Thursday, February 13, 2014

რაღაც-რაღაცები ხის შესახებ




ეს გამოფენა მაშინ გამახსენდა, გარეთ შემოდგომის ბოლო თვის სიცივისგან და ქარისგან მობუზული ხეები, გაყვითლებულ სამოსს ვინ ჩივის, სულ რომ გაშიშვლდნენ და კიდევ უფრო სევდიანები, მარტოსულები და პირქუშები გახდნენ. თან ამერიკა ზამთრის დროზე გადავიდა და ამიტომ ხეებიც იძულებული გახდნენ, დილაობით ადრე გაიღვიძონ და, შესაბამისად, ადრე დაიძინონ. ხეებმა შეიძლება არ იციან, რომ მათი ფოტოების გამოფენა ხანდახან გამთბარ დარბაზებში იმართება, რომ ადამიანები მათ „პაპარაცულად“ უღებენ და ხელოვნების ნიმუშებად აქცევენ.


ნიუ იორკის ჩალსის ერთ–ერთი საინტერესო გალერეა, რომელსაც „The Flag Art Foundation“ ჰქვია, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების არა მარტო საგამოფენო სივრცეა, არამედ ადგილი ხელოვნების ახალი ფორმების შემეცნებისა და პოპულარიზაციისთვის. სწორედ აქ გაიმართა ამერიკელი მწერლის, არტკრიტიკოსის ლინდა იაბლონსკის მიერ შერჩეული მხატვარ–ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „Something About a Tree“ („რაღაც ხის შესახებ“). იაბლონსკი ამბობს, რომ ყოველთვის იყო ხეებით მოხიბლული და ამიტომაც შემთხვევითი სულაც არ არის მის მიერ კურირებული გამოფენის თემატიკის შერჩევა, სადაც კურატორმა 50-მდე ხელოვანის ფოტო/ნახატს, ობიექტს მოუყარა თავი. ხეებს ისეთივე ხასიათი და ფორმა აქვთ, როგორც ადამიანების სხეულებს და შეიძლება სწორედ ხე, ბუნებაში არსებულ ფლორას სამყაროში, ყველაზე მეტად გამოხატავდეს „სუბიექტის“ ხასიათსაც და ასაკსაც. იაბლონკსი ამბობს, რომ მომდევნო გამოფენას უკვე ქვებს მიუძღვნის, რადგანაც თავადაც ქვებს აგროვებს.




თავიდან მწერალმა 20 ფოტოგრაფი/მხატვარი შეარჩია, შემდეგ კი ისე დაინტერესდა „ხის კონცეპტუალიზმით“, რომ უფრო მეტი ხელოვანის მოზიდვა დაიწყო და ისეთებიც გამოფინა, რომელთა ავტორებისთვის ეს გალერეა პირველი საგამოფენო დარბაზი გახდა. იატაკზე „ამოსული იყო“ უგო რონდინოუნის ხის სკულპტურა, რომელსაც „ნათელი ბრჭყვიალა დილა“ (1997) ეწოდება და რომელსაც შორიდან ვერ გაუგებ მართლა ხეა თუ სხვა რამ მასალა; რობერტ ლონგოს ფოტო „ფრანგული ტყე“ (2010), ტოტებისა და ფოთლებისგან შეკავშირებული აშრიალებული ხის შავი ქოლგები და ხეებს შორის სინათლე, როგორც ჰორიზონტალური ხაზი; ზოი ლეონარდის „წითელი ვაშლები“ (2002), თხელ, ერთი შეხედვით გამხმარ ტოტებზე წითლად „შეღებილი“ ნაყოფები – პატარა ვაშლები.



თეთრ, ქათქათა კედელზე ჩამოკიდებული ერთი ცალი ტოტი კი შემოდგომისგან შეცივებული ხის გრძელ ყავისფერ თითს ჰგავს; მრავალტოტიანი ხის აყირავებულმა პორტრეტმა კი თითქოს დაარღვია გრავიტაციის კანონები და „ცას“ ფესვებით მიეწება; ჭაობში ამოზრდილი სიფრიფანა, სიმებივით აჭიმული თხელი ხეები, რომლის წინ ფეხშიშველი ქალი და მისი ძაღლი გაშეშებულან; ხასხასა სიმწვანისგან აპრიალებული „მსუქანი ხე“, რომლის კენწერო არ ჩანს; კედელთან მიწყობილი ნაფოტები კი გაგრძნობინებს, რომ თავად ხეები რომ დასწრებოდნენ ამ ექსპოზიციას, არ მოეწონებოდათ მათი ნაკუწებად დაჩეხილი ქერქები და „შიგთავსი~. ამ ხეებს რომ უყურებ, ხვდები, რომ სიცოცხლის ამ სიმბოლოების ნახატებისგან და ფოტოებისგანაც კი გამოიყოფა ჟანგბადი, მაშინაც კი, როცა უბრალო საღებავებისა და ციფრული ფოტოაპარატის „პროდუქტები“ არიან.





































1.12.2013
batumelebi.ge

No comments:

Post a Comment