Thursday, October 13, 2022

ქართველი პროდიუსერის ახალი ცხოვრება ნიუ იორკში – ინტერვიუ





სიტყვათა შეთანხმება „ამერიკული ოცნება” აშშ–ში დიდი დეპრესიის დროს დაწერილი ისტორიული ტრაქტატიდან, „ამერიკის ეპოსიდანაა” (1931) ნასესხები, თუმცაღა მისი იდეა ჯერ კიდევ „ამერიკის დამოუკიდებლობის” დეკლარაციიდან, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიიდან იღებს სათავეს.

„ამერიკული ოცნება“ ქვეყანაზე, სადაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე იქნება უკეთესი, უფრო მდიდარი და სავსე; სადაც ყოველ ადამიანს ექნება იმის მიღების საშუალება, რასაც იგი იმსახურებს” – წერია ტრაქტატში. მარკ ტვენის წიგნებიდან ვიდრე ბარაკ ობამას მემუარებამდე; ჰოლივუდის ფილმიდან „მისტერ სმითი მიდის ვაშინგტონში“(1939) ვიდრე „მომთაბარეების ქვეყნამდე” (2020); ბრიუს სპრინგსტინის „აშშ–ში დაბადებულიდან” (1984) ვიდრე JAY-Z ის ჰიპ–ჰოპამდე – „ამერიკა ოცნებობს“ (2007), კონცეფცია სახელად “ამერიკული ოცნება” მუდმივად იცვლებოდა, თუმცა არ იცვლება ერთი რამ – ადამიანები ამ ქვეყანას განიხილავენ, როგორც ბედნიერების იდეის ხორცშესხმას.

საქართველოდან თუ სხვა ქვეყნებიდან აშშ–სკენ გეზის ამღები ადამიანები ყოველთვის ვერ დაიკვეხნიან ამერიკამცოდნეობით და ძალიან ხშირად ქვეყანაზე წარმოდგენა ან ჰოლივუდის ფილმებიდან ან გლამური, კიმ კარდაშიანული რეალითი შოუებიდან ანდა ცრუპენტელა „ნაცნობებისგან“ აქვთ. ჩამოსულებს კი კულტურული შოკიდან გამოსვლისას თუ ვერგამოსვლისას განცდების დიდი პალიტრა ელით: დიდი მოტივაცია – ჰიპეაქტიურობიდან ვიდრე დიდ გაწბილება – დეპრესიამდე.

თუმცა ერთი რამ ცხადია – ნებისმიერი ემიგრაცია, განსაკუთრებით ოკენეს გადაღმა, ოჯახიდან და მეგობრებისგან ძალიან შორს, ადამიანისგან მენტალური და ფიზიკური ძალების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს, საკუთარი ძალებისა და გარემოს რეალურად შეფასების უნარსა და „ფოკუსის“ შენარჩუნებას.

უძრავი ქონების ბროკერი იგივე ლიცენზირებული რეალტორი, ორი ძაღლის „დედობილი“, ამერიკის მოქალაქე თამარ გუნაშვილი თორმეტი წელია ნიუ იორკში ცხოვრობს. „წინა ცხოვრებაში“ მან თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა, იყო რეპორტიორი ყოველდღიურ გამოცემა „დილის გაზეთში“, მორიგე რედაქტორი გაზეთში – „ქართული კულტურა“, უძღვებოდა ჟურნალისტიკის კლასს USAID/UMCOR-ის ჰუმანიტარულ პროექტში „ახალგაზრდების სახლი“, მერე კი იყო ტელერეალითი შოუების კრეატიული პროდიუსერი.

ამის შემდეგ თამარ გუნაშვილი ამერიკაში წამოვიდა, New York Film Academy-ში დაამთავრა ერთწლიანი პროგრამა ფილმისა და ტელევიზიის პროდიუსინგის განხრით, პანდემიის დაწყებამდე კი გადაწყვიტა, რომ უკვე დროა მკვეთრად შეცვალოს თავისი ცხოვრება და უძრავი ქონების რეალტორი გახდეს.

ამბობს, რომ „ზოგის ამერიკული ოცნება ბიზნესის დაწყებაა, ზოგის – გამდიდრება, ზოგის – ჰოლივუდში გაბრწყინება. ჩემი ამერიკული ოცნება თავისუფლების ქვეყანაში დამკვიდრება იყო და იგი ავისრულე კიდეც. ამერიკაში ყოფნის პირველი 12 წელი მხოლოდ დასაწყისია“.

– “რუსთავი 2-ზე დიდხანს ვიყავი რეალითი შოუების – „ჯეობარის“, „ყაზარმისა“ და „ვარსკვლავების აკადემიის“ კრეატიული პროდიუსერი და რედაქტორი“ – მიყვება თამარ გუნაშვილი, – „ეს პროფესია ამბის სწორედ დანახვას ან თუნდაც პროვოცირებას, შემდეგ კი მოყოლას გულისხმობს. ნარატივის ფორმა მიტაცებს ყველა სფეროში – „სთორითელერი“ პროფესია რომ ყოფილიყო და არა უნარი, ეგ გამოვიდოდი“.





თამარ გუნაშვილისაქართველოსთან კავშირს როგორ ინარჩუნებთ?

სამშობლოსთან კავშირი არის ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან მუდმივი კონტაქტი. თუ თბილისის რომელიმე ქუჩის, ადგილის ან დროის ნოსტალგია მაქვს, მხოლოდ – კონკრეტული ადამიანების გამო.

ხანდახან მეკითხებიან ხოლმე, არ აპირებ დაბრუნებას, თბილისი არ გენატრება? მე როგორი და რომელი თბილისიც მენატრება, ის თბილისი აღარ არსებობს და ამიტომ ამ მონატრებას ჩამოსვლა არა თუ არ მიქარვებს, პირიქით, მიმწვავებს კიდეც. მომწონს, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ისიც მომწონს, რომ სხვა ქვეყანას მივეშვილე. ჯერ – ძალით, მერე კი – შევაყვარე თავი ასე რაღაცნაირად და იმანაც მიმიღო.რა იყო აშშ–ში წამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი?

საბჭოთა კავშირში გავიზარდე და ამ პერიოდს ძალიან ბევრი აკრძალვები ახლდა, მოგზაურობა კი ყველაზე დიდი ტაბუ იყო. მახსოვს, თუ რა ტრაგიკულად დასრულდა ჩემი მეზობელი დათო მიქაბერიძის ამერიკაში გაქცევის მცდელობა. მას, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, „თვითმფრინავის ბიჭი“ დაერქვა. მახსოვს, მთელი ფალიაშვილის ქუჩის მეზობლობა ერთ ტელევიზორთან, ეკრანს მიჩერებული იჯდა, გარშემო კი ისეთი სიჩუმე იდგა, რომ დღემდე არ მავიწყდება, თუმცაღა კი პატარა ვიყავი. ამერიკა კი იმიტომ ავირჩიე, რომ თავისუფლების, თანასწორობის ქვეყნად მიმაჩნდა და მიმაჩნია კიდეც, თუმცა აქ ცხოვრებისას ბევრ რამეზე ამეხილა თვალი.

New York Film Academy-ში მასტერის ხარისხის გასაკეთებლად წავედი, თუმცა ამ სფეროში პროდიუსერად მოხვედრა, მუშაობა და თავის დამკვიდრება გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ „სოროსის“ და „ბრეტ რატნერის“ სასწავლო გრანტების მფლობელი ვიყავი და კურსიც წარჩინებით დავხურე. მაგრამ ჩემი ცხოვრება ამ ინდუსტრიისთვის გზის ავლით წარიმართა.რამდენად რთული იყო სწავლა აკადემიაში და რამდენად პერსპექტიული არის/იყო პროდიუსერის პროფესია საქართველოში ან ამერიკაში?

New York Film Academy-ში სწავლა ჩემი „პრიზონ ბრეიკი“, ანუ ახლად დანგრეული საბჭოეთიდან გაქცევის გზა იყო. ძალიან დიდხანს ვემზადებოდი, თითქმის ორი წელი. მოვძებნე სკოლები, დავაგზავნე შევსებული აპლიკაციები, ჩავაბარე „ტოეფელი“, ინგლისურის სამთვიანი კურსი გავიარე ბრიტანეთში, გავიარე სატელეფონო ინტერვიუ New York Film Academy-ს ლოსანჯელესის ოფისთან, გავყიდე ბინა, შევაგროვე საბუთები და სტუდენტური ვიზით წამოვედი. კონკურენცია სწავლის დროს არ მიგრძვნია: თუ აკმაყოფილებ მოთხოვნებს და ასევე შეგიძლია სწავლის საფასურის დაფარვა, მიგიღებენ.

რაც შეეხება პროდიუსერის პროფესიას, საქართველოში ეს უფრო თანამდებობაა, ამერიკაში – ინტერპრენერობა. ამერიკაში პროდიუსერი თავად ეძებს თანხებს, სპონსორებს, ბიუჯეტს და ამისთვის უამრავ ადამიანს უნდა იცნობდეს, ბევრი კარი უნდა იღებოდეს მის წინაშე. ვფიქრობ, თუ ამ ინდუსტრიაში შედგი ფეხი, ძალიან გაგიტაცებს.რა სტერეოტიპები გქონდათ აშშ–ზე აქ ჩამოსვლამდე და რომელი სტერეოტიპი „გაქრა“ მალევე? გქონდათ გაწბილების განცდა?

ხომ გახსოვთ ამერიკული სერიალი „სექსი დიდ ქალაქში”? მეგონა, რომ იგი ნიუ იორკში ადამიანების დიდი უმეტესობის ცხოვრების სტილს ასახავს. არაფერი განსაკუთრებული მეგონა იმაშიც, რომ გოგონა კარგი ჟურნალისთვის წერს და აქვს ხელფასი, რომელიც პატარა, მშვიდ, უსაფრთხო უბანში ცხოვრების საშუალებას აძლევს.

მხოლოდ აქ ცხოვრების მერე მივხვდი, რომ ეს სერიალი ძალიან პატარა პროცენტის, მდიდარი, თეთრი ამერიკელების ცხოვრების სტილს ასახავს. და აქ სამივე კომპონენტი უნდა მოხვდეს ერთად, რომ ეს შეიგრძნო: “მდიდარიც”, “თეთრიც’ და “ამერიკელიც”. არ მეგონა, რომ რასიზმი არსებობდა – ამ ფორმით და ასეთი სიმწვავით.

ასევე მეგონა, რომ ამერიკელების ზოგადი გაუნათლებლობა გადაჭარბებულია და ვერ წარმოვიდგენდი, თუ მართლა ასეთი მწირე თვალსაწიერი ჰქონდათ. უმეტესობამ რასას, ნაციონალობასა და რელიგიას შორის განსხვავება არ იცის. ბევრს მუსლიმი ეროვნება ჰგონია.რა ყოველდღიურ პრობლემებთან უწევს გამკლავება არა მარტო „მესამე სამყაროდან“ ჩამოსულ ადამიანს, რომელიც ხელოვნებით ცხოვრობს/ცხოვრობდა (მაგალითად, საქართველოში), არამედ თავად ამერიკელებსაც და ცხოვრება რა სახის მოთხოვნებს გიყენებს?

ამერიკაში მონობა არ გამქრალა – უბრალოდ, ის რასობრივიდან კლასობრივში გადავიდა. ამერიკას სჭირდება დიდი რაოდენობით მუშა-ხელი, რომელიც ფიზიკური შრომით დაკავდება და ამიტომ ემიგრანტებს ძალიან ურთულებს კრეატიულ ან გონებრივ სამსახურში მოხვედრას.

სხვა ქვეყნის გამოცდილება ამერიკაში დიდად არ აინტერესებთ. აქ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ინდუსტრიაში ინტერნშიფებით აწყებინებენ მუშაობას, რაც უმეტესწილად, ან უფასოა ან ძალიან მცირე სტიპენდიით გამოირჩევა. მე აშშ–ში მარტო წამოვედი. საკუთარი თავი რომ შემენახა, უნდა მემუშავა. ყველა ჩემი კურსელი ოჯახის კმაყოფაზე იყო, მშობლები უხდიდნენ საბაზისო ხარჯების ფულს, რაც ჩემს შემთხვევაში, თავად უნდა გამომემუშავებინა. ამიტომ უარი ვთქვი რამდენიმე კარგ ინტერნშიფზე და დავიწყე სუპერმარკეტში, ორგანული სურსათის მაღაზიაში „თრეიდერ ჯო” მუშაობა. ყვავილების სექცია ჩავიბარე. კარგი იყო. სხვათა შორის, მცენარეები ყოველთვის მიყვარდა, უამრავი რამ ვისწავლე ყვავილებზე, განსაკუთრებით ორქიდეებზე. ულამაზესი, მომგებიანი სექცია მქონდა და მასში ჩადებული შრომა ძალიან მეამაყებოდა.

სუნამოებში ყვავილების როლი შემდეგი ჩემი ნიუ იორკული სამსახურისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მე “სეფორაში” – კოსმეტიკის უდიდეს ფრანგულ ბრენდში – პარფიუმერიის კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. მაშინ არ ვიცოდი, რომ „სეფორას” სოჰოს და მეხუთე ავენიუს ფილიალებში სერტიფიცირებული ვიზაჟისტის და მოგვიანებით კანის მოვლის უფროსი კონსულტანტის პოზიციებზე თითქმის რვა წელს გავატარებდი. ამ პროფესიამ ძალიან გამიტაცა, ბევრი მასწავლა და, რაც მთავარია, კანის მოვლის სპეციალისტად მაქცია, რაც ისედაც ძალიან მაინტერესებდა.

მაგრამ კოვიდმა გეგმები ყველას აურია და ეს ინდუსტრიაც ძალიან დააზიანა. ამიტომ 2020 წლის მარტში, სწორედ იმ დღეს, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ ეთერში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მე უძრავი ქონების სკოლაში შევიტანე განაცხადი, რათა უკვე მერამდენედ, ისევ ახალ პროფესიას დავუფლებოდი.რამდენად მტკივნეული იყო საქართველოში კრეატიული სამსახურიდან, ასე ვთქვათ, არც ისე კრეატიულზე გადასვლა? როგორ აფასებთ ამ „დანაკარგს“ და ნანობთ თუ არა?

პირადად ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ჩემი კრეატიული გუნდის არყოლა იყო. მე გუნდური მოთამაშე ვარ, ყოველთვის ძალიან ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი და უმთავრესიც ეს გახლდათ. ამერიკაში რთული ისაა, რომ უეცრად სოლო მოთამაშე ხდები, თან – ყველაფერში.

საერთოდ არ ვნანობ არცერთ ჩემს სამსახურებრივ არჩევანს. ყველა სამსახური, ხელობა თუ საქმიანობა შეიძლება კრეატიული გახდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ახალია და რაღაცის შესწავლას, თვალსაწიერის გაფართოებას გულისხმობს. მთავარია ისეთი რამ შეარჩიო, რაშიც რამე ინტერესს ჩადებ ან ჩათვლი, რომ მომავალში გამოიყენებ.


მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში უამრავი რამ გამიკეთებია, ყოველი ჩემი სამსახური თუ ახალი პროფესია ძალიან მაინტერესებდა. არასდროს მიწუწუნია სამსახურში წასვლაზე, თუ არ მომწონდა, მოვდიოდი – სამსახურში მიღების სიხარულზე დიდი გრძნობა მხოლოდ იმ სამსახურიდან წამოსვლაა. ყოველ ახალ პროფესიას ვუყურებდი, როგორც ახალ გამოწვევას, საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ იმის დამტკიცებას, რომ შემიძლია – და ყოველ მათგანს ვუყურებდი, როგორც ციკლს: ციკლი იწყებოდა – „ვისწავლი“ და მთავრდებოდა „ვასწავლი“-თი.

როდესაც რაღაცას „ვამხეცებდი“ იმ დონეზე, რომ თავად ვხდებოდი ტრენერი, კონსულტანტი თუ ინსტრუქტორი, აი, მაშინ ვიწყებდი ფიქრს რაღაც ახალზე.ჰო, მაგრამ მაინც. კინოპრუდუქციის ტიტრებში საკუთარი გვარს–სახელის დანახვა იმ კრეატიულობის ჭიის უფრო მეტად გამხარებელია თუ – გაყიდული სახლების რაოდენობა?

სახელის დანახვა მხოლოდ ეგოს ედება ბალზამად და საბედნიეროდ, ეგო მოთვინიერებული მყავს. ჩემთვის რამეზე სახელის დადება საავტორო უფლებას უფრო ჰგავს. სახელს მხოლოდ დასრულებულ პროექტს დაადებ, ანუ სახელის დაფიქსირება იმას ნიშნავს, რომ შედეგი ან პროდუქტი დადე – იქნება ეს ფილმი, სატელევიზიო შოუ, ბინის გაყიდვის კონტრაქტი, სტატია თუ წიგნის ავტორობა.

სხვათა შორის, ჩემი სახელი იურიდიულად შევცვალე ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ და თამარ გუნაშვილი გადავაკეთე Tamara Gunash-ად. ამით თითქოს ზღვარი გავავლე ჩემს ორ ცხოვრებას შორის.

ჭიის გახარებაზე თუ მიდგება საქმე, ჩემს ლურჯ პასპორტში ამ სახელის დანახვა უფრო მიხარებს ჭიას, ვიდრე ტიტრი ამა თუ იმ კინოპროდუქტზე. კინო და ტელევიზია ჩემი ერთ-ერთი სიყვარულია, და არა ერთადერთი.

კრეატიულობას რაც შეეხება, დღეს როგორც არასდროს, იოლია მისი გამოვლენა მხოლოდ მონდომებით და მინიმალური სახსრებით. სოციალურმა მედიამ უამრავ სხვადასხვა ფორმის კონტენტს გაუხსნა ასპარეზი. აღარაა საჭირო ჰოლივუდის მენეჯერი ან სატელევიზიო პროდიუსერი იმისთვის, რომ ხალხმა შეგამჩნიოს, დაგაფასოს. იუთუბზე არხებს ისეთივე ფროდაქშენ-ჯგუფები ჰყავს, როგორიც– ტელევიზიებს. „ტიკტოკზე“ ახალგაზრდა მსახიობებს და კომიკოსებს მილიონობით მიმდევარი ჰყავთ, რასაც მხოლოდ სცენაზე გამოსვლით ვერასდროს მიაღწევდნენ. პრესტიჟულ კინოკონკურსებზე ტელეფონებით გადაღებული ფილმები გააქვთ.

დღეს თუ ადამიანს უნდა, რომ რამე კრეატიული შექმნას, ამისთვის მხოლოდ მონდომება და დროის დათმობაა საჭირო, რასაც, ალბათ, მალე მოვაბამ თავს.




თამარ გუნაშვილი „ნიუ იორკის ფილმ აკადემიაში“ სწავლისასძალიან ხშირად ემიგრანტი თავის მდგომარეობას აღწერს ამ ტერმინით – „დეპრესია“. გქონდათ ამ დეპრესიის „უფლება“ თუ „ფუფუნება“?

დეპრესია? რას ბრძანებთ, პირიქით – ყოველი დილა იმის შეგრძნებით ვიღვიძებ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმაგრეს ქალაქში ვცხოვრობ და უფლება არ მაქვს, ყველა ის შესაძლებლობა არ გამოვიყენო, ეს ქვეყანა და ეს ქალაქი რომ მაძლევს.

დეპრესია მაშინ მექნებოდა, აქამდე საქართველოში რომ მეცხოვრა, სადაც სამუშაოს განცხადებებზე წერენ: „მანდილოსნები 35 წლამდე“, ან “ფოტოს გარეშე სივი არ მიიღება“. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულით საქართველოც და თბილისიც ძალიან მიყვარს, დამეთანხმეთ, საქართველოში ორმოცს გადაცილებული, მარტო მყოფი ქალისთვის, რომელიც გარეგნობის რაღაც გარკვეულ სტანდარტებს არ შეესაბამება და რომელსაც მეუღლე, მამა ან საყვარელი ხელს არ შეაშველებს, ძალიან ძნელია კარგი სამსახურის მოძებნაც და პირადი ცხოვრების აწყობაც.


დეპრესია საქართველოში მქონდა, როცა ყოველ ნაბიჯზე ამდენ უსამართლობას, სექსიზმს, ეიჯიზმს და სხვა სტერეოტიპულ დისკრიმინაციას რომ ვაწყდებოდი. მე ამერიკაში არავის გამოვუგდივარ, ჩემი ნებით ჩამოვედი და ძალიან ბევრი დრო, ენერგია, ფული და შრომა ჩავდე, რომ დღეს იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ. დეპრესია რატომ უნდა მქონდეს?

როცა საქართველო მენატრება, ჩავდივარ. როცა ჩემი ახლობლების აქ ჩამოყვანა შემიძლია, მსტუმრობენ – დედაჩემიც და ჩემი დაც. ასევე ვიდეო-ჩატებმა მანძილი პრაქტიკულად გააქრო. სამზარეულოში რომ ვსაქმიანობ ხოლმე, დედაჩემი კომპიუტერის ეკრანიდან მხელმძღვანელობს.

თან ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ – დიდი ხანია, თავს ემიგრანტად აღარ ვგრძნობ და თავს სხვა კულტურის გადმონაშთად არ აღვიქვამ. ეროვნებით ქართველი ამერიკის მოქალაქე ვარ, ამ საზოგადოების წევრი. ვიხდი გადასახადებს, ვლაპარაკობ ამ ენას, მივეკუთვნები ამ საზოგადოებას. თბილისშიც სახლში ვარ და ნიუ იორკშიც, ძალიან უცნაური და სასიამოვნო გრძნობაა ამ ორის ჰარმონიული შერწყმა.რაა საჭირო იმისთვის, რომ აშშ–ში სამუდამოდ არ შეგეცვალოთ ფოკუსი? რაა საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო [ყოველგვარი სნობიზმის გარეშე] დაბალკვალიფიციურ სამსახურებში?

ზოგადად მთელს ამერიკაზე ვერ ვილაპარაკებ, ნიუ იორკი ძალიან განსხვავდება ყველა სხვა შტატისგან – ძალიან მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. საქართველოდან ჩასული „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ ადამიანები იმ ფაქტს ვერ ეგუებიან, ვერ ერგებიან, რომ ყველგან ძალიან მაღალი სტანდარტებია და ბევრია ადამიანი, ვინც ამ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ამერიკელი არ გკითხავს – „სად მუშაობ?”, არამედ გკითხავს: What do you do for living? ანუ რას აკეთებ, რომ იცხოვრო? არის რაღაც, რასაც აკეთებ, იმისთვის რომ თავი ირჩინო, და არის რაღაც, რასაც აკეთებ სამსახურის მიღმა, რათა გახდე ის, რაზეც ოცნებობ.

ამერიკაში კრეატიულ სამსახურს მხოლოდ იმის შემდეგ შემოგთავაზებენ, რაც კრეატიული უკვე გახდი. აქედან ჩასული ემიგრანტი ამ მოთხოვნებისთვის მზად არაა.

ბევრს უთქვამს, ქუჩაში დავდგები და ნახატებს გავყიდი. ამ დროს არ იცის იმ ქუჩაში ნახატის გაყიდვის უფლების მოპოვებას რამდენი ლიცენზია და ნებართვა სჭირდება; მინახავს ძალზე გაწაფული სტილისტები, ნახევარ ფასად შეგირდებად რომ მუშაობენ, რადგან სანამ აქაურ ლიცენზიას არ აიღებ, რისთვისაც კოსმეტოლოგიის სკოლა უნდა დაამთავრო (რაც საკმაოდ ძვირია), ფულს კი არ აკეთებ, არამედ – ხარჯავ. ამიტომ გრძელვადიანი გეგმა – რას რატომ აკეთებ და რამდენი ხანი გეგმავ ამის კეთებას – ძალიან ამარტივებს პროცესს, რადგან იცი, რა მიზნები დგას ამის მიღმა და რისკენ მიისწრაფვი.რჩევების მიცემა უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, რა ხუთ რჩევას მისცემდით აშშ–ში ცხოვრებაზე მეოცნებე ადამიანებს, ცხადია, თქვენი გამოცდილების მიხედვით?

უმთავრესი რჩევა იქნება ეს – თუ არ გიყვართ ამერიკა და თვალი სულ უკან გიჭირავთ, ნუ წახვალთ. ის კატეგორია ადამიანების, აქ რომ მხოლოდ ფულის გასაკეთებლად ჩამოდის და მერე სულ ამერიკელების ლანძღვაშია, უბედურია, გარემოს ვერ ეწყობა. ასევე ის ხალხი, სულ საქართველოში დაბრუნებაზე რომ ოცნებობს, ჭიპლარით წარსულზეა მიბმული და თუ თავად ვერ ხედავს თავის მომავალს ამ ქვეყანაში, მაშინ ეს მომავალიც არასდროს დადგება. მე მიყვარდა და მიყვარს ამერიკა არა იმიტომ, რომ სრულყოფილია – არამედ იმიტომ, რომ სულ განუწყვეტლივ ცდილობს გაუმჯობესდეს, განვითარდეს, შეიცვალოს. არსებობს სამართალიც და არსებობს შრომის დაფასების მომენტიც. ცხადია, მიყვარს საქართველო, მაგრამ მის მიღმა უფრო კომფორტულად ვცხოვრობ, ვიდრე – მასში.

მეორე – ზუსტად უნდა იცოდეთ, რისთვის და რამდენი ხნით ჩამოხვედით. რა არის აქ ყოფნის მიზანი? უამრავი ამბავი მესმის, რომ ქართველები ისეთი ფულის და წვალების ხარჯზე ჩამოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ნარკოტიკებს შეეწირონ. ამბობენ, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ამერიკიდან ზედოზირებით დაღუპული რამდენიმე ათეული ქართველი საქართველოში გადაასვენესო. ამისთვის ჩამოვიდნენ? მკაფიოდ უნდა იცოდეთ, რა გინდათ ამ ქვეყანაში რომ აკეთოთ და რას გინდათ, რომ მიაღწიოთ. თუ ეს არ იცით, ძალიან გაგიჭირდებათ.

მესამე რჩევა თითქოს ელემენტარულია: ისწავლეთ ინგლისური ენა.

მეოთხე – შეხედეთ ამ ყველაფერს, როგორც თავგადასავალს, ამბავს. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ თავზე მხატვრულ ფილმს უყურებთ და მთავარი გმირი ხართ. როცა ეკრანზე შესცქერით ვიღაცის ისტორიას, გაინტერესებთ, ამ კონკრეტულ მოცემულობას როგორ შეცვლის, როგორ გაართმევს თავს, როგორ გაიუმჯობესებს პირობებს. ყოველთვის არის გამოსავალი. ემიგრაცია არაა ციხე. გახსოვდეთ, რომ ის თავად აირჩიეთ.

და ბოლოს – თუ მაინც წამოხვედით, საკუთარი შეცდომები გერჩივნოთ სხვისი წარმატების გამეორების მცდელობას. ბევრი დაგიწყებთ თავისი ისტორიის მოყოლას, ბევრიც – ყურმოკრულს მოგიყვებათ, მოუსმინეთ, მაგრამ ნუ დააკოპირებთ. ყველას ამ ქვეყანაში ფეხზე დადგომის თავისი გზა აქვს და ამიტომ თქვენ თქვენი უნდა იპოვოთ.

14.06.2022
netgazeti.ge
 


No comments:

Post a Comment