Tuesday, February 18, 2014

90 – იანების „გრძელი ნათელი დღეები“



90 – იანი წლები არც ისე დიდი ხნის დასრულებილი იყო. ვარდების რევოლუციაც გზაში იყო... თბილისში სასტუმრო მეტეხის წინ საღამო საათებში ერთი ახალაზრდა ქალი მარტო იდგა. სასტუმროში „მეტეხი პალასის“ მფლობელის შვილის ძიძად მუშაობდა და იმ საღამოს ჩვეულებისამებრ სახლში ბრუნდებოდა. უცებ საიდანღაც დიდი სიჩქარით მომავალი, კაცებით სავსე მანქანა გამოჩნდა და ქალთან ხმაურით დაამუხრუჭა. კაცებმა ავტომანქანაში ჩასხდომა უხამსად შესთავაზეს. ქალი წინ გაიქცა, მანქანა კი ნელა მიჰყვებოდა და თან გზა და გზა  იქ მსხდომნი მას მანქანაში ეპატიჟებოდნენ... ამ დროს სამარშრუტო ტაქსიც გამოჩნდა, ქალმა ხელი დაუქნა, ტაქსი გაჩერდა და ახალმა მგზავრმა კარი მთელი ძალით გამოიჯახუნა...ეგონა, რომ სამშვიდობოს იყო. მაგრამ არა. ცოტა ხანში იმ მანქანამ სამარშრუტოს გაუსწრო, სამი კაცი გადმოხტა ავტომანქანიდან და  ტაქსს გასაჩერებალდ ხელი დაუქნია. შეშინებულმა ქალმა რამდენჯერმე სთხოვა მძღოლს „ნუ გააჩერებთ, მე მომდევენ, ნუ გააჩერებთო!“... მძღოლმა გააჩერა...ალბათ, სამჯერ 50 თეთრისთვის. პურის ფულისთვის. ხალხით სავსე სალონში კაცები შევარდნენ და სამიზნე გადმოათრიეს. სალონში მსხდომი ადამიანთაგან ეს ძალადობა არავის გაუპროტესტებია, არც მძღოლს, არც მგზავრებს. არავის. არავინ გამოსარჩელებია და არც დაუყვირია: “ჰეი, თქვე @@ რას აკეთებთ!?“ არავინ დარეკა  პოლიციაში. სამარშრუტო დაიძრა. მოტაცებული გოგონა კი სადღაც „ბარაკებში“ დაქირავებულ ფართში მიათრიეს და ამ ნაძირლების რამდენიმეკაციანი ბანდა მთელი ღამე აუპატიურებდა. მერე აბანოში წაიყვანას და იქაც აუპატიურებდნენ. იმ ღამეს იქ მხოლოდ აბანოს დარაჯი იყო. მასაც სთხოვა ქალმა, მიშველეთო. მაგრამ, ამაოდ. დარაჯმა „მხიარული კამპანია“ უპრობლემოდ შეუშვა. ადამიანს აუპატიურებდნენ „მოწმეების“ თანდასწრებით. მაშინ, როცა  დედაქალაქს მშვიდად ეძინა. მშვიდად ფშვინავდნენ სამარშრუტოს მძღოლიც. ალბათ, მის გვერდით – მისი ცოლიც; ვახშმით დანაყრებული ქალიშვილ–ვაჟიშვილი და მისი „პურის ფულის“ 50 თეთრიანი მგზავრებიც...
                ეს რეალური ამბავი, რომლის შესახებაც ათი წლის წინათ მე საგაზეთო მასალა მოვამზადე (მსხვერპლიც გავიცანი, რომელმაც თავის მოძალადეებს უჩივლა. ყველა დაიჭირეს. დადგენილი ჭკუსუსტობის გამო ერთ–ერთი ციხეს გადაურჩა – იგი გაუპატიურების პროცესს „მხოლოდ“ უყურებდა. აქ აღარ მოვყვები სამედიცინო ექსპერტიზის დროს გადატანილ ზღვრულ შეურაცხყოფას და ყველაფერ იმას, რაც ამ საქმის გახმაურებას მოჰყვა), მაშინ გამახსენდა, როცა ახალი წლის დასაწყისში იანვრის ერთ დღეს ნიუ იორკში ლინკოლ ცენტრის „ელინორ ბუნინ მანრო კინოცენტრში“ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „გრძელ ნათელ დღეებს“ (ფილმის სახელწოდება ასე გადაითარგმნა: „In Bloom” ანუ „ყვავილობისას“) ვუყურებდი. ფულმი სამოქალაქო ომის ისტორიას მიჰყვება და იწყება  90–იანების მუდმივად თანმდევი ქართული რუტინის – პურის რიგისა და იქ მოჭიდავე ადამიანების ჩვენებით... 14 წლის ასაკის ორი განუყრელი თანაკლასელი, მეგობარი ეკა (ლიკა ბაბლუანი) და ნათია (მარიამ ბოკერია) ყოველ დღე პურის რიგში დგანან. იქ, სადაც ყოველ წამს შეიარაღებული ადამიანები (დიდი მიხვერდა არ უნდა იმას, რომ ისინი „მხედრიონელები“ არიან, ანდა კიდევ რომელიმე სხვა დაჯგუფების წევრები) შეიძლება მოქანდნენ და ურიგოდ იმდენი პური აიღონ, რამდენიც უნდათ. ალბათ, უფასოდაც. მთელს რიგში მხოლოდ ერთმა ასაკოვანმა ქალმა ამოიღო ხმა. ისიც მოკრძალებით. დანარჩენი დუმან. ეშინიათ. ანდა აზრს ვერ ხედავენ. ჰოდა, მოვარდება შავი „გაზ დვადცაწჩეტირე“ და ბიჭები ამ ხალხმრავალი რიგიდან ნათიას იტაცებენ. ასე ვთქვათ, არა „სახმარად“. არამედ, ძმაკაცზე მისათხოვებლად. მის გასაბედნიერებლად. რიგიდან ეკა გამორბის; მანქანას, რომელშიც ნათია ჩატენეს, დასდევს და იქ მსხდომთ უყვირის: „თავი დაანებეთ! თავი დაანებეთ! ნათია! ნათია!“. ნათიას კი სუსტად ამოხდება მეგობრის სახელი... მანქანა მოსახვევში უჩინარდება. ეკა ბრუნდება და რიგში მდგომ უფროსებს ეუბნება ყველაფერს, რასაც მათზე ფიქრობს. მათ იმ უშვერი სიტყევბით აგინებს, რომლებსაც რიგში მდგომნი მიიღებდნენ პურის ურიგოდ აღებას სიტყვიერად ან ფიზიკურად რომ შეწინააღმდეგებულიყვნენ. ანდა სულაც მათ  ავტომატის კაკანას მოასმენინებდნენ, იმ  „ხმაურს“, რომელიც 90– იანების დასაწყისში დიდი თუ პატარა ქართული ქალაქის განუყრელ „საუნდტრეკად“ გადაქცეულიყო. ვიღაც ხნიერი კაცი რიგიდან გამოდის და ეკას სახეში ისე გაარტყამს, რომ ბავშვი ძირს დაეცემა. აბა, „მხედრიონელს“ ხომ არ გაატყამდა?  აგერ კი ერთი „უპატრონო“, სიფრიფინა ბავშვია, გოგონა, რომელსაც ერთი  წუთის წინ მეგობარი მოსტაცეს. ჰოდა, მასზე ძალადობა „მოსულა“. ის ხელს ვერ შეგიბრუნებს. სუსტზე ძალადობა ხომ ასეთი ადვილია... კადრში ჩანს, რომ  არავინ იძვრის ადგილიდან, რომ ეკა ააყენოს. ამ ეპიზოდმა ისიც გამახსენა, თანამედროვე ტექნოლოგიის ნაყოფ სოციალურ ქსელ ფეისბუკში როგორ დადო ვიღაც ქართველმა მომხმარებელმა „იუტუბიდან“ აღებული შემდეგი შინაარსის ვიდეონაწყვეტის ბმული: ერთ–ერთ კავკასკასიურ რესპუბლიკაში,  ქორწილის საცეკვაო მოედნიდან მთელი დარბაზის თანდასწრებით გოგონას იტაცებენ. თუმცა იქ ადამიანები წამოხტებიან მაინც და მომტაცებლებს გაეკიდებიან. საყურადღებო იყო ამ ნეორეალისტური მიზანსცენის გარშემო ქართველი ფეისბუკმომხმარებლების კომენტარები. დავთვალე კიდეც. სულ 122 კომენტარი. აბსოლუტურად ყველა ქილიკობდა, ქალი და კაცი, უფროსი და უმცროსი. დასცინოდა და იცინოდა ადამიანის გატაცებაზე. დასცინოდნენ გოგოს და ნიშნის მოგებით წერდნენ:  „აბა, რა ეგონა? ქალი მაგისა, რომ უნდა მო@@ნაო“. არც ერთი თანამგრძნობი ანდა აღმაშფოთებელი კომენტარი. 170 „ლაიქი“... 70 „დაშეარება“. ზოგიერთი კომენტატორის ფეისბუკის პროფილზე სპეციალურად შევედი კიდეც. ეკლესიები, ჯვრები და ილია მეორის სურათები ედოთ...




              სხვა ეპიზოდიც გამახსენდა. როცა სამოქალაქო ომის „დასასრულს“ გარეთ თუ შინ სროლის ხმა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ჩემდამი კეთილგანწობის ნიშნად ... „ლიმოკა“ მაჩუქეს. იგი სახლში მხოლოდ რამდენიმე საათი მედო და სანამ უკან გავატანდი იმ ადამიანს ამგვარ „სასიხარულო“ სიურპრიზს, მახსოვს ჩემი უკიდურესი დაძაბულობა და საშინლად უსიამოვნო განცდა. მერე, 10 –12 წლის შემდეგ ის ბიჭი მოკლეს. რუსეთში.  როგორც გავიგე, ქალს გამოსარჩლებია...ჰოდა, ფილმშიც თითქმის ასეა და თითქოს არც ამგვარადაა. ნათიას მისი შეყვარებული ლადო, რომელიც მოსკოვში ბიძასთან სამუშაოდ აპირებს წასვლას, გოგონას რევოლვერს ჩუქნის. და თან ერთი  ტყვიით უტენის. გოგონები მსჯელობენ ამ საჩუქრის ქვეტექსტზე და მიდიან იმ დასკვნამდე, რომ  ნათიას ეს საჩუქარი მასზე ზრუნვისა და სიყვარულის ნიშნად მიართვეს.
          ფილმის სიუჟეტი,  ერთი შეხედვით, ამ იარაღის გარშემო ტრიალებს, რომელმაც ჩეხოვის დრამატურგიული პრინციპის არ იყოს, თოთქოს ბოლოს უნდა გაისროლოს. მაგრამ იგი არ ისვრის. ლადო, რომელმაც საყვარელ გოგონას რევოლვერი აჩუქა, თავად კვდება ნათიას ქმრის, კოტეს დანით. მიზეზი – ეჭვიანობა. სინამდვილეში კი მთელი ფილმი უფრო მძლავრი და საშიში „იარაღის“ – სრული სასოწარკვეთის, უბადრუკობისა და მწარე გაუცხოების განცდის გარშემო ტრიალებს, რომელიც  ახალდამოუკიდებლობა გამოცხადებულ ქვეყანას თავს დაატყდა და რომელიც იმ გოგონების ბავშვობის დასასრულს დაემთხვა, რომლებსაც წილად ხვდათ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არაერთი ომის თვითმხილველნი გამხდარიყვნენ. ტოტალური ნიჰილიზმი და სიძულვილი იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც სულ ცოტა ხნით ადრე შესაშური ერთსულოვნება დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს გამოხატეს. ფილმში სისხლი არაა. მაგრამ სისხლის ოდნავ მიმქრალი სუნი  იგრძნობა. ეს განცდა მაშინ გეუფლება, როცა პარკში ლადო და ნათია სეირნობენ და გოგონას ნაჩუქარი იარაღი ისე უჭირავს, თითქოს იგი ყვავილების თაიგული იყოს. მათ შესახვედრად კი წყვილი მოდის და კაცს სამხედრო „ბუშლატი“ აცვია. გარეთ 1992 წელია. რეჟისორი სისხლს არც მაშინ გვაჩვენებს, როცა ლადოს თბილისის ერთ–ერთი უბნის ვიწრო ქუჩებში მოსაკლავად კოტე და მისი ძმაკაცები დასდევენ.  ადამიანები კანტიკუნტად აქეთ–იქეთ მიდი–მოდიან, მაგრამ არავის აქვს საქმე შუკა–შუკა გიჟებივით მორბენალი კაცების „ბიზნესთან“... სისხლი არც  ლადოს თეთრ პერანგზე ჩანს. იგი ჩვენკენ ზურგით ეცემა, მოკუნტული მუცელში დარტყმული დანისგან ....  სისხლი „ისმის“ საინფორმაციო ყუთებიდან, საიდანაც სოხუმში გაჩაღებული ბრძოლების შესახებ გვამცნობენ. დამცირება ისმის მასწავლებლის პირიდან, რომელიც დაგვიანებულ მოსწავლეს მთელი კლასის თანდასწრებით  ეუბნება, რომ მისი მშობელი აფხაზეთში საყაჩაღოდ დადის...
       ფილმში სცემენ. მაგალითად, ნათიას ლოთი მამა ოჯახის სხვა წევრების თანდასწრებით შვილების დედას, ბებია კი ამ „ოჯახური სცენის“ დასასრულს გატეხილი მინის ბოცასა და დაღვრილ ღვინოს უფრო დარდობს, ვიდრე სკამზე მისვენებულ, ტანსაცმელ შემოგლეჯილ და თმააწეწილ ქალს; ნათიას სახეში დედამთილი გაარტყამს; ეკას ორი ბიჭი  გვირაბის ქვეშ ყოველთვის ხვდება და შეურაცყოფას აყენებს... ეკამ იცის, რომ აქ მას უსიამოვნო წუთები ელოდება და ისიც იცის, რომ აქ გავლის დროს შეძლებისდაგვარად უნდა მოითმინოს ეს დამხირება...და ითმენს კიდეც. ეკას უთხრეს, რომ ერთ–ერთი ბიჭის მამა ეკას მამამ მოკლა და ახლა ციხეში ზის. გარშემო კამერა სრიალებს ფიზიკურ ძალადობებს შორის, მაგრამ ფილმში მისი ნატურალიზირება არ ხდება და ესაა ამ ფილმის ღირსება.
            ბუნებრივია, როცა ამერიკეულ დარბაზში ამგვარ ქართულ ნეორეალისტურ ფილმს უყურებ, იმასაც აცნობიერებ, რომ ჩემს გვერდით პარტერში მსხდომი ამერიკელი მეგობრები ამ სცენების ტექსტებს თუ ქვეტექსტრებს ისე მძაფრად ვერ აღიქვამენ, როგორც – მე. მათთვის, ამერიკულ უნივერსოტეტდამთავრეულებისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ქალის მოტაცება ცოლობისთვის, მერე კი ცოლისთვის სკოლასა და მუსიკაზე სიარულის აკრძალვა. ანდა როგორ შეიძლება ძალად „გაბედნიერების“ შემდეგ 14 წლის გოგონა ქორწილში მხიარულებდეს იმის გვერდით, ვინც არ უყვარს და ვის დასახასიათებლად მხოლოდ ზერელედ ნათქვამი სიტყვები „კარგი ადამიანია“ ემეტება. პურის რიგის ძალადობის სცენების შემდეგ კამერას კოტეს (ნათიას გამტაცებლი) სახლში გადავყავართ. იქ ქორწილია გაჩაღებული. მარჯვენათვალჩაშავებული ხელისმომკიდე ეკა პატარძლის გვერდით  უხალისოდ ზის და ნათიამ იცის, რომ მის მეგობარს მისი დაოჯახება სულაც არ უხარია. თან ისიც იცის, რომ თავად, ფაქტობრივად, მშობლებს  გაექცა, სადაც მამა დედას სცემს, პატარა ძმა კი საბჭოთა დროინდელ კაფელისრემონტიან აბაზანაში იკეტება, გულამოსკვნილი ტირის და იმუქრება, რომ ოდესმე მოკლავს ამ კაცს. მამას; კაცს რომელიც ნათიას ქორწილში, ბუნებრივია, დაპატიჟაბულია და სხვებთან ერთად მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამს...
            ფილმის, თუ შეიძლება ითქვას, ღერძული სცენაა სუფრა, რომელიც ნასესხები ფულით გაიშალა, როგორც ქართული კუდაბზიკობის მაგალითი თავისი სადღეგრძელოებითა და ხმამაღალი „ჯოს!,ჯოს!ჯოს!“ ძახილით; მაგრამ ეს სიხარულიც ისეთივე ფარსია, როგორც ნათიას გამბედაობა. როცა საქმე თავხედ მასწავლებელს ანდა ეკას დაცვას ეხება, ნათია უკან არ იხევს. კლასიც სოლიდარულია მასთან. მაგრამ როცა საკითხი მის პირადს ეხება, შეეგუოს თუ არა მოძალადე „სიყვარულს“, იგი უსუსურია. მან იცის, რომ ესაა მისი ბედი. მის გარშემო ქალების უმეტესობა ასე ცხოვრობს. ასე ასწავლეს, ამას ხედავს, ასე შთააგონეს, ესაა ტრადიცია და ცხოვრების განაწესიო. მორჩილება ასე დაუწესეს და ნათიას სხვა არჩევანიც არა აქვს... ჰოდა, ეკა თავისი ჩაშავებული თვალით, მოკუმული პირითა, შუშის  გახევებული მზერით ცეკვავს „კაცების ცეკვას“ კინტაურს, როგორც პროტესტსაც და როგორც ზღვრულ სასოწარკვეთას. მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს, მისი მეგობარი ნათიაც კი. ისიც, სადედოფლო თეთრ კაბაში გამოწყობილი გახარებული ტაშს უკრავს. ოპერატორის კამერაც მხოლოდ ნახევარ ეკას აჩვენებს, წელსზემოთ და თანაც მხიარული მექორწილეებისგან ზურგშექცევით. იქაც კი, სადაც სიხარულის ადგილი უნდა იყოს, სიხარული არაა. არის მხოლოდ ღრეობა, სულამოცლილი მიმიკრია  და სიკვდილის ცეკვა.


             ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის 102 წუთიანი ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“  საქართველო – გერმანია – საფრანგეთის კოპროდუქციაა და არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი. მისი პრემიერა ბერლინის 63–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფორუმის პროგრამაში შედგა და საავტორი კინოს საერთაშორისო ასოციაციის პრიზიც დაიმსახურა. წარმატებას მიაღწია სლოვაკეთის, კარლოვი ვარის, ვისბადენის, ჰონგკონგის კინოფესტვალებზე და ამერიკული კინოაკადემიის პრიზის „ოსკარის“ საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, მაგრამ ნომინანტთა „შორტ ლისტში“ ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სცენები არაბუნებრივადაა გაწელილი, მაგალითად, ეკას ცეკვა, ანდა ციხეში ეკასა და სასჯელაღსრულების თანამშრომლის საუბარი, ფილმი უდაოდ იმსახურებს შექებას, რომელიც ევროპულ პრესასთან ერთად არც ამერიკულმა დააკლო, მათ შორის, გავლენიანმა „ნიუ იორკ თაიმსმაც“.
         არაპროფეიონალი მსახიობების შესანიშნავი თამაშის გარდა ფილმის „უხილავი“ მოქმედი მთავარი გმირიც, ინტერიერი და ექსტერიერიც უნდა აღინიშნოს. გადაქანებული სახლები და უხალისო ეზოები, ამონგრეული კედლები, ბზარები, ძველისძველი გაცრეცილი შპალერი და ავეჯი,  სანთლითა და  ზეთით დასვრილი  კაფელი და გაზქურები, რომლებსაც ქალები არ წმენდენ; შავი პიანინო, რომელიც ლამის ყველას ოჯახში იდგა და დგას, ხშირად, როგორც ბუტაფორია; ნესტი, უშუქობა, ლობიო და რიგებში იდაყვების ქნევით მოპოვებული პური არსობისა; საბჭოთა კავშირის დროინდელი დიდთეთრკოპლება წითელი თუ ნარინჯისფერი თიხის ჩაიდნები და ჩაის ჭიქები. ბინები და ოთახები, რომელებიც ნაალაგევს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანების საცხოვრისს; იმ ადამიანების, რომელთა შესახებ არსებობს მითი, რომ ისინი ყველაზე გულითადები, თბილები არიან და, შესაბამისად, „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!“.
       სოციალური უპოვრობა ქართულ რეალობაში ახლაც არსებობს, მაგრამ 90–იანების ეს ლამის დოკუმენტური სცენები გარემოს სრულ დეპრესიულობასა და მიგდებულბას  განსაკუთრებულად ნეორეალისტურს ხდის. თუმცა ამ საყოველთაო უსასოობაში ეკას რაციონალიზმი  (არა მარტო ჰუმანიზმი), რომელიც ნათიას არ აძლევს იარაღს, რათა მან ლადოს მკვლელობის გამო ქმარზე იძიოს შური, მგონი, ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ფილმში, ისევე როგორც ამ ორი ბავშვის მეგობრობა. შესაღამოვებისას გოგონები იარაღს წყალში აგდებენ. ეკა ციხეში მამის სანახავად მიდის...
               „გრძელი ნათელი დღეები“ დაკარგული თაობაზეა, დაკარგულთა დაკარგულ გრძელ და ნათელ დღეებზე და იმაზეც, რაც არ იკარგება და იმაზეც, რაც ჩვენი თანამედროვე ხელოვანების მიერ და არა მარტო მათი, არამედ პოლიტიკოსების, ისტორიკოსებისა და, როგორც ამბობენ, უბრალოდ მოქალაქეების მიერ ჯერ კიდევ არაა ჯეროვნად შეფასებული... რა იყო 90– იანები წლები? როგორ დავუშვით ასეთი ქაოსი, შიში, ცივსისხლიანობა და რატომ მოგვივდა ის, რაც მოგვივიდა?

"საქართველოს რესპუბლიკა"

22.01.14




No comments:

Post a Comment