Thursday, February 13, 2014

ამერიკელი ქართველები ევრომაიდანს სოლიდარობას უცხადებენ



26 იანვარს, კვირას, ერთიდროულად დღის ორ საათზე ვაშინგტონში, ფილადელფიასა და ნიუ იორკში აშშ–ში მცხოვრები ქართველები უკრაინის ევროინტეგრაციისა და კიევში ევრომაიდანის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ვაშინგტონში უკრაინის საელჩოსთან მოვიდნენ უკრაინელები და ქართველები, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის წნეხისგან გათავისუფლების მოსურნე უკრაინელ ხალხს, ასევე შეუერთდნენ უკრაინელ სასულიერო პირებსა და მგალობლებს, რომლებიც კიევის ცენტრში შეტაკებების დროს მოკლულების სულის მოსახსენიებლად უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ.

   
ფილადელფიაში მცხოვრები ქართველების ქართულ და უკრაინულ დროშებიანი ოცზე  მეტი ავტომანქანა უკრაინელებისა და მათი მხარდამჭერების დაახლოებით რვაასმანქანიან კოლონასთან ერთად ფილადელფიაში მოქმედი „უკრაინული ცენტრიდან“ ქალაქის შუაგულში მდებარე უკრაინული საკათედრო ტაძრისკენ ევრომაიდანზე მყოფი თანამემამულეების მხადასაჭერად დაიძრა. ამ ბერძნულ – კათოლიკურ ეკლესიაში კი სხვებთან ერთად უკრაინელი და ქართველი მართლმადიდებლები კიევში დაღუპულთა მოსახსენიებელ ლოცვას დაესწრნენ.

ნიუ იორკში, უკრაინის საკონსულოსთან უკრაინელებთან ერთად ევრომაიდანს მხარს უჭერდნენ და პროდასავლურ ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებდნენ ქართველები, პოლონელები, ჩერქეზები, ჩეჩნები, ესტონელები, ლიტველები, ლატვიელები. შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს შეშფოთებითა და იმედით ადევნებენ თვალ–ყურს და გმობენ იმ ძალადობას, რომელსაც პუტინისა და იანუკოვიჩის მმართველობა უკრაინის ევროოჯახში გაერთიანების საწინააღმდეგოდ იყენებს.

აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი შენგელაიამ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელები უინსტონ ჩერჩილის სიტყვებით გაამხნევა: „არასოდეს დანებდეთ. არასოდეს დანებდეთ. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არც დიდ და არც პატარა საქმეში, არც მსხვილმანსა და წვრილმანში. არასოდეს დანებდეთ. არასოდეს დამორჩილდეთ ძალას. მტრის აშკარა დამთრგუნველ სიძლიერეს არასოდეს დაუთმოთ!“












2014.01.27
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment