24 ივლისს, ნიუ იორკში, გაეროს შტაბ–ბინასთან ორგანიზაციის – „ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის” ინიციატივით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე გაჟღერდა ევროკავშირში გაწევრიანების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა – საქართველოს დეოლიგარქიზაცია, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებასაც ნიშნავს.
დავით ცქიფურიშვილი, ორგანიზაციის – „ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის” ხელმძღვანელი: „საქართველოს რეალობა ასეთია – ქვეყნის აღმშენებლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და დამოუკიდებელი, ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი ციხეში აბსურდული ბრალდებებით სხედან. ჩვენ დიდი უსამართლობის მოწმენი ვართ და ამიტომ ამერიკელი ქართველები, ვისაც გული შეგვტკივა სამშობლოს ბედ–იღბალზე, დღეს პუტინისა და ივანიშვილის პირადი ტყვეების გასამხნევებლად შევიკრიბეთ.
2014 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი რაღაც პერიოდი აშშ–ში ცხოვრობდა, ჩემთან, ფილადელფიაში გამართულ რთველში დავპატიჟე. მაშინ ასამდე ქართველი ყურძნის დაკრეფაში მონაწილეობდა. ადამიანებმა ისეთი სითბო და სიხარული გამოხატეს მის მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დეპრესიაში იყო, თქვა – „არ მეგონა, რომ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, ადამიანებს მაინც ვუყვარდიო“. ამის მერე მან გადაწყვეტილება მიიღო უკრაინაში ჩასულიყო და ჩვენს მოძმე ერს დახმარებოდა.
აშშ–ში გამართულ საქართველოს არჩევნებს წლებია “ქართული ოცნება” ვერ იგებს, რადგანაც აქ, საქართველოსგან განსხვავებით, არჩევნების გაყალბება ვერ ხერხდება. მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას“.
აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო
აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო
გია ლომაია, აქციის მონაწილე: „დღეს მნიშვნელოვანი იყო ქართულ დიასპორას თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია სწორედ ამ ორი ადამიანის გათავისუფლებაზე გადის. მათი ციხიდან გათავისუფლება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ჩვენ, როგორც საზოგადოებამ უარი უნდა ვთქვათ პოლიტიკურ სამართალზე. მას მერე, რაც ეს ორი ადამიანი გათავისუფლდება, უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომლის შემდეგ ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის, ქართული ემიგრაციის ხმაც იქნება წარმოდგენილი მთავრობაში. ეს ქართველი ხალხის არჩევანი იქნება, რაც ევროკავშირისა და ნატოს წევრობას მოგვიტანს“.
აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო
გია ხუროშვილი, აქციის მონაწილე: „ცნობილია, რომ შარშან საქართველო ასი ათასზე მეტმა ქართველმა დატოვა. მათი უმრავლესობა ამერიკასა თუ ევროკავშირში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. საქართველოში ცხოვრება უამრავ რისკთანაა დაკავშირებული. ძალიან რთულია იყო უსაფრთხო ქვეყანაში და ამავე დროს იცოდე, რომ შენს სამშობლოში შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ საქართველო საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ომი არაა მხოლოდ ქვეყნის თავზე ბომბების ცვენა. საქართველოდან ადამიანები გარბიან და ვინც რჩება, ისიც გაქცევაზე იწყებს ფიქრს. რაა ეს, თუ არა საომარი მდგომარეობა?! ამიტომ აქ შეკრებილები ვითხოვთ კრემლის პირდაპირი მსახურის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, რადგანაც ამ ადამიანის ფუნქციაა ქვეყნის წინსვლის შეჩერება და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევა.
ჩვენ დასავლელი მეგობრების დახმარებით უნდა მოვიკრიბოთ ძალა იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დავიცვათ“
25.07.2022
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment