Thursday, October 13, 2022

ლაღიძის ლიმონათის უტკბესი საიდუმლო – ინტერვიუ რეჟისორ შტეფან ტოლცთან






გერმანელი რეჟისორის, შტეფან ტოლცის ახალი ფილმი სახელად – „სტალინის კოლა“ საბჭოეთის პერიოდისა და მსოფლიოში ცნობილი გამაგრილებელი სასმელების შესახებ მოგვითხრობს.

გადაღება ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა: საქართველოში, რუსეთში, მოლდოვაში, ბულგარეთში, გერმანიაში, ფინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში… ფილმი მრავალფეროვანია თემების სიუხვით და ვრცელ პერიოდსა და ფართო გეოგრაფიულ არეალს მოიცავს.

ფილმის შექმნის იდეა ერთი ლეგენდის გამო გაჩნდა:

1952 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს საჩუქრად ათასი ბოთლი „კოკა-კოლა“ გაუგზავნა. სტალინმა კრემლში დაიბარა წყლების დიდოსტატი, ლიმონათების მეფედ წოდებული მიტროფანე ლაღიძე, რომელიც იმ დროს 83 წლისა იყო და სთხოვა, შეექმნა ლიმონათი, რომელიც კოკა-კოლაზე უკეთესი იქნებოდა.

მან მართლაც დაამზადა ახალი სასმელი, რომელიც, როგორც ამბობენ, სტალინმა ტრუმენს გაუგზავნა. ცოტა ხანში „თეთრი სახლიდან“ წერილი მოვიდა – ამერიკელები ლაღიძის ლიმონათის ექსპორტს ითხოვდნენ. მაგრამ ბელადმა გადაწყვიტა, რომ ეს უგემრიელესი სასმელი მხოლოდ საბჭოთა ხალხებისთვის უნდა ყოფილიყო.

თუმცა ლაღიძეს ღვაწლი დაუფასეს და სტალინის ბრძანებით ის საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროში „გლავფრუქტვოდის“ მთავარ კონსულტანტად დაინიშნა.

„ძალიან მინდოდა გამერკვია, რა იყო მითი და რა სინამდვილე“– ამბობს შტეფან ტოლცი, ფილმის რეჟისორი, – „შარშან, ნოემბერ-დეკემბერში მოსკოვში გახლდით, ისტორიკოსებთან ერთად არქივებში ამ ინფორმაციის დამადასტურებელ მასალას ვეძებდი. მართლაც მივაგენით დოკუმენტებს, რომ მიტროფანე ლაღიძე თბილისიდან მოსკოვში ნამდვილად გაემგზავრა. იქ 1952 წელს ახალი ლიმონათის კომპოზიცია შექმნა და იქვე, მოსკოვის უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში ის მართლაც ჩამოასხეს.




შტეფან ტოლცი. ფოტო: პატრიკ ჰორლი/Filmpunkt

არქივში დაცულია ეს რეცეპტი, აგრეთვე დოკუმენტები იმის თაობაზე, რომ ორი დიდი დეგუსტაცია ჩატარდა: სტალინის სახელობის ავტოქარხანაში სტახანოველების მონაწილეობით და კვების მრეწველობის სამინისტროში, სადაც დეგუსტაციას ესწრებოდა იმ დროს სსრკ-ის ვაჭრობის მინისტრი ანასტას მიქოიანიც, რომელმაც ახალი სასმელი მოიწონა და ოსტატიც გამორჩეულად შეაქო.

მოსკოვის გარდა გადაღებები გვქონდა სანქტ-პეტერბურგში, ქარხანაში – „რუს-არომა“, სადაც შემდგომში ეს კომპოზიცია მზადდებოდა და საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში იგზავნებოდა; სანქტ-პეტერბურგიდან სამი საათის სავალზე არის ტიხვინის უალკოჰოლო სასმელების ქარხანა, სადაც 2000 წლიდან ლაღიძის ლიმონათების წარმოება დაიწყო. მისი მფლობელები ლიმონათების კომპოზიციებს თბილისიდან, ლაღიძის ქარხნიდან იღებენ, ლიმონათების ჩამოსხმა კი ადგილზე ხდება.

რამდენიმე წლის წინ „ლაღიძის წყლები“ ტიხვინიდან ამერიკაშიც ჩამოდიოდა. ნიუ იორკში, ბრუკლინში, რესტორან „ფიროსმანში“. ცნობილია, რომ ლაღიძის ლიმონათების ამერიკის ბაზარზე გატანის პირველი მცდელობები 1990-იან წლებში უკვე იყო, თუმცა იმ საწარმოს ვერ მივაგენი, სადაც საცდელი პარტია ჩამოასხეს.

საქართველოში კოკა-კოლას ისტორიაც 1990-იან წლებში იწყება: მისი წარმოება 1993 წელს დაიწყო და დღემდე ძალიან წარმატებულად გრძელდება“.აშშ–ში თქვენი სტუმრობის მიზანი რა იყო?

გადაღებები გვქონდა როგორც ნიუ იორკში, ასევე ვაშინგტონში, ჯორჯიისა და ვერმონტის შტატებში. ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) იმის შესამოწმებლად გავემგზავრე, მართალი იყო თუ არა ის, რომ ამერიკის პრეზიდენტ ტრუმენს „ლაღიძის წყლები“ ძალიან მოეწონა და ამერიკაში მისი გავრცელების სურვილი გამოთქვა. თუმცა ისტორიკოსებისგან ამის დასტური ვერ მოვიპოვე.

ვერმონტის შტატში გავიცანი ისტორიკოსი, წიგნის – „ღმერთის, ქვეყნისა და „კოკა-კოლასთვის“ ავტორი, მწერალი მარკ პენდერგრასტი, რომელმაც ამ ამბის რეალურობა არ დაადასტურა, მტკიცებულებები იქაურ არქივებშიც ვერსად ვიპოვეთ.მიტროფანე ლაღიძეზე სრული ინფორმაციის მოძიების შემდეგ მის ღვაწლს მოკლედ როგორ დაახასიათებდით?

ჩემთვის სსრკ-ში მიტროფანე ლაღიძის მოღვაწეობა არის, ასე ვთქვათ, „საბჭოთა კავშირის უტკბესი საიდუმლო“, ჩემს ფილმს კი „სტალინის კოლა“ დავარქვი, რადგან ფილმში ამბები სწორედ სტალინისთვის შექმნილი, „კოკა-კოლაზე“ უკეთესი ლიმონათის ირგვლივ ვითარდება. ჩვენი ფილმი ამ ჯადოსნური „წყლების“ კინოენით გადმოცემული სევდისა და იუმორის ნაზავია.

ჩვენი ფილმის მიზანია არა იმის ჩვენება, თუ რა შესანიშნავი სასმელი შექმნა მიტროფანე ლაღიძემ (ლაღიძის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმი უკვე არსებობს), რა კარგი გემო ჰქონდა მის წყლებს, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ ახსოვთ და უყვართ ის, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო იმ შემთხვევაში, თუ სამყარო მიტროფანე ლაღიძის წყლებს დააგემოვნებდა, ეს ბრენდი კი ძალიან პოპულარული და ისეთივე მასობრივი მოხმარების პროდუქტი გახდებოდა, როგორიც ამერიკული კოკა-კოლაა.

საინტერესოა, რომ „კოკა-კოლას“ შემქმნელი ჯონ პემბერტონიცა და „ლაღიძის წყლების“ შემქმნელი მიტროფანე ლაღიძეც „ჯორჯიაში“ დაიბადნენ. პირველი – აშშ-ის ტერიტორიაზე, მეორე – ევროპის. პირველის პროდუქტი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მეორის – არა. პემბერტონი საქართველოში რომ დაბადებულიყო, მის პირმშოს, ალბათ, ისეთივე ბედი ეწეოდა, როგორიც – ლაღიძისას.



ფოტო: Filmpunktთავად თქვენ რას ფიქრობთ „კოკა–კოლასა“ და „ლაღიძის წყლების“, როგორც სიმბოლოების, თანაარსებობაზე?

ვფიქრობ, მსოფლიო გაცილებით ჯანმრთელი იქნებოდა, „ლაღიძის წყლები“ „კოკა-კოლაზე“ უფრო ცნობილი რომ გამხდარიყო და მსოფლიოს „ვოდკა“ კი არა, ქართული ლიმონათი გაეცნო… 1989 წელს კი, როცა ევროპასა და მსოფლიოში დიდი ძვრები მოხდა, თავისუფლებისა და დასავლეთის სიმბოლო სწორედ ლაღიძის წყლები გამხდარიყო.“სტალინის კოლას” გარდა რომელ ფილმზე მუშაობთ?

გერმანურლ-ფრანგული არხის ARTE–სა და გერმანული საზოგადოებრივი ტელევიზიის ZDF-ის კოპროდუქციით ვიღებ ფილმს ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ. ფილმი პორტზეა, როგორც ქართველების იმედსა და ხელიდან გაშვებულ შანსზე.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში ანაკლიის პორტი მთელი მსოფლიოსთვის ტვირთბრუნვის ერთგვარი გზაჯვარედინი გახდებოდა. დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში ანაკლიის პორტის პოტენციალის შესახებ თითქმის არაფერი იციან.

ამ ფილმიდან მაყურებელი გაიგებს, თუ ვინ იყვნენ ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის, ასე ვთქვათ, მთავარი აქტორები და როგორ იკვეთებოდა აქ დასავლეთის, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები. რუსეთ-უკრაინის ომისა და ამ თემის უაღრესი აქტუალურობის გამო მინდა ეს ფილმი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ.

18.07.2022
netgazeti.ge


No comments:

Post a Comment