„სამიტის მუსიკალური ფესტივალი“ (1991) ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მიდამოს (მოიცავს ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის შტატების ტერიტორიას) ყველაზე დიდი სამუსიკო ღონისძიებაა, რომელშიც ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. სტუდენტებსა და მასწავლებლებს კარგი შესაძლებლობა ეძლევათ მეგობრულ გარემოში ისწავლონ, იმუშაონ ადგილობრივ თუ სტუმრად ჩამოსულ არტისტებთან ერთად და გამართონ როგორც სოლო, ისე კამერული თუ დიდი კონცერტები.
ფესტივალის მონაწილეები ცხოვრობენ პატარა, მწვანეში ჩაფლულ, საუნივერსიტეტო ტიპის ქალაქ თორვუდის EF Academy–ში (Extended Family Academy), რაც სიტყვა – სიტყვით “დიდი ოჯახის აკადემიას” ნიშნავს. შენობათა ამ კომპლექსში ერთ ტერიტორიაზეა საცხოვრებელიც, საკლასო ოთახებიც, სწავლებაც, რეპეტიციებიც, კონცერტებიცა და გართობაც. პედაგოგები და სტუდენტები ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან უნიკალურ შანსს ქმნიან არა მარტო პროფესიონალური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, არამედ “ნეტვორკინგისთვისაც”.
ამგვარი ფესტივალი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის იდეალური ადგილია არა მარტო მსოფლიო დონის არტისტებთან ურთიერთობის კუთხით, არამედ – ერთობლივი პროექტების დაგეგმვის პერსპექტივითაც.
ფესტივალის ოცდაათწლიანი ისტორიის მანძილზე წელს პირველად თორვუდის აკადემიას სტუმრობდა ქართველი მუსიკოსი, 16 წლის მევიოლინე ანი ანაკიძე, რომელიც არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია: მათ შორისაა American Protege (კარნეგი ჰოლი), ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ღია კონკურსი, ვაჟა ჩაჩავას სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი და ა.შ.
ჩელო/ბასისტი, დირიჟორი, პროფესორი სტივენ ელიშა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან სწავლობდა და მუშაობდა, როგორებიც არიან იანოშ შტარკერი, ალდო პარიზო, მენახემ პრესლერი, იოსებ გინგოლდი და ოტო ვარნერ – მიულერი. იგი ამბობს, რომ სამიტის მუსიკალური ფესტივალი ნიჭიერი ახალგაზრდა არტისტებისთვის წინსვლის მნიშვნელოვანი ეტაპია, ამ ფესტივალის პროგრამები კი აჩქარებს პროფესიული უნარ – ჩვევების განვითარებას, რადგანაც სტუდენტები მთელს თავის დროს მხოლოდ მუსიკას უძღვნიან ანუ მათ ყურადღება სხვა არაფერზე ეფანტებათ.
„აქ მსოფლიო დონის პედაგოგები მუშაობენ და მაღალი ხარისხის სწავლების გარდა ერთმანეთის შთამაგონებლები ხდებიან. მოსწავლეები ერთმანეთისგან სწავლობენ; ამავე დროს პროფესიულ და პირად მეგობრობას იწყებენ“ – ამბობს სტივენ ელიშა.
სტივენ ელიშა და ანი ანაკიძე. ია მერკვილაძის ფოტოგალა კონცერტი ძალიან შთამბეჭდავი იყო…
გალა კონცერტისთვის შემთხვევით არ შევარჩიე ედვარდ გრიგის ნეობაროკო/რომანტიზმის სტილის “ჰოლბერგის სიუიტა” – მუსიკალური სტილებისა და ტექნიკების შესასწავლად მნიშველოვანი ნაწარმოები, რომელიც, ფაქტობრივად, ტრანსკრიფციაა.
ტრანსკრიფციის სახით გრიგმა თავიდან “ჰოლდებერგის სიუიტა” საფორტეპიანო სოლოსთვის დაწერა, ერთი წლის მერე კი იგივე ნაწარმოებს სიმებიანი ორკესტრისთვის გაუკეთა ადაპტაცია. დვორჟაკმაც თავისი “ოპუსი. 100″–ც თავიდან ვიოლინოსთვის და ფორტეპიანოსთვის “სონატინას” სტილში დაწერა. მერე იგი ამერიკელი კომპოზიტორის ელაინ ფაინის მიერ სიმებიანი ორკესტრისთვის ტრანსკრიფცირდა და ადაპტირდა. მე გადავწყვიტე სწორედ ეს ნაწარმოები შეგვესრულებინა, რადგანაც იგი კამერულ ორკესტრს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევდა ამგვარ მდგომარეობაში იშვიათად გაჟღერებული ეს ცნობილი ნაწარმოები დაეკრა. იგი ისეთივე მშვენიერია, როგორც დვორჟაკის უფრო ცნობილი “სერენადა” – სიმებიანი ორკესტრისთვის დაწერილი ორიგინალური ნაწარმოები.
პროგრამა იყო რთული, როგორც მუსიკალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. გალა კონცერტისთვის ეს ჩვენი შრომის ამაღელვებელი შეჯამება იყო.
ანი ანაკიძე. ია მერკვილაძის ფოტოწელს პირველად ფესტივალს ქართველი მუსიკოსი სტუმრობდა…
გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ქართველი მუსიკოსი სამიტის ფესტივალის მონაწილე იქნებოდა. ანი ანაკიძე პერსპექტიული, ნიჭიერი მევიოლინეა, რომელსაც გალა კონცერტზე მეორე ვიოლინოების წამყვანი პარტია მივეცი. მე იგი ჩემ Georgia Southen University Orchestra – ში მივიწვიე და, იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება.
ვიცი, რომ ქართველ მუსიკოსებს აქვთ ოსტატობის ძველი, მდიდარი ტრადიცია და სტილი. ქართველ მუსიკოსებს აქვთ სერიოზული და მიზანდასახული მომზადება ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტები, საქმისადმი ერთგულება, რაც შემსრულებლისა და პედაგოგის ძალიან წარმატებულ კარიერას უზრუნველყოფს. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ქართველ კოლეგებთან და ერთობლივ პროექტებზეც ვიმუშავებდი.
***
EF Academy–ში ანი ანაკიძის ვიოლინოს ადვილად იცნობდით. ვიოლინოს თეთრ ბუდეზე – ქართული დროშით. თუმცა ყველამ იქ არ იცოდა, რომ ეს ვიოლინო 209 წლისაა, დამზადებულია 1813 წელს იოჰან ბაპტისტ შვეიცერის მიერ, ხოლო ვიოლინოზე წარწერას თუ დავუჯერებთ, ის ამატი პესტინის ვიოლინოს ასლია. ამატი პესტინი იტალიელი ვიოლინოს ოსტატების დინასტიის წარმომადგენელია და ამ გვარის ვიოლინო ბერგონცის, გუარნერისა და სტრადივარის ვიოლინოს რიგისაა.
ანი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს განხრით სწავლობდა, ახლა კი თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში, პროფესორ მანანა ქანთარიას კლასშია.
ანის ძალიან უყვარს მევიოლინე იცხაკ პერლმანი, რომელსაც ბავშვობიდან უსმენს და, ცხადია, მისი გავლენის ქვეშაა. ამბობს, რომ კლასიკური მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულიდან გამომდინარე თანამედროვე მუსიკისთვის ბევრი დრო არ რჩება, თუმცა შთაგონებას ტეილორ სვიფტისგან იღებს. მადელინ მილერის “კირკესა” და დონა ტარტის “საიდუმლო ისტორიის” წაკითხვის შემდეგ ანი ბერძნული მითოლოგიითა და ფილოსოფიით სერიოზულად დაინტერესდა და ვიოლინოსგან თავისუფალ დროს ბერძნული კულტურის შესწავლას უთმობს.
„ზუსტად არ მახსოვს ეს ყველაფერი როგორ და როდის დაიწყო, მაგრამ ის კი მახსოვს, თუ როგორ ვიზრდებოდით ერთად მე და ვიოლინოს სიყვარული“ – მიყვება ანი ანაკიძე, „– შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემი დილა იწყებოდა ვიოლინოზე ოცნებით და ეს ოცნება სკოლასა თუ სახლში მთელი დღე გრძელდებოდა. ვიოლინო მიყვარდა მაშინაც, როდესაც ძილის წინ დედა საბანს გადამაფარებდა და ტკბილ ძილს მისურვებდა. მას ბევრჯერ უკითხავს, მინდოდა თუ არა ეს, მე კი, ყოველ ჯერზე დაუფიქრებლად დადებით პასუხს ვაძლევდი. ჩემი არჩევანი ერთი წუთითაც არ მინანია.სამიტის მუსიკალურ ფესტივალზე როგორ მოხვდით?
ჩემი ამერიკელი პედაგოგის, ალბერტ მარკოვის დახმარებით. 2019 წელს სამი თვის განმავლობაში მასტერკლასებს მასთან გავდიოდი. მან ამ ამ ფესტივალის შესახებ სწორედ მაშინ მაცნობა, მაგრამ პანდემიის გამო ორი წლის მანძილზე მონაწილეობის მიღება ვერ შევძელი.
ფესტივალზე ყოფნისას გავიგე, რომ პირველი ქართველი ვარ, ვინც აქ მოხვდა. ჩემთვის ეს ორი კვირა ძალიან ნაყოფიერი იყო. სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებთან ერთად ვესწრებოდი მასტერკლასებს, სემინარებს, გაკვეთილებს, ვატარებდით კონცერტებს. ამ ხნის მანძილზე ოთხ კონცერტში მივიღე მონაწილეობა: ერთი სოლო, ერთი კამერული და ორი ორკესტრის კონცერტი.
საინტერესო იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული კოლეგების შეხედულებების მოსმენა და თანამშრომლობა. სასიამოვნო იყო გადატვირთული დღის შემდეგ მათთან ერთად დასხდომა და განვლილი დღის შეჯამება. ასევე გვქონდა მხიარული თამაშები, შეჯიბრებები.
იმედია, ამ ფესტივალის განმავლობაში დამეგობრებულები მომავალში მსოფლიოს სცენებზე ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment