Wednesday, September 3, 2014

ლევან მინდიაშვილის "აჩრდილი"





რამდენიმე ხნის წინათ ნიუ იორკში ისთ ვილიჯის ერთ–ერთ უბანში, იქ, სადაც არტსტუდია Ideal Glass –ია, შენობის მთელს ფასადზე ქართველი მხატვრის ლევან მინდიაშვილის ნახატი გაჩნდა. კედელი მთლიანად "აჩრდილით" მოიხატა. "აჩრდილი" კულტურულ-საგანმანათლებლო-საჯარო პროექტების განმახორციელებელი არაკომერციული ორგანიზაციის Fourth Arts Block დაკვეთითა და Ideal Glass - სთან თანამშრომლობით შეიქმნა და წარმოადგენს პროექტის ნაწილს, რომელიც მანჰეტენის, კერძოდ კი მისი ერთი უბნის, ისთ ვილიჯის ისტორიასა და კულტურულ წარსულს ეძღვნება.

–კონკურსის საფუძველზე ხუთი პროექტი შეირჩა, რომელიც ნიუ იორკის ხუთ სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდა. – ამბობს ლევანი. – ჩემი პროექტით მინდოდა ამ უბნის მზარდი ჯენტრიფიკაციის პრობლემებზე მესაუბრა და შემექმნა იმ შენობის ‘აჩრდილი”, ანარეკლი, რომელიც უკვე აღარ არსებობს; ერთგვარი ‘აჩრდილი’ გაუჩინარებული ისტორიისა.


– "აჩრდილის" მოსამზადებლად რა დრო დაგჭირდათ?



– დაახლოებით ერთი თვის განამვლობაში ნიუ იორკის ნაციონალური ბიბლიოთეკის არქივში შესაფერის მასალას ვეძებდი. საბოლოო არჩევანი 1936 წლის ფოტოზე შევაჩერე, რომელიც ასახვს ისთ ჰაუსტონის ავენიუს, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობს იმ ადგილიდან, სადაც ჩემი ნამუშევარი განთავსდა. უშუალოდ ნამუშევრის ფიზიკურ შესრულებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა.



– როგორ ეხმიანება იგი თქვენს წინა პროექტებს და როგორ შეაფასებდით სტრიტ არტში თქვენს გამოცდილებას?


– ზოგადად ჩემს ნამუშევრებში ვიკვლევ არქიტექტურას, მის გავლენას იდენტობის ჩამოყალიბებაზე, თანამედროვე ურბანიზმის პრობლემებსა და ჯენტრიფიკაციას. ჩემი ბოლო პროექტიც ("საზღვრები") ძველი და ახალი არქიტექტურის, იდენტობისა და ჯენტრიფიკაციის კონტრასტებს იკვლევდა, ასე რომ "აჩრდილი" ჩემი ამ ძიებების ორგანული გაგრძელებაა. მოხარული ვარ იმისა, რომ საშუალება მომეცა ჩემს მესიჯებს გალერეის პირადი სივრციდან ქუჩაშიც - საჯარო სივრცეშიც გადაენაცვლათ. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას: ეს ჩემი პირველი მცდელობაა საჯარო ხელოვნების შექმნის. მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა და ამ მიმართულებითაც მუშაობას დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი. ახლაც ახალ შემოთავაზებას განვიხილავთ და იანვრისთვის ახალი პროექტის შექმნაც შესაძლებელი იქნება.


– "აჩრდილის" წინ ერთგვარი პერფორმანსიც გაიმართა...


– ჯონ სალი - საუნდ არტისტია, რომელიც "აიდიალ გლასთან" თანამშრომლობს. მან სურვილი გამოთქვა ჩემს "აჩრდილთან" დიალოგში ისნტალაცია შეექმნა. შექმნა ვიდეო, რომლის პროექცირებაც პირდაპირ ტროტუარზე ხდებოდა, ზუსტად კედლის წინ და რომელიც ქუჩის აქტივობებს ანარეკლის მსგავსი დეფორმაციით ასახავდა.



– ზოგადად ქალაქის განვითარების საკითხში რა მნიშვნელობა ენიჭება სტრიტ არტს და რატომ?
– სტრიტ არტი თავდაპირველად ერთგვარი კრიტიკა იყო ოფიციალური, მეინსტრიმული ხელოვნებისა და ზოგადად – ინსტიტუციონალიზაციისა. მისმა დემოკრატიულობამ და ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომობამ (როგორც შემქმნელების, ასევე მნახველების) მას უმალვე გაუჩინა ბევრი მიმდევარი, თუმცა მალევე თავადვე გადაიქცა მეინსტრიმად და დღეს უკვე უამრავი წამყვანი მუზეუმი თუ ორგანიზაცია მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. დღეს სტრიტ არტი არის მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო ხელოვნებისა, რომლის მიზანიცაა ხელოვნებისა და საზოგადოების უფრო მეტად დაახლოება; საჯარო სივრცეში ხელოვნების, როგორც აქტიური ელემენტის დამკვიდრება და მისი საგანმანათლებლო ფუნქციით დატვირთვა.




– რამდენად აქვს მას ჯენტრიფიკაციის მასტიმულირებელი თვისება?



– სტრიტ არტი უშუალოდ ჯენტრიფიკაციაზე რამდენად ახდენს გავლენას, ძნელი სათქმელია, თუმცა თუკი მისი განვითარების ახლო ისტორიას გადავავლებთ თვალს, ის ადგილები, სადაც სტრიტ არტის განსაკუთრებული თავმოყრა და კონცენტრაციაა (შესაბამისად არტისტებისა და მთელი ანდერგრაუნდ არტ სცენის), ადრე თუ გვიან დეველოპერების ყურადღებასაც იპყრობს და იმ ტერიტორიის სრულ ცვლილებას ინიცირებს.

– თქვენი პროექტის დასრულების შემდეგ "აჩრდილს" რა ბედი ეწევა?

–"აჩრდილმა’, ისევე როგორც დანარჩენმა ოთხმა პროექტმა ივლისის ბოლომდე გასტანა. ამ პროექტის ფარგლებში Fourth Arts Block –ი სპეციალურ საგანმანათლებლო ტურებსა და ხელოვანებთან საჯარო დიალოგებს ატარებდა. აგვისტოს თვიდან კი მას, ალბათ, სტრიტ არტის რომელიმე სხვა ნიმუში ჩაანაცვლებს.













17.08.2014
24 საათი.

No comments:

Post a Comment