თუ კვირის ბოლოს გზას ცხელი, მტვრიანი, დაღლილი, მუდამ წნევიანი, ანტიდეპრესანტებზე შემჯდარი, ჰიპერალერგიული, გამუდმებით მარიხუანის სუნის მქონე, ნაგვის გაბერილ, შავპარკებიანი ნიუ იორკიდან სამხრეთისკენ, პენსილვანიისკენ დილის ხუთზე გაუყვებით, ზუსტად ორ საათნახევარში პატარა ქალაქ ბუკინგემის სოფელში, სახელად სთარლაითში აღმოჩნდებით. სახელიც როგორი აქვს – “ვარსკვლავის სინათლის სოფელი”. რაღაცნაირი ვან გოგური და რატომღაც ბრიტანული სამეფო გლამურიდან.
გზა კი არის ისეთი სუფთა, გლუვი, მშვიდი, უწყვეტი, ერთიანი და არა ნიუ იორკულ აურაში ჩაფლული, რომ დროდადრო მგონია, რომ არც ვმოძრაობ, გარშემო ყველაფერი ჩემი ჰალუცინაციის შედეგია – უბრალოდ, მხატვრულ–დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ სიმწვანესა და ჟანგბადზე. “სამოთხე” – წავიჩურჩულე და მარცხნივ მჯდომმა მძღოლმაც ექოსავით – “კი, სამოთხეა”…
გზა სთარლაითისკენ. ია მერკვილაძის ფოტო
ასე იცის ლამის ორი წლის განმავლობაში ოთხკედელშუა ცხოვრებამ და მერე “გზაზე დადგომამ”, რომელიც სიცოცხლეში დაბრუნებას ჰგავს.
წინ გზა არაფრით იღლებოდა და ხან მიიკლაკნებოდა და ხანაც – ვერ; ორივე მხარეს ხეები – მიწაზეც, მთებზეც, კლდეებზეც… ხანდახან საქარე მინიდან და გვერდით ფანჯრიდანაც ცასაც გავხედავდი – ფერი ხომ არ შეიცვალა და იქაც ხომ არ დგანან ეს ხეები მიჯრით… და ცის ფერი, შემთხვევით, მწვანე ხომ არ გახდა ანდა ცისფერ–მწვანე.
როცა მანქანა ხან მსუყე და ხანაც თხელ ნისლში შესრიალდებოდა ხოლმე, მეხსიერება “გრძელ და დაკლაკნილ გზას” მასმენინებდა, არა – “ბიტლების”, არამედ – ჯორჯ მაიკლის იავნანურ–მედიტაციური ინტონაციით – Don’t Leave Me Waiting Here… ამას “პინკ ფლოიდის” I Wish You Where Here მოჰყვა. არა, რა… ადამიანები კი არ ქმნიან გზებს, მოგზაურობებსა და მოგონებებს, არამედ გზები, მოგზაურობები და მოგონებები ქმნიან ადამიანებს. როგორ არ ვეცადე, მაგრამ ვერაფრით მივაბი ამ ყველაფერს ამერიკული მოგზაურების ჰიმნი – უილ ნელსონის სიმღერა “ისევ გზაზე” (On The Road Again), იმწამსვე თავი დავანებე და აკვიატებულად ჯორჯ მაიკლს მივუბრუნდი…
გზა სთარლაითისკენ. ია მერკვილაძის ფოტო
ჰორიზონტს იქეთ ისევ გზა… მდინარე დელავერზე გადავედით, გადავუხვიეთ სახლთან, რომლის წინაც სხადასხვა ფერის ბოთლებისგან აგებული “ნაძვის ხე” დგას და ქუჩაზე, სახელად – “ვინტერდეილ როუდ” (ზამთრის ხეობის გზა), პატარა დასახლებაში აღმოვჩნდით.
სიმწვანეში ჩაფლული სახლები პატარა ქოხებად ჩანდა. აგერ, აი, ისეთი მაღაზიაა ამერიკულ ჰორორ ან ვესტერნ ფილმში რომაა – ზარის წკარუნით რომ შედიხარ, დახლთან გამყიდველი არასდროს გხვდება, სანამ ხის მაგიდაზე არ დააკაკუნებ ანდა Is Anybody Here? – არ იკითხავ, არავინ გამოგებება. მერე საიდანღაც, სიბნელიდან, თეთრწვერიანი, დიდღიპიანი, აჭიმებიანი, კუბოკრული პერანგითა და მაზუთიანი ჯინსებით ბრძენი ცინიკოსი გამყიდველი გამოვა, დასპირტული სუნთქვითა და სახეზე “რა ჯანდაბა გინდა” გამომეტყველებით…
სთარლაითში ოდესღაც რკინიგზის დეპო იყო, სადღაც ახლომახლო კი ტბაა და 115 წლის რესტორანიც. ამბობენ, რომ ამ მიდამოებში ახალგაზრდა ქალის აჩრდილი დაბორიალობს, სველ შავ კაბაში. ადრე ეტლებს აჩერებდა, ახლა, ცხადია, პატარა თუ დიდ ავტომანქანებს და სატვირთოებსაც; მერე მეეტლეს/მძღოლს უყვება, რომ როცა ნავი გადაბრუნდა, ლამის დაიხრჩო, გადარჩა, ნაპირზე ამოძვრა და ახლა სახლში მიეჩქარება. როგორც კი ეტლის/ მანქანის უკანა სავარძელზე ჯდება, მაშინვე ქრება… აქაურები სხვა პარანორმალურ ამბავსაც ჰყვებიან: აქვე, არშემდგარი ქორწილის გამო მამაზე გაბრაზებული, სახლიდან გაქცეული, ვერშემდგარი პატარძალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მაგრამ დღესაც მისი ცხენი ამ არემარეში სადღაც დაბოდიალობს და ჭიხვინებს. წარმოვიდგინე, როგორ ვრცელდება ცხენის აჩრდილის ხმის ექო. თუმცა იმ დღეს, როცა ჩვენ სთარლაითში ჩავედით, აჩრდილები, ალბათ, ისვენებდნენ და ამიტომაც არ შეგვხვდნენ… ანდა, არასწორ დროს ჩავედით – ეს ლანდები მხოლოდ ღამ–ღამობით ჩნდებიან.
სამაგიეროდ დიდი შანსი იყო სრულიად ნატურალური ზომის, არააჩრდილ დათვს გადავყროდით. როგორც მასპინძელმა მითხრა, ერთადერთი საშიში რამ აქ, ესაა დაუპატიჟებელი სტუმარი დათვი, რომელიც ერთი წლის წინათ სკებს წაეტანა, მაგრამ შემოღობილმა დენმა დაარტყა და ისე გავარდა, რომ მოპირდაპირე მხარეს მდგარი მეორე გასასვლელის კარი გაანგრია და ვაგონს მიეხეთქა. მერე, როგორც ჩანს, დაბრუნდა და, ალბათ, ჯავრის ამოსაყრელად, გარეთ მდგომ უზარმაზარ მაცივარს კარი მოატეხა, გამოშიგნა, სათავისო ვერაფერი იპოვა და ყველაფერი მიამტვრ–მოამტრვია.
როგორც კი წარმოვიდგინე ამ 700-კილოგრამიანი ძუძუმწოვრის “ანცობები”, ამ უკიდეგანო სიმწვანე–ხეების ბინოკლის გარეშე მზვერავის უნარ-ჩვევა ეგრევე გამომიმუშავდა. დღემდე დაინვალიდებული მაცივარი კი ისევ ისე დგას, როგორც სთარლაითის მატერიალური, ოღონდ არარესტავრირებული სიმდიდრე, რომელიც უკვე დროა “მომაში” (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA) გადაანაცვლონ. აქვეა ასევე შელახული სარეცხი მანქანა, დათვისგან დაწუნებული. ჰოდა, “მომაში” უყვართ ძველი მტვერსასრუტების, კომპიუტერებისა და ტელევიზორები გამოფენა. პოსტპოსტმოდერნი და მისთანანი… სხვათა შორის, “მომაში” სკა არასდროს მინახავს და ამიტომაც ისმის ლოგიკური კითხვა – რატომ არავის მოაფიქრდა?
თეთრ და შავ მარმარილოსჯვრებიან სასაფლაოს რომ ჩაუვლით, გამოჩნდება საცხოვრებელი ვაგონი, მის გვერდით კი დიდი ფიცრული საქართველოსა და ამერიკის დროშებით. ამ ფიცრულში ერთი სკა განცალკევებით დგას. ეს სამეზობლოდან მოფრენილ–დაკარგული დედა ფუტკრის სადგომია. ცალკე ცხოვრობს, ემიგრანტული ყოფით.
ია მერკვილაძის ფოტო
როგორც ამ ვაგონ “აპარტამენტის” მფლობელმა მითხრა – ვაგონში სრული კომფორტია, ოთხსაწოლიანია, ტელევიზორ – სავარძლებით, ინტერნეტით. ვიდეოთვალით ზურაბი ბუნების წიაღში სიტუაციას ბრუკლინიდან აკვირდება.
ამ ტოტალურ სიმწვანეში, ახალმოცელილი ბალახისა და ყვავილების ოდნავ მოტკბო სუნში, კაკლის ხეებს, ანკარა სასმელი წყლის ჭასთან (ლაბორატორიაში შემოწმდა, რომ ეს წყალი ბრუკლინისაზე 33-ჯერ უფრო სუფთაა) და ხის სავარძელ-ჰამაკის წინ, თითქოს ხელისგულზე თეთრ კოლოფებად, თვრამეტი სკა დგას.
იქ ნახევრად ქართველი და ნახევრად ამერიკელი ფუტკრები ცხოვრობენ. რამდენი სკაცაა, იმდენი – ოჯახი; თითო ოჯახში ათი ჩარჩო და მათზე 50–60 ათასი ფუტკარი. მთლიანობაში 300 000 მდე ფუტკარი. ან მეტი, ან ნაკლები. არა, კი არ ცხოვრობენ, არამედ დღედაღამ თავიანთ უცნაურ მისიას ასრულებენ, ღმერთმა უწყის თუ არ უწყის, როგორ, რანაირად, რა მანქანებით, რა პროგრამებითა და მენეჯმენტით – უნდა შექმნან მოტკბო, ქარვისებრი ან უფრო მუქი ან უფრო ღია ფერის სითხე და არასდროს დაიღალონ.
არა მგონია ფუტკრებმა იცოდნენ, რომ თაფლის წარმოებას “რთული შაქრების ინვერსია” ჰქვია, ან იცოდნენ, რა ჯადოქრობას სჩადიან – ქმნიან სამკურნალო, ტკივილგამაყუჩებელ, ვიტამინიზირებულ, სხვადასხვა გრადაციის ოქროსფერ ნივთიერებას. უბრალოდ, აკეთებენ. და თუ სკიდან შორს იმოგზაურებენ, ისიც მხოლოდ ოჯახში, უკან დასაბრუნებლად, სხვადასხვა რეგისტრის ზუზუნით, პალიტრის ყველა ფერის ყვავილებიდან ნექტარ-გრაალის წამოღებით თუ მოტაცებით… მათი წინ–უკან, ზევით–ქვევით ფრენა – მოგზაურობა იმ გზას ჰგავს, რომელზეც ხუთი წუთის წინ სკების პატრონი, მეფუტკრე ანუ ფერმერი ზურაბ გალდავა თავისი ნაცრისფერი “ნისან ვოგით” მიგვაქროლებდა. მაგრამ ეს გზა მაინც ყოველთვის უკან, შინისკენ მოცქირალია, თუნდაც ის სახლი შენი არ იყოს და უბრალოდ გეგონოს, რომ შენია.
“აქაურობა შემოდგომაზე უნდა ნახოთ, სილამაზისგან გული გაგიჩერდებათ“ – მეუბნება ზურაბ გალდავა, რომლის “სოფელ–აგარაკის” მოსანახულებლადაც სთარლაითში ვართ, „– 2002 დან აშშ–ში ვარ და სანამ ეს ნაკვეთი 2015 – ში არ ვიყიდე, ვერ ვიგრძენი, რომ ამერიკაში ვარ. ნიუ იორკი, ბრუკლინი არ მაგრძნობინებს, რომ ამერიკაში ვარ”.
ზურაბს ბრუკლინში, კორპუსის ეზოშიც აქვს ვენახი, ბაღჩა, სკები, ქათმები კი და კიდევ, როგორც თავად უძახის, ჰყავს “ძაღლუკა” – ბომბორა გიგანტი სემი, შავი რუსული ტერიერი, რომელიც 1949 წელს სტალინის შეკვეთით გამოუყვანით. იმხელაა, მანქანის უკანა სავარძელზე ვერ ჩაეტეოდა, მაგრამ თუ მოთავსდებოდა, როგორც ზურაბი ამბობს, მანქანით ხუთ მეტრსაც ვერ გავივლიდით, ისეთი მოსიყვარულე დადორბვლა იცის, მისი ბუნებრივი მოუსვენრობისგან კი ზუსტად ამავე დროში დაგვღლიდაო. მოკლედ, სემი არ წამოვიყვანეთ და დარჩა იგი, ალბათ, სევდიანი, ნაღვლიანი თვალებით და უიკენდის სარგებლის გარეშე ანუ – რაიმე განსაკუთრებული გემრიელობის, მაგალითად, მწვადის.
ზურაბი და „სემი“
მე კი ვეუბნები ზურაბს, რომ ეს გზა და არემარე ჩემ სოფელს, ზოგადად საქართველოს მახსენებს, ალუზიის სრული სიცხადისთვის კი ხის ორსართულიანი სახლის ზედა სართულის ხის იატაკის ჭრაჭუნიღა მაკლია. ზურა ამბობს, რომ მიწის ამ ნაკვეთზე, სამომავლოდ აპირებს გაკეთოს ავზი, სადაც კალმახს მოაშენებს და აუცილებლად ჩადგამს სახლს, ოღონდ ფუნდამენტის გარეშე. ახლა, როგორც ფერმერი, მიწის გადასახადს კომიკურად მცირედს იხდის – სახელმწიფო ფერმერებს შეღავათს აძლევს. აი, ფუნდამენტიან სახლს თუ ააშენებს, არაა გამორიცხული, რომ წელიწადში მიწის გადასახადი 20–30 000 დოლარამდე ავარდეს.
ფეხებზე ვისხურებთ ანტიბაქტერიულ სპრეის, ვიცვამთ დამცავ სკაფანდრს, მე სპეციალურ შესაბოლ დგუშს ვიმარჯვებ – ფუტკრების აგრესიის მოსათვინიერებლად და ფუტკრებთან, ველზე გავდივართ. ყურებზე, თითზე და მაჯაზე ფუტკრებიანი სამკაულები მიკეთია. კულონიც მზესუმზირაზე მჯდარი ფუტკარია, სინქრონიზაციის ამბავში. ჩემთვის ვფიქრობ, ნეტა თავისიანად თუ მიმიღებენ ამ ლითონის კოლეგების გამო, დამინდობენ და არ მიკბენენ?
ფუტკრების ოჯახი ფიჭით ამოშენებულ ჩარჩოზე “ცხოვრობს”. ზურაბი ჯერ ფუტკრების საბინადროს – მათ კორპუსს თავს ხდის, მერე მიტკლის ნაჭერს, რომელზეც მავნებლებისგან დამცავი მცენარე დევს, მერე კიდე ბრტყელ ჭერს იღებს და, აი, თაფლის საამქროც – ჩარჩოიან ფიჭებზე ქაოსურად მოძრავი ფუტკრები, რომელთა შორის, ყველაზე “თავისუფლების მოყვარულებმა” თავი მიანებეს რუტინას, აფრინდნენ და ჩვენ გარშემო თავისი დაუსრულებელი ზუზუნით ტრიალი დაიწყეს.
ზურაბი. ია მერკვილაძის ფოტო
ზურაბი ფუტკრებით დახუნძლულ თითოეულ ჩარჩოს იღებს, კრიტიკულად ათვალიერებს, მათ დინამიკაზე, ფერზე, კვერცხების რაოდენობაზე, თაფლის წარმოების პერსპექტივაზე მსჯელობს, დედასა და მამებს ეძებს, ხან შეაქებს, ხანაც ტუქსავს, ხანაც თავს გადააქნევს შორისდებულებით – ვაჰ, უყურე შენ!… და მიყვება, თუ როგორ უნდა გავარჩიო მამა, დედა და სხვა პერსონალი… მიყვება ფიჭის უჯრედებში სიყვითლე–მოყავისფროების მიზეზებზე, ფუტკრების სიხშირე–სიხალვათეზე, სკის საკუჭნაოსა და “ბინის” სხვა ნაწილების ამბებზე.
ვდგავარ, ხველებ–ხველებით დგუშიდან გამომავალ ბოლს ვისუნთქავ და ფუტკრებს ასე ვამშვიდებ. თან ოდნავ შეშინებული ღიმილით და ცხვირწინ ბადეზე მოტმასნილ ფუტკრებზე ლამის დაელმებული თვალებით, ცალი ყურით ამ ლექციას ვისმენ, ცალით – ფუტკრების საუნდტრეკს და ვნანობ, რომ რეჟისორი არა ვარ, თორემ მარკუს იმჰუფის გენიალური ფილმის, თითქმის ოსკაროსანის – “მეტი, ვიდრე თაფლი” (2012) დონის შედევრს ნამდვილად გადავიღებდი.
ია მერკვილაძე
ზურაბი ფუტკრებზე დაკვირვებისას შიგადაშიგ აქაურ ექსბინადარზე, თავის ძროხაზე, “სტელაზე” მიყვება. „სტელაზე“, რომელსაც არც დათვის ეშინოდა და თავის თაფლსაც გასცემდა. ვგულისხმობ რძეს, ყველსა და კიდევ სხვა გემრიელობებს. ჰო, “ლექცია” არასწორი სიტყვაა – ესაა ადამიანისა და ბუნების მეგობრული გასაუბრება.
„აი, ფუტკარი მამაც გამოჩნდა. რაღაცნაირად, ძალიან “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცივით” იქცევა. რა დავარქვათ ამ ვაჟბატონს?“ – მეკითხება ზურა. “კუკური” – შევთავაზე. “რატომაც არა, ოკეი”. კუკურის რამდენჯერმე დავუძახეთ, მაგრამ დაგვიკიდა და თავისი ზანტი მოძრაობა განაგრძო. სკებზე სახურავის დახურვის შემდეგ, “გარეთ” დარჩენილები კორპუსის თაღიან შესასვლელთან იყრიან თავს, რიგში დგებიან და “სადარბაზოს” გავლით შინ ბრუნდებიან.
ზურაბის საექსპორტო აზრებს სრულად ისე ვიზიარებ, თითქოს რაიმე მესმოდეს. არადა თაფლზე სულ რაც ვიცი, დედაჩემის, ფიტოთერაპიის მოყვარულის რჩევებია და კიდე ის, რომ სკა ორი საუკუნის წინ უკრაინელმა კაცმა გამოიგონა.
ფილადელფიაში წამოსვლამდე დედას ველაპარაკე და მითხრა – აბა, მეფუტკრეს ჰკითხე, ტყიბულის რაიონის (გვარი “მერკვილაძის” წარმოშობის ადგილი) სოფელ მუხურას ფუტკარი რომაა, ის წითელ წიგნშია შეტანილი და ნეტა პენსილვანიაში როგორ შეეგუებოდაო? ეს მოვყევი თუ არა, ზურაბი თავისას მიყვება: სამი თვის წინ მაგ მუხურელი ორი დედა ფუტკარი საქართველოდან ამერიკაში მიმყავდაო. საბაჟომ წითელ წიგნშია შეტანილი და ვერ გაგატანთო. ვერცერთმა არგუმენტმა ვერ გაჭრა. რახან ზურაბს არავინ აცილებდა და უკან ამ ფუტკრებს ვერავინ წაიყვანდა, აიღეს საბაჟოზე და ეს ფუტკრები თავის კონტეინერებიანად ნაგავში გადაუძახეს… გული დაწყდა. დღემდე ბრაზობს, ახლა ხომ უკვე მექნებოდა ამერიკის მიწაზე მუხურელი ფუტკრის ჯიშის თაფლიო.
ასე ახლოს ფუტკრებთან პირველად ვარ. ბოლო ხუთი სკა ზურაბმა მე შემამოწმებინა. ახლა ის მიბერავდა იმ დგუშს და ახლა მე ვიყავი მათთან ფამილიარულ ტალღაზე. მომეწონა და გავერთე სკის სახურავის ახდით, ამ სიფრიფანაფრთებიანების ნაჯაფის თვალიერებით. ერთი კი გავიფიქრე, აი, ფუტკარს “კუდთან” რომ კალათა აქვს და იქ აგროვებს ამ ნექტარს, ნეტა გამადიდებლით უნდა ვნახო თუ ფუტკარშემჯდარ ბადეზე მოსეირნეების ტვირთს ისედაც დავინახავ- მეთქი.
ია მერკვილაძის ფოტო
არ გამოვიდა ეს ამბავი.
ის კი არა, ვერც მათი ცხვირ–ხორთუმები დავინახე. კარგია, რომ მათთვისაც ჩემი ცხვირი მიუწვდომელი იყო, თორემ არაა გამორიცხული, ჩემი ალერგიულობისა გამო, ეს სიტყვები ახლა ვერ წაგეკითხათ. ვიცი, რომ ქართულ ფუტკარს ყველაზე გრძელი ცხვირ – ხორთუმი აქვს და შესაბამისად – ყვავილის ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულს აგნებს. ვინ იცის, სოფელ მუხურას ფუტკარს იქნება და თავისი, როგორც ჩვენთან ამბობენ, გვარ–ჯილაგი აეწყო და პენსილვანია, რომელიც ამერიკაში სკების რაოდენობით თუ თაფლის წარმოებით ვერ დაიკვეხნის, მეწინავე ადგილზე გასულიყო. ამ მხრივ ჩემპიონი ჩრდილოეთ დაკოტაა, მერე მონტანა, კალიფორნია, სამხრეთ დაკოტა… ამბობენ, მსოფლიოში ორას მილიონამდე სკაა. ჰოდა, მათ შორის, ზურაბ გალდავას სკებიცაა. ამერიკაში 210 ათასზე მეტი მეფუტკრეა და მათ რიცხვს ერთი ქართველი პროფესიონალიც შეემატა.
ზურაბი წელიწადში “მოსავალს” ორჯერ იღებს: ქარვისფერი თაფლი – გაზაფხულზე და ყავისფერი – სექტემბერში, მის მიწაზე დარგული “გადამთიელი” მცენარიდან, იაპონური წიწიბურადან (1777 წელს ამერიკელმა იაპონიიდან კალიფორნიაში ჩაიტანა, მაგრამ იქ ვერ გაიხარა, სამაგიეროდ გაიხარა პენსილვანიაში და მის მიდამოებში) ფუტკრები განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტს ქმნიან. ზურაბი მიყვება, რომ ამ იაპონურ მცენარეს ბევრი კარგი თვისება აქვს. მისი ნექტარი შეიცავს რასვერატროლს. ამგვარ თაფლს აქვს თვისება ნეიროკოგნიტური აშლილობების, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების პრევენციისა და მკურნალობის. გარდა ამისა იგი გულის, ელენთის, კუჭ–ნაწლავის დაავადებების, სიმსივნეების რისკს ამცირებს, არეგულირებს წნევასა და სისხლში შაქრის შემცველობას. მუდმივი მყიდველების გამო ხანდახან თაფლი მაღაზიის დახლამდეც ვერ მიდის – რამდენიმე საათში ყველაფერი გაყიდულია.
“სტელა სადაა ახლა?” – ვკითხე ზურაბს, როცა სკების შემოსაზღვრული ღობის კარი მიიკეტა.
“ერთი კახელი კაცი, დათო დავიქირავე, სოცმედიაში გაკეთებულ განცხადებაზე შეგვეხმიანა. ნორმალურ ხელფასს ვუხდიდი, საკვები ჩემზე იყო, კვირაში ორჯერ ვნახულობდი. ვაგონში ხატები ჩამოკიდა, ლოცულობდა. ერთხელაც ღამე სთარლაითელი ამერიკელი მეზობლის ახლობელი სტივი მირეკავს – შენი დაქირავებული მუშა ავტობუსის გაჩერებაზე დავინახე, ჩემოდნით სადღაც მიდიოდაო. გავგიჟდი, არც კი შემატყობინა, რომ სამსახურს ტოვებდა…აი, ასე, მიმიტოვა სტელა, სემი და ქათმები… კახელმა კაცმა. სახელად დავითმა. სტივი მეუბნება – აშკარად, ძროხა მოუწველავი დატოვაო. სასწრაფოდ გავვარდი. ღამის ორ საათზე ჩავედი სთარლაითში. ეს სტივი კი სტელას დარაჯობდა, მოუწველია კიდეც და, აი, ასე დამხვდნენ.
რა გამეკეთებინა? დავაბი ძროხა და უკან, ბრუკლინში დავბრუნდი. დილას სტივი ისევ მირეკავს და მეუბნება – აშშ–ის კანონით ძროხის დაბმა აკრძალულია, კარგი კაცი ხარ, გაფასებ, მაგრამ თუ სტელას ამ ბაწარს არ მოხსნი, იძულებული ვიქნები კანონის დარღვევის შესახებ სამართალდამცავებს შევატყობინოო… ისევ გავვარდი სთარლაითში, ამჯერად, სტელას “გასათავისუფლებლად”.
ახლა იკითხავთ, ვინაა ეს სტივი? სთარლაითში ჩემი მეზობლის ახლობელი, რომელსაც არც კი ვიცნობდი… მერე აღმოჩნდა, რომ, როცა ჩემი მეზობელს სტუმრობდა, დამახსოვრებია კახელი კაციცა და „სტელაც“…როცა დაუნახავს, რომ “დარაჯი” თავის პოსტს ტოვებდა, ამ ჩემი მეზობლისთვის ჩემი ტელეფონი გამოურთმევია. თავად სტივი სთარლაითიდან ექვს კილომეტრში ცხოვრობს.
აი, ესაა ამერიკა – დამხმარე და კანონმორჩილი. იმ “რელიგიურ” კახელს კიდე არც შევეხმიანე, რა აზრი ჰქონდა?… სტელა კი როგორც აუქციონზე ვიყიდე, ისევ გავიყიდე. ვეღარ ვიპოვე დამხმარე, ვინც ძროხას მიხედავდა… სემი და ქათმები კი ბრუკლინში წამოვიყვანე”.
***
ყოფილი პოლიციელი ზურაბ გალდავა აფხაზეთის ომის ვეტერანია. ორჯერ დაჭრილი, სიკვდილს გადარჩენილი… სოხუმში იყო, როცა ომი დაიწყო. გაგრის დაცემამდე დაიჭრა ფეხში, უკნიდან ესროლეს. ორი კონტუზია ზემო იაშტუხაში მიიღო. გათიშული გადაჰყავდათ გაგრაში, საავადმყოფოში ვერტმფრენით, როცა ვერტმფრენი მიწას ასცდა, გონზე მოვიდა… მიხვდა, რომ ბრძოლის ველს შორდებოდა და ფეხში დაჭრილი გადმოხტა ოთხი მეტრის სიმაღლიდან. გაგრის დაცემის მერე ოცი დღე ტყე–ტყე მოდიოდა.
ზურაბ გალდავა. ია მერკვილაძის ფოტო
„ვიცოდი, რომ რუსებს ვეომებოდით. ეს არ იყო აფხაზებთან ომი. 35 ათასი აფხაზი 300 ათას ქართველს ომს ვერ მოუგებდა. რომ არა რუსეთი და კიდევ ე.წ. სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ძარცვავდნენ…
ომიდან ექვს წელიწადში არასამთავრობო ორგანიზაცია “აბჯარი” (1998) – “პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირი” დავაარსე. ერთხელაც მთავრობის სასახლის წინ მიტინგს ვატარებდით, თერთმეტი თვის გაუცემელი პენსიის გამო პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრა გვინდოდა. არ შეგვხვდა. ერთ–ერთმა ჩვენმა ვეტერანმა ამბავი მოგვიტანა, ჟვანიას ახლა უცხოელი, მათ შორის, ამერიკელი სტუმრები ჰყავსო და ახლა, ავტობუსებით გუდაურში მიჰყავსო. რუსთაველზე ქუჩა სასწრაფოდ გადავკეტეთ, არ გავუშვით ეს სტუმრები, ქუჩაში გავწექით, მე ვბობოქრობდი და ამ ამერიკელ სტუმრებს “ნიუ იორკ თაიმსის” და “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტები ახლდნენ თურმე. ფოტოები გადაუღიათ და ასე აღმოვჩნდი ამ გაზეთების გვერდებზე. ამგვარად პენსიის თითქმის ერთი წლის დავალიანებაც გაგვისტუმრეს და ამერიკაში როცა ჩამოვედი, ეს ფოტოები ლეგალური სტატუსის მიღებაშიც დამეხმარა.
სტატია ძველი გაზეთიდან
ახლა კი მეფუტკრე ვარ, ჩემ ორგანიზაციას “ახალი საქართველო” დავარქვი… ჩემ თაფლსაც, რომელსაც 2018 წლიდან ვაწარმოებ, “ახალი საქართველო” (New Georgia) ჰქვია და პენსილვანიის მეფუტკრეთა ასოციაციის წევრიც ვარ. აქ ადამიანად ვგრძნობ თავს, თუმცა ვთვლი, რომ თუნდაც 20–22 წლის ასაკში უნდა ჩამოვსულიყავი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის რეალიზება შემძლებოდა….”
***
სანამ ჰამაკში ვთვლემდი და დათვი ცოტა ხნით მიმავიწყდა, მეფუტკრემ რამდენიმე კოვზი თაფლი ამოიღო.
გავსინჯე. მსგავსი არაფერი დამიგემოვნებია. გამჭვირვალე, ღია ქარვისფერი, საოცრად რბილი, ნაზი, ნეიტრალური სიტკბოსი და მხოლოდ ძალიან მგრძნობიარე ცხვირისთვის შესამჩნევი მიბნედილი არომატით. რატომღაც კარგი დაძველების საუკეთესო ხარისხის, ძვირიან ღვინოსთან შედარება მომინდა – აი, განა ალკოჰოლის გამო. არა, გემოს არისტოკრატობის გამო. შეიძლება ტყუილად არა. მსოფლიო მეფუტკრეობა ქართული მეღვინეობის მსგავსად რვა ათასი წლისაა.
მერე ზურაბმა სარეველები ელექტროსაკრეჭით გადათიბა და ჩემთან დარჩენილი, თაფლის მიმქრალი არომატი მკვეთრი სუნის ჭავლმა გადაფარა. ამ გადაკრეჭილ ბალახსაც ბავშვობის, სოფელში დასვენების, ბებია–ბაბუების სიყვარულის სუნი აქვთ. ბალახმაც ფუტკრის მსგავსად არ იცის “ტექნიკური საიდუმლოებები”, რომ მისი სუნი ბალახის ღეროს დაზიანებული უჯრედების ფერმენტებით გამოთავისუფლებული ცხიმების დამსახურებაა. აქ ლაბორატორიულ პროზაში ვერ ან არ ერკვევიან. არ სჭირდებათ. განსხვავებით გადასარევი ელარჯისა, რომელიც მასპინძელმა იქვე მოამზადა და იცი, რომ იგი არავის დამსახურება არა, მზარეულის გარდა.
სთარლაითიდან საღამოს ხანის დადგომამდე გვინდოდა გამოსვლა, რომ გიჟურ “ტრაფიკს” არ შევეწუხებინეთ. თითქმის კი არა, ძალიან გაგვიმართლა, რომ საათობით არ გავეჩხირეთ ნიუ იორკისკენ მიმავალი მანქანების დაუსრულებელ რიგებსა და კლაკნებში. ჰაერში ტენი ჟელესავით თანთალებდა, მანქანებისგან გადაძეძგილი ავტობანი არ ჰგავდა ფუტკრების ზედახორას. მზეზე აპრიალებული მოძრავი კოლოფები ნელა მიიზლაზნებოდა.
“თითქმის ჩამოვედით. სულ რაღაც საათით მეტი დაგვჭირდა, ვიდრე გზას – სთარლაითისკენ” – მითხრა ზურაბმა.
დასრულდა სამოთხე. ნიუ იორკული ორშაბათის ჯერი დგებოდა.
11.09.2022
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment