Saturday, October 8, 2016

პაატა ქურდაძე: ჩვენი "სულიერი მისია" მესაზღვრეობაა. . .



ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტის გამოუცნობი გზებით "რეაქტიული კლუბი" აღმოვაჩინე. უფრო სწორედ, მისი ერთ-ერთი წევრის პაატა ქურდაძის ბლოგი. "რეაქტიული სამეულიდან" ირაკლი ჩარკვიანი ცოცხალი აღარაა, კოტე ყუბანეიშვილი საქართველოშია და "თქვენი ქსელი, ჯეოსელის” გარდა კიდევ ბევრ რაღაცას წერს. ბლოგური ჟანრი ანუ, როგორც დღეს უწოდებენ, "ბლოგოსფერო" "ახალი დემოკრატიებისთვის" ერთგვარი "რეაქტიული ტერიტორიებია": ვირტუალური აუდიო-ვიზუალური ტექსტები, შეკრების ადგილი, არაფორმალური კლუბი (საწევრო გადასახდელი არაა), დღიური თუ "ბრიფინგი" ჩვენი დროის "ჰაიდ პარკებია" არა მარტო მოდერნისტ-პოსტმოდრნისტებისთვის, კონსერვატორ - ფუნდამენტალისტებისთვის, მემარცხენე-მემარჯვენე-ცენტრისტებისთვის, არამედ იმათთვისაც, ვისთვისაც გამოხატვის თავისუფლება პროფესიაა ანუ მედიისთვის. ზოგი ჭკვიანურს ამბობს (წერს), ზოგი - ცდილობს, ზოგიც - იდიოტურს. თუმცა ერთიც, მეორეცა და მესამეც საინტერნეტო ისტორიას ან მაკულატურას უნდა შემორჩეს. ამბობენ რომ ბლოგერების რაოდენობით ირანელებს ვერავინ სჯობნისო. იმასაც კი ამბობენ, ცხვირის პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით თეირანი მსოფლიოს დედაქალაქიაო. არ ვიცი, აქედან რა ჭკვიანური (საბლოგო, ოღონდ ისე, მესამეთა ანუ იდიოტთა სიაში რომ არ მოვხვდე) დასკვნის გამოტანა შეიძლება. მაგრამ ფაქტია, რომ 90, 50 an 20 წლის წინათ ინტერნეტს რომ ეარსება, მიახლოებით წარმომიდგენია, თუ როგორ იტრიალებდა მრგვალი დედამიწა. ცოტა გამიგრძელდა ვებ-ბლოგ-ინტრენეტზე საუბარი, ამიტომ პირდაპირ გადავალ მწერალსა და პოეტზე პაატა ქურდაძეზე (www.paatakourdadze.blogspot.com). ოღონდ იგი არც "ახალი დემოკრატიის" ქვეყნიდანაა და აღარც "რეაქტიული კლუბის" წევრი. საფრანგეთში აგერ უკვე 18 წელიწადია ცხოვრობს. მთელი ცხოვრება წერს, თუმცა საბჭოთა საქართველოში გამოქვეყნებაზე არც უფიქრია, მაინც არ დამიბეჭდავენო. ხომ ვთქვი, აფსუსია, მაშინ ”კომპი” და “ინეტი” რომ არ გვქონდა. ამიტომ მისი ტექსტები "უიღბლო" ქურდის ხელში აღმოჩნდა, როცა პარიზში ჩასვლის წინ მოსკოვში ჩემოდანი მოპარეს, სადაც ყველა მისი ნაწერები იდო. ასე დარჩა პაატა ქურდაძე, როგორც თავად ამბობს, აბსოლიუტურად ცარიელი ლიტერტურული წარსულით. საფრანგეთში 1991 წელს ჩავიდა და დარჩა. საქართველო ამ დროს სამოქალაქო ომისთვის ემზადებოდა. ჰყავს ფრანგი მეუღლე და 14 წლის ტყუპი გოგონები. პაატა ქურდაძე მუშაობს ფრანგული ტელეარხებისთვის. იგი დოკუმენტალისტი, სცენარისტი და რეჟისორია. 1999-2000 წლებში თვეში ერთხელ ფრანგულ ტელესივრცეში გადიოდა მისი გადაცემები “ფრანგი ქართველების” ღონისძიებებზე. სამშობლოში არავინ დაინტერესდა ამ გადაცემებით, თანაც მაშინ ინტერნეტი ესეთი გავრცელებული და სწრაფიც არ იყო.
წერს საინტერესოდ, დასამახსოვრებლად, დაუშაქრავად, ხმამაღლა ფიქრობს, აზროვნებს. მის ბლოგზე, მგონი, პირველიად შეიძლება გაეცნოთ საქართველოს პრეზიდენტის "უცხოური" წიგნის “მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით” ქართული თარგმანის ნაწყვეტებს. წერს მოთხრობებსაც. არც ერთი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ უკვე მაინტერესებს. მალე პარიზში ქართულ-ფრანგულ ენაზე მისი ნოველების კრებული სავარაუდო სახელწოდებით "ყველაფერი ვიოლინოს შესახებ” გამოვა. ადრე ქართული ჟურნალის გამოცემაც უნდოდა, თუმცა არ გამოვიდა. რაც შეეხება თავად "რეაქტიულ კლუბს", ეს მისი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ უკვე წარსული. კლუბს 20 წელი უსრულდება, თითქმის იმდენივე, რამდენიც - მწერლის ემიგრაციას. თუმცა ეს ინტრევიუ არაა “რეაქტიულ კლუბზე”, უფრო სწორედ, არა მარტო მასზე და არა იმიტომ, რომ დიუმასდარად " . . . 20 წლის შემდეგ” არ გვაინტერესებს . . .
- “რეაქტიული კლუბი” საბჭოთა სიბრიყვის ნაციონალისტურ სიბრიყვედ ტრანსფორმირების პროცესის ეპოქაში შეიქმნა. - ამბობს ბატონი პაატა.- ჩვენ ვგრძნობდით, რომ ერთი საშინელების ადგილს მეორე იჭერდა და ვცდილობდით გარდამავალი პერიოდის ანარქიული თავისუფლებით გვესარგებლა. საქართველო მაშინ სალხინებელს ჰგავდა: საბჭოთა ჯოჯოხეთსა და დასავლურ სამოთხეს შორის. სინამდვილეში ბოლომდე არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, ამიტომ სანამ თავიდან ჩაგვკეტდნენ სულ ახლახანს დროებით განთავისუფლებული პატიმრებივით ღრმად ვსუნთქავდით და მზეს ვეფიცხებოდით.
უნდა გითხრათ, რომ ის, რასაც ჩვენ ვწერდით, დღეს გაცილებით მეტი ცენზურის ქვეშ მოექცეოდა საქართველოში. დღევანდელი ცელმომარჯვებული პატრიოტი და მართლმადიდებელი მორალისტები გაცილებით აგრესიულები მეჩვენებიან, ვიდრე - მაშინდელნი. მითუმეტეს, წითელი ცენზურა უკვე საერთოდ აღარ არსებობდა. თუ გადაიკითხავთ “რეაქტიული კლუბის” პირველ გამოცემას, ნახავთ რომ მასში საბჭოთა პრობლემატიკა თითქმის არ არსებობს. ჩვენი კლუბი უფრო იმ სიბნელის პირველ ნიშნებს ებრძოდა, რომლებმაც მოგვიანებით და განსაკუთრებით დღეს საქართველოში ღრმად გაიდგეს ფესვები.
- კლუბი ერთგვარი "შინაგანი ემიგრაცია" იყო?
- “რეაქტიული კლუბი” არ იყო შინაგანი ემიგრაცია, რადგან როგორც აღვნიშნე, ჩვენ საქართველოზე ვწერდით, და სულიერად არსად გაქცევას არ ვაპირებდით. ვთვლიდით, რომ გაფრენა ზრდასრულ დამოუკიდებლობას უფრო ნიშნავს, ვიდრე დამფრთხალ გაქცევას. ეს მოახლოვებული ბნელი სურეალისტული ეპოქის წინათგრძნობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო მალე ახდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა შთაბეჭდილება ამისა, რომ ამ სიბნელესთან მებრძოლნი ბევრნი ვიყავით. ამიტომ ლექსებს სხვადსხვა ფსევდონიმებით ვწერდით. სამივესათვის და პირადად ჩემთვის მთავარი კონცეფცია სწორედ ეს იყო: პოეზია ავტოგრაფის გარეშე.
- როგორ აღმოჩნდით პარიზში?
- 1991 წლის შემოდგომაზე კოტე ყუბანეიშვილი და მე სამი თვით პარიზში დაგვპატიჟეს. ემიგრაციაზე განსაკუთრებით არც ერთს არ გვიფიქრია. მე თავს უფრო მოგზაურად ვგრძნობდი, ვიდრე ემიგრანტად.სწორედ ისე, როგორც ევროპელი ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებიც ცხოვრების რაღაც პერიოდში აუცილებლად დაეხეტებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში... სამწუხაროდ, მალე მივხვდი, რომ არც ისეთი ახალგაზრდა ვიყავი, და არც ისეთი "ევროპელი", როგორიც ჩემი თავი მეგონა... თუმცა ეს სხვა თემაა...
საქართველოდან ჩვენი წამოსვლიდან რამოდენიმე კვირაში სამოქალაქო ომად წოდებული მარაზმი დაიწყო, რომელიც რაღაც ფორმით დღემდე გრძელდება. კოტე სამ თვეში თბილისში დაბრუნდა. იქ მას ცოლი, ტყუპები და “რეაქტიული კლუბის” პირველი წიგნი ელოდებოდა, რომლის გამოცემასაც მის გარდა ვერავინ მოახერხებდა, ვერც ირაკლი და მითუმეტეს - ვერც მე.
წიგნი 1992 წელს გამოვიდა და, რამდენადაც ვიცი, წარმატებითაც. პირველი ინტერვიუ ირაკლიმ რომელიღაც გაზეთს მისცა, ჯერ კიდევ ჩვენი პარიზში ყოფნისას, წიგნის გამოსვლამდე. მე და ჩემმა მეგობრებმა დავწერეთო... თუმცა მეგობრები არ დაუსახელებია. ეს, მგონი, პირველი ინტერვიუ იყო მის ცხოვრებაში. აქედან დაიწყო "რეაქტიული კლუბის" გრძელი "მედია - ისტორია”. ერთ წელიწადში მეორე გამოცემა გამოვიდა, ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე - პირველი. იქ, გარდა ირაკლისა და კოტეს ძველი და ახალი ლექსებისა, ასევე ჩემი პირველი გამოცემიდან გადმობეჭდილი რამოდენიმე ლექსისა, უკვე სხვა ავტორებიც შევიდნენ სხვადასხვა ფსევდონიმებით. თუმცა უკვე ყველამ იცოდა რომ “რეაქტიული კლუბი” ირაკლი და კოტე იყო. ჩვენი სამეულიდან ერთადერთი მე დავრჩი ანონიმად. ამას წინათ რომელიღაც ფორუმზე წავაწყდი ჩემს ლექსს "სპილოს კომპრომისი'', რომელიც, როგორც ჩანს, ამ ფორუმის მონაწილეებს ირაკლი ჩარკვიანის ჰგონიათ. ეს ჩემთვის სწორედ იმ პირველი კონცეფციის გამარჯვებაა... როდესაც სამივე ანონიმურები ვიყავით.
პრინციპში “რეაქტიული კლუბის” ანონიმურობის საწყისმა კონცეფციამ ირაკლის პირველივე ინტერვიუს შემდეგ აზრი დაკარგა: ყველა მშვენივრად იცნობდა ავტორებს, ამიტომ მეორე გამოცემაში ახალი ფსევდონიმების გამოყენება დღემდე ზედმეტ ექსტრავაგანტულობად მიმაჩნია. მათ მშვენივრად შეეძლოთ ნამდვილი გვარები დაეწერათ. ახალი ავტორებიც ასე უკვალოდ არ გაქრებოდნენ. თუმცა მე ამ დროს თბილისში აღარ ვცხოვრობდი და მეორე გამოცემაში მონაწილეობა აღარ მიმიღია.
მერე ირაკლი პოპ - ვარსკვლავი გახდა. მე დღემდე ვთვლი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო მისი მხრიდან. მან პოეზიასა და პოპს შორის უფრო ადვილი აირჩია. ჩემი აზრით, ეს მას თავადაც კარგად ესმოდა და ამან შეიწირა კიდეც. ეს მის ბოლო წიგნში კარგად ჩანს. ლოკალური პოპ - ვარსკვლავობა ძალიან ცოტა იყო მისი ამბიციისათვის. მან ამას ძალიან სწრაფად და ადვილად მიაღწია, სამწუხაროდ, გვიან მიხვდა, რომ პოპ - მუსიკა არ იყო ის ფორმა, რომელიც მის მგრძნობელობას სხვებისათვის ხილულს გახდიდა... ლოკალური საზღვრებიდან ის მხოლოდ პოეზიას შეეძლო გაეყვანა და არა -პირველობას ქართულ პოპში. ეს გასვლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი "რეაქტიული" ძრავები ორბიტაზე გასვლამდე ჩაქრნენ.
- სამაგიეროდ, კოტე აღმოჩნდა ალღოიანი . . და თანაც ყველაზე ადრე შექმნა საკუთარი ვები, ჯერ კიდევ 5-6 წლის წინათ . . .
- ჩემი აზრით, კოტე ყუბანეიშვილმა გაცილებით სწორად გამოიყენა “რეაქტიული კლუბის” პატარა "ბროშურის" წერისას მიღებული გამოცდილება: მან ქართული პოპ - პოეზია შექმნა. მე საქართველოში ყოფნისას მის გავლენას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ: რეკლამიდან დაწყებული ახალი ქართული პოეზიით დამთავრებული... პოლიტიკურ ენაშიც კი… (თუმცა ეს უკანასკნელი, სჯობს, კლასიკური დარჩენილოყო). “რეაქტიული კლუბის” წევრებს შორის პოეზიის ყველაზე ერთგული კოტე ყუბანეიშვილი აღმოჩნდა... და არა მარტო ჩვენს შორის. მე პირადად საქართველოში არ ვიცნობ სხვა პოეტს, მხოლოდ პოეზიით რომ ცხოვრობდეს, და მისი ლაპარაკის მანერა პარლამენტის დეპუტატების მანერას არ მაგონებდეს. კოტე ახლახანს იყო პარიზში. როგორც ყოველთვის, ეხლაც ათასი რამ დავგეგმეთ. თუმცა ჯერჯერობით ერთადერთი რაც დღემდე ერთობლივად გამოგვივიდა საბჭოთა საქართველოს აგონიისა და მისივე ფსიქადელიური ეპოქის დასაწყისის ზღვარზე, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად შექმნილი ''რეაქტიული კლუბის'' 80 გვერდია.
- ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დარჩით. როგორი "რეაქტიულობა" გექნებოდათ?
- არ ვიცი. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. იმდენი რამ მოხდა საქართველოსა და ჩემს ცხოვრებაში, რომ ძალიან ძნელია ჩემთვის ვარაუდებით წარსულში მარჩიელობა, თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება.
- ამას წინათ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა "ჩვენ ვართ ელიტაო". საქართველოს ისტორიის განმავლობაში ელიტა ფორმაციის ცვლასთან ერთად ხან მეფის კარი, მერმე თავად-აზნაურობა იყო; მერმე რომანტიკოსები, რომლის ადგილი არარომანტიკულმა მწერლობამ ცოტა ხნით მაშინდელ ვაჭართა და ბიზნესმენთებთან პარალელურად დაისაკუთრა. მერე ბოლშევიკურ-ინტელიგენტური ელიტა გაჩნდა, მერე ეროვნული, მერე შევარდნაძისეული (თავად-აზნაურობისა და მოგვიანებით მეფის გამოუტირებლობის ფონზე), მერე - პარტიული. არის კი ეს პარტიული ელიტა პოლიტიკური ელიტა? ხომ ვერ გაავლებდით მცირედ პარალელს ფრანგულ და ქართულ ელიტებს შორის? სადაა "ხიდჩატეხილობა"?
- რატომაც არა?პოლიტიკური ელიტა არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც გამოიყენება პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, მხოლოდ ეს სიტყვა არასოდეს გამიგია პოლიტიკოსისაგან. საერთოდ, "ელიტა" იმდენად დისკრედიტირებულია ქართულ ენაში, რომ პოლიტიკოსი რომ ვყოფილიყავი, არაფრით მას არ გამოვიყენებდი. ეს სიტყვა სარეცხი ფხვნილის ქართულ რეკლამასა და 1990-იანი წლების თბილისის "ელიტარულ" სახინკლეებსა და აბანოებს უფრო მაგონებს, ვიდრე - სერიოზულ ტერმინს. მაგრამ პოლიტიკოსებს, მითუმეტეს, ქართველ პოლიტიკოსებს სულ რამოდენიმე ასეული სიტყვის მარაგი და კიდევ უფრო ნაკლები გამოვნება აქვთ, ამიტომ მათ განსაკუთრებულ ორატორულ ხელოვნებას ვერ მოსთხოვ.
თუმცა, როგორც ვხვდები, საქართველოს მთავარი კონსერვატორი მაღალ საზოგადოებასთასთან ახლოს ყოფნას გულისხმობდა(?!). ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, რადგან ასეთი სოციალურ გაურკვევლობაში მყოფი ფენა ჩემს ინტერესის საგანს განსაკუთრებით არც ერთ ქვეყანაში არ წარმოადგენს. მითუმეტეს საფრანგეთში, სადაც ბევრი ელიტა არსებობს. ისინი სულაც არ არიან ერთმანეთთან აუცილებლად გადაჯაჭვულნი. მაგალითად, პოლიტიკური ელიტა არისტოკრატულ ან არტისტულ ელიტასთან. თუ არ ჩავთვლით ჩვენი ბოლო პრეზიდენტის აშკარა მიდრეკილებებს არტისტულ წრეებთან მეგობრობის, გარკვეულწილად, მისი მეუღლის, მომღერლისა და ყოფილი მოდელის კარლა ბრუნის გამო.
როგორც ვხვდები, საქართველოში სიტყვა “ელიტამ” რუსული "სვეტსკოე ობშესტვო" ჩაანაცვლა. მე ვერანაირ პარალელს ვერ გავავლებ ფრანგულ და ქართულ ასეთ "ობშესტვებს" შირის. საფრანგეთში მსგავსი რამ ლუი XIV -ის დროს რომ იყო, ნამდვილად ვიცი. დღეს ასეთი მგონი არაფერი არ არსებობს, თორემ ერთხელ მაინც მოვკრავდი ყურს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთისა და, განსაკუთრებით, პარიზის რაღაც მითოლოგიურ ელიტაზე არაერთხელ მსმენია ქართველებისა და რუსებისგან. ეტყობა ბავშვობაში წაკითხული დიუმას რომანებიდან გამოსვლა ჯერ ჯერობით უჭირთ...
მე არა მგონია, რომ დღეს საქართველოში ის ელიტა არსებობდეს, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ასეთი უსაქმურების ელიტა პრინციპში საქართველოში ბიჭვინთის ''დომ ტვორჩესტვა''- სთან ერთად დაიხურა. მას შემდეგ საქართველოში ხან წვერიანი და მანდილიანი ნაციონალისტები "გასვეტდნენ". ხან კალაშნიკოვიანი ბანდიტები, ხან შევარდნაძის გაიძვერები, ხან კიდევ ვარდისფერი ნაციონალები. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელთა ელიტარულ სამოთხეში მოხვედრა უმეტესობისათვის ეფემერულია: ვარდისფერ “ჯეთ სეთში” ფეხი მყარად სულ რამოდენიმემ მოიკიდა და მათაც გამუდმებით ახსოვთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე. ვინ წარმოიდგენდა სულ რაღაც ერთი წლის წინათ, რომ ანა კარენინასავით რკინიგზის ლიანდაგებე დაასრულებდა თავის ვარდისფერ პოლიტიკურ კარიერას... თუმცა დარწმუნებული ვარ წინ სხვა გრძელი, და მრავალფეროვანი პოლიტიკურ კარიერა ელოდება.
- კეთილი, მაშინ რა გასხვავებაა საბჭოურ და პოსტსაბჭოურ ელიტებს შორის?
- განსხვავება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ელიტებს შორის არის ის, რომ ამ უკანასკნელებმა ცეცხლითა და მახვილით მოიპოვეს დროებითი ადგილი მითოლოგიურ სოციალურ ოლიპზე. აკაკი ასათიანი ერთ - ერთი ასეთია, პანღურ ამოკრული ანგელოზია, თუ გნებავთ ფრთებდამწვარი... ასეთები საქართველოში ბოლო ოცი წლის მანძილზე იმდენი დაგროვდა, რომ პრინციპში ყოველი ასე თუ ისე "თავმოყვარე" თბილისელი ოდესღაც რომელიღაც ელიტას მაინც მიეკუთვნებოდა. ყოფილი ბიჭვინთის “ჯეთ სეთი” მათ ირონიით “ახალ ქართველებს'' უწოდებს. არც გაემტყუნება: თვითონ ბევრად უფრო ნამდვილი "მაღალი საზოგადოება" იყვნენ, რადგან "დომ ტვორჩესტვას" ნომრები ცეცხლითა და მახვილით თვითონ არ მოუპოვებიათ: ამისათვის მათი არც თუ ისე მცირე ნაწილის მაუზერიანმა და გალიფე შარვლიანმა ბაბუებმა დაღვარეს საკუთარი და კიდევ უფრო მეტი სხვისი სისხლი. მათი ექს - წითელი გაელიტებული შთამომავალები კი "არმანიში" ჩაჭედილ დღევანდელ ვარდისფრებს “ნოვი გრუზინებს” ეძახიან... და ავიწყდებათ, რომ თვითონ გაცილებით უარესი, წერა-კითხვის უცოდინარი "“ნოვი გრუზინების" შვილიშვილები არიან.
ჩვენი აბსოლუტურად პროვინციული მიდრეკილება ელიტიზმისაკენ, გრძელი და სევდიანი თემაა. ეს ჩვენი ეროვნული იდენტურობის, ალბათ, ყველაზე მთავარი განმსაზღვრელი დეტალია. მე შეუძლებლად მიმაჩნია ფარანგულ საზოგადოებასთან პარალელების გავლება. შემიძლია მხოლოდ აგიხსნათ, რატომ მიმაჩნია შეუძლებლად, მაგრამ ამას ინტერვიუს ფორმატი ვერ დაიტევს.
- ქართველების ევროპელობა საფრანგეთში და ქართველის ევროპელობა საქართველოში: ამერიკაში მყოფ ქართველებზე ჩემი მცირედი დაკვირვებით ამერიკის ლიბერალური ღირებულებები (რასაკვირველია, ყველაში არა) მეტ-ნაკლები სიმწვავის “რეაქტიულობას” აჩენს, როცა ამ ღირებულებებში ცხოვრება (ეკონომიკური, სექსუალური თავისუფლება, ტოლერანტობა) და სარგებლობა პირიქით – უფრო მეტ გაუცხოვებასა და ჩაკეტვას იწვევს. მე ვსაუბრობ, არა კულტურულ შოკზე, რომელიც, წესით, 10 წელზე მეტხანს აქ მყოფთათვის უკვე აღარ უნდა იყოს მტკვინეული. არამედ დამოკიდებულებას ღია სივრცესა და “სხვისადმი”.
- მე კი პირიქით მეჩვენება, რომ ქართველები უკეთ ახერხებენ ინტეგრირებას სხვა ქვეყნებში, ვიდრე ბევრი სხვა, მაგალითად რუსები. საერთოდ არა მგონია ბუნებით ვინმეზე მეტად ჩაკეტილები ვიყოთ. ნემისმიერი ემიგრაციის პირველი თაობა საკუთარი იდენტურობის ავადმყოფურად ერთგული რჩება. მითუმეტეს ეკონომიური ემიგრაცია, ასეთები კი სამშობლოდან გადახვეწილთა 90 პროცენტს წარმოადგენენ. ეკონომიური ემიგრაცია ნიშნავს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გადაადგილებულ ადამიანებს. რამდენადაც ვიცი, ევროპაში და მით უმეტეს ამერიკაში ემიგრირებული ქართველების დიდ ნაწილს სწორედ ასეთები შეადგენენ.
ვფიქრობ, ისინი ვერ იქნებიან ბოლომდე გახსნილები ლიბერალური თუ სხვა რაიმე ღირებულებების მიმართ. მათ ამისათვის არც დრო აქვთ და არც განწყობა. ასეთი ემიგრაცია ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას. მათი ადგილობრივ ღირებულებებთან ბრძოლა თვითდამკვიდრების, საკუთარი ღირებულებების გადარჩენის მცდელობაა. ჩემი აზრით, საერთოდ, ემიგრაცია ცხოვრების ექსტრემალური გარემოა. ძნელია წყალწაღებულს ხელების ქნევის გარდა კიდევ რამე მოსთხოვო, მაგალითად, ბატერფლაით ცურვა. მას მხოლოდ თავის გადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს, ასე არ არის? ქართველები გამონაკლისს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენენ.
გაცილებით რთული ასახსნელია საკუთარ გონებრივ სიტლანქეში გაჯიუტებული დასავლელი ქართული წვრილი ბურჟუაზიის ის ნაწილი, რომლებსაც საკმაო დრო და საშუალება გააჩნია იმისათვის, რომ წესებით ცურვა ისწავლოს, მაგრამ არ უნდა. ასეთები თითქმის ყველა ეთნიკურ ემიგრაციას ჰყავს. არა მგონია, ჩვენ მეტი გვყავდეს. გარდა ამისა, ახალმა ქართულმა ემიგრაციამ ჯერ კომუნად, დიასპორად ჩამოყალიბება ვერ მოასწრო. მას ძალიან ცოტა ხნის ისტორია აქვს. თუ საფრანგეთში მცხოვრებ პირველი ემიგრაციით ვიმსჯელებთ, უნდა გითხრათ, რომ ქართველებს კულტურული ინტეგრირების უნარი ნამდვილად გაგვაჩნია. თუმცა ამ ემიგრაციას 80 წლის ისტორია აქვს. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ქართული ემიგრაციის პირველი თაობა შინაგანად კიდევ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს. მითუმტეს ეს ღირებულებები თვით ევროპაშიც კი არ არს ერთნაირად და ერთ დროს მიღებული ყველა ქვეყანაში. რამდენადაც ვიცი, არც ამერიკაშია ამ მხრივ ლიბერალური სამოთხე.
-საქართველოში საუბრობენ ზოგად ლიბერალურ ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, დასავლეთზე, მაგრამ როცა საქმე კონკრეტიკამდე მიდის, საუბარიც იქვე მთავრდება . . .
- ჩემთვის პირადად საყოველთაოდ მიღებულ აღიარებული ღირებულებები ცოტა საეჭვო ცნებებია. დემოკრატია, რომელიც ამ ღირებულებებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო სივრცეა, არ წარმოადგენს ერთხელ, სამასი წლის წინათ მიღწეულ რაღაც სტატიკურ მდგომარეობას. დემოკრატია განუწყვეტელი დინამიკური და სასტიკი პროცესია. ევროპა დეტალების ერთობლიობაა. ტოლერანტობა ევროპულობის ისეთივე დეტალია, როგორ სიქსტის კაპელა, ბმვ, ეიფელის კოშკი და ქუჩის შუქნიშანი. ჩვენ ქართველებს,მხოლოდ სიქსტის კაპელა, ეიფელის კოშკი და ბმვ გვინდა. შუქნიშანი და ნაგვის ყუთამდე რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა კი - არა... 1990-იანი წლების დასაწყისში ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა ქალი ინდოეთში წავიდა რამოდენიმე თვით სახეტიალოდ. აღფრთოვანებული დაბრუნდა იქიდან. მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი ლეითმოტივი გასდევდა მის მონათხრობს - სიბინძურე! - ადამიანები თქვენს წინ ქუჩაში მოურიდებლად იფურთხებიანო... ალბათ გენიშნათ რაღაც, არა? ამას კიდევ მზესუმზირის ფურთხება შეგვიძლია დავუმატოთ, რატომღაც მოფერებით "სემიჩკის კნატუნს" რომ ვეძახით... ღირებულებები მაშინ ხდება მიღებული, როდესაც მასზე აღარ ფიქრობ. მე ჯერ კიდევ ვფიქრობ იმაზე, რომ საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იფურთხებიან, და ამას განვიცდი, ამიტომ ნაადრევი მგონია ჩვენს სექსუალურ თუ რელიგიურ ტოლერანტობაზე განყენებულად ლაპარაკი. მითუმეტეს, ჩვენს რაღაც ერთ მთლიან ევროპულ ღირებულებებზე.
- ჯერ არ ვართ თუ უკვე ვიყავით აგრერიგად აღთქმული "ევროპელები" და ამიტომ გვიხარია "ზეზვასა" და "მზიას" ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენა?. . .
- ქართველებში უდავოდ არის ევროპული ხმელთაშუაზღვის კულტურული მსგავსება, თუმცა ამდენივეა - ახლო აღმოსავლური. აღმოსავლეთიც განზოგადებული სიტყვაა. ძალიან ხშირად საფრანგეთში ჩვენ, ქართველებს ახლო აღმოსავლეთს მიგვაკუთვნებენ და მეც ვთვლი, რომ კულტურულად მათთან ძალიან ახლოს ვართ. ყოველდღიურად ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ - ვინა ვართ. ეს ჩვენი სასჯელია. არ ვიცი რისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეროვნული სასჯელია: ვიცხოვროთ ორი სახით, და ყოველ დღე, ყოველ წამს იმაზე ვიფიქროთ, ევროპელები ვართ თუ აზიელები. ჩვენი "სულიერი მისია" მესაზღვრეობაა. მხოლოდ არ ვიცით ვის საზღვარს ვდარაჯობთ, აზიისა თუ ევროპის.
ჩემთვის კი ჩვენი ეროვნული სულიერი სიმბოლო კენტავრია. საქართველო მხოლოდ მაშინ მოისვენებს, როდესაც გაარკვევს ცხენია, თუ ადამიანი. ეს არც ისე ძნელია. ამას მხოლოდ შინაგანი გაბედულება სჭირდება, და არა ღმერთებისაგან მოვლენილი გმირი .
- რა როლი "აკისრია" საფრანგეთში ეკლესიას? რა დოზით ერევა იგი "სარკოზისტებისა" და "ანტისარკოზისტების" საქმეებში?
- აქ სკოლაში ჯვრის ტარება ისევე აკრძალულია ქრისტიანებისათვის, როგორც ბურკა - მუსულმანებისათვის და კიპა - ებრაელებისათვის. თუმცა ფარული გავლენის სფეროები ყველა ქვეყანაში არსებობს. მათ შორის, ალბათ, საფრანგეთშიც. თუმცა, არა მგონია კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესები, რომელიმე სხვა კონფესიის წარმომადგენლები რაიმე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე. ამას აუცილებლად აეხდებოდა ფარდა და დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. საფრანგეთში წარმოუდგენელია რომელიმე ეკლესიას, მათ შორის ყველაზე ძლიერ კათოლიკურს ჰქონდეს ჭეშმარიტების აბსოლიუტურობის ისეთი მონოპოლია, როგორიც საქართველოში აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასეთი რამ შუა საუკუნეებში ინკვიზიციასთან ერთად დამთავრდა. საქართველოში კი კუდიანებზე ნადირობა დღეს იწყება. მხოლოდ მადლობა ღმერთს, კოცონზე არავის ვწვავთ თავისუფლების მოედანზე... თუმცა უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, არც ჯორდანო ბრუნოსავით პროგრესული იდეისათვის მებრძოლი “ერეტიკოსების" მოჭარბება შეინიშნება.
საზოგადოების ყველა ფენა ერთნაირად ფარისევლობს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. თუმცა, რამდენადაც ეკლესიას ჩაურევლობის კონკორდატი სახელმწიფოსთანა აქვს დადებული, ამიტომ ჩემთვის სწორედ ხელისუფლების ფარისევლობა და უსუსურობაა თვალშისაცემი. ეკონომოკის მინისტრი შეთავსებით ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე იერუსალიმიდან სააღდგომოდ ცეცხლის ჩამომტანის ფუნქციას ასრულებს და ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც ოდესმე ვინმესი, კერძოდ, მინისტრ ჟვანიასი შეშურებია... ამის მერე აღარ მიკვირს, როცა იგივე ხელისუფლება ცოტა ხნის წინ ეკლესიებში "მიმაგრებაში" უშვებს პატიმრებს. ალბათ, გახსოვთ სულ ახლახანს საპატრიარაოს წინადადებით ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არასაშიშ პატიმართა ნაწილმა პატიმრობა ეკლესია მონასტრებში მსახურებით გააგრძელონ... მე არ გამიგია ვინმეს კითხვა დაესვას, რა ქნან მუსულმანმა, ებრაელმა ან ათეისტმა არასაშიშმა პატიმრებმა? ქართული ციხის ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის სურვილით კონფესია შეიცვალინ? ამას რაიმე კონკრეტული სახელი ხომ არ ჰქვია ჩვენი ხელისუფლების "პოლიტიკურ ტაძარში" ? ევროპაში, მაგალითად, ამას « დისკრიმინაციას » უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლებას არც გამბედაობა, არც ცოდნა, და არც საკმარისი პროგრესულობა გააჩნია, რათა ეკლესიისაგან დამოუკიდებლად იარსებოს.
საქართველოში ეკლესია ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში და ეს თავად სახელმწიფოს უნიათობის ბრალია. რადგან საერო და სასულიერი ინსტიტუტები თავად უნდა აბალანსებდნენ ერთმანეთს. ყოველ მათგანს მიდრეკილება აქვს სრული კონტროლისადმი, როდესაც ერთი მეორე მხარეს შესაბამის სისუსტეს ხედავს. ამის შესანისნავი მაგალითია საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიასთან, ასევე ფუნდამეტალისტი თალიბების - იგივე სსრკ - სთან ომით დასუსტებულ ავღანურ სახელმწიფოსთან.
ისლამი ისეთივე მშვიდობის რელიგიაა, როგორც ქრისტიანობა. მაგრამ თალიბანის ისლამი რელიგია აღარ არის: ეს იდეოლოგიაა. ნებისმიერი იდეოლოგია კი, როგორი ჰუმანურიც არ უნდა იყოს იგი, არ შეიძლება ოფიციალურ და ერთადერთ მმართველ ძალად იქცეს ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში მართლმადიდებლობა, ისლამი და წითელი საბჭოთა ათეიზმი ერთნაირად ტრანსფორმირდება ტირანიად.
- როგორ ფიქრობთ, რატომ დაისაკუთრა "პარტიული ზონა" "ცნობადი" მამების შვილებმა? რატომ მაინც და მაინც პარტია და არა სხვა რამ? ახლა პარტიაა უფრო "სახელოვანი"?
- ჩემი აზრით, დღეს საზოგადოებას თვალში ის ადამიანები ჰყავს გაჩხერილი, რომლებმაც თავიანთი საკუთარი წარსულის შექმნა ან ვერ მოასწრეს ან საამისოდ ნიჭი არ ეყოთ. ამიტომ ვისაც ამის საშუალება აქვს მამის კალთებს ებღაუჭება. თავად საზოგადოება, პრაქტიკულად, გადაეჩვია საკუთარი ბიოგრაფიის მქონე პიროვნებებს. საქართველოში ხომ, ბოლო ოცი წლის მანძილზე წარსულის არმქონე "ცნობადი" სახეები ( როგორც მათ უწოდებენ), უცებ თითქოს ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ჯერ საიდანღაც ჩნდებიან, მერე კი უცებ ისევ უცნობები ხდებიან, ბოლოს კი - უკვალოდ ქრებიან.
მე კარგად მახსოვს როგორ დაიწყო კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკური კარიერა. გარდა იმისა რომ ზვიად გამსახურდიას შვილი და კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილია, მის წარსადგენად ვერაფერი მოიფიქრეს, თუმცა ამაზე არც არავინ შეწუხებულა. რადგან გამსახურდიების ცნობილი გვარის წევრობა სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს არაფრით გამორჩეული კაცი პოლიტიკურ ლიდერად აერჩია რამოდენიმე ათას ადამიანს, და მამამისის სოზი გამხდარიყო.
ზუსტად ასევე დაიწყო შარტავას კარიერა: მისი აფხაზეთში დაღუპული მამის, ჟიული შარტავას ფოტოებით. მე მაშინაც და დღესაც ხანდახან ვცდილობ წარმოვიდგინო, ჟიული შარტავა იმ დღეს აფხაზებს რომ ბარბაროსულად არ მოეკლათ, დღეს ქართველები რა დღეში ჩააგდებდნენ მისი კომკავშირული და პარტიული წარსულის გამო. ის ხომ შევარდნაძის მარჯვენა ხელი და ჯერ კომკავშირის, შემდეგ კი პარტიული ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული ფუნქციონერი იყო წითელ საქართველოში... ვინ იცის როგორ გაგრძელდებოდა შარტავების კარიერა შევარდნაძის კორუმპირებულ ეპოქაში? დაუდგებოდა თუ არა მას გვერდით კონსტანტინე გამსახურდია? ვინ იცის...
გუბაზ სანიკიძეც, ასევე მამის დამსახურებების პოლიტიკური ბენეფიტორია. მისი პოლიტიკური ცოდნა შუა საუკუნეს ვერ ცდება. ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა მის მეხსიერებაში დიდგორის ბრძოლაა. . . ანუ ყოველი მათგანი მამის ბოლო სამუშაო ადგილის მიხედვით მოქმედებს: გამსახურდია პრეზიდენტობას უმიზნებს, შარტავა აფხაზეთს ათავისუფლებს, სანიკიძე უქარქაშო გაშიშვლებული ხმლით რაღაც გაურკვეველ გმირულ მრძოლებში გვეპატიჟება. კიდევ კარგი ავლიპ ზურაბიშვილის შთამომავლებს ჯერჯერობით პოლიტიკოსობის სურვილი არ გამოუთქვამთ, თორემ ნაპოლეონები და ცეზარები არ მოგვაკლდებოდა ქართულ პოლიტიკურ-დრამატულ თეატრში. ჩემი აზრით, საქართველოში მამებზე ორიენტირებული ოიდიპოსის კომპლექსის ყველაზე უცნაურ და უნიკალურ ფორმის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე.
როდესაც ჩემი კომპიუტერის ეკრანში "სახელოვანი ქართველი მამების სახელოვან შვილებს" ვუყურებ, ხანდახან ჩემი ტყუპების ერთი თანაკლასელი, ტანდაბალი სათვალიანი, ძალიან ზრდილობიანი ბიჭი, მარტინ დე გოლი მახსენდება. ის სწორედ იმ შარლ დე გოლის შთამომავალია, რომელიც რატომღაც ყველა ქართველი პროტესტანტი პოლიტიკოსის იდოლია (მისი მდიდარი ბიოგრაფიიდან, მგონი მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით გადადგომის ეპ

საქართველოს რესპუბლიკა

No comments:

Post a Comment