Wednesday, September 3, 2014

ანიტა რაჭველიშვილის კარმენი, ლიუბაშა, კონჩაკოვნა და მანიანი





მას მერე, რაც რუსი კომპოზიტორის ალექსანდრე ბოროდინის "თავადი იგორი" (Prince Igor) 1915–1917 წლებში ნიუ იორკის "მეტროპოლიტენ ოპერის" სცენაზე წარსდგა, თითქმის საუკუნე გავიდა. მაშინ ორკესტრს ლეგენდარული ჯორჯიო პოლაცო დირიჟორობდა, ხოლო იგორის როლის ერთ–ერთი შემსულებელი პასკუალე ამატო იყო. 2014 წელს კი ეს ოპერა მეტროპოლიტენის სცენას კვლავ ეწვია, ოღონდ სრულიად სხვაგვარი, ნოვატორული სცენოგრაფიით, რეჟისურით, კოსტუმებითა და კონჩაკოვნას პარტიით, რომელიც მეცო–სოპრანომ, "ლა სკალას" აკადემიის ქართველმა კურსდამთავრებულმა ანიტა რაჭველიშვილმა შეასრულა. ბოროდინი, რომელიც თავის ენერგიას ქალებისთვის განათლების მიღების უფლებისთვის ბრძოლას (მან ქალთა სამედიცინო სკოლა დააარსა), ქიმიაში კვლევებსა და მუსიკას უნაწილებდა, თავის ერთადერთ ოპერას 18 წელი წერდა, თუმცა 53 წლისა ისე გარდაიცვალა (1887), რომ მისი დასრულება ვერ მოასწრო, ამიტომ ნაწარმოების უმეტესი ნაწილი და პარტიების ორკესტრირება თავის თავზე კომპოზიტორებმა რიმსკი–კორსაკოვმა და გლაზუნოვმა აიღეს. ნაწარმოების ლიბრეტოს საფუძველს რუსული ლიტერატურის ძველი ძეგლი "ამბავი იგორის ლაშქრობისა" წარმოადგენს. იგი დღევანდელი დღისთვის ზედგამოჭრილი ქარაგმაა, რომელშიც რუსეთი თვითდამკვიდრებას სხვათა დაპყრობითა და ტერიტორიის გაფართოებით ცდილობს. მაგრამ თანამედროვეობის ცნობილი რუსი "ხულიგანი" რეჟისორის დიმიტრი ჩერნიაკოვის რეჟისურამ ოპერას ტრადიციული "რუსული ძლევამოსილების" მონუმენტალურობას ჩვეული ამპლუა შეუცვალა და დადგმა ლამის შეუნიღბავ პოლიტიკურ აქტადაც კი აქცია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ეს იმთავითვე თვალშისაცემი იყო, განსაკუთრებით მეტოპერისა და აშშ–ის საზღვრებს გარეთ ამჟამად მიმდინარე პროცესებთან ერთობლიობაში – უკრაინასა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთის იმპერიას შორის გაჩაღებული ერთგვარი "ცივი ომისდროინდელი" დაპირისპირების ფონზე, თანაც როცა მოქმედება "კიევის რუსეთშია" (Киевская Русь) გადატანილი. ყველაზე მეტად ეს არაორაზროვნება იგორის არიების (მარიინის თეატრის სოლისტი ილდარ აბდრაზაკოვი) დროს გიჩნდება, როცა მთავარი გმირი თავისუფლებასა და სირცხვილის ჩამორეცხვაზე მღერის.

44 წლის რეჟისორი დიმიტრი ჩერნიაკოვი, რომელიც არაერთი ლოკალური და საერთაშორისო სასცენო პრიზის მფლობელია, ცნობილია კლასიკური ტექსტების სკანდალური ინტერპრეტაციებით, რითაც არაერთხელ დაუმსახურებია ზოგიერთი კრიტიკოსის უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა ყველა მისი დადგმა სუპერწარმატებული გამხდარა. "თავადი იგორის" (დირიჟორი ჯიანანდრეა ნოსედა) შემთხვევაში რეჟისორმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა მხოლოდ და მხოლოდ ბოროდინის მუსიკა ანუ ის მუსიკა, რომლის ავთენტურობა სრული დარწმუნებით მტკიცდებოდა და გარდა ამისა დაემატებინა ის უცნობი მასალაც, რომელიც ბოროდინის არქივებში ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მოიპოვეს და რომლის კომპოზიტორისეული ავტორობაც დოკუმენტურად მტკიცდება. რაც შეეხება თავად დადგმას, როგორც რეჟისორმა (იგი დეკორაციების დიზაინერიცაა) განაცხადა, "თავადის" ამ ვერსიაში კონკრეტული ისტორიული დრო არაა მითითებული და არც ყოვლისმომცველი ეპიკურობაა, არამედ ერთი ადამიანის ბედი იგორის მონოსპექტაკლითაა წარმოჩენილი. თუმცაღა აშკარაა, რომ რეჟისორი ნახევრადსიმართლეს ამბობს, რადგანაც XII საუკუნის ადამიანები 1812 წლის ომის პერსონაჟებად ანდა ტყავის ქურთუკებში, შინელებსა და ტყავის ჩექმებში ისევე გამოიყურებიან, როგორც ჩვენი არც ისე შორეული წარსულის წითელ–რევოლუციონერი გმირები, რომლებიც საკუთარ გიჟურ ამბიციებს ადამიანების სიცოცხლესა და არაერთ თაობას სწირავდნენ; ყივჩაღების წინამძღოლს კი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პერიოდის იაპონელი სამხედრო ოფიცრის ფორმა აცვია. მოქმედება მდორედ ინაცვლებს შუა საუკუნეებიდან XX–XXI საუკუნეებში და უკან. უმეტესი სცენა კი, რომელიც კინემატოგრაფიული ელემენტებითა და სინათლის თამაშით ლამის ბროდვეის პომპეზური შოუს, ჰოლივუდური ბლოგბასტერისა და "ფენტეზის" სპეცეფექტებითაა სავსე (დიდ ეკრანზე/ ფარდაზე ჩნდება მოქმედი გმირების სახეები და საოპერო ლიბრეტოდან აღებული კინოსიუჟეტი, მათ შორის ბატალიების, სიკვდილისა და ტანჯვის): თავადის ფსიქოდელიური სიზმარი, ჯარისკაცების სიკვდილისწინა წუთები თუ მწვანეღეროვანი წითელი ყაყაჩოების დიდ მინდორში მოსეირნე, თეთრ გამჭვირვალე კაბასა და გრძელ, გაშლილ, სქელტალღოვანშავთმიანი, ალუზორული კონჩაკოვნა, რომლის პარტიის ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულება გაზეთმა "ნიუ იორკ თაიმსმა" ასე დაახასიათა: "ქარიზმატული ქართველი მეცო სოპრანო, რომელიც კონჩაკოვნას აძლევს თავის მდიდრულ, დიდ ხმასა და მგზნებარე სხეულს". სპექტაკლი ძალიან დრამატულია და მომღერლებისგან სამსახიობო ოსტატობასაც მოითხოვს. მართალია, თითქმის ოთხსაათიან სპექტაკლში, ყივჩაღების წინამძღოლის ქალიშვილს, რომელსაც თავად იგორის შვილი ვლადიმირი უყვარს – კონჩაკოვნას ეპიზოდური როლი აქვს, მაგრამ იმდენად დასამახსოვრებელია, იმდენად ზღვრულად ექსპრესიული ხატია, რომ (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) სპექტაკლის განმავლობაში და მერეც რაჭველიშვილის სამსახიობო იმიჯი დიდხანს გამყვა და სულაც არა იმის გამო, რომ სცენაზე ქართველი მღეროდა. გარდა ამისა, ოპერის ლამის ყველა პოსტერსა თუ საინფომაციო ბუკლეტში "თავადი იგორის" სწორედ ის სცენაა გამოსახული, რომელშიც ანიტას გმირი წითელი ყვავილების მდელოზე თავის საყვარელ ადამიანს უმღერის. ეს ყვავილები, ანიტა რაჭველიშვილის თქმით, სპეციალური მასალისგან ნატურალური ყაყაჩოების "გარეგნობასთან" მაქსიმალური დამსგავსებით დამზადდა, თან ისე, რომ მინდორში გადაადგილებისას და ცეკვისას (განსაკუთრებით აღსანიშნავია "ყივჩაღების ცეკვების" ჩერნიაკოვისეული არაორდინალური ვერსია) ყვავილებს მსახიობებისთვის ხელი არ შეეშალა. ყაყაჩოები ნამდვილი მცენარეებივით გადაითელნენ და ფოთლებიც დასცვივდათ, ამიტომ სპექტაკლების სერიის დასასრულისკენ ყაყაჩოების რაოდენობამ საგრძნობლად მოიკლო.


ლიბრეტოს მიხედვით, თავადი იგორი აღმოსავლელი ბარბაროსების – ყივჩაღების დასამარცხებლად საომარ კამპანიას იწყებს, ებრძვის მათ და ტყვედ ვარდება. მერე ტყვეობას თავს აღწევს და სახლში ბრუნდება. სამშობლო კი, სადაც მას მეუღლე ელოდება, დამრბევებისგან განადგურებული ხვდება. რეჟისორის ჩანაფიქრით, მთელი სპექტაკლი თავისი ბატალური სცენებით, თავადებისა თუ ჯარისკაც–ოფიცრების შეკრებებით მხოლოდ "უბრალო ფონია", რომელიც იგორის საკუთარი თავის ძიების ჩვენებისთვის შეიქმნა. ეს არის "უდროობა, რომელშიც ჩაქსოვილია ყველაზე განსხვავებული ეპოქის ნიშნები და სტილები" (დ. ჩერნიკოვი). სცენოგრაფია კი მართლაც კინემატოგრაფიულ მასშტაბებს იძენს – ერთი მხრივ, პირქუში საომარი დეკორაცია, მეორე მხრივ – ქალაქის ქუჩა, ადამიანების თავშეყრისა და ახალი ამბების გაცვლის ადგილი, ქუჩაზე მდგარი სახლების აივნებითა და, მესამე მხრივ, იგივე სივრცის ვიტალური ძალის ცისფერციან, მუქწითელყაყაჩოებიან დიდ მინდვრად გადაქცევა, რომელიც ილუზორული თავისუფლების, ბედნიერების ჰალუცინაციასა და წინა სცენებთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის. ცნობილი "ყივჩაღების ცეკვები" ისევ და ისევ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგანაც იგი კონცეპტუალურად ძალიან განსხვავდება იმ ქორეოგრაფიისგან, რომლითაც აქამდე ოპერის ეს ეპიზოდი იდგმებოდა – აღმოსვალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ჰარამჰანის ქალებისა და მომთაბარე მოლაშქრე მამაკაცების საცეკვაო ილეთებით, რომელიც უფრო ფსევდოორიენტალისტური დატვირთვის მატარებელი იყო და, ალბათ, კომპოზიტორის ჩანაფიქრით, სლავური კულტურისგან განსხვავებული ეგზოტიკა უნდა შეექმნა. ჩერნიაკოვის "იგორში" კი ნახევრადშიშველი ქალები და კაცები თეთრ ტანსაცმელში და ზანტი ზმანებისმაგვარი მოძრაობებით არაორდინალური სცენოგრაფიის დაუვიწყარი ნაწილია, რომელიც თანამედროვე ცეკვის ცნობილმა ისრაელელმა არტისტმა იციკ გალილიმ დადგა.

სპექტაკლის პარალელურად მეტროპოლიტენ ოპერის გალერეაში "თავადი იგორის" პირველ სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "წარმოსახვითი პორტრეტები: თავადი იგორი". ოპერის მესვეურებმა ოცდასამ ნიუ იორკელ მხატვრს თავიანთი ფანტაზიით რუსი მოლაშქრის – თავადი იგორის პორტრეტების, ინსტალაციების, მულტიმედიის შექმნა შესთავაზეს. თავადი იგორი რუსი დიპლომატის ამპლუაშიც გამოიფინა; ასევე მკვდრის, რომელსაც ყვავი უკორტნის თვალს; რუს ჰოკეისტად; ერთმა მხატვარმა ოპერის მოკლე შინაარსი ინგლისურად ქაღალდზე გადაიტანა, მეორემ იგორი საბჭოთა სიმბოლიკით შემოსა, მესამემ კი ეშმას დაამსგავსა.


***

– ”მეტროპოლიტენ ოპერამ“ ეს კონტრაქტი სამი წლის წინათ შემომთავაზა და მეც დავთანხმდი, – მიყვება ანიტა რაჭველიშვილი, – ეს მას მერე მოხდა, როცა "კარმენში" ვიმღერე. დონორებმა "თავადი იგორის" დადგმის შესახებ შვიდი წლის წინათ მოითათბირეს, როცა "მეტროპოლიტენ ოპერის" სცენაზე რუსული ოპერის დადგმის იდეა მომწიფდა. "მეტოპერაში" რუსული ოპერა სათანადოდ არაა წარმოდგენილი და გადაწყვეტილებაც ამ უკმარისობით იყო განპირობებული.


– "თავადი იგორი" დიმიტრი ჩერნიკოვთან თქვენი პირველი თანამშრომლობა არაა.



– შარშან ოქტომბერში დიმიტრი ჩერნიაკოვის მიერ დადგმულ რიმსკი–კორსაკოვის "მეფის საცოლეში" ვიმღერე, რომელიც ბერლინში "შტაცოპერის" სცენაზე წარსდგა. პირველად სწორედ იქ შევხვდი ჩერნიაკოვს და თანამშრომლობაც დავიწყეთ. იგი ჭკვიანი, უნიჭიერესი ხელოვანია და დღეისათვის მსოფლიოში ერთ–ერთ წამყვან რეჟისორად მოიაზრება. ჩერნიაკოვი პროფესიოანალია, რომელიც მომღერალს დეტალურად უხსნის, თუ რა უნდა მისგან. ისევე როგორც "მეფის საცოლის", ასევე "თავადი იგორის" შემთხვევაში ვიცოდი, როგორი გარეგნული იმიჯი უნდა შემექმნა. გრძელი, შავი თმები, თეთრი პერანგი... თუმცა რეჟისორს ისიც უნდოდა, რომ კონჩაკოვნა შიშველი ყოფილიყო, მაგრამ რადგანაც ეს თეატრია და არა კინო, ცხადია, ამგვარი გადაწვეტილება არ მიუღიათ. თუმცა სცენაზე ღამის პერანგის ამარა ვარ. ჩერნიაკოვისთვის იდეალური კონჩაკოვნა ვიყავი, სწორედ ისეთი, როგორიც წარმოედგინა – მუქი კანითა და შავი თმებით, ერთგვარი "ველური ქალი".


– როგორი იყო სპექტაკლის მოსამზადებელი პერიოდი?

– 2013 წლის 24 დეკემბერს ნიუ იორკში ჩამოვედი, 26–ში კი პირველი რეპეტიცია მქონდა და პირველი სამი დღის განმავლობაში ჩერნიაკოვმა და მე როლის კონცეფციაზე ვიმუშავეთ, მერე კი სხვა სცენების რეპეტიცია მიდიოდა. რადგანაც მე ეპიზოდური როლი მაქვს, რეპეტიციებზე ყოველ დღე დაკავებული არ ვიყავი, თუმცა რეჟისორმა იცოდა, რომ მე ისედაც ვმეცადინეობდი და თუ სახლში არ ვმღეროდი, ყოველ დღე როლს გონებრივად გავდიოდი, მათ შორის, სარკის წინ, რათა გამეგო, რას ხედავს მაყურებელი სცენაზე. როცა ჩერნიაკოვმა სამი დღის ნამუშავარი ნახა, კმაყოფილი დარჩა, მას არაფრის შეხსენება არ დასჭირვებია. მეორე მხრივ, ამ რეჟისორთან მუშაობა ადვილია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მომღერლის სამსახიობო ნიჭის გამოსამჟღავნებლად ყოველთვის დაწვრილებით, საათობით გიხსნის, თუ რას ითხოვს შენგან. მაგრამ როცა ხედავს, რომ მომღერალს სცენაზე არ შეუძლია უფრო მეტის გაკეთება, მას არც აწვალებს და თავს ანებებს. ზოგიერთი მომღერალი აკმაყოფილებს მის მოთხოვნას, ზოგიც – ვერა. ჩერნიაკოვის მომღერლებთან მუშაობის სტილი ასეთია: შენგან მოითხოვს, რომ სიმღერაზე არ იფიქრო, არამედ მხოლოდ სამსახიობო იმიჯზე.

კონჩაკოვნას როლი ძალიან დრამატულია, მაგრამ ლიბრეტოს მიხედვით მას სცენაზე იმდენი დრო არა აქვს, რომ მომღერალი ემოციებისგან სრულად დაიცალოს. სულ სხვაგვარად იყო საქმე, როცა ბერლინში, "მეფის საცოლეში" ლიუბაშას როლი შევასრულე. შესრულებისას მაქსიმალურად დავიხარჯე (ამას პირადი მიზეზიც ჰქონდა, მეუღლეს დავშორიდი), ემოციებისგან სრულად დავიცალე ... რეჟისორიც ამას ითხოვდა ჩვენგან: როცა გეტირებათ – იტირეთ და როცა გეცინებათ – იცინეთო.


– "მეფის საცოლის" მეტროპოლიტენ ოპერაში ჩამოტანა არ იგეგმება?



– ბერლინის "შტაცოპერაში" კომპაქტური სცენაა, მეტოპერის სცენა კი გაცილებით დიდია და, ალბათ, რაღაცების შეცვლა იქნება საჭირო. მართლაც ფანტასტასტიკური სპექტაკლია, რომელიც ჩერნიკოვისეულად არაორდინალური სცენარით წარიმართა. XVI საუკუნიდან მოქმედება თანამედროვეობაშია გადმოტანილი, კორპორაციების შენობებსა და ოფისებში. გრიაზნოის ლიუბაშა მოტაცებული ჰყავს, იგი მისი საყვარელია, მაგრამ მერე სხვა ქალს, მართას შეხვდება და ის შეუყვარდება, არადა მართა მეფის საცოლეა. ლიუბაშა კონკურენტის მოწამვლას გადაწყვეტს. მოკლედ, ისე ხდება, რომ გრიაზნოი უნებურად მართას წამლავს და ბოლოს ყველა იღუპება – გრიანზნოი თავის ყოფილ საყვარელს კლავს, მერე თავს იკლავს და მართა საწამლავისგან იღუპება. ძალიან დრამატული ოპერაა, რომელიც რეჟისორმა 1990–იან წლებში გადმოიტანა, სადაც კორპორაციაა, ოფისებია, კომპანია სარეკლამო რგოლებს იღებს, კორიდორებში კი ცრუ მეფე საბუთების შეკვრით დადის. მსახიობებს თანამედროვე ჩაცმულობა აქვთ, მე შარვალ–კოსტუმი მაცვია, გარშემო თანამედროვე ოფისის დეკორაციაა. ცხადია, მაყურებელი კლასიკური ოპერის დროინდელ სცენებსაა მიჩვეული და მის თვალს შეიძლება ეს ეუცხოოს, მაგრამ აშკარაა, რომ დადგმა ძალიან საინტერესო გამოვიდა, რადგანაც დღევანდელ პრობლემებსაც შეეხო. მაგალითად ისეთს, როგორიცაა ტელევიზიით მანიპულირება. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩერნიაკოვის დადგმები პოლიტიკურად არაკორექტულია. იგი შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მაინც ეხება პოლიტიკას. ეს არაერთ კრიტიკოსს შეუნიშნავს. ამერიკელებიც ამბობენ, რომ მის სპექტაკლებში პოლიტიკური მესიჯების დანახვა რთული არაა.


– ამ რეჟისორის სიმკაცრეზე ლეგენდები დადის...




– სანამ ჩერნიაკოვს გავიცნობდი, მეშინოდა კიდეც მისი, რადგანაც ვნახე, თუ როგორ მუშაობს იმათთან, ვისგანაც ვერ ღებულობს იმას, რასაც ითხოვს. სცენაზე ძალიან ღიზიანდება, მოთმინებას კარგავს და მკაცრად, მაგრამ არა უხეშად მიუთითებს, რაც უნდა გაკეთდეს და ამიტომაც მასთან მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება: მას ძალიან სწრაფად ლაპარაკის ჩვევა აქვს და ამავე დროს შეუძლია, როლზე საათების განმავლობაში დაუღალავად გესაუბროს. ძალიან დიდხანს გიხსნის, რა უნდა შენგან. რეპეტიციის პირველ დღეს ვიდექით იმ ყაყაჩოებში, სხვები გველოდებოდნენ და ჩერნიაკოვი ოთხი საათი მიხსნიდა, თუ როგორი უნდა ვყოფილიყავი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდე, როცა დავდგები სცენაზე, რა უნდა გავაკეთო კონკრეტულად. ხანდახან ჩავდივარ ქვეყანაში, პირდაპირ სცენაზე უნდა დავდგე და ვიმღერო. თუ როლი უკვე ნამღერი მაქვს, ბუნებრივია, ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ მაინც არ ვიცი რეჟისორს კონკრეტულად ჩემგან რა უნდა, არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული. ჩერნიაკოვთან კი ცხადად იცი, რას აკეთებ. იგი ისე ხვეწს სცენას, რომ ყველაფერი ნატურალური და ბუნებრივი ხდება.


– თქვენი აზრით, რამდენად ამართლებს საოპერო სცენაზე თეატრალური თუ კინემატოგრაფიული ელემენტების შემოტანა?


– ოპერის სცენაზე, მგონი, ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა საოპერო რეჟისორმა მომღერლის თამაში თეატრალური სპექტაკლის დონეზე აიყვანა, როცა არ იგრძნობა, ემზადება თუ არა მომღერალი მაღალი სუნთქვის ასაღებად, რადგანაც ეს იმდენად ნატურალურად ხდება, ემოციასთან და არიასთან იმდენად სინქრონულია, რომ, ჩერნიაკოვის დამსახურებით, მელოდიას, მუსიკას, ემოციას ბუნებრივად მიჰყვები და ეს როლის შესრულებას ბევრად უფრო გიადვილებს.

– თბილისის საოპერო სცენაზე თუ გიმღერიათ?


– თბილისის ოპერაში არ მიმუშავია. ძირითადად კონსერვატორიაში ვმღეროდი. კონსერვატორიიდან პირდაპირ "ლა სკალას" აკადამიაში ჩავაბარე, ასე რომ, ქართველ რეჟისორებთან მუშაობის საშუალება არ მომეცა. რასაკვირველია, მონაწილეობა სტუდენტურ სპექტაკლებში მიმიღია. ჩემი პედაგოგი მანანა ეგაძე გახლდათ, რომელიც იმ წელს გარდაიცვალა, როცა მე იტალიაში გავემგზავრე. როცა გაიგო, რომ ავად იყო, მითხრა: "ანიტა, შენ აქ დამეკარგები, დაიღუპები, არ მინდა შენ დაკარგო ის მომავალი, რაც შენიაო"... მაშინ ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა. მანანამ მამა დაიბარა და უთხრა: "მთა და ბარი უნდა გადაატრიალოთ, ყველაფერი გაყიდოთ, რომ ანიტა საზღვარგარეთ გაუშვათო". და მართლაც, მამამ და დედამ შეუძლებელი გააკეთეს. ჩვენ ღარიბი ოჯახი ვიყავით და იმისთვის, რომ მშობლებს სასწავლებლად გავეშვი, ერთადერთი, რაც გაგვაჩნდა – ბინა ბანკში ჩავდეთ. რისკზე წავედით, არადა მე იმის გარანტიაც არ მქონდა, რომ მიმიღებდნენ. ჩვენ ვეცადეთ, ფული ბინის ჩადების გარეშე გვეშოვა, მაგრამ ამაოდ და თან მე ხომ ერთადერთი შვილი არა ვარ, უმცროსი და მყავს, რომელიც ვიოლინოს სწავლობდა და, სხვათა შორის, ვოკალური მონაცემებიც ჰქონდა. ახლა კი დიასახლისია და სამ შვილს ზრდის. ხასიათით ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის, სულიერად ახლოს ვართ.


– როგორ დაგხვდათ მილანი?



– მილანში 2007 – ში ჩავედი. 23 წლის ვიყავი და თავიდან გამიჭირდა. თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა კიდეც. ქართველმა საოპერო მომღერალმა ქეთი ქემოკლიძემ, რომელიც იმ წელს, როცა მე მილანში სწავლა დავიწყე, აკადემიას ამთავრებდა, შემომთავაზა, საცხოვრებლად გადავსულიყავი ერთ რუს ებრაელ ქალთან – კირა ზლაჩევსკაიასთან, ოპერის მოყვარულთან, რომელიც იტალიელზე იყო გათხოვილი და დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობდა. იმ ქალთან ბინას ორი წლის განმავლობაში ვქირაობდი. იგი ყველანაირად მხარს მიჭერდა, ბინის ქირას არ მთხოვდა (მეუბნებოდა: როცა შეძლო, რამდენიც გინდა მაშინ მომეციო) და ხანდახან ფულს ჩემი ხარჯებისთვის თავად მაძლევდა. ფაქტობრივად, მილანში მან მშობელივით მიპატრონა. სწავლა "ლა სკალაში" უფასოა, სტიპენდიაც მქონდა 1100 ევრო, საიდანაც 900 ევროს ყოველ თვე ჩემს ოჯახს ვუგზვანიდი, რათა ბანკში ჩადებული ბინის პროცენტი გადამეხადა და ჩემს ოჯახს დავხმარებოდი.


თბილისიდან "ლა სკალაში" უცნობ სტუდენტად ჩავედი. უბრალოდ საბუთები გავაგზანე, ბილეთი ავიღე, ვიმღერე და, მახსოვს, რომ ამიყვანეს, თავად არ მჯეოდა, რადგანაც, იმისთვის, რომ "ლა სკალაში" ყურადღება მიიქციო, ბიოგრაფიაში კონკურსებიც უნდა გქონდეს, შენი სახელიც გაჟღერებული უნდა იყოს და საბუთებს შესაბამისი რეკომენდაციებიც უნდა ახლდეს, რაც მე არ მქონდა. მოგვიანებით დავქოწინდი "ლა სკალას" სტუდენტზე ტენორ რიკარდო მასიზე, რომელსაც შარშან ზაფხულში დავშორდი....

ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და ხმა გადამეღალა. სამწუხაროდ, პედაგოგების არასწორი მიდგომის გამო, სწავლის დასასრულს ხმაზე პრობლემები შემექმნა. მოგვიანებით ვიპოვე ვოკალის კარგი პედაგოგი დეივიდ ჰოლსტი (რიკარდოს ყოფილი პედაგოგი), რომელიც რომში ცხოვრობს და დღემდე მასთან ვმეცადინეობ. 2009–ში ფინალური კონცერტის მერე "ლა სკალას" დიპლომი ავიღე, თუმცა მანამდე "კარმენზე" ამიყვანეს.


– სტუდენტობისას?

– 2008–ში მუსიკის ცნობილი მეცენატი, მაესტრო დანიელ ბარენბოიმი ("ლა სკალას" ხელმძღვანელი, რევოლუციური ფიგურა, რომელმაც ისრაელისა და პალესტინის ბავშვებისგან ერთგვარი "მშვიდობის ორკესტრი" შექმნა და მათ მსოფლიოში ამოგზაურებს) ერთ დღეს სტუდენტების მოსმენას აწყობდა. მე პატარა როლი უნდა მემღერა "კარმენში" მერსედესის (კარმენის მეგობრის) პარტია. მეღიმება ხოლმე, როცა ასეთი მოსმენების დროს კარმენის ჰაბანერას ლამის ყველა ერთნიარი პოზით ასრულებს: ჩაიცვამენ ფაშფაშა კაბას, დოინჯს შემოირტყამენ, რაც მე სასაცილოდ მეჩვენება, რადგანაც მოსმენის დროს შემფასებელს მხოლოდ ვოკალური მონაცემები აინტერესებს და არა სამსახიობო იმიჯი. ერთი საათის შემდეგ ჩემი რიგიც დადგა. მე კი იმ დღეს საშინლად დაღლილი ვიყავი, მაცვია არაკარმენულად, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები, შარვალი, გამოუპრანჭავი, ლექციებიდან ახლი გამოსული, დაღლილი და თან ჩემთვის ვფიქრობ, ჯანდაბას, მერსედესის როლია, კარმენის ხომ არა.... დავიწყე სიმღერა. ვხედავ, მიყურებს ბარენბოიმი, რომელიც თავადაც საოცარი ტიპაჟია, კინოპერსონაჟს ჰგავს, თეთრი ქუდი ახურავს. უცებ თავის ქუდს მოიხდის და მეუბნება, რომ კარმენის ჰაბანერაც ვიმღერო. დავიწყე ჰაბანერა. მაესტრო ტაშს მიკრავს, არადა ეს მოსმენების დროს მიღებელი არაა. მერე მოვიდა სცენასთან ახლოს ანუ იქ, სადაც ჩემსა და სცენას შორის ორკესტრის ორმოა, მიყურებს და მეკითხება: "შენ ვინა ხარ?". ვპასუხობ, რომ ვარ ანიტა რაჭველიშვილი. მეკითხება ისევ: "აბა, აქ გვარად "რაველი" რატომ წერიაო?". ვპასუხობ, რომ "რაველი" აკადემიაში იმიტომ დამარქვეს, რომ "რაჭველიშვილს" ვერ ამბობენ – მეთქი. და ამაზე ბარენბოიმი მეუბნება: "დღეიდან შენ ისევ რაჭველიშვილი იქნები... ნებისმიერ აფიშაზე". "თანახმა ვარ– მეთქი" – ვუპასუხე. იმ საღამოს კარმენის ყველა არია მამღერა. მთხოვა, რომ სცენაზე გადავადგილებულიყავი. „ლა სკალას“ აქვს თავისი აკუსტიკური კუთხეები. ყველა აკუსტიკური კუთხიდან მამღერა, აინტერესებდა, თუ როგორ მოდიოდა სცენიდან ხმა. ფინალური დუეტიც მამღარა, რასაკვირველია, პარტნიორის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ იმ საღამოს ძალიან გამიმართლა. თუმცა აქ მხოლოდ იღბალზე არაა საუბარი. მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ლამის არასოდეს გავმხდარვარ ავად და თუ შეუძლოდ ვიყავი, მოსმენებს, ლექციებს მაინც არასოდეს ვაცდენდი. ვიყავი ძალიან მობილიზებული, ძალიან მოტივირებული და ყოველთვის ვიცოდი, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი. სულით მებრძოლი ვარ და არასოდეს მორჩება ჩემი სწრაფვა უფრო დიდისკენ. თუმცაღა მხოლოდ სცენა არაა ჩემი საზრუნავი. სცენის მიღმა ბევრი საფიქრალი მაქვს – უპირველესად ეს არის ჩემი ოჯახი, მშობლები, დისშვილები. საკუთარი ოჯახი (მე და ჩემი ყოფილი მეუღლე მეგობრებად ვრჩებით) აღარ მყავს, რასაც ჩემი მშობლები განიცდიან. განსაკუთრებით კი იმას, შევძლებ, თუ არა მარტო ყოფნას, არადა ფარ–ხმალს არსოდეს ვყრი, მოდუსით ენერგიული, პირდაპირი, წარმატებისმოყვარული ადამიანი ვარ და აღმოჩნდა, რომ მარტოობის ეს პერიოდი არც ისე დამთრგუნველი ყოფილა. ფაქტობრივად, აღმოვაჩინე, რომ მე კარგად ყოფნა მარტოსაც შემიძლია. მირჩევნია თავად ვიმოქმედო, ვიდრე ბედისწერის ნიშანს ველოდო ზემოდან ისე, როგორც ბევრი თავის წარმატებას ზებუნებრივს მიაწერს. მე რომ ბევრი არ მეშრომა, ზეციდან ვერაფერსაც ვერ მივიღებდი. მწამს ღმერთის, მაგრამ არა ვარ ეკლესიური და არც ეკლესიური ოჯახიდან ვარ. თავად არ მოწონს, როცა ადამიანები თავიანთ ეკლესიურობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ვცხოვრობდი იტალიურ ოჯახში და, მართალი გითხრათ, მაღიზიანებდა ის ხაზგასმული რელიგიური რიტუალიზმი, რომელსაც ვხედავდი, რადგანაც გადამეტებული არაფერი მომწონს, განსაკუთრებით როცა საკუთარ შეხედულებებს სხვას თავზე ახვევენ. ყველას აქვს უფლება სწამდეს ან არ სწამდეს ღმერთის, მაგრამ ყველაზე მთავარი ადამიანში მაინც ისაა, რომ მან ბოროტება განგებ არ ჩაიდინოს და სიკეთის კეთება უნდოდეს.

– თქვენ ახსენეთ მარტოობის შიში....


– აღმოვაჩინე, რომ თურმე სრულიად უპრობლეოდ შემიძლია ვიყო მარტო. ჩემი მშობლები ტყუილად ნერვილობენ ჩემი მარტო ყოფნის გამო. ეს პერიოდი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც მარტო ყოფნისას საკუთარ თავში გარკვევის შანსი გეძლევა. მე ჩემს საქმეზე სრულად ვარ კონცენტრირებული და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივად ვარ. არც ძალიან ბედნიერი ვარ და არც ცუდად ვარ.


– რამდენადაც ვიცი, ციხეშიც მოგიწიათ ჯდომა.


– კი, ასე იყო. სამხრეთ აფრიკაში კეიპტაუნის ოპერის სცენაზე კარმენი უნდა მემღერა. ჩემს სააგენტოს საელჩოებმა აცნობეს, რომ მე სამხრეთ აფრიკაში ვიზა არ მჭირდებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. დამაკავეს საზღვარზე, დამემუქრნენ დეპორტაციით და 12 საათით ციხეში ჩამსვეს. ამ ხნის განმავლობაში მოწმე გავხდი რასიზმის, ოღონდ თეთრკანიანების მიმართ. თან ეს დაკავება ისეთ დროს მოხდა, რომ ამერიკაშიც და იტალიაშიც ღამე იყო. ჩემს მეუღლეს ტექსტმესიჯი მივწერე მანამ, სანამ ტელეფონს ჩამომართმევდნენ. საკანში სამ დაკავებულთან ერთად ვიჯექი. ისინი მალარიის აცრის არქონის გამო დააპატიმრეს. ვიჯექი ჭუჭყიან საკანში აყროლებული საწოლებითა და ბინძური სველი წერტილით. მერე საბაჟოს წარმომადგენელი მოვიდა, საზღვარზე წამიყვანეს, ჩამირტყეს ვიზა და მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი. მაგრამ მე სცენაზე გამოსვლაზე უარი განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მთხოვეს და თან კეიპტაუნში "კარმენს" დიდი სარეკლამო კამპანია უძღოდა წინ. ჯერ ერთი, სიმღერის ხასიათზე არ ვიყავი და მეორეც, ტყუილის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ამიტომაც მაშინვე უკან გამოვბრუნდი.


– რაა ნიუ იორკი თქვენთვის?


– ნიუ იორკი ჩემი მეორე სახლია. ყოველთვის ვოცნებობდი ამ ქალაქზე, ბავშვობიდან მიყვარდა. ქალაქი, რომელშიც არსებობს თავისუფლების ქანდაკება და თავისუფალი ჰაერი. ეს ათასგვარი მოვლენებით მდიდარი ქალაქია, რომელიც მარტოობას არ მიმძაფრებს. მართლაც საოცარი ადგილია, ყოველ საღამოს რაღაც კონცერტია, სადღაც შეიძლება წასვლა. მიყვარს ნიუ იორკის საღამოც, როცა სახლში ვარ და მხატვრულ ფილმს მარტო ვუყურებ. მიყვარს ჰოლივუდის 1930–40–იანების ფილმებიც. ზოგადად, კინო მიყვარს.

– კრიტიკამ თქვენს სამსახიობი ნიჭს ხაზი არაერთხელ გაუსვა. მსახიობის კარიერაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– "ნიუ იორკ თაიმსმა" ჩემი თამაში ანა მანიანის თამაშს შეადარა და სწორედ მაშინ გამიალვა აზრმა, მსახიობობა ხომ არ მეცადა–მეთქი? "კარმენი" ძალიან დრამატული როლია, განსაკუთრებით მეორე აქტიდან მესამემდე. კრიტიკოსებმა ჩემი შესრულებით ამ როლის გამორჩეული დრამატიზმი შენიშნეს, არადა მე სულაც არ მოველოდი ასეთ უკუკავშირს; იმას, რომ კრიტიკოსები მსჯელობას ჩემს სამსახიობო ნიჭზე დაიწყებდნენ და დიდ იტალიელ მსახიობს – ანა მანიანის შემადარებდნენ, რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. თუ ოდესმე ფილმს ანა მანიანიზე გადაიღებენ, სიამოვნებით შევასრულებდი მის როლს, ჩემთვის ეს ძალიან მომხიბლავი იდეაა. ბუნებრივია, ჩემი თავი ბლოგბასტერის მსახიობად თუ ფენტეზი ფილმში არ წარმომიდგენია, მაგრამ ამ ქალის როლს, რომელიც ძალიან გამბედავი, ძლიერი და ღრმა ადამიანი იყო, სიამოვნებით შევასრულებდი.

– ვიხილავთ თუ არა "კარმენს" "მეტროპოლიტენ ოპერის" სცენაზე?

– სექტემბერში ნიუ იორკში "კარმენით" ჩამოვალ. ოქტომბერში „კარმენის“ შვიდი სპექტაკლია დაგეგმილი, პირველ ნოემბერს კი იგი პირდაპირი ეთერით ოთხას ქვეყნაში იქნება ტრანსლირებული, სამწუხაროდ, მათ რიცხვში საქართველო არაა. ზაფხულში ოპერის მომღერლები, როგოც წესი, არ ვისვენებთ, რადგანაც ფესტივალების სეზონი იწყება. საქართველოშიც მექნება კონცერტები, იტალიაში კი "არენა დი ვერონას" ფესტივალზე გავემგზავრები. ვერონა არაჩვეულებრივი ქალაქშია. ქალაქი, სადაც რომეო და ჯულიეტა ცხოვრობდნენ.



20.07.2014

24 საათი - weekend

No comments:

Post a Comment