„ ნება ძალაუფლებისკენ“, ნიცშე
17 მაისს, საქართველოს დედაქალაქში, არშემდგარი აქციის მონაწილე ორმოცამდე მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული „მორწმუნე’’, ბრუტალური ძალის დემონსტრირებამ (რომლის ავტორები გახლდათ საქართველოს საპატრიარქო, მაჩო მღვდლები, აგრესიული „ეკლესიური“ მრევლი და უსუსური პოლიცია) რამდენიმე რამ გამახსენა: პარიზში ნასწავლი, ფრანგული კლასიკური ლიტერატურისა და ფრანგი მწერლის, ჟან-ჟაკ რუსოს თაყვანიმცემლის, პოლ პოტას სიმბოლური საფლავი, რომელიც ლამის ტურიზმის მექად გადაიქცა. „წითელმა კჰმერებმა“, ფაქტობრივად, გაანადგურეს კამბოჯა, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო და 7 მილიონიანი მოსახლოებიდან 3 მილიონზე მეტი მოსრეს. „წითელი კჰმერების“ ნამოქმედარზე ლეგენდები დადიოდა და დადის. სამყაროს, რომელმაც გერმანული ფაშიზმი და საბჭოთა გულაგები გადაიტანა, ეყო გაოგნების უნარი იმისთვის, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში, ტერორის კჰმერულ მანქანას გაეკვირვებინა. ადამიანებს მათ მიერვე ამოთხრილ ორმოსთან ნაუცბადევად ხვრეტდნენ, იქ ყრიდნენ და სასწრაფოდ მიწას აყრიდნენ. დასახვრეტთა უკანა რიგებში მყოფთ, მცირედი, მაგრამ მაინც ჰქონდათ იმის შანსი, რომ სასიკვდილო ტყვია არ მოხვედროდათ. ისინი ორმოში პირველები ვარდებოდნენ და ზემოდან სხვათა გვამები ეყრებოდათ. ყოფილა შემთხვევები, როცა სასაკლაოს ფსკერიდან ადამიანებს თავი დაუღწევიათ, ანუ მიწადაყრილი საძმო საფლავიდან ამომძვრალან და მხოლოდ პოლ პოტას სიკვდილის შემდეგ, საკუთარი გაცოცხლების შესახებ უსაუბრიათ – როგორ გაიკვალეს „გზა“ სასაფლაოში თავზე დაყრილ გვამებს შორის. გამოხდა ხანი და ადამიანები პოლ პოტას სიმბოლურ საფლავზე ყვავილებით მივიდნენ; იმ ადამიანის საფლავზე, რომელსაც სათვალიანები არ უყვარდა და მხოლოდ იმიტომ ხვრეტდა მათ, რომ „აჩკარიკები“ იყვნენ, ანდა ფრანგულად ლაპარაკობდნენ. ჩვენი წარსულიდან ლენინის მავზოლეუმმა, სტალინის უკვდავმა შარავანდედმა, ანდა რუსეთის ერთ–ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრძანებულმა პუტინის ხატმა, თუ საქართველოში - მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მავანმა ბინადრმა და მათ მიმართ პატივისცემამ, კვლავ მწვავედ დააყენა ადამიანის იდენტობის შემადგენელად სხვათა მსხვერპლად გადამქცევი და დამრთგუნველი ძალის/ძალების მეტასტაზირებისა და „მომხიბლვლელობის“, ძალისაგან სიამოვნების არა ისტორიულ – ფსიქოლოგიურ – ფილოსოფიურ – თეორიული, თუ რეთეორიული აღქმა–გასნჯა–მიღების, არამედ სრულიად რეალური და ძალადობის ნატურალიზმის თემაზე მძინარე თუ მღვიძარე მეხსიერების საკითხი – ფენომენი. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს თემა მტკივნეულად აქტუალურია ჩემი თაობის ადამიანისთვის. ადამიანისთვის, რომლის თვალწინ კავკასიაში რუსეთის იმპერიის მიერ პროვოცირებული ომები მოხდა: საქართველოს სამი ომი: თბილისის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის; სამოქალაქო და სამამულო ომები და ყარაბაღის კონფლიქტი. აქედან ჩეჩნეთის ორ ომს, ლამის, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ეს იყო ლოკალური ომები, მაგრამ არის „სხვა“ ომებიც. იყო და არის კიდეც „სხვაგან“ თანამედროვე სასაკლაოები, რომელთა შესახებ რიგიანად არც ვიცით. ისინი ჩვენს პერსონალურ გამოცდილებას მხოლოდ ვიზუალური ხატებით, მსხვერპლთა დანახვითა, თუ სტატისტიკით შეძრწმუნებული ადამიანის ემოციით „ეხებიან“, რადგანაც ისინი ჩვენმა ღობემ ,,იქით’’, მთა – კლდე – გორაკებს მიღმა დატოვა. აქ საუბარი არაა მოგება–წაგების, გამარჯვებულ–დამარცხებულის, ლეგიტიმურ–არალეგიტიმურის დიქოტომიაზე. საუბარია შიშველ ძალადობაზე, ძალაუფლებისა და დომინირების პათალოგიურ მოყვარულობაზე, ამპარტავნება–პატივმოყვარეობაზე, ომზე, მასობრივ აგრესიაზე, რეპრესირების მანქანაზე, ტერორზე, ექსტრემიზმზე, სიცოცხლის ღირებულების დევალვაციაზე, როგორც არსებულ რეალობაში თვით/კვლავწარმოებულ, თვითკმარ, რეპროდუცირებად ძალაზე/ძალებზე, რომელიც ჩვენშია, ჩვენ გარეთაა, ჩვენ ირგვლივაა, შორსაც და ახლოსაც. აი, მაგალითად, ავიღოთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი –http://scara.gov.ge/ka/2010-07-05-08-39-35.html. თუ იქ სიტყვა „გენოციდს“ ,,დავაწკაპებთ’’, ვიპოვით ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიხედვით, 20 წლის წინ დახოცილი ადამიანების სიას, რომელიც რანჟირებულია ცხოვრებისა და მოკვდინების ადგილის მიხედვით. გაგრა – გაგრის რაიონი. გულრიფში – გულრიფშის რაიონი. გალი–გალის რაიონი. გუდაუთა – გუდაუთის რაიონი. ოჩამჩირე –ოჩამჩირის რაიონი... აი, ჩემი შვილის ნათლიის მამაც. სოხუმი–სოხუმის რაიონი. N 528. ერთ–ერთი იმ 30 000 ქართველთაგანი, რომელიც მაშინ მოკლეს. ანდა ნებისმიერი მემორიალი, სადაც მსხვერპლთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული – თუნდაც უახლესი ისტორიიდან ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის კომლექსი.
დიდი ხანია, ძალადობა აღარაა ისტორიული წარსული, ანდა მხატვრული ფილმების ნარატივი. იგი არც დამონტაჟებული დოკუმენტური ფილმებია. ის მეზობელ ქუჩაზეა, სადარბაზოში, ტრანსლირდება პირდაპირ ეთერში, ვიზუალიზირდება აქ და ამჟამად, ,,იუთუბის’’, მობილური ტელეფონის თუ ტელევიზიის საშუალებით. იგი „იქ და იმჟამად“ არაა. ყოველთვის „აქ და ამჟამადაა“. მოძალადეს შეუძლია შემთხვევით „გამვლელს“ ჩართული ფოტოაპარატი ან მობილურის კამერა ხელში შეაჩეჩოს და ეს უკანასკნელი ოპერატორობას დასთანხმდეს. იგი „მსახიობის“ მიერ ჩასადენ ძალადობას, როგორც სცენარის ეკრანიზაციას, ისე იღებს. ასეთი რამ ამას წინათ ბრიტანეთში მოხდა, მაშინ, როცა ორი ისლამისტი ექსტრემისტი ერთ ბრიტანელ ჯარისკაცს დღისით – მზისით, ღიად, ცივი იარაღით, სხვა ადამიანების თანდასწრებით, გულმოდგინედ უსწორდებოდა და პარალელურად, კამერის წინ პოზირებდა. ანდა, როცა სირიელმა მეამბოხემ მეორე სირიელს გული ამოაჭრა და იქვე, კამერის წინ შეჭამა, ანდა ავღანეთში თალიბანის „სარანგების“ მიერ ზურგიდან, ასევე კამერის წინ დახვრეტილი ქალი, რომელსაც მამაკაცების აღფრთოვანებული ტაში მოჰყვა, ანდა „ზნეობა გადაარჩენს საქართველოს“ ეგიდით ქართველი მართლმადიდებელი არქიმანდრიტის მოწოდება: “ჩაგხოცავთ, თქვენი დედა ... @“. მიზანი – განხორციელდეს საქართველოს ყველაზე ძველი ოცნება – „ივერიის გაბრწყინება“ იმ ადამიანის ლოცვა–კურთხევით, რომელიც მრევლის უმრავლესობის აზრით, ყველაზე კარგად შეესაბამება „ბაზალეთის ტბის ძირის“ ბინადარს. პირადად ჩემთვის, როგორც ფსიქიატრისთვის, როგორც ადამიანისთვის, - რომელმაც რამდენიც არ უნდა იკითხოს ერიხ ფრომის „ადამიანის დესტრუქციის ანატომია“, ლორენც კონრადის „აგრესია“, ანდა ჟაკ დერიდას „ძალადობა და მეტაფიზიკა“ და მსგავსი ნაშრომები, ანდა ნეკროფილიისადმი გამძაფრებული ვნებით, „სტოკჰოლმის სინდომით“, თუ სხვაგვარი მოსაზრებებით შეეცადოს ძალადობის ფენომენის გაანალიზებას, - ალბათ, სამუდამოდ აუსხნელ მოვლენად დარჩება, თუ რატომ უგზავნიან უცნობი ადამიანები (საუბარია იმათზე, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს) სიყვარულით სავსე წერილებს ანდერს ბრეივიკს (ნორვეგიაში 77 ადმაიანი მოკლა, 151 დაჭრა) ციხეში, ანდა რატომ ჩნდება ინტერნეტში ჯოჰარ ცარნაევის (ბოსტონის მარათონის ტერაქტის ავტორი) მხარდამჭერთა სია, ანდა როგორ შეიძლება არსებობდეს ქართულ რეალობაში, თუ სოციალურ ქსელებში 17 მაისს განსხავებული სექსუალური ორიენტაციის სიძულვილის გამპროტესტებლებზე მოძალადე მამაოების ქება-დიდების ,,ბუმი’’: „უჰ, მამაო, ვენაცვალე შენს ქრისტესმიერ მარჯვენას, პიდარასტებს ყ@ –ზე ჯვარი დაუმიზნე და ჩაარტყი ისე, რომ ტყ@ აღარ მოუნდეთ!“; ანდა ყოველგვარი რეზისტენტობის გარეშე როგორ უნდა შესციცინებდეს თვალებში ცნობილი ჟურნალისტი წელიწადში 30 – ჯერ ამერიკაში მყოფ (ლევან ვასაძის სიტყვები) იმ ქართველ ბიზნესმენს, რომელმაც ლამის, (მისივე განცახდებით) პირველმა გაჭრა „ევროპაში“ ფანჯარა; რომელსაც „უყვარს“ დასავლური კულტურა, მაგრამ ბაგეთაგან ჩვეულებრივი ქართული „თრეში“ უწყვეტ ნაკადად გადმოსდის. და არც არავინაა გარშემო, რომ მას მიზანთროპიის ეს შეტევა შეაწყვეტინოს. არადა სწორედ მუდმივ რეჟიმში „თრეშის“ ჭავლი გახლავთ ძალადობით შეპყრობილობის პროპაგანდა და აუტოდაფეს წახალისება. და რატომ არ უსვამს ჟურნალისტი მას „თრეშულ“ შეკითხვას: აცვია თუ არა „მართლმადიდებელ მოქალაქე“ ვასაძეს გეი კელვინ კლაინის საცვალი, ან პერანგი, მის ცოლს კი ბისექსუალი კოკო შანელის კაბა? უნახავს თუ არა გეი რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმები, გეი კალათბურთელი ჯეისონ კოლინზის თამაში? და თუ ამერიკული კულტურა უყვარს, მოუსმენია თუ არა ლესბოსელი ჯენის ჯოპლინის მუსიკა, ანდა წაუკითხავს თუ არა გეი თრუმენ კაპოტე და ალენ გინსბერგი, ლესბოსელი ემილი დიკინსონი და რა აზრისაა გეი ჰერბ რიტსის ფოტოხელოვნებაზე? მჯდარა თუ არა გეი ფრენკ ჰერშის მიერ ,,გადიზაინერებულ’’ სპორტულ ავტომანქანაში და როგორ „ქრისტიანულ სანქციას“ გასცემდა ებრაელი ანა ფრანკის „მოსარჯულებლად“, რომელსაც ლესბოსური ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა? რატომ დაფრინავს ამერიკული „ბოინგით“, ანდა რატომ სარგებლობს ასევე ამერიკული ინტერნეტით, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების შექმნილიცაა? ეწევა თუ არა ამით უზნეობის პროპაგანდას? და მიახლის თუ არა პირში ის ,,ვინმე’’ ამერიკელს (მაგალითად, ჯორჯ ბალანჩინის თაყვანისმცემელს, რომელმაც მეტროპოლიტენ ოპერაში გეი ვახტანგ ჭაბუკიანი, ან მისი სახელობის საბალეტო სკოლა ქება-დიდებით მოიხსენია), რომ ამერიკა „ცხოველების ფერმაა“ (ვასაძის ტერმინი), რადგან ეს ქვეყანა თავის საოპერო სცენას ლესბოსელ მეცო – სოპრანოს ლაურა რუბინს უთმობს?; რომ ჭაბუკიანი „პიდარასტი“, „მამაკაცებზე მღოღავი“ (ვასაძის ტერმინი), „ქართული ტრადიციების“ სოდომისტი მოღალატე, ,,სულით არაქართველი’’ იყო?
ასევე წმინდა წყლის „თრეში“ იყო ავღანეთში თალიბი თვითმკვლელების შეტევის შედეგად, ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქართველი ჯარისკაცების სიკვდილისა და ადამიანის სამოქალაქო უფლების – სიტყვისა და გამოხატვის უფლების „მორალური“ დაპირისპირება, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის, ასევე სასულიერო პირების მხრიდან. ამ ეტაპზე გაცხადებული მიზნის შესაბამისად, ავღანეთში, ქართველი და სხვა ქვეყნის მოქალაქე ჰეტეროსექსუალი, თუ არაჰეტეროსექსუალი ჯარისკაცები, „არამართლმადიდებელ ქვეყანაში“, ავღანელებისა და არაავღანელების სიცოცხლის უფლებას იცავენ, მათი რელიგიური, ეთნიკური მიკუთვნებულობისა, თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. 17 მაისს, საქართველოში კი ორგანიზებულად აგრესიული მართლმადიდებელი თალიბანი, სწორედაც რომ სიცოცხლის უფლების მოსპობას კოლექტიურად შეეცადა. ჩვენ ვიხილეთ „ტრადიციის დამცველი“, „ქრისტიანი ჯვაროსნები“, რომლებსაც ჩოხის საქილეებში „წმინდა ლურსმნები“ ჩაეწყოთ და მზად იყვნენ, ინკვიზიცია, ლინჩის წესი და „ღვთის სამართალი“ იქვე, პირდაპირ ეთერში, ეკრანთან მსხდარი თავიანთი შვილების თვალწინ აღესრულებინათ, ქვებითა და შიშველი ხელებით. გარეთ კი XXI საუკუნის შუა საუკუნეები ჩამოწვა. ჩვენი მსოფლიო სიამაყისა და უნიკალური მრავალფეროვნების საგნის – „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სახელობის გამზირზე. თუმცა იქ, სადაც არმენოფობი რეჟისორი ქსენოფობიური ,,მჭერმეტყველების’’ გამო, ლამის, პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურა ხდება, „კავკასიური ფობიის წრეზე“ პრიმიტიული რბოლა, ქართულ და (მით უფრო, ჩვენდა სავალალო) საეკლესიო სპორტის თავისებურების რუტინად სრულიად ლეგიტიმურად გადაიქცა. 17 მაისს გაცხადდა ჰუმანიზმის კრიზისის, ანტიქრისტიანობის, ძალადობის მონუმენტალიზმისა და მისი ტრივიალურობის ყოვლისმომცველობა. ღობესა და გორაკების აქეთაც და იქითაც. მე თუ მკითხავთ, 17 მაისი „მართლმადიდებელთა“ მიერ „არამართლმადიდებელთა“ სხეულიდან დემონების ტაბურეტით განდევნის ( მართალია, არავინ მოუკლავთ, მაგრამ არსებობდა ამის ძალიან დიდი ალბათობა ) და „ნაციონალური ჰუმანიზმის“ გლოვის დღედ უნდა გამოცხადდეს და ხუთჯვრიანი დროშა დაეშვას.
2013 წლის 17 მაისს სავსებით შესაძლებელი იყო „სამმაგი (ანდა, სულაც ,,მეტმაგი’’) მკვლელობის“ მოწმენი გავმხდარიყავით – ადამიანის, როგორც მოქალაქის; ადამიანის, როგორც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და ადამიანის, როგორც „ქამინგ- აუთის“ გამბედავის, როგორც პატრიარქალური მითების ცოცხალი კონტრარგუმენტის. მედიაში ჰომოფობი პარლამენტარის „თრეშიც“ მოვისმინეთ: „ამ საქმეში ვართ მაღალკულტურული ერი“ და ჰომოფობი რეჟისორის მორალური პანიკაც, რომელიც მანამ, სანამ რუსთაველზე TMS გალერეა – ბიზნესს არ დაუხურავდნენ, უარს არ იტყოდა გეი ენდი უორჰოლის თუნდაც ერთ–ერთი ნახატის, მაგალითად, „ბანანის“ გამოფენაზე. „სელებრითი“ სასულიერო პირების „თრეში“ კი უწყვეტ ნაკადად მოედინება საპატრიარქოს კედლებიდან და ვირტუალურ სივრცესაც მოქნილად იკავებს: არქიმანდრიტი რაფაელი: „ლიბერალების ზრუნვა ადამიანებზე ძალიან უცნაური რამაა. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ადამიანს რკინიგზის ლიანდაგზე დაეძინა. იგი ორმა მგზავრმა იპოვა – ქრისტიანმა და ლიბერალმა. ქრისტიანი ანჯღრევს მძინარე კაცს და ეუბნება: „გაიღვიძე, თორემ დაიღუპები!“ ლიბერალი მას ეწინააღმდეგება: „რატომ აღვიძებ და აწუხებ საბრალო ადამიანს? ნუთუ, ვერ ხედავ, რომ იგი დაღლილია? ეძინოს ტკბილად, სანამ თვითომ გაიღვიძებს. შენ არ იძალადო მის თავისუფლებაზე“ (www.zneoba.ge) სწორედ ამგვარ „ეზოპეს ენაზე“ საუბრობდა ერიხ ფრომი, როცა ჰიტლერის ქარიზმატულობას ხსნიდა: „ჰიტლერს ჰქონდა დემაგოგისთვის ერთი მნიშვნელოვანი ნიჭი: ენის სიმარტივე.“ თუმცა ეს დამანგრეველი გამომსახველობითი სიმარტივე ფროიდმა ვერ გაშიფრა, როცა მას ახალგაზრდა, ვაგნერის მოყვარული მხატვრის, ადოლფ ჰიტლერის ნახატი აჩვენეს. 2013 წლის 17 მაისმა, სამწუხაროდ, აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში, საქართველოს „იდილიურ“ სასულიერო სივრცეში ძალადობისადმი მაგნეტიზმი უფრო ძლიერი და ხისტია, ვიდრე ეს ყველაზე ცუდ სიზმარში შეიძლებოდა გვენახა.
***
2012 წელს კანის ფესტივალის ერთ–ერთი გამარჯვებული გახდა ყოფილი კომუნისტური ბანაკის ერთ-ერთი ქვეყნის, რუმინეთის წარმომადგენლის, რეჟისორ კრისტიან მუნჯიუს მხატვრული ფილმი Dura Dealuri („გორაკებს მიღმა“). ფილმში აღწერილია 2005 წელს მოლდავეთის ერთ–ერთ მონასტერში ეგზორციზმის ტრაგიკული შემთხვევა და სცენარიც, შესაბამისად, დოკუმენტურ პროზას ეყრდნობა. Dura Dealuri არის გენიალური ფილმი–სარკე. და გენიალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის კონტექსტი რელიგიური ფუნდამენტალიზმია, რომელიც მართლმადიდებელი სექტანტი მღვდლისა და მის ,,ბინადართა’’ ყოველდღიურობის ფონზე ვითარდება; ღრმა და მტკივნეული ემოციები მხატვრული გამომსახველობის თუ მიზანსცენების კონგრუენტულია; მთელი ფილმის განვლობაში იმის განცდა გეუფლება, რომ ძალადობა გორაკებს მიღმა კი არა, ყურის ძირში ხდება. აი, აგერ. სულ ახლოს. ღობეს გადმოღმა. და ამ სიახლოვეს ვერსად დაემალები. ძალადობის სუნთქვას ლამის კეფაზე გრძნობ. არა. იგი იმიტომაცაა გენიალური, რომ აჩვენებს არა ძალადობას, როგორც ასეთს, არა სიბნელის ხისტ შეუვალობას, ანდა უმეცრებასა და ცრურწმენებს, ანდა ჯიპიანი მამაოების ობსკურანტიზმს, არამედ, გასაოცარი ნატურალიზმითა და სიცხადით – ტოტალურ, ძვლებისდამმსხვრევ, ყინულივით ცივ გულგრილობას, სხვათა მიმართ სიბრმავე–სიყრუეს, სხვისი ტკივილის ნულოვან აღმქმელობას. მონასტრის ცხოვრება, თითქოს, დაცლილია ყოველგვარი სასიცოცხლო ენერგიისაგან და ამას ბუნების საოცრად მინიმალისტური, სევდიანი პეიზაჟი და თანამედოვეობისთვის შეუსაბამო ყოფითი პრობლემების არსებობაც მოწმობს. ჯიპები არის, მაგრამ არაა XXI საუკუნე. ადამიანები ცოცხალ მუმიებს მოგვაგონებენ და მონასტრის წინამღვარს, რომელიც უფრო შამანს ჰგავს, უსიტყვოდ, უდრტვინველად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ემორჩილებიან. ემორჩილებიან ბოსს, რომელმაც მყისვე ექთანი მილდრედ რეტჩედი (ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“) გამახსენა. ფილმში, ღვთის სიტყვის მორჩილებს, „მოყვასისადმი“, მწვავე ფიზიკური ტკივილისა და ავადმყოფობისადმი გაუგონარი უგრძნობელობა „ემართებათ“, სწორედ იქ, სადაც, წესითა და კანონით, ყველაზე ,,მეტი’’ და ყველაზე დიდი თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა უნდა სუფევდეს. ღვთის სახლში. მონასტერში. მედიცინის მისია, ჩასახვის დღიდანვე, ფიზიკური ტკივილის დაამება და გაქრობა, ადამიანისთვის ტანჯვის შემსუბუქება იყო. ადამიანები ერთმანეთის ტკივილის გასაქარწყლებად არსებობენ, უყვართ, რათა ტკივილი არ იგრძნონ და თავს მხოლოდ იმიტომ იკლავენ, რომ ვერ აყუჩებენ ტკივილს. ტკივილის მოკვლა უნდათ. თანამედროვე მედიკამენტოზური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით, ფიზიკური ტკივილამტანიანობის ,,ზღურბლი’’, ბუნებრივია, დაბლა იწევს და ამიტომაც იმ ხანაში, როცა იცი, რომ ოსცილოგრაფზე მიერთებული მცენარეც კი გრძნობს ბრაკონიერის მოახლოებას და შფოთავს, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდები ადამიანის ფიზიკური, ფსიქოლოგიური გამოფიტვის, ტანჯვის რიტუალის ვიზულიზაციისას, მით უმეტეს, მისი სულის (ვითომდა) გადარჩენის მოტივით – მისი რიტუალური წამების ჯოჯოხეთური წრეების ყურებისას. ქალთა თემში, ეკლესიაში (და არა საკონცენტრაციო ბანაკში), იქ, სადაც ტრადიციულად, მოვლის, ადამიანზე ზრუნვის ინსტიტუტი, ერთი შეხედვით, ყველაზე გულშემატკივარი და თანალმობი უნდა იყოს, საშინელი ტრაგედია თამაშდება. ადამიანები ლოცვათა ბუტბუტის ფონზე მოყვასს ჯვარს აცვამენ. წამებით კლავენ, მისდა სასიკეთოდ. დემონებისგან გასთავისუფლებლად. ალინა კვდება. უბრალოდ თავის საყვარელ ადამიანს, რომლის გარდა არც არავინა ჰყავს ამქვეყნად, ერთი წამით უმისამართოდ გაუღიმებს და ... სულს განუტევებს. შეიძლება მას არც კი უღიმის და ეს ჩვეულებირვი, სიკვილისწინა აგონიის გრიმასაა – საღეჭი კუნთების ბოლო კრუნჩხვა. ამ ღვთისგან მიტოვებულ საბედკრულეთში, ისიც კი, რაც ორ სრულიად მარტოსულ ადამიანს, ბავშვობის მეგობრებს (რომლებიც ბავშვთა სახლში გაიზარნენ), ალინასა და ვოიჩიტას აკავშირებდა – ლესბოსელური სიყვარული, კვდება. „სამონასტრო ღმერთი“ ადამიანური ვნებისთვის/სიყვარულისთვის ადგილს არ ტოვებს. ის უბრალოდ სიცარიელე და სიცივეა. სიყვარული ვაკუუმში კვდება მანამ, სანამ ალინას უკანასკნელი სუნთქვა აღმოხდება. ლობოტომირებული „სიყვარული“, რომელიც ისეთივე საზარელი სანახავია, როგორიც მეამბოხე, კრიმინალი, სიმულანტი რენდლ მაკმერფის შუბლის მარცხნივ და მარჯვნივ ნაწიბუროვანი ქირურგიული ნაკერები – ცენტრალური ნერვული სისტემის ამპუტაციის კვალი. იქ, სადაც ჟანგბადი არაა, სიყვარულის უუნარობა და ტოტალური ანტიჰუმანიზმია, არც ღმერთია, არც სიყვარული და არც ადამიანი...
ვეღარ გებულობ, ძალადობამ ოჯახიდან ქუჩაში, თუ იდეოლოგიიდან - მონასტერში, კულტურიდან - სოციუმში, თუ შიდაპიროვნულიდან - პოლიტიკაში, ისტორიიდან - ტვინებში, თუ უმეცრებიდან - ყოფაში, საიდან სად გადაინაცვლა. ზიარჭურჭელში მოძრაობის მარშრუტის თვალის გადევნება შეუძლებელი ხდება. თუმცა არის ერთი „რუქა“, რომელზეც ის Dupa Dealuri 464 ცოდვაა დატანილი, როგორც „სამოძრაო პუნქტები“, რომლის რაობაც მონასტრის შინაგანაწესით, ყველა მისმა ბინადარმა უნდა იცოდეს და რომელსაც ალინას მამაოს მორჩილი მონაზონი უკითხავს. ტოტალური უსამართლობისა და უსასოობის მტკივნეული განცდა გეუფლება, როდესაც ის ოჯახი, რომელმაც თითქოს, ალინა შვილად აიყვანა და რომელსაც ალინამ თავისი შრომით მოპოვებული ფული შესანახად ჩააბარა, მას უტიფრად ქურდავს და ალინასნაირ კიდევ ერთ „შვილს“ იყვანს. არავინაა ალინას დამცველი, არავის აქვს მისი მკურნალობის ფული, არადა, ადრე ვოიჩიტას სწორედ ის იცავდა, ალინა იყო მისი მფარველი ანგელოზი. ალინა არ გეგმავს ვირჯინია ვულფივით პალტოში ქვები ჩაიწყოს და მდინარე უზში სამუდამოდ გაუჩინარდეს. მას ვოიჩიტასთან ერთად გერმანიაში გაქცევა უნდა. ჰგონია, რომ „დასავლური“ გეგმა/პროექტის შესრულება შესაძლებელია. რატომაც არა? ადრე თავადაც იყო გერმანიაში, უბრალოდ საყვარელი ადამიანის წასაყვანად სამშობლოში ჩავიდა. თუნდაც იქ, გერმანიაში არალეგალობა – „გასტარბაიტერობა“ და ხიფათით სავსე ცხოვრება ელოდეს. ალინა თითქოს, ჰგავს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტს, ინდიელ ბელადს (ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“), რომლის მეგობარს, რენდელ მაკმერფის, აზროვნებისა და განცდის უნარს ართმევენ. მაგრამ ლობოტომირებული ვოიჩიტა ვერ იქნება ინდიელი ბელადი, რომელიც მარმარილოს ბოძით რკინისცხაურიანი საკნის კედელს გაანგრევს, გაიქცევა და გათავისუფლდება. ალინა, ვოიჩიტა და სხვა „მხევალნი/მონანი ღვთისანი“ აუტისტური გარემოს უტყვი და უჩინარი სტატისტები არიან. „ღმერთის სახელით“ გოგონების ბედი იმთავითვე გადაწყვეტილია. ისინი ვერსად და ვერასდროს გაიქცევიან.
გორაკებს მიღმა, ერთი პატარა რუმინული ქალაქის გზაჯვარედინზე გაჩერებული პოლიციის მანქანაში, შავკაბიანი და შავთავსაბურვიანი „ქრისტეს პატარძლები“ ჩუმად სხედან. მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ისინი ადამიანის ჯგუფურ თუ ორგანიზებულ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. მაგრამ ძალადობას ბოლო არ უჩანს.
მანქანაში ერთი პოლიციელი მეორეს კრიმინალურ „ნიუსს“ უზიარებს: 11 წლის ბიჭმა გადაიღო, თუ როგორ გამოჭრა საკუთარ დედას ყელი და ვიდეო ინტერნეტში განათავსა. გარეთ კი ცივი და სუსხიანი ამინდია. ერთი პოლიციელი კოლეგას ეკითხება:
– ეს ზამთარი ოდესმე დასრულდება?
–კი, ესეც გაივლის. – პასუხობს მეორე.
02.06.2013 azrebi.ge
No comments:
Post a Comment