Saturday, September 30, 2023

წითელი პატრიარქების ეპოქიდან დღემდე – ინტერვიუ თეოლოგთან

   



 

ნიუ იორკელი რუსულენოვანი საემიგრაციო ადვოკატი როცა გაიგებს, რომ ქართველი ხართ, აუცილებლად დაინტერესდება: რა ხდება ძველ, ქრისტიანულ, ქართულ მიწაზე; სასულიერო პირებს ასე რატომ დევნიან – ავიწროებენ, ჩაგრავენ და დაამატებს: რა ასეთი პოლიტიკურ–ეკლესიური კრიზისია თქვენთან, ქართველი მღვდლები აშშ–ში მექსიკის საზღვრით რომ შემოდიან; ანდა ჯერ კიდევ საქართველოდან ჯგუფ–ჯგუფად რომ გვიკავშირდებიან და პოლიტიკური თავშესაფრის ძიების “ქეისებს” იწყებენ, ხშირად, საქართველოდან სოლიდური თანხის გადმორიცხვითაცო.


ქართველი მღვდლები ამერიკაში მუშაობენ ავეჯის გადაზიდვებზე, სუპერმარკეტებში – მტვირთავებად, მოხუცის მომვლელებად, “უბერის”, სატვირთოს მძღოლებად… ემსახურებიან იმათ, ვისაც საქართველოში, როგორც წესი, თავიანთ ქადაგებებში “არასწორი მრწამსისა” თუ “არასწორი ორიენტაციის” წარმომადგენლებად მოიხსენიებდნენ. ოკეანის გადაღმა კი მათი ცხოვრების წესი, ყოველდღიური რუტინა თუ საბანკო ანგარიში “სოდომ–გომორას” ბაზარმა ოპერატიულად დაარეგულირა, თუმცა არა სამეტყველო რეპერტუარი, ძალიან მცირე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით.


ამ ადამიანებს ვერასდროს ნახავთ ქართველების საპროტესტო აქციებზე… საქართველოში კი პედაგოგი, სკოლის დირექტორი პრემიერ–მინისტრს “მართლმადიდებლობისთვის მადლობას” უხდის, მერე კი ეს პრემიერი სტუდენტებს “სატანისტებს” უწოდებს, ბერას გამო არასრულწლოვანების ბულინგით ერთობა, უფრო სწორედ, დავალებას პირნათლად ასრულებს.


„გარეჯი საქართველოას“ ავტორებმა გელათის დანგრევასაც წაუყრუეს, ერთმორწმუნე უკრაინის ტრაგედიასაც, თბილისში ქაშვეთის ეკლესიის წინ “კიტოვანის არქიტექტურასაც”, “გავრილოვის ღამის” სერიებსაც, “ქალკვლასაც”, პოლიტპატიმრების არსებობასაც, პირდაპირ ეთერში ადამიანის მოკვდინების ქრონიკებსაც და კიდე ვინ ჩამოთვლის, რას არ….


როცა საერთაშორისო სტრუქტურებმა რუსეთი ქვეყანა–აგრესორად გამოაცხადეს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კი უკრაინელი ბავშვების გატაცების საფუძველზე რუსეთის პრეზიდენტზე საქმე აღძრა, “ქართულმა ოცნებამ” გამოკვეთილად ანტიუკრაინული პოზიცია დაიკავა, ხოლო საქართველოს კათალიკოს – პატრიარქმა კიევის პეჩორის ლავრიდან გაძევებული (კრემლთან/ “ეფესბესთან” მათი კავშირის გამოკვეთის გამო) რუსი მღვდლების დასაცავად მოსკოვის საპატრიარქოს მსოფლიო პატრიარქთან უშუამდგომლა.


არადა, ოცდაათ წელზე მეტია, რაც მოსკოვის საპატრიარქოს მითვისებული აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უძველესი ქართული ტაძარ-ეკლესიები, საიდანაც ქართველი სასულიერო პირები გამოაძევეს, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა კი აკრძალულია.


თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებული, თეოლოგიის მაგისტრი (2003-2012) ზაზა გუბელაძე შვიდ მარტს ნიუ იორკში, თაიმ სკვერზე, ქართველების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე გავიცანი. ფაქტობრივად, იმავე დროს მართლმადიდებელი მღვდლების ჯგუფი თბილისში აშშ–ის საელჩოსთან ეშმას განდევნის “პარაკლისს” იხდიდა.


ზაზა გუბელაძე 2017-18 წლებიდან ამერიკაში ცხოვრობს, ყოველ წელს საქართველოში ჩადის და ყოველ ჯერზე მას, საპატრიარქოს შიდა დინებებისა და კონფლიქტების ცოცხალ მემატიანეს მაინც აკვირვებს და აშფოთებს ამ ინსტიტუციის გამოკვეთილი პრორუსული ხაზი და ავტოკეფალიური ეკლესიისთვის მიუღებელი ანგაჟირებულობა.


„საქართველოს ეკლესიამ გამოიარა მეტად რთული გზა. 1811 წლიდან, როდესაც პატრიარქი ანტონ მეორე ბაგრატიონი რეორგანიზაციის მიზნით რუსეთში გაიწვიეს და მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს“, – ამბობს ზაზა გუბელაძე, – ამ დროს საქართველოს ეკლესია ეგზარქოსით სათავეში რუსულ სინოდს დაუქვემდებარეს. ამას ეკლესიის სრული გაპარტახება და დედა ეკლესიისადმი ადამიანთა გაუცხოება მოჰყვა.




XIX საუკუნის 20-იან წლებში ამ პროცესს დასავლეთის საკათალიკოსო მტკივნეულად შეხვდა. საეკლესიო აჯანყებაც კი მოეწყო, რომელსაც ორი მღვდელმთავარი ხელმძღვანელობდა: გაენათელი ექვთიმე და ქუთათელი დოსითეოსი. ორივენი დასაჯეს და თავმოკრული ტომრებით გადაასახლეს.


ეგზარქოსთა მმართველობამ საქართველოს ეკლესია გააპარტახა, მოსპო ქართული ენა იმდენად, რომ მშობლიური ენა მხოლოდ სასაუბრო ენად დარჩა. მსახურება, წერა, კითხვა, ყველაფერი რუსულად იყო. სწორედ ამ პერიოდზე წერდა ფრანგი ანრი ბარბიუსი: “ქართველებს ერთის უფლება დარჩათ: კვნესის და ისიც მხოლოდ რუსულად”.


ბუნებრივია, რუსეთის იმპერიის 106-წლიანმა მმართველობამ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას ღრმა ჭრილობა მიაყენა. ამას მოჰყვა კომუნიზმის მარწუხები და საბჭოეთში – სერგიანული (სტალინური) ეკლესიის დამკვიდრება. ჩვენს ეკლესიას 1917-1927 წლებში მცირე გამონათება ჰქონდა პატრიარქების: კირიონის, ლეონიდეს და ამბროსის დროს.


1927 წლიდან კი წითელი პატრიარქების ეპოქა იწყება. ისინი საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. სტალინმა ვერაგულ გზას მიმართა და ეკლესიის შიგნიდან გახრწნა დაიწყო. ეკლესია გაივსო საბჭოთა, წინასწარ შერჩეული კადრებით. სამწუხაროდ, დღემდე ეკლესია ამ შავბნელი იდეებითაა გამსჭვალული“.


დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების შემდეგ რამდენად იყო მნიშვნელოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის როლი სწორად შეფასებულიყო?

როდესაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდი არ იქნა სწორად შეფასებული და მით უფრო – გამოყენებული…


ეკლესია იდეოლოგიურად რუსეთის ეკლესიაზე მიბმული დარჩა და მან სხვა ეკლესიებთან ურთიერთობაში “საფრთხე” დაინახა.


ეკლესიის პრობლემის გადაწყვეტა განათლებაშია და ამ პრობლემის წინაშე იგი დღესაც დგას. ათწლეულებია, რაც დამოუკიდებელ და ავტოკეფალიურ ეკლესიად ვითვლებით, მაგრამ მხოლოდ – ეტრატზე.


სწორედ რუსული გავლენით დაიწყო დასავლეთის უღმერთო სამყაროდ გამოცხადება და ამ იდეით მრევლის ზომბირება. ამ რეალობამ კი ეკლესია სიბნელემდე, სინათლისგან სრულ იზოლაციამდე მიიყვანა. სამღვდელოება რუსული აგენტურით გაივსო: რუსული ლიტერატურა, რუსეთის სიწმინდეზე გამოგონილი ამბების შეთხზვა და მსგავსი მეზღაპრეობით მრევლის ტვინების გამორეცხვა. ამ ყველაფერმა ეკლესიაში ანტიდასავლური გაწყობები კიდევ უფრო გააძლიერა, რისი ხელშემწყობი კი, აი, უკვე ათწლეულებია გახლავთ პირადად ილია მეორე და მისი აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი საპატრიარქო სისტემა.


“უცნაურია“, მაგრამ სწორედ საქართველოს ეკლესია გახდა არა მარტო კორუფციის ყველაზე კომფორტული ბუდე, არამედ ტვინის რეცხვის კარგი საშუალებაც. რატომ?

საქართველოს ეკლესიამ თავისუფალ სივრცეში ცურვა ვერ შეძლო და ტვინის რეცხვა დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნით დაიწყო. განსხვავებული რელიგიური შეხედულებები თუ ადამიანის უფლებები მიიღო როგორც მის განადგურებაზე მომართული მტრის მახვილი. მაგრამ ეკლესიის არსი იმაშია, რომ იგი არ ძალადობს, ის ხომ მხოლოდ სიყვარულით მოქმედებს, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, რომელიც ჩვენი საეკლესიო “ელიტის” მიერ დღეს იგნორირებული და განდევნილია.


ის, რასაც ყოფილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი ახორციელებდა, მიმართული იყო თავისუფალი სივრცის მოსპობისაკენ. ეს თავისთავად ანტიპროზელიტური მოქმედება იყო, რასაც კიდევ უფრო მძიმე მეთოდებით ახორციელებს საპატრიარქო, როცა სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობათა სრულ დემონიზებით კავდებოდა.


დეკანოზი ბასილ კობახიძე ჩვენი ეკლესიის ინტელექტუალი სასულიერო პირი გახლდათ, რომლის იდეებმაც საპატრიარქო იმდენად შეაშფოთა, რომ მან რეალობის აღქმა სრულად დაკარგა.


საპატრიარქოში ასე ხდება – თუკი განათლებული სასულიერო პირი გამოჩნდება და მან ქრისტიანული, ჯანსაღი პოზიციის თამამად დაფიქსირება შეძლო, ის უკვე, იმთავითვე მტრადაა აღქმული რუსული საპატრიარქოს მიერ, რომელიც თბილისში ერეკლე მეორის ქუჩაზეა მოკალათებული.


მამა ბასილ კობახიძეს მსახურება შეუჩერეს და მან პროტესტის ნიშნად პირდაპირ ეთერში საეკლესიო სამოსი გაიხადა. იგი დაისაჯა, ასპარეზზე კი გამოჩნდა რუსული დესანტი, ფანატიკოსი სამღვდელოების სახით ე.წ. “მმკ” (“მართლმადიდებელი მშობელთა კავშირი”) მღვდელი დავით ისაკაძის მეთაურობით. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს დასავლურს, ცივილურს და დემოკრატიულს უპირისპირდება.


ისინი აპროტესტებენ ამერიკის საელჩოსთან პოლიტიკურ საკითხებს, ხოლო მათი შვილები, კერძოდ კი დავით ისაკის შვილი, ამერიკაში ცხოვრობს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, ქვეყნისა და ეკლესიის დამაზიანებელი პროპაგანდისტული მანქანა, ჩვეულებრივი მავნებლობა.თუკი დასავლეთი გარყვნილი და ამორალურია, თავის შვილებს ასეთი სამყაროსთვის რატომ იმეტებენ?


დასავლეთი კი არაა მკრეხელობა, მკრეხელობაა ქრისტეს გზის არასწორი სწავლება და მისი გავრცელება.


როდესაც საქმე ეხება ისეთ მტერს, როგორიც არის რუსეთი, ჩვენი მოვალეობაა, არ დავივიწყოთ დიდი პატრიარქების, კირიონისა და ამბროსის გზა. არც ის ორასწლოვანი სისხლიანი ისტორია, რომელიც მოგვიტანა რუსეთმა.


როცა სჭირდებათ, სწორედ იმ “გახრწნილ” გერმანია – ავსტრიაში მიდიან სამკურნალოდ და არა “წმინდა” რუსეთში…

უნდათ, რომ დაგვავიწყდეს გუშინდელი დღე, 9 აპრილი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, აგვისტოს ომი. სწორედ საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები შეეწირნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.


ჩვენ გმირებს ვერ დავივიწყებთ და ვერ ვისაუბრებთ ასეთ დროს რუსეთთან მეზობლურ ურთიერთობაზე.


საუბედუროდ, დღევანდელი ხელისუფლება და საპატრიარქო სრული თანხმობით მოქმედებს. ერთი – “საერო კანონის” მეშვეობით, მეორე კი რელიგიური ეგზალტაციით ქვეყნის სისხლისმსმელ რუსეთში დაბრუნებას ცდილობს.


საქართველოში ეს ორი ძალა დღეს მკვეთრად გამოკვეთილი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქრისტიანული კოლაბორაციაა. იგი მართულია და პუტინისა და კირილეს ტანდემს ემონება.


რა შეცდომები იყო დაშვებული “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს? ცხადია, კონკორდატსაც ვგულისხმობ.

თავად კონკორდატის არსებობა უკვე შეცდომაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საპატრიარქო მოძლიერდა იმდენად, რომ მან პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩარევაც კი დაიწყო, რაც წარმოუდგენელი იყო თვით შევარდნაძის პერიოდში, როცა შევარდნაძე ილია მეორეს უბრალო ამბორით ხვდებოდა – როგორც თანასწორს და არა ისე, როგორც ამას, სამწუხაროდ, აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი – მუხლმოყრილი თაყვანისცემით და, ყველაზე მთავარია, საპატრიარქოსათვის ბიუჯეტიდან მილიონების გადახდით, რამაც ისედაც დაცემული ჩვენი საპატრიარქო სრულიად გააზულუქა და გარყვნა. 








ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე. შახ აივაზოვის ფოტო. წყარო: dspace.nplg.gov.ge


საპატრიარქო თავისი რუსული იდეებით აღმოჩნდა სახელმწიფო სახელმწიფოში, ხოლო მისი პოლიტიკა – ქვეყნის განვითარების წინააღმდეგი. “ნაცმოძრაობის” მიერ მოძლიერებულმა საპატრიარქომ თავად ამ პარტიას სრული უმადურობით განაჩენი გამოუტანა.


საარჩევნოდ რამდენად “ეფექტური” აღმოჩნდა ამომრჩევლისა და მართლმადიდებელი მრევლის სტატისტიკური გაიგივება და ამ იაფფასიანი პოპულიზმის დატრიალება?

ბიზანტიაში არსებობდა ასეთი გამოთქმა – “ეკლესია ცეკვავს კეისრის წინაშე”. სახარების სწავლებით ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია ერთმანეთისაგან (“კეისარს კეისრისა”), ასევეა თანამედროვე კონსტიტუციით. თუმცა IV საუკუნიდან “ეკლესია” მუდამ იყო პოლიტიკის აქტიური წევრი. ყოველი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს წინასაარჩევნოდ აქტიური ვიზიტებით საპატრიარქოში სირბილს, მხოლოდ თავის სისუსტეს ცხადყოფს. ძალას ხმათა რაოდენობის გამო იღებს იმ მრევლიდან, რომელიც ეკლესიის წიაღშია, ამიტომ ცდილობენ თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ ეკლესია, საპატრიარქო კი მრევლით ძალიან მარტივად ვაჭრობს.


ეკლესია და ეკლესიური ცხოვრება სულიერ მოწოდებას ნიშნავს. ეკლესია ადამიანებს იესო ქრისტეს სწავლების მიღებას მოუწოდებს, არ ყოფს ადამიანებს მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დღეს ეკლესია, რომელიც მოწოდებით ჩაგრულთა და დევნილთა გვერდით უნდა იდგეს, “რატომღაც” თავად არის მდევნელი და მჩაგვრელი.


ეკლესია ისევ დუმს, როცა პრემიერი ახალგაზრდებს, სტუდენტებს “სატანისტებს” უწოდებს…

ის, რაც მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან, არის საკუთარი ქვეყნის შვილების საჯარო შეურაცხყოფა და რუსული ბოდვის გადამღერება.


ასევე, ეს იმის მაჩვენებელიცაა, თუ რა დაბალი წარმოდგენა აქვს მთავრობას საკუთარი მოქალაქეების თვითშეგნებაზე.


წესით, ასეთ დროს ეკლესიამ უნდა მოუწოდოს პრემიერს, რომ მან ახალგაზრდებს საჯაროდ ბოდიში მოუხადოს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ საპატრიარქო კიდევ უფრო უარესს ფიქრობს ახალგაზრდებზე და მომავალ თაობაზე ათას სისულელეს ავრცელებს.


ჰოდა, მათ გამორჩათ, რომ ეს სწორედ ის ახალი თაობა იქნება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ისტორიულ განაჩენს გამოუტანს როგორც რუსულ ოცნებას, ასევე – რუსულ საპატრიარქოს.


ეს გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესი იქნება.









ილია მეორე, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი


სსრკ–ის ნგრევის მერე საქართველოს საპატრიარქომ მეგობრად რატომ არ აირჩია საბერძნეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ეკლესია და რატომ – რუსეთის?

ჩვენი იერარქებისთვის დასავლეთი (რომელიც ცივილიზებული სამყაროა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, კანონის წინაშე ყველა თანასწორია) საფრთხეს წარმოადგენს. ისეთ სამყაროში, სადაც განათლება, ქრისტიანული ფასეულობები და ადამიანის ღირსებაა დაცული, საპატრიარქო დღევანდელი სახით უბრალოდ არსებობას შეწყვეტს. წლების განმავლობაში ილია მეორის ავტოკრატიულ ეკლესიაში სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე.


დღეს კი, ჩვენი ახალგაზრდების შემყურეს, იმედი მიღვივდება, რომ ისინი ჩვენ ამ სიბნელეს, რომელსაც ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი აკავშირებს, უბრალოდ გაემიჯნებიან და პასუხსაც მოსთხოვენ.


ასეთ ფონზე საქართველოს ეკლესია დღემდე რუსულ გზას, კირილესთან ხშირ ვიზიტებს ირჩევს… თუმცაღა, ფულს ისინი ეშმაკსაც გამოართმევენ.


აღმაშფოთებელია კირილეს ქება, რომ “ის მსოფლიოში მართლმადიდებლობის დამცველია,” როგორც ეს კირილეს იუბილეზე გორის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ უთხრა. ამის ფონზე კი მრევლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს… ამბიონებიდან ხალხს რუსული ნარატივით წამლავენ როგორც რიგითი ვაიმღვდლები, ისე – სინოდის რიგითი წევრები.


ის კი, ვინც ამ საშინელებების წინააღმდეგ ხმას არ იღებს, დუმილით თანამონაწილე ხდება ყველა იმ უმსგავსოებისა, რაც ჩვენს ეკლესიაში ხდება. სწორედ მათზე ამბობდა გრიგოლ ღვთისმეტყველი: „დუმილით გაიცემა ღმერთი”.


უკრაინა ახლა საშინელ განსაცდელშია, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დემონსტრაციულად დუმს. რატომ?

უკრაინის მიმართ გულგრილობა ჩვენი საპატრიარქოს კიდევ ერთი გაცხადებული ქმედებაა – დიახ, ჩვენ ვართ რუსეთისკენო.



სამი უმთავრესი ფაქტორი იყო, რომელმაც ცხადყო საპატრიარქოს რუსეთისადმი მონობა:


დიდი და წმინდა კრება კუნძულ კრეტაზე (2016).

უკრაინის ავტოკეფალია (2018).

უკრაინის ომი (2014–2023).

ამ პროცესებს გაემიჯნა რუსეთი და მასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოც.


არადა ჩვენი ეკლესია კრეტის კრების ყველა მოსამზადებელ სამუშაოებს ესწრებოდა და მხოლოდ ერთი კვირით ადრე საპატრიარქომ კრებაზე წასვლაზე უარი თქვა და კრების ორგანიზატორთა მიმართ ცილისწამების გავრცელება დაიწყო.


რუსეთი დღემდე უკრაინის მიმართ მცდარ აზრს ავრცელებს, რომ თითქოს უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიური არაა. ეს საეკლესიო სამართლის სრული უცოდინარობა და რუსეთის სასარგებლოდ მოძმე, ტანჯული უკრაინელი ერის შეგნებული მტრობაა.


ჩვენი ეკლესიის დიდი დეგრადაცია 1997 წელს დაიწყო, როცა რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი აჯანყდა. ბეთანიის, შიო მღვიმეს, დავით გარეჯის, ჯვრის მონასტრის, მცხეთისა და ზარზმის მონასტრის წევრებმა პატრიარქის ევქარისტიაში მოხსენიება შეწყვიტეს. ისინი ითხოვდნენ, რომ საპატრიარქოს საერთაშორისო ტრიბუნა დაეტოვებინა და ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირი გაეწყვიტა. ეს ისტორია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან ჩვენი გამოსვლით დასრულდა.


არადა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო იყო ადგილი, სადაც შეგვეძლო არსებული პრობლემების თაობაზე მსოფლიოსათვის ჩვენი ხმა მიგვეწვდინა და მხარდამჭერები გვყოლოდა მრავალი მიმართულებით – იქნებოდა ეს განათლება, პროზელიტიზმი, სხვა ეკლესიების მხარდაჭერა, მაგალითად, დეოკუპაციის საკითხებში. ჩვენ კი სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდით და რუსულ ჭაობში ჩავეშვით!


ჩვენი ეკლესიის იერარქთა დიდ ნაწილს თეოლოგიური განათლება არა აქვთ; საღვთისმეტყველო საკითხებში არიან უბრალოდ უმეცარნი და მრევლს საღვთისმეტყველო საკითხებში მხოლოდ ფობიებით ასაზრდოებენ. ის კი, ვინც ამ წრის გარღვევას ცდილობს, ან განდევნილია ანდა ამ პრობლემების დაძლევისთვის საკმარისი ძალა არა აქვს.


სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქნი განსწავლულნი არიან საეკლესიო სამართალში, ლიტურგიკაში, ზოგადად თეოლოგიაში, იციან და ფლობენ რამდენიმე ენას. ჩვენები კი ასეთ იერარქებთან, ბუნებრივია, საერთოს ვერ პოულობენ და მათთან ურთიერთობაში დიდ დისკომფორტს განიცდიან. ამიტომაც ჩრდილოელი მეზობელი უფრო ეახლოებათ და მისკენ მიისწრაფვიან კიდეც.


საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ყველაზე მეტად დღეს რა სჭირდება?

სჭირდება განათლება, სოციალური საკითხების აქტუალიზება, ევანგელიზაცია, საგარეო ურთიერთობების განვითარება, აქტიური მისიები კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ელადისა და სხვა ეკლესიებთან; ახალგაზრდობასთან დიალოგი, საერთო ენის გამონახვა, მათი მოსმენა და შინაარსობრივად ქრისტეს ეკლესიასთან დაახლოება.





ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი. შახ აივაზოვის ფოტო. წყარო: dspace.nplg.gov.ge


ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია საპატრიარქომ და, კერძოდ, პატრიარქმა ილია მეორემ ან მისმა მომდევნო პატრიარქმა მათი შვილების წინაშე პატიება ითხოვოს, ბოდიშის მოხდა ისწავლოს და არა მხოლოდ შვილების, არამედ ყველა გადასახადის გადამხდელის წინაშე ყველა იმ მავნებლობის გამო, რაც წლების განმავლობაში დაგვმართა ილია მეორის “მოღვაწეობამ”.


მის საქმეებს წლებია ბრჭყვიალა ფერებში გვიფუთავდნენ: მაგალითად, ისეთ კატასტროფას, როგორიც იყო პუტჩის ამბები და ღალატი პირველი პრეზიდენტის…


ამაში აქტიურად მონაწილეობდა და ავაზაკებს მხარს უჭერდა ილია მეორე და მისი კლანი.


და რაც მთავარია, საქართველოს ეკლესიაში ქრისტე უნდა დაბრუნდეს.


უნდა გვახსოვდეს წმ.კასიანეს სიტყვები: „მძულს დუმილი, როდესაც ყვირილია საჭირო“.

31/03/2023

netgazeti.ge

No comments:

Post a Comment