Thursday, October 13, 2022

„დიდება დედოფალს” – ინტერვიუ ფილმის რეჟისორ თათია სხირტლაძესთან





2021 წელს ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრისა და ვიზუალური არტისტის, თათია სხირტლაძის სარეჟისორო დებიუტი, ფილმი – „დიდება დედოფალს” (Glory to the Queen, 2020) აშშ–ის ორ კინოფესტივალზე აჩვენეს – Kansas City FilmFest (მისურის შტატი) და SeeFest (ლოს ანჯელესი, კალიფორნია).

ოთხი ქართველი ქალი მოჭადრაკის შესახებ გადაღებული ფილმი, საქართველოს გარდა, წარადგინეს მექსიკაში, ბრაზილიაში, ავსტრიაში, ფინეთში, დანიაში, იტალიაში, გერმანიაში, სერბეთში, მონტენეგროში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე კინოფესტივალებზე. საქართველო – ავსტრია – სერბეთის თანაპროდუქტმა სერბეთში „მაყურებლის პრიზი“ (Free Zone Film Festival), ამერიკასა (SEEfest) და მექსიკაში (Doqumenta) „საპატიო ხსენების პრიზი“, საქართველოში (Tbilisi International Film Festival) კი „ოქროს პრომეთეს პრიზი“ სალომე ჯაშის „მოთვინიერებასთან“ ერთად გაინაწილა.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს ფილმს აჩვენებენ ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც რეჟისორიცაა მიწვეული. გარდა ამისა “დიდება დედოფალს” ჩრდილოეთ ამერიკაში საგანმანათლებლო მიზნით გაიყიდა.

ცივი ომის პერიოდში ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის წარმატება ფენომენალური მოვლენა იყო არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაშიც.

ფილმში ნონა გაფრინდაშვილი ჰყვება, თუ როგორ ბრუნდებოდა მატარებლით მსოფლიო ჩემპიონად გახდომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე თითოეულ გაჩერებებზე მას უამრავი ხალხი ტაშითა და შეძახილებით ხვდებოდა. ერთგან საარქივო შავ–თეთრ ჩანაწერებში ჩანს კიდეც ადამიანი პლაკატით – “დიდება დედოფალს”. ამ ოქროს ოლიმპიური გუნდის წარმატება არ იყო მხოლოდ საბჭოეთის დროს ქალთა ემანსიპაციის ერთგვარი სიმბოლო, არამედ – “პატარა რესპუბლიკებზე” არსებული სტერეოტიპების ერთგვარი დეკონსტრუქციაც.

ფილმი წარსულის გარდა ქართველი მოჭადრაკეების დღევანდელ ცხოვრებას და ერთმანეთთან ურთიერთობის სცენებსაც მოიცავს. ოთხი მოჭადრაკე ქალის ცხოვრებაზე თხრობა მნიშვნელოვანია როგორც ახალი თაობისთვის (ფილმში მაია ჩიბურდანიძის მიერ დაარსებული ჭადრაკის აკადემია ფიგურირებს), ასევე “ძველებისთვისაც” – არა მარტო როგორც შეხსენება, არამედ, როგორც საქართველოსა და ჭადრაკის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი. საქართველოში ჭადრაკის თამაშის კულტურას ათი საუკუნისწინანდელი ისტორიული ძეგლები აღნიშნავენ და ცნობილია ისიც, რომ ოჯახის შექმნისას ქალს მშობლები მზითვად არა მარტო “ვეფხისტყაოსანს”, არამედ ჭადრაკსაც ატანდნენ.




ფილმის პოსტერი

ფილმი ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული ცხოვრების ყოველდღიურობის სცენებით, 2019 წელს როდოსის “ოლიმპიკ პალასში” სენიორების საჭადრაკო ტურნირით იწყება და მთავრდება ამ ოთხეულის ერთად სვლით, თითქოს ისევე, როგორც წლების წინ – ჩემპიონატიდან გამარჯვებულები სამშობლოში ბრუნდებიან. დასაწყისში, საარქივო მასალით, ოთხივე მოჭადრაკე ქალი ჭადრაკის სწავლის დასაწყისს იხსენებს.

ნანა ალექსანდრია ნანა იოსელიანს ახსენებს: “სამახსოვრო ის იყო, შენ რომ ფიშერის რეკორდი მოხსენი, ცამეტი პარტია მოიგე ზედიზედ…”. ნანა იოსელიანი კი ამბობს – “აღარ მახსოვს“. საერთაშორისო ოსტატი, მსოფლიოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, 16 წლის თინეიჯერი ნანა იოსელიანი ერთდროულად თამაშობს მამაკაცებთან, სადაც ერთ–ერთი მოთამაშე ეკითხება: “ნანა, მე რატომ არ მეთამაშები?”. ის კი პასუხობს: ” თქვენი მეფე უკვე ათი წუთი დაშამათებულია”.

ფილმში სინქრონულია იუგოსლავიელი დიდოსტატისა და საჭადრაკო ჟურნალისტის, მილუნკა ლაზარევიჩის ინფორმაციული ჩართვები. მილუნკა ქართველ მოჭადრაკეებთან მეგობრობდა და ნონასა და ნანა ალექსანდრიას მეტოქე იყო. იგი ამბობს: „ოცდაათი წელი ეს ქალები ჭადრაკის გვირგვინს ატარებდნენ. ეს შეიძლება მხოლოდ ხუთი ათას წელიწადში ერთხელ მოხდეს და ისიც, არა ასეთ პატარა ქვეყანაში”.

***

თათია სხირტლაძემ ხელოვნების შესწავლა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯის სამხატვრო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ 1999 წელს ავსტრიაში გააგრძელა, ჰოლანდიაში კი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

„საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია“, – ამბობს თათია სხირტლაძე. –” ჩემი ოჯახის ნაწილი საქართველოში ცხოვრობს და ბევრი ჩემი არტპროექტიც სამშობლოს უკავშირდება. გარდა ამისა, შემეცნებითი მუზეუმის, „შუქურას” თანადამფუძნებელი ვარ და საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწევი.როგორ დაიბადა ამ ფილმის გადაღების იდეა და რატომ ჩათვალეთ, რომ იგი აქტუალური სწორედ ახლა იქნებოდა? ქართველ მოჭადრაკე ქალებზე ხომ ისედაც ბევრი ფილმი არსებობს?

ქართველ მოჭადრაკე ქალებზე მართლაც ბევრი ფილმია გადაღებული, მაგრამ მათ სატელევიზიო ან სპორტული დოკუმენტაციის ფორმატი აქვს. დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა ბევრი კომპონენტის თანხვედრით ჩამომიყალიბდა.




თათია სხირტლაძე და ნონა გაფრინდაშვილი. ანკა გუჯაბიძის ფოტო

მე 1980-იან წლებში, ზუსტად იმ დროს გავიზარდე, როცა ჩემი ფილმის ოთხი პროტაგონისტი მოჭადრაკე ქალი „სუპერსტარები“ იყვნენ. მაშინ VHS კასეტებზე პირველად გამოჩნდა ამერიკული ფილმები და მათ შორის სერიალი “თუ ხვალინდელი დღე დადგება” (If Tomorrow Comes. 1986). მახსოვს როგორ მომწონდა ის სცენა, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ქალი სამოგზაურო გემზე ორ უძლიერეს მოჭადრაკე კაცს გამოიწვევს და რადგან თავად ძლიერი მოჭადრაკე არ არის, კარგად მოფიქრებული ხრიკით ერთმანეთის წინააღმდეგ ათამაშებს. ოღონდ ამას ისე აკეთებს, რომ თითქოს მათ თავად ეთამაშება. საბოლოოდ პარტიებს ორივესთან ყაიმით ამთავრებს და დიდ ფულსაც იგებს.

ავსტრიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ჩემი, როგორც ქართველის იდენტიფიკაცია მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ სტალინით, რუსეთით, საბჭოთა კავშირით ხდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი ქართველ მოჭადრაკე ქალებთან იყო დაკავშირებული. ამან ჭადრაკისა და ქალის თემა ჩემ საკუთარ იდენტობასთან დააკავშირა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მოჭადრაკე ქალი ბევრ ქვეყანაში და ჩემს შემთხვევაში, ცენტრალურ ევროპაში, უჩვეულო რამაა. მერე, 2012 წელს, ვენაში, უნგრელი მოჭადრაკე ქალი, იუდით პოლგარი ერთობლივი სეანსის თამაშისას შემთხვევით გადავიღე. ეს სცენა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, დამაფიქრა და ნელ-ნელა ამ თემაში ჩაღრმავება დავიწყე. ამ ყველაფერმა ქართველ მოჭადრაკეებთან დამაბრუნა და მათ მოულოდნელ და საინტერესო ისტორიებით აღსავსე სამყაროში შემიყვანა.

პირველი ინტერვიუები მათთან 2016 წელს ჩავწერე და ვიდეოინსტალაცია გავაკეთე, რომელიც ბერლინში გამოფენაზე – Pop-up Chess Palace აჩვენეს. მათი ინდივიდუალური და კოლექტიური ისტორიები ჩემთვის განსაკუთრებულია და როცა ამის შესახებ ვყვებოდი, ყველასგან დაინტერესებას ვხედავდი.

მერე მივხვდი, რომ ეს ისტორია უნდა მოვყვე. მართალი გითხრათ ის, რომ “ქალი და ჭადრაკი”, როგორც თემა, აქტუალური იქნებოდა, თავიდან არც კი მიფიქრია.გადაწყვეტილება ფილმის დასაწყისისა და დასასრულის სცენების შესახებ როგორ მიიღეთ?

დაწყება სხვანაირად მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ მონტაჟის რაღაც ეტაპზე აუცილებელი გახდა ოთხივე ქალის თავიდანვე ჩვენება.

დასასრული ზუსტად ისეთია, როგორიც ჩავიფიქრე. წარსულში საჭადრაკო ტურნირებიდან მატარებლით უკან გამარჯვებით დაბრუნებულებს პლატფორმაზე მუდამ ბევრი ხალხი ხვდებოდათ. ჩემს ფილმში, აწმყოში, ისინი ბოლოს მარტო რჩებიან. მხოლოდ მათი მოსახელე ქალები მატარებლის ფანჯრიდან დანახულ ცარიელ პლატფორმაზე რამდენიმე წამით ჩნდებიან.გადაღებისას რა აღმოჩენები გქონდათ? დამეგობრდით?

რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი ფილმის გმირებს მარტო ვიღებდი. ჩემთვის მარტო მუშაობა მარტივი იყო, რადგან გმირებთან უშუალო კონტაქტს ვახერხებდი და ეს კმაყოფილების გრძნობას მაძლევდა. ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე დავმეგობრდით კიდევაც.

როდესაც ოპერატორი, ხმის ოპერატორი და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები შემომიერთდნენ, ამან მე სულ სხვა როლში ჩამაყენა. ჩემთვის ჯგუფის მართვა რთული აღმოჩნდა და პროცესის უშუალო განცდასაც დამაშორა. მაინც მგონია, რომ მოჭადრაკეებთან ის მეგობრული ურთიერთობა, რაც მანამდე გაჩნდა, გადაღებების ბოლომდე შევინარჩუნე.




კადრი ფილმიდანთქვენი აზრით, ეს ფილმი ფემინისტურია? თავად გმირები რამდენად აიდენტიფიცირებენ თავის თავს ფემინიზმთან?

კი, ეს ფილმი ფემინისტურია, თუმცა გმირები საკუთარ თავს ფემინიზმთან უშუალოდ არ აკავშირებენ. ამის მიზეზი მათი პირადი მდგომარეობაა, რომელიც საკუთარი პროფესიის სიყვარულთან არის დაკავშირებული და ეს მათი თვითდამკვიდრების მიზეზია. ფემინიზმზე ისინი არ მსჯელობენ.როგორ დაახასიათებდით ფილმზე მუშაობის პროცესს – რა იყო ყველაზე ადვილი, ან ყველაზე რთული?

ყველაზე ადვილი არქივების მოპოვება აღმოჩნდა. რთული კი ის, რომ მოჭადრაკე ქალებს კამერასთან მუდმივად არ „ეთამაშათ”. ისინი ხომ როგორც “საჯარო პირები“, კამერასთან ურთიერთობას ისედაც მიჩვეულები არიან.როგორ მუშაობდით საარქივო მასალასთან და რა ეპიზოდებს შეიტანდით, ფორმატს საშუალება რომ მიეცა?

არქივებში უპირველეს ყოვლისა იმ მასალას ვეძებდი, რაც ამ ქალების ცხოვრებაზე და არა უშუალოდ ჭადრაკზე მოგვითხრობდა. ფორმატს საშუალება რომ მიეცა, უფრო სწორედ, მე რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო, სცენების არჩევისას უფრო რადიკალური ვიქნებოდი. ამის საშუალება ნამდვილად მქონდა, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვნად მათი ისტორიის მოყოლა მივიჩნიე და არა „ჩემი ფილმის“ გაკეთება.

“რადიკალურში” ვგულისხმობ ფილმის ისე დამონტაჟებას, რომ სცენები უფრო ინტიუტიურად ებმოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ ნათელი გახდა, რომ ოთხ მთავარ გმირს, რომელსაც ჭადრაკის სამყაროს გარდა არავინ იცნობს და თან ორს აქედან ერთი და იგივე სახელები აქვთ, ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ.




კადრი ფილმიდან




კადრი ფილმიდანთავად მოჭადრაკეები როგორ იყვნენ ჩართულნი ფილმის გადაღების პროცესში? რამდენად ბუნებრივები იყვნენ? გჭირდებოდათ მხატვრული დადგმები?

რადგან დამთანხმდნენ, ისინი სრული პროფესიონალიზმით მიუდგნენ საქმეს.

მხატვრული დადგმები არ ყოფილა. რამდენიმე სცენა იქიდან გამომდინარე შევათანხმეთ, რომ ეს სცენები მართლა მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ჩართული კი იმ მხრივ იყვნენ, რომ შინაარსებს, იდეებს მაწვდიდნენ და ხელს მიწყობდნენ. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანს.

ძირითადად რამდენიმე დღით ადრე ვიგებდი თუ შემდეგი გადაღება სად იქნებოდა შესაძლებელი. გადამღებ ჯგუფთან ერთად იმ ადგილს წინასწარ იმისთვის ვნახულობდით ხოლმე, რომ გვცოდნოდა თუ რა სივრცეში მოგვიწევდა მუშაობა. ეს კი ყოველთვის ვერ ხერხდებოდა.ფილმზე მუშაობა ისტორიული აღმოჩენების გაკეთების განცდას უკავშირდებოდა?

ჩემი აზრით, ამ ფენომენალური მოვლენის მიზეზების შესახებ ბევრ ისტორიულ მოცემულობებზე შეიძლება ვისაუბროთ: როგორ ხდება და რა იწვევს ასეთი ეპოქის წარმოქმნას? ამას ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ რაც ფილმზე მუშაობისას ჩემთვის ნათელი გახდა, არის ის, რომ ასეთი აღმასვლა, რომელსაც “განთავისუფლებას” დავარქმევდი, მარტო ვერ მოხდებოდა. ეს მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით, ჯგუფური მუშაობითაა წარმატებული და რეალობის შეცვლას მხოლოდ ამგვარად ახერხებს.




კადრი ფილმიდანსაქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოჭადრაკე ქალების ამდენი სეხნია როგორ იპოვეთ?

ნონა გაფრინდაშვილის, ანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის სეხნიებს მე „მოსახელეებს“ ვეძახი. საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი ასეთი ქალია, ვისაც მშობლებმა სახელი მოჭადრაკეების გამო დაარქვეს.

პირველი მოსახელე, ტყიბულელი მაია, რომელიც ჭადრაკის სკოლის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა, ნანა ალექსანდრიამ იპოვა. სამი თელაველი ტყუპი დის – ნონას, ნანასა და მაიას არსებობის შესახებ ჭადრაკის ისტორიკოსის, დავით გურგენიძის წიგნში წავიკითხე და მათთან დათომ დამაკავშირა. მატარებლის გამცილებელი ნანა გადაღებისას შემთხვევით აღმოჩნდა მატარებელში და ნანა იოსელიანი რომ დაინახა, თავად მოვიდა და გაგვეცნო. ფილმისთვის კიდევ ბევრი მოსახელე ჩავწერე და ვერ გამოვიყენე.2020-ში “ნეტფლიქსზე” გაჩნდა ფილმი “ლაზიერის გამბიტი“, სადაც ნონა გაფრინდაშვილზე უზუსტობა “გაიპარა“. თქვენი აზრით, დოკუმენტალისტმა ფაქტების ზუსტი გადმოცემაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე სრულად უნდა აიღოს თუ ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა ტოვებდეს?

ფაქტების ზუსტი გადმოცემა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუმცა ინტერპრეტაციის საშუალების არ ქონა გადამეტებული ზომა მგონია. ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოხდეს და დოკუმენტალისტს ინტერპრეტაციისთვის სივრცის შემოთავაზება უნდა შეეძლოს.

აქვე, რადგან “ნეტფლიქსის” სერიალზე, Queen’s Gambit-ზე ვსაუბრობთ, ხაზს გავუსვამ, რომ ჩემი ფილმი უფრო ადრე გამოვიდა. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ სულ მეკითხებიან და გარდა ამისა დროის ტრენდის განცდის ქონა რეჟისორის პროფესიაში მნიშვნელოვანია.სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვითხრათ.

სამომავლო გეგმები, ცხადია, მაქვს და ფიქრის პროცესში ვარ. ფილმს – “დიდება დედოფალს” დიდი წარმატება ხვდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი A კატეგორიის ფესტივალებზე არ გადის, მაყურებელს ფილმი ძალიან მოეწონა და ის ჯერ ისევ მოგზაურობს მსოფლიოში. 2021 წელს იგი ავსტრიაში იმ ფილმების სიაში მოხვდა, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა.

ფილმის წარმატება გზას მიხსნის მომავალი პროექტების განხორციელებისთვის. მე, როგორც ხელოვანს, მგონია, რომ ჩემი ფორმატი უფრო ვიზუალურ ხელოვნებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თუ რამეს კიდევ გავაკეთებ, კონცეპტუალურად ისე ავაწყობ, რომ ჩემი, როგორც ავტორის ხედვა, მეტად იგრძნობოდეს.

27.07.2022
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment