ზუსტად არ ვიცი რამდენი KGB - ს თანამშრომელია სააკაშვილის გარშემო, მაგრამ ერთ ათეულზე მეტი რომ იქნება, ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული” – დასძინა პრეობრაჟენსკიმ.
1994 წელს იაპონიაში გამოვიდა კონტანტინე პრეობრაჟენსკის წიგნი - ბესტსელერი სახელწოდებით “ჯაშუში, რომელსაც იაპონია უყვარდა”, რომლიც ჩინეთსა და რუსეთშიც გამოიცა. ამის შემდგომ პრეიბრაჟენსკის დევნა გაძლიერდა, რის გამოც მან თავი აშშ-ს შეაფარა.
2007 წელს ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებში კ. პრეობრაჟენსკი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და KGB –ს მჭიდრო კავშირზე მიუთითებდა, ხაზს უსვამდა იმ პოტენციურ საშიშროებაზე, რომელიც პუტინის დროს საზღვარგარეთ მოქმედი რუსული ეკლესიისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გაერთიანებას მოსდევდა. ავტორი წერდა, რომ “ამერიკა მზად არ აღმოჩნდა პუტინის საეკლესიო ჯაშუშობისთვის”. KGB–ს ყოფილი თანამშრომლის აზრით, ამერიკის წინააღმდეგ პუტინის დაზვერვის წარმატების მიზეზები შემდეგია: “უპირველესად, ამერიკულ ინტელიგენციაში იმ მემარცხენე შეხედულებების ფართე გავრცელება, რომელიც აქ ოცდაათიან წლებში ლუბიანკამ შემოიტანა. მეორე, რუსეთის აღქმა აშშ-ის მოკავშირედ საერთაშორისო ტერორიზმთან არარსებულ ომში, რომელიც იმევე ლუბიანკაზე შეითხზა. მესამე, დასავლეთის ყველა დაზვერვა ხელშეკრულია ჰუმანური ბურჟუაზული კანონმდებლობითა და საპარლამენტო კონტროლით. რუსული დაზვერვა კი არანაირი შეზრუდვებით არაა შემოფარგლული. ეს მას მანევრირების ისეთ თავისუფლებას აძლევს, რომელიც დასავლელ დაზვერვებს არც კი დაესიზმრება”.
სტატიაში “აფხაზეთი, KGB - ს პატარა სამეფო” განხილულია შავიზღვისპირეთის “ახალ სახელმწიფოში” რუსეთის ფედერალური უშიშროების (FSB), როგორც KGB - ს სამართალმემკვიდრის პოსტსაბჭოური მოღვაწეობის პრესპექტივა. პრეობრაჟენსკი წერს, რომ აფხაზეთში რუსეთის KGB - ის მოქმედებამ დასავლეთი სერიოზულად უნდა დააფიქროს კავკასიაში მის მოკავშირესთან ურთიერთობის მომავლის შესახებ. “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზვიად კ. გამსახურდია პრეზიდენტად იყო არჩეული მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე წელს დამხობილ ყოფილიყო, იმ წელს, როცა ქართული ჯარები აფხაზეთში ზღვიდან შევიდნენ და იქ 1992 წლის 14 აგვისტოს გაჩერდნენ. სოხუმი დაკავებულ იქნა და სეპარატისტების ხელმძღვანელებმა ჩრდილოეთისკენ გუდაუთაში დაიხიეს. მაგრამ საბოლოოდ ჩეჩენი თანამგრძნობებისა და რუსი სამხედროების მხარდაჭერით აფხაზმა სეპარატისტების ლიდერებმა იგი კვლავ უკან დაიბრუნეს. მათ 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთში დარჩენილი ქართველები გამოაგდეს” – წერს კონსტანტინე პრეობრაჟენსკი და მკითხველს მოკლედ მოუთხრობს აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიას. “საქართველოსა და აფხაზეთს შორის შფოთიანი, გამოუვალი მდგომარეობის არსებობის პირობებში რუსეთმა წინა ზაფხულს საქართველოზე თავდასხმა განახორციელა. 2008 წლის 17 სექტემბერს რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრული შეთანხმება გაფორმდა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რუსეთის საზღვრის დამცველები ფედერალურ სასაზღვრო სამსახურს ემორჩილებიან, რომელიც FSB - ნაწილია ანუ KGB - ს კანონიერი მემკვიდრე. ფედერალური სასაზღვრო სამსახურს ტურბულენტური საბჭოთა კავშირის სრული პერიოდის დროს დაზვერვის განყოფილება ამაგრებდა. იგი მეზობელ ქვეყნებს არ მარტო ვიზუალური მონიტორინგით ზვერავდა, არამედ - მოქალაქეების გადაბირებითაც. ფედერალური სასაზღვრვო სამსახურის დაზვერვის განყოფილება არის რუსეთის FFშB –ს დაზვერვის სამსხურის ნაწილიცა (საგარეო დაზვერვის სამსახური ანუ KGB - ს ყოფილი განყოფილება) და GRU-ც (რუსული არმიის მთავარი სადაზვერვო განყოფილება). FSB-ს სადაზვერვო რეზიდენტურა კავკასიის კონტაბანდული დედაქალისთვის - სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ხილია, მაშინ, როცა იგი აფხაზეთისთვის ჩვეულებნრივი მოვლენაა. ფაქტია, რომ აფხაზეთი წარმოდგება მსოფლიოში უდიდეს ქვეყნად, სადაც ერთ სულზე არსებული KGB - ს აგენტების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის.
აფხაზეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს KGB - ს აგენტებით იყო გატენილი. ეს განპირობებული იყო მისი სტრატეგიული განლაგებითა და შავი ზღვის ლამაზი სანაპიროებით. სსრკ აფხაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობიდან სარგებელს იღებდა. მან იქ დიდი რაოდენობის სამხედრო ბაზები დაარსა. ბაზები თავდაცვის სამინისტროს მიერ იმართებოდნენ. სამინისტრო მთლად KGB არ იყო, მაგრამ მკაცრად კონტროლდებოდა KGB - ს მესამე განყოფილების მიერ, რომელიც სამხედრო კონტრდაზვერვაზე იყო პასუხისმგებელი.
KGB - ს მესამე განყოფილების მიზანი გახლდათ არა მარტო სამხედრო ბაზების ჯარისკაცებისა და ოფიცრების გადაბირება, არამედ აფხაზი და ქართველი ეროვნების ადამიანებისაც, რომლებიც ბაზების გარშემო ცხოვრობდნენ. ასეთი გადაბირებები ხდებოდა იმისთვის, რომ KGB უცხოთაგან ინფორმირებული ყოფილიყო სამხედრო პერსონალის მიერ სამხედრო ბაზებზე ჩადენილი კრიმინალისა და სხვა დარღვევების შესახებ. რადგანაც აფხაზეთი რუსეთის საზღვართან ახლოსაა, ამიტომ KGB - სთვის სასაზღვრო ჯარებისა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების გარშემო არსებული დასახლებები მნიშვნელოვან ღირებულებას იძენდა.
სასაზღვრო ძალები ასევე პასუხიმგებელნი იყვნენ საზღვრის ახლოს მცხოვრები აფხაზების გადაბირებაში, რათა მიეღოთ ინფორმაცია საზღვრის გასწვრივ გამოჩენილი უცხო პირების შესახებ. იმის გამო, რომ შავი ზღვისპირეთი სრულად იყო საბჭოთა საზღვრად მიჩნეული, აგენტების საჭირო რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავი იყო.
საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის საფირონის ზღვა, რელიქტიური ცაცხვები და მშვენიერი ჰაერი სსრკ –ის ლიდერებს იქ “დაჩების” აშენების სურვილს უღვიძებდა. საბჭოთა უმაღლესი დონის ლიდერების ცხოვრება კი KGB - ს მეცხრე განყოფილების (ამჟამად ფედერალური დაცვის სამსახური) მიერ კონტოლდებოდა. KGB პოლიტბიუროს წევრებსა და მათ ოჯახებს ცხოვრების ყველა ასპექტში გვერდით ედგა, ელიტისა და მისი სტუმრებისთვის ყვავილების დარგვით ჩათვლით.
მსოფლიოს ამ პატარა კუთხეს იმიტომ ჰქონდა ასეთი მნიშვნელობა, რომ იქ KGB - ს თავისი სამინისტრო და არა უბრალოდ KGB - ს რეგიონალური განყოფილება ჰქონდა, რომელიც ყველა რაიონისთვის საერთო ისედაც იყო. აფხაზეთი კი იყო უფრო მეტი, ვიდრე ქართული პროვინცია, მას ჰქონდა მინიჭებული “საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკის” სტატუსი ანუ ის იყო კვაზი დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი პასუხიმგებელი იყო ეწარმოებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ატრიბუტები, როგორიცაა ერთი მუჭა KGB - ს მსგავსი ნომინალური სამინიტროები. ტრადიციულად, ძალიან ძნელი იყო გეპოვა აფხაზური ოჯახი, სადაც, როგორც მინიმუმი, ერთი ნათესავი მაინც არ იქნებოდა დაკავშირებული KGB - სთან, როგორც ყოფილი ოფიცერი, სამოქალაქო მუშაკი ანდა საიდუმლო მოკავშირე. აფხაზეთში KGB - სა და საბჭოთა არმიის შეჭრა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მათი ბაზებითა და საგუშაგოების განლაგებით. მათ დასასვენებლად და მოსადუნებლად დიდი რაოდენობის სანატორიუმები გახსნეს. 1991 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო, ბევრი თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმები ახალი მფლობელების ხელში გადავიდა. მაგრამ KGB - ს სანატორიუმი “შუქურა” არ გარდაქმნილა და იგი ისევ FშB -ს ეკუთვნის, როგორც აფხაზეთში ტრადიციული, KGB/FSB -ის ფორტპოსტის შენარჩუნების სიმბოლო.
აფხაზეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელია იპოვო პოლიტიკოსი, რომელსაც KGB - სეული წარმოშობა არ ექნება. ეს დაეხმარა რუსეთს, რომ აფხაზებისთვის რუსული პასპორტები დაერიგებინა. დღეს, აფხაზური მოსახლეობის 90 პროცენტს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა და ისინი დარეგისტრირებულნი არიან მოსკოვის რეგიონალურ საარჩევნო რაიონში. 2008 წლის 17 სექტემბრის რუსეთის მეგობრული შეთანხმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ამ ტერიტორიებს რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიებად გადააქცევს. ოფიციალურად, რუსეთისთვის ხელსაყრელი შემთხვევის მიცემისას, რათა იქ თავდაცვის მანქანა ააშენოს, რუსეთი აფხაზეთს ენერგიასა და სატრანსპორტო სისტემას მისცემს, ისევე როგორც კომუნიკაციებსა და ტელევიზიას. მხოლოდ ერთი რამაა გასაკეთებელი – ამ ტერიტორიების ანექსირებისას, უნდა გაქრეს აფხაზეთის შიგნით რუსეთის საწინააღდეგო მოძრაობის ნარჩენები. აფხაზეთის დამოუკიდებლობის კულტივირება რუსეთის ამ დაფარული მცდელობის ჩაშლის ერთ-ერთი გაუთვალისწინებელი შედეგი შეიძლება გახდეს.
დღეს აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობასთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილებისათვის ეძებს გზებს, რათა შეუერთდეს რუსეთ - ბელორუსიის კავშირს, რომელიც მას ნებას მისცემს მხოლოდ ქაღალდზე იყოს დამოუკიდებელი. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმებულოიყო ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ, მაშინვე, როგორც პრეზიდენტი ბაღაფში მოვიდოდა ხელისუფლებაში. ბაგაფშმა პრეზიდენტად გახდომისა ამ იდეის მხარდაჭერა განაცხადა. 2008 წლის 18 სექტემბრს რუსეთისა და ბელორუსიის საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მინისტრმა პაველ ბოროდინმა რუსეთის ინტერესებს მხარი შემდეგი ფრაზით დაუჭირა: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შეუძლიათ შეუერთდნენ საკავშირო სახელმწიფოს.” მაგრამ ასეთი სახით გაერთიანებული სახელმწიფო გულისხმობს KGB - ს გაერთიაენებული სტრუქტურის შექმნას. რუსეთმა და ბელორუსმა პირველად ამის ლეგალიზება 1997 წელს რუსეთ-ბელორუსიის კავშირის უშიშროების საბჭოს სახით მოახდინეს. უბრალოდ, ბელორუსიის დაზვერვა რუსული საჯაშუშო ქსელის კიდევ ერთი ნაწილი გახდა. მოსკოვის ხელმძღვანელობით აშშ -ს დაზვერვაც ხდება: აშკარაა, რომ აფხაზეთიც ამავე როლში იქნება. თუმცა ლეგალიზება აუცილებელი პროცედურა სულაც არაა. რუსული KGB თავს ყველგან ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. იგი ახლაც აფართოვებს თავის შესაძლებლობებს, რომელსაც მსოფლიოს უფრო ადრე შეეჯახება, ვიდრე ამას ჩვენ შევიგრძნობთ”.
––––––
***
ახლახანს კი ამერიკულ Central Asia-Caucasus Analyst – ის ჟურნალში გაჩნდა კონსტანტინე პრეობრაჟენსკის მეორე სტატია სათაურით “სამხრეთ ოსეთი: KGB –ს ჭიშკარი კავკასიაში”. ავტორი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთი უკვე KGB –ს ხელშია მოქცეული; რომ 1990 - იანი წლების დასაწყისში, როცა რუსეთის დახმარებით სამხრეთ ოსეთი საქართველოს დე-ფაქტო გამოეყო, იქ ადგილობრივი KGB ჩამოყალიბდა და მას რუსეთის მოქალაქეები მართავდნენ. სამხრეთ ოსეთის დღევანდელი პრემიერ -მინისტრი ასლანბეკ ბულანცევი ეროვნებით ოსია, თუმცაღა რუსეთის მოქალაქე. იგი პუტინის ეპოქის ტიპიური სახელმწიფო ჩინოვნიკია - KGB -ს ფინანსური გამყოფილების ყოფილი ოფიცერი. 1986-2006 წლებში იგი ჩრდილოეთ ოსეთში KGB/FშB –ს ფინანსურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი ვასილ ლუნევი კი პერმის ოლქის სამხედრო კომისარი იყო. უშიშროების მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი სტავროპოლის ოლქის სამხედრო კომისრის მოადგილე გახლდათ, ასევე მსახურობდა ჩეჩნეთში. არც ერთი მათგანი ოსი არაა. ჩეჩნეთში ბარანკევიჩი რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის უფროსი მოადგილე იკო. რასაკვირველია, ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთის კონტრდაზვერვას რუსეთის მოქალაქეები ხემძღვანელობენ და იგი, ფაქტობრივად, საბჭოთა KGB –ს წარმოადგენს. “1954 წელს საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშოვმა სახელმწიფო უშიშროების ძლევამოსილ სამინისტროს სტატუსი ჩამოართვა და კომიტეტის დონემდე დაიყვანა. – წერს კ. პრეობრაჟენსკი. - სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ამჟამად ის რუსეთის საბიუჯეტო სისტემის ნაწილია. რესპუბლიკის მოსახლეობის 80 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია KGB-ს მიერ სრულად კონტოლდება. მისი მმართველი ფენა იმათგან შედგება, ვისაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აწუხებს, რაც არა მარტო საქართველოზე თავდასხმიდან გამოჩნდა, არამედ იქიდანაც, რომ სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებს საბჭოთა სახელი შეუნარჩუნეს. რუსეთში KGBB მხოლოდ დაზვერვით კი იყო დაკავებული, იგი კორუფციის დიდი წყაროც იყო იმავდოულად. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მართვის რუსული მოდელი უბრალოდ სამხრეთ ოსეთშია ექსპორტირებული. ახლა ამ ღარიბ ტეროტორიას KKGB-ს სრული მმართველობის ქვეშ ანტიამერიკულ საჯაშუში ზონად და ფულის გათეთრების ადგილად გადააქცევენ. იგი კვლავ იგივე ორგნიზაციის - პუტინის KGB-ის მიერაა მართული”.
–––
***
კონსტანტინე პრეობრაჟენსკისთან საუბარი, ბუნებრივია, KKGB – ს რკინის ხელის სიგრძეს შეეხო.
ნიუ-იორკში ბრუკლინის ერთ-ერთი უბანი, რომელსაც ბრაიტონი ჰქვია, რუსი ემიგრანტების უბნად ითვლება. აქ ინგლიუსრი ენა არ დაგჭირდებათ. ცნობისთვის, რიგითმა ამერიკელმა სიტყვა KGB მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებიდან იცის. ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობამ ამერიკელ ობივატელს ლუბიანკის არაჰოლივუდური ვერსიაც აჩვენა და იგი რიგიანად შეშინდა კიდეც. მაგრამ მოგვიანებით ამერიკელებმა ეს ისტორია ისევ ჰოლივუდის პროდუქციას “გადააბარეს”. პრეობრაჟენსკი ამტკიცებს, რომ რუსი ჰაკერების ბუნაგი სწორედ აქაა, ნიუ-იორკის რუსულ სივრცეში - ბრაიტონზე.…მან ისიც მითხრა, რომ მემარცხენე შეხდეულებების გამო ძველი რუსული ემიგრაცია ამერიკული მედიის ზვიგენს “New-York Times”- ს “Moscow Times”- ს უწოდებს, რომ KGB – ყველაზე ძლიერი ცოცხალი არსენალი ავსტრალიაში ჰყავს. ამ კონტინენტზე რუსების დიდი დიასპორაა და სწორედ აქაა რუსული ეკლესიები, რომელსაც ცენტრთან - რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აქვს კავშირს. KGB კი სწორედ ეკლესიების გარშემო ქმნიდა თავის ყველაზე ეფექტურ “რგოლებს”. ცნობისთვის, ავსტრალიაში ბევრი რუსული ეკლესიაა.
- თქვენ იაპონია ძალიან გიყვარდათ, გიყვართ და ამავე დროს მის საზიანოდ ჯაშუშობდით. როგორ ათავსებდით ამ ორს შეუთავსებელს?
- პოლიტიკურ თავშეასფარს იაპონია არ იძლევა, თორემ დღეს იქ ვიცხოვრებდი. აშშ კი – იძლევა . . . დიახ, ის, რაც თქვენ ბრძანეთ, ჩემში შინაგან წინააღდეგობასა და აღშფოთებას იწვევდა. ვცდილობდი შეძლებისდაგვარად საყვარელი ქვეყნისთვის ზიანი არ მიმეყენებინა, თანაც მე სხვა ქვეყანა – ჩინეთი - მებარა. თავად იაპონია სსრკ - თვის დიდი საფრთხეს არ წარმოდგენდა იმიტომ, რომ იგი არ იყო და არ არის მსხვილი პოლიტიკური სუბიექტი. იაპონიაში სადაზვერვო სამუშაოები ჩინეთსა და აშშ –ს წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ჩინეთში შეღწევა ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგანაც იქ ძალიან მკაცრი რეჟიმი ბობოქრობდა. საელჩოს თითო თანამშრომელს ათასი ჩინელი ერტყა გარს. იაპონიიდან შეღწევა კი შესაძლებელი იყო. იაპონელები ჩინეთში სამუშაოდ და სტაჟირებისთვის მიემგზავრებოდნენ. ჩვენ ანუ KGB ამ იაპონელების გადაბირებით ვიყავით დაკავებული. ამ პროცესში შედიოდა მოლაპარაკების პროცედურა, თანამშრომლობის გამყარება, ფულის გადახდა, სსრკ-ს მიმართ პატივისცემის გრძნობის ჩასახვა. ეს რთული ხელობა იყო. KGB-ს ოფიცრებს უფრო დიდი ხელფასი და პრივილეგიები ჰქონდათ, ვიდრე აგენტებს. სხვათაშორის, სსრკ-იაპონიის ერთობლივი ფილმების უკანაც ლუბიანკა იდგა. ჩემს დროს იაპოინიაში 50 - მდე KGB-ს თანამშრომელი იყო, ასევე იყვნენ GRU – დანაც.
- ქართველებიც?
- დიახ. მხოლოდ ისინი, ვისაც ზევით ძლიერი მფარველები ჰყავდა.
- ანუ KGB –ს “ბლატნოი ჩეკისტებიც” ჰყავდა?
- რასაკვირევლია. როგორც წესი, მხოლოდ “ბლატით” იყო შესაძლებელი საზღვარგარეთ მოხვედრა. იაპონიაში მეც “ბლატის” გამოისობით გავემგზავრე. აბა, სხვანაირად როგორ? ჩემი მხედველობის გამო KKGB –ს სამედიცინო სამსახურმა დამიწუნა, არ მიშვებდნენ იაპონიაში და ამიტომაც “ბლატი” დამჭირდა. თვალები ჩვენს სამსახურში იმდენად საჭირო არა იყო, რამდენადაც ტვინი და ენა. 1976 –დან 1991 - მდე იაპონიაში ვმუშაობდი რუსული TACC-ის კორეპონდენტად. ვსწავლობდი კიდეც იქ, იაპონური ენა სრულყოფილად ვიცი. ბავშობოდანვე იაპონიითა და ჩინეთით ვიყავი გატაცებული. ძალიან მინდოდა ჩინეთში მოხვედრა, მაგრამ მითხრეს, ეს ის ქვეყანაა, სადაც ვერ გაემგზავრებიო. . . სსრკ-ს მაშინ ჩინეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. KGB –ს თანამშრომელი ცოლად უცხოელს ვერ მოიყვანდა. ეს გვეკრძალებოდა.
- როდის გადაწყვიტეთ KGB- დან წამოსვლა?
- მე KGB -ს გენერალი ოლეგ კალუგინს მივბაძე. მან 1990 –იანების დასაწყისში KGB -ის მხილება დაიწყო და მეც მის მაგალითს მივბაძე. ახლა იგი ამერიკაშია. სსრკ-ს არსებობის დროს ამის გაკეთებას მე ვერ შევძლებდი. “პერესტოიკისა” და “გლასტნოსტის” დროს მეც დავიწყე KGB –ს მხილება. იცოდეთ, KGB ყველგანაა! სსრკ-ში არ არსებობდა რაიმე, რაც არ იყო KGB! ახლა ისინი რაოდენობით უფრო მეტნი გახდნენ, რადგანაც უფრო მეტი ფული გაუჩნდათ და ბიზნესაც აწარმოებენ. უცხოეთში თუ რამ რუსული ბიზნესია ანდა ამერიკული ბიზნესის რუსული შემადგენელი, იცოდეთ იქ KGB –ეა! მარტო პუტინს ნაღდ ფულად 40 მლნ. დოლარი აქვს თანაც რუსეთს ვალის აღებაც შეუძლია და დიდი ქსელის დაფინანსებაც. KGB თანამშრომლობა მომგებიანი ბიზნესი გახდა. საქართველოში, ისევე როგორც ბალტიისპირეთსა და უკრაინაში KGB –ს დიდი ქსელია. ბალტიისპირეთში ზოგიერთი პარლამეტარი KGB-ზე მუშაობს.
- ბ-ნო კონსტანტინე, თქვენი გადამკიდე, ახლა რუსულ ბალეტს ეჭვის თვალით უნდა ვუყურო და მათი ხელოვნების უკან KKGB –ს გრიმასა უნდა მეჩვენებოდეს. ანტარქტიდა მაინც ხომ არაა მთლად KGB -სეული?
- KGB-ს შესახებ უფრო მეტი უნდა ვწეროთ და ვისაუბროთ! ესღა დაგვრჩენია, რადგან პუტინი ყველგანაა, ხოლო ლუბიანკას მხოლოდ სიმართლის ეშინია. თქვენის აზრით, რატომ ვერ მიიღო “მეფი” საქართველომ? რატომ ვერ გამოვა ქართული ჯგუფი Eurovision-ზე? ეს რუსული KGB –ს ნამუშევარია.
როგორ ფიქრობთ, იაპონიაში რომ ვიყავი, რატომ არ გამოვდიოდი პოლარული კვლევების ინსტიტუტიდან? პასუხი: KGB-ს დავალების გამო. KGB ვატიკანშიც და ანტარქტიდაზეცაა. FSBB-ს უფროსი პატრუშევი ანტარქტიდაზე გაფრინდა და განაცხადა, რომ იგი რუსეთის ტერიტორიაა და ასე იქნება მომავალშიცო.
- დარჩა KGB _ში ლიტვინეკოსნაირი ხალხი, რომლებსაც იქედან წამოსვლა უნდათ?
- ასეთი ადამიანები აღარ არიან. ყველა, ვისაც წამოსვლა უნდოდა, უკვე წამოვიდა. ლიტვინენკო იმიტომ კი არ მოკლეს, რომ იგი KGB –დან წავიდა, არამედ იმის გამო, რომ მან გაბედა და ხელი პუტინის “წმინდა” პერსონას მოუქნია.
- თქვენის აზრით, შარშან ბუქარესტში რა მოხდა?
- დიახ, საქართველოს და უკრაინას ბუხარსეტში “მეფი” არ მისცეს, მაგრამ ეს რუსეთისთვის მოულოდნელი სიგნალი სულაც არ იყო. რუსეთმა ისედაც იცოდა, რომ თქვენ უარს მიიღებდით, რადგან ეს უარი რუსეთმა თავისი დაზვერვის საშუალებით მოაწყო. სამწუხაროდ, დასავლეთი პუტინის წინაშე მუხლებზე დგას. ამას კი ყირიმის დაპყრობა მოჰყვება, რასაც დასავლეთი კვლავ გადაყლაპავს.
- KGB რუსული ბიზნესის რა წილს აკონტორლებს?
- ეს უზარამაზი თემაა. ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი KGB - დან “გაზპრომში” მუშაობს. KGB რუსეთის ფედერაციის მთელს ბიზნესს აკონტროლებს, სანავთობოში კი ყველაზე მეტი KGB –ს თანამშრომელია. ეს გემრიელი ლუკმა KGB –ს ეკუთვნის. რა, “გაზპრომი” კაპიტალისტური ფირმაა? არა. იგი თავისასავე საზიანოდ მოქმედებს, იშორებს მილიარდებს, რომელიც ღმერთმა იცის სად მიდის. უფრო სწორედ, პუტინის ჯიბეში. ლიტვინეკო მეუბნებოდა, რომ “გაზპრომი” – პუტინის პირადი საკუთრებაა.
- ამ ეტაპზე რუსეთს ანტიამერიკანიზმი რისთვის სჭირდება?
- ორი მიზნისთვის: საგარეო მტრის ხატის შექმნით ერის გასაერთიანებლად, განსაკუთრებით, კრიზისი დროს და რუსეთში ამერიკული დემოკრატიის შემოსვლის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, კი დემოკრატიის ისეთი “აუტანელი” ფორმისა, როგორიცაა კანონის წინაშე ყველას თანაბრობა. რუსეთი ამერიკას ყველგან ებრძვის, ჩინეთში კი თავის მომავალ მტერს ხედავს. მეორდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შეცდომა - ჰიტლერთან მეგობრობა. ეს ეტყობა რუსეთის ნაციონალური ხასიათია: საკუთარი სიცოცხლის ფასად დასავლურ დემოკრატიასთან ბრძოლა. კრემლმა ამერიკისთვის ნიშნის მოსაგებად დახურა ყირგიზეთში ის სამხედრო ბაზა, თუნდაც ამის ფასი მისივე სიცოცხლე იყოს. შედეგად კი ავღანეთიდან რუსეთის ფედერაციაში თალიბები გადავლენ. მაგრამ რუსეთს ეს არ აწუხებს რუსული ანდაზის შესაბამისად: “დაე, დაიწვას ჩემი სახლი, მაგრამ ჩემი მეზობლის სახლიც ხომ დაიწვება”. ეს ახლომხედველობა და სიბრიყვეა. პუტინს, ისევე როგორც KGB -ს, არ აწუხებს რუსეთის ბედი. მათ სხვა მიზნები აქვთ. თუ რუსეთში კაპიტალიზმი დამყარდა, პუტინი ირანში ემიგრირებს.
- როგორ ფიქრობთ, რუსეთმა საქართველოში კვლავ შეიძლება განაახლოს საომარი მოქმედებები?
- დიახ. მალე დაიწყება ეს ომი, რადგანაც კრიზისის დროს ხელისუფლების შესანარჩუნებლად პუტინისთვის ეს ერთადერთი შანსია.
- ობამას ადმინისტრაციას რამდენად აქვს გაცნობიერებული თუ რასთან და ვისთან აქვს საქმე?
- ობამა უკვე რუსების ხელშია. ამის ასახსენალად კი მინდა შემოგთავაზოთ ვლადიმირ ბუკოვსკისთან ჩემი ჯერ გამოუქვეყნებელი ინტერვიუს ნაწყვეტი. აი, რა მითხრა მან. “პუტინს ობამასთან ურთიერთობა არ გაუჭირდება. რადგან მემარცხენე პოლიტიკოსებს რუსეთი უყვართ, ამიტომაც მაშინვე დათმობაზე მიდიან. ვფიქრობ, რომ ამჟამად კრემლის ფსიქოლოგები ობამას პიროვნულ პორტრეტს ამუშავებენ, რათა მას გასაღები მოუძებნონ. ამერიკელებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ დღევანდელ რუსეთს ჩეკისტები მართავენ. ჩეკისტები კი პარტნიორულ ურთიერთობებს არ სცნობენ. მათთვის ადამიანი ან მტერია ანდა აგენტი. ვნახოთ, ობამასთვის რას მოიგონებენ. როგორც ცნობილია, პუტინმა ბუშს გასაღები პატარა ჯვრის შესახებ უეშმაკო ისტორიის მოყოლით ნოუძებნა. თითქოსდა როცა 1996 წელს მას პეტერბურგთან აგარაკი დაეწვა, ფერფლში მხოლოდ დედამისის მიერ ნაჩუქარი, კისერზე ჩამნოსაკიდი, ალუმინის ჯვარი გადარჩა. პუტინი თითქოს იმწუთას მიხვდა, რომ სამყაროს მაღალი სულიერი ძალები მართავენ. ამ ჩვენთვის აბსოლუტურად დაუჯერებლმა ისტორიამ ბუშზე უდიდესი შთაბეჭდილება მოხდინა, რადგანაც ის ღმერთის რწმენამდე საკმაოდ მოწიფულ ასაკში მივიდა და მას რელიგიის მიმართ უაღრესად მოწიწებული დამოკიდებულაბა აქვს. ამიტომ ბუშმა გადაწყვიტა, რომ მასა და პუტინს შორის ღრმა სულიერი კავშირია. როგორც ამბობდა მაუგლი: “მე და შენ ერთი სისხლისა ვართ. შენ და მე”. ამ ფრაზას მაუგლი მახრჩობელა კაა საც ეუბნებოდა. კიპლინგის ზღაპარში – ეს ჯუნგლების სანუკვარი სიტყვებია, ცხოვრებაში კი გადაბირების მთავარი წესი. გადასაბირებელმა უნდა დაიჯეროს, რომ მასა და KGB –ს თანამშრომელს ერთი სისხლი უჩქეფთ”.
20.09.2008
საქართველოს რესპუბლიკა
No comments:
Post a Comment