ნიუ იორკის ცენტრში, ბროდვეიზე მდებარე ჯაზ კლუბი "ირიდიუმი" (The Iridium) იმითაა ცნობილი, რომ 25–30 წლის წინათ მისმა შემქმნელებმა ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსებისთვის სცენის დაეთმობა გადაწვიტეს, თუმცა იქ, ბუნებრივია, ჯაზის ვეტერანებიც უკრავდნენ. გარდა იმისა, რომ "ირიდიუმში" კვირაში ერთხელ ამერიკული "გიტარის ღმერთი", ჯაზის, ბლუზის, ქანთრის შემსრულებელი და გიტარის ნოვატორი ლეს პოლი უკრავდა, მოისმენდით კენი გარეტს, ჯეკი ტარასონს, კლარკ ტერის, ჰარი ედისონს, კარლ ალენს, ფარაონ სანდერსს, ჩარლზ მინგუსს, კირუს ჩესნატს, ჯგუფს The Jazz Messengers (დრამერი არტ ბლეიკი) და სხვა ძალიან ცნობილ თუ ჯერ კიდევ უცნობ მუსიკოსს. ზაფხულის ერთ საღამოს კი "ირიდიუმის" სცენაზე 95 ალბომის ავტორი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტი, ბოსტონის ბერკლის სამუსიკო კოლეჯის პროფესორი და ცნობილი "სეიშენ არტისტი" დეივიდ "Fuze" ფიუზინსკი წარსდგა ქართული ქუდით, თავის ყოფილ სტუდენტ ქართველ პიანისტ გიორგი მიქაძესთან ერთად.
ჯაზის მოყვარულების ერთ-ერთ ფავორიტ კლუბში მათ წარადგინეს პროექტი სახელწოდებით David Fiuczynski's Planet MicroJam Ft. JoJo Mayer. იმ საღამოს შესრულდა ძირითადად ფიუზინსკისა და ვირტუოზ დრამერის ჯოჯო მაიერის საავტორო მუსიკა, გადაწყვეტილი ჯაზის, როკის, გრუვის არაევროპული მუსიკის სტილში.
მიკრიტონალური მუსიკა თანამედროვე აკუსტიკური ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი უახლესი მიმდინარეობაა, რომლის ფუძემდებელი სწორედ დეივიდ ფიუზინსკია. მან აშშ-ის თანამედროვე მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ ბერკლის კოლეჯში ინსტიტუტიც კი ჩამოაყალიბა, სახელწოდებით Planet MicroJam Institute. ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ბერკლიში სწავლის პერიოდში ახალი ტემბრულ -აკუსტიკური ძიებებით დაინტერესდა და ამჟამად მიკროტონალური მუსიკა მისი ინტერესების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სფეროა. ამ მიმართულებით გიორგი მიქაძის ერთ-ერთი სერიოზული განაცხადი იყო „ქაშმირის“ ორიგინალური ინტერპრეტაცია, გადაწყვეტილი მიკროტონალური მუსიკის სტილში, რასაც ბერკლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გალა კონცერტზე თავად ლეგენდარული "ლედ ზეპელინის" გიტარისტი ჯიმი პეიჯის აღტაცებული შეფასება და გამოხმაურება მოჰყვა. იგი ტრადიციულად გრანდიოზული მასშტაბებით ბოსტონის უნივერსიტეტის უზარმაზარ, 7 200 კაციან დარბაზში Agganis Arena გაიმართა.
თბილისელ მსმენელს დეივიდ ფიუზინსკის და გიორგი მიქაძის ორიგინალური პროექტის და თანამედროვე აკუსტიკური ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი საინტერესო მიმდინარეობის მოსმენა 25 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-17 ჯაზ– ფესტივალზე შეეძლება.
ჩვენთან საუბრისას გიორგიმ თავისი გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.
– გიორგი, გვიამბეთ მუსიკის სფეროში თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ.
–კლასიკური სამუსიკო განათლება საქართველოში მივიღე, ვსწავლობდი სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედი”. 2010 წელს დავამთავრე კონსერვატორია, სწავლის პროცესში მოვიპოვე არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობა, ვიყავი ჯანსუღ კახიძის „ბიჭუნათა გუნდის“ სოლისტი; საქართველოს პრეზიდენტის, გია ყანჩელის (2009-2010 წწ.), ეთერ ანჯაფარიძის (2007 წ.) სახელობის სტიპენდიატი. 2009 წელს მოვიპოვე გრანტი ტეხასის საერთაშირისო ფესტივალზე Round Top მონაწილეობისათვის. 2010 წელს კი ჩავაბარე აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ, ბოსტონის Berklee Collage of Music-ში და მოვიპოვე საპრეზიდენტო სტიპენდია სწავლის სრული, ოთხწლიანი დაფინანსებით. ასე, რომ, დღეს უკვე მაქვს ბაკალავრის სამი ხარისხი: კლასიკური მუსიკის შემსრულებლის, ჯაზ – შემსრულებლისა და საკომპოზიციო ფაკულტეტის. საბედნიეროდ, ამჟამად ამერიკის, „ჯაზის სამშობლოს“ დიდ კონკურენტულ გარემოში ჩავაბარე Manhattan School of Music –ის ჯაზის სამაგისტრო პროგრამაზე და უკვე მეორედ ასპროცენტიანი სასწავლო გრანტის მფლობელი გავხდი.
სწავლის პარალელურად, ცხადია, სისტემატურად ვმართავ კონცერტებს აშშ-ის პრესტიჟულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში. მეტ-ნაკლებად მრავალფეროვანია ჩემი საშემსრულებლო რეპერტუარი დაწყებული კლასიკური მუსიკიდან ვიდრე ჯაზის, ბლუზის, გოსპელის, პოპის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკამდე. მიუხედავად სტილური ორიენტირების მრავალფეროვნებისა, არ ვივიწყებ მშობლიურ ქართულ ფესვებს და საკომპოზიციო შემოქმედებაში ვავითარებ ქართული ხალხური მუსიკის მოტივებს. საკუთარ კომპოზიციებში და არანჟირებებში ვცდილობ აფრო-ამერიკული ჯაზის, კლასიკისა და ქართული ფოლკლორული მუსიკის ელემენტების შერწყმას.
– ბერკლიში სწავლების პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ხომ ვერ გამოყოფდით?
– ეს ბოლო ოთხი წელიწადი, მართლაც, რომ ძალიან დინამიური და უამრავი სიახლით იყო სავსე. გამოვყოფდი 2013 წლის 24 თებერვალს, როდესაც ჩემი ინიციატივით ბერკლიმ განახორციელა გრანდიოზული პროექტი, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე მუსიკის უდიდესი ავტორიტეტის, კომპოზიტორის, დირიჟორის, პროდიუსერის, არანჟირებების ავტორისა და 27 "გრემის" მფლობელ ქუინსი ჯონსის 80 წლის იუბილეს. საღამოზე სპეციალურ სტუმრებად მოწვეული გვყავდა "გრემისა" და სხვა არაერთი ჯილდოს მფლობელები საიდა გარეტი და პატი ოსტინი. პროექტში The Music of Quincy Jones Featuring Siedah Garrett and Patti Austin მე წარვსდექი, როგორც პროექტის იდეის ავტორი, სტუდენტების მუსიკალური დირექტორი, შემსრულებელი, პიანისტი და რამდენიმე კომპოზიციის არანჟირების ავტორი. ამავე წელსვე გავხდი ვაშინგტონის ჯონ კენედის სახელობის ცენტრის Betty Carter’s Jazz Ahead Residency Program-ის გამარჯვებული, სადაც პროექტში მონაწილეობის მისაღებად 169 აპლიკანტიდან შემარჩიეს. მქონდა კონცერტები მსოფლიოში აღიარებული ქორეოგრაფიული დასის Riverdance -ის "გრემის" მფლობელ კომპოზიტორ ბილ ვილანთან, რომლის მუსიკასაც ბავშობიდან ვუსმენ. შოუ–ბიზნესის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ - საქსაფონისტმა, Mack Avenue Records-ის არტისტმა, ბიონსეს Beyonce's All Female Band- ის ლიდერმა ტია ფულერმა მიმიწვია საკუთარ ბენდში Rainbow All Stars პიანისტად და ამ შემადგენლობით ჩვენ გვქონდა საკონცერტო ტურნე აშშ-ის რამოდენიმე შტატში. ვმონაწილეობდი მასაჩუსეტის შტატის ძალზე პრესტიჟულ ფესტივალ BeanTown Jazz Festival 2013-ზე, რომლის ფარგლებშიც წარვსდექი სამი კონცერტით: საკუთარი ბენდით; დეივიდ ფიუზინსკისთან ერთად პროექტით Planet Microjam და ბასისტ, მომღერალ, ნეო-სოულის წარმომადგენელ, "გრემიზე" ათჯერ ნომინირებულ მიშელ ენდეჯიოჩელოსთან ერთად. ასევე მომენიჭა Berklee College of Music-ის Emanuel Zambeli-ის სახელობის სტიპენდია; უნივერსიტეტის სიახლეების გვერდზე რამდენჯერმე დამასახელეს ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტად და „ბერკლის სახედ“.
ზაფხულში, 3 –დან 16– ივლისის ჩათვლით მიწვეული ვიყავი შვეიცარიის მონტროს ჯაზ ფესტივალზე (Montreux Jazz Festival), რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ – ფესტივალებს შორის. ამ გრანდიოზულ ფესტივალზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვე მას შემდეგ, რაც გავიმარჯვე თანამედროვე ჯაზ–სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული გიტარისტის, "გრემის" მფლობელ ლი რიტენურის კონკურსში Six String Theory Music Competition. სხვათაშორის ლი რიტენური 2013 წელს ჯაზ-სერიის ფარგლებში თბილისშიც იმყოფებოდა.
10 აგვისტოს, მქონდა კონცერტი ვაშინგტონის კენედი-ცენტრში. მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრის „მილენიუმის დარბაზში“ კი ჩემი რიგით მეხუთე გამოსვლა იყო, მაგრამ ამჯერად უკვე საკუთარ ჯაზ-კვარტეტის შემადგენლობითა და საავტორო მუსიკით. ამდენად ბერკლიში სწავლის პროცესი იყო ძალიან რთული, შრომატევადი, საპასუხისმგებლო და დიდი გამოცდილების მომტანი.
–მიკროტონალური მუსიკალური სტილით როდის დაინტერესდით?
– როცა ბერკლის კოლეჯში მიკროტონალური ინსტრუმენტის ინსტიტუტი დაარსდა, მე ამ მიმდინარეობამ დამაინტერესა და მასთან დახლოვება გადავწყვიტე. დეივიდ ფიუზინსკის აქვს მიკროტონალური მუსიკის ორი ალბომი ჩაწერილი, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული დაინტერესების მიუხედავად, ზოგადად ამ მიმართულებით არც ისე ბევრი მუსიკოსი მუშაობს. "ირიდიუმში" მოწყობილი კონცერტიც მიკროტანალური მუსიკის ინსტიტუტის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც მსოფლიოს ერთ–ერთი ძალიან ცნობილი ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მეიერი მონაწილეობდა. დეივიდ ფიუზინსკიმ შემომთავაზა, რომ მონაწილეობა მიმეღო ამ კონცერტში და მეც, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
– მიკროტონალურ ინსტრუმენტზე ოდნავ მეტს ხომ ვერ მოგვითხრობდით?
– მიკროტონალური პიანო, როგორც ასეთი, წარმოადგენს ორი ფორტეპიანოს ნაერთს, პიანისტი კი ორივეზე ერთდროულად უკრავს. ტექნიკურად ეს ასე გამოიყურება: ერთ-ერთი პიანო აწყობილია მეოთხედი ტონით მაღლა, ხოლო ორივე ინსტრუმენტზე ერთდროული დაკვრით იქმნება უჩვეულო აკუსტიკური ეფექტი, რომელიც არარეალურ კოსმიურ ხმოვანებას მოგვაგონებს.
ზოგიერთ მსმენელს ამგვარი მუსიკა აბნევს და ჰგონია, რომ მიკროტონალური მუსიკა რთული მოსასმენია, ვიდრე „სხვა ტიპის მუსიკა“. იყო მუსიკის მსმენელი, მელომანი, ეს ადამიანის მუსიკალური გემოვნების განვითარებულობაზე, ინტელექტზე და შემოქმედებით მზაობას მიუთითებს. პირადად ჩემთვის ეს ის მუსიკაა, სადაც შესაძლებელია უამრავი უჩვეულო ჰარმონიული ჟღერადობათა შექმნა და მუდმივი ექსპერიმენტირება. რეალურად კი ეს არის ცდა იმისა, რომ ტემპერირებული წყობის ფორტეპიანო, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ბახმა შექმნა პრელუდიებისა და ფუგების ციკლი 24 ტონალობისათვის სახელწოდებით „კარგად ტემპერირებული კლავირი“, გადაიქცეს არატემპერირებულ ინსტრუმენტად, ხოლო ფორტეპიანომ შეძლოს იმ მეოთხედი ტონების ჟღერადობისა და სიხშირეების გამოცემა, რომელიც ფორტეპიანოზე რეალურად ორ უახლოეს ბგერას შორის არსებობს. ამ ეფექტის და შედეგის მისაღწევად კი ჩვენ ტექნიკურად ვიყენებთ არა მხოლოდ ორ სხვადასხვა ტონზე აწყობილ სინთეზატორს, არამედ კლავიშიანი საკრავების თითქმის ყველა სახეობას, მათ შორის, ჰამონდსაც. მუსიკალური თვალსაზრისით, მოგეხსენებათ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული მუსიკა არატემპერირებულ წყობას ეფუძნება, მათ შორის, ქართული ფოლკლორიც, შესაბამისად, ასეთი ტიპის მუსიკის სანოტო სისტემაზე გადმოტანა ძალიან რთულია და მათ ცალკეული მინიშნებები ახლავთ, თუ სად უნდა დადაბლდეს ან ამაღლდეს ტონი შესრულების პროცესში. ამდენად მიკრიტონალური მუსიკის სტილში თამამად შესაძლებელია დასავლური წყობის ტემპერირებულ ინსტრუმენტზე არატემპეტირებული, მიკროტონალური ხმოვანების მიღწევა და შესაბამისად არაევროპული მუსიკის ნიმუშებზე იმპროვიზირება.
– შეიძლება ითქვას, რომ მიკროტონალური მუსიკა დასავლური მუსიკის კონტაპუნქტია ანუ, ასე ვთქვათ, უფრო აღმოსავლური ჟღერადობისაა?
– ასეც შეიძლება ითქვას. მიკროტონალურ მუსიკას დიდი შესაძლებლობები აქვს, რადგანაც იგი დადგენილ ჩარჩოებს სცდება. ვგულისხმობ, უპირველესად ჟღერადობას. მაგალითად, მაჟორ–მინორის სისტემას. როცა დასავლეთში ვენის ახალი სკოლა შეიქმნა, იგი დაუპირისპირდა ამ მაჟორ – მინორის სისტემას და შექმნა თორმეტტონიანი სისტემა. აქაც დაახლოებით ამდაგვარი სურათია, ოღონდ მიკროტონალური პიანოს მეშვეობით მუსიკა არსებული დასავლური წყობიდან ნებისმიერი სახის (იქნება ეს ინდური, ჩინური თუ სხვა ტიპის მუსიკა) ტონალობაზე გადადის.
– ძალიან მომეწონა ჩინურ მოტივებზე შექნილი მიკროტონალური კომპოზიცია....
– ეს ფიუზინსკის იდეა და არანჟირება იყო. დრამერმა და თანმდეროვე ფიუჟენმა – აფრიკულმა მუსიკამ ჩინური ეთნიკური ინსტრუმენტის ასლი შექმნა, ოღონდ გიტარაზე. დეივიდმა კი ამ ტონალობების გაერთიანება შესძლო, რაც ერთი შეხედვით, თითქოს წარმოუდგენელიც იყო.
- მიკროტანალური მუსიკა თავად ბერკლიში რამდენად პოპულარულია?
– იგი არც ისე პოპულარულია, რადგანაც მუსიკოსებმა მისი კეთება მხოლოდ ახალხანს დაიწყეს. დეივიდ ფიუზინსკი სერიოზულად ფიქრობს მის განვითარეზე, რათა თანამედროვე მუსიკაში მიკროტონალურმა ინსტრუმენტმა თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს და ბედნიერი ვარ, რომ მას ამ საქმეში მეც ვეხმარები.
– თქვენს გარდა მიკროტონალური მუსიკის ინსტიტუტში რამდენი სტუდენტია?
– კიდევ არის ერთი სტუდენტი, რომელიც მიკროტონალურ ქიბოდრებზე უკრავს, არის 2–3 სტუდენტის დაინტერესებაც, მაგრამ რატომღაც მიკროტონალური ინსტრუმენტზე დაკვრა პროფესიად არავინ გაიხადა. მიზეზი ასეთია: რთულია ამ მუსიკით წარმატების მიღწევა. იგი ახალია, დღევანდელი მუსიკალური სამყარო კი რაზეცაა გათვლილი და უმრავლესობა რასაც უსმენს, კარგად მოგეხსენებათ. ესაა პოპი ანუ ის, რაც მარტივად აღსაქმელია მასისთვის, კარგად იყიდება და ინოვაციური არაა. თუმცა როცა წელს ბერკლიში ჯიმი პეიჯი ჩავიდა, რათა მისთვის ბერკლის საპატიო დოქტორის წოდება მოენიჭებინათ, მთავარი პიანისტის რანგში პეიჯისადმი მიძღვნილ კონცერტზე, სადაც "ქაშმირი" შევასრულეთ, 7000 – ზე მეტი მსმენელი იყო. მათ ეს სტილი და კომპოზიცია დიდი აღფრთოვანებითა და აპლოდისმენტებით მიიღეს. ამან დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ სტილის მუსიკას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მაყურებელზე ზემოქმედების დიდი უნარიც. მთავარია გამოცდილი და პროფესიონალური მუსიკოსების მიერ თითოეული კომპოზიცია დრამატურგიულად, კომპოზიციურად, ტემბრულად სწორად იყოს შექმნილი. ამის დამადასტურებლად და მაგალითად მინდა დიუკ ელინგტონის არაჩვეულებრივი გამოთქმა მოვიყვანო, რომელიც, ჩემი აზრით, სრულ ჭეშმატიტებას წარმოადგენს: "There are two kinds of music - good music and the other kind".
– ამჟამად კლასიკური მუსიკის შესრულებას აგრძელებთ თუ მთლიანად მიკროტონალურ მუსიკალურ სტილზე გადახვალთ?
– თბილისში, როგორც მოგახსენეთ, მე კლასიკური მუსიკალური განათლება მივიღე. კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით დავამთავრე. ვთვლი, რომ მუსიკოსად ჩამოყალიბებისთვის თანმიმდევრული კლასიკური მუსიკალური განათლება უმნიშვნელოვანესია. არ აქვს მნიშვნელობა შემდგომში რა მიმართულებით გააგრძელებ მოღვაწეობას. კონსერვატორიის დასრულებისთანავე ამერიკაში სასწავლებლად გავემგვზარე. ბერკლიში კონკურსი იყო გამოცხდებული, რომლის საკონკურსო პირობის მიხედვით ვინც გაიმარჯვებდა, ის ნაწარმოებს ბერკლის ორკესტრთან ერთად შეასრულებდა. საბედნიეროდ, გავიმარჯვე და რაველის G-dur კონცერტი შევასრულე ბერკლის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. რასაკვირველია, ისევ ვუკრავ კლასიკურ მუსიკას და ვცდილობ ის ცოდნის ბაზა არ დავკარგო, რაც ჩემმა პედაგოგებმა ნოდარ ნაკაიძემ და კომპოზიციის პედაგოგმა ნუნუ დუღაშვილმა მომცეს, კონსერვატორიაში კი – პროფესორმა რევაზ თავაძემ.
–ჯაზის დაკვრა სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყეთ?
–11 წლის ვიყავი, როცა ქალბატონმა ნუნუმ პირველად ჯაზური მუსიკა მომასმენინა. ცხადია, მანამდე მოსმენილი მქონდა ეს სტილი, მაგრამ ოჯახში ძირითადად კლასიკური მუსიკის ტრადიციებზე ვიზრდებოდით. თუმცა ჩემი იმპროვიზირებისკენ სწრაფვა იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველა მელოდიას, რომელიც კინოფილმებიდან თუ რადიოდან მესმოდა, ფორტეპიანოზე ვაწყობდი, მერე კი ჩემებურად გადავაკეთებდი ხოლმე. ხოლო მეცადინეობისას, როდესაც დედა ოთახიდან გავიდოდა ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის ან სხვა კლასიკური მუსიკის შესრულებისას ნაწარმოებების ვარირებას ვიწყებდი, რასაც დედის მხრიდან დატუქსვა მოჰყვებოდა ხოლმე.
მახსოვს, ჯაზის პირველი აუდიოკასეტა ოსკარ პიტერსონის ალბომი იყო. ამის შემდეგ უკვე ჩემით დავიწყე ჯაზის მიმართულებით მუსიკალური განვითარება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უამრავი პედაგოგი მეუბნებოდა, რომ ჯაზის დაკვრა გამიფუჭებდა ხელის აპარატს, ბგერას და ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მე მას თავს დავანებებდი. მეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო მუსიკოსს ერთდროულად კლასიკური მუსიკა და ჯაზი შეესრულებინა. მაგრამ, ცხადია, ეს ყველაფერი უბრალოდ არაპროფესიონალური რჩევები იყო. და ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ: ჯერ კიდევ ჯაზის სათავეებში ჯაზ-მუსიკოსები მუდამ ისწრაფვოდნენ ევროპული კლასიკური გამოცდილება გაეზიარებინათ. გავიხსენოთ სკოტ ჯოპლინი, რომელმაც დაეწერა ოპერა, ბალეტი, რითაც ევროპელ კლასიკოს კომპოზიტორებთან მიახლოვების სურვილი გამოავლინა; ასევე დიუკ ელინგტონი, რომელსაც ევროპული სიმფონიზმისა და ჯაზური ენის შერწყმა შესძლო. ამის ერთ-ერთი ნათელი ნიმუშია მისი 40 წუთიანი სუიტა „შავი, ყავისფერი და ბეჟი“. ცნობილია როგორ ასრულებდა არტ ტეიტუმი დებიუსის და ბრამსის კომპოზიციებს. იგივე ითქმის გერშვინის, ზეს კომფრის, პოლ ვაითმენის, ბენი გუდმენის, სტეფან გრაპელის, დეივ ბრუბეკის, ჟაკ ლუსიერის, ბობი მაკფერენის, ჩიკ კორეას, კით ჯარეთის, ჰერბი ჰენკოკის და სხვათა მიმართ.
უფრო მეტიც, დღეს, მსოფლიო მუსიკის ბაზარზე ჯაზურ და კლასიკურ მუსიკას ერთი და იგივე პროცენტული მაჩვენებელი უკავია. დღევანდელი ჯაზური მუსიკა ახალ-ახალი იდეებით ამდიდრებს თანამედროვე მუსიკალურ სივრცეს - ხდება მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა სფეროების, ჟანრების, მიმართულების ინტეგრაცია, მათ შორის, ძალზე აქტუალურია ჯაზის, როკის, კლასიკური, ფოლკლორული, ელექტრონული, ინტუიტური, ექსპერიმენტული მუსიკის შერწყმა და ამ პროცესების შედეგად უამრავი საინტერესო ნიმუში იქმნება.
მინდა აღვნიშნო ჩემს ცხოვრებაში ჩემი პროფესორის რევაზ თავაძის განსაკუთრებული როლი. იგი არასოდეს მზღუდავდა. პირიქით ყოველთვის მიესალმებოდა ჩემს ინტერესებს და სტანდარტებში არასდროს მსვავდა. ვთვლი, რომ ის განათლება, რაც საქართველოში მივიღე, ფასდაუდებელია და, ცხადია, ეს ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურებაა.
რაც შეეხება, შემსრულებლებს, ვფიქრობ, ზოგიერთ შემთხვევაში წაშლილი არის ხოლმე ზღვარი და განმარტება კლასიკური მუსიკისა და ჯაზის შემსრულებლებს შორის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ მუსიკოსთა ხვედრია. დღეს ჯაზში მოღვაწე მუსიკოსების უმეტესობას უმაღლესი კლასიკური სამუსიკო განათლება აქვთ მიღებული და შესანიშნავად ასრულებენ კლასიკურ მუსიკას, როგორც პირველადი, ორიგინალის სახით, ასევე მის ჯაზურ სტილში ინტარპრეტაციისას. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ კით ჯარეთის შესრულებით ბახის „კარგად ტემპერირებული კლავირის“ პირველი ტომი და შოსტაკოვიჩის პრელუდიების და ფუგების მეორე ტომი; ჩიკ კორეასა და ბობი მაკფერენის შესრულებით მოცარტის #23 კონცერტი; ჰერბი ჰენკოკის მიერ შესრულებული რაველის სოლ მაჟორული საფორტეპიანო კონცერტი; ვინტონ მარსალისის მიერ შესრულებული ჰენდელის კონცერტი კამერული ორკესტრისა და საყვირისათვის და მრავალი სხვა. ასე, რომ თუკი შემოთავაზება მექნება, სიამოვნებით შევასრულებ კლასიკოს კომპოზიტორთა კონცერტებს სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ამას უახლოეს მომავალში შევძლებ.
– თქვენი აზრით, ახლა საქართველოში სამუსიკო განათლების მხრივ რა მდგომარეობაა?
– ყველაფერს სჭირდება განვითარება, პედაგოგების წახალისება, სათანადო პირობების შექმნა, დაფასება, კვალიფიცირებული კადრებით დაკომპლექტება. თითქმის ყველა წამყვანი პედაგოგი და პროფესიონალი საქართველოდანაა წასული. ამის მიზეზი კი ეკონომიკური სიტუაცია და დაბალი ხელფასებია, მაშინ როდესაც უცხოეთში მუსიკა და ხელოვნება ფუფუნებად ითვლება და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიებია. ცხადია ქვეყანაში, რომელიც სიღარიბის ზღვარზეა, რთულია ვისაუბროთ კულტურულ ღირებულებებზე და მაღალ მატერიებზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რითაც ვამაყობთ და გამოვირჩევით სწორედ ჩვენი კულტურული მონაპოვარია, შესაბამისად უნდა დაფასდეს და ხელი უნდა შეეწყოს მის განვითარებას. პირადად მე ამაყი ვარ ქართველი რომ ვარ. ყველა კონცერტზე გამოვდივარ სიტყვით და ვუხსნი ხალხს, რომ ვარ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნიდან. ვესაუბრები ქართული ფოლკლორული მუსიკის უჩვეულო ჰარმონიაზე და უმაღლეს პოლიფონიურ განვითარებულობაზე. ამის დასტური იყო ისიც, რომ 7 200 კაციან უზარმაზარ დარბაზში ჯიმი პეიჯის წინაშე დეივიდ ფიუზინსკი ქართული ქუდით გამოვიდა.
ვფიქრობ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ხელები დავიკაპიწოთ, მეტი საგანმანათლებლო ინფორმაცია მივიძიოთ, გავავრცელოთ, საქართველოში ახალგაზრდებისთვის მასტერკლასები ჩავატაროთ. შარშან საქართველოში ჩემს მეგობრებთან ერთად კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჩავედით, მასტერკლასი ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ გამოცდილების ამგვარ გაზიარებას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს. მაგრამ რასაც ვხედავ ისაა, რომ სამუსიკო სკოლა და ტრადიცია, რომელიც არსებობდა, სამწუხაროდ, ნელ-ნელა იშლება: უდიდესი მაესტრო გიზი ამირეჯიბი გარდაიცვალა, სამუსიკო ათწლედი, რომელმაც თავისი არსებობის 80 წლის მანძილზე მსოფლიოს სამუსიკო სცენებს არაერთი ვარსკვლავი აღუზარდა, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ამდენად ქართულ სამუსიკო სასწავლებლებში ბევრი პრობლემაა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ყველაფერს მიეხედება და ისეთი დონის თანამედროვე სამუსიკო სკოლები გვექნება, რომ ხალხი პირიქით სასწვალებლად და გამოცდილების მისაღებად ჩვენთან ჩამოვა.
– სწავლას აგრძელებთ თუ საკონცერტო მოღვაწეობით დაკავდებით?
– ბერკლის ვიცე – პრეზიდენტმა მითხრა, რომ როგორც კი კოლეჯს დავამთავრებ, მას დიდი სურვილი აქვს პედაგოგოგიური მოღვაწეობა ბერკლიში დავიწყო. თავისთავად ეს ძალიან სასიამოვნო შემოთავაზებაა, მაგრამ ამ ეტაპზე მე ნიუ იორკში გამომგზავრება ვარჩიე; იქ, სადაც ყველაზე დიდი ჯაზმუსიკოსები ცხოვობდნენ და მოღვაწეობენ; იქ, სადაც მუსიკოსის კარიერის გაკეთების საუკეთესო ადგილია, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი კონკურენტული გარემოა. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი ახალი გამოწვევებით.
– და ისევ მიკროტონალურს დაუბდუნდებით?
– ვნახოთ. მე ვცდილობ მხოლოდ ერთ ჟანრში არ ვიმუშაო. მე მყავს კვარტეტი, რომელიც ჩემს საავტორო მუსიკას უკრავს; ასევე ვაკეთებ პოპ-სიმღერების არანჟირებას, რასაც "პროდაქშენი" ჰქვია და. ერთ – ერთი ჩემი მოტივი იმისა, რატომაც მიკროტონალური ინსტრუმენტი ავირჩიე ისაა, რომ მინდა იგი ჯაზსა და მუსიკის სხვა მიმდინარეობებში ჩავრთო. ვცდილობ ერთდროულად ბევრ მუსიკალურ სტილში მოვსინჯო ჩემი ძალა და გამოცდილება მივიღო. თუმცაღა ადვილად შემეძლო კლასიკურ მუსიკას გავყოლოდი და კლასიკური პიანისტი გავმხდარიყავი. ხუთი წლის წინათ შევცვალე ჩემი გეგმები და წამოვედი ამერიკაში. ეს იმიტომ, რომ გადავწყვიტე – ჩემი რესურსი და ენერგია სწორედ უცხოეთში გამომეცადა. ნიუ იორკი ჯაზის მექაა, ძალიან სწრაფი ცხოვრების რიტმია, რომელსაც არ უნდა ჩამორჩე. ვნახოთ, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და იმედი მაქვს, რომ განვახორციელებ.
– საკუთარ თავში ახალი რა აღმოაჩინეთ?
– ჩემს თავში ის სტერეოტიპი დაიმსხვრა, რომ ქართველი კაცი ორ კურდღელს ვერ დაიჭერს. ორსაც დაიჭერს და რვასაც თუკი თავდაუზოგავად იშრომებს. ამ ქვეყანაში თუ ბევრს შრომობ, საწადელს მიაღწევ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ცოტა ხნის წინ შევხვდი ბერკლის ცნობილ კურსდამთავრებულებს მეტ გარისონს, რუბენ როჯერს, ტერილეინ ქერინგტონს, ანტონიო სანჩესსა და სხვა უამრავ მუსიკოსს თუ წამყვან პროდიუსერს. მათ შორის, მაიკლ ჯექსონის ბენდის დიდი ხნის დარმერს ჯონათან მოფეტს, რომელსაც ოთხი ათასი ჩანაწერი აქვს ჩაწერილი. ძალიან გახარებული ვიყავი, როცა ბერკლის ადმინისტრაციამ ამ პროექტში Bringing It Back to Berklee - Alumni Reunion 2014 ძალიან წარმატებულ და სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად გრანდიოზულ კონცერტ-მარათონში მეც ჩამრთო და მათ გვერდით საპატიო მედლით და დიპლომით მეც დამაჯილდოვა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. რადგან მარტოდ ჩამოსულმა ადამიანმა, ოცი წლისამ ბერკლიში კარიერა ნულიდან დავიწყე. არავინ არ მიცნობდა და არც იმ ქვეყანაზე გაეგოთ რამე, საიდანაც ვიყავი. საბედნიეროდ, იმდენი შევძელი, რომ დავუკარი არაერთ ლეგენდარულ მუსიკოსთან და მსოფლიოს საუკუთესო სამუსიკო სასწავლებლის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტის სტატუსიც მოვიპოვე.
– რომელ მუსიკოსებს შეიყვანდით თქვენს ბენდში და რა პრინციპით ირჩევთ მათ?
– მსოფლიოში ბევრი მუსიკოსია, ვისთან ერთადაც სიამოვნებით დავუკარავდი, მათი რიცხვი დიდია და შეგნებულად არ ჩამოვთვლი. რაც შეეხება შერჩევის პრინციპს: ვაკვირდები საიდან არიან, რომელი ქვეყნიდან, რამდენად ინდივიდუალურები არიან, ქმნიან თუ არა მუსიკას თავად, რამდენად უცებ და მარტივად შეუძლიათ კოლეგებთან მუშაობა. ბერკლიში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, თუმცაღა ისეთი, როგორც ერთ გუნდს სჭირდება – სტაბილური და მოწესრიგებული – ადვილი მოსაძებნი არაა. ამჯერად ჩემი ბენდი შედგება ამერიკელი ბასისტი თაბარი ლეიქისგან, პუერტო – რიკოელი საქსაფონისტი ედმარ კოლონისგან და ისრაელელი დრამერი ნოამ ისრაელისგან. განსაკუთრებით გამოვყოფ საქსაფონისტს, რომელსაც საოცარი ენერგეტიკა აქვს და მასთან ერთად დაკვრა ძალიან დიდ ენერგიასა და სიამოვნებას მანიჭებს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი, ვისთანაც ერთად ახლა ვუკრავ, ათი წლის შემდეგ მსოფლიო დონის ვარსკვლავები გახდებიან.
05.09.2014
24 საათი.
No comments:
Post a Comment