Friday, September 12, 2014

ნიკოლოზ ნამორაძე: ჩემი მუსიკა ჩემი არჩევანია




22 წლის პიანისტი ნიკა ნამორაძე ნიუ იორკში ჯულიარდის სკოლის მაგისტრანტია. თავად ბუდაპეშტელი იგი ჯულიარდამდე ბუდაპეშტში ფ. ლისტის სახელობის სამუსიკო აკადემიაში რიტა ვაგნერთან სწავლობდა, ვენაში – "ერაზმუს პროგრამის" მეშვეობით ოლეგ მაიზენბერგთან, ფლორენციაში კი მისი პედაგოგი ელისო ვირსალაძე გახლდათ. "ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ ბავშვიბიდანვე ოჯახის სამუსიკო ტრადიციის გამგრძელებელი ვიყავი – მიყვება ნიკოლოზი. – სახლში ინსტრუმენტიც არ გვქონდა, რადგანაც მშობლები, ასე ვთქვთ, არამუსიკალური პროფესიის ადამიანები არიან. თუმცა დედამ სამუსიკო შვიდწლედი დაამთავრა, მაგრამ პროფესიით პოლიტოლოგია, მამა - იურისტი. როცა შვიდი წლის გავხდი, ვიგრძენი, რომ მუსიკის სწავლის დიდი სურვილი მაქვს. რასაკვირველია, ჩემს მშობლებს უკეთ ემახსოვრებათ როგორ მოხდა ჩემი და პიანინოს დამეგობრება. ის კი მახსოვს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, ორიდან ხუთ წლამდე ხან "ბითლებს" ვუსმენდი, ხან ბერლიოზს, ხან მუსიკა საერთოდაც არ მაინტერესებდა და ლეგოს ვაწყობდი. მერე ერთხელ ზალცბურგში ყოფნის დროს მოცარტს მოვუსმინე და დამაინტერესა. ბუდაპეშტის სამუსიკო აკადემიის (კონსერვატორიის) ბაზაზე არსებობს "ნიჭიერთა ათწლედი", რომელიც ბავშვებს ძალიან ლიმიტირებულად იღებს. ჰოდა, 11 წლისა სწორედ იქ აღმოვჩნდი. იგი ერთგვარად ჯულიარდის "პრიკოლეჯის" მსგავსია, ანუ მხოლოდ იმ ნიჭიერ ბავშვებს იღებს, ვინც ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა თუ რომელი პროფესიის დაუფლება უნდა.


– ანუ ოფიციალურად თქვენი კარიერაც მაგ ასაკიდან იწყება?


– ჰო, ასეა. თუმცა ამ "პრიკოლეჯში" სწავლაც არაა იმის გარანტია, რომ ადამიანი მუსიკოსი აუცილებლად გახდება. არ გამოვრიცხავ იმას, რომ თინეიჯერობისას ისიც გადამეწყვიტა, რომ ოქსფორდში ფილოსოფია შემესწავლა. თუმცა არც ახლაა გვიან ფილოსოფიის ანდა ფიზიკის საფუძვლიანი სწავლა. მაგრამ 22 წლის ასაკში პიანისტობის დაწყება უკვე დაგვიანებულია, რადგანაც ეს პროფესია ადამიანისგან განსაკუთრებულ ფიზიკურ მდგომარეობასა და უნარ– ჩვევებს მოითხოვს.

– თქვენ მუსიკალურ ნაწარმოებებსაც წერთ...

 – მუსიკის წერა ძალიან ადრე დავიწყე. ვწერდი სხვადასხვა სტილში, მაგალითად, ხან – მოცარტის, ხანაც – სკრიაბინის. ამჟამად კი ჩემს სტილს თანდათანობით ვპოულობ. ჩემი არაერთი კომპოზიცია თანამედროვე სამუსიკო სტილშია დაწერილი. ჩემი მუსიკა ჩემი არჩევანია. ძალიან მიყვარს XX – ისა და XXI საუკუნის კომპოზიტორები, მაგალითად, ბარტოკი, ბერგი, მესიანი, ლიგეტი, კურტაგი, ადესი. სხვათა შორის, ჯულიარდში, რომლის სცენიდან ჩემს მუსიკას ვუკრავდი, ჩემი კოლეგა – პიანისტები უკვე მთხოვენ ჩემს ნაწარმოებებს, რათა თავიანთ კონცერტებზე შეასრულონ.


– ვინაა თქვენთვის, მაგალითად, IXX საუკუნის მუსიკის ანდა ბახის საუკეთესო შემსრულებელი?


– ძალიან მომწონს როგორ ასრულებენ IXX საუკუნის მუსიკას სვიატოსლავ რიხტერი, ელისო ვირსალაძე და ანი ფიშერი, ბახს კი – ანდრაშ შიფი და გლენ გულდი. 

– თქვენს ბოლო კონცერტზე ნიუ იორკში თქვენი ნაწარმოები, მგონი, ჩასაბერი ინსტრუმენტისთვის იყო...

 – ეს იყო ჩემი ნაწარმოები ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის, რომელიც კვარტეტმა დაუკრა. თუმცაღა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩასაბერ ინსტრუმენტებს იმდენად კარგად არ ვფლობ, როგორადაც – ფორტეპიანოს. როგორც პიანისტს გაცნობიერებული მაქვს რა შემიძლია და რა –არა. ის, რასაც ვწერ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ჩემთვის ვწერ და ვწერ ჩემთვის ძალიან ახლობელ მოტივებს.



 – ჯულიარდში ვინა თქვენი პედაგოგი? 

– მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი პიანისტი ემანუელ ეაქსი. იგი ჰაიდნის, ბეთჰოვენის, ბრამსის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. ეაქსი მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში წელიწადში ასზე მეტ კონცერტს მართავს. მე მისი ერთადერთი სტუდენტი ვარ და, შეიძლება ითქვას, რომ ნიუ იორკში სწორედ მისთვის ჩამოვედი. როგორც წესი, გაკვეთილზე იმდენად საშემსრულებლო ტექნიკას კი არა, რამდენადაც იმას მასწავლის, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს მუსიკისადმი; როგორ უნდა ჟღერდეს კონკრეტული ნაწარმოების ინტერპრეტაცია.

 – მეცადინეობის, კომპოზიციების შექმნისა და დასვენების დროს ერთმნეთთან როგორ ახამებთ?

 – როგორც წესი, დღეში 6–7 საათი ვმეცადინეობ და ვმუშაობ. თავისუფალ დროს ჩემს ამხანაგებთან ერთად ვატარებ, დავდივარ კონცერტებზე და ვაკეთებ იმას, რასაც დღის განმავლობაში ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს. ჩემთვის ახლოსაა ამერიკული კულტურა, როგორც მრავალფეროვნებათა შერწყმა. ადრეც ვყოფილვარ ამერიკაში, მაგალითად, მასაჩუსეტში, თანგლვუდის სამუსიკო ფესტივალზე, სადაც 2012 და 2013 წლების ზაფხული გავატარე. მაშინვე მივეჩვიე ოჯახიდან შორს ცხოვრებას, დამოუკიდებლობას, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების მართვა თავადაც კარგად შემიძლია. უცხო ადგილს ერთ კვირაში ვეგუები. რაც შეხება ნიუ იორკს, ვცხოვრობ, ფაქტობრივად, ჯულიარდის გვერდით, ლინკოლ ცენტრში და იმ სივრცეში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ნიუ იორკი ძალიან პოეტური და დიდი ენერგეტიკის ქალაქია, არადეპრესიული. სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ.



 – და დრო ფილოსოფიისთვისაც გრჩებათ ..

. – ფილოსოფიას, ესთეტიკასა და ეთიკას ბუდაპეშტის კონსერვატორიაში ვსაწვლობდი – ისვევე, ალბათ, როგორც ეს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინსტიტუტებში ისწავლებოდა და ისწავლება. ფილოსოფიამ ძალიან დამაინტერესა იმდენად, რამდენადაც სიამოვნებას ვიღებ აბსტრაქტული აზროვნებისგან და იმის გააზრებისგან, თუ რა ადგილი მიჭირავს არსებულ სივრცეში სწორედ ჩემი აზროვნების მეშვეობით. 

– ახლა რაა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

 – ვიყო უკეთესი. ხვალ უფრო უკეთესად დავუკრა, ვიდრე – დღეს. ლექსო თორაძემ ერთხელ მითხრა, რომ თუ გინდა კარგი პიანისტი გამოხვიდე, გლადიატორი უნდა იყოო. პიანისტი მარტოა სცენაზე და ამიტომაც მას უამრავი პასუხისმგებლობა ეკისრება იმის გარდა, რომ ბალანსის ზედმიწევნით კარგად დაცვაც უნდა შეეძლოს და ძალიან კარგი გემოვნებაც უნდა ჰქონდეს.

08.09.2014
24 საათი.

No comments:

Post a Comment