2011 წლის 13 ნოემბერს გაზეთში „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა ვრცელი ნეკროლოგი ამერიკელ ეკონომისტზე, პროფესორზე, სოვეტოლოგზე, კოლექციონერსა და მეცენატზე ნორტონ დოჯზე (1927 – 2011), რომელიც „კვლევითი მოგზაურობების დროს შეისწავლიდა ისეთ საიდუმლოებებს, როგორიცაა საბჭოური ტრაქტორები და სამუშაო ძალა. ნორტონ დოჯმა შეაგროვა მსოფლიოში საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნების ყველაზე დიდი კოლექცია, რომელიც ამჟამად რატგერსის უნივერსიტეტში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმის არქივშია და მოიცავს ოც ათასზე მეტ ნამუშევარს, მათ შორის – ვიტალი კომარისა და ალექსანდრე მელამიდის.
დოჯმა, როცა სსრკ-ის ეკონომიკას სწავლობდა, „ფარულად გაიგო“ იმის შესახებ, რომ არსებობდა მხატვარ-დისიდენტების იატაკქვეშა მოძრობები.
პროფესორმა დოჯმა ნელ-ნელა შეაღწია გამოფენების საიდუმლო ქსელში, ეს ექსპოზიციები კი მხატვრების ბინებში იმართებოდა. დოჯმა გადაწყვიტა მათთვის მხარი დაეჭირა და, როგორც ამბობენ, სამი მილიონი თავის მზარდ კოლექციას დაახარჯა”.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ამ სტატიაში ნახსენები არ იყო ყველაზე პატარა “ეროვნული კოლექცია”, არადა ამ უნიკალურ საგანძურში, სადაც ათასზე მეტი ხელოვანია წარმოდგენილი, რვაასზე მეტი ნამუშევარი სხვადასხვა თაობის ოთხმოცამდე ქართველ მხატვარს, ლადო გუდიაშვილიდან ვიდრე ქეთი კაპანაძემდე, ეკუთვნის.
დოჯი სსრკ-ში პირველად 1955 წელს ჩავიდა და მას მერე დასავლეთში საბჭოური ნონკონფორმისტული ხელოვნება კონტრაბანდით გამოჰქონდა. 1962 წელს იგი დაესწრო 1920-იანი წლებიდან აბსტრაქტული ხელოვნების სსრკ-ში პირველ გამოფენას, ცხადია, ერთ-ერთი მხატვრის სახლში. იგი თავისი და მხატვრების სიცოცხლის რისკის ფასად საბჭოთა ხელოვანებს ხვდებოდა და რეალური საფრთხის მიუხედავად მათი ნამუშევრები გადაარჩინა. მან ცივი ომის დროს სსრკ–დან აშშ–ში ათი ათასზე მეტი ნამუშევრის გატანა შეძლო.
ამგვარი “არტთავგადასავალი” “პერესტროიკამდე” გრძელდებოდა. დოჯმა სსრკ-ში ვიზიტები მას მერე შეწყვიტა, რაც მისი მეგობარი, ცნობილი რუსი ნონკონფორმისტი მხატვარი ევგენი რუხინი 1976 წელს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
1990-იანების დასაწყისში ნორტონ და ნენსი (მეუღლე) დოჯემბმა ეს უნიკალური კოლექცია რატგერსის უნივერსიტეტს გადასცეს. დღეისათვის ეს საბჭოური ნონკონფორმისტული ხელოვნების ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან კოლექციას წარმოადგენს.
ნორტონ და ნენსი დოჯები
საბჭოთა პერიოდის არაოფიციალური ხელოვნება სოცრეალიზმის იდეოლოგიის უკურეაქცია, ანტიდოგმა და საბჭოურის ვიზავის ისტორიაა. “დათბობიდან” ვიდრე “პერესტროიკამდე” შექმნილი არტნონკონფორმიზმი, სახელმწიფოსგან არასანქცირებული ხელოვნება – აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, სიშიშვლე და რელიგიური ხატწერა, შავი სატირა თუ მულტიმედია ნიმუშები ახლა ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო მუზეუმის კუთვნილებაა და სასურველია, რომ ხელოვნების მოყვარულების გარდა ისტორიკოსების, მკვლევრების, მხატვრების ახალი თაობის თვალსაწიერში აუცილებლად მოხვდეს.
რაც ვიცით ნორტონ დოჯზე, ისაა, რომ მან მართლაც დაწერა ცხრაასგვერდიანი მონოგრაფია საბჭოურ ტრაქტორებზე, 1966 წელს კი მისი კვლევა: „ქალები საბჭოთა ეკონომიკაში: მათი როლი ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ განვითარებაში“ გამოქვეყნდა. ნორტონ დოჯი ორი ათეული წელი მერილენდის უნივერსიტეტში ასწავლიდა, შემდეგ კი, 1989 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე – წმინდა მარიამის კოლეჯში. ნორტონ დოჯმა 1966 წელს მერილენდში შეიძინა “კრემონას ფერმა” და სადაც დღემდე მისი უნიკალური კოლექციის ნაწილი ინახება.
ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (რატგერსის უნივერსიტეტი, ნიუ ბრუნსვიკი, ნიუ ჯერსი) სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ექსპოზიციის -„საქართველოს აღმოჩენა: ნიმუშები ნორტონ და ნენსი დოჯების საბჭოთა კავშირის ნონკონფორმისტული ხელოვნების კოლექციიდან” კურატორია თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სოფო გაგოშიძე. იგი სწავლის დასრულების შემდეგ ხელოვნების მუზეუმში შუა საუკუნეების დეპარტამენტში ხისა და ქვის ფონდში მუშაობდა, 2018 წელს კი ამერიკული დაფინანსებით რატგერსის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის დოქტორანტურაში ჩააბარა.
სოფო გაგოშიძე ამჟამად რატგერსში მუშაობს დისერტაციაზე, რომელიც შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებას ეხება. ამავდროულად უკვე მეხუთე წელია რატგერსის ზიმერლის ხელოვნების მუზეუმის საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნების დეპარტამენტის ქართული კოლექციის თანამშრომელია.
ოთარ ჩხარტიშვილი -“სტალინის ჯადოსნური წრე”, 1977. ია მერკვილაძის ფოტო
გამოფენა Locating Georgia სამ ნაწილადაა წარმოდგენილი.
პირველი ნაწილის სახელწოდებაა “პირადი პროფესიონალურია”, სადაც წარმოდგენილია ნაშრომები მხატვრის შემოქმედებითი გარემოთი, პირადი სცენებით, პორტრეტებით.
მეორე ნაწილია „რწმენის პროფესიები: ეჭვი, როგორც პროტესტი”, სადაც რელიგიური სიმბოლიზმი, ხატები გამოყენებულია, როგორც რეპრესირებული იდენტობისა და ანტისოცრეალიზმის კონცეპტი.
მესამე ნაწილი – „საქართველოს აღმოჩენა“ ეძღვნება იდენტობის პოლიტიკასა და პროვოკაციულ დისიდენტობას.
სტალინის სიკვდილის შემდეგ და „პერესტროიკის“ დროს სსრკ–მა თავისი სახელოვნებო პოლიტიკა „პერიფერიულ“ რესპუბლიკებს ტრადიციული/ნაციონალური თემების “გახსნის” უფლების დათმობით ოდნავ შეურბილა, რაზეც მხატვრებმა რეპრესირებული თვითგამოხატვით მყისიერად უპასუხეს.
ოთარ ჩხარტიშვილი და ლევან მაღალაშვილი ერთგვარად სწორხაზოვნები იყვნენ წითელი ფერის ნეგატივიზმის, როგორც ანტიცენზურის/ანტირეპრესიულობის გამოყენებით, რადგანაც ეს ფერი საბჭოთა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა.
რელიგიურისგან განსხვავებით, ნაციონალური, ტრადიციული და პოლიტიკური თემები ტოტალიტარული რეჟიმის გამოწვევებზე კრეატიული პასუხების ალტერნატიული საშუალებები გახდა.
ამერიკული მუზეუმის დარბაზებში თექვსმეტი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა: კირილ ზდანევიჩი, ავთო ვარაზი, ირაკლი ფარჯიანი, სერგეი ფარაჯანოვი, ლეილა შელია, ოთარ ჩხარტიშვილი, ლევან მაღალაშვილი, გიორგი ალექსი – მესხიშვილი, გოგი მიქელაძე, ლევან ჭოღოშვილი, მამუკა ჯაფარიძე, ამირ კაკაბაძე, ვლადიმერ კანდელაკი, დავით მონავარდისაშვილი, ქეთი კაპანაძე და გია ეძგვერაძე.
სერგეი ფარაჯანოვი
– უსათაურო, 1987. ია მერკვილაძის ფოტო
ფარაჯანოვის, კაპანაძისა და ეძგვერაძის გარდა, ამ ექსპოზიციაზე გამოფენილი მხატვრების ნამუშევრების ძალიან დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, პირველად იფინება. მათი, ასე ვთქვათ, პრემიერა, სწორედ რომ სამშობლოდან შორს, აშშ–ში შედგა.
გამოფენის მიმდინარეობისას მოეწყო ინტერაქტიური ღონისძიებებიც, მათ შორის, ფარაჯანოვის „საიათნოვას“ ჩვენება.
ნორტონ და ნენსი დოჯების კოლექციაში დღის სინათლეს ელოდებიან სხვა ქართველი მხატვრებიც: ჯიბსონ ხუნდაძე, რეზო გაბრიაძე, ლადო გუდიაშვილი, გიორგი გუგუშვილი, ედმონდ კალანდაძე, სერგო ქობულაძე, ხიტა ქუთათელაძე, თემო მაჭავარიანი, პიკო ნიჟარაძე, თეიმურაზ ნინუა და სხვები.
კირილ ზდანევიჩის ნამუშევრები. ია მერკვილაძის ფოტო
„ – საქართველოში ყოფნისას ძალიან გამიმართლა. ოჯახის წევრებთან ერთად მართლაც დიდი პროფესიონალები მასწავლიდნენ და თანამშრომლობდნენ ჩემთან. ლეილა ხუსკივაძე, დიმიტრი თუმანიშვილი, ნინო დოლიძე და მრავალი სხვა“ – მიყვება სოფო გაგოშიძე, „-ხელოვნების მუზეუმს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან სწორედ აქ მიღებულმა გამოცდილებამ და იმ ადამიანებმა, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი, ჩემი პროფესია შემაყვარეს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა დღეს იქ აღარ მუშაობს, რადგან ისინი კულტურის სფეროში მიმდინარე რეპრესიებს ემსხვერპლნენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ის უკუსვლა, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ახლა ხდება, მალე შეჩერდება და ის პროფესიონალები, რომლებიც მუზეუმის განვითარებაზე ზრუნავდნენ, დაუბრუნდებიან თავის კუთვნილ ადგილებს და ჩვენ ერთად შევქმნით თანამედროვე, დასავლური სტანდარტის გამორჩეულ მუზეუმს.
კიდევ ერთხელ გამიმართლა და აშშ-შიც შემხვდნენ განსაკუთრებულად კარგი პროფესორები – ერიკ ტუნო და ჯეინ შარპი. მათი დიდი დამსახურებით ჩემი ცოდნის და გამოცდილების სხვა ეტაპზე გადავედი.
ამერიკამ სრულიად თავდაყირა დააყენა ჩემი პროფესიული ცხოვრება და საინტერესო მიმართულებით განავითარა. შეიძლება ითქვას, თავიდან დავიბადე და თავიდან ვისწავლე ყველაფერი. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად ფასდაუდებელია, რასაც ვეცდები საქართველოში გამოვიყენო, როცა კულტურის სფეროს დეოკუპაციის დრო დადგება. ამჟამად კი ვმუშაობ დისერტაციაზე, რომელიც ხახულის კარედს ეხება.
თქვენ რა იცით ამ კოლექციის მფლობელის, ნორტონ დოჯის შესახებ?
ნორტონ დოჯი ამერიკელი ეკონომისტი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირში ჰარვარდის უნივერსიტეტიდან სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევის ჩატარების მიზნით იმოგზაურა. მან მოსკოვსა და პეტერბურგში გაიცნო მხატვრები, რომლებიც რეჟიმს ებრძოდნენ და ამას თავის ნამუშევრებში გამოხატავდნენ.
ნორტონი დაინტერესდა ამ მხატვრებით. შემდგომ იგი ხშირად სტუმრობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებს, მხატვრებისგან პირადად ყიდულობდა ნამუშევრებს და საბჭოთა მთავრობისგან მალულად მათ ამერიკაში აგზავნიდა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მისი კოლექციის ფორმირება უფრო გამარტივდა. მხატვრები და შუამავალი პირები ნამუშევრების გაყიდვის მიზნით ნორტონ დოჯს პირადად უკავშირდებოდნენ და ნახატებს უკვე ლეგალურად აგზავნიდნენ. ასე შედგა დოჯის მდიდარი კოლექცია, რომელიც ოცი ათასზე მეტ ნამუშევარს მოიცავს საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან. მას ეს ნამუშევრები აუქციონზე არასდროს გაუტანია.
როგორც ცნობილია, კოლექციის ნაწილი მფლობელის სახლშიცაა.
ამ უნიკალური კოლექციის სიდიდის გამო მუზეუმში მათი გადატანა ეტაპობრივად ხდება.
კოლექციის ქართული ნაწილი დაახლოებით 80 მხატვრის 800-მდე ნამუშევარს მოიცავს და ეს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ქართული ხელოვნების ყველაზე დიდი კოლექციაა. ნამუშევრებს რესტავრაცია დასჭირდა.
ვინაიდან ქართული კოლექცია თითქმის სრულიად შეუსწავლელი იყო, მისი დიდი ნაწილი კრემონაშია. ამ გამოფენაზე არსებული ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ კრემონადან ჩამოვიტანეთ.
ზოგადად, მუზეუმებში ნამუშევრის გამოფენაზე გატანამდე აუცილებლად ხდება რესტავრატორის მიერ მისი შეფასება. ამ გამოფენაზე არსებული მასალის შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი 90 პროცენტი საფუძვლიან წმენდასა და კონსერვაციას საჭიროებდა. ეს მოულოდნელი არც იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მასალის ძირითადი ნაწილი შესყიდვის პერიოდიდან მოყოლებული ხელუხლებელი იყო და, შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში ფონდში ელაგა. ბუნებრივია, ამ მდგომარეობაში ის გამოფენაზე ვერ გავიდოდა.
გაწმენდა-კონსერვაციის პროცესი ხუთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. კონსერვაცია, გამოფენის ბროშურა და ამ გამოფენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ხარჯები დაფინანსებულია “ავენირ ფონდისა” და “დოჯის საქველმოქმედო საზოგადოების” მიერ.
ავთო ვარაზი – “თეთრი თევზი”. 1970. ია მერკვილაძის ფოტო
რა პრინციპით შეარჩიეთ ავტორები და ნამუშევრები?
რადგან ეს არის ქართული ხელოვნების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემი მიზანი იყო ეს ყოფილიყო გაცნობითი გამოფენა, რომლის შედეგადაც ამერიკელი დამთვალიერებელი გაეცნობოდა საქართველოსა და ქართული ხელოვნებას. ამიტომ თავდაპირველად შევარჩიე ორი თემა, რომელიც მინდოდა წარმედგინა ამ გამოფენაზე.
პირველი თემა არის საქართველო და მისი ისტორია. ეს კატეგორია შინაარსობრივად პოლიტიკურია და ასახავს საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.
მეორე კატეგორია კი შეეხება ქრისტიანულ გამოსახულებებს, რადგან, ვფიქრობ, რომ ეს ის თემაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართულ ხელოვნებას ყველაზე კარგად წარმოადგენს.
მესამე კატეგორია, რომელიც დამატებით შეირჩა არის მხატვრების ცხოვრება მათ სახელოსნოებში და მათი პირადი სივრცე.
ამ თემების კვლევის შემდგომ შეირჩა ის მხატვრები და ნამუშევრები, რომლებიც გამოფენის სათქმელს საუკეთესოდ წარმოაჩენდნენ. საგამოფენო სამუშაო სამი წელი გაგრძელდა და მოიცავდა სამეცნიერო კვლევას, ნამუშევრების მოძიებასა და შერჩევას, უშუალოდ ნივთებზე მუშაობას, ბროშურის მომზადებას, გამოფენასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვას, კონსერვაციას, ჩარჩოების შერჩევას, საგამოფენო სივრცის მომზადებასა და გამოფენის ინსტალაციას.
როგორ შეირჩა ნამუშევრები მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენისთვის?
მუდმივმოქმედი გამოფენისთვის ნამუშევრების შერჩევა ჩემ კომპეტენციაში არ შედიოდა, ამაზე პროფესორმა ჯეინ შარპმა იმუშავა. ორი ქართველი მხატვრის – ქეთი კაპანაძის და გია ეძგვერაძის პერმანენტულ ექსპოზიციაში დამატება გამოფენის – საქართველოს აღმოჩენა“ – დამსახურებით ქართული ხელოვნებისადმი გაზრდილი ინტერესით შეიძლება აიხსნას.
ქეთი კაპანაძე – „ჩაუარო ქალაქ უაგადუგუს–3“.1997. ია მერკვილაძის ფოტო
ცენტრში გია ეძგვერაძის ნამუშევარი -“ჩემი ბავშვობის კედელი”, 1986. ია მერკვილაძის ფოტო
როგორ ფიქრობთ, რატომაა სწორედ ახლა მნიშვნელოვანი ნონკონფორმისტული ხელოვნების გამოფენა?
დღეს, როდესაც შუაგულ ევროპაში რუსეთი უკრაინას სასტიკად ეომება, მნიშვნელოვანია აშშ-სა და ევროპაში საქართველოსნაირი ქვეყნების ხელოვნებისა და კულტურის წინ წამოწევა და შედეგად დასავლურ საზოგადოებაში რუსეთისგან მუდმივად რეპრესირებული ქვეყნების შესახებ აქამდე არსებული ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება და ინტერესის გაღვივება.
მიდგომა, რომლითაც დასავლეთი ხელმძღვანელობს, აქამდე „პერიფერიებად“ შერაცხული ქვეყნების და მათი ხელოვნების წინ წამოწევას და მხარდაჭერას გულისხმობს. “საქართველოს აღმოჩენის” გახსნამდე ზიმერლის ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში სწორედ უკრაინული ხელოვნების გამოფენა იყო წარმოდგენილი, რომელზეც უკრაინის ოფიციოზი იმყოფებოდა.
ლევან მაღალაშვილი – “ჩიტი და თევზი” (1987). ამირ კაკაბაძე – უსათაურო (1970). ია მერკვილაძის ფოტო
მგონი, პირველად ვნახე, რომ ამერიკულ მუზეუმში ქართველის ნამუშევარს სახელწოდება ქართულადაც ახლავს…
გამოფენაზე არსებულ ეტიკეტებზე შეამჩნევთ ინგლისურთან ერთად ქართულ სათაურებს. ვფიქრობ, ამერიკელი დამთვალიერებელში ქართული შრიფტის დანახვა ქართული ენის მიმართ ინტერესს აღძრავს.
რაც შეეხება ქართველ დამთვალიერებელს, რომელიც საკმაოდ მრავლადაა “ზიმერლიში”, ეს ერთგვარი სასიამოვნო ჟესტია უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს. ბედნიერი ვარ, რომ მუზეუმმა მომცა ეტიკეტებზე ქართული ენის გამოყენების შესაძლებლობა. მითუმეტეს, რომ აქამდე “ზიმერლის” ხელოვნების მუზეუმში ინგლისურის გარდა არც ერთი სხვა ენა არ გამოყენებულა.
ვლადიმერ კანდელაკი
– „კედელი”, 1974-1981. ია მერკვილაძის ფოტო
გოგი მიქელაძე, “ნატურმორტი”, 1980. ია მერკვილაძის ფოტო
თქვენთვის, როგორც ქართველი მკვლევრისთვის, ამ კოლექციაზე მუშაობისას რა იყო მნიშვნელოვანი?
ჩემთვის, როგორც შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების მკვლევრისთვის, საინტერესო იყო ჩემი საკვლევი ეპოქის დამახასიათებელი ნიშნებისა თუ მოვლენების XX საუკუნის ხელოვნებაში მოძიება, შესწავლა და გადმოცემა.
ხოლო ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი დამთვალიერებლისთვის მიმეწვდინა ინფორმაცია საქართველოსა და მისი პრობლემების შესახებ. ეს მოიცავს იმ მოვლენებს, რასაც რუსეთი საქართველოში ორ ასეულ წელზე მეტია ახორციელებს.
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ეს სათქმელი ჩემი პროფესიის ფარგლებში გადმომეცა. ეს კი ვერ მოხერხდებოდა დოჯის უნიკალური კოლექციისა და ზიმერლის ხელოვნების მუზეუმის ნების გარეშე.
საქართველო რამდენად იყო ჩართული ამ პროცესში და აქვს თუ არა კულტურის სამინისტროს კოლექციის საქართველოში გამოფენის მზაობა?
ქართული მხარე არანაირად არ ყოფილა ჩართული ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი გამოფენის არც შექმნის და არც შემდგომ პროცესებში. მეტიც, არც რაიმე ინტერესი ყოფილა გამოხატული არც საქართველოს საელჩოს და არც კულტურის სამინისტროს მიერ. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების მისამართით მუზეუმის მიერ ოფიციალურად გაგზავნილ მოსაწვევებს ისინი არც კი გამოეხმაურნენ.
რადგან ზიმერლის მუზეუმში არა ერთი გამოფენა გამართულა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელოვნების შესახებ, მათ აქვთ გამოცდილება საელჩოებთან ურთიერთობის. როგორც წესი, საელჩოები თავად გამოთქვამენ სურვილს ჩართული იყვნენ გამოფენის გახსნის პროცესში, რაც მათთვის საკუთარი ქვეყნის წარდგინების ხელსაყრელი საშუალებაა. ამ შემთხვევაში საქართველოს საელჩო არა თუ ჩართული არ იყო არანაირ პროცესში, არამედ გამოფენის დასათვალიერებლადაც კი არ მოსულა არც ელჩი და არც სხვა თანამშრომელი. ეს კი ზიმერლის მუზეუმის დირექციას ძალიან აკვირვებს.
საქართველოში კი ჩემი ოჯახის ხუთი წევრი, ბაბუის, იულონ გაგოშიძის ჩათვლით, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამერიკაში ჩამოსვლისას ჩემი გეგმა იყო საქართველოში დავბრუნებულიყავი და იქ გამომეყენებინა აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს არჩეული პოლიტიკა ახლა ამის საშუალებას არ მაძლევს.
30/12/2022
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment