Saturday, October 8, 2016

“უცნობი ომი”, რომელიც “მოგუდულად” გრძელდება


წინა საუკუნეში, როცა ამერიკის დემოკრატმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ჩინეთში ყოფნისას ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე მაღალ იდეალებზე - ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე - მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა, ოკენისგადაღმა სტუმარს ეს “თავხედობა” ეპატია. აშშ-ის ლიდერი თავის დემოკრატიულ სამშობლოში დაბრუნდა, აღფრთოვანებული ჩინელი სტუდენტები კი შეიკრიბნენ, შესაბამის სტურქტურებს თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად და ადამიანის უფლებების დასაცავად მიაკითხეს, რის გამოც არადემოკრატიული პასუხი მიიღეს - მათ 10 -10 წელი მიუსაჯეს. არავინ იცის იმ საბრალო ჩინელენის ბედ-იღბლის შესახებ. სავარაუდოდ ისინი ციხიდან უკვე გამოვიდნენ და, ალბათ, ნანობენ კიდეც კლინტონს რომ დაუჯერეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ სულაც არ ნანობენ. რას ან ვისგან გაიგებ ამხელა ქვეყნის “უჩინარების” ბედ-იღბალზე? რეალურად, ჩინურ არაეკონომიკურ ამბებსა და კიდევ სხვა ბევრ რამეს ვერ ჩავწვდებოდით, რომ არა Human Rights Watch –ის მსგავსი ერთი - ოროლა ორგანიზაციის ანგარიშები. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ ექს-გულანთებულები სიამაყით იხსენებენ ციხეში გატარებულ ათ წელიწადს, თუმცა “შეცდომის” განმეორებას აღარ აპირებენ. თუმცა ვინ იცის? . . .
დღეს დემოკრატი ბარაკ ობამას მისი კრიტიკოსები პრეზიდენტისეული სოციალური რეფორმატრული შეტევების ტალღაზე ბილ კლინტონის წარუმატებლობას შეახსენებენ, კონკრეტულად კი იმის გამო, რომ ობამა სამედიცინო სფეროში სახელმწიფოს ჩარევის გაზრდას ცდილობს, რათა ამით ყველა ამერიკელს სრულფასოვანი სამედიცინო დაზღვევა ჰქონდეს. კლინტონის დროს ეს კეთილშობილი იდეა მარცხით დასრულდა. თუმცა ეს არა იმდენად აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ეხება, რამდენადაც ქვეყნის შიდა სამზარეულოსა და პრეზიდენტის რეიტინგს. წელიწადში ერთხელ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც აქვეყნებს ანგარიშს სხვა ქვეყნებში “შიდა დემოკრატიის” ხარისხის შესახებ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლების არა ზოგადი, არამედ კონკრეტული მდგომარეობა უფრო არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ღირსი ხდება, ვიდრე - სამთავრობოსი. რუსეთში ობამას ვიზიტამდე HRW –მა მასპინძელ ქვეყანაზე ანგარიშიც გამოაქვეყნა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ციტატები ამ “რეპორტიდან” ობამას თავის რუსი კოლეგისთვის დიდად არ შეუხსენებია, რადგან სამიტზე უფრო “დიდ და გლობალურ საკითხებზე” უნდა შეთანხმებულიყვნენ. თუმცა ისევე, როგორც ჩინეთში კლინტონის გამოსვლა, ობამას ტექსტიც ხაზს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს კვლავ უსვამდა.
ამერიკის პირველმა აფრო-ამერიკელმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ აშშ-ში ყოფნის დროს თავისი ლექციის წარმოთქმის ადგილად მოსკოვში “ეკონომიკის ახალი სკოლის” აუდიტორია და არა პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი აირჩია. ალბათ, მისი ყურადღება სიტყვებმა “ახალი” და “ეკონომიკა” მიიპყრო. რუსულმა მედიამ კი ამერიკის ლიდერის სიტყვის საკვანძო ფრაზები ისე სათავისოდ “გადათარგმნა”, რომ მისი ნამდვილი ავტორი ვეღასოდეს მიხვდება, რომ რუსულად ინტერპრეტირებული წინადადებები ოდესღაც მისი ტექსტის ნაწყვეტები იყო. მხოლოდ ამ “ახალი ეკონომიკური სკოლის” საერთასორისო ენაზე მოუბარი სტუდენტები თუ გაიგებდნენ ობამას ინგლისურს პირდაპირი მნიშვნელობით, თარჯიმნების გარეშე. ჰოდა, ახლა, მგონი, მივაგენი იმ ფარულ მიზეზს, რის გამოც მაღალმა სტუმარმა თავისი “სფიჩისთვის” სწორედ ეს სასწავლო დაწესებულება აირჩია . . . იმედია, ახალგაზრდა რუსები ჩინელი სტუდენტების ბედს არ გაიზიარებენ. ამერიკული “ღამის შოუს” წამყვანი კი მეორე დღეს ხუმრობდა: ობამას, ალბათ, იმ სკოლის ტრიბუნიდან რუსებისთვის 4 მლრ. რუბლის სესხების თხოვნით მიმართვა უნდოდაო. ხუმრობაც დროის შესაბამისია, რადგან ეკონომიკური რეცესია სართაშორისო ვალუტის სამშობლოში კვლავ არ კარგავს აქტუალობას. რაც შეეხება კრემლში ობამას ვიზიტის გაშუქებას, აშშ-ის ტელევიზიას ამისთვის დიდად არ ეცალა. 6-7 ივლისს ამერიკა მაიკლ ჯექსონს ეთხოვებოდა. ასეა თუ ისე, ცივი ომის მოქმედი გმირების მთავარი “სახელმწიფო ქმრები” ერთმანეთს შეხვდნენ, ობამამ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვასა და ატომური იარაღის არსენალის შემცირებაზე საუბრის გარდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს დაუმსახურებელი კომპლიმენტიც უმისამართა, თანაც იმის შესახებ, რომ პუტინმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, როცა იგი პრეზიდენტი იყო, რომ იგი რუსი ხალხის რჩეული იყო. ობამას ვერ მოსთხოვ უცხო ქვეყნის “საშინაო საქმეებში” ისეთ ჩარევას, როგორიც ეს კლინტონმა გააკეთა, როცა, ფაქტობრივად, ჰაიტიში მთავრობის ჩამოგდებას შეუწყო ხელი. თუმცა დიდი სახელმწიფოები იმისთვის არიან დიდები, რომ თავიანთი ზომა-წონა და ატომურობა საერთო “წერტილების” მოძიებაზე დაკარგული დროის არგუმენტად მოიყვანონ. “სხვა წერტილები” კი კვლავ “სხვად” დარჩებიან. აშშ-ის პრეზიდეტს არ დაუკონკრეტებია, იგულისხმებოდა (იგულისხმება) თუ არა ვლადიმერ ვლადიმერის ძე ჩეჩენი ხალხის რჩეულად. ჩეჩნეთის ომის აქტიური ფაზები ხომ უმეტესად რესპუბლიკელი ბუშის პრეზიდენტობის დროინდელია, მათ შორის საქართველოს მიწაზე შარშან აგვისტოში გაჩაღებული დაპირისპირებაც. ისე კი, ჩეჩნების მასობრივი და დაუღალავი ამოჟუჟვის ფონზე ბუშს პუტინის თვალებში სულიერი წიაღსვლები რომ არ გაეკეთებინა, იქნებ 2008 წლის ტრაგედია არც დაგვყდომა თავს. თუმცა ვინ იცის? ისე კი ყველაფერი თავისი რიგით მიდის: არასამთავრობოები არასამთავროობენ და “ნეთვორკები” “ნეთვორკობენ”. მაგლაითად, ამერიკული Chechenya Advocacy. ამ ხალხის ტრაგედიაზე სპექტაკლებიცა და ფილმებიც (მართინ კემფბელის ფილმი “საზღვრებს იქით” ანჯელინა ჯოლისა და კლაივ ოუენის მონაწილეობით) იქმნება. თუმცა ესეც იქვე რჩება, სადაც იქმნება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კინო - თეატრების სივრცეში.

***


ნენსი ბევერლი ცნობილი კალიფორნიელი დრამატურგია, რომელიც პატარაობიდანვე წერდა ახლა კი სხვადასხვა თეატრალური, სატელევიზიო, მედია და ინტერნეტ კომპანიებისთვის მუშაობს, წერს პროექტებსა და სცენარებს (მათ შორისაა პოპულარული ტელესერიალი “სასოწარკვეთილი დიასახლისები”). პიესა “გოდისლავი”, რომლის პრემიერა სანტა-მონიკას თეატრის სცენაზე შედგა, ჩეჩნეთის ტრაგედიას ეძღვნება. დრამატურგმა იგი მას მერე დაწერა, რაც გაზეთ L.A.Times – ში წაიკითხა სტატია იმ ნიუ-იორკელებზე, რომლებიც 11 სექტემბერის ტრაგედიის შემდეგ თავისი დაღუპული, საყვარელი ადამიანების ოთახებში შედიან და აღმოაჩენენ იმას, რაც მანამდე არ იცოდნენ თავიანთი ვაჟების, ქალიშვილების, ახლობლებისა და მეგობრების შესახებ.
- ეს დამატყვევებელი ისტორიები იყო. – მიყვება ნენსი ბევერლი. – გაზეთში 11 სექტემბრზე გამოქვეყნებული ისტორიები მე დავუკავშირე რამდენიმე წლის წინათ იმავე გაზეთ L.A.Times - ში დაბეჭდილ რეცენზიას. იგი ეხებოდა ჩეჩენი ჰასან ბაიევის (თანაავტორები რუთი და ნიკოლას დანილოვები) წიგნს “ფიცი: ქირურგი ცეცხლის ქვეშ”. იმავე წიგნის მეორე გამოცემას კი “ჩემი გულის სევდა” ეწოდა. მე შემძრა ამ ისტორიებმა და პიესა დამაწერინა.
- რუსეთი XX-XXI საუკუნეების გასაყარზე ჩეჩნეთს საშინელი მეთოდებით ებრძოდა და ეს ომი ამერიკისთვის და არა მარტო მათთვის მაინც უცნობ ომადაა “გაფორმებული” . . .
- სამწუხაროდ, ჩემმა კოლეგებმა და საერთოდაც ამერიკელებმა არაფერი იციან ჩეჩნეთის ომის შესახებ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ როგორც კი ჩემი პიესა კალიფორნიის სცენაზე დაიდგა, ამერიკული პრესა მაშინვე ალაპარაკდა ჩეჩნეთის ტრაგედიაზე. “გოდისლავის” სცენარში დოკუმენტალური ფილმების გადამღები კასეი მაკქეინი (გამოგონილი სახელ-გვარი) უცნაურად გაუჩინარდება. მისი მეგობარი გოგონა ჯანა კი მის ძებნას იწყებს, ერთხელაც იგი კაცის ბინაში შედის და კასეის ჟურნალს იპოვის. აღმოჩნდება, რომ მაკქეინი დოკუმენტურ ფილმს ჩეჩნეთში მომახურე სამხედრო ქირურგ ვლადიმირ გოდისლავზე იღებდა. ფილმის ნახევარი გადაღებულიც ჰქონია. ჟურნალის ფურცლები რუსეთ-ჩეჩნეთის სამოქალაო ომის დროს გოდისლავის თავგადასავალას აღწერს. რასაკვირველია, ვლადიმერიც გამოგონილი ფიგურაა. მისი პორტრეტის შექმნაში კი ბაიევის წიგნი დამეხმარა. ჩემმა პიესამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა: ყველას აიტერესებდა მართლაც სად გაქრა დოკუმენტალისტი და ამავე დროს ყველა ყურადღებით უსმენდა და იმახსოვრებდა გოდისლავის მიერ ჩეჩნეთის ომზე მოყოლილ საშინელ ისტორიებს.
გეთანხებით, ამერიკამ ამ ომის შესახებ არაფერი იცის. მხოლოდ მას მერე, რაც წიგნიდან პრესაში ჩემს მიერ გადმოტანილი პატარა ისტორიები გაჩნდა, ბევრი მართლაც დაინტერესდა პატარა ჩეჩნეთის ბედით. ვაკუუმის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სუპერსახელმწიფო რუსეთი სრულად აკონტროლებდა იმ ინფორმაციას, რომელიც ორ ქვეყანას – ამიკისა და რუსეთს შორის - გაიცვლებოდა და ამიტომაც აშშ -ში არავის ჰქონდა ამ სამარცხვინო ომის სრული სურათი.

***

ელენა მაგლევანნაია ახალგაზრდა რუსი პოეტი და ჟურნალისტია, (აგვისტოს ომის დროს რუსულენოვან მედიაში საქართველოს მხარდამჭერ წერილებს ბეჭდავდა), რომელმაც ჩეჩნების ტრაგედიასა და რუსეთში მათ დევნაზე არაერთი სტატია და ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. იგი იბეჭდება რუსულ გამოცემაში “სვობოდნოე სლოვო” და “პატიმართა უფლებების დაცვის ფონდის” მაცნეში, ასევე სხვადასხვა ინტრნეტ გამოცემებში, აქვს თავისი ბლოგი. მისი ბოლო სტატიების სერია რუსეთის ციხეში, რომელსაც იგი რუსულ საკონცენტრაციო ბანაკს უწოდებს, ჩეჩენი ზუბაჟრ ზუბაჟრაევის წამების ფაქტებს ეხებოდა. რუსმა ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა ელენას მხარდასაჭერად მძლავრი და დროული კამპანია ააგორეს. ციხის ადმინისტრაციამ კი მაგლევანნაიას “ცილისწამების” უარყოფა მისისვე სტატიის გამოქვეყნებით მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმითა და კიდევ სხვა “არასანქცირებული” სასჯელებთ დაემუქრა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ელენას სიცოცხლესა და თავისუფლებას მართლაც სერიოზული საფრთხე შეექმნა, ამიტომ ერთი თვის წინათ იგი იძულებული შეიქნა ქვეყანა დაეტოვებინა და ფინეთისთვის შეეფარებინა თავი. მე მას ჰელსინკიში დავუკავშირდი და ვთხოვე განემარტა უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი.
- მე გაუთავებლად მემუქრებოდნენ. განსაკუთრებით მას მერე რაც გამოვაქვეყნე ციხეში ზუბაჟრაევის წამების ფაქტების ამსახველი წერილების სერია. მოხდა ისე, რომ ციხით აქეთ დამემუქრნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსებით უნდა გავესამართლებინე იმისთვის, რომ უარს ვამბობდი ჩემივე ტექსტის უარყოფაზე – მითხრა ელენა მაგლევანნაიამ. – მე ამ უარყოფას არასოდეს დავწერდი, რადგანაც ჩემს სტატიებში თითოეული სიტყვა აბსოლუტურ სიმართლეს შეესაბამებოდა. გარდა ამისა მე დამემუქრნენ რუსეთის ნაციონალისტური ორგანიზაციები მხოლოდ იმის გამო, რომ ჩეჩენს დამოვექომაგე. ახლა უსაფრთხოდ ვარ და შემიძლია ჩემის საქმიანობა განვაგრძო.
- ემიგრაციისთვის ფინეთი რატომ აირჩიეთ?
- ერთი თვის წინათ ფინეთში ადამიანის უფლებების დამცველ კონფერენციაზე გახლდით მიწვეული და ჩასვლისთანავე პოლიტიკურ თავშესაფარის მისაღებად განცხადებაც დავწერე. თანაც მომეწონა ფინეთი. იგი თავისუფალი, ევროპული ქვეყანაა. აქ ყველას შეუძლია შიშის გარეშე იცხოვროს და იმუშაოს, ხოლო ჩემი შეხედულებების გამო “თეთრ ყვავად” არ ვგრძნობ თავს. ფინეთში ჩეჩნებს კარგად ეპყრობიან და საერთოდ ადამიანებს ეროვნების მიხედვით არ არჩევენ. რუსეთში კი ყოვლისმომცველი შიში და დათრგუნულობაა. ჩემი თაბეჭდილებით, ფინეთში ადამიანი თავს თავისუფლად გრძნობს.
- ჩეჩნეთში თითქოს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს ომი ისევაა, თუმცა “მოგუდულად”. ასე არ არის?
- ჩეჩნების დიდი ნაწილი ციხეში ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში მონაწილეობის გამო ზის. მათ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის “მძიმე” მუხლებით ასამართლებენ – ტერორიზმი, ბანდიტიზმი, “უკანონო სამხედრო ფორმირებებში” მონაწილეობა. ამ მუხლებით მათ მინიმუმ 12 წელს აძლევენ, მაქსიმუმ – სამუდამო პატიმრობს. ძალიან ბევრია ის, ვისაც 20 წელი მიუსაჯეს და უფრო მეტი, ვისაც სამუდამო პატიმრობა ელის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩეჩნებს სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებენ, მაშინ როცა ისინი სამხედრო ტყვეები არიან. განაჩენის გამოტანის შემდეგ ყველას რუსეთის შორეულ რეგიონებში აგზავნიან, ხოლო პირობები, რომლებშიც ისინი მყოფებიან, უმძიმესია. ჩეჩენ პატიმრებს კოლონიის ადმინისტრაცია განსაკუთრებული სიმკაცრით ეპყრობა. ისინი საშინელ იზოლატორებში იმყოფებიან, სადაც სინესტე და აუტანელი სიცივეა. ამის გასამართლებლად კი კოლონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნების მიერ ციხის რეჟიმის არარსებულ დარღვევას იშველიებს. ჩეჩენ პატიმრებს არ აქვთ ახლობლებთან შეხვედრისა და მათგან რაიმეს მიღების უფლებაც კი, მათ ძალიან ხშირად სცემენ და სხვადასხვა ველური მეთოდებით აწამებენ. ამიტომაც ციხეში ჩეჩნების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა. აუტანელი პირობების გამო ისინი მძიმედ ავადდებიან, ხოლო სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ციხის ადმინისტრაცია “უცნობ ფაქტრს” ასახელებს.
- რუსეთის ციხეებში წამების მეთოდს მხოლოდ ჩეჩნების წინააღმდეგ იყენებენ?
- რუსეთის ციხეებში წამება ზოგადად მიღებული პრაქტიკაა. მაგრამ ჩეჩნები – ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ვერ იპოვით ჩეჩენს ციხეში, რომელიც დისკრიმინაციას თავისი ეთნიკურობის გამო არ განიცდიდეს. ჩეჩნები კოლონიის თანამშრომლების სახით თავის ძველ მტრებს ხვდებიან, იმათ, ვის წინაარმდეგაც ადრე ჩეჩნეთში იბძოდნენ. რუს ჯარისკაცებს კი ჯარში მსახურობის დასრულების შემდეგ, სადიზმისა და ძალადობის უნარ-ჩვევები ახალ სამსახურში გადააქვთ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რუსეთის ციხის სისტემაში არსებობს დაუფარავი დისკრიმინაცია ეროვნული მიკუთვნებულობისდა მიხედვით და ეს ეხება უპირველესად ჩეჩნებსა და ქართველებს.
- კავკასიელებს გამოძიების დროსაც აწამებენ თუ “დედოვშჩინა” მხოლოდ სასამართლოს შემდეგ ციხის საკანში მოხვედრისას იწყება?
- გამოძიების სტადიაზე მათგან აღიარებით ჩვენებას მოიპოვებენ იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მათ არასოდეს ჩაუდენიათ. აიძულებენ ცრუჩვენება ვიღაცის წინააღმდეგ მისცენ. სასამართლოს მერე კი მთელს ღვარძლს ჩეჩნებზე ანთხევენ, ამცირებენ ყოველგვარი მიზნისა და მიზეზის გარეშე, უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ამას სჩადიან ისინი, ვინც ჩეჩნეთში რუსეთის მხარეს იბძოდა.
- ასეთი ბრალდებით რამდენი ჩეჩენი ზის ციხეში და რამდენი ჟურნალისტი ტოვებს რუსეთს თავისი პროფესიული საქმიანობის გამო?
- არაოფიციალური მონაცემებით რუსეთის ციხეებში 22 ათასი ასეთი ჩეჩენი პატიმარია. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ამდაგვარი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ პრეცენდნეტები არის. მაგალითად, ლონდონში ცხოვრობს ელენე ტრეგუბოვა, მოსკოველი ჟურნალისტი. იგი იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო მას მერე, რაც თავს დაესხნენ. ფინეთში კონფერენციაზე კი ჩემთან ერთად ნომერში ფატიმა ტლისოვა ცხოვრობდა. ძალიან კარგი ჟურნალისტი, რომელიც კავკასიურ თემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე წერდა. ადრე იგი ნალჩიკში ცხოვრობდა, მაგრამ იძულებული იყო ამერიკისთვის შეეფარებინა თავი, რადგან მას გაუთავებლად ემუქრებოდნენ ის ადამიანები, ვის დანაშაულებრივ ქმედებასაც იგი ამხელდა. ის კი არა, მის მოკვლასაც არაერთხელ შეეცადენენ. . .
მე უკვე კარგად ვიცი, თუ რა უნდა ვაკეთო და როგორი იქნება ჩემი მომავალი: უნდა დავეხმარო იმათ, ვინც რუსეთში დარჩა ანუ როგორც ჟურნალისტმა ვწერო და ვიმუშაო, ვიმუშაო და ვიმუშაო

14.07.2009
საქართველოს რესპუბლიკა

No comments:

Post a Comment