Thursday, October 13, 2022

“არა უშენოდ” – ჩელსის მუსიკალური ფესტივალი და ნიკოლოზ ნამორაძის აპი






ფანი მენდელსონი თავის ძმას, ფელიქს მენდელსონს ერთ–ერთ წერილში წერდა: „მუსიკას უშენოდ უბრალოდ არ უნდა რომ გადმოედინოს“… სწორედ ეს ფრაზა გერმანული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლების, კომპოზიტორებისა და პიანისტების, და – ძმა მენდელსონების ეპისტოლარული ტექსტებიდან გახდა ჩელსის რიგით მეცამეტე მუსიკალური ფესტივალის მთავარი ციტატა.




ფელიქს მენდელსონის წერილი ფანი მენდელსონს.

ფესტივალის ჩატარების ადგილი – არტჰაბი Chelsea Fctory და წმინდა პავლეს სახელობის ლუთერანული გერმანული ეკლესია (1897) ნიუ იორკში ერთადერთი ტაძარია, სადაც მსახურება მხოლოდ გერმანულ ენაზე მიმდინარეობს.

გერმანელი ემიგრანტების შეკრების ადგილის გარდა ეს ნეოგოტიკურ სტილში აგებული შენობა თავისი ფერადი ვიტრაჟებით, ხის მერხებითა და წითელ – ოქროსფერ – მწვანე ფერებში შეღებილი ორგანით 2014 წლიდან ნიუ იორკის ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო ფესტივალს მასპინძლობს. დიდი ვაშლის ქალაქის კულტურული ეკოსისტემის ეს იშვიათობა ხან რობერტ შუმანს მიეძღვნა, ხან ფერენც ლისტს, ხან ერთად ფინურ და უნგრულ მუსიკას, ხან ბრაზილიურსა და გერმანულს, ხან ბრიტანულსა და იტალიურს, ხან ფრანგულსა და იაპონურს, ხანაც – პერსონალურად კლარა შუმანს, ცნობილ გერმანელ პიანისტს, კომპოზიტორსა და პედაგოგს.

„მოუსმინე, დააგემოვნე, დაინახე“ – ესაა ამ ფესტივალის ტრადიციული დევიზი.

ამ ფესტივალზე არა მარტო მუსიკალური ნაწარმოებები ჟღერს, არამედ კულინარიული შედევრების დაგემოვნებაც შესაძლებელია, მოწვეული მხატვრები კი თავის ნაწარმოებებს გამოფენენ ხოლმე. ერთხელ ფესტივალმა (2016) პატივი მიაგო ისააკ ნიუტონის ღვაწლს, რომლის ცნობილი “შეხვედრა” ვაშლთან 1666 წლით თარიღდება. ფესტივალის ორგანიზატორებმა, მუსიკოსებმა კენ–დეივიდ და მელინდა ლი მაზურებმა მას “გრავიტაცია 350” დაარქვეს. რატომ 350? ნიუტონს თავში ვაშლი სწორედ 350 წლის წინ დაეცა.





ფესტივალი ისეთივე დინამიკური და ღიაა სიახლეებისადმი, როგორც თავად ნიუ იორკის ეს ყველაზე ცვალებადი რაიონი. პროგრამაშია ყველა მუსიკალური ჟანრი – კლასიკიდან დაწყებული თანამედროვე ჯაზით დამთავრებული.

აქ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ კომპოზიტორებს, რომელთა ნაწარმოებები ტრადიციულ დასავლურ კანონს არ ექვემდებარება. აქ მოისმენთ, როგორც ცნობილი კლასიკური ნაწარმოების ინტერპრეტაციას, მაგალითად, ცნობილი ჯაზმენისა და პედაგოგის ადამ ბირნბაუმის მიერ ბეთჰოვენის “მთვარის სონატის” მისეულ ვერსიას; ასევე თანამედროვე კლასიკური მუსიკის ცნობილი ავტორის, ნიუ იორკში მოღვაწე ბრიტანელი კომპოზიტორის ჯეინ ანტონია კორნეშის ნაწარმოების, “ზღვის პეიზაჟების” მსოფლიო პრემიერას, რომელიც ორკესტრმა შეასრულა.




ადამ ბირნბაუმი (ფორტეპიანო) და მისი ტრიო. ფოტო: ია მერკვილაძე

“ჩელსის მუსიკალურ ფესტივალზე” დაუკრეს კომპოზიტორებმა: მაიკლ განდოლფმა, ნიკოლოზ ნამორაძემ, ედმუნდ ფინისმა, ჯ.ფ. რენდმონდმა, ჯაზის ვირტუოზმა და კომპოზიტორმა აარონ დიელმა და “გრემიზე” ნომინირებულმა პიანისტმა სკოტ ჰილიმ თავის ბენდთან ერთად.

ფესტივალზე 2022-ში თავის ჯაზ-ტრიოსთან ერთად ადამ ბირნბაუმიც წარსდგა, რომელმაც შესასრულებლად ჯაზის ცნობილი დედმამიშვილები აირჩია, ალბათ და–ძმა მენდელსონების სოლიდარობის ნიშნად.

პირადად ჩემთვის ჯვარცმული ქრისტესა და ღვთისმშობლის გამოსახულებს შორის, გვერდით მერხზე ბიბლიის წიგნებით, ახალი ორლეანის აფრო–ამერიკულ თემში აღმოცენებული მუსიკალური ექსპრესიის მოსმენა იქ, სადაც წინა დღეს ლოცვებს კითხულობდნენ, შეიძლება ითქვას, ამ ფესტივალის ყველაზე მაცოცხლებელი მომენტი იყო.

კარმენ სტაფი თავისი მსუბუქი ჯაზ-ნოველებით და ადამ ბირნბაუმის ბენდი – ძმები თედ და ჰანკ ჯონსის, ვინტონ და ბრენფორდ მარსალისების, ჯიმი და ტუტი ჰითების კომპოზიციები საოცრად ორგანულად სახალისო იყო იმ საეკლესიო ანტურაჟისთვის. ეს პოლიფონიური მუსიკალური სიხშირე კი ერთგვარი ენდორფინის დიდი დოზის მისიასაც ასრულებდა და მუსიკალურ ლოცვასაც ჰგავდა.

ფესტივალის ბოლო დღეს (ეკრანზე ინგლისურად თარგმნილი სუბტიტრებით) გერმანული სკოლის მოსწავლეებმა გერმანულად წაიკითხეს ფანისა და ფელიქსის მიმოწერისა და ლექსების ნაწყვეტები ბავშვობიდან დაწყებული, ვიდრე მათი სიცოცხლის ბოლო წლამდე (ორივე ერთ წელს, 1847–ში გარდაიცვალა). ჩანართებად კი იყო სოპრანო სონია ჰიდლემის ხმა, ფანისა და ფელიქს მენდელსონებისა და თანამედროვე ბრიტანელი კომპოზიტორის ედმუნდ ფინისის ნაწარმოებების შესრულება ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ ნამორაძის მიერ.




ია მერკვილაძის ფოტო

2021 წლის იანვარში ავსტრალიურმა მუსიკალურმა ჟურნალმა Limelight-მა ქართველი კომპოზიტორის, ორმოცზე მეტი ნაწარმოების ავტორისა და პიანისტის ნიკოლოზ ნამორაძის ალბომი (იორკ ბოუენის ნაწარმოებების შესრულება) თვის ჩანაწერის პრიზით დააჯილდოვა, 2022-ში კი მისი ახალი ალბომი (რობერტ შუმანისა და ნიკოლოზ ნამორაძის ნაწარმოებების შესრულება) სახელად „არაბესკა“ (კომპანია Steinway and Sons) გამოვიდა. 2021 წელს გერმანულ–შვეიცარიულმა გამომცემლობა Springer-მა გამოსცა ნამორაძის დისერტაცია “ლიგეტის მაკროჰარმონიები” და ახლა იგი ონლაინ Amazon-სა და წიგნების მაღაზიაში – Barnes and Noble – იყიდება.

წელს გაერთიანებული სამეფოს კრიტიკოსთა წრემ, რომელიც ხელოვნების ხუთასამდე წამყვანი ჟურნალისტისა და კრიტიკოსისგან შედგება, ქართველ მუსიკოსს 2020 და 2021 წლების საუკეთესო ახალგაზრდა პიანისტის ნომინაციის პრიზი გადასცა.

„2018 წლის სექტემბერში, როცა კანადაში “ჰონენსის” კლასიკური მუსიკის სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობის კონკურსი მოვიგე, 2018 წლის ოქტომბერ – ნოემბერში ინტენსიური გასტროლები დამეწყო. კონცერტები მქონდა კანადაში (ტორონტო, კალგარი, ოტავა, სასკატუნი და სხვა), ნიუ იორკში (“კარნეგი ჰოლი, ბოსტონში (“გარდნერ ჰოლი”), იაპონიაში (ტოკიო, ნაგოია, იოკოჰამა და ა.შ.) გერმანიაში (“კონცერტ ჰაუსი”), ინგლისში (“ვიგმორ ჰოლი”) და ა.შ. მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობა 2020-ის მარტამდე, პანდემიის დაწყებამდე გაგრძელდა“ – ამბობს ნიკოლოზ ნამორაძე.როგორ იგეგმება პროგრამა?

ჩემი ერთ-ერთი პროგრამა ასე გამოიყურება: ბახი, შუმანი, სკრიაბინი და ნამორაძე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ კონცერტებზე წარვადგენ არა მარტო სხვების, არამედ – საკუთარ კომპოზიციასაც. როგორც წესი, კონცერტისთვის სპეციალურად არ ვწერ, არამედ უკვე მაქვს გამზადებული კომპოზიცია. ასევე კონცერტისთვის მაქვს უკვე გამზადებული ნარატივი – პროგრამის კონტექსტი, დრამატურგიული თხრობა და ხაზი.

სკრიაბინის მერე ბახი იმიტომაა, რომ ასე აიგება საინტერესო კავშირები ჰარმონიის ხმებითა და პოლიფონიური ჟღერადობით. არაერთ კომპოზიტორს ბევრი საერთო ჰქონდა ბახის მუსიკასთან და ამიტომაც, სწორედ პოლიფონიაა ის საერთო, რაც ჩემი პროგრამის კომპოზიტორებს აკავშირებთ. მაგალითად, ზოგადად ბახის საკლავიატურო მუსიკამ ჩემი მუსიკის სტილზე დიდი გავლენა იქონია და როცა ბახის ნაწარმოებების გვერდით ჩემ კომპოზიციებს ვუკრავ, ამ საერთო მუსიკალურ იდეებსაც ვაჩვენებ.




ნიკოლოზ ნამორაძე. ფოტო: ია მერკვილაძერა არის საერთო თქვენსა და ბახის მუსიკას შორის?

– ხმების მოძრაობა და მელოდიის ფორმები. ამას ინგლისურად Counterpoint ჰქვია – ეს არის მუსიკალური ხედვა, თუ როგორ მოძრაობენ ხმები ერთმანეთთან. მაგალითად, ამ პროგრამებში ბევრგან მქონდა ბახის VI პარტიტასთან ჩემი პირველი სამი ეტიუდი.გასტროლებისას რომელი ქვეყანა იყო “ახალი სიყვარული“?

იაპონია. იგი ჩემთვის მუსიკალურად კომფორტული, საყვარელი ქვეყანაა. ძალიან მიყვარს მისი კულტურა.

იაპონიის გაცნობის შემდეგ ძენბუდიზმმაც ისევე დამაინტერესა, როგორც ლიტერატურამ და კინომ. ენაც ცოტა ვისწავლე, მაგალითად, სიტყვები “მატა კიმას” – (მალე დავბრუნდები). ერთხელ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემ იაპონელ მენეჯერს ვკითხე, თუ რომელია ყველაზე პოპულარული იაპონური ხალხური სიმღერა. მან მიპასუხა – “კოჯო ნო ცკი”, რაც “დანგრეული ტაძრის მთვარეს” ნიშნავს. ამ სიმღერაზე ვარიაცია დავწერე და ტოკიოში კონცერტზე ბისზე დავუკარი, რითაც იაპონელი მსმენელი ძალიან გავახარე. სხვათა შორის, ჩემი ნაწარმოებების მთავარი გამომცემელია სწორედ იაპონური საგამომცემლო სახლი Muse Press, რომელმაც ეს ჩემი ვარიაციული “კოჯო ნო ცკი” 2020 –ში დასტამბა.

რამდენიმე ხნით ადრე ეს გამომცემლობა თავად დამიკავშირდა. მომეწონა მათი საქმიანობა, ის თანამედროვე კომპოზიტორებიც, რომლებსაც ისინი გამოსცემენ და მათთან თანამშრომლობაც გადავწყვიტე.




ფოტო: ია მერკვილაძეიაპონური კულტურა თავისი ჩაკეტილობითაა ცნობილი, თითქოს შინაგანი ჰარმონიის დარღვევის ეშინიათ…

შეიძლება ეს გეოგრაფიის ბრალიცაა. იაპონელებს განსაკუთრებით უყვართ კლასიკური მუსიკა, ქვეყანაში კლასიკური მუსიკის კულტია და მას უმაღლესი სტატუსი აქვს. შეიძლება ამიტომაც ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ თავს.

იაპონიაში ერთი–ორი თვე მართლა ვიცხოვრებდი და მერე – ნიუ იორკს დავუბრუნდებოდი, ქალაქს, სადაც შვიდი წელი გავატარე, ვისწავლე, ბევრი მეგობარი შევიძინე.როგორ ასხვავებთ მსმენელის ტემპერამენტს?

პიანისტი ყურადღებიან მსმენელს ყოველთვის გრძნობს. სადაც არ დამიკრავს, დარბაზში ყოველთვის განსაკუთრებულად ყურადღებიანი მსმენელია.“ჩელსის მუსიკალურ ფესტივალზე” როგორ აღმოჩნდით?

ფესტივალის ორგანიზატორებთან ცოლ–ქმარ მელინდა ლი და კენ – დეივიდ მაზურებთან უკვე ათი წელია ვმეგობრობ. ცნობილი გერმანელი დირიჟორი კურტ მაზური კენ–დევიდის მამაა და ჩვენ ერთმანეთი 2012 წელს ქალაქ ტანგვუდში (მასაჩუსეტსის შტატი), “ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის” ფესტივალზე გავიცანით, სადაც კურტი და კენი დირიჟორობდნენ, მე კი ფორტეპიანოზე ვუკრავდი.

პირველად ჩელსის ფესტივალზე 2015 წელს დავუკარი. ამ ფესტივალზე უკვე მეექვსედ ვარ, 2019-ის მერე ნიუ იორკში კი – პირველად. ძალიან საინტერესო ფესტივალია – კლასიკური მუსიკის, ჯაზის, კულინარიისა და ვიზუალური ხელოვნების ნაზავი, რომელიც ჩელსიში რამდენიმე დარბაზში ტარდება. სახალისო წვეულებას ჰგავს.

აქ ხან ისე ვარ, როგორც კომპოზიტორი, ხან – როგორც შემსრულებელი. დიგიტალური ჩართვის გამოცდილებაც მაქვს: პანდემიის გამო ბერლინში Bechstein-ის დარბაზში ვუკრავდი და 2020 წელს ასე ჩავერთე ნიუ იორკში ჩელსის ონლაინ ფესტივალს.




მელინდა ლი და კენ–დეივიდ მაზურები – ჩელსის მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებიზაფხულის სეზონმა როგორ ჩაიარა?

ტორონტოში ერთი დიდი სოლო კონცერტი და სამი კამერული მუსიკის კონცერტი მქონდა; სანტა ფეში ოთხი კონცერტი; მონტპელიერში (საფრანგეთი) – სოლო კონცერტი; ბონში ბეთჰოვენის ფესტივალზე დავუკარი; დრეზდენში – სოლო კონცერტი და ა.შ. ვფიქრობ, რომ პანდემიის შემდეგ ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი.

საქართველოშიც ვგეგმავ კონცერტს. იმედი მაქვს, რომ ეს შემდეგ წელს მოხდება.სადისერტაციო თემად ჯორჯ ლიგეტის მუსიკა რატომ აარჩიეთ?

2020-ში, როცა ყველაფერი გაჩერდა, დისერტაციის არც ერთი ფურცელიც არ დამიწერია, მარტიდან მაისამდე კი 300 გვერდი დავწერე. “მაკროჰარმონია ლიგეტის ეტიუდებში, წიგნი 3” მუსიკის თეორიულ მათემატიკურ სტრუქტურებსა და მაკროჰარმონიულ კონცეპტს ეხება. ჟურნალებში იგი არ გამომიცია, გამომცემლობა “სპრინგერმა” მაშინვე წიგნად დაბეჭდა და მან პრიზიც მიიღო – Barry Brook Award.2014–ში ჩვენი პირველი ინტერვიუს დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ ნეიროფსიქოლოგია გაინტერესებდათ და რომ არა მუსიკა, ამ თემით დაკავდებოდით…

ნეიროფსიქოლოგიისთვის უკვე მოვიცალე და თან ინოვაციით. კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის საყოველთაოდ ცნობილი აპი “აიდაჟიო” (IDAGIO) – კლასიკური მუსიკის სტრიმინგ სერვისია, ისეთივე, როგორიცაა, მაგალითად, “სპოტიფაი”. ჰოდა, მალე გაჩნდება ჩემი მოფიქრებული გვერდი ამ აპლიკაციაში – IDAGIO Mindfulness – მისი ტელეფონში ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება და იგი წარდგება არა MP3 ფორმატით, არამედ დისკის ხარისხის სტრიმინგით.

მე დიდი ხანია მაინტერესებს ნეირომეცნიერება, მედიტაცია და ამჟამად ლონდონის “კინგს კოლეჯის” ბაზაზე ნეიროფსიქოლოგიაში სამაგისტრო თემაზე ვმუშაობ.

აპი IDAGIO Mindfulness (გონების მედიტაცია) იქმნება, როგორც მსმენელისთვის, ასევე – პროფესიონალი მუსიკოსისთვის. აპის დანიშნულებაა მედიტაციის საშუალებით მსმენელს კლასიკური ნაწარმოების კარგად აღქმაში, ხოლო პროფესიონალს – პერფორმანსის ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით მენტალურად კონცერტისთვის მომზადებაში დაეხმაროს.მედიტაციურ მუსიკასაც თქვენ დაწერთ?

არა, მე არ ვწერ ამისთვის მედიტაციურ მუსიკას. ეს იქნება ჩვეულებრივი სტრიმინგ – სერვისი ჩემი ხმით, რომელიც მსმენელს კლასიკური მუსიკის აღქმისთვის, ემოციისთვის მოამზადებს.

თავად მუსიკა არ იქნება „მედიტაციური“, იგი მოიცავს ემოციების მთელ სპექტრს. ყველა კლასიკურ ნაწარმოებს, ანუ იმათ, რომელსაც მე შევარჩევ. მედიტაციის წინ სტრიმინგი წარუძღვება. უფრო მარტივად, ეს აპი ბეთჰოვენის ნაწარმოების ბიოგრაფიას კი არ გასწავლით, არამედ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მედიტაციით ტვინისა და გრძნობის ისეთ მდგომარეობაში “ჩაყენებას”, რომ ამ ავტორის ეს ნაწარმოები უკეთ გაიგოთ.

მედიტაციური აპი ერთგვარ ფსიქიკურ მდგომარეობას მუსიკის აღსაქმელად გიქმნით.

ანდა, მაგალითად, პიანისტს სჭირდება კონცერტისთვის მომზადება და აზრების კონცენტრაცია. ამისთვის აპის მეორე ნაწილი იქნება გამიზნული. ერთია, თუ როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი და მეორე – როგორ გავხდეთ კარგი მუსიკოსი: როგორ უნდა მოემზადოთ კონცერტისთვის; როგორ უნდა წარმოიდგინოთ დაკვრა ან თუ ნერვიულობთ, სუნთქვით როგორ უნდა დაიწყნაროთ თავი. უფრო მარტივად – ეს ვარჯიშებია თუ როგორ უნდა იმეცადინოთ კონკრეტული ნაწარმოები თქვენს ტვინში, როგორ შეძლოთ, მაგალითად, კონცერტის ვიზუალიზაცია.

მინდა ეს მეთოდი სკოლებშიც დაინერგოს.ანუ ერთგვარი ფსიქოთერაპიული ეფექტიც ექნება, არა? როგორიც მუსიკალური რეცეპტებია, ოღონდ მედიტაციით?

ასეა. პანდემიის შემდეგ ძალიან აქტუალური გახდა ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა და, ვფიქრობ, რომ ეს აპი განტვირთვის კარგი საშუალება იქნება.

კლასიკური მუსიკა ისედაც უკავშირდება მათემატიკას, მედიტაციას, ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებას. თავად მე კონცერტისთვის მომზადებისას იძულებული ვიყავი სპორტის ფსიქოლოგიის წიგნები მეკითხა, მესწავლა და ამდაგვარად შევქმენი საკუთარი სისტემა იმისა, თუ როგორ ვკონცენტრირებულიყავი პერფორმანსზე.

მინდა მუსიკოსები სპორტის ფსიქოლოგიას კი არ ჩაუღრმავდნენ, არამედ ჰქონდეთ ეს აპი, როგორც უკვე გამზადებული რესურსი, რომელიც მათ დაეხმარება.

ეს აპი 2022 წლის ცხრა სექტემბრიდან ამოქმედდება.“აიდაჟიომ” როგორ მოგაგნოთ?

“აიდაჟიომ”, რომელიც ბერლინშია ბაზირებული, უკვე იცოდა ჩემზე, როგორც არტისტზე და სტრიმინგში ჩემი მუსიკის დადება უნდოდათ. მაგრამ როცა გაიგეს, რომ სხვა თემებზეც ვმუშაობ და ამდაგვარი რესურსის შექმნას ვაპირებდი, მაგრამ არ ვიცოდი – როგორ, მათ ეს ტექნიკური პლატფორმა თავად შემომთავაზეს.

მე შევქმნი კონტენტს და გარდა ამისა, მექნება პოდკასტი, სადაც ფსიქოლოგებთან და სხვა პროფესიის ადამიანებთან ტვინისა და მუსიკის კავშირზე ვისაუბრებ.ევროპაში კიდე რა პროექტები გაქვთ?

როცა ნიუ იორკში, ჯულიარდში ვსწავლობდი, ამ კოლეჯმა თავისთან პირველად ისტორიაში მხატვარი მიიწვია. ფრანგი ფაბიან ვერდიე 2014 წელს ასე გავიცანი და ჩვენ დავმეგობრდით. მასზე ახლა იღებენ ერთ საათიან ფილმს, რომელშიც საუბარი არ იქნება, არამედ მხოლოდ – მუსიკა, რომელსაც მე ვწერ. ფილმი იმაზეა, თუ როგორ ქმნის იგი თავის ნამუშევრებს და როგორ ემზადება გამოფენისთვის. ფილმი ოქტომბერში გამოვა და ამჟამად ამ პროექტზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ.

08.09.2022
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment