Thursday, October 13, 2022

ქართული ღვინო და კომპანიები ნიუ იორკში, Vinexpo 2022-ზე






2018 წელს ნიუ იორკის ყველაზე დიდ, “ჯევიტს ცენტრში” (Jevits Center) Vinexpo New York გაიმართა, სადაც 2006 წლიდან ქართული ღვინის იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა ამერიკულმა კომპანიამ Corus Imports კომპანიის, „მარანის” ღვინოები წარადგინა.

2019 –ში Corus Imports – მა ასეთივე ღონისძიებაზე „მარნისა“ და „ვაზიანის ქარხნის“ პროდუქცია წარადგინა, 2020-დან კი Vinexpo New York-ზე ქართული ღვინის პრეზენტაციაში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ჩაერთო და 2022-ში, უკვე სახელშეცვლილმა Vinexpo America–მ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 23 კომპანიას უმასპინძლა: “თბილღვინოს”, “დუგლაძის ღვინის კომპანიას”, “მეღვინეობა დანიელს”, “ვაზისუბნის მამულს”, “კახურ ტრადიციულ მეღვინეობას”, “ქართულ მარანს”, “ვაზიანს”, “ქიმერიონს”, “ბინეხს”, “ვაინერი გურჯაანს”, “სარაჯიშვილს”, “თელიანი ველს”, “კარდენახის მარანს”, “ბადაგონსა” და ა.შ. ქართული ბრენდები გამოიფინა ავსტრალიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და სამხრეთ აფრიკის ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

2020-ში აშშ–ის უდიდესი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელი (ასზე მეტი მაღაზია აშშ–ში) Total Wine and More დაინტერესდა Corus Imports-ის მიერ შემოტანილი ქართული ღვინოებით და “თელავის მარნიდან” სარეალიზაციოდ შვიდი სახეობის ღვინო შეარჩია. შესაბამისად, ეს ღვინოები აშშ–ის მთელ ტერიტორიაზე დაიგზავნა. დღეს Corus Imports – ის მიერ შემოტანილი ქართული ღვინო აშშ–ის ცამეტ შტატში იგზავნება. 2022-ში Corus Imports-მა Vinexpo America – ზე წარადგინა კომპანიების: “მარანი”, “სარაჯიშვილი”, “ვაზიანის ქარხანა”, “ბინეხი”, “მტევინო” და “ჭრებალო” პროდუქტი.

წელს ღვინის ამ დიდ ფორუმზე “ექსპომ” მხოლოდ ღვინოები და ღვინის მწარმოებელი მთავარი რეგიონები წარადგინა, პარალელურად მიმდინარე ახალმა ბაზრობამ სახელად – Drinks America კი გამოფინა უფრო მეტი ალკოჰოლური სასმელი, ლუდი და საკე, ასევე ალკოჰოლური სასმელების აქსესუარები და სერვისების შესაძლებლობები, მაგალითად, ალკოჰოლის ელექტრონული კომერცია.




ია მერკვილაძის ფოტო




ია მერკვილაძის ფოტო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტი (17 070 ტონა) რუსეთში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია – ქართული ღვინის ექსპორტის 63 პროცენტი რუსეთის ბაზარზე მოდის. აშშ–ში ალკოჰოლური სასმელების ბრუნვა 72 მილიარდ დოლარს შეადგენს და ეს ციფრი მზარდი ტენდენციისაა. ცხადია, ბაზრის დივერსიფიკაციის პრობლემა უკრაინა–რუსეთის ომის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა. Vinexpo America და აშშ–ის ალკოჰოლური სასმელების თემაზე ორიენტირებული მედია კარგი შანსია იმისთვის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი უფრო მეტად იყოს კონცენტრირებული სტრატეგიულ და სანდო ბაზრის ათვისებაზე, ვიდრე უკვე გაცვეთილზე, იაფზე, არასანდოზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე – სოციალურად. მითუმეტეს, როცა ამა წლის მარტის თვეში რუსულ მხარეს საქართველოს 160 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა.

არსებობს ავსტრიის გამოცდილება, რომელიც საქართველოსთვისაც სასარგებლო შეიძლება გახდეს – XXI საუკუნის დასაწყისისთვის ავსტრიული ღვინის იმპორტი აშშ–ში 200–300 ათას ბოთლს არ აღემატებოდა, დღეს კი ამერიკულ ბაზარზე 16 მილიონი ავსტრიული ღვინის ბოთლია.

***

ვაშინგტონში ბაზირებული კომპანია “ქართული ღვინის სახლი” აშშ–ის ბაზარზე 2005 წლიდანაა და მან საქართველოდან ოცზე მეტი მცირე და დიდი მწარმოებლის ღვინო შემოიტანა” – ამბობს მისი ხელმძღვანელი ნოელ ბროკეტი, – “აშშ–ში ქართული ღვინის რეალური პიარისთვის საჭიროა სამი რამ: კარგი ღვინო, ფული სარეკლამოდ და სწორი სტრატეგია სწორი საკომუნიკაციო არხებით”.

***

“ჯევიტს ცენტრის” 2022 წლის ღვინის ექსპოზიციაზე პირველად იყო წარდგენილი ძმები ნიკა და ლევან ზაუტაშვილების მარანი „მტევინო“ (2018), რომელიც თბილისიდან 35-40 კილომეტრში, სოფელ ხაშმში მდებარეობს და თანამედროვე ევროპული დანადგარებითაა აღჭურვილი. გარდა მარნისა, აქ მრავალფუნქციური ტურისტული სივრცეცაა.

“მტევინომ” პირველი რთველი 2019 წელს მიიღო. პირველი ჩამოსხმა და პროდუქციის რეალიზაცია კი ურთულეს პერიოდს, კოვიდპანდემიას დაემთხვა, თუმცა ამ რთული ვითარების მიუხედავად, პროდუქციის 80 პროცენტის ექსპორტზე გატანა მაინც მოხერხდა და თან ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: აშშ, ჩინეთი, გერმანია, ლიეტუვა, ესპანეთი, რუმინეთი, იაპონია, აზერბაიჯანი და ა.შ.

– “მტევინოს” ვენახების ნაწილი ხაშმის მიკროზონაში, გარე კახეთში, გომბორის ქედის სამხრეთ – დასავლეთ ტერიტორიაზე, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზეა განთავსებული,” – მიყვება ნიკა ზაუტაშვილი, „–ვენახები მოიცავს 4–5 წლის საფერავის ნარგაობას, როგორც მრგვალმარცვალას, ისე – საფერავ ბუდეშურს. ხაშმის მიკროზონის ადგილმდებარეობა, ნიადაგური და კლიმატური პირობები განაპირობებს ყველასგან გამორჩეულ საფერავის ყურძნისა და შემდგომში ღვინის მიღებას.

“მტევინოს” ხაშმში გააჩნია ხუთი ჰექტარი საფერავის ჯიშის ვენახი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მაღალი ხარისხის ყურძენს მოგვცემს. “მტევინოს” აგრეთვე აქვს სამი ჰექტარი ვენახი საგარეჯოს მიმდებარედ, უდაბნოს ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ორ ჰექტრამდე საფერავის ჯიშის უკვე მრავალწლიანი ვენახი. იგი ვაზის ასაკის გამო მაღალი ხარისხის ყურძენს იძლევა. იგივე ტერიტორიაზე ასევე გვაქვს ერთი ჰექტარი 8 წლის რქაწითლის ვენახი.როგორ შეაფასებდით “მტევინოს” დაბიუტს აშშ–ში?

“მტევინოსთვის” ამერიკოს ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. გვყავს სანდო და გამოცდილი პარტნიორი – მიხეილ კაბილნიცკი (Corus Imports), რომელთანაც ექსკლუზიური პირობებით ვთანამშრომლობთ. ჩვენდა საამაყოდ, ბრენდმა მოკლე პერიოდში მოახერხა და აშშ-ის ბაზარზე მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებელი კომპანიის სახელი დაიმკვიდრა. შესაბამისად მოთხოვნა “მტევინოზე” შეკვეთიდან შეკვეთამდე სულ უფრო იზრდება, რაც, ცხადია, მოტივაციას გვმატებს.




ნიკა ზაუტაშვილი (“მტევინო”) და მიხეილ კაბილნიცკი (Corus Imports)

ამერიკულ “ვაინექსპოზე” მონაწილეობა მივიღეთ როგორც კლასიკური ასევე ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოებით: “რქაწითელი”, “ხაშმის საფერავი”, “მუკუზანი”, “ქინძმარაული”, “ქვევრის მწვანე”, “ქვევრის საფერავი”, “ქვევრის რქაწითელი” და “მწვანეს ასამბლაჟი”. გვჯერა, რომ ამერიკის ბაზარზე ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს. ამაზე შესაბამისი სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია. ამ შედეგს, რა თქმა უნდა, ხარისხზე ორიენტაციამ შეუწყო ხელი. ღვინის მწარმოებლები ხვდებიან, რომ თუ გინდა რუსეთის ბაზრისგან გათავისუფლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ამისთვის მომხმარებელს ხარისხიანი ღვინო უნდა შესთავაზო.”

***

Vinexpo America – 2022 – ზე ნიუ იორკში ბაზირებულმა იმპორტიორმა კომპანიამ Georgian Vintages Corp-მა (ხელმძღვანელი პაკო ბატიაშვილი) პირველად წარადგინა “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” პროდუქცია. მთლიანობაში კომპანიამ “ექსპოზე” “დუგლაძის” 11 დასახელების ღვინო, ორი ჭაჭა (“ჭაჭა კლასიკური” და “ჭაჭა დაძველებული”), სხვადასხვა ასაკის დაძველების ორი ბრენდი (VSOP და VS) წარადგინა. ღვინოებიდან სადეგუსტაციო დახლზე იყო: “საფერავი ქვევრის”, “საფერავი მუსკატი”, “საფერავი რეზერვი”, “ქისი ქვევრის”, “რქაწითელი ქვევრის”, “საფერავი როზე”, “კახური”, “მუკუზანი”, “ქინძმარაული”, “ტვიში” და “წინანდალი”.

2014 – ში ძმები დავით და ზაალ დუგლაძეების მიერ შექმნილი კომპანია, შეიძლება ითქვას, რომ 1984 წლიდან იღებს სათავეს, როცა დამფუძნებლების მამა, ცნობილი მეღვინე დიმიტრი დუგლაძე საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ალკოჰოლური საწარმოს, “გომის სპირტის ქარხნის” ხელმძღვანელი გახდა.

– “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” პროდუქტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში იყიდება. 2021 წლის ბოლოს აშშ–ში დუგლაძის კომპანიის ცხრა დასახელების ღვინო, 12 900 ბოთლი შემოვიტანე,” – მიყვება პაკო ბატიაშვილი, „– ღვინის დეგუსტაცია – გაყიდვის გარდა შანსს ხელიდან არ ვუშვებ და ამერიკელებს საქართველოზე, ტრადიციებზე, ქართულ კერძებზე, ღვინის კულტურასა და, ცხადია, ქვევრის ღვინოზეც ვუყვები.




პაკო ბატიაშვილი (Georgian Vintages Corp) და დიმიტრი დუგლაძე ( “დუგლაძეების ღვინის კომპანია”)

“დუგლაძეების ღვინო” ნიუ იორკში ოცდაათ სხვადასხვა ადგილზე იყიდება, როგორც ღვინის მაღაზიებში, ასევე – რესტორნებში. ამ მხრივ ნიუ იორკი მოსახერხებელი ქალაქია, რადგანაც ახალს ენთუზიაზმით იღებს.

ჩემი დაკვირვებით, ყველაზე კარგად “ქინძმარაული” და “ტვიში” იყიდება. ასევე დიდ ინტერესს ქვევრის ანუ ქარვისფერი ღვინოებიც იწვევს. ძირითადი მომხმარებლები ჯერ-ჯერობით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არიან. გვინდა გაყიდვების არეალი გავაფართოოთ და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. პერსპექტივაში “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” არყების შემოტანასაც ვგეგმავთ. ამერიკული ბაზარი ძალიან პერსპექტიული ტერიტორიაა მისი მრავალფეროვნებიდან, სიდიდიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოს კი უნიკალური შანსი აქვს თავისი ადგილი სწორედ აქ დაიმკვიდროს”.

***

ამერიკაში მოქმედი იმპორტიორი კომპანიის, “შპს ნეკი სელექშენ“ (Neki Selection LLC) ხელმძღვანელი მალხაზ ჯაყელი ნატურალური მეთოდებით დამზადებულ ღვინოებს წარადგენს. სიტყვა “ნეკი” ვაზის გასხვლისას სამერმისოდ დატოვებულ, ორ ან სამკვირტიანი რქის, სამემკვიდრეო ტოტის აღმნიშვნელია. დღეს “ნეკის” ღვინოები ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსის ალკოჰოლის მაღაზიებსა და ბარ-რესტორნებში იყიდება. ამას გარდა, ამ კომპანიის ღვინოები არის ვირჯინიის, ჩრდილოეთ კაროლაინის, მერილენდისა და ვაშინგტონის ღვინის მაღაზიებში. ერთი თვეა, რაც გაყიდვები ორეგონის შტატშიც დაიწყო.

„ნატურალური წესით დამზადებული ღვინო ტერუარსა (სავენახე თვისებები) და მეღვინეს ჭეშმარიტად გამოხატავს“ – ამბობს მალხაზ ჯაყელი. “– ეს ღვინოებია, რომელიც გასიამოვნებს, ჩაგაფიქრებს და მოგანდომებს მეტი გაიგო მის შესახებ, მისი დამყენებლის შესახებ, სად, როგორ ადგილასაა ვენახი, რა ნიადაგია, როგორი კლიმატია და ა. შ.

დღესდღეობით “ნეკის” პორტფოლიოშია რვა მარანი: “მარანი სტორი”, “ანემო”, “ეთნო”, “ღვინის ანბანი”, “ბიბინეიშვილების ღვინოები”, “ციხელიშვილის ღვინოები”, “მარანი კასრელი”, “მუკადო”. ქართული ღვინო მართლაც რომ ერთ–ერთი კი არა, შეიძლება ერთადერთი კონკურენტუნარიანი და საინტერესო ქართული პროდუქტია არა მარტო ამერიკისთვის, არამედ ზოგადად დასავლეთისთვის.




მალხაზ ჯაყელი (Neki Selection LLC)

2020-ში ჩვენი პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე შემოტანას კოვიდპანდემიამ შეუშალა ხელი. 2021 წელს გამოსაგზავნად შვიდი მცირე და საშუალო მარნის ღვინო შევარჩიეთ და 14 ათასზე მეტი ბოთლი გამოვაგზავნეთ. აშშ–ში ალკოჰოლით ვაჭრობის კანონიერი მხარე ძალიან რთული, სამდონიანი სისტემაა და თან ეს ყველაფერი 50-ზე, ანუ შტატების რაოდენობაზე უნდა გაამრავლო, რადგან თითოეულ შტატს ძირითად კანონზე კიდევ თავისი დამატებები აქვს მიბმული.

ამერიკისკენ პირველი კონტეინერის დაძვრა მხოლოდ 2021 წლის მაისში მოვახერხეთ, დეგუსტაციები და გაყიდვები კი 2021 წლის ივლისის ბოლოდან დავიწყეთ. ერთი მხრივ, ეს დაგვიანება სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ამ დროიდან რესტორნების კარი ნაწილობრივ და შეზღუდვებით გაიხსნა. ამა წლის აპრილის ბოლოს კი ამერიკისკენ “ნეკის” მეორე კონტეინერი დაიძრა.”

2015 წელს მალხაზ ჯაყელის კომპანიის “ჯაყელის ღვინოები” მიერ შემოტანილი ღვინო “საფერავი” (წითელი მშრალი, გაუფილტრავი, 2012) გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ფურცლებზეც აღმოჩნდა. ამა წლის ივნისში კი აშშ–ში ღვინის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის უმკაცრესი ორმოცწევრიანი ჟიურით – TEXSOM International Wine Awards (1985) შედეგები გამოქვეყნდა. “ნეკის” ოთხმა ღვინომ ერთი ვერცხლის (“საფერავი”, კომპანია “ეთნო”), ორი ბრინჯაოს (“ჩხავერი”, კომპანია „ბიბინეიშვილების ღვინო“; “საფერავი”, კომპანია „სტორი”) და ჟიურის რჩეულის (“მწვანე”, კომპანია “ციხელაშვილის ღვინოები”) ჯილდო მიიღო. მთლიანობაში ამ კონკურსზე ყველა კატეგორიის ჯილდო 21-მა ქართულმა ღვინომ გადაინაწილა.

27.07.2022
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment