Tuesday, February 18, 2014

ძალიან ხანმოკლე მოგზაურობა მარკ ტვენის საგრაფოში და მისი "საფლავის პრივილეგია"




როგორ უნდა გიყვარდეს და გენატრებოდეს ტომი და ჰეკლებერი ან ჯერ ჰეკლებერი და მერე ტომი, რომ გიჟ, წვიმიან შაბათს, დილაუთენია ღამის ნიუ-იორკის ~პენ-სთეიშენის~ მიმართულებით, მატარებლების მიწისზედა სადგურამდე ნახევრადმძინარემ ცარიელ ვაგონში იმგზავრო, მერე კვლავ მატარებლით _ პენსილვანიისკენ და ბოლოს ~სოფლის ავტობუსებით~ ელმაირაში ჩაჩაქჩაქდე. ელმაირა საგრაფოში მდებარეობს. საგრაფოს ~ჩემანგ~ ჰქვია. ელმაირა დიდი ხნის წინ მე და ჩემს ფილადელფიელ მეგობარს გვქონდა დაგეგმილი. მეგობარს ფილადელფიაში უნდა შევხვდე, მერე ელმაირამდე ერთად უნდა გავწიოთ.


ელმაირაში მარკ ტვენი ცხოვრობდა.

იქაა დასაფლავებული. ჩემანგის საგრაფოს ~მარკ ტვენის საგრაფოსაც~ უწოდებენ. ამ ამინდში შტატიდან შტატში სამოგზაუროდ მხოლოდ ტომ სოიერი და მისი მეგობარი თუ გამომადგებოდა. მათი ხათრით მივდივარ, უფრო _ ჩემი ბავშვობის ხათრით, კაპიტალური გამომშვიდებობისთვის. დამგზავრებული, წყნარი და ყურებში ყურსასმენგაყრილი ადამიანები რომ არა, უშველებელ ინგლისურენოვან გაზეთებს თხა და გიგოსავით რომ ჩაჰკირკიტებენ, მერე მალევე კეცავენ და მერე ისევ კეცავენ ლამის აიფონის ზომამდე, მეგონებოდა, რომ პირდაპირ ჩემს ქუთაისში მივემგზავრები. ეყაყანათ მაინც, ანდა მობილურზე ხმამაღლა ესაუბრათ _ თბილისიდან ქუთაისში ანდა ქუთაისიდან თბილისში მიმავალ ~მარშრუტკას~ გავიხსენებდი. ოღონდ მძღოლის მაგნიტაფონზე ~ქართულების~ გარეშე.




თუმცა ახლა ცოტა ხანს მოვუსმენდი, არასნობურად, სამი წუთით. ჰეკლებერიფინურად. არა, ჯიბრზე, ყველას თავი ჩაუქინდრ-აუქინდრია და სძინავთ. ბავშვებსაც კი. ტომისა და ჰეკლებერის არაფერი აცხიათ. თუმცა ვინ იცის, იქნებ ფხიზლობისას მათზე უარესებიც კი არიან. უბრალოდ მატარებელი მყუდროდ მიქანქარებს, გარეთ წვიმს, სიჩუმეა, ოდნავ ცივა.




ასეთ მატარებელში და თანაც დილის 6 საათზე ამათ კი არა, ტომს და ჰეკლებერსაც ერთმანეთზე მიეძინებოდათ. იმ გემზე რომ მსხდარიყვნენ, რომლითაც მათი მამილო ტვენი ოკეანის ნისლში ევროპაში გაემგზავრა, ნიძლავს ვდებ, მაინც ჩათვლემდნენ. გემს ~კვაკერ სითი~ ერქვა. ვერც კი წარმომიდგენია, მაშინდელი გემების სახელწოდებაში ~კვაკვაკვა~ როგორ არ უნდა ყოფილიყო?




ევროპიდან გამოგზავნილი სტატიების კრებულს მარკ ტვენმა ~გულუბრყვილონი უცხოეთში~ შეარქვა. ნეტავი ვის გულისხმობდა? რატომ ~მარკი~ ფსევდონიმად? ~მარკი~ და ~კვა~ რაღაცნაირად რომ ერითმება ერთმანეთს, იმიტომ ხომ არა? ტვენი. რატომ ~ტვენი~, როცა ინგლისურად –Twain – ია, რომელიც ორს, წყვილს ნიშნავს? Mark Twain – სიტყვასიტყვით – “აღნიშნე ორი~.




ამბობენ, სემუელ კლემენსს ფსევდონიმი ~მარკ ტვენი~ მისისიპიზე ლოცმანის დამხმარედ რომ მუშაობდა, მაშინ მოეწონაო.




~აღნიშნე ორი~ (საჟენი), ნიშნავს იმ მინიმალურ სიღრმეს, რომლითაც სამდინარო გემების გავლას სჭირდება. იგი 3,5 მეტრზე ოდნავ მეტია. იმასაც ამბობენ, ველურ დასავლეთში ორმაგ ვისკის რომ სვამდნენ და გადახდა მაშინვე არ უნდოდათ ან არ შეეძლოთ, ბარმენს ომახიანად გასძახებდნენ: ~აღნიშნე ორი!~ ანუ ჩემს ანგარიშზე ჩაწერეო. ოოო, რამხელა იქნება ასეთი ერთობლივი ნისია _ ანგარიშის ფაქტურა ქუთაისში? ელმაირას და ნიუ-იორკის შტატს კი არა, ჩრდილოეთ ამერიკას სულ ლიწინ-ლიწინით შემოუვლიდა. თანაც რამდენჯერმე და კიდევ მისისიპისა და რიონს სიგრძეშიც გაასწრებდა. ვხუმრობ. დალევას ქუთაისში ვინ დაგამადლის.


ელმაირაში როგორაა ამის საქმე _ ვერაფერს გეტყვით.


City of Elmira ადმინისტრაციული ცენტრია, მთლად ისეთი არა, ქუთაისი რომ იყო ინდუსტრიის მშენებელი და თანაც ძველი აია. ეს ელმაიარაა. ძველად იგი მანუფაქტურებისა და ნავთობის მწარმოებლების იყო. საბეჭდი მანქანის დედაქალაქადაც კი ითვლებოდა. ახლა კი იგი პატარა, კოკროჭინა, 35 ათასი მცხოვრებით, უმრავი სხვადასხვა დომინაცის ეკლესიითა და 6 ხიდით, რამდენიმე კავკწკვაწა ვარდისფერი სვეტებიანი შენობის ქალაქია. მარკ ტვენს აქაური კოლეჯის კურსდამთავრებული მოუყვანია ცოლად.

კოლეჯი ძველია, თითქმის 150 წლის. ახლა აქ მარკ ტვენის კვლევის თუ შესაწავლის ცენტრია. ტვენი სხვას იკვლევდა, ახლა მას იკვლევენ.

როცა ელმაირაში ჩავედით, თითქმის არ წვიმდა _ ოდნავ, სულ ოდნავ. ქოლგა არც გაგვიშლია. რა ვიცი, მარკ ტვენმა თქვა: ჩემი მოთხრობები წყალიაო და სხვების – ღვინოო, თუ რაღაც ამდაგვარი. ქალაქის შესასვლელთან დიდი ბანერია – ზედ თეთრებში გამოწყობილი მარკ ტვენი დიდი, ნიცშეანური, ოღონდ თეთრი ულვაშებით, თეთრი კოსტუმით, ჩემთვის უცნობი ხალხის გვერდით.


არა მგონია, მაშინდელი თუ ამჟამინდელი სენატორ-კონგრესმენ-გუბერნატორ-მერები იყვენ. ალბათ ელმაირას მოსახლეები არიან. აქაურებს ერთი ქალი ასტრონავტი უნდა ჰყავდეთ და ერთი კაციც – ოსკაროსანი. ქუთაისიც არაა ნაკლები. ტაქსის მძღოლი ყველას ჩამოგითვლით. რასაკვირველია, არა კოსმონავტს ან ჰოლივუდელს, სხვებს, ადგილობრივებს. ქართულად და რუსულად.

ინგლისურად მხოლოდ ~ველქამს~ და ~გუდს~ გეტყვის. თუ საერთაშორისო ორგანიზაციშია ნამუშევარი – მეტსაც.

რომ გითხრათ ელმაირა ზალცბურგივითაა, სადაც მოცარტი ოპერაში, შოკოლადებზე, ხელსახოცებსა და საწერ კალმებზე კი არა, საცვლების მაღაზიაშიდაცაა, მოგატყუებთ. არც ისეა, როგორც ავსტრიულ ქალაქში, ძველი და ახალი არქიტექტურა მკვეთარად რომაა გამოყოფილი. მოცარტიანა აქ წელიწადის ყველა დროსაა, განსაკუთღებით – ზაფხულის ბოლოსკენ. მარკტვენიანას კი ელმაირაში დიდად ვერ ვგრძნობთ. ალბათ, ეს მარკეტოლოგების ბრალია. წიგნების მაღაზიაში მარკ ტვენი ნამდვილად არის.

არ ვიცი, ტომსა და ჰეკზე ფილმებს თუ აჩვენებენ აქაური საკაბელოთი, ორ თვეში ერთხელ მაინც. ამერიკაში სოიერისა და ფინის თავგადასავალზე უამრავი ფილმია გადაღებული. აი, პატარა რესტორანი სახელად ~მარკ ტვენი~ კი ქალაქში აარა. ღვინოც კი არაა ამ სახელწოდების. სამაგიეროდ, არის ~ვინჩენცოს პიცერია~ და ~ჰორიგენის ტავრენა~ . . .


შუა ხნის ტაქსის მძღოლს, რომელმაც მანქანაში ჩასხდომისთანავე თხელი, ტურისტული ბუკლეტები გადმოგვცა, ჩვენი კითხვა მარკ ტვენის რესტორნის შესახებ გაუკვირდა, _ ისედაც მთელი საგრაფო მისია და მეტი რაღა უნდაო? მე მგონი, ქუთაისური კითხვა დავსვი. მარკ ტვენის გარდაცვალების 100 წლისთავისთვის ჩამოხვედითო? როცა მივუგეთ, – ასეა თქო, ივლისში უფრო ხალისიან ამბავზე, ქუჩის მხატვრობის ფესტივალზე დაგვპატიჟა.

Facebook-ში ხომ ხართო, ჰოდა, იქ ადევნეთ თვალიო. თქვენც იქა ხართო-თქო? – ვკითხე. მაშ-ო?! – მიპასუხა, _ ~ფეისბუკშიც~ და ~თვითერშიც~, ~მაისფეისზე~ უკვე გავწევრინდიო. მთავარია ასეთი ამინდი არ იყოსო. აი, იქ ნახავთ, ასფალტზე რამდენ მარკ ტვენს, ტომს და ჰეკლებერს დახატავენო. ზოგსაც ცარცით და ზოგსაც _ საღებავებითო.

ჯაზ- ფესტივალზეც დაგვპატიჯა, ვერტმფრენით გასეირნებაზე ~ღვინის საგრაფოში~ (მისი ძმა პილოტია და ამ ბიზნესში ყოფილა ჩართული), ~თითის ტბის~ თავზე. საგრაფოსაც და ტბასაც ასეთი სახელები ჰქვია. შემოდგომაზე აქაურ რთველზე ჩამოდითო. მერე დაამატა, _ ტვენი ცოცხალი რომ იყოს, მერად ავირჩევდიო. მერის ხსენებაზე ისე მრავალმნიშვნელოვნად ამოიხვნეშა, აღარაფერი გვიკითხვას. ისიც გვითხრა, თუ შინაურ ცხოველთან ერთად ჩამოხვალთ, ამისთვის სპეციალური სასტუმროც გვაქვსო, ოღონდ ძალიან ძველიო. ვეუბნები, _ ჩემი მშობლიური ქალაქის ტაქსის მძღოლიც თქვენსავით მჭერმეტყველია-მეთქი.

სიტყვა ~ქუტაისი~ ადვილად წარმოთქვა. იკითხა, _ ინგლისური თუ იციანო. რაც შეეხება ქალაქის ტაქსისტურ ~პრომოუშენს~, ტვენის გარდაცვალების 100 წლისთავის ღონისძიებების მოხალისე მუშაკი იყო და დაამატა: მოდი და ნუ იქნები მჭემეტყველი, ადრე ქალაქს ათი ათასამდე სტუმარი ჰყავდა, ახლა კი სამ-ოთხ ათასს ძლივს ვითვლით, ჰოდა, ჩვენც ჩვენსას ვცდილობთო.

უფულობა და უიღბლობა ელმაირაშიც ცუდია და ქუთაისშიც. ბოლო წლებში მარკ ტვენს ძალიან გაუჭირდა. ცენზურამ შეუტია, მისი გამომცემლობა, აი ის, პირველად~ჰეკლებერი~ რომ დასტამბა, გაკოტრდა; საბეჭდი მანქანა, რომლის დამაზდებაშიც დიდი ფული დააბანდა, არ გამოდგა. ოთხიდან სამი შვილი დაეღუპა, ცოლიც გარდაეცვალა. დეპრესიაში ჩავარდა.

ბოლოს ფულიანი მფარველი გამოუჩნდა, თუმცა ისიც გამოეცალა ხელიდან. ვინ იცის, რამდენჯერ ინატრა ის 12 ათასი, რომელიც ჰეკლებერმა და ტომმა ოდესღაც იპოვეს, ჰკლებერმა კი სარფიანად დააბანდა. მარკ ტვენი ალბათ ამ ჯერზე დაბანდებისგან თავს შეიკავებდა.

ჰეკსაც და ტომსაც გვარიანად გაუკვირდებოდათ, როცა გაიგებდნენ, რომ ~ჰეკლებერი ფინის თავგადასავალი~ 1885 წელს ძმაკაცების უწყინარი ჟარგონის გამო აკრძალეს. ქუთაისურ ბირჟაზე ტომი და ჰეკის მწარე გამონათქვამებს 100 ქულით გაუსწრებენ და დესერტადაც არ დააყოლებენ. ისიც გაუკვირდებოდათ, 1902 წელს ბრუკლინის ბიბლიოთეკის ბავშვთა განყოფილებიდან ~ჰეკი~ იმიტომ გააქრეს, რომ მას არა მარტო ~ეფხანებოდა~, არამედ ~იფხანდა~ კიდეც. თანაც სიტყვა ~ოფლის~ მაგივრად ევფემიზმს ~დაცვარვას~ არ ამბობდა.

ამერიკული ვიქტორიანულობა ჰეკისა და ტომის თემა არაა. ამ მხრივ სსრკ-მაც ისახელა თავი. 1930-ში საბჭოთა მებაჟეებსაც კი დაუპატიმრებიათ ~ჰეკლებერი~ და ზედ ~ტომ სოიერის თავგადასავალიც~ მიუყოლებიათ. XX-ში აფრო-ამერიკელ აქტივისტებს ~თავგადასავალში~ არაერთხელ წამოსროლილი სიტყვა Nigger -ის გამო ~ჰეკლებერი~ რასიზმში დაუდანაშაულებიათ. ქუთაისში რასიზმი არ ვიცით. მისისიპი არ მოედინება და იმიტომ. 1993 წელს ~ჰეკი~ პენსილვანიის ერთ-ერთ ქალაქშიც კი აუკრძალავთ.


ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ მარკ ტვენის ერთგული მხოლოდ ელმაირა და ქუთაისიღა დარჩენილა . . .

~ჰეკლებერი~, თუ არ ვცდები, ასე იწყება: თუ თქვენ ~ტომ სოიერის თავგადასავალი~ არ წაგიკითხავთ, მაშინ თქვენ ჩემს შესახებ არაფერი იცით. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. . .

იმისთვის, ვინც ელმაირაში სასწავლებლად ჩადის, ჰეკლებერი და ტომი, როგორც წესი, მარტო ბავშვობის მეგობრები არ არიან. სახელოვნებო სკოლა ადრე მარკ ტვენის მამული ე.წ. Quarry Farm იყო, 250 აკრიანი ტერიტორია, რომელიც უკაცრიელი, ბიურგერული ცხოვრებისგან განცალკავებული ბუდე გახლდათ. 1982 წელს ტვენის მემკვიდრეს დიდი ბიძის საკუთრება საგანმანათლებლო სისტემისთვის გადაუცია. აქ წიგნებს გამოსცემენ, გაზაფხულ-შემოდგომაზე ჭკვიანი ხალხი ლექციებს კითხულობს. მკვლევარებისთვის სასტუმრო ოთახებიცაა, აქ მათ კრეატიულ თავში იდეები მოსდით, განმარტოვება შეუძლიათ, მერე კი წიგნებს წერენ. დილაობით საუზმის შემდეგ სკოლის გარშემო გაშენებულ სიმწვანეში ისევე სეირნობენ, როგორც _ ამ მიწების მფლობელი წინისწინა და წინა საუკუნეში. მარკ ტვენმა საერთო ჯამში აქ 20 წელი გაატარა. ამბობენ, სემუელი დღეში 2 600 სიტყვას ბეჭდავდაო, და თან იმდენს ეწეოდა, რომ მის ოთახში სიგარეტის ბოლის გამო თავად არ ჩანდაო.

ახლა კი თავისუფალი ხელოვნების დაწესებულებაში მოწევა აკრძალულია. ტვენი ალბათ უფრო მეტს დაწერდა, ოთახში ხილვადობა უკეთესი რომ ყოფილიყო. რამდენ სიტყვას ამბობდა დღეში, ეს უკვე არავინ იცის. რას ფიქრობდა ცენზურაზე – ადვილი მისახვედრია, თუმცა მასზე სერიოზულად არასოდეს გაბრაზებულა, ყოველ შემთხვევაში – საჯაროდ. ორი წლის წინ კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტში მარკ ტვენის არქივში ჟურნალ New Yorker-ის რედაქციამ შემთხვევით მწერლის უცნობი ჩანაწერი ~საფლავის პრივილეგია~ (1905) აღმოჩინა და გამოქვეყნა. მარკ ტვენი თავის თავს აქაც არ ღალატობს – მომცრო ზომის სატირულ ესეში იგი ისეთივე მწარეა, როგორიც _ ~ჰეკლებერი ფინის თავგადასავალში~ _ არაბავშვური, ტრაგიკული ყოველდღიურობა. ამ ესეში მარკ ტვენი სიტყვის თავისუფლებაზე სიკვდილის პოზიტიური გავლენის შესახებ მოგვითხრობს: ~ჩვენ კეთილმოწყალედ ვეპყრობით გარდაცვლილთა სიტყვებს.

ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ მათ არსს, მაგრამ არ ვაყენებთ მათ შეურცხყოფას და არ ვკილავთ, რადგანაც ვიცით, რომ მათ უკვე თავის დაცვა არ შეუძლიათ~ . . .

მარკ ტვენმა ელმაირაში დაწერა ~ტომიცა~ და ~ჰეკლებერიც~, ~მეფე არტურიცა~ და ~უფლისწული და ღატაკიც~. ამბობენ, სიცოცხლის ბოლოსკენ, რატომღაც მიზანტრიპიის შეტევები დაეწყო და შეძლებისდაგვარად ებრძოდაო. საინტერესოა _ როგორ? ტვენი საკუთარ ავტობიოგრაფიას წერდა, მაგრამ დასრულება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ~ტომ სოერისა~ და ~უფლისწულისა და ღატაკის~ ეკრანიზაციას მოესწრო. დასაფლავებულია იქვე – ვიდლანის სასაფლაოს საოჯახო მიწის ნაკვეთზე.

ისეთი სასაფლაო ქვა ადევს, როგორიც მისი ოჯახის სხვა წევრებს; არანაირი განსხვავება _ უბიუსტო, უძეგლო.

~არავითარი კომერციალიზაცია!~ _ ასე დაუბარებია მარკ ტვენს, მაგრამ ანდერძის ვიღას სჯერა და მით უმეტეს _ ~საფლავის პრივილეგიის~. მისი გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე, ტვენის ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გარდა, ქალაქი გასტონომიული ფასდაკლებებით აივსო. მაგალითად, სადილი სახელად ~მხოლოდ ერთი ღამე მარკ ტვენთან ერთად!~ სიკვდილის 100 წლის აღსანიშნავად ძვირიან სასტუმროში 195,95-დოლარიანი სადილი ორ ადამიანზე ანდა 35-დოლარიანი საუზმის ვაუჩერი ერთ კაცზე პლუს რიგ მაღაზიებში ფასდაკლების ბარათი.

24 აპრილს კი მარკ ტვენის დასაფლავების ცერემონიალი გამართეს. დილის 11 საათზე. ჭირისუფლთა რიგებში ჩაწერის მსურველთათვის სპეციალურ ტელეფონიც მიუთითეს 1 - 800 – Mark Twain და ორგანიზატორიც – ჩემანგ საგრაფოს სავაჭრო პალატა. ნოემბერში მწერლის დაბადებიდან 175 წელი სრულდება და ნეტავ სამყაროში მოვლინების გათამაშებას როგორ აპირებენ? მოწმეების ჩაწერა ალბათ იგივე ტელფონითა და იგივე არასამშობიარო პალატის მეშვეობით მოხდება, იმერულ _ მისისიპური ჩანახატის სტილში.

ელმაირადან მე და ჩემი მეგობარი გვიან საღამოს გამოვემგზავრეთ. ისეთსავე წვიამიან განწყობაზე, როგორითაც ჩავედით. გვეგონა, მარკ ტვენისა და მისი შვილობილების, ტომისა და ჰეკის ამერიკა დაგვხვდებოდა. მოლოდინი უფრო ტკბილი იყო, ვიდრე საგრაფო. ქალაქი რაღაცნაირი ობოლ-ტიალი. ვერ ვნახეთ, ვერ ვიგრძენით: გარეთ, დიდი ხანია, სხვა დრო, სხვა ნუგეში და სხვა ესკიზია. შეიძლება, უბრალოდ ტომი და ჰეკი იმდღეს იქ არ იყვნენ. ალბათ, დაბრუნებიან, ანდა – უკვე აღარ.

ტყუილად არ ამბობდა მარკ ტვენი: ~ყველაფერი ადამიანური სევდიანია. იუმორის იდუმალი წყარო სიხარული კი არა, დარდია. ზეცაში იუმორი არ იციან~. . .
                                                                           
                                                                    ***
საფლავის პრივილეგია


მარკ ტვენი


მის მფლობელს ერთი პრივილეგია აქვს, რომლითაც ვერც ერთ ცოცხალი ადამიანი ვერ ისარგებლებს _ სიტყვის თავისუფლება. ამ პრივილეგიის გარეშე ადამიანი არც არის ცოცხალი. მაგრამ თუკი მას ცარიელ ფორმალობად მიიღებ, შეიცნობ, მაგრამ ვერ გამოიყენებ, ის შენს რეალურ საკუთრებად ვერასდროს იქცევა.

ეს მოქმედი პრივილეგია მკვლელობის ჩადენის პრივილეგიას უტოლდება. სინამდვილეში მისი გამოყენებაც შეგვიძლია, თუ საბოლოო შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას გავბედავთ. მკვლელობა აკრძალულია ორგვარად _ როგორც ფორმა და როგორც ფაქტი; სიტყვის თავისუფლება დაშვებულია ფორმით, მაგრამ აკრძალულია, როგორც ფაქტი. ზოგადი შეფასებით ორივე კრიმინალია და, ცივილიზებული ხალხის დამსახურებით, საყოველთაო ზიზღის საგანია. მკვლელობა ხანდახან ისჯება. სიტყვის თავისუფლება ისჯება ყოველთვის – როცა კი მას ჩაიდენენ. ეს კი, ძალიან იშვიათად ხდება.

სტატისტიკურად ერთ (საძულველ) თავისუფალ სიტყვაზე ხუთი ათასზე ცოტა მეტი მკვლელობა მოდის. ისე, არაპოპულარული მოსაზრების სიძულვილის ახსნაც კი შეიძლება: მართალი სიტყვა ძალიან ძვირად ფასობს. მის გამო ადამიანს საკუთარი ბიზნესი შეიძლება თავზე დაემხოს, მეგობრები დაკარგოს და თვითონ საყოველთაო გაკიცხვისა და შეურცხყოფის საგნად იქცეს. მას შეუძლია ადამიანის უმწიკვლო ოჯახი საზოგადოებიდან გარიყოს, მისი სახლი კი შერისხულ და უკაცრიელ მარტოობად გადააქციოს. თითოეული ადამიანის გულში პოლიტიკოსების და რელიგიური სიცრუის მიმართ ერთი არაპოპულარული მოსაზრება მაინც იმალება; უფრო ხშირად კი _ რამდენიმე. რაც უფრო გონიერია ადამიანი, რაც უფრო ფართეა მისი თვალსაწიერი, მით უფრო საგულდაგულოდ ინახავს მათ. არ არსებობს არც ერთი ინდივიდი – მათ შორის მკითხველიც და მეც _ ამ ძვირფას, “საძულველ” აზრებს რომ არ ატარებდეს, მაგრამ საზოგადოებრივი სიბრძნე საკუთარი აზრის გამოთქმას ყველას უკრძალავს.

ჩვენი გულწრფელი მოსაზრების დამალვა ხშირად ღირსეულ ნაბიჯად ფასდება, და არა სიმხდალე, მაგრამ ხანდახან განსხვავებულ მოსაზრებას იმიტომ ვმალავთ, რომ მართალი სიტყვისთვის მწარე საფასურის გადახდას ვერიდებით. არავის უნდა, რომ შეიძულონ; არავის უნდა, რომ უფთხოდნენ.

ამის შედეგიც ლოგიკურია _ ჩვენს პოზიციას მეზობლების აზრი განსაზღვრავს; სხვების კეთილგანწყობის დამსახურებას უფრო ვცდილობთ, ვიდრე ჩვენი სათქმელის ჩამოყალიბებას, მისი მართებულობის შეფასებასა და ხმამაღლა გამოთქმას. ეს ჩვევად გვექცევა და კიდევ უფრო მძიმე შედეგს ვიღებთ _ საზოგადოებრივი აზრი ამ სქემით იბადება და ვითარდება. და ეს უკვე პოლიტიკაა. პოლიტიკა, სადაც არ არსებობს რეფლექსია და პრინციპი, ამიტომ ის პატივიცემას არ იმსახურებს. როდესაც სრულიად ახალი, ჯერაც გამოუცდელი პოლიტიკური პროექტი ხალხს თავს დაატყდება, ჯერ ეშინიათ, მერე შეშფოთდებიან, დაიმორცხვებენ და ცოტა ხნით დამუნჯდებიან, იბოჭებიან, არაგულწრფელები ხდებიან. უმრავლესობა ახალი დოქტრინის შეცნობას და შეფასებას არც შეეცდება, ისინი უბრალოდ გამარჯვებული მხარის გამოვლენას დაელოდებიან.

საუკუნის სამი მეოთხედის წინათ, ჩრდილოეთში მონობის საწინააღმდეგო აგიტაციას თავიდან არავინ თანაუგრძნობდა. ეს სიახლე ყველამ _ პრესამ, მქადაგებლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა ცივად მიიღო. ეს სიფთხილის ნიშანი იყო, სიმართლის თქმის შიში, და არა მონობის გამართლება ან მონისადმი თანაგრძნობის უკმარისობა. არავინ _ არც ვირჯინიის შტატის მაცხოვრებლები და არც მე არსებულ წესს არ ვამართლებდით. მაგრამ მაინც, ჩვენ კონფედერაციის იდეას იმიტომ კი არ შევუერთდით, რომ ასე გვწამდა, სულაც არა, იმიტომ, რომ ჩვენ საერთო დინებაში ყოფნა გვინდოდა. ეს ბუნების კანონია და ყველანი მას ვემორჩილებით.

ყველას უნდა წარმატებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს. იმაზე მაღალი მოტივაცია არ არსებობს, ვიდრე იყო უმრავლესობა და არა უბრალოდ პარტიის წევრი.

რიგითი მოქალაქე პარტიის დოქტრინას არასდროს შეისწავლის და მართალიც იქნება – მაინც ვერაფერს გაუგებს. ნებისმიერ მოქალაქეს რომ სთხოვოთ, დაგისაბუთოთ, რატომ ურჩევნია ფულის ერთი საზომი მეორეს, პასუხი უბრალოდ სამარცხვინო იქნება. იგივე მოხდება თუ ტარიფებზე, ან ნებისმიერ პოლიტიკურ დოქტრინაზე ჰკითხავთ რამეს. დიდი პოლიტიკა რთული პრობლემებია – პრობლემები, რომლებში ჩაწვდომაც რიგითი მოქალაქეს არ შეუძლია. და ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგანაც პოლიტიკაში გარკვევა ყველაზე გამჭრიახ გონებასაც უჭირს. ხანგრძლივი კამათისა და განხილვის შემდეგაც ვერაფრით დაადგენ, რომელი დოქტრინაა საუკეთესო.

ადამიანი პარტიაში თუ გაწევრიანდა, სავარაუდოდ, იქ სამუდამოდ დარჩება.

დროთა განმავლობაში წარმოდგენები, გრძნობები, თუ სენტიმენტები შეეცვლება, მაგრამ პარტიას მაინც ვერ დატოვებს. პარტიაში მას მეგობრები ჰყავს, ამიტომ ამ “შეცვლილ წარმოდგენებს” თავისთვის შეინახავს და პარტიიდან განკვეთილს კერძოდ დაელაპარაკება. ასეთ დროს, ერთადერთი, რისი გამოყენებაც შეუძლია, სიტყვის თავისუფლების ამერიკული პრივილეგიაა.

ასეთი უიღბლოები ყველა პარტიას ჰყავს, მაგრამ როგორი პროპორციით _ ამას ვერასდროს გავიგებთ. ამიტომ, ჩვენ არასდროს ვიცით, არჩევნებზე რეალური უმრავლესობა რომელმა პარტიამ მოიპოვა.

სიტყვის თავისუფლება გვამების პრივილეგიაა, მკვდრის მონოპოლია. გვამებს ყველაზე გულწრფელად შეუძლიათ საუბარი. გარდაცვლილთა სიტყვების მიმართ ჩვენ მაინც გულმოწყალენი ვართ.

არასდროს ვკიცხავთ და შევურაცხყოფთ მათ მოსაზრებებს, მაშინაც კი, როდესაც არ ვეთანხმებით, რადგან ვიცით, რომ თავის დაცვა მათ აღარ შეუძლიათ. არადა, გვამებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ, სამყაროს რამდენ საიდუმლოს მოვფენდით ნათელს. გარდაცვლილი ადამიანი სულ სხვაგვარია, ვიდრე სიცოცხლეში _ სიფრთხილის, “გამოთვლილი” სიბრძნისა და მეგობრებისთვის ტკივილის მიყენების შიშის გამო. ადამიანი თავის მოსაზრებებს მთელი ცხოვრება საგულდაგულოდ ინახავს და მისი პატარა სამყარო მათი არსებობის შესახებ ვერაფერს მიხვდება. მოგვიანებით კი, “დამალულ განძს” ყველა საფლავში ჩაიტანს. ჯერ კიდევ ცოცხლებს ეს ყველაფერი ოდესღაც სულისშემძვრელ და სამარცხვინო რეალობად წარმოუდგება და გაირკვევა, რომ ყველა ერთი ფუნჯით არის გასვრილი. იქნებ “ჯერ კიდევ ცოცხლებმა” თვალი გაუსწორონ რეალობას და გააცნობიერონ, რომ დედამიწაზე არასდროს არავინ არის ისეთი, როგორიც უნდა, რომ იყოს – და მეტიც, ასეთები ვერასდროს იქნებიან.

ვინ იქნება ის გაბედული, ვინც საკუთარი თავის შესახებ სრული სიმართლის თქმას არ შეუშინდება? სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ ამას სიცოცხლეში ვერასდროს გავაკეთებთ.

ჰოდა, რატომ არ შეიძლება ეს საფლავიდან გავაკეთოთ და ამით დავკმაყოფილდეთ? იმის ნაცვლად, რომ სიმართლე წლების მანძილზე საგულდაგულოდ ვმალოთ, რატომაც არ ჩავწეროთ ყველაფერი ჩვენს დღიურებში? სიკვდილის შემდეგ კი მეგობრებს დავუტოვოთ. სიტყვის თავისუფლებისთვის ეს შესანიშნავი რამაა. მე ეს ლონდონში ვიგრძენი, ხუთი წილის წინ, როცა ბურების გულშემატკივრების შეკრებაზე – ისინი პატივსაცმი ხალხია, გადასახადების გადამხდელები, სამაგალითო მოქალაქეები, ისინი, ვის აზრსაც ანგარიშს უწევენ – განსხვავებული შეხედულებების გამო, გამომსვლელებს თავს დაესხნენ, სასტიკად მოექცნენ და ტრიბუნიდან ჩამოაგდეს. ეს მე ამერიკაშიც გამოვცადე, როდესაც ჩვენს შეხვედრაზე თავს დაგვესხნენ და ორატორს სცემეს. სიმართლე გითხრათ, მე ამას ყოველ კვირა ან ორ კვირაში ერთხელ მაინც ვგრძნობ ხოლმე, როცა ისეთი რამის დაბეჭდვა მინდა, რაზეც შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. ხანდახან კი ჩემი ფიქრები ისე ცხოველდება, რომ იძულებული ვხდები, კალმისტარი ავიღო და ყველაფერი ქაღალდზე გადმოვანთხიო, რომ შიდა აფეთქებისგან დავიცვა თავი. მერე კი აღმოჩნდება, რომ მთელი ეს მელანი და ჩემი ნაშრომიც ფუჭი შრომაა, რადგანაც მისი დაბეჭდვა არ შემიძლია.


ახლახან რაღაც ამდაგვარი სტატია დავასრულე, რომელმაც სრული კმაყოფილება მომგვარა. ნაწერი რომ წავიკითხე, ნაიარევი სული დამიამდა, რადგან დავტკბი იმ განსაცდელის წარმოდგენით, რომელიც მისი გამოქვეყნების შემდეგ მე და ჩემ ოჯახს გველოდა. ამ სიტყვას მე მომავალს დავუტოვებ და ჩემი საფლავიდან წარმოვთქვამ. ესაა სიტყვის თავისუფლება და მის გამო, ჩემს ოჯახს აღარაფერი დაუშავდება.

"ცხელი შოკოლადი"
1.08.2010

No comments:

Post a Comment