Saturday, October 8, 2016

ანტიგმირისა და “ლიბერტის” ჯითერბარგი



არასოდეს წარმომედგინა იმ ქალაქში თუ ვიცხოვრებდი, რომელსაც თავისუფლების ქანდაკება “ეკუთვნის”; რომელშიც სელინჯერი დაიბადა, სადაც იგი ბოჰემური უბნის “გრინვიჩ ვილიჯ” ბარებში თავში ძენ - ბუდიზმთით, გულში – “საველე ჰოსპიტლით”, ხელში კი ნახევრადცარიელი ჭიქით აღამებდა და ათენებდა. მაშინ როცა “ჭვავის ყანა” წავიკითხე, ქართლის დედა და “თავისუფლების ქალი” ერთმანეთს ძალიან, ძალიან შორიდან გაჰყურებდნენ. თუმცა ისინი დღესაც არ არიან ახლო სამეზობლო “ალტერ ეგოები” ორ ქვეყანას შორის სუპერჩქაროსნული ავტობანიც რომ გაიდოს. მაშინ რატომღაც მეგონა, რომ ჯულიეტა მაზინა, ოღონდ ფელინის ცოლობის პერიოდის კი არა, არამედ 17 წლის ჰოლდენ კოლფილდის ასაკის, ამ როლს სწორედ სელინჯერისეულად შეასრულებდა.ნინო როტა კი მუსიკას დაწერდა. არა იმიტომ, რომ ჯულიეტა “ბიჭს” ჰგავდა. უბრალოდ: უშველებელი, მრგვალი, მიუსაფარი შავი თვალები, უკან მოკლედ შეჭრილი, შუბლზე დაყრილი “ზღარბი” თმები, “დაკარგული ძაღლის” გამოხედვა, აპოკალიფსური მარტოსულობა და გაუცხოება: “ამარკორდები” ჭვავში და ჭვავი “ამარკორდებში” . . . ამბობენ, რომ ჰოლდენი 1960 - იანების სახელიანი ანტიგმირი ბენჯამინ ბრადოკის (“კურსდამთავრებული”, 1967წ.) წინაპარი იყოო. თინეიჯერი დასტინ ჰოფმანი ჭვავის ყანაში მოდარაჯე ანტიგმირის როლში რაღაც არ წარმომედგინა. ჰოფმანს ნამეტანი საშუალო კლასელის პათეტიკური სახე აქვს და თანაც თავისი გრძელი ცხვირით გაუთავებლად აქსუტუნებს . . .
პირველი იანვარი სელინჯერის დაბადების დღე იყო. სულ მეგონა, რომ სწორედ თავის დაბადების დღეს მოკვდებოდა. ანუ როცა დაიწყო, “იქვე” დამთავრდებოდა. მაგრამ თითქმის მთელიOიანვრით გადააცილა . . .
სელინჯერები ნიუ-იორკში პარკ ავენიუზე ცხოვრობდნენ, მამა ყველსა და ხორცს ჰყიდდა. თურმე ეს ბიზნესი კარგადაც გამოსდიოდა. 15 წლის ასაკში ჯერომი სასწავლებლად სამხედო აკადემიაში გააგზავნეს. იფიქრეს, ალბათ, იქნებ უფრო დისციპლინირებული გახდესო. მანამდე კი თავისი ინდიფერენტობის გამო სკოლიდან სკოლაში მოგზაურობდა, გულს ვერაფერს უდებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე ფრონტის გახსნისას ნორმანდიის ნაპირებსაც მიადგა, ჯარში პატიოსნად იმსახურა, ჰემინგუეიც გაიცნო და ომის “ჰუმანურობაც”. პირველად ჰოლდენის მსგავსი “ტიპი” მის მოთხრობაში - “უკანასკნელი შვებულების ბოლო დღე” (1944წ.) გამოჩნდა. სელინჯერი უკმაყოფილი იყო მკითხველის მიერ ამ მოთხრობის მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო, მაგრამ 1951 წელს დასტამბული “თამაშით ჭვავის ყანაში” გულნაკლული უკვე ვეღარ იქნებოდა. მეორე მსოფლიოომგამოვლილი ამერიკა კი კიდევ ერთ ომს “ელოდებოდა”, ამჯერად “ინდონეზიის მეორე ომის” შემადგენელს - ვიეტნამისას. მაგრამ ჰოლდენმა ეს ჯერ არ იცის. იგი ჯერ უფროს თაობასთან იდეალისტურ “ცივ ომს” ეწევა. ეს ომი ხანდახან ტრაგიკულად ცხელდება კიდეც: ჯონ ლენონსა და რონალდ რეიგანზე თავმდასხმელთათვის . . . მაგრამ სელინჯერი დიდი ხნით ადრე ჩაიკეტა, ვიდრე ლენონი მოკლეს. ალბათ, სწორედ მაშინ, როცა ბავშვობაში, როგორც ამბობენ, საკუთარ სიყრუესა და სუბრმავეზე ოცნებობდა . . . მერე პარტიზანულად “მიიყუჟა”, ვერავინ ხედავდა. თავად კი, რატომღაც მგონია, რომ ჭოგრიტით თუ ტელესკოპით სხვებს აკვირდებოდა, არაფერი უნდა გამორჩენოდა, განსაკუთრებით ის, რაც მისი “ჭვავის ყანის” გარშემო ხდებოდა. პარანოიაშეპყრობილივით თავისი სახელის იმდენად არა, რამდენადაც ჰოლდენ კოლფილდის “გამოყენება” აგიჟდებდა. შეიძლება იგი უფრო მეტად ჰოლდენი იყო, ვიდრე ჯერომი. 1982 წელს სელინჯერმა ერთ ჟურნალისტს უჩივლა, რომელიც ვითომდა მისგან აღებულ, სინამდვილეში არარსებულ ინტერვიუს რომელიღაც მედიაგამოცემისთვის მიყიდვას აპირებდა. თვითმარქვიამ გადაიფიქრა და ამიტომ ჩივილი სელინჯერმაც გადაიფიქრა. იგი 1987-ში გამოუქვეყნებელი წერილების საფუძველზე დაწერილი მისი ბიოგრაფიის ავტორსაც უჩიოდა. 1998 წელს კი სელინჯერზე ასაკით ორჯერ უმცროსმა მეგობარმა ქალმა სახელად ჯოის მეინარდმა მწერალთან თავისი რვათვიანი ურთიერთობის მოგონებები გამოსცა. იგი მკითხველს სათაკილო “მტკიცებულებებს” წარუდგენს: მწერლის დიქტატორული ხასიათის, ჭამის ცუდი ზნის, საქსუალური ცხოვრების პრობლემებისა და კიდევ სხვა “ყოფითი” ნიუანსების შესახებ . . . მგონი, მისთვის ჯერომს არ უჩივლია. სელინჯერს არა ერთი სამართლებრივი და არასამართლებრივი დავა ჰქონდა მისი წიგნების გამომცემლებთან და ფილმის რეჟისორებთან. უკანასკნელი, სიკვდილისწინანდელი 2009 წელს შედგა, როცა “ჭვავის პროზაიკოსი” შვედ გამომცემელს დაუპირისპირდა, რომელმაც თავისი “60 წლის შემდეგ: ჭვავზე მოსიარულე” დასტამბა. დაბერებული ჰოლდენ კოლფილდი ამჯერად მოხუცებულთა სახლიდან გარბის . . . არ ვიცი, ბრუნდება თუ არა იგი უკან ისე, როგორადაც ჰოლდენი დაბრუნდა თავის სკოლაში, უფრო სწორედ, მიხვდა, რომ უკან დაბრუნდებოდა. ჰოლდენი მისისიპის გასწვრივ მოგზაური ჰეკლებერი ფინი არაა, რომელიც მოძალადე მამას გაექცა. მისი ამბები IXX საუკუნის მდინარეს გაჰყვა. თუმცა XX-ში და შემდგომაც, მითუმეტეს ჰიპების დროს, “სახლიდან წასვლა” ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ ჰოლდენი არც ჯენის ჯოპლინია და არც სხვა “ოფიციალური” ჰიპი. სელინჯერის ჭვავის ყანის მოდარაჯეები პრეჰიპური პერიოდისა არიან, მათ თავისი ვუდსტოკი არსად ჰქონიათ.
“ჭვავი” 48 საათიანი მოგზაურობის რომანია. მთავარი გმირი უმისამართოდ გარბის-დარბის-დაეხეტება, ადამიანებიან თავშესაფარს ეძებს - ვისაც, რასაც შეიძლება ენდოს; ვინც ან რაც მას ხან მწველი და ხანაც ქრონიკული გაწბილებისგან განკურნავს; ვინც ან რაც მის “მისიას” ჩაწვდება. ბოლოს დიდი მარტოობის დედაქალაქ ნიუ-იორკშიც ამოჰყოფს თავს; იქ კი უარესი გაუცხოება სუფევს, არავის არაფრის ესმის, მხოლოდ გერი კუპერი და მისთანანი არიან ყურადღების ღირსნი და ისიც მკივანა გოგონებისთვის. . . ყველანაირ სიკეთესთან ერთად ჰოლდენს ხუთი დოლარის გამო იმეტებენ და გვარიანადაც მიტყეპავენ.
ჰოლდენის მსგავსად სელინჯერის ამ წიგნსაც “მისიის” მიუღებლობა “დაემართა”. 1966 - დან ვიდრე 1975 - მდე “თამაში ჭვავის ყანაში” ყველაზე ხშირად აკრძლვადი წიგნი გახლდათ. 1957 წელს ავსტრალიაში ამერიკის ელჩმა ამ ქვეყანას “ჭვავის ყანის” დიდი ტირაჟი აჩუქა, მაგრამ მთელი პარტია საბაჟოზე დააკავეს. საგამომცემლო სახლები აღშფოთებული საზოგადოების ზეწოლას ვერ უძლებდა და წიგნის ტირაჟს საწყობებიდან აქრობდა. სად მიჰქონდათ? არავინ იცის. არა მგონია, - ავტორის საკუჭნაოში. 1963 წელს ოჰაიოს შტატში წიგნში “ანტითეთრული” განწყობები და “უხამსობები” წაიკითხეს. სკოლებში მოსწავლეების მშობლები კოლექტიურ წერილებს წერდნენ და სელინჯერის გმირს გმობდნენ. 1978 წელს ვაშინგტონის შტატში სელინჯერს პროკომუნისტობაც კი დასწამეს, თანაც “ყანაში” 785 ცალი გინება დაუთვალეს; 1980 - ში წიგნი ალაბამას ბიბლიოთეკებიდან გაქრა; 1987 - ში ჩრდილოეთ დაკოტში მშობლებმა ჰოლდენში ღვთისმგმობიც კი დაინახეს - წიგნი კვლავ აიკრძალა. 1994 წელს კი ნიუ-ჰემპშირის (სელინჯერი იქ ცხოვრობდა) ქალაქ ჰოფსთაუნში სასკოლო მმართველობამ მშობელთა მოთხოვნით “ჭვავის ყანა” “ვულგარული სიტყვებისა” და “სექსუალური აღწერილობის” გამო აკრძალა.
მთელი წიგნიდან განსაკუთრებით ცხადად ერთი ჩემი საყვარელი მომენტი მახსოვს, როცა ბარში სახელად “იასამნისფერი დარბაზი” ჰოლდენი ერთ გოგონას, სახელად მარტი, ჯითერბარგს (ბუგი-ვუგისა და როკ-ენ-როლის მსგავსი ცეკვა) ეცეკვება: “მასთან ერთად ცეკვა იგივეა, მთელს დარბაზში თავისუფლების ქანდაკება რომ ათრიო. რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ მისი თრევა ასე მოსაწყენი არ იყოს. მე ვუთხარი, რომ გერი კუპერმა, კინომსახიობმა აგერ იქეთ, დარბაზში გაიარა. - სად, სად? – იგი ძალიან ანერვიულდა”. . .
48 საათში ჰოლდენის სევდა უფრო გაღრმავდა, გაიზარდა . . . სელინჯერის მოთხრობებს (განსაკუთრებით “ჭვავის ყანას”) ყოველთვის ახლდა რაღაც ბლუზურ- არამაჟორული, ნაღვლიან-არაჰეპიენდური, უსუსური, ამაო, განწირული, არაკლოუნადური ბუნტის ინტონაციის შეგრძნება, რომელსაც არა აქვს მაზინას “კაბირიის ღამეების” ფინალური ღიმილი. “ჭვავის ყანის” პირველი და შემდგომი თაობის თაყვანისმცემლების, ჭეშმარიტი და ცრუ სარანგების თბილი სახლებიდან შვილები ისევ გარბიან, თუმცა უკვე არც ისე ხშირად.Mმე კი ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ჯულიეტა კოლფილდის როლს ძალიან კარგად შეასრულებდა. რაც შეეხება “იასამნისფერ დარბაზში” ჰოლდენისა და ქანდაკების ცეკვას . . . რაც უფრო შორდები დიდი ბორანით ოკეანის ცივ წყალში, ქარსა და ნისლში გახვეულ მწვანე ფერის “თავისუფლების ქალს” და მსოფლიოს დედაქალაქის მიწას უახლოვდები, იგი სულ უფრო და უფრო პატარავდება, ჯერ ჰოლდენის ხელა, მერე კი მის უმცროს დაზე, ფიბიზე უფრო პატარა ხდება.ასე უფრო ადვილია ერთი წამით მაინც წარმოიდგინო, როგორ ცეკვავენ “ამარკორდში” გადასული ადამიანები და ქანდაკებები, მათ შორის - ჰოლდენი-მაზინა და “ლიბერტი” - ღია იასამნისფერ - ნისლოვან დარბაზში ნინო როტას მუსიკასზე არა ცალ-ცალკე, როგორც ფელინის ფილმშია, არამედ ერთმანეთთან . . .

29.01.10
საქართველოს რესპუბლიკა.

No comments:

Post a Comment