Friday, September 12, 2014

იულია ლატინინა: „მჯერა, რომ საქართველო კავკასიის ისრაელად გადაიქცევა“




ქალბატონო იულია, როგორია აგვისტოს ომის დაწყების თქვენეული ვერსია?



დეტალები ბევრია, რომელიც მომხდარის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია. ფუნდამენატლური კი ის ფაქტია, რომ 2008 – ის აგვისტოს დასაწყისშივე საქართველოს საზღვრებთან რუსული ძალების ძალიან მასიური კონცენტრაცია იყო. ასე რომ საუბარია ხანგრძლივ დროზე გათვლილ ოპერაციაზე. ჯავაში საომარი ბაზა იქმნებოდა, აფხაზეთის სარკინიგზო გზები რემონტდებოდა, ხდებოდა ჯავშანტექნიკისა და მედესანტეების კონცენტრირება, ხოლო 3-4 აგვისტოს ჯარები საქართველოს საზღვრისკენ უკვე მიემართებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა სოჭის სარკინიგზო პლატფორმებზე ამ ტექნიკას უკვე ხედავდა. ამას რუსი სამხედროებიც აღიარებდნენ. საზღვართან ჯავშანტექნიკის ორასამდე ერთეული იდგა: ბეტეერები, ტანკები ჯავასთან, სამხედრო ბაზაზე სრული მზადყოფნის მდგომარეობა იყო გამოცხადებული. თუ ვისაუბრებთ ამ ომის საერთო მახასიათებელზე, ამ ფონზე, გასაგებია, რომ ომში, რომელშიც მოწინააღმდეგეს, როგორც მინიმუმი, 35 ათასი ადამიანი ჰყავს, როცა დარტყმა ორი ფრონტით მიმდინარეობს, სადაც ჩართულია არტილერია და ავიაცია, თანაც ჯარები პირდაპირ შეხებაში მოწინააღმდეგესთან არაა, ეს მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომს ძალიან ემსგავსება; ხოლო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ომი სამხრეთ ოსეთისთვის მიმდინარეობდა, ეს იგივეა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომი ეს არის გერმანელების უფლებების დაცვისთვის მიმდინარე ომი. ეს ომი კრემლის მიერ დიდი ხნის წინათ იყო ჩაფიქრებული. მე არ ვიცი კრემლი თავის სამზარეულოში როგორი სიტყვებით ხსნიდა ამას, მაგალითად, როგორც „ქართულ აგრესიაზე აუცილებელი პასუხით“ ან სხვაგვარად, მაგრამ თავად ამ მოსამზადებელი პერიოდის მასშტაბურობაზე მისი სტრატეგიულად დეტალურად გათვლილი სურათიც მეტყველებს. მეორე სტადია, რომელიც უშუალოდ სამხრეთ ოსეთის მთელს ოკუპაციას მოიცავდა, იმაში მდგომარეობდა, რომ, ასე ვთქვათ, სანაკოევის ხელმძღვანელობით ქართულ ანკლავში დიდი რაოდენობით სოციალური ობიექტები იყო: სკოლა, საავადმყოფო, ინფასტრუქტირა, ოცზე მეტი სხვადასხვა ობიექტი. ეს კი იმის დასტურია, რომ თუ ფულს შენობებსა და თავდაცვაზე დახარჯავთ, ე.ი. თქვენ იერიშისთვის არ ემზადებით.



რუსული მასმედია აცხადებდა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალს წყალი გადაუკეტა...

ცხინვალის ფოტოებში შოკისმომგვრელია არა ის, რად გადაიქცა ქალაქი, არამედ ის, რომ ქალაქს თავშესაფრის აბრები არ ჰქონდა. ქალაქი, სადაც ამბობდნენ, რომ წყალი იმიტომ არ იყო, თურმე მთელი წყალი ქართველებმა დალიესო, აღმოჩნდა, რომ ქალაქში არც თავშესაფრებია, არც დანაღმული ადგილები, თუმცა კოკოითი მოსალოდნელ ომზე სულ საუბრობდა. ისმოდა კითხვა, სად წავიდა ის დიდი ფული, რომელიც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისთვის გამოჰყო? ესეც გასარკვევ საკითხად დარჩა.


პირველ ეტაპზე ადგილობრივი მოლაშქრეებით ომის დაწყება ტრადიციულ ხრიკად გადაიქცა...


თუ ვისაუბრებთ ომის ტაქტიკურ სურათზე, ვფიქრობ, რომ მთავარი შემდეგი იყო: ქართველებთან რუსულ არმიას კი არ უნდა ეომა, არამედ – ოსებს. ეს კი ჩვენ უკვე გავიარეთ კორეის ომის დროს, როცა მფრინავმა ლი სი ცინმა ამერიკელი პილოტები დაბომბა. რეალურად ჩვენს თვალწინ სწორედ ეს ხდებოდა, როცა კოკოითი ამბობდა, რომ იგი ქართულ ქალაქებზე იერიშის მიტანის უფლებას იტოვებდა; რომ ამისთვის მას ძალები აქვს – და 9 აგვისტოს საღამოსკენ კიდეც გამოჩნდნენ რაზმები სრული შემადგენლობით. ამ დროს მოდის შაბათი-კვირა, რომლის დროს ყველა დასავლელი ლიდერი აგარაკზეა წასული, ხოლო ორშაბათისთვის, როგორც ჩანს, მსოფლიოს უნდა აღმოეჩინა, რომ ამ ჯარისკაცებს, მათთვის ყველაზე უარეს შემთხვევაში, ქართული კომუნიკაციის საშუალებები უკვე განადგურებული უნდა ჰქონოდათ, ხოლო ყველაზე საუკეთესოში – უკვე თბილისში უნდა ყოფილიყვნენ; რუსები კი კითხვაზე, თუ რა მოხდა, უპასუხებდნენ, რომ ეს ოსი მოხალისეები არიან, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ეს იქნებოდა "გმირი ოსი ხალხის" პასუხი "ქართველი დამპყრობლების" იერიშზე. ჩემი აზრით კი ორი რამ მოხდა: 1. როცა რუსეთის ელჩი ცხვინვალში ჩავიდა (იგი მინისტრ თ. იაკობაშვილის შემდეგ გაემგზავრა), მან უკანა გზაზე ქართული ტექნიკის დიდი რაოდენობა დაინახა, რომელიც ოსეთისკენ მიდიოდა, რადგანაც ქართველებისთვის სრულიად ცხადი იყო, რომ მდგომარეობამ უკვე ძალიან სერიოზული სახე მიიღო. ამ ელჩმა, რამდენადაც მე არსებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია ვიმსჯელო, ბატონ კარასინს მაშინ დაურეკა, როცა ყველა სხვა შვებულებაში იმყოფებოდა და გადაწყვეტილება იქვე იმის თაობაზე იყო მიღებული, რომ იერიში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაეწყოთ, რადგანაც ის, რაც დაიწყო 23:30 საათზე 7 აგვისტოს, ანუ თამარაშენის დაბომბვა, ეს არ იყო მხოლოდ თამარაშენის დაბომბვა, ეს როკის გვირაბისკენ მიმავალი ქართული ჯავშანტექნიკის მოძრაობასთან დაკავშირებული ქმედება იყო. სამხედრო თვალსაზრისით შემდეგი სურათი შეიქმნა: ქართველების კოლონა, რომელიც ცხინვალისკენ მიდის და რუსი ტანკების კოლონა, რომელიც, ცხადია, მარტო ცხინვალისკენ კი არა, გორისკენ მიდის და გეგმა აქვს იმის იქით წასვლისაც, მაგრამ იმავე გზაზე გასვლაც გარკვეულწილად რუსულ კოლონას არ შეეძლო, რადანაც თავის თავს მთავარი ომის გარეშე დაკარგავდა.


ამავე დროს ამ რუსულ ტანკებს უკან მთავრობის ჟურნალისტების მთელი გუნდი მოჰყვებოდა. ჟურნალისტები ყვებიან, რომ 23:00 –ზე ისინი შტაბის ეზოში გამოიყვანეს, რათა მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი ეცნობებიათ, რის მერეც ამ შტაბს უცებ დიდი ბომბი მოხვდა და ყველაფერი ცხადი ყოველგვარი სიტყვების გარეშეც გახდა. ცხადია, როცა ყუმბარა ფეთქდება, ყველაფერი ყოველგვარი სიტყვების გარეშე ხდება ცნობილი; რუსულმა არმიამ შტაბის ეზოში ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის არ დაუძახა, რომ მტრის აგრესია აუწყებინა. საკითხი დგას ასე: ეს ჟურნალისტები მწყობრად რატომ დააწყვეს? ერთი რაც ცნობილია, ისაა, რომ ისინი მაშინ გაიყვანეს ეზოში, როცა თამარაშენის დაბომბვა დაიწყო, ხოლო ქართული პასუხი ამ დაბომბვაზე ჯერ კიდევ არ იყო.

ამგვარი ანალიზისას ასეთი განცდა მქონდა, რომ თავიდან სააკაშვილი შეეცადა რუსული ჯარისთვის დაესწრო, რუსულ ჯარს კი თავის მხრივ სააკაშვილის დასწრება უნდოდა. ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ სავარაუდოდ ქართული მხარის სტრატეგიული შეცდომების გამო (მათ შორის, არააღიარებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით), როგორც ჩანს, ქართულ მხარეს სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი საომარი მოქმედების ამფითეატრის ტექნიკური მხარე და არც იმის წარმოდგენა შეეძლო, თუ რა მოხდებოდა ომის დროს, ისევ როგორც რუსულმა მხარემ ვერ წარმოიდგინა ქართული მხარის წინააღმდეგობა და მისი გამაგრების ხარისხი. ის გადაწყვეტილება, რაც სააკაშვილმა მიიღო, როცა გაიგო რუსული ჯარის გადაადგილების შესახებ, იყო არა მხოლოდ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მან, როგორც ჩანს, გადაარჩინა საქართველო იმისგან, რომ სამხრეთ ოსეთის მოლაშქრეებმა თბილისი არ აიღეს ანდა, როგორც მინიმუმი, საქართველო ორად არ გახლიჩეს. რადგანაც რუსეთის მთავარი პრობლემა მას მერე, რაც ქართული ჯარი ომში ჩაერთო, გახდა ის, რომ სამხრეთ ოსეთის პარტიზანები, რომლებიც კოკოითის პირით იქადნებოდნენ, ქართული ქალაქების დაკავებას, ბოლივით აორთქლდნენ.


სამხრეთ ოსეთის საომარი სირცხვილის ხარისხი პარტიზანული საზომითაც კი სამარცხვინოა. მობილურზე გადაღებული ყველა ფოტოზე, რომელიც ქართველი სამხედროებისგან ანდა რუსებისგან მოიპოვეს, ჩანს ქართული ტანკების ცხინვალში შესვლა. იმ ფოტოებზე ჩანს, რომ იქ ცხინვალი არაა დანგრეული. აქა – იქ მინებია ჩამტვრეული და სადღაც ბოლიც ამოდის, ანუ ჩანს, რომ იქ წინააღმდეგობა არაა გაწეული და ცხინვალში ოსი "პარტიზანები" რომ ყოფილიყვნენ, რუსეთს სულ სხვა საერთაშორისო რეიტინგი ექნებოდა. რუსეთს შეეძლო ეყვირა, რომ ნახეთ, პატარა ერმა ქართული აგრესია მოიგერია, ჩვენ კი დასახმარებლად მოვედითო. სამხრეთ ოსეთს ჰქონდა სრულიად სამარცხვინო სამხედრო მარცხი სწორედ კოკოითის „დამსახურების“ გამო, რომელსაც პუტინი დიდძალ ფულს აძლევდა. არადა ოსებს ძალიან კარგი შეიარაღება ჰქონდათ. როგორც ჩანს, წყალი მხოლოდ კოკოითს კი არ დაულიეს, არამედ თავშეფარებიც ვერ ააშენებინეს, რაციებიც ვერ აამუშავებინეს. როცა ეს სამხედრო კონფუზი მოხდა, როცა ოსები ჯავისკენ წავიდნენ (ეს იყო რუსების სტრატეგიული მიზანი) და არა ცხინვალისკენ, რუსეთს უკვე არ შეეძლო მოეჩვენებინა, რომ ამ ომს სამხრეთ ოსეთი აწარმოებს ანდა აფხაზეთი. ომს აწარმოებდა რუსეთის 58–ე არმია ისე, როგორადაც მან ომის წარმოება იცოდა, ხალიჩისებრი დამომბვებითა და ხალიჩისებრი არტდაცხრილვებით ქართველებს ყველა ადგილიდან უტევდნენ, მათ შორის – ცხინვალიდან. როგორც კი ომს 58–ე არმია წარუძღვა, მაშინვე გაჩნდა ამ ომის საერთაშორისო განსჯის საშუალება. მაშინვე გაჩნდა პრეტენზიები რუსეთის პრემიერისადმი და რუსეთს უკვე არ შეეძლოთ ეთქვათ: „იცით რა? ეს ახლა კოკოითი იბრძვის და ჩვენ არაფერ შუაში ვართ, უბრალოდ ოსებმა ტემპი აკრიფეს და თბილისიც აიღეს". და თუ გორის აღება შეუძლებელი გახდებოდა, თბილისის აღებაც შეუძლებელი იქნებოდა. ვიმეორებ, რუსეთის საომარი წარმატებისას ეს ომი დამთავრდებოდა იმით, რომ, როგორც მაქსიმუმი, საქართველოს დაიპყრობდნენ და სააკაშვილს ტყვედ აიყვანდნენ და, როგორც მინიმუმი, ორად გაყოფდნენ საქართველოს. მაგრამ არც ერთი ამ ამოცანათაგანი ვერ შესრულდა. ამ ომის ერთადერთი და აბსოლუტური გამარჯვებული კი გახლდათ ედუარდ კოკოითი. მაგრამ ეს უკვე ძირითადი საკითხის წვრილმანებია.


"უცნაური" ისაა, რომ სწორედ ამ პერიოდში რუსულ მასმედიაში მოლაშქრეებისა და რუსი ოფიცრების ინტერვიუები ღიად იბეჭდებოდა, სადაც ისინი თავდასხმის მზადყოფნას ღიად აღიარებდნენ.


მეტსაც გეტყვით, გამოცემებში ღიად იბეჭდებოდა საქართველოს საზღვრებისკენ რუსეთის რომელი საჯარისო ფორმირება წამოიწია და ომში რომელი შენაერთი როდის ებმებოდა. საქართველოს საკითხი ცხინვალში "ანტიფაშისტმა" კოკოითმა ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა – მას ცხინვალის რეგიონი ქართველებისგან სრულად უნდა გაეწმინდა. თავად იგი ღამის ორ საათზე ცხინვალიდან ჯავაში გაემგზავრა და მერე რაღაც პერიოდი საერთოდ გაქრა.

ომის დასრულების შემდეგ ბატალიონ "ვოსტოკის" ხელმძღვანელი ისა იამადევი გაათავისუფლა რუსულმა მხარემ, როგორც ჩანს, რაღაც დავალების შეუსრულებლობის გამო...

ქართველებიცა და რუსებიც იამადაევის მადლობელი უნდა იყვნენ, რადგანაც მისი 150 კაციანი ჯგუფი უფრო მეტი ძალისა იყო, ვიდრე რუსული სხვა, უფრო მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები. რამდენადაც ვიცი, იამადაევმა ქართული მოსახლეობის იმ ნაწილის უსაფრთხოება უზრუნველყო, რომელიც დიდი ლიახვის ანკლავში იყო განთავსებული. იამადაევს ეს რომ არ გაეკეთებინა და იქ თავშეყრილი ქართველებისთვის გასვლის, გაქცევის საშუალება არ მიეცა, მათ ოსი მოხალისეები ამოწყვეტდნენ, ფიზიკურად გაანადგურებდნენ. ჩემი აზრით, იამადაევმა მშვენივრად შეასრულა თავისი ყველა დავალება, რომელიც მისი შენაერთის წინაშე იდგა.


ოპოზიცია ომის დაწყებას სააკაშვილს აბრალებდა...


მე უბრალოდ მინდა სააკაშვილის ოპონენტებს ვუთხრა: 1. იციან თუ არა, რომ რომ არა სააკაშვილის მიერ გაწეული წინააღმდეგობა, რუსის ჯარები თბილისში იქნებოდნენ და ეს ოპოზიციონერები თავადაც საკუჭნაოებიდან ვერ ამოვიდოდნენ? ისინი, ალბათ, გოირგაძეს აქებდნენ... არ ვიცი, შეიძლება არც აქებდნენ 2. რაც შეეხება სააკაშვილის ოპოზიციისა და რუსული ინტელიგენციის ინტერესების თანხვედრას. ქართულ ინტელიგენციას მინდა შევახსენო ის, რომ რაც მოხდა (ომს ვგულისხმობ), შეუძლებელი იქნებოდა მრავალი წლის განმავლობაში რუსულ მედიაში საქართველოსგან და სააკაშვილისგან მტრის ხატის სისტემატური შექმნის პროცესი ასე გამალებით რომ არ ყოფილიყო გაჩაღებული და ამ ხატის შექმნაში მონაწილეობა რომ არ მიეღო არა მარტო მარტო პროკრემლურ ქართულ ოპოზიციას, არამედ რუსულ ინტელიგენციასაც, რომელიც თავის მხრივ, ქართულ ინტელიგენციასთან ძალიან მეგობრობს. ქართული ინტელიგენცია კი გაუთავებლად ყვებოდა თუ რა ცუდია სააკაშვილი და ამგვარ მასალებს რუსეთის პირველი სატელევიზიო არხი დიდი სიხარულითა და "ვაშას!" ძახილით ტრანსლირებდა. და თუ ქართულ მედია – სივრცეში ადამიანს შეეძლო მაინც აერჩია სხვა და სხვა წყაროებიდან რა მოესმინა, რა ენახა, რუსული მსმენელს მხოლოდ და მხოლოდ ის ესმოდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი გიჟი, რომ მისი ხელისუფლება ეს – ესაა დაემხობა. საქართველოს შესახებ სხვა ინფორმაცია ტელევიზიით არ გადიოდა. სწორედ მაშინდელ ქართულ ოპოზიციას ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორი იმიჯი შეიქმნა რუსეთში სააკაშვილსა და საქართველოს შესახებ.


2007 წლის 7 ნოემბერმა საკაშვილის იმიჯზე ისედაც იმოქმედა...


მე არ ვიცი, მართალი იყო თუ არა სააკაშვილი, როცა მიტინგი დაარბია. ეს ძალიან რთული საკითხია. თუმცა ცხადია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბუქარესტში საქართველო ნატოში იმიტომ არ მიიღეს, რომ რუსეთის წნეხს ვერ შეეწინააღმდეგენ და სწორედ ამან განაპირობა ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. უცნაური იქნებოდა, რომ სააკაშვილი ამაში დავადანაშაულოთ. რუსულ ტელეარხებზე სააკაშვილის შესახებ მხოლოდ უარყოფითი ინფორმაცია გადიოდა. ვერსად იპოვიდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ქართული პოლიცია და ვერც იმის დამადასტურებელს, რომ საქართველოში ადამიანები ნორმალური დასავლური სახელმწიფოს აშენებას ცდილობენ, რომლის ნორმალურ შემადგენელ ნაწილს ხელისუფლების კრიტიკა წარმოადგენს. დასავლური ქვეყნები ამ კრიტიკის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ. სააკაშვილის ის ხატი, რაც რუსეთში შეიქმნა, აბსოლუტურად შეესაბამებოდა ამერიკის იმ ხატს, რაც სსრკ-ის ოფიციალურ წრეებში 1960– 70– იან წლებში იქმნებოდა, ანუ მაშინდელ ოფიციალურ საბჭოთა მედიაში, სადაც ამბობდნენ, რომ აშშ ის ქვეყანაა, სადაც ზანგებს ლინჩის წესს უგებენ და კომუნისტებს ხვრეტენ. სხვა დანარჩენი ამერიკის შესახებ არც არაფერი ვიცოდით. იგივე ხდებოდა საქართველოსთან მიმართებაში. არსებობდა ასეთი იმიჯი: სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც მიტინგებს არბევს და არასამართლიან არჩევნებს ატარებს. ამ ისტორიაში ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა – რუსი პოლიტექნოლოგებისთვის სააკაშვილზე ქართული ოპოზიციის გამოანთქვამები ძალიან მოსახერხებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა.


როგორ შეაფასებდით აგვისტოს ომის დროს ევროპის რეაქციას?


ევროპელებმა ზოგადად არ იციან, სად მდებარობს ეს ცხინვალი და კარგია, თუ იციან თუ სად მდებარეობს საქართველო. ამიტომაც ევროპა მხოლოდ ძალიან ზოგადი კატეგორიებით განსჯის, მაგალითად, ძირითადად მაშინ, როცა ხდება გიგანტური საომარი ტექნიკის გამოყენება და დიდი, მასშტაბური ომები.



უკარინაზე თქვენ ამბობდით რომ მას ამდაგვარი არ გადახდება...



მე მეგონა, რომ საქართველოს რაც შეემთხევა (ომი ძალიან დეტალურად და დიდხანს მზადდებოდა), ეს ის ისტორია არაა, რაც უკრაინას უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება გადახდეს. მე არ წარმომედგინა, რომ ამდაგვარი რამ უკრაინაში შეიძლება მომხდარიყო. მაშინ ვთვლიდი, რომ რამდენიმე წელიწადში, თუ საქართველო მოინდომებდა, სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა.


აფხაზეთის?


ახლა გეტყვით ქართველებისთვის ძალიან ცუდ ამბავს: მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთი ისეთ სიტუაციაშია, როცა მან თავისი გამოცდა ჩააბარა. სააკაშვილის დამოკიდებულება დაკარგული ტერიტორიების მიმართ იყო მისი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომლითაც რუსეთმა ისარგებლა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ყველა მიმართებით სააკაშვილი დასავლურ ქვეყანს ქმნიდა და პუტინი პირადად მას ამას არ აპატიებდა. სააკაშვილს ჰქონდა ხელისუფლების კონცეფციის პუტინისგან აბსოლუტურად განსხვავებული კონეცფცია, მაგრამ როცა საკითხი ეხებოდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სააკაშვილი ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილი კავკასიელი, როცა ყველა კავკასიელს ახსოვს, თუ ვინ სად ცხოვრობდა XI საუკუნეში, ოღონდ საკუთარი თავის სასარგებლოდ. მაგრამ, გერმანიას არ უნდა უკან კალინინგრადი, თუმცაღა ამაზე მათ სრული უფლება აქვთ. და ვის რა ეკუთვნის, უკვე ევროპისთვის არაა მთავარი.


მე მეჩვენება, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ომში სამართლიანი მხარე არ არსებობდა და ორივე მხარეს თავისი სიმართლე ჰქოდა. 83 ათასი აფხაზი არაა იმაში დამნაშავე, რომ მათ 200 ათას ქართველზე გაიმარჯვეს. როცა ქართველ მაღალჩინოსნებს უკვირდათ, რატომ ვერ მორიგდა ბაღაბში საქართველოსთან, მე არ მესმის მათი გაკვირვების საგანი, რადგანაც მათ არ ესმით მიზეზები, რის გამოც ბაღაფში მოლაპარაკებებში ჩაერთო. ბაღაფში სავსებით შერაცხადი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ხელისუფლებაში რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ მოვიდა, ხოლო ქვეყანა იყო გაჭეჭყლი ჩაქუჩსა და გრდემლს შორის. ცხადი იყო, რომ მას არ შეეძლო ეწარმოებინა მოლაპარაკებები იმ პირობით – მოდით აფხაზეთი უკან საქართველოში დავაბრუნოთო. მტკიცება იმისა, რომ აფხაზეთში არა აფხაზებმა, არამედ რუსებმა გაიმარჯვეს, ამის მტკიცებას ჰგავს, რომ ჩეჩნეთში რუსეთმა ამერიკასთან წააგო. ეს უბრალოდ თავის გამხნევებაა. ბაღაფშს შეეძლო სხვაგავარად მოქცეულიყო, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ მას მეტი გამოსავალი არ ჰქონდა, ხოლო რასაც იგი აკეთებდა, ასე ვთქვათ, ბოროტი ნებით არ იყო ნაკარნახევი. ვცდილობ მაქსიმალურად კორექტული ვიყო თქვენთან აფხაზეთზე საუბრისას. აფხაზებმა თავი შეიკავეს გენოციდისგან, თავი შეიკავეს საშინელი მოვლენებისგან და ისინი, რასაკვირველია, ელოდნენ, რომ კოსოვოს მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ. ეს შეიძლება მაშინ ძალიან ცინიკურად ჟღერდა, მაგრამ საქართველოს აფხაზეთის დაბრუნების შანსი მხოლოდ ახალი კავკასიური ომის ანდა ახალი წესრიგის დამყარებით ჰქონდა.


რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, იქ სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო. იქ არსებობდა ცხინვალის ხელმძღვანელობის ბოროტი ნება. ბოროტი ნება ადამიანის, რომელმაც (როგორც ჰამასის ლიდერები ამას აკეთებენ) მთელი თავისი ეკონომიკა და მთელი ფილოსოფია იმ ანკლავის დემონიზაციას მოახმარა, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ და გაიძახოდა, რომ ქართველები ფაშისტები არიან; გაიძახოდა, რომ ქართველები აუცილებლად ამოწყვეტენ მათ. სამხრეთ ოსეთში კი ისეთი საშინელი პირობები იყო, რომ ყველა გარბოდა იქიდან, ხოლო ვინც იქ რჩებოდა, ყველანაირ სისულელეს სჩადიოდა. კოკოითისთვის სამხრეთ ოსეთი მისი პირადი საწარმო გახლადათ.


ანუ გამოდის, რომ მან ასე ვთქვათ, გადააგდო პუტინი?


ფაქტია, რომ კოკოითი ამ მთელს ამბავში გამარჯვებული გამოვიდა. მე მაშინ მიჭირდა სრული სურათი შემექმნა, თუ რა მოხდებოდა, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა კოკოითს შეუწყდა რუსეთის მხარდაჭერა, მას თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. ცხადი ერთია: კოკოითმა თავისი გაიტანა - სამხრეთ ოსეთი გახადა თავის ბიზნეს–საწარმოდ და თავისი თავიცა და სხვებიც იმაში დააჯერა, რომ საქართველო ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ისევე როგორც პალასტინელები მისმა ლიდერებმა დააჯერეს, რომ ისრაელი ეს აბსოლუტური ბოროტებაა. და თუ მათ საპიროსპოროს მტკიცებას დაუწყებ, ისინი ამბობენ, მაშინ რატომ დაგვესხნენ ისინი ჩვენს თავს? და ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. იმიტომ, რომ თუ გავითვლისწინებთ, რომ სამხრეთ ოსეთი თავისი არსებობის ასახსნელად ყოველთვის იმას იტყვის, რომ, აი, საქართველო თავს გვესხმის ანდა დაგევსხმება. ეს კი ძალიან მძიმე მოსასმენია.


როგორ ფიქრობთ, დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებით რუსეთს მართლაც ჰქონდა ძლიერი არგუმენტი? პუტინმა, ფაქტობრივად, დაიქადნა კიდეც, რომ კიდევ არაერთი კოსოვო გაჩნდებოდა.


რუსეთის ეს არგუმენტი ბავშვურია. რუსეთის დასავლური ფასეულობების მიმართ დამოკიდებულება არავისთვისაა საიდუმლო. ერთი ცნობილი მითის მიხედვით ქურუმები მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ ისინი წინაპრებმა გამოგზავნეს მათთან; რომ მოსახლეობისთვის გაკეთებული კარგი საქმეები საიქიოდან წინაპრების გამოგზავნილი იყო, მაგრამ იმ ცუდს, რასაც მოსახლეოება სჩადიოდა, ანდა რაც კი ცუდი ხდებოდა, თეთრი ადამიანების მიერ ამოქმედებული ჯადოს ბრალი იყო. რუსეთი იგივეს აკეთებს დასავლური ფასეულობების მიმართ: პუტინი ამბობს, რომ იგი აშენებს დემოკრატიას, აშენებს თავისუფალ ბაზარს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, მაგრამ იმაში, რომ სხვაგან ეს დემოკრატია/თავისუფალი ბაზარი ვერ შენდება, საზიზღარი დასავლეთია დამნაშავე და სწორედ ამიტომაც სხვებს ეს დემოკრატია არ გამოსდით.


ყოველი ტერიტორია, რომელიც დამოუკიდებლობას იღებს, არის ღრმად ინდივიდუალური შემთხვევა. რასაკვირველია ვიცი, რომ ქართველებისთვის ეს სასიამოვნო მოსასმენი არ იქნება, მაგრამ, პირადად მე ვხედავ დიდ მსგავსებას აფხაზეთისა (არა სამხრეთ ოსეთს ანდა მსოფლიოს სხვა რეგონებთან) და კოსოვოს ბედს შორის. ორივე შემთხვევაში საუბარი მიდის გარკვეულ ტერიტორიებზე: ერთ შემთხვევაში საქართველოსი და მეორე შემთხვევაში – იუგოსლავიის. ორივე მოწყდა დიდ იმპერიას და იმის მაგივრად, რომ რაიმე კარგი გაეკეთებინათ, შეეცადნენ გამხდარიყვნენ პატარა იმპერიები მათთვის დარჩენილ სივრცეში. ახლანდელ სერბეთს არაფერი აქვს საერთო იმ სერბეთთან, რომელმაც კოსოვოში გენოციდი მოაწყო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღევანდელი სერბული მთავრობა იხდის იმ დანაშაულთა ვალებს, რაც მილოშევიჩმა ჩაიდინა და ქართული მთავრობა იმ ვალს იხდის, რაც გამსახურდიამ და შევარდნაძემ დატოვეს. ამას ვერაფერს უზამ. ეს უკვე ისეთი მოცემულობაა, რომელსაც უკვე ვეღარ შეცვლი.



2008-ში ევროკავშირისგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ სანქციებს ბევრი ელოდა...


მე თავიდანვე მეგონა, რომ მხოლოდ თითს დაუქნევდა და ასეც მოხდა. თანამედროვე დასავლეთი პრინციპულად სხვაგვარადაა მოწყობილი, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის დროს იყო, როცა ისეთი რამის გამო, რაც საქართველოს გადახდა (მაგალითად, ფრანც ფერდინანდის მკვლელობის მსგავსი რამ), პირველი მსოფლიო ომი გაჩაღდა. მაპატიეთ, მაგრამ არც საქართველო და არც სამხრეთ ოსეთი არ ღირს იმად, რომ დასავლეთში რაიმე კარდინალური სახის ცვლილებები მოხდეს. თანამედროვე ღია სამყარო იმითაა ღირშესანიშნავი, რომ იგი ამგვარ პრობლემებს წყვეტს არა იმით, რომ მათ წინააღმდეგ რაიმე ხისტ სანქციებს იღებს, მითუმეტეს – სამხედრო სახის, არამედ – გაატარებს. საქართველოს ერთადერთი შანსი იმისა, რომ თავისი სიმართლე დაადასტუროს ისაა, რომ ეკონომიკურად განვითარდეს. რას გააკეთებს იგი ამისთვის, მე არ ვიცი.


ერთი პერიოდი იყო იმის მოლოდინი, რომ დასავლური კარის გაღებით, შესაძლებელი იყო მარგინალური ქვეყნების "მორჯულება". ლიბიის დიქტატორის შვილი დასავლეთში სწავლობდა, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, იმთავითვე უიმედო მოლოდინი იყო. ისევე როგორც პუტინის შვილის დასავლური განათლება თუ საცხოვრებელი ადგილი...


როგორ ფიქრობთ, რუსეთში ცხოვრება შესაძლებელია ისე, რომ ადამიანმა ბოლშევიზმი და "სავოკობა" არ ისწავლოს? საქმეც იმაშია, რომ ის რუსები, ვინც დასავლეთში სწავლობენ, სწავლობენ იმას, რაც რუსეთისთვის არაა მნიშვნელოვანი. ის, რომ რუსული ელიტა ინტეგრირებულია დასავლეთში, ისვენებს იქ და აქვს საბანკო ანგარიშები, სწორედ ეს აღმოჩნდა საბედისწერო რუსეთისთვის და ამავე დროს საქართველოსთვის გადამრჩენი ფაქტორი, რადგანაც ნურც გექნებოდათ იმედი, რუსეთს დასავლეთში ანგარიშები რომ არ ჰქონოდა, რომ თქვენ გადარჩებოდით. რუსეთის ჯარი თბილისამდე მივიდოდა, ხოლო ევროპა უბრალოდ ასე იტყოდა: "რუსეთი ცუდად იქცევა" და მთელი ეს მსჯელობა იქვე დასრულდებოდა. ამ მხრივ თანამედროვე რუსეთი კარდინალურად განსხვავდება სსრკ-სგან, რადგანაც სსრკ-ს დასავლეთში ანგარიშები არ ჰქონდა. გაიხსენეთ ის, რომ რუსული იერიში თბილისზე ერთ საათში, მაშინვე შეჩერდა, როცა აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთის ამგვარი მოქმედება რუსეთისთვის ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებდა.




დასრულდა მსოფლიო ომების ეპოქა...


თქვენს გამო არავინ დაიწყებს ომს. ამის იმედი ნურც გექნებათ. ვფიქრობ, რომ უკვე წავიდა მესამე მსოფლიო ომის დრო. თუმცა თუ ის ოდესმე მოხდება, იგი უფრო შესაძლებელია იყოს ამერიკასა და ჩინეთს შორის.


თქვენივე ლოგიკით, იმდენადაა ამერიკა - რუსეთის ეკონომიკა ჩინეთზე მიბმული, რომ მაშინ არც ამგვარი ომის მცირედი შანსი უნდა არსებობდეს...


ჯერ-ჯერობით თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მართლა უნდა რომ ძლიერი იყოს, უნდა იყოს ქვეყანა ღია ეკონომიკით. ეს ხელს უშლის კონფლიქტების სამხედრო ძალით გადაწყვეტას და ქვეყანას, რომელსაც უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს, როგორც ძლიერმა ქვეყანამ (იმისგან დამოუკიდებლად ამ ქვეყანას რა ჰქვია - ჩრ. კორეა, ირანი თუ რუსეთი), იგი იმისდა მიხედვით შეფასდება, შეუძლია თუ არა მას კონკურენცია გაუწიოს ღია სამყაროს ქვეყნებს წარმოების მოცულობითა და შესაბამისად, დაქირავებული ძალის მოცულობით.


წლების განმავლობაში, მაგალითად, ჟენევის ფორმატში, კონფლიქტურ ზონების წარმომადგენლებთან ქართულ მხარეს საუბრის საშუალება ეძლევა და შედეგი?


თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მოლაპარაკებებით რაიმე შეიცვლება, გეტყვით, რომ ტერიტორიები მოლაპარაკების შედეგად არ ბრუნდება. ტერიტორიები მხოლოდ საომარი გზით ბრუნდება – საქართველოს მხოლოდ თავისი იმედი უნდა ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დიდი ტერიტორიული პრობლემა აქვს, კარგი არ იქნება, რომ მან ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. თუმცა, არ გამოვრიცხავ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობაში საქართველოს ნატოში მიღებასაც. ასეთი განწყობა, რომ მოვა ნატო ანდა ევროპა და დაგვეხმარება, ეს არის ყველაზე ცუდი განწყობა, რომელიც შეიძლება ქართველებს გქონდეთ და რომელიც მე ყველაზე მეტად მაფიქრებს საქართველოსთან დამოკიდებულებაში, რადგანაც ნებისმიერი ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. როგორადაც არ უნდა ეხმარებოდნენ ისრაელს, იგი არაბულ სამყაროსთან დაპირისპირებას თავად უმკლავდება და ეს უტყუარი ფაქტია. მაქსიმუმი, რითაც მას ეხმარებიან, ეს არის შეიარაღება.


რა შეცდომები დაუშვა საქართველომ ომამდელ პერიოდში?


შევარდნაძის დროს არ იყო ქართული სახელმწიფო და არც კი ვიცი რა ვუწოდო იმას, რაც მაშინ იყო. თანამედროვე საქართველო, როგორც სახელმწიფო, თარიღდება ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე საერთოდ ვერ ვხედავ სააკაშვილის შეცდომებს რუსეთთან ურთიერთობის საქმეში, რადგანაც როცა გაიხსნებ მიზეზს პუტინთან მისი კონფლიქტისა, აღმოჩნდება, რომ თურმე პუტინს ცუდად გახედა, ანდა თითქოს ის თქვა, რაც პუტინისთვის არ უნდა ეთქვა და ა.შ. მაგრამ პრობლემა სულ სხვა სიბრტყეზე ძევს. ეს არის აბსოლუტურად სხვა წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის ძალაუფლება და რა უნდა აკეთოს ქვეყნის ხელმძღვანელმა. რადგანაც თუ იმ მოდელს ხელისუფლების, რომელიც აშენებულია რუსეთში, კიდევ შეუძლია აიტანოს ძველი დემოკრატიის არსებობა სადმე, მაგალითად, შორს, ამერიკაში, მაგრამ რუსეთი თავის სიახლოვეს ვერაფრით მოითმენდა ერს, რომელიც თავად რუსებს უჩვენებს, რომ ხელისუფლების მოწყობა სხვაგვარადაცაა შესაძლებელი. მითუმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კონფლიქტური ზონებია. და უცებ აღმოჩნდა, რომ სიტუციის შეცვლაც შეიძლება და ქვეყანა მართლაც რეალურად სხვაგვარი შეიძლება გახდეს. რუსეთის მხრიდან თავდასხმის სურვილის არსებობისას, სააკაშვილს, არა მგონია, მაშინ სხვა რაიმეს გაკეთების უნარი ჰქონდა.


მე ვფიქრობ, რომ სტრატეგიული შეცდომები იყო დაშვებული არააღიარებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყოს ის, რომ საქართველოს არ ეგონა, რომ დარტყმა სამხრეთ ოსეთიდან იქნებოდა მიყენებული. საქართველო მაინც უფრო კონცენტრირებული იყო აფხაზეთზე. ამ მხრივ, თქვენ გვარიანად მოგატყუეს. ამას გარდა, მე მესმის, რომ საქართველოში რეფორმები ძალიან დიდი ტემპებით მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ომის სურათმა აჩვენა, ქართული ჯარის გადაირაღების დონე საკმარისი არ იყო. თუმცაღა, შეიძლება ითქვას, რომ ერთმა პატარა ჯარმა (საბჭოთა ყაიდით შექმნილმა), საბჭოთა ყაიდის დიდი არმია დასაჯა, სწორედ იმ შეიარაღებით, რაც მას ჰქონდა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რუსული არმიის წინააღმდეგ გებრძოლათ. როცა ომს აგებ ხოლმე, ამბობ – იცი რა, ჩვენ არ ვაპირებდით ომს არაბული სამყაროს ნახევრის წინააღმდეგ.


საქართველოს პირობებში, სადაც, ასე ვთქვათ, დასავლეთისკენ მსწრაფი ქვეყნებიდან „კაგებემ“, მგონი, ყველაზე დიდი კვალი დატოვა ადამიანთა ცნობიერებაზე, მეტ-ნაკლებად სრულყოფილი შეარაღებაც ვერ იქნებოდა გადამრჩენი...



მე მესმის, თუ რა სახის დანახარჯები დასჭირდა საქართველოს იმისთვის, რომ შეექმნა, მაგალითად, ისეთი ჯარი, როგორიც ისრაელშია, რომ ახალი ჯარი ძველზე ორჯერ უკეთესი მაინც ყოფილიყო. რანაირად შეიძლება რუსეთს ოცი წლის წინანდელი ჰაერსაწანააღმდეგო დანადგარებით ებრძოლო და თან ძირითადად ისეთი საშუალებებით, რომელიც შენი მოწინააღმდეგის მიერ იყო გაკეთებული და ამავე დროს ამ მოწინააღდეგემ ისიც კი არ იცის, როგორ გამორთოს იგი. მე ჩემთვის მაქვს წარმოდგენილი მთელი ამ ნაყარ-ნუყარი რაკეტების საფასური, რომელსაც როკის გვირაბის აფეთქება შეეძლო. მაგრამ ცხადია, რომ ჯარის რეფორმა ნახევრად იყო გაკეთებული, ბოლომდე არმიყვანილი. ცხადია ისიც, რომ რუსეთი საქართველოს არ მისცემს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპყრობის საშუალებას და აუცილებლად დაეხმარება.


შექმნილ პირობებში ჩემთვის პირადად ძალიან ძნელია მოვლენების რაიმე სხვა კუთხით წარმოდგენა; ასევე ჩემთვის წარმოუდგენელია ეროვნული სახელმწიფო, რომელიც ფეხზე დგება და ის განაცხადებს: არა, ჩვენ აფხაზეთი არ გვჭირდება. სახელმწიფო, რომელიც შეიარაღებაზე დიდად არც არაფერს ხარჯავდა და რომელიც მანამდე საერთოდ შეიარაღების გარეშე არსებობდა, იმთავითვე წარმოუგენელია, რომ მას რამდენიმე წელიწადში ისრაელის ტიპის ჯარი შეექმნა. ეს უბრალოდ ფინანსური კუთხით წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. თუმცაღა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო უდიდესი იყო გაწეული, მაგრამ, ის რაც საქართველომ მაშინ გადაიტანა, შეიძლება შევადაროთ იმას, რაც ისრაელს 1948 წელს გადახდა. ყველაფერი, როგორც ჩანს, წინაა. მაგრამ, ისევ გავიმეორებ, თუ მე მოვლენათა განვითარება სწორად მესმის, იმ მომენტში, როცა თამარაშენის დაბომბვა დაიწყეს და ეს არ იყო მხოლოდ თამარაშენის დაბომბვა, არამედ ეს იყო გამაგრება იმ რაიონების, იმისთვის, რომ რუსული ტანკები გორსა და თბილისზე გასულიყვნენ, მე მეჩვენება, რომ მიღებულ იქნაიმ მომენტისათვის ერთადერთი სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო გადაარჩინა. საქართველო სრულ ოკუპაციას ანდა დანაწევრებას გადაურჩა. 7 აგვისტოს სააკაშვილი ისეთ მდგომაროებაში იყო, როცა უკვე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების დრო არ იყო და იყო, შეიძლებოდა მხოლოდ მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება. როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, სახელმწიფომ რა გზა გაიარა მანამდე, სააკაშვილს სხვაგვარად მოქცევა უბრალოდ არ შეეძლო.


ეს არჩევანიც არ იყო ომსა და კიდევ რაიმეს შორის...


არა, არჩევანზე საუბარიც არ იყო. თქვენი "არჩევანი" ასეთი იყო: გებრძოლათ ცხინვალთან ან გებრძოლათ გორთან. ჩემი აზრით, იმ მომენტში სააკაშვილი უკვე აღარ ფიქრობდა ცხინვალის მოსახლეობაზე, არამედ უკვე – თბილისის მოსახლეობაზე.


თქვენი აზრით, რუსეთი დასავლეთის ამგვარ რეაქციას ელოდა? თუ შეგნებულად მიდიოდა ამაზე?


რუსეთი სწორედაც რომ დაფიქრებული იყო დასავლეთის რეაქციაზე და ამიტომაც ოპერაცია დაგეგმილი იყო 9 აგვისტოს, ანუ შაბათ–კვირას – არასამუშაო დღეებში და ამიტომაც ეს ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო ვითომდა ოსი ანდა აფხაზი პარტიზანების მიერ, იმის საჩვენებლად, რომ, აი, თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ქართულ მილიტარიზმს უპასუხეს. როცა სააკაშვილმა პრევენციული დარტყმა განახორციელა, ამით შეუძლებელი გახადა სამხრეთ ოსური პარტიზანების ისტორიის არსებობა, რადგანაც სამხრეთ ოსეთის პარტიზანები "გაიტრუნენ", ხოლო როცა გორში 58–ე არმია შედის, აქ უკვე საქართველომ და დასავლეთმა პრეტენზიები გამოთქვეს რუსეთის მიმართ და არა არააღიარებული რესპუბლიკების მიმართ.


წინააღმდეგობის გაწევის დროს შესაძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიის „ჩეჩნიზაცია“?


საქართველოში არ მოხდა ჩეჩენიზაცია. ომის მერე თქვენ მიიღეთ ახალი ნორმალური საქართველო და ორი ანკლავი, რომელიც რუსეთის მძევალია. ჩეჩნიზაცია იქნებოდა სისულელე... პირადად მე ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც თბილისში ყოველი სახლისთვის დაიწყებს ბრძოლას და მეორეც: გაიხსენეთ ის, რომ ჩეჩნები გროზნოში თოთოეული სახლისთვის იბრძოდნენ და რას დაემსგავსა გროზნო?


იმ პერიოდში რუსეთი ისე წარადგენდა თავის თავს, რომ თითქოს აგრესორი კი არა, მსხვერპლი იყო და ამ ხერხს ის მომავალში კიდევ არაერთხელ მიმართავს...

რუსეთი თავის თავს მსხვერპლად ხატავს, ოღონდ ისევ საკუთარი თავის წინაშე. მაგრამ მიუხედავად დაკარგული ტერიტორიებისა და უამრავი დევნილისა, საქართველოს აქვს პერსპექტივა და მაინც მჯერა, რომ საქართველო კავკასიის ისრაელად გადაიქცევა... რასაკვირველია, თუ ყველაფერი სწორად წავიდა. მე ვგულშემატკივრობ რუსეთს, რადგანაც ამ ომმა რუსეთისთვის პრაქტიკულად ცუდი შედეგები მოიტანა. და მე ვგულშემატკივრობ საქართველოს, რადგანაც მჯერა, რომ თუ საქართველოს გამოუვა, ე.ი. რუსეთსაც აქვს შანსი რომ ნორმალური სახელმწიფო გახდეს.


თქვენ ახსნეთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ისრაელი შეიძლება გახდეს. არადა ისრაელი თავის მტერს ფართომასშტაბიანი ოპერაციებითაც ებრძვის და იცავს თავის ტერიტორიას, მაგრამ ცხადია, რომ იგი უკვე წლებია ვერ წყვეტს თავისი ტერიტორიის დაცვის მწვავე პრობლემას..


გააჩნია, რა ვერ გადაწყვიტა ისრაელმა. ცხადია, ტერიტორიული პრობლემა მან ვერ გადაწყვიტა, რადგანაც როგორც გამოცდილებამ აჩვენა, თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს კარგი ხერხი ტერორისტულ ანკლავებთან ბრძოლისა, რომლის მოსახლეობა ტერორისტების ან მძევლები არიან, ანდა მათი თანამეინახეები. მაგრამ მაინც ამ პირობებშიც კი ისრაელი ნორმალურად ცხოვრობს და გაცილებით უკეთესად, ვიდრე "ჰამასის" წევრები.


რა ზარალი იწვნია რუსეთმა აგვისტოს ომის შედეგად?


1 - ომის დროს იყო კაპიტალის დიდი გადინება, თუმცაღა ეს კრემლის მიერ დამარცხებად არ აღქმულა, იმიტომ, რომ უხეშად რომ ვთქვათ, ფულის იმ რაოდენობაზე, რომელიც მან ამ აგვისტოს ომაზე დახარჯა, პუტინმა მისეული ძალაუფლების შენარჩუნების კანონი გაამყარა. ის ფული, რომელიც იქიდან წავიდა, გადაიქცა პრემიერის ძალაუფლებად. ამ კუთხით მთავარი მიზანი ომისა, რომელიც მიღწეულ იქნა, ასეთი იყო: ყველამ გაიგო ვინაა "ხაზეინი". არადა ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს მთავარ ზიანს აყენებს, მაგრამ რუსეთის უმაღლესი მმართველობისთვის ეს ტუზად მოიაზრება.



2 - ჩემი აზრით, რუსეთმა კავკასიაში პრობლემები გაიმრავლა. მე არ მესმის, რად გვინდა ჩვენ ყურის ძირში დაძაბულობის კერა?! როცა სსრკ რომელიმე შორეულ მარგინალ ქვეყანას ეხმარებოდა, რომ რეჟიმი დაცემულიყო, ის ქვეყანა შორს იყო. კავკასია კი ახლოსაა და, მაგალითად, განსაკუთრებით სახიფათოა პრობლემების ქონა ინგუშეთში. ადამიანი მთლად კარგად ვერც გაიგებს აკონტროლებს თუ არა ამ სიტუაციას რუსეთი, არადა ამ პირობებში მან კავკასიის ბალკანიზაცია მოაწყო, რაც უცნაურია, მაგრამ გასაგები გახდება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რუსეთსა და მის მმართველ ძალოვანებს აქვთ ორი პრინციპულად განსხვავებული პრობლემა: 1. რუსეთს კავკასიაში სჭირდება მშვიდობა, ხოლო რითაც მთავრდება ეს კავკასიური ომები, ცხადია. 2. ძალოვანებს ომი სჭირდებათ და მათთვის კავკასიის ნებისმიერი ბალკანიზაცია ჩვეულებრივი, ახალი შემოსავლის წყაროა: ყოველთვის შეიძლება არგუემენტად მოიყვანო ის, რომ ყველაფერში ომია დამნაშავე. არსებულ ცუდ მდგომარეობაზე მიუთითებს ისიც, თუ როგორ მოკლეს უფლებადამცველი და ჟურნალისტი მაგომედ იავლოევი ინგუშეთის აეროპორტში, რომელიც ინგუშეთის პრეზიდენტთან ერთად მგზავრობდა.



3 - რასაკვირველია, რუსეთი 2008 წლის ომის დროს ერთგვარ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. მაშინ რუსეთს მხარი არ დაუჭირეს ისეთმა ჩვენმა ტრადიციულმა მოკავშირეებმა, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ქვეყნების ის მთელი რაზმი, რომელთანაც რუსეთი, როგორც წესი, მეგობრობს. მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როცა კრემლმა თავის ორ ფუნდამენტალურ მიზანს ვერ მიაღწია: სააკაშვილის ჩამოგდებასა და თუნდაც საქართველოს ორად გაყოფას, პუტინის მიმართ ეს ყველაფერი ძალიან ცუდ განწყობებს აღძრავდა და ეს ბადებს იმას, რაც ფეოდალიზმის ბაზისის ჩარჩოებში არ ჯდება.


ერთი პერიოდი, პუტინი გაიძახოდა, რომ იგი "სუვერენულ დემოკრატიას" აშენებს, არადა მსოფლიო გამოცდილებით, ამგვარი დემოკრატიის ეკონომიკა არაა ეფექტიანი...

აღვნიშნე კიდეც, რომ ვერ ვიგებ რუსეთის პრეტენზიების არსს. როცა კომუზმს ვაშენებდით, მაშინ გასაგები იყო ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც საბჭოეთს ახალი იდეები არ უნდა გაგვეზიარებინა. ირანთან დაკავშირებითაც ყველაფერი გასაგებია – იქ ყველა ალაჰის მიმდევარია, ხოლო "წყეული დასავლეთი" ალაჰს არ სცნობს. ჩრდილოეთ კორეასათანაც გასაგებია – იგი ჩუჩხეს მიხედვით ცხოვრობს. მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელების შვილები დასავლეთში სწავლობენ, საბანკო ანგარიშები დასავლეთში აქვთ, ამის მერე რატომ ამბობენ, რომ დასავლეთს ჩვენ არ ვუყვარვართო, ეს მართლა გაუგებარია. ეს რაღაც ისტორიული გამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სირიასთან ვმეგობრობთ და ამ დროს ანგარიშები გვაქვს შვეიცარიაში და ამ ანგარიშების პატრონებს რატომღაც აზრადაც არ მოსდით, რომ ანგარიშები სირიაში გახსნან, იქ დასასვენებელად წავიდნენ და შვილები იქ გააგზავნონ.


ღია საზოგადოება და ღია ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მაგრამ, როგორც კი ღია საზოგადოებას სამხედრო საფრთხე ემუქრება, ეკონომიკა, როგორც წესი,თავის იკატუნებს, რომ ამ საფრთხეს ვერ ხედავს და ხისტად არ რეაგირებს სწორედ იმის გაქრობის საშიშროებაზე, რამაც იგი წარმოქმნა...


ბოლო საუკუნეში ისტორიულად ისე მოხდა, რომ უფრო მეტი ქვეყანა გაჩნდა ღია ეკონომიკით და ისედაც, დემოკრატია, როგორც მინიმუმი, ღია ეკონომიკით არსებობს. იმისთვის, რომ ლიდერი იყო და თან იყო მსოფლიო ლიდერი და ამავე დროს იყო მსოფლიო პროცესებში გამარჯვებული, უნდა გქონდეს ღია ეკონომიკა. მანამ, სანამ ჩინეთი დასავლეთისთვის "კუზკინა მაწის" ჩვენებას ცდილობდა, ეს მას დიდად არ გამოსდიოდა. მას მერე, რაც მან თავისუფალ ბაზარზე თანამშრომლობა დაიწყო, იგი გახდა მსოფლიო არენაზე გიგანტური მოთამაშე. ახლაც ეკონომიკის დარგში იგი არანაკლებად დამოკიდებულია აშშ-ზე, თუმცა ახლა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნაკლებადაა დამოკიდებული. სინამდვილეში, ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს რუსეთი, საქართველო თუ მალის თუმბუქტუ, არსებობს მხოლოდ განვითარების ორი ვარიანტი: ან ქვეყანა ხდება თავისუფალი ბაზარი და იწყებს რეალური როლის თამაშს, ან იგი მეტ – ნაკლებად იზოლიციონისტურ ანკლავად გადაიქცევა, ქვეყანა – მარგინალად, მაგალითად, როგორიც ლიბიაა. მადლობა ღმერთს, რუსეთი არაა ისეთი განდევნილი ქვეყანა, როგორ ლიბია, იმის გამო, რომ რუსეთის ეკონომიკა დასავლეთთანაა დაკავშირებული და მისი საბანკო ანგარიშებიც დასავლეთშია და, ცხადია, ეს კიდევ ჩვენ რაღაცნირად გვაკავებს და მომავლის იმედს გვისახავს. მარგინალი ქვეყანა კი თავის თავზე რასაც უნდა იმაზე ილაპარაკებს, იგი შორსაა ეკონომიკის მიმდინარეობებისგან და ზის რაღაც ჭაობში. ეს ნებისმიერ ქვეყანას ეხება და მარგინალები იმის მაგივრად, რომ ეკონომიკას მიხედონ, სულ სხვა რამით ერთობიან. ამ შემთხვევაში საქართველოს წარმატება, როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე ახდენს იგი თავისი ყურადღების კონცენტრირებას. თუ იგი ძირითადად ეკონომიკაზე გააკეთებს აქცენტს, არასოდეს წააგებს, მაგრამ თუ მთელს ძალას იმას დაახარჯავს, რომ, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის სოფლები უკან დაიბრუნოს, იგი დაემსგავსება დათვს, რომლისთვისაც ოროლია დამიზნებული. ჰოდა, იქვე დაიღუპება კიდეც.


რუსეთი დაინტერესებულია, რომ თავისი ჯარისკაცები ყაზარმებში დიდხანს არ დააყოვნოს და ამ შემთხვევაში როგორაა შესაძლებელი ღია ეკონომიკას ყოველ წუთს სამხედრო საფრთხე არ ემუქრებოდეს?


გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ის ომი, რომელიც რუსეთმა გაითამაშა, აღმოჩნდა საქართველოსთვის თავზარდამცემად ეფექტიანი. ეს იყო ომი, რომელშიც რუსული ჯარის ყველა ნაკლოვანება ქართული მხარის ღირსებად გადაიქცა. 1. ჩვენმა ტექნიკამ ცხინვალთან მიახლოვება ორი დღე ვერ შესძლო 2. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ავიაციას წერტილოვანი დარტყმების შესრულება არ შეუძლია და მიზანს ორჯერ უფრო მეტი მანძილით ვცდებით. 3. სააკაშვილი იძულებული იყო დაფიქრებულიყო: ავიაცია, რომელმაც არ იცის თუ როგორ განახორციელოს წერტილოვანი დარტყმები და თუ ამგვარი ავიაცია თბილისს დაბომბავს, იქნება სრული და აბსოლუტური უბედურება და საშინელება. რუსულ არმიას, როგორც გაირკვა, არა აქვს ნორმალური აღჭურვილობა, ამიტომ სააკაშვილს მოუწია იმაზე ფიქრი, რომ არმია ჩექმების გარეშე რიგ შემთხევევებში უფრო საშიშია, ვიდრე ჯარი ჩექმებში.


ანუ კარგია თუ არც ისე, როცა მოწინააღმდეგეს, როგორც მინიმუმი, თავის სახლში ტუალეტის ქაღალდი არა აქვს?


ომს ან იგებ ან აგებ. და, როგორც ჩანს, ომის მოგების მხრივ სახლში ტუალეტის ქაღალდის არქონა ეფექტიანი ფაქტორია. ასეთი ტემპებით რუსეთის ჯარი შეუძლია დაამარცოს მსოფლიოს ყველა არმიამ, ჩინურის გარდა.


თავად თქვენი ძირითად მოტივაცია რა იყო, როცა 2008 -ში ასე დეტალურად აშუქებდით აგვისტოს ომს?


ეს ჩემი პროფესიონალური იმპულსი იყო, თან ჩემი თბილისში ყოფნის პირველი შემთხვევაც არ იყო. აგვისტოში 5–6 დღე დავყავი თბილისში. მინდოდა სამხრეთ ოსეთშიც ჩავსულიყავი, მაგრამ ვერ მოხერხდა. არადა ბრძოლის ველიდან სიმართლის გამომტანი ადამიანები ხომ ოქროს წონისა არიან. პირადად მე კი ბოლოს და ბოლოს გავიგე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა თამარაშენის დაბომბვა, ამ ომის მორალურ მხარეზე კი უკვე აღარც კი ვსაუბრობ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული დიდი ხანია ძალიან ყურადღებით ვაკვირებოდი იმას, თუ რა ხდებოდა საქართველოში. მე ეს დიდ სტიმულს მაძლევდა, რადგანაც მჯეროდა: თუ საქართველოშია შესაძლებლია, რომ პოლიციელმა ქრთამი არ აიღოს, იქნება რუსეთშიც ოდესმე ამდაგვარი ცვლილება მოხდეს.

2014.09.11
netgazeti.ge



No comments:

Post a Comment