იმ დროს, როცა თბილისში, რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ პრორუსულ–პუტინისტური კანონის მიღებას საპროტესტო აქციას პოლიცია არბევდა, თაიმს სკვერზე ნიუ იორკსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველები იკრიბებოდნენ.
აქციაზე ნიუ იორკში მოვიდნენ სტუდენტები, მხატვრები, მსახიობები, ჟურნალისტები, მედიკოსები, სასულიერო პირი, ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები, ამერიკის ქართველი მოქალაქეები და არამოქალაქეები. არ მოვიდა ნიუ იორკში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ დროს გაეროში ქალთა ფორუმზე უნდა გამოსულიყო. ამას გარდა მის დღის წესრიგში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აკადემიურ წრეებთან შეხვედრებიც იყო ჩანიშნული.
თავადაც ემიგრანტის ოჯახიდან სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში ჯერ ჟურნალისტებთან და მწერლებთან თითქოსდა დაგეგმილი შეხვედრა გადაიფიქრა, მერე ბიუჯეტის ხარჯზე უკვე დაგზავნილი მოსაწვევებიანი ღონისძიება, ამჯერად, დიასპორასთან, გააუქმა. 7 მარტს მან სიტყვიერი თანადგომა აქციის ერთ–ერთ ორგანიზატორს, ნინუკა ბორჩახაძეს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით გადასცა, ოღონდ თუნდაც სოცმედიაში დაფიქსირებული „სთეითმენტის“ გარეშე.
ირაკლი ბეჟუაშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი): ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტში ოცი ქართველი ვსწავლობთ. ჩვენ ყველანი აქ იმისთვის მოვედით, რომ გავაპროტესტოთ საქართველოში იმ პრორუსული კანონის მიღება, რომელიც იმთავითვე ეწინააღმდეგება ჩვენ დამოუკიდებლობასა და პროდასავლურობას.
ამ კანონის მიღებით “ქართულმა ოცნებამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა – მას უნდა ჩვენი სამშობლო რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს. მე ხვალ საქართველოში მივემგზავრები და ჩემ მეგობრებს თბილისის ქუჩებში შევუერთდები.
სამორი ბალდე (ხელოვანი): მთელი დღე თვალ-ყურს ვადევნებდით თბილისში ჩატარებულ აქციას, აქ კი იმისთვის მოვედით, რომ გავაპროტესტოთ საქართველოს საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ისტორიული ექსპერიმენტები ჩატარებულია – რუსეთში, ბელორუსში და სხვაგანაც, სადაც მსგავსი კანონები მიიღეს, ხალხმა, საზოგადოებამ დროულად ეს დაღმასვლა არ აღკვეთა, ამას კი მერე უფრო მეტად რეპრესიული კანონების მიღება მოჰყვა.
ეს ნიშნავს ბილეთს ერთი მიმართულებით ანუ რუსეთს, რომელიც არქაული, ფაშისტური რეჟიმია და ერების გენოციდსა და ჩაგვრას ემყარება.
ამჟამად უკრაინაში რუსეთი დამპყრობლურ ომს აწარმოებს, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და სოფლებს მიწასთან ასწორებს. ჩვენი აქ დგომა, სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა არის სულ მცირე, რაც ახლა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია.
სოფო ბარნოვი (ხელოვანი): პრორუსული კანონის მიღება მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებშია, ხოლო მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევა საბჭოთა მეთოდებით ადამიანის გაჩუმების მცდელობა.
არა აქვს მნიშვნელობა პარტიულ მიკუთვნებულობას ანდა უპარტიობას. საქმე ეხება საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც. ამიტომ ამ აქციაზე ჩემ შვილებთან ერთად მოვედი.
არქიმანდრიტი დემეტრე: აქ იმიტომ მოვედი, რომ საქართველოში პრორუსული კანონის მიღება გავაპროტესტო და ადამიანის უფლებები დავიცვა. კაცობრიობამ იესო ქრისტე იმიტომ შეიყვარა, რომ იგი ყველაზე ადამიანური იყო. ქრისტემ გვასწავლა თავისუფლება და ადამიანური ღირებულებები. ქრისტემ ყველაზე მნიშვნელოვნად ადამიანი გახადა და ამიტომ ჩვენ იმის უფლება არა გვაქვს, რომ ადამიანის პირადი თავისუფლება არ დავიცვათ.
ეს პრორუსული კანონი ქრისტიანობის ყველაზე დიდ მონაპოვარს – ადამიანის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხს, ახალგაზრდობასა და ეკლესიას შორის ხიდჩატეხილობაა; ასევე სერიოზული პრობლემა ის, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს, არადა პირველს, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა, სწორედაც რომ საქართველოს საპატრიარქო უნდა ყოფილიყო – მას უკრაინასთან მჭიდრო ევქარისტიული კავშირი უნდა დაემყარებინა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ერთი მტერი – რუსეთი… და თუ მოკავშირე უნდა გვეძებნა, თუნდაც მეტი ხიდები აგვეგო ბერძნულ ეკლესიასთან.
ზოგჯერ “შიში შეიქმს სიყვარულსა” კარგი შედეგის მომტანია, აქ კი “ბალშოი ბრატის” სიყვარულმა იმ ერთ ორბიტაზე გაგვამწესა, სადაც არაა არც ადამიანის უფლებები, არც თავისუფლება და არც სხვა დადებითი ღირებულება.
ვიცი, რომ ჩემი ამგვარი დამოკიდებულება საპატრიარქოს რისხვას გამოიწვევს… მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებზე გაჩუმება არ შემიძლია, რადგანაც მე ღმერთსა და ადამიანებს ვემსახურები. ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არ გვინდა იქ დაბრუნება, სადაც ორასი წელი გვამყოფეს.
ზაზა გუბელაძე (თეოლოგი): მე ნიუ იორკიდან ვუერთდები ჩემ ხალხს და ქვეყანას, რომელიც „რუსული ოცნების“ მიერ სრულადაა ოკუპირებული. ყველაზე ტრაგიკული რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ ოკუპაციის ხელისშემწყობია. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა ტვინების რეცხვა და ხალხის დამუნათება, ქვეყნისა და მართლმადიდებლობის მტრებად გამოცხადება ყველა იმ ადამიანის, ვისაც სახელმწიფოებრივი პოზიცია – პროდასავლური ხედვები ჰქონდა.
აქ, თაიმს სკვერზე გაცილებით მეტი ქართველი უნდა ვიყოთ – მექსიკის საზღვრიდან ათიათასობით საქართველოს მოქალაქეა შემოსული. სასურველია მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვქონდეს – წვეთი აპობს ქვას არა ძალით, არამედ იმით, რომ გამუდმებით ეცემა.
არ უნდა შევეგუოთ ოკუპაციურ რეჟიმს და იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეკლესია “ერპეცეს” (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია) მიერაა დამონებული. ჩვენი ეკლესია 1977 წლის 25 დეკემბრიდან მკვდარია და ილია II-მ მას სუდარა კი არ გადახსნა, არამედ – გადააფარა.
ბასილ კობახიძე ადრე მეც ბუა მეგონა, მაგრამ იგი სრულიად მართალი აღმოჩნდა და მე მას ბოდიში მოვუხადე. ტრაგიკული რეალობაა, როცა საღი აზროვნების მღვდლებს ქართული ეკლესია იძულებს, ხვალ კი სხვა პროფესიის ადამიანებს მიადგებიან და ყველა კრიტიკოსს აგენტებად და ჯაშუშებად გამოაცხადებენ. ამ კანონის მიღებით – გამოაცხადეს კიდეც. მკრეხელობასთან, ეკლესიურ ენაზე კი “სული წმინდის გმობასთან” გვაქვს საქმე და ამიტომ ჩვენი ვალია – ამ რეპრესიულ რეჟიმს ჩვენი ხმა და მტკიცე ნება უნდა აღუდგეს.
მარიტა დამენია (კურატორი, ორგანიზაცია “მედეთარტის” ხელმძღვანელი): პრობლემა მხოლოდ ამ კანონპროექტში არაა, არამედ იმაში, რომ უკვე თერთმეტი წელია ვუყურებთ, თუ როგორ გეგმაზომიერად ანგრევს და ანადგურებს “ქართული ოცნება” ქართულ სახელმწიფოს ისე, რომ ქართველს საქართველოში აღარ დაგვედგომება.
ქართველების უმრავლესობა თუ ჯერ კიდევ არ წასულა ემიგრაციაში, ქვეყნის დატოვების გეგმას ადგენს. ქართველს თავის ქვეყანაში აღარ ეცხოვრება არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც სოციალური თვალსაზრისით.
ჩვენ ძალიან დიდხანს ვითმინეთ “ქართული ოცნება”. დროა დასრულდეს ეს უსამართლობა და ხელისუფლებიდან წავიდნენ პარაზიტი ჩინოვნიკები, რომლებიც ადამიანებს აბუჩად იგდებენ, ხოლო ქვეყანა თავის კანტორად გადააქციეს.
ჩვენი პროტესტი წლებით დაგროვილი უკმაყოფილებაა.
თაიმს სკვერზე ჩვენი სპონტანური შეკრება კი ყველაზე მცირეა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოში აგორებული წინააღმდეგობის მხარდასაჭერად.
ქართველი ემიგრანტები საქართველოზე ფიქრით იძინებენ და იღვიძებენ. ყველას ოცნებაა, რომ სამშობლოში დაბრუნდეს და იქ ცხოვრების საშუალება მიეცეს. თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა, ჩვენ ვერ დავბრუნდებით, ჩვენ შვილებს იქ მომავალი არა აქვთ. ჩვენ არ გვინდა ეს მოხდეს, ჩვენ გვინდა პროდასავლური საქართველო, რომელსაც პუტინიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გარეშე ვერ ავაშენებთ.
08/03/2023
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment