პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც კონკრეტულ თემას -ადამიანის უფლებებს მიეძღვნა 2001 წელს ვარშავაში გაიმართა.
თუმცა ამ თარიღამდე ადრე, XX საუკუნის შუა 90 - იანებში საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch გამართა მისი პირველი კინოფორუმი, რომლის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის სამოქალაქო აქტივობის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და მათ დასაცავად ბრძოლის თემაზე შექმნილი ფილმების ფართე მაყურებლისთვის წარდგენა გახლდათ.
ბუნებრივია, ეს კინოფესტივალი ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფების ბრძოლის ერთგვარი მხატვრულ-დოკუმენტური მატიანეც გახდა. ნიუ იორკში ადამიანის უფლებების კინოფესტივალი ზაფხულის პირველ თვეს გაიმართა. მასზე წარადგინეს ის ფილმები, რომელიც უკვე ამავე ორგანიზაციის კინოფესტივალებზე ევროპაში ლონდონსა და ციურიხში, კანადაში ტორონტოში, აშშ-ში კი ჩიკაგოსა და ფილადელფიაში, სან დიეგოსა და დალასში, ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში და ამერიკის სხვა დიდ და პატარა ქალაქებში აჩვენეს, თუმცა ნიუ იორკელები და ქალაქის სტუმრები ზოგიერთი ფილმის პრემირასაც დაესწრნენ. ჰიუმან რაითს ვოთჩის“ რიგით 24-ე ფესტივალის მზადებისას საპროგრამო კომიტეტმა 500 ფილმიდან ისინი აარჩია, რომელიც, მისი აზრით, კინოფორუმისთვის ღირებულია. შერჩეული ფილმებმა კი კიდევ ერთხელ გაიარეს ექსპერტიზა თავად უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრების მხრიდან იმისთვის, რომ ფილმში მოთხრობილი ამბების აუთენტურობა დოკუმენტურად დადასტურებულიყო, რაც კინოფორუმს არაზუსტი ფაქტების ტირაჟირებისაგან თუ ინტერპრეტირებისგან მაქსიმალურად დაიცავდა.
ჩიკაგოში გამართულ ფესტივალზე დანიელი რეჟისორის ლიზა ბირკ პედერსენის პუტინის კოცნა“ (2011) აჩვენეს. ფილმი ვ. პუტინის ეპოქის პროდუქტ“ 19 წლის მაშა დროკოვას პოლიტიკური გზის“ შესახებ მოგვითხობს. მაშა რუსული ნაციონალისტური პარტიის ნაშის“ წევრია და ისიც იმ ადამიანთა რიცხვშია, ვისაც რუსეთის იმპერია მსოფლიოს სუპერსახელმწიფო უნდა გახადოს. თუმცაღა მოგვიანებით იგი ანტიპუტინისტ ჟურნალისტ ოლეგ კაშინს უმეგობრდება და მასთან და მის მეგობრებთან უფრო მეტ საერთოს პოულობს, ვიდრე მოძრაობა ნაშისთან“. მერე კი ოლეგ კაშინს თავს დაესხმიან და რკინის არმატურას 56 ჯერ დაარტყამენ. ის გადარჩება. და მაშაც არჩევანის წინაშე დგება. იგი ტოვებს პუტინისტურ მოძრაობას. ნიუ იორკში კი პუტინის თემას კიდევ ერთხელ დაუბუნდნენ. აქ შედგა ბრიტანელი მაიკ ლერნერისა და რუსი მაქსიმ პოზდოროვკინის ბრიტანულ - რუსული წარმოების კოპროდუქტის Pussy Riot: პანკ ლოცვა“ პრემიერა. 2011 წელს საეჭვო არჩევნების შემდეგ პუტინი კრემლში დაბრუნდა. ერთი წლის თავზე რადიკალურმა ფემინისტურმა პანკ ჯგუფმა სახელწოდებით Pussy Riot მოსკოვში ქრისტე მხსნელის ეკლესიაში რამდენიმე წუთიანი აქცია მოაწყო, რომლის დროსაც პანკ ლოცვა ღვთისმშობელო, პუტინი განდევნე“ შეასრულა. ფილმი სამი დაპატიმრებული ახალგაზრდის გასამართლების ისტორიის, მათ წინააღმდეგ აგორებული აბსურდული კამპანიის ეპიზოდების, რუსული მართლმსაჯულების არაადეკვატურობის, სოციალური პროტესტისა და ადამიანის უფლებების რეპრესირების მექსნიზმების შესახებ მოგვითხრობს.
რეჟისორ ალ რეინერტის ნამუშევარი არარეალური ოცნება: მაიკლ მორტონის ისტორია“ (2013), ჩემი აზრით, კინოფესტივალის უმნიშვნელოვანესი ფილმი გახლდათ, რომელიც მიუთითებს არა მხოლოდ აშშ-ის სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, არამედ ზოგადად მართლმსაჯულების (მათ შორის, საქართველოში) პრობლემატიკაზე, ასევე სასამართლო განხილვების თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ ადვოკატების პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო პასუხიმგებლობის მნიშვნელობაზე. საქმე იმაშია, რომ 1986 წელს მაიკლ მორტონის მეუღლე ქრისტინა მათი ერთადერთი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მხეცურად მოკლეს. პროკურატურამ ეჭვი მაიკლზე მიიტანა, ხოლო სასამართლომ მას გამამტყუნებელი განჩენი გამოუტანა. მაიკლმა 25 წელი ციხეში გაატარა და, ბუნებრივია, იგი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის უჩინარი იყო. მაგრამ მორტონის ადვოკატები არ დუმდნენ. მათ, როგორც იქნა, დნმ-ის ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარებას მიაღწიეს და ამ მტიცებულებით მსჯავრდებული გამართლდა. ფილმი მოგვითხობს იმაზე, რომ სწორედ ადამიანის უფლებების უზენაესობა და მათი დაცვისთვის პროფესიულად მებრძოლი ადამიანები ქმნიან ისეთ ცნებას, როგორიცაა ზოგადად მართლმსაჯულება, მორტონის ქეისის“ შემთხვევაში კი - აშშ-ის თემიდას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი.
ბრიტანელი დოკუმენტალისტის ჰარი ფრილენდის მზის ჩრდილი“ (2012) შოკისმომგვრელი ფილმია (რეჟისორი მას ექვსი წელი იღებდა), რომელიც ტანზანიის ბარბაროსულ ადათ - წესზე მოგვითხობს. ტანზანიის სოფლებში არსებული ცრურწმენების საფუძველზე ალბინოსები არაადამიანებად არიან მიჩნეული და ამიტომ უნდა დაიხოცონ. ალბინოსი ჯოზეფატ ტორნერი ცდილობს თემის ვალურ ადათს დაუპირისპირდეს. აქტივისტი ხანდახან ფიქრობს, რომ უაზროა ეს ბრძოლა, იგი არავის ენდობა, თავის ნათესავებსაც კი. მისი მკვლელი, მტერი ყოველ წამს ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ისიც იცის, რომ ვალდებულია არ გაჩერდეს. ტორნერი სხვა 65 ალბინოსს პოულობს, მათ შორის 15 წლის ვედასტუსსაც, რომელსაც სკოლაში დასცინიან, აბუჩად იგდებენ. მიზეზი? ვედასტუსს შავკანიანებისგან განსხავევბული კანის ფერი აქვს. როცა თეთკანიანი და თეთრწამწამა ბიჭი დაიბადა, დედამისს მიუთითეს, რომ მას ჩვილი უნდა მოეკლა. ფილმში სასტიკ ცრურწმენებსა და ზღვრულ სიძულვილს უპირისპირდება ადამიანების ტანჯვა და ის სულიერი ტკივილი, რომელსაც საზოგადოებისაგან გარიყვა იწვევს. ალბინოსები სოფლებში დადიან და უხსნიან ადამიანებს, რომ მათი კანი ისეთივეა, როგორიც შავკანიანების. ოღონდ ფერია განსხავავებული. შეკრებილ ადამაინებს ჯოზეფატ ტორნერი სთხოვს: ჩვენ არა ვართ ეშმები. არ მოგვკლათ“.
მაროკოელი რეჟისორის კარიმა ზოუბირის ფილმი კამერა/ ქალი“ (2012) ქვეყნის ტრადიციული ღირებულებებისა და ქალთა უფლებების ურთიერთმიმართებაზე მოგვითხრობს. განქოწრინებული ხაჯირა, რომელიც ოჯახს არჩენს, საქორწინო წვეულებების ოპერატორია, ამიტომაც მას მუშაობა ძირითადად ღამე უწევს, რაც ქალის ძმასა და დედას არ მოსწონთ და ხაჯირას ხელახალი დაქორწინება უნდათ. ქორწინების მხიარულება მკვეთრად კონტრასტირებს ხაჯირასა და მისი მეგობრის, ასევე განქორწინებული ბოუჩრას ოჯახური ცხოვრებისა და განქორწინების სირთულეებზე გულახდილ საუბართან. ირანელი რეჟისორის როხსარეხ მაჰრამის ფილმში კიბეებზე ასვლა“ (2011) მოგვითხობს 9 წლის ასაკში გათხოვილი აკმარის შესახებ, რომელმაც იმისთვის, რომ ქმრისთვის არ ეწყენინებინა, მანამდე მიატოვა სკოლა, სანამ კითხვას ისწავლიდა. მერე კი თავისი თავში მხატვრის ნიჭი აღმოჩინა და ახლა უკვე თავად ბებია მეუღლისგან თანხმობას ელის, რათა კაცმა მას პარიზში შვილების მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე გამგზავრების უფლება მისცეს. უკვე ათწლეულებია ისინი ჩხუბობენ და რიგდებიან, მაგრამ პრობლემა არც კონფლიქტით წყდება და არც პატიებით. ბრიტანელმა რეჟისორმა კიმ ლონგინოტომ, რომელიც მსოფლიოში ქალთა პრობლემების შესახებ გადაღებული ფილმებითაა ცნობილი, ნიუ იორკში წარადგინა მისი ახალი ფილმი სალმა“ (2013). 13 წლის სალმა მშობლებმა ერთ ოთახში ჩაკეტეს, შემდგომი 6 წელი კი გოგონამ ჩარაზულ ოთხ კედელში გაატარა, სადაც გისოსებიანი ფანჯარა სალმას ერთადერთი გარე სამყარო იყო. გოგონა კი ამ დროს ყველასგან უჩუმრად ქაღალდის ნაგლეჯებზე ლექსებს წერდა. ამ ფანჯრიდანაც მხოლოდ ქუჩა ჩანდა. დედა მას გათხოვებას აიძულებდა, მეუღლემ კი წერა აუკრძალა და როცა გაიგო, რომ რაღაც ხერხებით მისი ცოლის ნაწარმოებები გამომცემელს ხელში ჩაუვარდა, მან ცოლი 20 წლით სახლში ჩაკეტა და ემუქრებოდა, რომ თუ სალმა თავის საქმიანობას კვლავ განაგრძობდა, იგი მას მჟავას სახეზე შეასხამდა. მჟავის შესხმა ინდოეთში ქალის დამახინჯებისა და მოკვლის ყველაზე პოპულარული მეთოდია. მაგრამ სალმა ქაღალდის ნაგლეჯებზე წერას მაინც ახერხებდა. მერე კი ინდოეთის ცნობილი პოეტი გახდა. სალმას არაორდინალური ცხოვრება და გამძლეობა სხვა ინდოელი ქალებისთვის იშვიათი მაგალითი გახდა. კიმ ლონგინოტოს ფილმის რეალური გმირი სალმა, ფაქტობრივად, ახალი თაობისთვის ერთგვარი როლური მოდელი გახდა, რომელმაც არაერთი რეპრესირებული ქალი იმ იმედით შთააგონა, რომ მათაც შეუძლიათ ტრადიციული ქალის“ ყოფის შეცვლა. ამერიკელი რეჟისორის ფრიდა მოკის ფილმი ანიტა“ (2013) კი მოგვითხრობს სექსუალურ მეძიებლობლობაზე, რომლის მსხვერპლი 20 წლის წინ იურისპრუდენციის ახალგაზრდა პროფესორი ანიტა ჰილი გახდა. იგი საქვეყნოდ, სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა მოძალადე მამაკაცს, რომელის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტზე განიხილებოდა. სექსუალური მეძიებლობის ამ ქეისმა“ ამერიკელების საზოგადოებრივი აზრის ააფეთქა და ბიძგი მისცა მთელი ქვეყნის მაშტაბით გენდერული დისკრიმინაციის ამ სახეობის არსებობის შესახებ ცხარე დისკუსია დაწყებულიყო. ეგვიპტელი რეჟისორების ჯიჰანი ნოუჯამისა და მონა ელდაიეფის ფილმი რაფეა: მზის დედა“ (2012) მოგვითხრობს იორდანიის უდაბნოში ბედუინელ მომთაბარე ქალზე, რომელსაც ქალიშვილები ჰყავს და რომელსაც სხვა 29 წერა-კითხვის უცოდინარ ქალთან ერთად მზის ენრეგიის ინჟინრის უნარ-ჩვევების სასწავლებლად ექვსი თვით ინდოეთში უშვებენ. რაფეას ქმარი კი წინააღმდეგია ცოლის ინდოეთში გამგზავრების. ქალმა უნდა აირჩიოს რა გააკეთოს... ის მიდის ინდოეთში და ბრუნდება მზის დედად“...
კამერუნული ფილმი ასეთად დაბადებული“ (2012) ამ ქვეყანაში გეი წყვილების გაუსაძლის მდგომარეობაზე მოგვთხობს; გეი - თემის ცხოვრებაზეა გადაღებული სერბიული კომედია აღლუმი“, რომელიც გვიჩვენებს სერბიაში გეი აღლუმის ორგანიზატორების დაუსრულებელ პრობლემებზე განახორციელონ თავიანთი სამოქალაქო უფლებები; ამერიკული ფილმი ახალი შავი“ კი მერილენდის შტატში, სადაც 30 პროცენტი აფრო - ამერიკელია, ერთსქესიანთა ქორწინების უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიას გვიყვება; გერმანული ფილმი ბანაკი 14 - ტოტალური კონტროლის ზონა“(2012) კი მოგვითხობს ჩრდილოეთ კორეის ბანაკში დაბადებულ ბიჭზე, სახელად შინი, რომლის მშობლები პოლიტპატიმრები არიან, ბავშვი კი ძალადობისა და სისასტიკის გარემოში იზრდება. შინი ბანაკიდან გარბის, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი ხდება, მაგრამ თავისუფლებზე მისი ცხოვრება ისევე რთულია, როგორც ბანაკში. ფილმი მკვლელობის აქტი“ (2012) ინდონეზიაში მოქმედ მკვლელთა გასამხედროებულ დაჯგუფებაზე მოგვითხობს, რომლის კისერზეა ერთი მილიონი ადამიანის მკვლელობა, ათასობით ადამიანის წამება და გაუპატიურება. ფილმი დოკუმენტური მასალის მხატვრულ ექსპერიმენტს წარმოადგენს. ფილმი დამღუპველი დახმარება“ (2012) კი ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის დროს მსოფლიოს მიერ ამ ქვეყნისთვის გაცემული ჰუმანიტარული დახმარების დაგაცემის პრობლემებზე მოგვითხრობს. ფილმიდან ვიგებთ, რომ ამ უზარმაზარი დახმარების ნაწილიც კი ადრესატამდე არ მისულა.
ყველა ამ და სხვა ფილმების უკან, რომელიც კინოფორუმზე აჩვენეს, დგას ჰიუმან რაითს ვოთჩის“ მიერ ჩატარებული გამოძიებები და კვლევები. ფაქტობრივად, თითოეულ კინოპროდუქტს შეესაბამება ამ ორგანიზაციის ანგარიში ანდა კონკრეტული განცხადება, რომელიც ადამიანის უფლებების კონკრეტულ დარღვევას უკავშირდება. თავის ანგარიშებში Human Rights Watch-ი რუსეთში ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების გათელვასა და საერთაშორისო ორგანიზაციების უცხოელ აგენტებად“ გამოცხადების პოლიტიკას აფიქსირებს; ორგანიზაცია მკაცრად აკონტროლებს ამერიკის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხარვეზებს და ამავე დროს აღნიშნავს იმ პროფესიონალების ღვაწლს, რომლებიც ებრძვიან ყველა იმ მანკიერებას, რომელიც აშშ-ის სასამართლოს ჩრდილს აყენებს. ორგანიზაცია ასევე შეზღუდულ შესაძლებლობის მქონეთა უფლებების დარღვევას აფიქსირებს და იბრძვის იმისთვის, რომ მათი უფლებები განათლებასა და ნორმალურ პირობებზე აღიარებულ და მხარდაჭერილი იყოს როგორც სახელმწიფოს, ასე საზოგადოების მხრიდან. ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ქალთა დისკრიმინაციასა და დასჯის ბრუტალურ მეთოდებს არეპორტებს. 2012 წელს მაროკოში 16 წლის გოგონა მამაკაცმა გააუპატიურა, ახლობლები კი მსხვერპლს ამ კაცზე ცოლად გაყოლას აძალებდნენ. გოგონამ თავი მოიკლა. Human Rights Watch -ი ჩაერთო ზემოხსენებული კრიმინალის გამოძიებაში და სახელმწიფოს მოსთხოვა არ დაეშვა შეღავათები“ იმ მოძალადეების მიმართ, ვინც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებით გასამართლების თავიდან აცილების მიზნით გაუპატიურებულზე ქორწინდება. ორგანიზაცია ასევე მონიტორინგს უწევს ინდოეთის კანონმდებლობის რეფორმას, რომლის თანახმადაც სექსუალური ძალადობა კრიმინალად უნდა იქნეს აღიარებული. 2012 წელს ნიუ დელიში ჯგუფური გაუპატიურების შედეგად 23 წლის ქალი გარდაიცვალა. ეს გახდა ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების სისხლის სამართლის საქმედ ცნობის საბაბი და ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის თაობაზე დისკუსიის დაწყების მიზეზიც. კამერუნი ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელი ქვეყანაა, სადაც თავი რომ დავანებოთ ამ ადამიანების პატიმრობით თავისუფლების აღკვეთას, მათ აწამებენ და ადვოკატის აყვანის უფლებასაც კი არა აძლევენ. ყველამ იცის, რომ ჩრდილოეთ კორეის გულაგებში ადამიანის გაგზავნა მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. Human Rights Watch -ის ინიციატივით ამჟამად გაერო ქმნის კომიტეტს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ამ საკონცენტრაციო ბანაკებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მექსიკელი რეჟისორის ბერნარდო რუისის ფილმი რეპორტიორი“ (2011). ზეტა“ 1980 წელს დაარსებული იმ მექსიკური დამოუკიდებელი ჟურნალის სახელწოდებაა, რომლის ჟურნალისტები ყველაზე ძლევამოსილ მექსიკურ ნარკომაფიაზე ღიად ილაშქრებენ, ნარკოტრაფიკისა და პოლიტიკოსების ურთიერთკავშირს იძიებენ და სააშკარაოზე გამოაქვთ. ამის გამო გაზეთის ორი რედაქტორი მოკლეს. ფილმი ვეტერანი რეპორტიორის სერხიო ჰაროს საქმიანობის გაცნობით იწყება, რომელსაც ტელეფონზე ურეკავენ და მოკვლით ემუქრებიან. 2007-დან 2011 წლამდე მექსიკაში 42 ჟურნალისტი მოკლეს. სერხიო ჰარო ამბობს: მე ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი და ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს რა არის ის ზღვარი, რომელიც დარჩენასა და წასვლას შორისაა გავლებული“.
11.09.13 24 საათი
No comments:
Post a Comment