ნიუ იორკში ქართული კულტურის ცენტრმა “მოცეკვავე წეროები” ქართული დოკუმენტური ფილმის ოსტატს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ არტისტს, საქართველოს კინემატოგრაფიის პრიზის “ნატოს” მფლობელს, ალბერტ შვეიცერისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს გია ჭუბაბრიასა (1937) და მის ფილმებს უმასპინძლა.
მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კურსდამთავრებული გია ჭუბაბრია რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში შემოქმედებით სახელოსნოს ხელმძღვანელობდა, მისი მოწაფეები კი იყვნენ რეჟისორები გიორგი ხარებავა, ანი ჩერქეზიშვილი, კახა მელითაური, დათო შენგელიძე, შტეფან ტოლცი და ა.შ.
მოსკოვამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გია ჭუბაბრია ალმა მატერის სიმფონიურ ორკესტრში ვიოლონჩელზე უკრავდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, პროფესიით ფიზიკოსი და მევიოლინე ლეილა გაბუნია გაიცნო და მათ 67 წელი გაატარეს ერთად.
გია ჭუბაბრია გადასაღებ მოედანზე. ფოტო არქივიდან
“თეთრი თორღვაი”, ომალო”, “ თეთრი ზღაპარი”, “ჟამი შეკრებად ქვათა”, “ადამიანი ხომალდები”, “ჩუქურთმის საგალობელი”, “კაცობრიობის შემოდგომა”, “ჩვენ ქურთები ვართ”, “ცეცხლში ნაწრთობნი”, “გზა თავისუფლებისაკენ?!”, “გაფითრებული თებერვლის ლანდი” და ა.შ. ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლის რეჟისორი, ხშირად, სცენარის ავტორიც, ოპერატორიცა და ფილმის მუსიკალური გამფორმებელიც გია ჭუბაბრიაა და აქ მას, ცხადია, მუსიკალურ სკოლაში მიღებული განათლება დაეხმარა.
ფილმები: “მთათუშეთის ჩანახატები”, “სვანური ჩანახატები”, “უშგული”, “თეთრი თორღვაი” მთაზე შეყვარებული ადამიანის გადაღებული დოკუმენტური კინოა. გია ჭუბაბრია ცნობილი ალპინისტის, ალექსანდრა ჯაფარიძის მოსწავლე იყო, მან ქართველ მთამსვლელებთან ერთად მთელი საქართველო ფეხით შემოიარა და უნიკალური ფოტოკოლექციაც შექმნა.
გია ჭუბაბრია გადასაღებ მოედანზე. ფოტო არქივიდან
ნიუ იორკში ჩვენებისთვის შერჩეულმა ფილმებმა: “ჩუქურთმის საგალობელი” (1987), “ორაგულის ბედი” (1979), ” ჯვრის მონასტერი იერუსალიმში” (1989) და “გაფითრებული თებერვლის ლანდი” (2005) სამშობლოდან შორს კარგად ნაცნობი განცდების გარდა, ისტორიული სევდის აურაც შექმნა.
“ჩუქურთმის საგალობელი” ათწუთიანი შავ–თეთრი ფილმია იმაზე, თუ როგორ სწავლობს ბავშვთა გუნდი საგალობელს “შენ ხარ ვენახი”. მოუსვენარი პატარების შთაგონებული სახეების დანახვისას თავიდან ვერ წარმოიდგენ, რომ მათ შუასაუკუნეების ამ ქართული მრავალხმოვანი გალობის ასე გულშიჩამწვდომად შესრულება შეუძლიათ.
“ორაგულის ბედი” წყნარი ოკეანის ორაგულების ხანმოკლე სიცოცხლის ამბავია. შემოდგომაზე სილა – ღორღში გაჩენილ ორაგულებს ერთი გზა და ერთი ბედი აქვთ – გაზაფხულზე მდინარეში გამოზამთრებული ლიფსიტები დაბლა ეშვებიან, რათა მდინარის მტკნარი წყლიდან მლაშე წყალში შესასვლელად ახალ ცხოვრებას თავი შეაჩვიონ. ერთ–ორ თვეში ისინი უკვე წყნარი ოკეანის სიღრმეებისკენ მიექანებიან და როცა მათი გამრავლების დრო დგება, უხილავი ძალა მათ სამშობლოსკენ მიაქანებს – ქვირითი მხოლოდ მშობლიურ წყლებში უნდა დაყარონ.
გასაოცარია, ასეთი სიზუსტით როგორ პოულობს ორაგული თავის გაჩენის ადგილს. ამბობენ, რომ ცის მანათობლების საშუალებითო… წყლის დინების საწინააღმდეგოდ. ქვირითის დაყრის მერე მდედრიც და მამრიც იღუპება.
“ჯვრის მონასტერი იერუსალიმში” მოგვითხრობს საქართველოს რენესანსის პერიოდის უნიკალურ ეპიზოდს, როცა ქართველ მთავრებს იერუსალიმში ცხენებზე გაშლილი დროშით შეეძლოთ შესვლა. ჯვრის მონასტერი იყო ქართული სულიერი კულტურის უცხოური ცენტრი, რომელიც ათი საუკუნის წინათ ბაგრატ კურაპალატის დავალებით გიორგი – პროხორე შავშელმა ააშენა, რათა “ქართველებს ღმერთი ედიდებინათ”. იქ ახლაც ხარობს ვაზი, როგორც ქართველების ცხოვრების ნაწილი და მოწმე.
15 საუკუნის წინათ იერუსალიმში მოღვაწეობდნენ პეტრე ივერიელი, ფსევდოდიონისე არეოპაგელი, იოანე მითრიდატე, ილარიონ ქართველი და წმინდა კონსტანტინე. ფილმში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ფრესკების უნიკალური კადრებია. დაკარგულ საგანძურში მოგზაურობა კი ამ სიტყვებით სრულდება – “ჯვრის მონასტერში ქართული სიტყვა არ ისმის. დგას იგი და თავის აღორძინებას ელის”…
გია ჭუბაბრიას ფილმების ჩვენება ნიუ იორკში
ფილმი “გაფითრებული თებერვლის ლანდი” ერთგვარად საქართველოს ტრაგიკულ თარიღთა გაგრძელებაა. საქართველოს მატიანეში 1921 წლის თებერვალი კიდევ ერთი სისხლიანი ისტორიაა…
“არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი
თებერვალმა სამუდამოდ დამიზამთრა მაისი.
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით.
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით.”
(კონსტანტინე მაყაშვილის ლექსი, დაწერილი შვილის, მარო მაყაშვილის დაღუპვის გამო (1921)
კონსტანტინე მაყაშვილისა და თამარ გაბაშვილის ხუთი შვილიდან ვაჟიშვილი შალვა რუსებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად კოჯორ – ტაბახმელაში საომრად წავიდა, მარო კი თავის ძმას მშობლების ხვეწნა–მუდარის მიუხედავად, მაინც გაჰყვა.
“მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი ჩემ თანამემამულეთაო”– წერდა მარო. ომში იმ დროს მოხალისეებად წასულან ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი…
“ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად” – აიმედებდა თავისიანებს მარო. მაგრამ თბილისმა სისხლიან თებერვალს ქაშვეთის ეკლესიის პირდაპირ მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანთან მიწას ჯერ გმირულად დაღუპული იუნკრები, მერე კი მარო მაყაშვილი მიაბარა. დრომ კი ტაძარიცა და საფლავებიც გააქრო…
***ნიუ იორკში მცხოვრები ქართველებისთვის საჩვენებლად თქვენი ფილმები რა პრინციპით შეარჩიეთ? – ვკითხე გია ჭუბაბრიას.
ეს ფილმები ქართული იყო ხელწერითა თუ პრობლემატიკით. ყველა ჩემი საავტორო ფილმია. სსრკ–ის არსებობის დროს გადაღებებზე დიდ გუნდს, მითუმეტეს საზღვარგარეთ, ვერ წაიყვანდი და ამიტომ ხშირად მე ვიყავი ფილმის რეჟისორიც, სცენარისტიც, ოპერატორიცა და მონტაჟიორიც.
„მთათუშეთის ჩანახატები“ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადავიღე. სკოლის ასაკიდან საქართველოს გარშემო ვმოგზაურობდი და მინდოდა ქართული კუთხეები, ლეგენდები, თქმულებები შემესწავლა, შემეკრიბა, მთიანი ადგილები მომევლო და ეკრანზე წარმედგინა. უპირველესად ხალხთან მინდოდა ურთიერთობა. ჩემი მოგზაურობის დროს ჩანდა, თუ როგორ იყო განიავებულ-განადგურებული საცხოვრებელი გარემო. სვანეთში, თუშეთში, ფშავში და ხევსურეთში ვმოგზაურობდი მანქანით; სადაც ამის საშუალება არ იყო, ცხენებით მივდიოდი. რამდენიმე ათასი კილომეტრი ფეხით სულ მარტო ან მეგობრებთან ერთად გავიარე. ასე გადავიღე 21 ფილმი, ზოგი – თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მხარდაჭერით.განსაკუთრებული გამოცდილება რომელ ფილმს უკავშირდება?
“გზა თავისუფლებისაკენ?!” 1992 წელს გადავიღე. სამოქალაქო ომი იყო საქართველოში. ამ ფილმს სულ მარტო ვიღებდი. ფილმმა ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემია დაიმსახურა. სრულმეტრაჟიანმა “რწმენის აღორძინებამ” 1997 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიიღო. “ჟამი შეკრებად ქვათა” 1990 წელს ებრაელთა ასოციაციის პრემია დაიმსახურა, ისევე როგორც – ფილმმა “ჯვრის მონასტერი იერუსალიმში”.იმ პერიოდის კინოინდუსტრიაში რამდენად იყო შესაძლებელი პარტიის წევრი არ ყოფილიყავი და თან შენი საქმე გეკეთებინა?
მე ვერ და არ მივყვებოდი მაშინდელ პარტიულ პოლიტიკას, არ ვიყავი პარტიის წევრი. თავად ვარ რეპრესირებულთა ოჯახიდან. 1937 წელს დავიბადე, სწორედ იმ წელს, როცა ლამის ყოველ ოჯახში უბედურება ხდებოდა. სისტემას აშკარად ვერ ვებრძოდი, თუმცა ფილმების გადაღებისთვის რეალური და ბრძნული გზა ავირჩიე.
შემიძლია ვთქვა, რომ მე საბჭოური ფილმი არასდროს გადამიღია. “კაგებე” ყურადღებით მადევნებდა თვალს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრი აკაკი დვალიშვილი თავდასხმებისგან ყოველთვის მიცავდა. თავად მე რეპრესირებულთა ოჯახიდან ვარ. ჩემი დეიდა, ლიზიკო ქავთარაძე, 28 წელი გადასახლებაში იყო ჯერ შუა აზიაში, მერე – ციმბირში. იგი სამშობლოში 1956 წელს დაბრუნდა. ლიზიკო არ იყო ადამიანი, რომელსაც გაქცევა და დადუმება შეეძლო.
გია ჭუბაბრია
სხვათა შორის, ადრე მინდოდა მასზე ფილმის გადაღება, მაგრამ თანხა არ მქონდა. 2008 წელს ჩემი ინიციატივით ლიზიკო ქავთარაძის მემკვიდრეობასა და ჩემს ოჯახზე გამოიცა წიგნი სათაურით – “28 წელი გულაგში”.თქვენი სანატრელი ფილმი…
ასეთ ფილმს დავარქმევდი – „საქართველო, ჭეშმარიტი“. ფილმი იქნებოდა თანამედროვე მსოფლმხედველობის, ჯანსაღი აზროვნების საქართველოსა და მის მოქალაქეებზე.არის ფილმები, რომლებსაც დღეს სხვაგვარად გადაიღებდით?
მაგალითად, “თეთრი თორღვაის” სხვაგვარად გადავიღებდი, მონტაჟს გავაკეთებდი…რა განიჭებდათ ბედნიერებას?
ბედნიერებას გადაღების პროცესი მანიჭებდა და ეკრანზე თავისუფალი, ჭეშმარიტი სიტყვის წარდგენა. მძიმე ცხოვრება იყო მთაში და ეს მე ფილმში “თეთრი თორღვაი” აღვწერე. მაბედნიერებდა ისიც, რომ პარტიულ დავალებას არ ვასრულებდი და მთაში ფილმს სოცმშენებლობის წარმატებებზე არ ვიღებდი. ანუ არც სისტემას ვანგრევდი და არც ისეთ ფილმებს ვიღებდი, რომელსაც მთავრობის შეკვეთა უნდა დაეკმაყოფილებინა. ფილმს ვიღებდი დაფარული აქცენტებითა და ქვეტექსტებით.ხელოვანისთვის ეზოპეს ენა რამდენადაა ხელისშემწყობი?
კინოში ეზოპეს ენა ყოველთვის იყო, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგში.
“თეთრ თორღვაიში” მთის დღესასწაულის აღწერაა, მაგრამ რაც ჩანს ფილმში, ეს არის იმ ადგილის არა საზეიმო გარემო, არამედ შეულამაზებელი რეალობა – დანგრეული სახლები, მიტოვებული სოფლები, რაც, ცხადია, იმ დროისთვის მთაში ნორმალური ცხოვრების კრიტერიუმი ვერ იქნებოდა.
მთელი ჩემი შინაგანი სამყარო იყო ანტისაბჭოური. ჩემი ფილმები ცენზურას არ დაქვემდებარებია, თუმცა იყო შემთხვევა, როცა “ცეკას” მდივანი მოსულა, მისი მითითებით რაღაც ეპიზოდი ამომიღია და მხოლოდ ამის შემდეგ გაუგზავნიათ მოსკოვში. მაშინ ფილმის ეკრანზე გაშვების თანხმობას მოსკოვი იძლეოდა. სხვაგვარად მას თაროზე შემოდებდნენ.
ეს იყო შეფარვითი კომპრომისი. კადრს უკან ყოველთვის იყო რაღაც სხვა აზრი, რომელსაც წესიერი და ჭკვიანი მაყურებელი მართებულად გაიგებდა.
გია ჭუბაბრიაროგორ ფიქრობთ, ემიგრაციის თემა რატომ არაა აქტუალური ქართულ კინოში, თუ არ ჩავთვლით ლევან კოღუაშვილის ფილმებს?
სსრკ-ის არსებობის, ანუ ჩემ დროს შეუძლებელი იყო ემიგრაციისა და საბჭოთა კავშირიდან გაქცევის თემაზე ფილმის გადაღება. სსრკ დაიშალა და ამერიკაში ყოფილი საბჭოელები, მათ შორის, ისინიც წამოვიდნენ, რომლებიც აშშ–ს აგინებდნენ და მისი დანგრევა უნდოდათ. სსრკ-ის პროპაგანდა დასავლურ ღირებულებებს მახინჯ ღირებულებებად წარმოაჩენდა. ისმის კითხვა – რისთვის ამდენი ტანჯვა და ათიათასობით რეპრესირებული, დახვრეტილი ადამიანი? განსაკუთრებით 1937–38 წლებში. მათ შორის, ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი… ჩემი დეიდაც…
ლევან კოღუაშვილმა კი განათლება აშშ–ში მიიღო და, ცხადია, თავისუფალი იყო თავისი ფილმის გადაღებისას. ჩვენ დროს თავისუფალი შემოქმედება აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფუფუნება იყო.თქვენი შვილი აქ ცხოვრობს და თქვენ მესამედ ხართ აშშ–ში…
ამერიკა, ცხადია, სამოთხე არაა, მაგრამ ამერიკა ადამიანს არ ანადგურებს. საბჭოთა კავშირი კი, რომელსაც ახლა რუსეთი ჰქვია, ადამიანს ანადგურებდა და დღესაც ანადგურებს.
მიხეილ რომის “ჩვეულებრივი ფიშიზმის” გადაღება იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ იგი ანტიფაშისტური ფილმი იყო და არა – ანტისაბჭოური. ცხადია, რომი ანტისაბჭოურ კინოს ვერ შექმნიდა. სსრკ–ის არსებობის დროს მარო მაყაშვილის ხსენება წარმოუდგენელი იყო, მითუმეტეს, მასზე ფილმის გადაღება. მე მოვიძიე მისი დღიური და წავიკითხე. ამ გოგონას ბედი საქართველოს ბედს ჰგავს…თქვენი პროფესიული თვითრეალიზაციის უპირველეს პირობად ვის და რას დაასახელებდით?
მეუღლე ძალიან მეხმარებოდა. ჩვენ ექვს ათეულ წელზე მეტი ერთად მოვდიოდით. ლეილა მიადვილებდა ყოფას და ცხადია, ჩემი შვილებიც. დღეს ჩემს ოჯახს დიდ მადლობას ვუხდი ეს საშინელი წლები ჩემთან ერთად რომ გაიარეს. ჩემ ოჯახში არავინ იყო პარტიული, ჩემ ოჯახში თავისუფლების ფასი იცოდნენ და იციან.
მაქვს ხოლმე მომენტები, როცა უაზრო თემებზე დახარჯული დრო მენანება. ხანდახან ვნანობ, რომ სათქმელი ეკრანზე ზუსტად ისე, როგორც მე მინდოდა, ვერ გამოვხატე და ბოლომდე ვერ ვთქვი. არ ვნანობ იმას, რომ არ დავემსგავსე ზოგიერთს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საბჭოეთის ქება–განდიდებაში გაატარა და ქონება ასე დააგროვა. ამ დროს კი მის გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოლშევიზმით დანგრეული ცხოვრებით ცხოვრობდნენ.კინოდოკუმენტალისტიკა ისეთივე მატიანეა, როგორც – ტექსტები. თქვენ როგორ მუშაობდით?
ჩემი მასალები არის დოკუმენტურ მასალებზე აგებული კინო, მაგრამ პირადად მე დოკუმენტურსა და მხატვრულს ასე მკვეთრად არ გავყოფდი. უფრო ვიტყოდი, რომ ჩემი კინო დოკუმენტური მასალაა მხატვრული გადაწყვეტით.
საბჭოთა კავშირის არსებობის დროს საბჭოთა რეჟიმის რეპრესიული მანქანის სიძლიერის გამო შეუძლებელი იყო დისიდენტური დოკუმენტური კინოს გადაღება. საშიში ეპოქა იყო, თუმცა მაშინაც ვახერხებდი წინააღმდეგობას – თუნდაც იმით, რომ ჩემ სტუდენტებს სისულელეებს, მაგალითად, სოცრეალიზმს არ ვასწავლიდი.
19.09.2022
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment