იმ დღეს, როცა თბილისში, საპარლამენტო სხდომაზე “ქართულმა ოცნებამ” პირველი მოსმენით მიიღო “კანონი უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ, რუსთაველზე კი საპროტესტო აქცია ძალას იკრებდა, ოკეანის გადაღმა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია ნიუ იორკის კერძო კვლევით უნივერსიტეტში – „ნიუ სქულ“ (The New School, 1919) თავის სტუდენტებს სერგეი ლოზნიცას „სახელმწიფო დაკრძალვას“ აჩვენებდა. რეჟისორმა ეს ფილმი სტალინის დასაფლავებაზე გადაღებული კადრების საფუძველზე ააგო.
მალხაზ თორიამ პირველი დისერტაცია 2009 წელს თსუ–ში დაიცვა თემაზე „დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში“, ახლა კი ამერიკაში მეორე დისერტაციაზე მუშაობს. ამჯერად მის საკვლევი საკითხია „ისტორია, მეხსიერება და განმსაზღვრელი მოვლენები: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეალოგია“.
სხვათა შორის, „ნიუ სქულში“ წლების წინ სწავლობდნენ: ტენესი უილიამსი, ჯეიმს ბოლდვინი, ჯენიფერ ბენკა, ჯეკ კერუაკი, ჯონ ქეიჯი, აბრაჰამ მასლოუ, ფრანკო მოდილიანი, მარლონ ბრანდო, ბრედლი კუპერი, აი ვეივეი. აქ ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი მეცნიერები და ინტელექტუალები, მათ შორის ჰანა არენდტი, ჩარლზ თილი და სხვები.
მალხაზ თორია ამბობს, რომ ლოზნიცას ამ ფილმის ჩვენება მის მიერ „ნიუ სქულის“ სტუდენტებისთვის შექმნილი სასწავლო კურსის – „სტალინი, პუტინი და რუსეთის იმპერია“ ფარგლებში თავიდანვე იყო დაგეგმილი და თბილისში მიმდინარე მოვლენებს დაემთხვა. მისი ლექციები ამერიკელი სტუდენტებისთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ამიტომაც აუდიტორიაში დასწრება ყოველთვის მაქსიმალურია.
„რეჟისორი ერთ–ერთ ინტერვიუში საინტერესო რამეს ამბობს: „ეს ფილმი ასახავს მაშინდელ საბჭოთა ადამიანებს, რომლებიც ბელადს დასტიროდნენ“, – ამბობს მალხაზ თორია, –” ისინი იყვნენ პატარა, პოტენციური სტალინები. ამ კოლექტიური სტალინისთვის დასაშვები იყო ადამიანების დეჰუმანიზაცია, დასმენა, წითელი ტერორი, გულაგი, დახვრეტა, ხალხის გადასახლება.
ხანდახან წარსული სულაც არაა წარსული. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ სტალინებს, ბერიებს და დოქსოპულოებს. ეს არის აწმყო, რომელიც კარებს გვიმტვრევს და ბნელ წარსულში მიგვაქანებს. ახლა, როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი ვაცლავ ჰაველის გამონათქვამი – „სიმართლეში ცხოვრება“. ჩვენი სიმართლე კი რუსული კანონისა და აგრესიის წინააღმდეგ ერთად დგომაა. სწორედ ეს გადაარჩენს სუსტ, მოწყვლად ქართულ დემოკრატიას და გამარჯვებას მოგვიტანს“.
ამერიკელი სენატორის ჯეიმს ფულბრაიტის მიერ დაფუძნებული საგრანტო “ფულბრაიტის პროგრამა” (1946) წლებია ასობით ქართველ სტუდენტსა და მეცნიერს აშშ–ში ცოდნის, გამოცდილების მიღებაში ეხმარება. თქვენც “ფულბრაიტელი” ხართ, ისევე როგორც თქვენი მეუღლე, მაია არავიაშვილი. როგორ ფიქრობთ, სად იქნებოდა Gen-X და მისი შემდგომი თაობები, რომ არა ამგვარი საგრანტო პროგრამები?
ფულბრაიტის გრანტი მე 2011 წელს მივიღე და მაშინაც „ნიუ სქულში“ მიწვეული მკვლევარი ვიყავი. სწორედ აქედან დაიწყო „ნიუ სქულთან“ ჩემი თანამშრომლობა. ეს აკადემიური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგანაც ამგვარად უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა; ვმონაწილეობდი კვლევებში, კონფერენციებში, სხვადასხვა პროგრამაში. აკადემიური ცხოვრება ყოველთვისაა გადაჯაჭვული უცხოელი კოლეგების გაცნობასთან, სტიპენდიების მოპოვებასა და ფინანსურ მხარდაჭერასთან.
პროგრამებში ჩართულობის გარდა, ჩვენ პუბლიკაციებს ვაქვეყნებთ, ცოდნისა და გამოცდილებიდან გამომდინარე ვქმნით სასწავლო კურსს და, როგორც წესი, ამ ყველაფრის ხარჯებს დასავლელი მომწვევი, ორგანიზატორი, ფონდი ფარავს.
ბოლოს დასავლური ფონდის მიერ ორგანიზებულ რა ღონისძიებაზე იყავით?
ამა წლის თებერვალში „მახსოვრობისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის“ მიერ ბერლინში ორგანიზებულ კონფერენციაზე გახლდით. კონფერენცია ეძღვნებოდა მეხსიერების პოლიტიკას, როგორც იარაღს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის კონტექსტში.
ჩემი მოხსენება ეხებოდა საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციულ პოლიტიკას და არალიბერალური პოპულიზმის აღზევებას, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება; როგორ ამოტივტივდნენ ვითომ პატრიოტები, რომლებიც სინამდვილეში რუსულ წისქვილზე ასხამენ წყალს; როგორაა ეს გადაჯაჭვული ისტორიის რეპრეზენტაციასთან, ისტორიის გაყალბებასთან, ისტორიულ დეზინფორმაციასთან.
ძირითადი მომხსენებელი იყო უკრაინელი ისტორიკოსი ანდრიი პორტნოვი, რომელიც უკრაინის პრობლემებზე საუბრობდა – რატომ გახდა შესაძლებელი რუსეთის აგრესია უკრაინაში და რატომ იყო არასწორად აღქმული უკრაინის მდგომარეობა, მათ შორის, აკადემიურ წრეებშიც.
ფერადი რევოლუციების, განსაკუთრებით ე. წ. “პერეგრუზკის” შემდეგ, მედიაში თუ სამეცნიერო წრეებში პრორუსული ვექტორი მაინც პრევალირებდა. ცხადია, არა ტოტალურად.
სამწუხაროდ, დასავლურ აკადემიურ სივრცეში ქართველების და უკრაინელების ხმა სუსტად ისმოდა.
ომამდე ზოგიერთ ცნობილ ინსტიტუციაში რუსოცენტრული პოზიციები მყარი იყო. მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ მოხდა ამ მოცემულობის გადასინჯვა.
დასავლური საზოგადოება ახლა უფრო ცხადად ამჩნევს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები თვითმყოფადი საზოგადოებებია და მათი განხილვა რუსეთის იმპერიული ამბიციების არეალად, შეცდომაა. ამ ტენდენციის გაძლიერება მნიშვნელოვანწილად შესაძლებელია სწორედაც რომ ამ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობით. აბა, სხვაგვარად კვლევის შედეგებს, გამოცდილებას ერთმანეთს როგორ გავუზიარებთ?
დასავლური გრანტების გამოისობით უცხოურ ფორუმებში მონაწილეობა ქართველი მეცნიერის ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა. მეცნიერი უნდა მონაწილეობდეს უცხოური დონორების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, პროექტებში, რადგანაც ქართველ მეცნიერს არა აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა.
პრინციპში, დასავლეთშიც ასეა, მეცნიერთა პროექტებს ფონდები აფინანსებენ. რაც შეეხება გამჭვირვალობას – თითოეული ამგვარი გრანტის ხარჯთაღრიცხვა ისედაც გამჭვირვალეა და არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას.
წარმოუდგენელია ქართველი მეცნიერი “უცხოური გავლენის აგენტად” მხოლოდ იმიტომ გამოცხადდეს, რომ მან ცოდნა გაიღრმავა, მისი მიზანი კი სამშობლოში საგანმანათლებლო პროცესების განვითარების ხელშეწყობაა.
გაგანია რუსეთ–უკრაინის ომის დროს რატომ დასჭირდა “ქართულ ოცნებას” საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების “გამოვლენა“?
ეს კანონი მათ სამოქალაქო საზოგადოებაზე და აკადემიურ წრეებზე კონტროლის მექანიზმის დასაწესებლად დასჭირდათ. როცა შენი არსებობა დომინანტური ძალის ინტერესებში არ შედის და თუ მითუმეტეს, ამ ძალას აკრიტიკებ, მას აქვს კარგი შანსი მაშინვე მიგითითოს, რომ აგენტი ხარ და გითხრას – „თუ არ გაჩერდები, მე გაგაჩერებ“.
საბერძნეთში რეცესიის დროს მაშინდელი პრემიერი “ქართული ოცნებიდან” იმის გამო წუხდა, რომ საბერძნეთში მყოფი ემიგრანტებიდან იმდენი ვალუტა არ იგზავნებოდა, რამდენიც – ადრე. ამ ლოგიკით, ემიგრანტებიც აგენტები არიან.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ვიდრე დღემდე თავად საქართველოს მთავრობას აქვს მიღებული დასავლური გრანტები ინფრასტრუქტურის, სასამართლოს რეფორმისთვის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. კანონი “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ პირველი მოსმენით მიიღეს მხოლოდ ერთი მიზნით – საქართველოში დემოკრატიული პროცესი უნდა ჩაიხშოს და გაქრეს. სამოქალაქო საზოგადოების უკან დახევა კი ნიშნავს ქვეყნის ისედაც სავალალო მდგომარეობის გაუარესებას.
ქართველი სტუდენტები უცხოური გრანტების მეშვეობით განათლებას იღებდნენ, იღებენ და სწორედაც რომ მათ მიერ საგანმანათლებლო სივრცის გაფართოება დემოკრატიულობის ნიშნულებს ქმნის და ამკვიდრებს. “ქართულმა ოცნებამ” კი ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ამ მონაპოვრის გადახაზვა მოინდომა.
რომ არა დასავლური საგანმანათლებლო ფონდები, გრანტები, დასავლეთის მხარდაჭერა, ვიქნებოდით იზოლირებული, ჩაკეტილი, რუსული ყაიდის “პოლიტიკური” წარმონაქმნი.
“ქართულმა ოცნებამ” ეს კანონი თავისუფალი სივრცის შესაზღუდად მიიღო. ამას კი უპირველესად აკადემიური სივრცის დაზარალება მოჰყვებოდა.
ხომ მოისმინეთ “უცნობის” მუქარა ავტომატის გამოყენებაზე? ჰოდა, სწორედ, ეს უნდათ – ირბინონ ავტომატით და ვინც არ მოეწონებათ, დაცხრილონ.
ახლა სასწორზე ჩვენი დამოუკიდებლობაც დევს – ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო. ქართველებმა ბოლოს და ბოლოს ისტორიის გაკვეთილებიდან სწორი დასკვნის გამოტანა უნდა ვისწავლოთ. უნდა გვესმოდეს – პოლიტიკური სივრცის რეპრესირება ყველაფერთან ერთად ეკონომიკურ სიღარიბესაც იწვევს. რუსეთს უნდა, რომ თავის თავს დაგვამსგავსოს.
თქვენი კურსი აქტუალურ თემას – სტალინსა და პუტინს ეხება…
ამერიკელ სტუდენტებს ვუხსნი, როგორ განსაზღვრავს ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა მემკვიდრეობა სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს. რა ხდება ახლა უკრაინაში, ეს ომი რისი შედეგია; საიდან მოვდივართ, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერზე სტალინიზმსა და იმპერიულ მემკვიდრეობას ზოგადად; სსრკ დაიშალა და მაინც რატომაა იგი ცოცხალი, როგორ ვლინდება ეს საზოგადოებრივ პროცესებში და ა.შ.
გარდა ამისა, უნივერსიტეტში “მეხსიერების ჯგუფის” კოორდინატორი ვარ და ხშირად ვაწყობ დისკუსიებს მეხსიერებისა და იდენტობის პოლიტიკაზე, დემოკრატიის ეროზიაზე, ავტორიტარიზმის გაძლიერებაზე და ა.შ. მიხარია, რომ სტუდენტები ამ საკითხებით ინტერესდებიან.
ჩემი ორივე შვილი ნიუ იორკის საჯარო სკოლაში სწავლობს. მათთვის დიდი გამოცდილებაა, როცა მეგობრობენ იაპონელთან, ინდოელთან და ბრაზილიელთან. ეს მათი შემეცნებით უნარ–ჩვევებს ამდიდრებს.
*****
მალხაზ თორიას მეუღლე, მაია არავიაშვილიც ფულბრაიტელია. პროფესიით სოციოლოგს, 2015 წელს ილიაუნში მას სოციოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი სადისერტაციო თემის – “მემკვიდრეობის განაწილების გენდერული ასპექტები ქართულ კულტურაში” საფუძველზე მიენიჭა. მისი საგანმანათლებლო სივიც დასავლური გრატებით მოპოვებული ცოდნის ჩამონათვალია.
2010-2013 წლებში „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSF) აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამის ფარგლებში მაია „ნიუ სქულის“ უნივერსიტეტის დემოკრატიის კვლევის ტრანსრეგიონულ ცენტრში (TCDS) მიიწვიეს. 2012 წელს მონაწილეობდა შვეიცარიაში ლუცერნის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სამუშაო შეხვედრების სერიაში. 2017 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მუშაობდა კვლევით პროექტზე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin).
მაია ამჟამად ფულბრაიტის სტიპენდიით „ნიუ სქულის“ ბაზაზე მუშაობს თემაზე – „წარსულსა და მომავალს შორის: მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილება, როგორც გენდერული ნიშნით ეკონომიკური ექსპლუატაცია და სტრუქტურული ძალადობა”.
„ნიუ სქულის სოციალური კვლევის მიმართულება საკითხის შესწავლის ინტერდისციპლინურ შესაძლებლობას ქმნის“, – ამბობს მაია არავიაშვილი, – „სოციოლოგიისა და ფილოსოფიის პროგრამები მაღალკვალიფიციური პროფესორებითა თუ მკვლევრებითაა დაკომპლექტებული. მათ შორისაა საერთაშორისოდ აღიარებული მკვლევარი და პროფესორი ნენსი ფრეიზერი, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია.
მაია არავიაშვილი
ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში მომეცა შანსი 2022 წლის შემოდგომის სემესტრში მომესმინა ცნობილი ფილოსოფოსისა და გენდერის მკვლევრის, ცოცხალი ლეგენდის, ჯუდიტ ბატლერის კურსი „სამართლის ფილოსოფია“ და, ასევე, დემოკრატიის კვლევების ტრანსრეგიონული ცენტრის დირექტორისა და უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორის ელზბიეტა მატინიას ლექციები თემაზე – “ნაციონალიზმისკენ მიბრუნება” (Nationalism Revisited).
პირადად თქვენთვის რატომაა მნიშვნელოვანი დასავლეთის აკადემიური წრეების მხარდაჭერა სწორედ ახლა?
ახლა საქართველოს ევროკავშირის წევრობის ბედი წყდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ხმა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ხშირად და მაღალი კომპეტენციის საფუძველზე ისმოდეს.
რომ არა საერთაშორისო პროგრამების თუ გრანტების ფარგლებში მიღებული კვლევითი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ვერ შევძლებდი, ერთი მხრივ, კარიერულ წინსვლას და, მეორე მხრივ, სტუდენტებისათვის აქტუალური სასწავლო კურსების შეთავაზებას.
ეს სტიპენდიები და კვლევითი გრანტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში სამეცნიერო ცოდნის შექმნასა და საერთაშორისო დონეზე ამ ცოდნის გაზიარებას კონფერენციებისა თუ სტატიების მეშვეობით.
საქართველოს აკადემიურ სივრცეში სამეცნიერო პროდუქტის შემქმნელი პირების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა საერთაშორისო დონორების/ორგანიზაციების მხრიდანაა მხარდაჭერილი. ამ მხარდაჭერის გარეშე განვითარების ტემპი ბევრად შენელდებოდა.
ამიტომაც ჩვენი ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები თავიდანვე თვლიდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე “კანონს უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ უარყოფითი გავლენა ექნებოდა; მიიჩნევდნენ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორმა აქტიურად განაგრძოს მუშაობა. ეს კანონი როგორც ამ ორგანიზაციების საქმიანობას, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს დიდი საფრთხის წინაშე აყენებდა და ემსახურებოდა ერთადერთს – ქვეყნის რუსიფიკაციას.
16/03/2023
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment