Saturday, September 30, 2023

ხუთი ქართველი კომპოზიტორის ახალი მუსიკა ნიუ იორკში

  


 

 

მანჰეტენზე მდებარე The Dimenna Center for Classical Music (2011) ნიუ იორკის ერთადერთი აკუსტიკურად სრულად ოპტიმიზირებული, კლასიკური მუსიკის სარეპეტიციო/ჩამწერი სივრცეა, რომელიც იდეალურია როგორც სიმფონიური ორკესტრებისთვის, ასევე – სოლისტებისთვის.


ცენტრის სცენაზე გამოდიან “ამერიკელი კომპოზიტორების ორკესტრიდან” და “ნიუ იორკის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრიდან” დაწყებული ვიდრე რენე ფლემინგამდე და სტინგამდე.


მათ სიას ამ ჯერზე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორებიც შეემატნენ: გიორგი ოუკლი, ლალი საბანაძე, დავით ჭკუასელი, კოკი ლორთქიფანიძე და გიორგი მიქაძე.


ქართველი მუსიკოსების გაერთიანებისა და მათი ნაწარმოებების პრემიერის გამართვის იდეა ეკუთვნის ორგანიზაციის “თანამედროვე ქართველ ხელოვანთა ასოციაცია” (AMGA (2022) დამფუძნებელს, პროფესიით პიანისტსა და პედაგოგს მაია შიოშვილს. იგი აშშ–ში Rutgers Mason Gross School of Music-ის მაგისტრანტია და მეუღლესთან, კომპოზიტორ დათო ჭკუასელთან ერთად პენსილვანიის შტატის გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ანსამბლის თანახელმძღვანელიც. იგი ამერიკაში 2007 წლიდან ცხოვრობს.


მაია შიოშვილის პროექტი – “ხუთი ქართველი კომპოზიტორის ახალი მუსიკა” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების ერთ–ერთ გამარჯვებულ პროექტად დასახელდა.









მაია შიოშვილი. ია მერკვილაძის ფოტო


“პროექტის იდეა იყო ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ემიგრაციაში არსებული ინტელექტუალური რესურსის თავმოყრა/წარდგენა და ზოგადად, თანამედროვე ქართული მუსიკის ცნობადობისა თუ პრესტიჟის ამაღლება“, – მიყვება მაია შიოშვილი, „– საწყის ეტაპზე მთელს ამერიკაში გაფანტულ ქართველ ემიგრანტ კომპოზიტორებს მათი ნაწარმოებების ერთ სივრცეში თავმოსაყრელად დავუკავშირდი და პროფესიონალი შემსრულებლები, სამუსიკო დარბაზი შევთავაზე.


ამ ერთმნიშვნელოვნად ეროვნულ პროექტში მონაწილეობას ყველა დიდი სიამოვნებით დათანხმდა. კომპოზიტორებმა ინსტრუმენტალისტები საკუთარი რესურსებით შეარჩიეს, ასევე მოვიწვიეთ როგორც უკვე წარმატებული ამერიკელი მუსიკოსები, ასევე “ჯულიარდის” მაგისტრანტები…


ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი გამოვიდა: თანამედროვე აკადემიური მუსიკიდან დაწყებული, ჯაზითა და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული – ყველა ნაწარმოები გამსჭვალული იყო ქართული ინტონაციებით, ფოლკლორის, მითოლოგიის, პოეზიის ელემენტებითა და საოცრად ნაცნობი და გამაერთიანებელი ნოსტალგიური განწყობით. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს შემადგენლობა ქართველი მსმენელის წინაშე ამჯერად სამშობლოში წარსდგეს. AMGA-ის სამომავლო გეგმები ემიგრაციაში მიმოფანტული წარმატებული ქართველი ხელოვანების თავმოყრასა და საინტერესო პროექტების განხორციელებას უკავშირდება“.


****


თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების კონცერტი ქართველი მუსიკოსის, გიორგი ოუკლის ვიოლინოსა (შემსრულებელი მირანდა კუკონი) და ფორტეპიანოსთვის (შემსრულებელი ინგა ქაშაკაშვილი) დაწერილი კომპოზიციით – “არგონავტებით” დაიწყო.


ავტორმა “არგონავტების” წერა 2008 წელს დაიწყო, 2015 – ში დაასრულა და თავის შვილს, ალექსს მიუძღვნა. “ოქროს საწმისის” მოსაპოვებლად გამგზავრებული იასონისა და მისი თანამზრახველებს ეს მუსიკა რომ მოესმინათ, აუცილებლად იფიქრებდნენ, რომ იგი მათ ხიფათიან თავგადასავალზეა დაწერილი – ბობოქარი, ტემპერამენტიანი, ცვალებადი და მისტიკური. ერთგან უნებლიედ აზრმაც კი გამიელვა – აი, ახლა ძველ კოლხეთს, აიას მიდგნენ – მეთქი.



გიორგი ოუკლიმ შვიდნაწილიანი “არგონავტების” ფაბულა ამგვარად დაყო და აღწერა:


“დასაბამი” – სამყაროს შექმნას უკავშირდება.

“გზა” – გზა ჭეშმარიტებისაკენ, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა მოიძიოს და დაადგეს.

“საბრძოლო ხომალდი” – ბრძოლის ველი, სადაც ადამიანმა ბოროტება თავის თავში უნდა დაამარცხოს.

“მედეა” – სულიერი მეს აღმოჩენა და გამოღვიძება.

“ოქროს საწმისი” – ამაღლება და ღვთაებასთან შეხება, ამპარტავნება და დაცემა.

“სიცარიელე” – ჯვარცმა.

“ჯადოსნური წრე”– როცა ჯადოსნური წრე იკვრება, რაც აღდგომას ნიშნავს.

„ამ ნაწარმოებით შევეცადე გამეზიარებინა ჩემი ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება და გამომეხატა მუსიკით ის, რისი გადმოცემაც სიტყვებით არ შემიძლია“ – ამბობს გიორგი ოუკლი.





გიორგი ოუკლი “არგონავტების” შემსრულებლებთან ერთად. ია მერკვილაძის ფოტო


 “არგონავტებზე” მუშაობა სხვა თემებზე მუშაობისგან რით განსხვავდებოდა?

–”არგონავტებზე” მუშაობა მიმდინარეობდა ეპიზოდურად, ხშირად მიხდებოდა მუშაობის შეწყვეტა, რადგანაც ვგრძნობდი, რომ სათანადო ცოდნა არ გამაჩნდა იმისთვის, რომ მასზე მუშაობა გამეგრძელებინა. შვიდი წელი ამიტომაც დამჭირდა.


სწავლას ჩემს შემოქმედებით პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თითოეული ჩემი ნაწარმოები არის იმ ცოდნისა და გამოცდილების შედეგი, რომლის შესწავლასაც ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ვცდილობ მაქსიმალურად ჩავუღრმავდე ამა თუ იმ საკითხს.


კომპოზიციაში ჩემი აზრის გამოსათქმელად მხოლოდ მაშინ ვარ მზად, როცა გარკვეულ მასალაზე ამომწურავ ინფორმაციას ვფლობ. მაგალითად, როდესაც ვარ დაინტერესებული რომელიმე მწერლით, რეჟისორით ან ისტორიული ეპოქით; ვცდილობ მაქსიმალურად გავეცნო ყველა იმ მასალას, რისი მოპოვების შესაძლებლობაც არსებობს. ეს არის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი.


ამის შედეგია ის, რომ ჩემი მუსიკა პროგრამული ხასიათს იძენს. მე ყოველთვის ვცდილობ წინ წამოვწიო ადამიანის ბუნება, მისი ზნეობრივი და სულიერი საწყისები. ხშირად ნაწარმოებზე მზადების პროცესს გაცილებით უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე სანოტო ფურცელზე წერას. აქედან გამომდინარე, როდესაც ვწერ, მუსიკა ჩემში უკვე სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული.


როგორ ჩნდება ქართული მოტივები?

ჩემი კომპოზიციის ჰარმონიული აგებულება ტონალურია და წარმოადგენს ქართული ხალხური და მსოფლიო მუსიკის ჟანრების სინთეზს.


მე მხოლოდ ერთ ნაწარმოებზე მუშაობა შემიძლია. სანამ ის არ დასრულდება, სხვა ნაწარმოებს ადგილი ჩემში არ აქვს, რადგანაც მთელი ჩემი გონება და არსი მხოლოდ ამ ნაწარმოებს ეთმობა. თუმცა აქ არის ერთი გამონაკლისი – „არგონავტები”. ამ ნაწარმოებში არის სინთეზი ბიბლიური, მითოლოგიური და მისტიკური თემების. მისი შინაარსი გადმოსცემს ადამიანის ცხოვრების აზრს და მიზანს, რომელიც სულიერი ამაღლების ტოლფასია.


***


ბობოქარი “არგონავტების” შემდეგ ლალი საბანაძის კომპოზიცია – “ტკბილია დედის იავნანა” თავად კომპოზიტორისა (ფორტეპიანო) და ფლეიტისტის (მარონ ხოური) შესრულებით კონტრასტულად მშვიდი და უშფოთველი რიტმისა და აურის შემომტანი აღმოჩნდა.


აფხაზეთიდან დევნილი ლალი საბანაძე ამერიკაში 2018 წელს ჩამოვიდა, საქართველოში კი დედა და ქალიშვილი დატოვა. მალევე გაიგო, რომ დედა გარდაიცვალა, ამ ამბავს კი ახლობლები უმალავდნენ.


„დედის ნამღერი ტკბილი ნანა მუსიკასთან და სიყვარულთან ჩემი უპირველესი შეხება იყო”, – მიყვება ლალი საბანაძე, „– 1992–ში, გაგრაში, სანამ კონფლიქტის ზონიდან ჩვენი გამოყვანა მოხერხდებოდა, მახსოვს სარდაფებში ვიმალებოდით, სამეზობლოს კი თავი ერთმანეთის დახმარებით გაგვქონდა.


ერთხელ მარინამ ჩემი თავი ჩემს დებს ჩააბარა და ცოტა ხნით ეზოში გავიდა. უცებ დედაჩემთან შეშინებულ მეზობელს მიურბენია და უთქვამს: “შენი სახლიდან პიანონოზე ვიღაცა საქართველოს ჰიმნს უკრავს, არ დაგვცხრილონო!” დედა სახლში გამოქცეულა და ოთახში რომ შემოვიდა, პიანინოსთან მე დავხვდი, მომღიმარი და უდარდელი სახით. იმ დროს ოთხი წლის ვიქნებოდი… დედამ ხელი დამავლო და ისევ სარდაფში ჩავედით, დავიმალეთ.


როცა სულ პატარა ვიყავი და ტირილს ვიწყებდი, მამა თურმე ყურსასმენებს მიკეთებდა, სიმღერებს მასმენინებდა და მეც მალევე ვჩუმდებოდი.


დედა კახელი იყო და ამიტომ გაგრის დაცემის მერე საცხოვრებლად კახეთში გადავედით. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ვარდისუბნის საჯარო სკოლაში კი როცა გაიგეს, რომ ორი წლიდან ვუკრავ, პიანინო მათხოვეს. მაშინ უკვე ხუთის ვიყავი.





ლალი საბანაძე. ია მერკვილაძის ფოტო


ერთხელაც ჩემი სათამაშოები ძალიან მომენატრა, ინსტრუმენტს მივუჯექი და მელოდია შევთხზე. რადგანაც ნოტების წერა არ ვიცოდი, მელოდია ფურცელზე დედას გადაჰქონდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ სკოლაში წავედი. ვწერდი ჩემს კომპოზიციებს და მსმენელის რიცხვიც იმატებდა.


მერე იყო თბილისი, “ნიჭიერთა ათწლედი”, რომელიც მშობლიურ სახლად გადაიქცა. ფორტეპიანოსთან ერთად ჩემი ძირითადი საგანი გახლდათ კომპოზიცია, რომელსაც მერი დავითაშვილის კლასში გავდიოდი. 11 წელი მასთან ერთად გავატარე და მაშინ ვიგრძენი, რომ სწორედ ადამიანთან ურთიერთობების მელოდიკა ხელოვნებაში ემოციის გამოხატვის რეგისტრს განაპირობებს.


კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე ზურაბ ნადარეიშვილის კლასში ვსწავლობდი. ვმონაწილეობდი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში. მაგალითად, ერთ–ერთი იყო ქართულ-გერმანული პროექტი, რომელიც 12 ქართველი და 12 გერმანელი ქალი კომპოზიტორის ნაწარმოებების კრებულს წარმოადგენს და იგი CD – ის გამოშვებას გულისხმობდა.


2014 წელს, პირველად, აშშ–ის ერთ–ერთ ფესტივალზე მიმიწვიეს. შემდგომ მეორედაც ვეწვიე ამერიკას, ასევე – კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ამჟამად ვმუშაობ აშშ–ში დაფუძნებულ პირველ ქართული კულტურის ცენტრში – “მოცეკვავე წეროები” და წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდს ვხელმძღვანელობ.


როცა „ხუთი ქართველი კომპოზიტორის ახალი მუსიკის” პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, მე ერთადერთი ქალი კომპოზიტორი აღმოვჩნდი… ახალი ნაწარმოების წერა რომ დავიწყე, უცებ ამოტივტივდა მელოდია, რომელიც დედის დაკარგვის შემდეგ წლებია სიმღერასავით ჩამესმოდა. სულ მინდოდა დედისთვის სიმღერა მიმეძღვნა, მაგრამ ვერ ვაგრძელებდი. მიჭირდა სიტყვების მოფიქრება და ყოველ ჯერზე თავს ვანებებდი. მერე იდეა მომივიდა, რომ ეს მელოდია გადამეტანა ფლეიტაზე. მართლაც ასე მოვიქეცი, ეს კონცერტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დედას გავაგონე…“


***


კომპოზიტორი, “ქართული ხმების” ყოფილი მომღერალი დავით ჭკუასელი თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. მან აშშ–ის მწვანე ბარათი მოიგო და 2007 წელს ამერიკაში ჩამოვიდა, აქ კი Westminster Choir College-ში მაგისტრის ხარისხი მიიღო.


მისი ნაწარმოებები ლეგენდარულმა ამერიკელმა კლარნეტისტმა სტენლი დრუკერმა შეასრულა, მისი “დიდება უფალს” კი – საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და ბათუმის სახელმწიფო კაპელამ.


დავით ჭკუასელი კომპოზიციებს სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვისაც წერს.


იმ საღამოს კონცერტზე დავით ჭკუასელის “ანტიკური ელეგია” გაჟღერდა – ერთგვარი სიურეალისტური მელისმა, პირქუში დისჰარმონიით, ქაოსის განცდით, ემიგრანტულ–ნოსტალგიური მწუხარებით, ქართული რეჩიტატივით, რომელიც გნუსხავს და ადგილიდან დაძვრის უფლებას არ გაძლევს. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ შინ და გარეთ ტოტალური ეგზისტენციალური კრიზისია, არც დრამატურგიაა და არც სამოძრაო სივრცე, არამედ, მხოლოდ გახევების მდგომარეობა და ქართული ასო–ბგერები.




დავით ჭკუასელის „ანტიკური ელეგიის“ შესრულება. ია მერკვილაძის ფოტო


„ჩემთვის ნაწარმოებზე მუშაობა ინტუიციური პროცესია – გულის ხმას მივდევ, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა შესაბამისი ცოდნისა და ტექნიკური მომზადების გარეშე შეუძლებელია“, – მიყვება დათო ჭკუასელი, „– მუსიკაში ჩემთვის უმთავრესია ექსპრესიულობა და თხრობითობა. ყველაფერი შინაგანი მუხტით იწყება, კონცეფცია კი კონკრეტული მუსიკალური მაღალი პოტენციის გაცნობიერებით თანდათან ვლინდება“.


როგორ ცვლიდით “ანტიკური ელეგიას“?

„ანტიკური ელეგია” ძალიან დიდხანს იწერებოდა, კონცეფცია და შემადგენლობა შეიცვალა, ტექსტი თავიდან არ მქონდა, მხოლოდ ინსტრუმენტული იყო – სამი ჩელო. ნელ – ნელა მივხვდი, რომ უკმაყოფილო ვიყავი, თუმცა მასალა მომწონდა. მივხვდი, რომ ადამიანის ხმა მჭირდებოდა და აქ გამოჩნდა ქართული პოეზიის გამოყენების იდეა. ასევე დავამატე ელექტრონული თემები (თუმცა ეს იდეა ამ კონცერტზე ვერ განხორციელდა); ქართული პოეზიიდან ამოვკრიბე მისტიკური, სიმბოლური სტრიქონები: ტაბიძე, სამადაშვილი, იაშვილი, ბესიკი.


ეს არის ნაწარმოები ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, მის ეგზისტენციალურ ძიებებზე, ვოკალურ შრეში ფოლკლორული ელემენტების გამოყენების მცდელობაა კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური პლასტების შეზავებით.


აშშ –ში ახალჩამოსული ხელოვანისთვის მხოლოდ ხელოვნებით ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია…

დიახ, ძალიან რთულია. თითზე ჩამოსათვლელი არიან ის კომპოზიტორები, ვინც ამერიკაში ცხოვრება მხოლოდ თავისი ხელოვნებით შეძლო. სწორედ ამერიკაში გჭირდება ყველაზე მეტად კომპრომისი და ლავირება, რადგანაც სხვაგვარად უბრალოდ, ვერ გადარჩები.


ხანდახან იმისთვის, რომ თავი გაიტანო, პოპულარობა მოიპოვო და ყურადღება მიიპყრო ისეთი რამეებიც უნდა აკეთო, რაც მაინც და მაინც არ გსიამოვნებს. აგრეთვე აუცილებელია კარგი სანაცნობო წრეც, კონტაქტები, რომ საასპარეზო გზა იქ გაგეხსნას, სადაც საჭიროა.


შტატებში ასპარეზი, ცხადია, უფრო ფართოა, ვიდრე საქართველოში, თუმცა ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი აქაცაა და გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ გახვედი სცენაზე, ძალისხმევა ფინანსურად დაგიფასდება. საქართველოში კი ეს გამორიცხულია.


კომპოზიტორისთვის აუცილებელია შეუპოვრობა და უკომპრომისობა: შეუპოვრობა, რადგანაც ხელოვანის გზა განსაცდელებითა და დაბრკოლებებითაა სავსე, როგორც სულიერი ისე მატერიალური კუთხით და უკომპრომისობა, რადგანაც არაფერი ღირებული და მაღალმხატვრული სხვაგვარად არ შეიქმნება.


***


კომპოზიტორმა კოკი ლორთქიფანიძემ, რომელიც 2007 წლიდან აშშ–ის დედაქალაქში ცხოვრობს და ქართველების მიერ დაარსებულ “სინეთიკის თეატრში” მუშაობს, თავისი პირველი ნაწარმოებები – საფორტეპიანო მინიატურები – ხუთი წლისამ დაწერა.


The Dimenna Center for Classical Music – ში მან თავისი ახალი ნაწარმოები -“ელექტრონული პოემა” წარადგინა.


„მამა, გურამ ლორთქიფანიძე, ცნობილი მსახიობი, შენგელაიას “არაჩვეულებრივი გამოფენის” გმირის, აგულის როლის შემსრულებელი, საკმაოდ კარგად მღეროდა და გიტარაზეც უკრავდა”, – ამბობს კოკი ლორთქიფანიძე, – “ბაბუა, კოწია ლორთქიფანიძე კი, თავის დროზე, ქართული ფოლკლორის ცნობილი შემსრულებელი იყო.


მამამ კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში პედაგოგ ლალი ბაიაძის საფორტეპიანო კლასში შემიყვანა. მე კი მაინც განვაგრძობდი მუსიკის წერას, რის გამოც მუსიკალურ სასწავლებელში კომპოზიციის ფაკულტეტზე, პედაგოგ ალეკო შანიძესთან გამანაწილეს. მახსოვს, ფორტეპიანოს პედაგოგი ჩემი კომპოზიტორობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. იგი ჩემში, ალბათ, მხოლოდ მომავალ პიანისტს ხედავდა. საბოლოოდ კი თბილისის კონსერვატორიაში, კომპოზიციის ფაკულტეტზე, ბიძინა კვერნაძის კლასში ჩავირიცხე.


კონსერვატორიაში სწავლისას ჩემზე უდიდესი ზეგავლენა კომპოზიტორმა და გამომგონებელმა, ნოდარ მამისაშვილმა და თანამედროვე მუსიკისმცოდნემ ლია დოლიძემ მოახდინეს.


თავდაპირველად, ალბათ, მუსიკის წერის პროცესი მიზიდავდა ან თუნდაც ის, რომ პატარა ბიჭს აზრების მუსიკითაც გადმოცემა შემეძლო. დროთა განმავლობაში კი წინა პლანზე ბგერა და მისი ჟღერადობა წამოვიდა. თუ ადრე ჩემთვის ნაწარმოების შექმნის პროცესში უპირველესი მელოდიის ან მუსიკალური ფრაზის შექმნა იყო, ახლა უპირველესი ბგერისა და მისი ჟღერადობის ძიება გახდა.


ამგვარად მივედი ელექტრონულ მუსიკასთან, სადაც ბგერის და მისი ჟღერადობის მანიპულირების ამოუწურავი შესაძლებლობებია, რაც, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, დღითი-დღე კიდევ უფრო პროგრესირებს. ხელოვნება ხომ ცივილიზაციის სარკეა, რიგ შემთხვევებში კი, მას წინ უსწრებს და მის განვითარებასაც განსაზღვრავს.








კოკი ლორთქიფანიძე. ია მერკვილაძის ფოტო


საქართველოში ელექტრონულ მუსიკას როგორი დინამიკა აქვს?

ისტორიის გამო პროფესიული ელექტრონული მუსიკა საქართველოში საკმაოდ ახალგაზრდა ფენომენია. საბჭოთა საქართველოში იგი არ არსებობდა და აკრძალული იყო ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, დასავლური კულტურული მიმდინარეობები. ამის გამო თბილისში ელექტრონული მუსიკის შესასწავლად არანაირი პირობები არსებობდა. თუმცაღა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონსერვატორიის ლექტორს, ქეთი ბოლაშვილს, რომელმაც სტუდენტობის დროს მის კომპიუტერზე მუშაობის საშუალება მომცა. სწორედ ასე შევქმენი ჩემი პირველი ელექტრონული თხზულება, „ლაბირინთი“.


ამერიკა, საქართველოსგან განსხვავებით, ამ სფეროს განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იყო. აქ XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა რამდენიმე ელექტრონული ინსტრუმენტი. გამოჩნდა სინთეზატორის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Moog (East Coast) და Buchla (West Coast).


ცივილიზაციის ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციური ტექნოლოგიების ბუმი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვიფიქროთ – ელექტრონული მუსიკა თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახდება. ელექტრონული მუსიკა არის პროფესიული მუსიკის განუყოფელი ნაწილი.


რამდენადაა შესაძლებელი, რომ ელექტრონულ მუსიკაში ქართული მოტივები ისმოდეს?

ჩემი „ელექტრონული პოემის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო – ნაწარმოების პროლოგსა და ეპილოგში ქართული ფოლკლორული და ქალაქური მოტივების გაჟღერება. თუმცა ამ ნაწარმოების მთავარი კონცეფციის გამო ეს ყველაფერი საკმაოდ შენიღბულია. „ელექტრონული პოემა“ რეპეტიტიული მინიმალიზმის სტილის პრინციპებზეა აგებული.


ჩემი მიზანი და ინტერესი ელექტრონული მუსიკის კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლა და ახალი მუსიკალური ენის პოვნაა. რა თქმა უნდა, ეს ქართული თანამედროვე და ელექტრონული მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საქართველოში არა ვარ, ჩემ მიზნად ქართული მუსიკისა და კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია რჩება.


***


მულტიჟანრული მუსიკოსის, პიანისტის, კომპოზიტორის, “იამაჰას” არტისტის, პროდიუსერისა და ბერკლის კოლეჯის ასოცირებული პროფესორის (ფორტეპიანოს დეპარტამენტი) გიორგი მიქაძის “ორიგინალური ჯაზური კომპოზიციები” იმ საღამოს, ისევე როგორც სხვათა ნაწარმოებები, პირველად გაჟღერდა.


გიორგი მიქაძეს საერთაშორისო ცნობადობა მოუტანა ჩინური პოპის მეფესთან, ვანგ ლიჰომთან ერთად მსოფლიო ტურმა (2018) სახელწოდებით – “დრაკონის შთამომავალი”.


მის ბიოგრაფიაშია კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად; იგი რუსთაველის თეატრის სპექტაკლების მუსიკალური ავტორია და ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან უკრავს, როგორებიც არიან დეივიდ ფუზკინსკი, ტომ კენედი, ანტონიო სანჩესი, ჯოუჯოუ მაიერი, ნილს ლენგრინი და სხვები. გიორგის წარმატებული პროექტების ნუსხა ასეთია: VOISA, Georgian Overtones და Georgian MicrojamZ.


“საერთაშორისო დონეზე ქართული მუსიკის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. – ამბობს გიორგი მიქაძე, “– ჩემი იდეები ქართული ფოლკლორით საზრდოობს. რა მუსიკაც არ უნდა შევქმნა, მას ყოველთვის ქართული ფესვები აქვს. ჩემი ტრიოს შემადგენლობა კი ქალაქების მიხედვით იცვლება. ტრიო მყავს პარიზში, ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში და, ცხადია, ბერკლიშიც. იგი სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.


როცა ჩემ კომპოზიციებში ქართული ხაზია, მუსიკოსებს დეტალურად ვუხსნი – რა და როგორ მინდა, “ქართული ჩანართი” რა ჟღერადობის უნდა იყოს.


ქართული მუსიკა ჰაერიდან არ მოსულა. საუკუნეების განმავლობაში იგი არაერთი ზეგავლენის ქვეშ მოექცა, თუნდაც დამპყრობლური ომების დროს. როგორც წესი, კულტურაში შემოსული უცხოური ელემენტი კულტურას აჯანსაღებს და სწორედ ესაა საინტერესო პროცესი.


მაგალითად, აფრიკული მუსიკა რიტმებითაა გაჯერებული, ქართული კი რიტმებით არ გამოირჩევა და ამიტომ ვცდილობ, რომ მუსიკოსს განსხვავებები თუ მსგავსებები ავუხსნა და ისიც მესმის, რომ ამგვარ “შეკვეთას” ყველა ვერ შეასრულებს.


ორგანულად ქართული მუსიკა იმპროვიზაციულია და ოდითგანვე ასე იყო. არ არსებობდა ერთი სიმღერა, რომელსაც შემსრულებლები ზუსტად იგივენაირად შეასრულებდნენ და ამიტომაც ქართული სიმღერა სხვაგვარად ვითარდებოდა. ჯაზის ევოლუცია კი ისე წარიმართა, რომ მან ყველა მიმდინარეობა შეისრუტა და ახლა თითქმის ყველანაირი მუსიკის იმპროვიზება ისეა შესაძლებელი, რომ იგი ჯაზის ჩარჩოში ჩაჯდება. ჯაზს ხომ ისედაც ყველა მიმდინარეობის შეთავსება შეუძლია და მას არაერთი ქვემიმდინარეობა აქვს.


ძალიან ბევრი ჯაზ – შემსრულებელი კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაა, რადგანაც თავის კომპოზიციებში თავიან კულტურას, ფოლკლორს იყენებენ და მერე ჯაზის ფორმაში ათავსებენ. მაგალითად, ამერიკაში მცხოვრები ტიგრან ჰამასიანი თავის კომპოზიციებში, მათ შორის, ჯაზ კომპოზიციებში, სომხურ ფოლკლორულ მუსიკას იყენებს და ამას ჭკვიანურად, წარმატებულად აკეთებს. ერთია, როცა სრულიად ახალს ქმნი და მეორე – როცა ისეთ უზარმაზარ რესურსს, როგორიცაა ქართული მუსიკა და ფოლკლორი, იყენებ.







გიორგი მიქაძე და მისი ბენდი. ია მერკვილაძის ფოტო


ელექტრონული მუსიკით დაინტერესების დროც ხომ არ დადგა?

ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო გახდა ელექტრონულ და ფოლკლორულ მუსიკასთან ურთიერთობა. ქართული ფოლკლორი თავისი კილოებით ხომ იმდენ რამეს გთავაზობს… ჩვენ ამას მიკროტონალობებს ვუწოდებთ. მსმენელი კი ხანდახან ვერ ხვდება, როცა ამ თემებზე ვესაუბრები, რადგანაც მხოლოდ 12 ნოტზეა “მიბმული”. არადა ქართული მრავალხმოვანება სწორედაც რომ მიკროტონალობებისგან შედგება, რომელიც ისედაც უნიკალურია და სხვა ქვეყნების მუსიკალური კულტურებისგან ძალიან განსხვავდება.


როცა თბილისის კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მაშინ ჯაზით ვიყავი გატაცებული და ქართულ ფოლკლორს კარგად არ ვიცნობდი. როცა ამერიკაში ჩამოვედი, უნიკალური ქართული ფოლკლორით მერე უფრო და უფრო დავინტერესდი და ამ თემამ ნელ – ნელა ჩემ კომპოზიციებში თავისი ადგილი დაიკავა.


თუ ფოლკლორი ფუნდამენტურად არ შეისწავლე, ასე, უცებ ჯაზში ქართული მოტივების ჩანართებს ვერ შექმნი.


ქართველ მუსიკოსებს სხვადასხვა დროს ჰქონდათ ამგვარი მცდელობები და წარმატებულიც. მაგალითად, დავით მალაზონიას “ადიო” (ფოლკლორისა და ფიუჟენის შერწყმა), ვახტანგ კახიძესაც. თუმცა საქართველოში ე.წ. “ეთნოჯაზის” მიმართულება არ არსებობდა. პირადად მე არ ვაღიარებ ამ ტერმინს. ჯაზი ჯაზია. ამ ეტაპზე კი ჩემი მიზანია ამ მიმართულებით საინტერესო პროექტები, კონცერტები დავგეგმო, რომ ამგვარი მუსიკალური კომპოზიციები სხვებისთვის კარგი მაგალითი და შემოქმედებითი სტიმული გახდეს.


25/04/2023

netgazeti.ge

No comments:

Post a Comment