოდ დიდი ფაბლისითი აქვს. წელს იგი 25 ოქტომბერს ტრადიციული International STAND UP to Bullying Day– ის ფარგლებში ჩატარდა და ისედაც, ლამის ყველა დასავლურ ქვეყანას თავისი ნაციონალური ანტიბულინგური დღე აქვს, რომლის დროსაც ადამიანები ანტიბულინგური სიმბოლიკის გამოყენებით ამ პრობლემის შესახებ სასწავლო დაწესებულებებში, სამსახურებში საუბრობენ და, ფაქტობრივად, საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან. ამისთვის კი სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს თარიღი უქმე დღედ გამოცხადდეს, მაგისტრალური გზები გადაიკეტოს ანდა მარათონი გაიმართოს. თუმცა კონკრეტული პრობლემისადმი მიძღვნილი მასობრივი მართონების გამართვის ტრადიცია ამერიკას აქვს, როცა ათასობით ადამიანი თუ აუტისტების პრობლემის თუ ძუძუს კიბოს პრევენციის აქცენტირებისთვის ერთობლივი ძალისხმევის აღსანიშნავად ქუჩაში გამოდის და დარბის. აღარ ვსაუბრობ, მაგალითად, ქარიშხლებითა თუ მიწისძვრით დაზარელებულთა დასახმარებელ საქველმოქმედო, სახელოვნებო, სატელევიზიო თუ სხვა სახის მარათონებზე. საზოგადოების (არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის თუ კერძო პირის ინიციტიავა) ამგვარ აქტივობებს კი სახელმწიფო, თვითმმართველობა თუ ქალაქის მერია ყოველნაირად ხელს უწყობს.

აშშ –ის თითოეულ შტატში არსებობს ანტიბულინგური კანონმდებლობა და პოლიტიკა. ერთადერთი შტატი, სადაც მხოლოდ ანტიბულინგური პოლიტიკა ასე ვთქვათ, სამართლებრივი ბაზისის გარეშეა, არის შტატი მონტანა. დასჯადია ასევე ე.წ. არატრადიცული მუქარაც, რომელსაც კიბერბულინგს უწოდებენ. კანონი კი ყველას მოუწოდებს ბულინგის მტკიცებულებები შეაგროვოს და დაარეპორტოს სამართალდამცავ ორგანოებში. რამდენაც ვიცი, ნიუ იორკის შტატის კანონმდებლობით ანტიბულინგური სამართლის დაცვის ქვეშ არიან ისინი, ვინც არის ბულინგის მსხვერპლი რასის, კანის ფერის, სხეულის წონის, ნაციონალური მიკუთვნებულბის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, რელიგიისა და რელოიგიური პრაქტიკის, უნარშეზღუდულობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერისა და სქესის საფუძველზე. პირადად მე შარშან მცდლობა მქონდა, რომ ამგვარი დღე საქართველოში თუნდაც მცირედი, არაპომპეზური აქციით ანდა ერთსაათიანი სემინარის/ლექციის მეშვეობით აღენიშნათ, მაგრამ ძალიან მცირედ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მეგობრებმა–ნაცნობებმა მხარი არ ამიბეს, თუმცა ფეისბუქზე ხუთი ათასი „ფრენდი“ მყავს. ზოგმა ისიც თქვა, რომ ეს პრობლემა ქართულ სკოლებში და ზოგადად საზოგადოებაში ისედაც არ არსებობსო და, შესაბამისად, ეს თემა არაა საინტერესოო. არადა ამ პრობლემის აქტუალურობის შემჩნევა სოციალური მედიითაც სავსებით შესაძლებელია.

– საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში 300 –მდე მზრუნველობამოკლებული ბავშვი იზრდება სახელმწიფოს მათზე თითქმის არანაირი ინფორმაცია აქვს, ამასთან ერთად არანაირი პასუხისმგებლობაც. მათზე ინფორმაციას არ იძლევა არც საპატრიარქო. ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება. ასეთ შემთხვევაში რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოენას და არ ვაკეთებს?

–გაურკვეველია, რას ნიშნავს სახელმწიფოს მათზე ინფორმაცია არა აქვს. თუ რაოდენობაა ცნობილი, თუ ამ ბავშვებს აქვთ დაბადების მოწმობები, სახელი და გვარი, მათ ჰყავთ პედაგოგები და სამედიცინო პერსონალი ემსახურებათ ე.ი. ისინი არსებობენ და სახელმწიფოს/ მედიის ვალდებულებაა იცოდეს რა მდგომარეობაში არიან ეს ბავშვები და ჟურნალისტების პირდაპირი მოვალეობაა ამ ინფორმაციის მოძიება თუ სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით თუ ჟურნალისტური მოკვლევით. ამგვარად გასაიდუმლოებული მხოლოდ ტრეფიკირებულები შეიძლება იყვნენ. ზოგადად, ციხე–კოლონია, ჯარი და ის სპეცდანიშნულების სამსახურები, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოსთან აქვს უშუალო შეხება, დახურული სისტემებია და ყველა ქვეყანაში საჯაროობასთან დაკავშირებით ისინი გარკვეულ რეგულაციებს ემორჩილება. თუმცა იქაც კი ჟურნალისტის/ მსურველის ვიზიტი ანდა ინფომაციის გამოთხოვა გადაუწყვეტელ პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ამ ბავშვებზე ინფორმაციის მოძიება გართულებული. ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ შრი ლანკელი ქველმოქმედი, რომელსაც ბავშვების დახმარება უნდა, რასაკვირველია, უფლება აქვს ბავშვების შესახებ პირველწყაროდან მოიძიოს ინფორმაცია. საზოგადოებამ უპირველესად აღმსარულებელ უწყებას – სამინისტროს/სამინიტროებს უნდა მიმართოს თუ გონებრივი ეჭვი აქვს, რომ საპატრიარქო ამ ინფორმაციას არ გასცემს. ავად თუ კარგად ჯერ – ჯერობით საერო სახელმწიფო ვართ, კონსტიტუცია მოქმედია, იგი არავის გაუუქმებია და ფორმალურადაც თუ არაფორმალურადაც სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონს დაუმორჩილებელი სტრუქტურის არსებობა დაუშვებელია, მითუმეტეს თუ იქ არასრულწლოვნები იმყოფებიან. როგორადაც არ უნდა იყოს ეს სტრუქტურა ქვეყნის კონსტიტუციაში მოხსენიებული, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს ისტორიაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღმნიშვნელ ჩანაწერს (მუხლი.9). ლუდი „მთიელის“ სატელევიზიო რეკლამის არ იყოს „შავფაროსნებსაც“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის წინაშე, კერძოდ ტეროტორიული მთლიანობის ვაჟკაცურ დაცვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ უფლება აქვთ ბავშვთა თავშესაფრის გახნის შემთხევვაში სახელმწიფოსა და საზოგადოებას ინფორმაცია დაუმალონ. პარადოქსი კი იმაში მდგომაროებს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერისხული არასამთვარობო ორგანიზაცია „იდენტობა“ უსახლკაროთათათვის მცირედ თავშესაფარს ხნის და ამას საჯაროდ აცხადებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედად აცხადებს, მითუმეტეს, როცა პროგნოზებით წელს ძალიან ცივი ზამთარი იქნება, სოციალურ ქსელებში კი აქა – იქ გადააწყდებით ინფორმაციას საპატრიაქროს თავშსაფარში მცხოვრები მარტოხელა დედისა და მისი შვილის უკიდურესად გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ და დახმარების თხოვნას.

– ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ბრიტანეთის ჰიმნი სწორედ შშმ ბავშვებმა შეასრულეს. საქართველოში მსგავსი რამ რამდენად არის შესაძლებელი? რატომ არ ჩანან ეს ადამიანები ჩვენს გარშემო? რატომ მალავენ?რატომ „რცხვენიათ“ მშობლებს მათ გამო? რატომ იტყუებს თავს საზოგადოება რომ ისინი არ არსებობენ?

– ზოგადად პატრიარქალური, კონსერვატორული, სტერეოტიპებით ძვალ–რბილში გამჯდარი ნორმების მქონე საზოგადოებისთვის დამახასიათებელია იმათი მარგინალიზაცია/მიჩუმათება, რომელთა არსებობა ადამიანების ამ სამყაროზე „სწორ“ წარმოდგენებში და ძირძველ მითებში „ბზარები“ შეაქვს. ზოგადად ეს თემა, რომლის თაობაზეც მკითხეთ, ადამიანთა თანასწორობის, ჰუმანიზმის, სოციალური სნობიზმის, გაცემ–მიმღებლობის, სამართლოანობის, ადამიანის უფლებებისადმი და სამყაროს მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის საკითხს სიღრმისეულად ეხება. იქ, სადაც ხელოვნურადაა შექმნილი ათასგვარი „მტრის ხატები“, სადაც სოციალური სამართლიანობის თუ თანაგრძნობის ელემენტარული, ანბანური გეგაბაც არ არსებობს (ბუნებრივია, არ განვაზოგადებ, არამედ ტენდენციებზე ვსაუბრობ) და სადაც ამაზე ღიად არ მსჯელობენ, პასაჟები, პათოსები და მანიპულაცები ჩვენი განსაკუთრებულებული ჰუმანიზმისა და განსაკუთრებული „ადამიანური გაგების“ შესახებ „ჩვეულებრივი“ პოლიტიკური მართლმადიდებლობისა და ფსევდოჰუმანიზმის კაკაფონიაა და არა რეალობის პრობლემატიზიაცია, რომლის გარეშეც ცივილიზებული საზოგადოების ფორმირება წარმოუდგენელია.

2006 წელს გაერომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია მიიღო. რომელსაც მსოფლიოს 158 ქვეყანა შეუერთდა. საქართველო ჯერ –ჯერობით – არა. გაეროს წესდებაში შავით თეთრზე მითითებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები შემეცნებაში, ურთიერთობასა და ხელოვნებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შშმ –ობა თუ სხვა რამ განსხავება საშუალო სტატისტიკური „მატრიციდან“ არ წარმოადგენს არაფრის ბარიერს. სახელმწიფო ვალდებულია ამ ადამიანების შესაძლებლობები არა თუ არ შეზღუდოს, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ თავისი შესაძლებლობების რეალიზებაში. ეს არ არის მოწყალება ანდა ქველმოქმედება. ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება. სწორედ ამგვარი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის იქმნება სახელმწიფო, ადამიანების ხელფასიდან გადასახადევბს უქვითავენ და ბუჯეტს ავსებენ არა მარტო საზღვრების, კრიმინალისგან დაცვისთვის ანდა პარტიული პოზიცია–ოპოზიციის დისკუსიის მოსასმენად ანდა ჩინოვნიკებისთვის დიდი ხელფას – პრემიების გადასახდელად, არამედ მოქალაქის უფლებების დასაცავად. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, არასამთავრობო საზოგადოებას (მხოლოდ ენჯიოებს არ ვგულისმობ), სწორედ აქაა მისი როლი ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთის მრივ, მედიასთან ერთად სტერეოპტიპების დაძლევაზე მუშაობა, მათ შორის ოჯახებშიც და, მეორეს მხრივ, მთავრობის კონტროლი და ადამიანისთვის და მისი უფლებებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტების ლობირება.

აშშ–ში ჩატარებული ერთ–ერთი კვლევის თანახმად, რაც უფრო მაღალია ადამიანთა განათლების დონე, მით უფრო სულ ერთია პიროვნებისთვის ოჯახის შექმნისას ადამიანის კანის ფერი, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური პრეფერენციები და სხვა სტატუსები.

რამდენიმე წლის წინათ ერთ – ერთ იუმორისტულ შოუში აშშ–ის დემოკრატიული პარტიის წევრმა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარაოლიმპიური თამაშები არც ისე სხარტ ხუმრობაში ახსენა, რის გამოც ამას სოლიდური სკანდალი მოჰყვა, მათ შორის, კრიტიკა დემოკრატების მხრიდანაც და ამ უმარილო იუმორის გამო პრეზიდნეტმა ოფიციალურად ბოდიშიც მოიხადა. თავი რომ დავანებოთ ჩვენი ლიდერების „მარგალიტებით“ სავსე როტორიკას და საპირწონედ ასეთივე შოუ მოვიყვანოთ, აქ იმდენ არაპოლიტკორექტულ და სექსიზმით გაჯერებულ პასაჟებს მოვისმნეთ, რომ თვლა აგვერევათ. აშშ–ში, მაგალითად, წარმოუდგენელია, რომ მაინც და მაინც არჩევნებმდე კანდიდატებმა თავი არ შეიკავოს რაიმე ფობიური, მითუმეტეს ფემინიფობიური ხუმრობებისგან. საქართველოში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანიდიდატი არჩევნებამდე პარამიზოგინურ ხუმრობას იმარჯვებს და იცინის არა მარტო აუდიტორია, არამედ ყველაზე მეტად, ხანგრძლივად და ხმამაღლა ხუმრობისგან აჟიტირებული წამყვანი. არადა ეს სატელევიზიო ჟანრი და მისი ამერიკული პროექტი, პირიქით, ტრადიციულად წამყვანის ოლიმპიურ სიმშვიდესა და მოკრძალებულ ღიმილს ითვალისწინებს. ასევე წარმოუდგენელია მმართველი ძალის საპრეზიდნეტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლების აღმსარულებელი შტოს თავკაცის შვილის თინეიჯერული სქესობრივი მომწიფების პერიოდის ფანტაზიების ჰიპ–ჰოპ ჟანრის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდეს. როგორი საბანკო ანგარიშიცა და სამართლიანობის მედროშეც არ უნდა იყოს მომღერლის მამა. რასაკვირველია, ამ თემის განხილვას ისევ და ისვე პოლიტიკური მომენტის მგრძნობელობისა და ზოგადად პოლიტკორექტულობის არსებობა/არარასებობის თემისკენ მივყავართ. ხშირად, პირადად ჩემთვის უთქვამთ, ქართულ რეალობას ამერიკულ სიტუაციას რატომ ადარებო. მაგრამ, მაშ, აბა, ვის და რას შევედაროთ; არსებულ რეალობაში ვისი და რისი მაგალითები და სოციალური/პოლიტიკური წყობის მოდელები და ნიუანსები მოვიყვანოთ? რუსეთის? სირიის? კუბის? ჩრდილოეთ კორეის? თუ ჩვენ ლიტონი სიტყვებით ვიძახეთ, რომ ჩვენი იდენტობა არის მართლმადიდებლობა და სტუმართმოყვარეობა, პარალელურად თუ სხვა ქყვეყნის მოქალაქეებზე კი არა, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს ქსენოფობიურად და „სვეცკურად“ „ჩამოთრეულები“ ვუწოდეთ და განსხვავბული კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, აღმსარებლობისა თუ ეროვნების ადამიანები ვცემეთ და ლოცვა დავუშალეთ (თუმცა ამავე დროს გვინდა, რომ დასავლეთმა გვაღიაროს, უვიზო რეჟიმი დაგვიწესოს და ჩვენ და ჩვენმა შვილებმა განათლება სორბონასა და კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღონ), ისევ სსრკ–ში დავბრუნდებით ჯარში „ნაცმენების“ (Национальное меньшинство) ცემითა და პროტესტანტი Pussy Riot–ელების გაგულაგებით.

ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე შშმ ბავშვების მიერ შესრულებული ჰიმნი ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ ხომ არ გვიკვირს მომღერალი რეი ჩარლზი ანდა ნიუ იორკის ექსგუბერნატორი დეივიდ პეტერსონი. ჰუმანისტურ საზოგადოებაში წარმატების თუ აღიარების მისაღწევად არაა აუცილებელი მაინცა და მაინც ოლიმპიური მედლებით დახუნძვლა, სილამაზის კონკურსზე ყველაზე გრძელი წვივის ქონა ანდა გინესის რეკორდების წიგნში შესვლა. ადამიანები თანაუგრძნობენ, ეხმარებიან, უყვართ ისინი, ვინც ფიზიკური თუ მენტალური შესაძლებლობებით მათგან განსხვავდება. მათ წარმატებაც ისე უხარიათ, როგორც თავისი. რადგანაც არსეობს ერთიანი უფლებრივ–მოვალეობრივი სივრცის განცდა არა სადღაც ასტრალში ანდა „გაბრწყინეულ“ ქვეყანაში, არამედ – დედამიწაზე.

ბოლო სამი დღეა ამერიკული სატალევიზიო არხებით 13 წლის ტაილერ ბეინის ისტორია ტრიალებს. ბავშვი 3 წლის ასაკში ავტოკატასტროფის შედეგად ეტლს მიეჯაჭვა, თუმცაღა მას და მისი ოჯახს ხელები არ ჩამოუყრია. 10 წლის თავზე ტაილერი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ეტლიდან წამოდგა და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა შესძლო. და ეს ყველაფერი არაა. იგი, იმისდა მიუხედავად, რომ საფეხბურთო ველზე ვერ დარბის, მისი საყვარელი საფეხბურთო გუნდის Pine Tree მენეჯერიც კი გახდა. გუნდის მწვრთნელს თავიდან არ სჯეროდა, რომ ეს ბავშვი საფეხბურთო გუნდის მართვას შესძლებდა, მაგრამ ცდებოდა. თავად ტაილერი კი ამბობს, რომ მან მატჩის დაწყებამდე დემონსტრატიულად ფეხზე იმისთვის გაიარა, რომ თავისი გუნდისთვის, რომელსაც ძლიერი მოწინააღმდეგის ცოტა არ იყოს ეშინოდა, გამარჯვების მოტივაცია და საკუთარი ძალების რწმენა შეემატებინა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს Pine Tree–მ წააგო, ყველას ეს მატჩი სულ სხვა მიზეზის გამო დაამახსოვრდა. აი, რას ამბობს ტაილერი: „თუნდაც მე ეტლში ვიჯდე, იმას კი ნუ მიაქცევთ ყუარდღებას როგორ გამოვიყურები. არამედ იმას –რა მაქვს შინაგანად, რა მაქვს გულში“.
newpress.ge
14.11.2013

No comments:

Post a Comment