12 თებერვალს ნიუ იორკის ცენტრში – თაიმს სკვერზე გაიმართა საპროტესტო აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სამკურნალოდ რომელიმე დასავლური ქვეყნის კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანას.
„დღევანდელ დღეს საქართველოს ბედი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული – ფაქტობრივად, როგორიც იქნება მისი ჯანმრთელობა, იმდაგვარი იქნება ჩვენი ევროპული და დასავლური ინტეგრაციის საკითხიც. ხელისუფლება აწამებს დაუძლურებულ მესამე პრეზიდენტს და მის გარდაცვალებას ელოდება. მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლიბის ფარგლებში ვცდილობთ, ეს არ დავუშვათ, 19 თებერვალს თეთრ სახლთანაც შევიკრიბებით და ჩვენ ხმას ყველას მივაწვდით, ვისაც დახმარება შეუძლია.
გვინდა, რომ ფეისბუკს მიღმა ადამიანებმა – დანევროზებულებმა და სასოწარკვეთილებმა – იცოდნენ, რომ ყველა ადამიანის ბედი გვაწუხებს, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის და, მით უმეტეს, იმის, ვისაც აწამებენ. ჩვენ, ემიგრანტებმა გადავარჩინეთ ქვეყანა და ახლაც იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გადავარჩინოთ ადამიანი, რომლის სიცოცხლეზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული“, — თქვა ნინუკა ბორჩხაძემ, აქციის ორგანიზატორმა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში. 12 თებერვალი, 2023. ფოტო: ია მერკვილაძე
აქციაზე იყო თენგიზ გუნავა, სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორიც, რომლის შეფასებითაც, „ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად პუტინთან მებრძოლ ადამიანს კლავს“:
„ამიტომაც ქართული საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს, გაზარდოს წნეხი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა გადავარჩინოთ ადამიანი, რომლის ცხოვრების მიზანი მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და დასავლური მომავალი იყო და არის“.
აქციაზე მისული იყო ნატალია ქავთარაძე, გერმანული ენის პედაგოგი: „ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია… ღარიბაშვილებისთვის, კობახიძეებისთვის, ზურაბიშვილებისთვის მოწოდებას არ ვაპირებ. არამედ მივმართავ ივანიშვილს, დროზე მოეგოს გონს, რათა თავიდან აიცილოს ხალხის, ქვეყნის რისხვა. ბიძინა ივანიშვილო, გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი!“
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში. 12 თებერვალი, 2023. ფოტო: ია მერკვილაძე
აქციის მონაწილეებს შორის ასევე იდგა ნიკოლოზ ეთუნაშვილი, პატრულის ყოფილი თანამშრომელი, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს მნიშვნელოვანი საქმეები აკეთა“:
„ახლა მოვიდა დრო, ჩვენ ვიაქტიუროთ და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ის, რა უბედურებაც ქვეყანას დაატყდა, ოლიგარქი ივანიშვილის ბრალია და იმედი მაქვს, რომ საქართველო აუცილებლად თავს დააღწევს პუტინის იმპერიულ ამბიციებს“.
13/02.2023
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment