ნიუ იორკის ერთ–ერთ უბანში, ვილიამსბურგში, საცხოვრებელი სახლის, სახელად „წისქვილის შენობის“ შესასვლელთან ქართველი მოქანდაკის, ზურა ბუშურიშვილის ფიგურა „შეყვარებულები“ დგას, ახლოს მდებარე „ამერიკის ბანკის“ შენობაში კი მისივე აბსტრაქტული სკულპტურა „შერეკილებია“, მოსახელე ფილმის გმირის, ბიძია–ბაბუას პროპელერითურთ.
აბსტრაქცია „შერეკილები“
ქართველი ხელოვანის ბრინჯაოსა და რკინის ნამუშევრები ამერიკელი კერძო კოლექციონერების საკუთრებაშია. ზურა ბუშურიშვილის ქანდაკებებმა ატლანტიკ სიტის, ფილადელფიის, ატლანტის ქუჩებშიც დაიდეს ბინა.
ამას წინათ კი იმავე შენობაში, სადაც თავად ხელოვანი ცხოვრობს, მისი თორმეტი ნაძერწის გამოფენა–გაყიდვა – „ჩვენი ინკარნაცია” გაიმართა. ავტორისთვის ინსპირაცია გახდა ადამიანის ხასიათში ცხოველური “ელემენტის” არსებობა და ისიც, რომ ხშირად ჰომო საპიენსები თავისი ქცევით ხან მტაცებელს ემსგავსებიან და ხანაც – მტაცებლის მსხვერპლს.
ზურა ბუშურიშვილის ნაძერწები ზოგი ინფერნალური სამყაროდან, ზოგი – გოიას „კაპრიჩიოსიდან“, ზოგი კი კენტავრების ინტერპრეტაციებიდანაა.
ოდნავ ჩაბნელებულ დარბაზში მრგვალ „ნიმბებსა“ და სინათლისგან გაჩენილ ცისარტყელას თხელ „ანათალში“ მოთავსებულები, ისინი თავიანთი ზომების გადიდებულ აჩრდილებს კედელზე ირეკლავდნენ.
ფიგურები დათვის, ლომის, ხარის სახითა და რქებით; ყვავისა და წეროს ცხვირებითა და ღამურას ყურებით; კურდღლის კუდით, ორთავა გიენას გამომეტყველებითა და უცხოპლანეტელების თუ უსახლკაროს ბუდეებიდან ლამის გადმოცვენილი მრგვალი თვალებით… უცნაური, სიურრეალისტური ფიგურები გამოფენის სტუმრისგან მხედველობის დაძაბვას, დუმილს, ჩურჩულსა და პერსონაჟების ამოცნობას ითხოვდნენ. ეს ერთგვარი „პანოპტიკუმი“, მგონი, პანდემიაგამოვლილი და ომიანობის, 2022 წლის ალბერტო ჯიაკომეტური, გამოფიტულ–გაწბილებული ადამიანის სულიერი მდგომარეობის ყველაზე ადეკვატური განსახიერება იყო.
ზურა ბუშურიშვილის ნამუშევრების გამოფენა
ზურა ბუშურიშვილის ნამუშევრები. ია მერკვილაძის ფოტო
თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ქანდაკების ფაკულტეტის კურსდამთავრებული ზურა ბუშურიშვილი (1969) ამერიკაში 2002 წელს ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ახალ რეალობასთან შეგუება ისევე გაუჭირდა, როგორც – სხვებს. ნიუ იორკში მხოლოდ ხელოვნებით თავის რჩენა მარტივი საქმე არ აღმოჩნდა.
ზურა ბუშურიშვილი
„ეს ფიგურები პანდემიის დროს შევქმენი. კარანტინსა და თავისუფალი გადაადგილების აკრძალვების პერიოდში დროც ბევრი მქონდა“ – ამბობს ზურა ბუშურიშვილი. „– ნიუ იორკში რთულია მხოლოდ ხელოვნებით იცხოვრო, დიდი კონკურენციაა, რადგანაც აქ ძალიან ბევრი უნიჭიერესი ხელოვანი იყრის თავს და თავისი ძალების რეალიზაციას ცდილობს. ერთი მხრივ, ასეთ გარემოში თავის გატანა მარტივი არაა, მეორე მხრივ, მძაფრი კონკურენცია კარგი მასტიმულირებელი ფაქტორია.
გამოფენის იდეა პროვოკაციულია, საინტერესო, უხეში, მაგრამ, რაც მთავარია, დასამახსოვრებელი. ხელოვანის ტვინი ყოველთვის ცოცხალია, ცხადია, მაშინაც, როცა ფიზიკურად არ მუშაობს. შეიძლება ამ დროს არ ხატავ, არ ძერწავ, მუსიკას არ წერ, კინოს არ იღებ, მაგრამ მაინც მუდმივ პროცესში ხარ, განუწყვეტლივ ქმნი და ეძებ იმ ფორმებს, რომელიც შენი შემოქმედების შემფასებელს დიდხანს არ დაავიწყდება, თუნდაც იმიტომ, რომ მის განწყობასთან თანხვედრა შეძელი ანდა სულაც – ვერ.”

02.06.2022
netgazeti.ge
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment