Saturday, October 8, 2016

“ელიტა” და “მაიმუნები” . . . პასუხი შალვა ნათელაშვილს



ზამთრის ერთ თოვლიან საღამოს 40 წლის ნატო გ. ატლანტიკ სითისთან ტრაგიკულად დაიღუპა. სახლში გადაასვენეს. ნატოს შვილები 12 წელიწადი არ უნახავს.
48 წლის ნანა კ. 19 წელიწადი ამერიკაშია. სამშობლოდან წამოსვლის მიზეზები: ტუბერკულოზიანი ქმარი, მული და დედამთილი, ორი მცირეწლოვანი არატუბრკულოზიანი, მაგრამ დამშეული შვილი, ასეთივე ნათესავების ჯარი და ბარაკად ქცეული სახლი.
59 წლის რუსუდანი დ. დიდი ხნის წინათ საბერძნეთში წავიდა. იქედან - ამერიკაში. ოჯახი 16 წელიწადი არ უნახავს. დედა ახლახანს გარდაეცვალა. ტელეფონით დაიტირა. ეს რიტუალი ანუ გარდაცვლილის “ელექტრონული დატირება” ჩვეულებრივი ამბავია: საქართველოში პანაშვიდი - გასვენებაა, “ამერიკელი” ჭირისუფალი კი Skype – ით ან ტელეფონით ცერემონიის პირდაპირ ხაზზეა და მკვდარს ტირის. (ასეთივე ტექნიკური ხერხით ხდება ქორწილზე, ნათლობასა თუ დაბადების დღეებზე “დასწრება”). რუსუდანი ყოველი წლის საახალწლოდ ანუ დედის დაბადების დღისთვის საქართველოში მიდის, მაგრამ, ისევ როგორც ადრე, წელსაც ერთი წლით მაინც გადაავადებს დედის დაბადების დღეზე, უფრო სწორედ, ახლა უკვე მის საფლავზე ჩასვლის თარიღს.
50 გიორგი პ. 13 წელიწადი ამერიკაშია. ცოლ-შვილი, დედ-მამა, და-ძმა, მშობლიური რუსთავი ცამტჯერ 365 დღე არ უნახავს. ქალიშვილი გათხოვდა, ბიჭი – ჯარშია. გიორგის ათამდე დაავადება აქვს, მაგრამ არც ერთი დოლარი - საკუთარი ჯანმრთელობისთვის, თუმცა საქართველოში ახლობელს თუ შორებელს სამედიცინო ხარჯები - გლანდების ოპერაციიდან დაწყებული გულის ოპერაციით დამთავრებული - დაუფინანსა. 2 თვე შუქი და წყალი არ ჰქონდა. ვერ გადაიხადა. გაუთიშეს. ამერიკაში ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. გიორგი რასაც შოულობს, უკლებლივ რუსთავში აგზავნის. სამსახურის შოვნა არალეგალისთვის ადრეც რთული იყო, ახლა – მითუმეტეს. ერთი დღე მუშაობს, 6 დღე უმუშევარია, ერთი კვირა მუშაობს, სამი – უმუშევარია . . . . მეორე ოთახში მცხოვრებმა ქართველმაც სამსახური თუ დაკარგა, ცივილიზაციის მონაპოვრის – გათბობისა და კონდინცირების გარეშე მძიმე ზამთარი და ზაფხული ელით (თუ ვიმნემ იცის, რა არის ნიუ-იორკული ივლის-აგვისტო ლამის 100 პროცენტანი ტენიანობით, გაიგებს).
69 წლის ლია ჩ. 3 წლის წინათ ჩამოვიდა. არ იცის როდის წავა. შავები აცვია, ქმარი 2 თვის წინათ დაეღუპა, ტელეფონით დაიტირა, სამკურნალოა. ქმრის გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყო, უმუშევარი იყო. მეორე დღეს მეზობელ შტატში სახლის ორდღიანი დალაგებისა და ძაღლების გასეირნების “შანსი” გამოჩნდა. წავიდა. 3 სართული დაალაგა, ტუალეტები და საძინებლები დაწმინდა, მტვერსასრუტის ხმაურის დროს ტიროდა და გმინავდა, ძაღლები დააპურა და გაასეირნა. ფული გააგზავნა. ამბობს, ქმრის საფლავისა და შვილიშვილების სწავლის ფულია გადასახდელი, რომ დაამთავრებენ, მერე წავალო ან უფრო გვიანო . . . ან მათი დაოჯახების მერეო ან შვილთაშვილების გაჩენის მერეო ან ჩემების კარგი სამსახურების შოვნის მერეო ან . . . ან . . . სანამ შევძლებო . .
29 წლის ნინო ბ. 8 წელიწადია ამერიკაშია, გათხოვდა, ბავშვი შეეძინა. მისი ქმარი 34 წლის გიგა ჯ. 4 წელი ჯერ გერმანიაში მუშაობდა, ახლა მეექვსე წელია ამერიკაშია. ბავშვი, ამერიკის მოქალაქე, თბილისში გააგზავნეს, იმიტომ, რომ ორივენი მუშაობენ და, აბა, პატარას ვის დაუტოვებენ? 4 წელია არ უნახავთ ვატო. შარშან აგვისტოში ამერიკის საელჩოდან თბილისში ნინოს მშობლებთან დაურეკავთ, ამერიკის მოქალაქის, ვატო ჯ. -ს ერევანში ევაკუირება შესთავაზეს. მაგრამ არ გაემგზავრნენ . . ნინო და გიგა აგვისტოში ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინასთან იდგნენ და ხმის ჩახლეჩამდე მოითხოვდნენ, ყვიროდნენ და ტიროდნენ . . . გიგას გორში დეიდა დაეღუპა . . .
აშშ - დან ოფიციალური მინდობილობით სანდო ადამიანისთვის საქართველოში შვილის გატანება კანონით სავსებით შესაძლებელია. ეს მომსახურება ფასიანია (მხოლოდ საბუთის ღირებულებას არ ვგულისხმობ). ზოგი ქართველი, ვისაც მიმოსვლის უფლება და საშუალება აქვს, სარფიანად იყენებს ამ შანსს. თითო ბავშვის ერთი მიმართულებით წაყვანა “არაოფიციალური” ნიხრით 800 დან 1000 დოლარამდე ჯდება (ვიზის თანხა ამ საფასურში არ შედის). ეს ფასი – არაოფიციალურია, ქმედება კი ლეგალური. საქართველოში პატარებს კი, როგორც წესი, ბებია-ბაბუა, დედმამიშვილი, დეიდა-ბიძია, ნათესავები ზრდიან. ატლანტიკის ოკეანის თავზე ყოველთვიურად, საშუალოდ ერთ ათეულამდე ან მეტი აშშ-ის ქართველი მოქალაქე, ბავშვი – ამანათები აქეთ-იქით “დაფრინავენ”. ლეგალი შვილის არალეგალ მშობლებს საქართველოში წასვლის შემდგომ ამერიკაში დაბრუნების უფლებას არავინ მისცემთ. ქართველ არალეგალებს და ლეგალებსაც ბევრ საერთოსთან ერთად ქვეცნობიერის “ერთი სურათ -ხატი” აქვთ გამაერთიანებელი _ ერთი და იგივე შინაარსის სიზმარი - საშინელება. ესიზმრებათ, რომ საქართველოში ჩადიან, მაგრამ მერე სიზმარიშივე ახსნდებათ, რომ ვიზადარღვეულებს ამერიკაში უკან აღარ შემოუშვებენ. ამიტომ ეს სიზმარი ნამდვილი კოშმარის სინონიმი გახდა კაციჭამიებისა და სისხლიანი კბილების არარსებობის მიუხედავად. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ჩასულ მწვანებარათიანებსაც და ამერიკის ქართველ მოქალაქეებსაც კი ეს “საემიგრაციო ზმანება” წლების განმავლობაში არ ასვენებთ . . .
ნინოს პოსტამშობიარო დეპრესია კი არა, ბავშვის მონატრების დეპრესია აქვს. ნინო და გიგა სამსახურისთვის ღმერთს მადლობას სწირავენ, ერთმანეთს თვეში მხოლოდ ორჯერ ხვდებიან, რადგან სხვადასხვა შტატებსა და ოჯახებში მუშაობენ. სხვაგვარად, ვერც თავის მშობლებს, ვერც თავის შვილს და ვერც ჯერ კიდევ არდაბადებულს ვერ შეინახავენ და მომავალს ვერ უზრუნველყოფენ.
45 წლის თამარმა კ.- მ, ახალნაიკეისრალმა, ქმრისგანმიტოვებულმა ერთი თვის პაწაწინა ნატო დატოვა. მეძუძური დედა თვითმფირნავის ტუალეტში დაჯირჯვებულ ძუძუებიდან რძეს ატლანტიკის ოკენეს თავზე იდენდა . . . ჩამოსულს, 3 დღე ნიუ-იორკის “ფენ-სთეიშენზე” თავის ჩანთებზე ეძინა და “მიწიერ” ტუალეტებში დარბოდა მანამ, სანამ იმ ქართველს არ დაუკავშირდა, ვინც ამერიკაში დახმარებას შეჰპირდა. იმ დალოცვილსაც თავისი პრობლემებთან ერთად მაინცდამაინც ეს მთელი ერთი კვირა ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ძნელი წარმოადგენია, მაგრამ ამერიკაში თუ ფული დროზე არ გადაიხარე, მარტო დენსა და წყალს კი არა, სხვა “ფუფუნებასაც” გაგითიშავენ. . . ამერიკაში ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს.
28 წლის დედისერთა ლალი ბ. 8 წელი ამერიკაში იყო, უკვე საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. ერთ “მშვენიერ” დღეს თავისიანებს არ შეეხმიანა. დაიკარგა. ვერსად იპოვეს მისი კვალი. სასოწარკვეთილმა ოჯახმა ვინ და რა არ ჩარია . . . ბოლოს ამერიკელი ნათელმხილველიც კი. მან კი: - თქვენი ლალი კანადის საზღვარზეო, ამა და ამ ადგილზეო. . . მივიდნენ, შვილის მანაქანა ნახეს, მანქანასთან იქვე კი ლალი იყო ჩამარხული. საქმე გამოუძიებელი დარჩა, მკვლელი - დაუსჯელი. . .
52 წლის ეკა ჭ. 17 წლის დევნილობის სტაჟისაა. ჭუბერზე ფეხით გადმოსულმა, ორი შვილის პატრონმა, თბილისში ცოცხალმა ძლივს ჩააღწია. 1993 წელს მისი ერთი შვილი ერთმა ნათესავმა შეიკედლა, მეორე- მეორემ, მესამემ მისი ქმარი, თავად კი – მეოთხემ. ერთად ვერსად თავსდებოდნენ. მერე ქმარი და დედ-მამა გარდაეცვალა. ეკამ ამერიკაში “გააღწია”, ბიჭები დააპურა, ასწავლა, ბინა, ავეჯი უყიდა, უფროსს კი – მანქანა და კომპიუტერი აჩუქა. ჰოდა, 6 წლის წინათ სკოლის ეზოსთან უმცროსი ძმის სკოლიდან გამოსაყვანად მისული ვაჟი პატარა ძმის თვალწინ ვიღაცამ ავტომატის ჯერით დაცხრილა, დედის ნაყიდი მანქანის საბურავებთან ჩაკეცილა უბედურ დღეზე გაჩენილი, იქვე გათავებულა . . . ეკა ვერ წავიდა. ვერც გასვენებაში, ვერც ორმოცზე, ვერც წლისთავზე. მოკლულ შვილს უპატრონა, ქელეხი, წლისთავი გადაუხადა, საფლავი გაუკეთა, ახლა უმცროსი შვილის სწავლის ფულს იხდის . . . ვერც ცოცხალ შვილს და ვერც მკვდრის საფლავს კიდევ 4 ან 5 ან 6 ან 7 წელი ვერ ნახავს. . . თავად ასე ამბობს. ამატებს - შეიძლება უფრო მეტხანსაცო. იცის, რომ უმცროსმა ცოლი რომ მოიყვანოს, შვილი შეეძინოს, რძალსაც და მომავალ პატარასაც რჩენა უნდა, მიწაში ჩადებულს კი სანთლისა და საკურთხის ფული. . .
42 წლის ხათუნა დ. 12 წელი აქაა. ბოლო სამი წელია მსოფლიოს დედაქალაქ ნიუ-იორკის ცენტრში ყოველ ღამე ერთსა და იგივე დროს გამოდის. ხათუნა 93 წლის ჭკუასუსტ, მარაზმატიკ მოხუც ქალს უვლის. ამ ქალს დღისით მკვდარივით სძინავს. ღამით კი წვიმასა თუ ქარში, სიცხესა თუ თოვლში ეს “ბებო” პატარა გასეირნებებს აწყობს. ხათუნას დიდი შავი ცელოფნის პარკებით ახალი, ძველი, Mმთელი, დაგლეჯილი გაზეთები და გასაშლელი სკამები დააქვს. მოხუცი კი იმ საინვალიდო ეტლში თავსდება, რომელსაც ხათუნა ჭაპანივით ეწევა. ბებერი ყოველ შენობასთან “მძღოლს” ეტლს აჩერებინებს, ხათუნას გაზეთებს სთხოვს, გლეჯს, ძირს ყრის, მერე ხათუნა ამ ნაგავს კრებს, პარკში აწყობს, ბებია სიცილ – ხარხარით გულს იჯერებს და ასეთ “მხიარულ განწყობაზე” მყოფი ქართულ-ამერიკული ტანდემი გზას აგრძელებს. ასე მიდიან შემდეგ გზაჯვარედინამდე, შემდეგ ქუჩამდე, შემდეგ შენობამდე, სადაც მოახლე თავის “ბოსს” კვლავ აწვდის დასაფხრეწს და ასე გრძელდება მთელი ღამე, ვიდრე ავადმყოფი არ დაიღლება. ხათუნას ღამის მანჰეტენის პოლიცია კარგად იცნობს. ისიც იცის, სად ცხოვრობს, რადგანაც ხათუნა “ბებოსთან” ცხოვრობს. პოლიციელები არაფერს ეუბნებიან მოსეირნე ქალბატონებს, უბრალოდ, ესალმებიან. ეს ორი ადამიანი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს. ორჯერ მძინარე ხათუნას “ბებო” დედიშობილა გამოექცა, იანვრის თვეში გარეთ დარბოდა. პოლიციამ ხათუნა კარის ზარით გააღვიძა, უფრო დიდი და საიმედო სხრაკლიტულის დადება ურჩია და, რასაკვირველია, ტიტველი ბებია უკან “დაუბრუნა”. შვილიშვილებმა კარზე “შტირლიცები” დააყენეს და მომვლელს Good Luck უსურვეს. ხათუნამ იცის თუ რაა მისი Good Luck . ბებიამ იქნებ კიდევ ორი ანდა თუნდაც წელიწადი და 5 თვე ან 3 ან 2 თვე გაქაჩოს, იცოცხლოს, ისუნთქოს, იარსებოს . . . ისე, ბებოსა და მის ახლობლებს რომ ესმოდეთ, თუ რა უშვერი ქართულ-რუსულ-ინგლისურ-იტალიური სიტყვებით ხან ხმამაღლა, ხანაც ჩუმად იგინება და იწყევლება ხათუნა, ალბათ, იმწამს გააგდებდნენ. იფიცება, ეს ქალი თუ მოკვდებაო, საქართველოში წავალო, სამსახურის ძებნის ჯოჯოხეთსა და ამნაირთან მუშაობას შიმშილით სიკვდილი მირჩევნიაო. პირადი ცხოვრება მოუგვარებელი აქვს, ვერ მოიცალა, გადაჰყვა თავისიანებს. მაგრამ იცის, რომ ვერც 2 წელიწადში ვერ წავა. ამერიკაში უმუშევრობა სულის სიმწარეა, უფულობა ორმაგი სულის სიმწარეა საქართველოშიც, როცა მთელი ოჯახი შიმშილობს . . . ხათუნას თვეში ერთი გამოსასვლელი დღე აქვს. იმ დღესაც ამადლიან. დაიღალა, უზომოდ დაიღალა, მაგრამ უძლებს. არავინ იცის, როგორ. თითქოს შეეჩვია, მაგრამ მაიც წყევლის თავის გაჩენისა და ამერიკაში ჩამოსვლის დღეს. ხან იწყევლება, ხან იფურთხება, ხან ლოცვებს კითხულობს, ხან ღვინოს სვამს, ხან ძილის წამლებს, ხან თავის თავს უყვება ანეკდოტებს, ხან ტელეფონით საათობით უსაგნოდ საუბრობს ნაცნობ-უცნობებთან ანდა ამერიკულ ტელესერიალებს უყურებს. ხათუნა პროფესიით მუსიკის მასწავლებელია, იტალიურს კონსრევატორიაში სწავლისას დაეუფლა. ინსტრუმენტთან თუ მჯდარა ოდესმე, ამასაც ვერ იხსენებს. ისე შორსაა ყველაფერი ახლა . . აქ კი გაზეთების დამტარებელი და “პროფესიონალი გიჟია”, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს. ერთი რამ ყველაზე კარგად იცის. მარაზმატიკს რომ რაიმე დაემართოს, საქართველოში ოთხ ოჯახში შუქი ჩაქვრება, გაზი და ტელეფონი გაითიშება. . . ხათუნას Gოოდ Lუცკ –ის იმედი აქვს.
23 წლის ნანა ლ. ალცჰეიმერიანმა მოხუცმა კაცმა მოკლა. ნანას ეძინა. მოხუცი მომვლელის ოთახში შეიპარა, მძინარესთვის ჯერ ტაფა ჩაურტყამს, მერე დანა გამოუსვამს ყელში. მოხუცს არაფერი მოეკითხება, ის შეურაცხადია. ნანას საქართევლიოში გაგაზავნილი ფული კი მისი წესის ასაგებად დაიხარჯა. მეტი ვერ მოაგროვა. სულ რამდენიმე თვის წინათ ჩამოვიდა. ნანას ერთი წლის შვილი დარჩა.
26 წლის მაკა თ. 5 წელი ამერიკაშია. ამ ხნის განმავლობაში დააპურა, ასწავლა, ჩააცვა და უმკურნალა თავის მშობლებს, 4 და-ძმასა და 3 ბიძაშვილს. თავად კი იმ პალტოთი დადის, რომლითაც 2004 -ის ახალ წელს კენედის აეროპორტში დაეშვა. მანამდე კი 5 წელი ეცვა. კბილის ექიმთან ვიზიტს უკვე 2 წელია გადადებს, “ჯანქ ფუდის” გამო უზომოდ გასუქდა, იცის რომ “გაქანებული ნევროზი” აქვს, იცის რომ სამკურნალოა, ისიც იცის, რომ თავისთვის ფული არა აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ოდესმე ექნება და მაშინ აუცილებლად მიხედავს თავის თავს. ისე, ფული ყოველთვის აქვს სანთვლისთვის, საქართველოში ორი ეკლესიის აღსადგენად, სტუდენტი მამიდაშვილების სარჩენად და ნიუ-იორკში სამომავლოდ დაგეგმილი, ქართული ეკლესიის მშნებლობისთვის შესაწირად. ერთადერთი, რაც თავის ოჯახს სთხოვა, ქინძის, ოხრახუშის, კამისა და მისთანანის თესლების გამოგზავნაა (თითქოს აქ არ იშოვებოდეს). სადაც მუშაობს, იმ ოჯახს პატარა მიწის ნაკვეთი აქვს. ჰოდა, მაკა თავს ევლება თავის ქინძებსა და ნიახურებს. ისიც იცის, რომ ნიახური არაა. მწვანე სულიერებს ქართულ სახელებს არქმევს, ეფერება, ელაპარაკება, თავის და სტუდენტი ახლობლების ამბებს უყვება . . .
56 წლის “ლელა ჰაუსკიპერი” (“დამლაგებელი”. ასე შეარქვეს ლელას. მისი გვარი აღარავის ახსოვს) არავინ იცის ზუსტად რამდენი ხანია ამერიკაშია. არც მისმა მეგობრებმა და არც - თავად. რამდენჯერმე თვითმკვლელობისგან გადაარჩიენს. ერთ ღამეს ნიუ-იორკში ოკეანის სანაპიროზე ლელამ წყალში “შესვლა” გადაწყვიტა. ბედად, ორმა გამვლელმა მამაკაცმა უჩვეულო ტანსაცმლიანი “მცურავი’ შეამჩნია და პოლიციას გამოუძახა. გადაარჩინეს. ლელა ფსიქიატრიულში დააწვინეს. ახლა რემისიის პერიოდი აქვს და ამერიკელების სახლებს ალაგებს. კეთილ ხალხს რა გამოლევს და ნაცნობ-უცნობები ლელას დასალაგებელ სახლებს გამოუძებნიან ხოლმე. ჰოდა, ამ ხალხმა ოჯახს საქართველოში შეუთვალა: წაიყვანეთ, უპატრონეთ, მაინცდაიმაინც ამერიკაში უნდა მოკვდესო? გადასვენება 5-8 ათასი დოლარი დაგიჯდებათ, ჩვენ კი როდემდე უნდა ვუპატრონოთ ამ გაჭირვებულს, საკუთარი თავი გაგვჭირვებიაო!? . . იმათ კი ლელას ამერიკელ გულშემატკივრებს, შეუთვალეს: - მანდ იმკურნალოს, ჩვენ აქ ვერ ვუპატრონებთო, ჩვენი მამამარჩენალი თუ “დედამარჩენალი” ეგ არისო, არ გამოუშვათ, არ დაგვღუპოთ, თორემ თავს ჩვენ მოვიკლავთო . . .
35 წლის თეა ჩ. 6 წელია ამერიკაშია. 11 თვის უმუშევრობისა და მაწანწალური ცხოვრების შემდეგ სამსახური ძლივს იშოვა. 75 წლის მოხუცი მამაკაცი ჯერ ჯენტლმენი იყო, მერე კი უხამსი წინადადება შესთავაზა. დაემუქრა გაგაგდებო ანდა ცოლის სამკაულების მოპარვას დაგაბრალებო. თეა გაიპარა და მეგობრის, ელისოს “სახლს” შეაფარა თავი. უფრო სწორედ, ერთი კვირა კარადაში ცხოვრობდა. 31 წლის ელისო დ. 10 წელია ამერიკაშია. თეა ტელეფონით გაიცნო (ნაცნობის, ნაცნობის, ნაცნობის ტელეფონით დამეგობება ემიგანტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია). ელისო მოხუც წყვილს უვლის, ორივე ყრუა, მაგრამ არა ბრმა. თეას წასასვლელი არსად ჰქონდა. ალისომ იგი ამ მოხუცების სახლში, სადაც თავადაც მუშაობს, ჩუმად შეაპარა და “ქლოზეთში” (ოთახი - კარადა) მიუჩინა ბინა. მოხუცი მასპინძლები ძილის წინ სასმენ აპარატს იხსნიდნენ, ამიტომ თეასა და ელისოს შორის არამუნჯური საუბარი სწორედ ამ მომენტიდან იწყებოდა. იმ სახლის პატრონებმა დღემდე არ იციან, რომ მათთან ორი თვე საქართველოს ერთი კი არა, ორი მოქალაქე ცხოვრობდა. ერთი ხილული, მეორე კი უხილავი - “კარადაში”. იმ თავხედი “ჯენთმლენისთვის” კი, როგორც გაირკვა, თეა რიგით მეოცე თუ ორმოცდამეათე მომვლელი იყო. წელიწადში მოხუცი “კაზანოვა” 12 მდედრობითი სქესის მომვლელს იცვლიდა, მამაკაც მომვლელზე კი პრინციპულად უარს ამბობდა. მარტივი არითმეტიკით გამოდის, რომ ჯენტლმენობა მას ხან 29, ხანაც 30 დღეს ჰყოფნიდა.
როცა ელისოსთან გაჩერება შეუძლებელი იყო (მოხუცების შვილი სტუმრად ჩამოდიოდა), ელისომ თავის მეგობარს ელენე ბ.-ს სთხოვა, პატივი მეცი, ერთი ჩვენებური შემიკედლეო. ჰოდა, თეაც ელენესთან გადავიდა. ელენეს Nნიუ-იორკის ღარიბულ კვარტალში ერთი ოთახი აქვს დაქირავებული, სადაც 4 ადამიანი უკვე ცხოვრობს. ელისო მეხუთე გახდა. ელისომ შემოსასვლელ კარებთან, ვიწრო კორიდორში დაიდო ბინა, უფრო სწორედ, საწოლი . . .
31 წლის ელენე ბ. . . .
65 წლის თათია დ. . …. ….
44 წლის მამუკა გ. . . .
28 წლის მადონა კ. . . .
54 წლის კახა გ. . . .
71 წლის ნოდარი ჯ. . .
22 წლის ბაია თ. . . .
81 წლის ქეთევანი ბ.
29 წლის გოჩა ხ. . . .
33 წლის ლელი ჩ. . . .
59 წლის მარიამი ც. . .
24 წლის მაია ბ. . .
74 წლის დავითი ჩ. . .
39 წლის მზია ა. . . .
26 წლის ვასო თ. . . .
36 წლის ნელი ბ. . . .
68 წლის ერეკლე ს. . .
45 წლის ცირა დ. . .
49 წლის ზურა ლ. . .
33 წლის მანანა ბ. . .
25 წლის ვაჟა კ. . .
. . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . .

და ასე დაუსრულებლად. 100 ათასი ან 200 ათასი ან 300 ათასი ან 400 ათასი ან 500 000 ან . . .
***
“საქართველოს რესპუბლიკის” 20 მარტის ნომერში დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ შალვა ნათელაშვილთან. ღმერთია მოწმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად თავს ვიკავებდი საზღვარგარეთ წასული ქართველების ზემოჩამოთვილ “მაიმუნობათა” (სწორედ ასე უწოდა რესპონდენტმა ამერიკაში ქართველთა ყოფას) ჩამოთვლა - შეხსენებისგან. მითუმეტეს, არაერთხელ დამიწერია ამ უჩინართა “სამშობლოს გამყიდველობაზე”, როგორც ბ-ნმა შალვამ განაცხადა. ჰო, მართლა, ამ ისტორიების მოყოლისას ერთი “ფრიად მნიშვნელოვანი” რამ დამავიწყდა: არ მიმითითებია, ოჯახისა და ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისთვის, საკუთარი პროფესიაზე თუ სხვაგვარ თვითრეალიზაციაზე “ნებაყოფლიბით” ურნათქვამი, შორს გადახვეწილი თანამემამულეების პარტიული მიკუთვნებულობისა და პოლიტიკური სიმპათიების შესახებ. თუმცა, არა მგონია, ბ-ნ შალვას დიდად აწუხებდეს იმის გარკვევა, არალეიბორისტი “ჰაუსკიპერი ლელას” მიერ სამშობლოში გამოგზავნილი ფულით თუ პოზიციონერი გიორგის სიმწრითა და ოფლით ნაშოვნი დოლარებით მოღვაწეობს მისი პარტია. ისევე როგორც არ დაინტერესებულა იგი აქ მყოფი ქართველების უფლებებით, Lლეიბორ ანუ სამუშაო პირობებითა და ყოველდღიური რუტინით. როგორც ჩანს, ამერიკიდან გამგზავრებულს ევროპაში მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის “ლეიბორ – კონდიციამ” მიიპყრო მისი ყურადღება. . .
აშშ-ში პარტიები კერძო შემოწირულობებით, მდიდარი, არც ისე მდიდარი თუ ღარიბი ადამიანების მიერ ნაბაყოფლობით გაღებული თანხებით (თუნდაც ერთი დოლარითა თუ ცენტით) არსებობენ და არა ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით. ქვეყნის ბიუჯეტი დგება გადასახადების გადამხდელთა თანხიდან და ნაწილდება ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასულებელი ორგანოს მიერ. საქართველოში კი პარტიები სამშობლოში მყოფი რიგითი ქართველებისა თუ ამერიკაში, საბრძნეთში, თურქეთსა, იტალიასა და ლიბიის უდაბნოში თანამემამულეთა მიერ “მოგროვილი” და სამშობლოში გადაგზავნილი თანხით შევსებული ბიუჯეტიდან არსებობენ. თანაც, როგორადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, “შრომის პარტიის” ქართველი წარმომადგენელები პარლამენტის წევრობის ხელფასსაც იღებენ, თუმცა იქ სულაც არ მუშაობენ. როგორც ვხედავთ, საქართველოში “ვინც არ მუშაობს, ის ჭამს”, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – Lლეიბორისტი – პარლამენტარები. ამერიკელს ერთი თვე რომ უხსნა ამგვარი ქართული პრინციპულობის “სიკეთე”, მაინც ვერ გაიგებს: რანაირად, როგორ, რისთვის, რატომ, რა მანქანებით, რომელი კანონითო - გაუკვირდება. იმასაც ვერ გაიგებს, რატომ ცდილობს პარტია იმთავითვე წამგებიანი განცახდებებით ელექტორატის “ჩამოშორებას”, მაშინ როცა თუ მას არსებობა და მოღვაწეობა უნდა, ელექტორატი პროფესიულად დაგეგმილი მოდერნ - პროგრამებით, წარმატებული (არა მხოლოდ პოლიტიკური) პროექტებით, ქველმოქმედებითა და თუნდაც თვითპიარით უნდა მოიზიდოს. იმიტომ ხომ არა, რომ მიიზიდავს თუ განიზიდავს, ფულს თავის ჯიბეში მაინც მიიღებს? ამას წინათ, მედიის გრძელცხვირიანობის დამსახურებით, ბრიტანელი პარლამენტის, მათ შორის ლეიბორისტების გაუთავლისწინებელი ხარჯები საქვეყნო სკანდალისა და სპიკერის გადადგომის საბაბი გახდა. პირადი დამლაგებლების მომსახურეობაზე ინგლისელი გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვამ დიდი აჟიოტაჟი გამოწვია. ამ უსიამოვნო ამბავს ოკეანისგადაღმა სკანდალიც სინქრონირებს. ამერიკული მედია და არა მარტო იგი აშშ-ის პარლამენტის თავჯდომარის ნენსი პილოსის საზღვარგარეთ მოგზაურობის დეტალებსაც დიდხანს არკვევდა, ისევე როგორც, იმას, იცოდა თუ არა დემოკრატმა ქალბატონმა გუანტანამოს ციხის პატიმარი ტერორისტების წამების ამბავი. აღმოჩნდა, რომ იცოდა. სკანდალი ძალას იკრებს. ნენსი პილოსი დემოკრატიული პარტიის წევრია, არადა დემოკრატი ობამა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამების წინააღმდეგ გამოდიოდა. ეს კი პარტიის შიგნით შეუთანხმებელ ნაბიჯებზე მეტყველებს (ამაში სულ ცოტა ხნის წინათ ოპონენტები რესპუბლიკელებს მიუთითებდნენ), რომელიც გამარჯვებული პარტიისთვის 2009 წლის ახალი ამბავი არ უნდა იყოს. ამერიკის პრეზიდენტი ბუშისგან განსხვავებით ტერორისტების წამებას დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსაურების ცნობით ამ “არასაუწყებო ქმედებით” რამოდენიმე ტერაქტის ალაგმვა მოხერხდა, ხოლო ათეულობით ათასი ამერიკელი მინი - 11 სექტემბერს გადაურჩა. ქვეყანა მსჯელობს, კამათობს, აანლიზებს, იკვლევს . . . ობამას ანტიგუანტანამისტური განწყობის მიუხედევად, იგი არ ემხრობა წამების მამხილებელი ფოტოსურათების გამოქვეყნებას. ამის გამო მას სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციამ “ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა გაერთიანება” (ACLU) უჩივლა. მანამდე კი წარმოსახვის შესაქმნელად ტელევიზია წამების “ციფრულ მულტფილმს” გვიჩვენა. თემიდას უწყებამ კი ობამას სურათების გამოქვეყნებაზე დადებული აკრძალვა მოხსნა.
ამერიკაში პოლიტიკური პარტია მარტო პრესკონფერენციებით არ არის დაკავებული, არამედ თვითკრიტიკისთვისაც “რჩება დრო”, ხოლო პარტიისა და მისი წევრების ფსიქიკური და ეკონომიკური სიჯანსაღის შენარჩუნებაში მას სწორედ კონკურენტი პარტია (პარტიები) ეხმარება (ეხამერებიან). პარტიული ბოსის ლექსიკა და მოქმედება, როგორც წესი, თავადავე პარტიის შიგნით გაკიცხვის, დებატების, არჩევნების ჩატარებისა და აწონ-დაწონვის საგანი ისევე ხდება, როგორც სხვა პარტიის კოლეგათა “მარგალიტები” და ლაფსუსები.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უცვლელი ხელმძღვანელი კი ბრავადით აცხადებს, რომ გაეროს, საქართველოს კონსტიტუციითა სხვა შეთანხმებებით დაფიქსირებული გადადგილების უფლებას შეუზღუდავს ანუ საქართველოში არ შემოუშვებს გარკვეული ნიშნით “დაღდასმულ” ადამიანებს. მისი აზრით, ეს პოლიტიკურად არასაიმედო ხალხი ამერიკაში მყოფ ქართველთა 90 პროცენტს შეადგენს. თუ არაოფიციალური მონაცემებით ამერიკაში (უხეშად რომ ავიღოთ რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი) 200 000 საქართველოს მოქალაქეა, ამ რაოდენობის 90 პროცენტი 180 000 გამოდის. როგორც ჩანს, ამერიკაში სწორედ ამდენი სამშობლოს მოღალატეა, ხოლო დანარჩენს ანუ 20 000 -ს ლეიბორისტებისა და, კერძოდ, ნათელაშვილის მოწონება ერგო. ცივილიზირებულ ქვეყანაში ამგვარი სიტყვის წარმოთქმისთანავე პარტიის თავკაცი თავის პოლიტიკურ რეპუტაციას მძიმეს და მრავალწერტილს კი არა, შავ წერტილს დაუსვამდა და ისეთ “გაუგებრობაში” აღმოჩნდებოდა, რომ მის ქვეშ უგრძნობი სავარძელიც კი თვითნებურ ყანყალს დაიწყებდა. მისი “მარგალიტები” კი, როგორც მინიმუმი, შიდაპარტიული დებატების საგანი გახდებოდა და იგი სახალხოდ ბოდიშს მაინც მოიხდიდა. თუმცა მთავარი ლეიბორისტის “განაჩენმა”, როგორც ჩანს, მხოლოდ ამერიკაში მყოფი ქართველები გააღიზიანა (იხ. სტატიის მესამე ნაწილი). ინტერვიუს გამოქვეყნებიდან აგერ უკვე 2 თვე გავიდა . . ობამა კი თავისი პრეზიდენტობის დროს “ბოდიშს” უკვე მესამედ იხდის. ერთ-ერთი ასეთი მობოდიშების მიზეზი გახლდათ ის, რომ მას ამერიკულ “ღამის შოუში” ხუმრობით ნათქვამი “უწყინარი” ფრაზა არ მოუწონეს. პრეზიდენტმა სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებზე იხუმრა, რაც საზოგადობამ მხოლოდ უიღბლო ხუმრობად არ ჩაუთვალა, ამიტომ რეპლიკას საკმაოდ ხისტი რეაქცია მოჰყვა.
ამბობენ პეტრე პირველმა სანკტ-პეტერბურგი ძვლებზე ააშენა-დადგაო და ეს ქალაქიც იმისთვის მოიფიქრაო, რომ რუსეთს ევროპაში “ფანჯარა გაეჭრაო”. . . თბილისი და არა მარტო თბილისი თავისი სამშენებლო ბუმით, გზებითა და მაგისტრალებით, პოლიციითა და ჯარით, სასტუმროებითა თუ ბანკებით, ტელე და სხვა კომუნიკაციებით, აშენებული თუ ამჟამად “გაშეშებული” შავ-თეთრი კარკასებით; დენის, გაზის, წყლისა და სატელეფონო-საინტერნეტო გადასახადებით, წამლებსა და ოპერაეციებში გადახდილი თანხებით მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართველების სიცოცხლის, ოფლის, სიმწრის, გაჩენის დღის წყევლისა და ლოცვის (ლამის ყველა: ათეისტი თუ მორწმუნე ლოცვების პატარა წიგნს “ლოცვანი –ყოველდღიური საჭირობისათვის” ჯიბითა და ჩანთით დაატარებს), ნევროზ-დეპრესიების ფასად დგას. სტატისტიკის მშრალი ციფრების უკან ჩამარხული ამ “ძვლების” პატრონების სახელ-გვარები არასოდეს შევა არც სასკოლო სახელმძრვანელოებში და არც კლასგარეშე ტექსტებში. ყველაზე საუკეთესო ვარიანტში, ისინი შესაძლებელია დისერტაციის თემად გადაიქცნენ ანდა მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმის სცენარად. ჩემი არაპროფესიული გათვლებით, ამერიკაში წამოსული ერთი ადამიანი, როგორც მინიმუმი, სამშობლოში საშუალოდ 5-6 ადამიანს მუდმივად არჩენს, (არ ვგულისმობ, მეზობლებისთვის თუ ნაცნობ - მეგობრებისთვის საჩუქრად გაცემულ წვრილ-წვრილ თანხებს), თორემ არიან ისეთებიც, რომლებიც 10 – 12 ადამიანსაც კი მუდმივად ეხმარებიან.
3 წლის წინათ საქართველოს მაშინდელ განათლების მინისტრს ჰკითხეს: “ფასიან სასწავლო სისტემაზე ამ ღარიბი ქვეყნის ღატაკი მშობლები როგორ გადავლენო, სწავლის საფასურს როგორღა გადაიხდიანო?” . . რაზეც მან უპასუხა: “იშოვიან, მაინც იშოვიანო”. . . ჰოდა, დაიძრა საზღვარგარეთ საშოვარზე ჯერ კიდევ არ გამგზავრებული საქართველოს ლამის, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი თუ მეოთხედი . . . სიმწრით იშოვეს; სიმწრით მოაგროვეს; სიმწრით იხდიან; ქვას გახეთქენ და თავისიანს არ გაუჭირვებენ; მაინც იშოვეს, მაინც გადაიხადეს; მაინც . . . .
საქართველო იცვლება. ქვეყანა საბჭოური ეკონომიკის სისტემიდან, “შოკური თერაპიიდან”, კოოპერატივის ნამცხვრებიდან ვიდრე სამშენებლო კომპანიებამდე აგერ უკვე 20 წლიწადია ჯერ-ჯერობით უშედეგოდ რაღაც განსახვავებულზე გადასვლას ცდილობს. ჯერ არავინ იცის რა ერქმევა მას: საბაზრო ეკონომიკა, კაპიტალიზმი, საშუალო კლასის თუ ლუმპენების დაბადება თუ სოციალიზმის სკანდინავიური ვარიანტი. მაგრამ სანამ საქართველოს “მაღალ წრეში” მიიღებენ და მანამ საქართველოში გადახდის საშუალებად ევრო დამკვიდრდება, უცხოეთიდან გაგზავნილი დოლარის, ცენტის, ევროს, ევროცენტის უკან კვლავ დგას და დიდდება დანგრეული ოჯახებისა და განადგურებული ჯანმრთლოების, შელახული თავმოყვარეობის, მივიწყებული პროფესიის, თვითრიელიზაციის დაკარგული შანსის ცოცხალ-მკვადი რიგი, რომლის რუტინა ხელფასიან საკანში გამომწყვდეული ყოფა და “დაკარგულ სამოთხეზე” თუ “ნაპოვნ პურის ფულზე” დარდის ჩვევაა. ქართველი არალეგალის, მომვლელის, დამლაგებლის თუ ძიძის მარჯვენა ზრდის სხვის შვილებს ამერიკაში და თავისებს საქართველოში; აშენებს გზებსა და სახლებს ამერიკაში და თავის გზასა და სახლს საქართველოში; უვლის მოხუცებს ამერიკაში და თავის მოხუცებს საქართველოში; საწვავს უსხამს მანქანას ამერიკაში და საწვავს უსხმას თავისიანებს საქართველოში; ბინის ქირას იხდის ამერიკაში და ბინის ქირას იხდის საქართველოში . . . საბრძნეთიდან, იტალიიდან, ავსტიიდან ფული ამერიკაშიც და ევროპის ქალაქებშიც იგზავნება. ქართველი დედები და მამები, მამიდები და ძმები ამერიკაში შვილებისა და დისშვილების სწავლას უფინანსებენ. ფულს საქართვლოშიც აგზავნიან, ფულს დასავლეთის უნივერსიტეტებშიც აგზავნიან, თავად კი ყველაფერ იმაზე აკეთებენ ეკონომიას, რაზეც შეიძლება და არ შეიძლება . . .
თუ ერთი “არშემოსაშვები” ქართველისგან ეკონომიკურ “გენეოლოგიურ ხეს” ავაგებთ, ხაზინისკენ მიმავალი განტოტებებით აღმოჩნდება, რომ ქვეყანა, პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო, სასწრაფო თუ სხვა რამ სწორედ ამ “მაიმუნებით, რომლებიც მაიმუნობენ” სულდგმულობს, მაჯა უცემს და, შესაბამისად ის პოლიტიკ


"საქართველოს რესპუბლიკა"



No comments:

Post a Comment